მთავარი,სიახლეები

ქობულეთში ბავშვთა პანსიონი დაიხურა

05.07.2016
ქობულეთში ბავშვთა პანსიონი დაიხურა

ქობულეთში არსებული გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ბავშვთა პანსიონი დაიხურა. პანსიონი კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ იყო დაარსებული.

პანსიონის დახურვას ლეონიდ ჩერნოვეცკი ფეისბუკის გვერდზე გამოეხმაურა, სადაც  ის შერჩევით სამართალზე საუბრობს:  „ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაუყოვნებლივ უნდა შემოწმდეს ყველა ის არალიცენზირებული ბავშვთა სახლი, რომელთა დაფინანსებაც საზღვარგარეთიდან ხდება. ახალი კანონმდებლობის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მის თითოეულ დამრღვევზე უნდა ვრცელდებოდეს“.

საქართველოში მოქმედი კანონის მიხედვით, აკრძალულია დიდი ზომის ბავშვთა სახლების ფუნქციონირება, სადაც ბავშვს 24 საათის განმავლობაში უწევს ყოფნა. მოქმედი რეგულაციების მიხედვით, მზრუნველობამოკლებული ბავშვი გადადის მინდობით აღზრდაში ან მცირე ტიპის საოჯახო სახლში.

ქობულეთის ბავშვთა პანსიონში 20 არასრულწლოვანი მუდმივად ცხოვრობდა, რაც ხელისუფლების განცხადებით, კანონდარღვევა იყო. არსებული ნორმების დარღვევის გამო, ქობულეთის ბავშვთა პანსიონის ადმინისტრაცია გასულ წელს, ჯანდაცვის სამინისტრომ დააჯარიმა, თუმცა, პანსიონის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

ბავშვთა პანსიონის ამ ფორმით არსებობის წინააღმდეგი იყვნენ ბავშვთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციაა, რომ რელიგიური კონფესიებისა თუ სხვა კერძო პირების მფლობელობაში არსებული ბავშვთა სახლები, სადაც ბავშვთა რაოდენობა 10-ს აღემატება, წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფო პოლიტიკასთან. ჯანდაცვის სამინისტრო ამ ტიპის ბავშვთა სახლების კანონმდებლობაში მოსაქცევად ახალი რეგულაციების შემუშავებას აპირებდა.

ქობულეთის ბავშვთა პანსიონი 2014 წლის 24 ნოემბერს გაიხსნა.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: