კვირის ამბები,კვირის ამბები,სიახლეები

შავი ზღვის ჯაზფესტივალის 7 დღე ბათუმში – რას მოვუსმენთ

06.07.2016 • 2156
შავი ზღვის ჯაზფესტივალის 7 დღე ბათუმში – რას მოვუსმენთ

მის ლორინ ჰილი, მეისი გრეი, The Prodigy და სხვები წელს შავი ზღვის მეათე ჯაზფესტივალის ფარგლებში ქართველი მაყურებლის წინაშე წარსდგებიან. ფესტივალი 15-24 ივლისს ბათუმში გაიმართება. ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.

შავი ზღვის ჯაზფესტივალის ფარგლებში კონცერტები 7 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, 20 საათზე, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში (ძირითადი სცენა) ჩატარდება. ასევე, კლუბ TAKE Five-ში ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მეისი გრეის დიჯეი სეტის, ნიქ ვესტის, DJ LOGIC & Friends-ისა და ქართველი მუსიკოსის  – SALIO-ს (სალომე კორკოტაშვილი) კონცერტები.

გარდა ამისა, ბულვარის კოლონადებთან და ქალაქის სხვადასხვა ადგილზე, ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს საშუალება ექნებათ უფასოდ დაესწრონ BRASS BAND-ის კონცერტებს.

15 ივლისს ფესტივალს ქუინსი ჯონსი გახსნის პროექტით – QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO ALL STARS. ამ პროექტის ფარგლებში მუსიკოსი ქართველ მსმენელს სამ არტისტს: რიჩარდ ბონას, ალფრედო როდრიგესსა და ჯეიკობ ქოლეირს წარუდგენს. ქუინსი ჯონსი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან ჯაზის მუსიკოსად მიიჩნევა. 27 გრემის მფლობელი, ამერიკელი კომპოზიტორი, მესაყვირე და მუსიკალური პროდიუსერი, თავისი სამოცწლიანი კარიერის განმავლობაში თანამშრომლობდა ფრენკ სინატრასთან. იყო მაიკლ ჯექსონის არაერთი ალბომის პროდიუსერი.

16 ივლისს ბათუმში მსმენელის წინაშე 11 მუსიკოსისგან დაკომპლექტებული MILES ELECTRIC BAND-ი წარსდგება მუსიკოს ვინს უილბერნის ხელმძღვანელობით. ისინი მაილს დევისის ე.წ. „ელექტრონული პერიოდის” მუსიკას დაუკრავენ.

17 ივლისს ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მონაწილე, ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და პროდიუსერი მის ლორინ ჰილი იმღერებს, რომელიც 90-იანებში გახდა ცნობილი, რამდენიმე გრემის მფლობელი ჯგუფის Fugees-ის ვოკალისტის სახელით. ლორინ ჰილის მუსიკა რეპს, R&B-ს, სოულს და ნაწილობრივ რეგისაც აერთიანებს.
მუსიკოსი შავი ზღვის ჯაზფესტივალზე 17-კაციანი ბენდით წარსდგება.

წლევანდელ ფესტივალზე ჟანრობრივად ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი მონაწილე ბრიტანული ელექტრონული ჯგუფი The Prodigy 21 ივლისს ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე დაუკრავს.
ჯგუფი 90-იანებში გამოჩნდა მუსიკალურ ინდუსტრიაში და მალევე მოიპოვა Hardcore Dance Music-ის მეფეებისა და Big Beat-ის პიონერების სტატუსი. ჯგუფის მუსიკალური ჟანრი უდავოდ რთული შესაფასებელია, მარტივად რომ ვთქვათ, The Prodigy რეივის, ელექტროინდასთირიალის ბიგ-ბითისა და ელექტრონული როკმუსიკის ნაზავია. მათი ყველაზე ცნობილი სინგლებია: Smack my bitch up, Firestarter, Voodoo People, Breathe, Poison და სხვა. თუ The Prodigy-ის 2016 წელს ჩატარებული კონცერტების სეთლისტებით ვიმსჯელებთ, ისინი ბათუმშიც მათ ყველაზე ცნობილ ჰიტებს შეასრულებენ.

22 ივლისს ჯაზფესტივალზე ჯაზ-პოპმომღერალი და სიმღერების ავტორი – ჯეიმი კალუმი გამოვა, 23 ივლისს კი ამერიკელი მომღერალი, R&B-ისა და ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი ქრის ბრაუნი იმღერებს. ამავე დღეს ფესტივალის სტუმრების წინაშე ამერიკელი ბასისტი, კომპოზიტორი და მომღერალი ნიკ ვესტი წარსდგება. 24 წლის ნიკს უკვე აქვს ისეთ ცნობილ შემსრულებლებთან დაკვრის გამოცდილება, როგორებიც “პრინცი”, ჯონ მაიერი და მარკუს მილერი არიან.

ფესტივალს 24 ივლისს სოულის ამერიკელი შემსრულებელი და კომპოზიტორი მეისი გრეი დახურავს, რომელიც ამავე ფესტივალის ფარგლებში ბათუმში 2011 წელსაც იყო ჩამოსული.

ჯაზფესტივალის თითოეულ დღეზე დასასწრები ბილეთი 50 ლარი ღირს. 21-დან 24 ივლისის ჩათვლით კონცერტებზე დასწრების აბონიმენტის ფასი კი 180 ლარია. ბათუმში ბილეთების შეძენა ჩოგბურთის კორტებზე ან ვებგვერდზე – TKT.GE-ზეა შესაძლებელი.

ფესტივალის ორგანიზატორების ცნობით, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში 7000 ადამიანი ეტევა და ამ დროისთვის გასაყიდი ბილეთების მარაგი ჯერ არც ერთ შემსრულებელზე არ არის ამოწურული. ყველაზე მეტი ბილეთი კი The Prodigy-ის კონცერტზეა გაყიდული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: