კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

ბათუმელი ახალგაზრდები ღარიბების დასახმარებლად

14.06.2016 • 2727
ბათუმელი ახალგაზრდები ღარიბების დასახმარებლად

ადამიანს, რომელიც ურნიდან საკვებს ან ნივთებს აგროვებს, არც თუ იშვიათად დაინახავთ ქუჩაში. გამვლელები უმეტესად თვალს არიდებენ ამ პროცესს, თუმცა მათი დახმარება ყველას შეგვიძლია, თუნდაც ნაგვის გადაყრამდე ნარჩენების დახარისხებით. „იმისთვის, რომ ამ ადამიანებს დამატებით ქექვა არ მოუწიოთ სარჩოს ძიებაში, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სხვა მოქალაქეების მიერ გადაყრილი ტანსაცმელი თუ საჭმლად ვარგისი საკვები, არ აირიოს სიბინძურეში და შეძლებისდაგვარად ცალკე, გამოყოფილად დაიდოს“, – ამბობს 25 წლის ბათუმელი ლაშა ქამადაძე, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ თავის მეგობართან, ლევან დევაძესთან ერთად საქველმოქმედო მოძრაობა წამოიწყო და უკვე ორ ოჯახს მოუგროვეს საჭირო ნივთები.

ედო მჟავანაძის ფოტო

ედო მჟავანაძის ფოტო

ლაშა ამბობს, რომ გამოსაყენებლად ვარგისი ნივთებისა და საკვების გადაყრამდე დახარისხება იმიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებს, რომლებიც ურნებში ეძებენ სარჩოს, მუდმივი საცხოვრებელი არ გააჩნიათ და მათთან დასახმარებლად დაკონტაქტება არ არის ადვილი.

ლაშასა და ლევანის მიზანი იმ მიუსაფარი ადამიანების დახმარება, რომლებსაც საკვები ესაჭიროებათ.

„ვაგროვებთ უმეტესად სურსათს, თუმცა ყველა ვერ ახერხებს კონკრეტულად საკვების მოგროვებას, ზოგი მეგობარი ფულს გვაძლევს, ზოგი – ტანსაცმელს, ბავშვებისთვის სათამაშოებს… მიგვაქვს ყველაფერი, რასაც გაიღებს ხალხი, უცნობები თუ ნაცნობები,“ – ამბობს ის. მათ, ვისაც ლევანისა და ლაშას წამოწყებისთვის მხარდაჭერა სურთ, უნდა გაითვალისწინონ, რომ საკვები არ უნდა იყოს მზა და მალფუჭებადი. უმჯობესია, მაგალითად: ზეთი, ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, კარტოფილი და ა.შ.

კიდევ ერთი სახის დახმარება, რასაც ბიჭები დიდი სიამოვნებით მიიღებენ, მოგროვებული სანოვაგის დანიშნულების ადგილებამდე ტრანსპორტირებაა. „ლევანს ფოლცვაგენის მარკის მანქანა აქვს და ქალაქში სადაც ასფალტია, იმით დავდივართ, მაგრამ, როდესაც სოფელში მოგვიწია ასვლა, იქ სხვა ტიპის მანქანა დაგვჭირდა და ბიძაჩემმა მათხოვა. ასეთი ფორმით დახმარების სურვილიც თუ ექნება ვინმეს, სიამოვნებით მივიღებთ,“ – ამბობს ის.

ლაშასა და ლევანის ინიციატივა მათი მეგობრის, თბილისელი აკა სინჯიკაშვილის საქველმოქმედო კამპანიის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც წლებია საქართველოს მასშტაბით ბევრი ადამიანი დაპურდა.

ბოლო თვეებია აკა სინჯიკაშვილი პერიოდულად, ღამღამობით, საკუთარი ავტომობილით, ტაქსის მძღოლად მუშაობს და შეგროვებული თანხით შეჭირვებული ადამიანებისთვის ყიდულობს საკვებს.

„მარტივად არის ყველაფერი, როცა შევხედე, რომ ადამიანებზე არ ზრუნავს არავინ, ხშირ შემთხვევაში მეზობელი და ნათესავიც კი, გადავწყვიტე შემეხსენებინა მოქალაქეებისთვის, რომ ამ ქვეყანაში მარტო თვითონ არ ცხოვრობენ, რომ არსებობენ სხვა ადამიანებიც, ვისაც სჭირდება დახმარება. არავის უნდა დაეზაროს გარეთ გამოვიდეს და მშიერს რომ დაინახავს, გვერდით კი არ ჩაუაროს, ლარი თუ აქვს ჯიბეში, პური იყიდოს და ის მაინც მისცეს,“ – ამბობს აკა.

დახმარების საჭიროების მქონე ადამიანებს ლაშა და ლევანი მედიისა და მეგობრების საშუალებით ეძებენ, ადგილზე მიდიან, საჭიროებებზე ესაუბრებიან, შემდეგ კი ფეისბუქში წერენ, თუ ვისთვის რას აგროვებენ. ბიჭებთან დაკავშირება შესაძლებელია მათ ფეისბუქგვერდებსა და ტელეფონის ნომრებზე. [მობ: 557 907 855; 599 042 392]

„გვაქვს ასევე საბანკო ანგარიშის ნომერიც… შეგვიძლია პირადად შევხვდეთ ამ ადამიანებს, არანაირი პრობლემა არ არის, მთავარია ინიციატივა იყოს მოქალაქეებისგან,“ – ამბობს ლაშა.

ლაშა და ლევანი

ლაშა და ლევანი

ორი კვირის განმავლობაში ახალგაზრდებმა ქობულეთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ქალბატონ ნაირასთვის და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ხეყრუში მცხოვრები ხოზრევანიძეების მრავალშვილიანი ოჯახისთვის მოაგროვეს სანოვაგე. ახლა გურიაში, სოფელ სუფსაში მოხუცი ცოლ-ქმრისა და მათი ორი ობოლი შვილიშვილის დასახმარებლად ემზადებიან. „არ გვინდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ ბათუმითა და აჭარის რეგიონით, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე ჩვენი ტრანსპორტით უღელტეხილების გადაკვეთას ვერ ვბედავთ, თავიდანვე განვსაზღვრეთ, რომ ადამიანებს დავეხმარებით ქუთაისამდე, ანუ იქამდე, სადამდეც ამ ეტაპზე მიგვიწვდება ხელი და ხმა,“ – ამბობს ლაშა ქამადაძე.

ქველმოქმედებისა და მიუსაფარი ადამიანების დახმარების სურვილი და ინიციატივა ახალგაზრდებისგან ახალი არ არის ბათუმში. ბათუმელი ედო მჟავანაძე რამდენიმე წელია სხვადასხვა აქციის ორგანიზატორია. იგი ამბობს, რომ წლების წინ ქობულეთში მცხოვრები მარტოხელა ქალის დასახმარებლად სხვადასხვა ორგანიზაციისგან გამოხმაურების ლოდინში ქალი გაიყინა და გარდაიცვალა. მას შემდეგ ედო თავისით აწარმოებს ასეთი ადამიანების სიას და ყოველ ზამთარს მათთვის თბილ ტანსაცმელს აგროვებს.

„წელს ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, რაც აქამდე არასოდეს მქონია… იმდენად ბევრს ციოდა და იმდენი ხალხი მოვიდა თბილი ტანსაცმლისთვის, რომ ვიღაცებისთვის უარის თქმა მომიწია, ამდენი ტანსაცმელი აღარ იყო,“ – ამბობს ედო. მისივე განმარტებით, საჭიროების მქონე ადამიანები ტანსაცმელებში ყველაზე ხშირად ფეხსაცმელს ეძებენ, თუმცა იშვიათად პოულობენ. ასევე მნიშვნელოვანია ზაფხულის ტანსაცმელიც.

„რამდენჯერ შემხვედრია ადამიანები, რომლებიც 33 გრადუს სიცხეში გრძელსახელოიანი სვიტერებით დადიან. ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ მისი ერთი და ორი საზაფხულო მაისური არ არის საკმარისი, რეალურად კი ასეთი „პატარა“ ქველმოქმედებით დგება შედეგი,“ – ამბობს ედო.

2016 წლის თებერვალში ფრანგული სენატის მიერ ერთხმად იქნა მიღებული კანონი, რომელიც სუპერმარკეტებს უკრძალავს გაუყიდავი პროდუქციის გადაყრას ან გაფუჭებას. მაღაზიები ვალდებული არიან, არასაჭირო საკვები ქველმოქმედებაში გასცენ ან ჩააბარონ საკვების ბანკში. მაღაზიებში გაფუჭებული და ვადაგასული პროდუქტის პრობლემა საქართველოშიც აქტუალურია, თუმცა ასეთი პრაქტიკა საქართველოში ვერც მოხალისეობის დონეზე დამკვიდრდა.

დაახლოებით ორი თვის წინ საჭიროების მქონე ადამიანების დაპურების მიზნით ბათუმში, ფარნავაზ მეფის #138-ში და სელიმ ხიმშიაშვილის #15/17-ში „სოციალური მაცივრები“ დაიდგა. მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა მოქალაქეებმა მოიწონეს, მაცივრების თაროებზე საკვებს იშვიათად ნახავთ. ტექნიკური ხარვეზების გამო ხიმშიაშვილის ქუჩაზე განთავსებული მაცივარი დროებით აიღეს. იდეის ინიციატორის – უძრავი ქონების მართვის კომპანიის „ბრავო ჯგუფის“ ინფორმაციით, სოციალურ მაცივარში პროდუქტებს ძირითადად ჩვეულებრივი მოქალაქეები ტოვებდნენ.

„რომ გითხრათ, რომ მაცივარი ყოველ დღე სავსე იყო სანოვაგით, მოგატყუებთ. თუმცა, ისეც არ ყოფილა, რომ საერთოდ არაფერი მოეტანათ. ერთ თაროზე მეტი არ გავსებულა. ვფიქრობ, ნელ-ნელა ჩვენი საზოგადოება ეჩვევა იმას, რომ სხვებისაც გაუნაწილოს საკვები. ყველაზე დიდი ხიბლი სწორედ ის იყო, რომ საკვები სწორედ მოსახლეობას, მოქალაქეებს მოჰქონდათ და არა რესტორნებს, ბიზნესმენებს,“ – ამბობს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი რუსუდან ჯიქია. სოციალური მაცივარი სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, რამდენიმე დღეში კვლავ დაბრუნდება.

სოციალური მაცივარი. თორნიკე თავაძის ფოტო

სოციალური მაცივარი. თორნიკე თავაძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: