Batumelebi | წინასაარჩევნო „კოსმეტიკური ცვლილებები“ აჭარის მთავრობაში წინასაარჩევნო „კოსმეტიკური ცვლილებები“ აჭარის მთავრობაში – Batumelebi

წინასაარჩევნო „კოსმეტიკური ცვლილებები“ აჭარის მთავრობაში

აჭარაში უკვე დადასტურებულად საუბრობენ იმაზე, რომ უახლოეს დღეებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გადადგება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ხაბაძეს დიპლომატი, საქართველოს ელჩი ყაზახეთში, ზურაბ პატარაძე ჩაანაცვლებს. რატომ და ვინ გადაწყვიტა უფლებამოსილების მიწურულს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ჩანაცვლება და რა გათვლები აქვს „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ? ახალი საკადრო პოლიკის შესაძლო მიზნებსა და შედეგებზე „ბათუმელები“ არმაზ ახვლედიანს, „ქართული ოცნების“ ყოფილ აღმასრულებელ მდივანს ესაუბრა.

ბატონო არმაზ, უკვე დარწმუნებით საუბრობენ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაწერა განცხადება გადადგომაზე და უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს. რას უნდა ნიშნავდეს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მისი შეცვლის გადაწყვეტილება?

დაგვიანებული გადაწყვეტილებაა. საქართველოს ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება გაცილებით ადრე უნდა მიეღო. 2013-ში უკვე კარგად ჩანდა, რომ აჭარაში ძალიან სუსტი მმართველობა იყო, რომ საქმე ცუდად მიდიოდა. საჭირო იყო დროული რეაგირება. დღეს ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ დაგვიანებული, უაზროცაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის აშკარა მცდელობაა.

თქვენი აზრით, არჩილ ხაბაძის წასვლის გადაწყვეტილებას ახლა, მისი უფლებამოსილების მიწურულს, როგორ აღიქვამს საზოგადოება, მითუმეტეს ამ ნაბიჯს არ განიხილავენ როგორც საკუთარი სურვილით გადადგომას. ამით „ქართულმა ოცნებამ“ არჩილ ხაბაძე სუსტ მმართველად აღიარა?

თუ ასე გადაწყდა, რა თქმა უნდა, ეს აჭარაში ოთხწლიანი ექსპერიმენტის წარუმატებლობის აღიარება იქნება. თორემ საზოგადოებამ ისედაც იცის, რომ ექსპერიმენტი ჩავარდა. ხელისუფლება ვერაფრით ხვდება, რომ საზოგადოების სურვილს, მის განწყობას, დროულად უნდა უპასუხოს. აჭარაში 2012 წლის არჩევნების შემდეგ სულ მალე შეიქმნა ასეთი განწყობა, მაგრამ ხელისუფლება იგნორირების გზას დაადგა, ამიტომაც თანდათანობით ხილული გახდა უფსკრული ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის და პრაქტიკულად ნულზე დავიდა ნდობა საზოგადოების მხრიდან. საზოგადოება არაა ჩართული მმართველობით პროცესში, იგი გაუცხოებულია ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისგან, გრძნობს თავს გარიყულად, ერთგვარ მასალად, რომელსაც ხელისუფლება მხოლოდ საარჩევნოდ იყენებს. ასეთ პირობებში მთავრობის თავმჯდომარისა და სამთავრობო გუნდის ცვლილებას აჭარაში ნამდვილად კოსმეტიკური ხასიათი ექნება. საზოგადოება უკვე კარგად ხვდება, სად არის სიმართლე და სად ტყუილი და სვამს ობიექტურ შეკითხვებს: რატომ ასე დაგვიანებით? რატომ ხალხის ნების ასეთი უგულებელყოფა? ამ და სხვა მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა ხელისუფლებას მოუწევს. დარწმუნებული ვარ, ასეთ იგნორირებას ამომრჩევლის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება 8 ოქტომბერს.

ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამას საზოგადოება აღიქვამს როგორც წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილს?

საზოგადოება ხვდება, რომ დღეს მას ისევე ატყუებენ, როგორც წარსულში და აღარავინ აპირებს ამ საკენკის მიღებას. საზოგადოებამ იცის, რომ ეს ცვლილება სასიკეთოდ უკვე ვერაფერს შეცვლის.

სავარაუდო შემცვლელად სახელდება დიპლომატი, საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ პატარაძე, თქვენი აზრით, რა ნიშნით შეარჩიეს ის?

თუ ეს ცვლილება მოხდა, ახალ თავმჯდომარეს წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ გავიმეორებ, იგი რეალურად ვერაფერს შეცვლის. დღეს აჭარაში ისეთი დაჭაობებული გარემოა, რომ მის შეცვლას ვერც ერთი სახელისუფლებო კანდიდატი ვერ მოახერხებს, თუ არ იქნა მტკიცე, გონივრული პოლიტიკური ნება და სწორად შერჩეული გუნდი. არც ერთი და არც მეორე არ არსებობს და ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ სამწუხაროდ ეს ექსპერიმენტიც წარუმატებელი იქნება. ამ წარუმატებლობის მორევში კი, ძალიან ზიანდება რეგიონი და ქვეყანაც.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იმყოფებოდა 9 ივნისს ყაზახეთში, რის შემდეგაც მან ისაუბრა ყაზახეთიდან ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობაზე. საუბარი იყო სარკინიგზო გადაზიდვებსა და ავიარეისების გახშირებაზე, მეტი ტურისტის ჩამოსვლაზე. თქვენი აზრით, ხომ არ არის გათვლა იმაზე, რომ ელჩი პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მოვა ახალი ინესტიციებისა და სამუშაო ადგილების დაპირებებით?

არ გამოვრიცხავ ასეც იყოს. თუმცა ხელისუფლება დღეს უმთავრეს გათვლას იმაზე აკეთებს, რომ მთავრობის მომავალი თავმჯდომარე, ვინც არ უნდა იყოს ის, კვლავინდებურად დავალებების ბრმად, უსიტყვოდ, უპირობოდ შემსრულებელი იყოს. ინვესტიციებზე, ხალხის კეთილდღეობასა და სხვა სიკეთეებზე საუბარი მხოლოდ ფასადია.

პატარაძე ყოფილი ხელისუფლების დროსაც ელჩი იყო თურქეთის რესპუბლიკაში. როგორ ფიქრობთ, შესაძლოა საზოგადოებაში გაჩნდეს ეჭვები გარიგებაზე?

მთავარია, რამდენად წესიერად და ხარისხიანად მუშაობ. არ მინდა ეჭვი შევიტანო კანდიდატის წესიერებაში და კომპეტენციაში, თუმცა ამ შემთხვევაში ეს საკმარისი აღარაა! იმიტომ, რომ ხელისუფლების ამოცანაა აჭარაში ჰყავდეს სრულიად ლოიალური მმართველობა. ზოგიერთი ამ გზით კვლავაც შეძლებს სხვადასხვა საეჭვო გარიგებას, აჭარა ხომ მათთვის მსუყე ლუკმაა და ცდუნებაც დიდია.

ატარაძის კანდიდატურის დასახელებით გამოდის, რომ „ოცნება“ ერთგული გუნდის გარეთ ეძებს ახალ სახეებს?

„ოცნება“ გვიან, მაგრამ ალბათ მაინც ხვდება, რამდენად უსუსური და არაადეკვატურია მისი გუნდი. საუბედუროდ, ოთხი წელი ისე გავიდა, რომ ვერ მოხერხდა პროფესიონალი, განათლებული, დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანების შემოკრება. როგორც ჩანს, ამის სურვილი არც არსებობს. ასეთ უხარისხო მმართველობას და საზოგადოების ამგვარ იგნორირებას ამომრჩეველი აღარ მოითმენს. „ოცნების“ დრო იწურება. მისი უკანონო მანიპულაციებით გახანგრძლივების მცდელობა კი, ამ პოლიტიკური ძალისთვის გამოუსწორებელი შედეგით დასრულდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი