Batumelebi | რა ეღირება თხილი? რა ეღირება თხილი? – Batumelebi
RU | GE  

რა ეღირება თხილი?

ქართული თხილის საექსპორტო პოტენციალის ზრდასთან ერთად მოსახლეობამ თხილის ბაღების გაშენება დაიწყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში აჭარის სოფლებში თხილის ბაღებმა ტრადიციული სიმინდის კულტურა თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ზაფხულში 1 კილოგრამი ნედლი თხილის ჩაბარების ფასი 4-5 ლარი იყო, მოსახლეობამ გასულ წელს მოწეული მოსავლის რეალიზაცია ვერ შეძლო.

აჭარის სოფლებში თხილის კრეფის სეზონი რამდენიმე დღეში დაიწყება, თუმცა მოსახლეობის უმეტესობას გასული წლის მოსავალი არ გაუყიდია. რამ გამოიწვია თხილის რეალიზაციის პრობლემა?

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენდიდში მცხოვრები ჯემალ ანანიძე ერთ-ერთია მათგან, ვისაც გასულ წელს დაკრეფილი ნახევარ ტონამდე ხმელი თხილი სარეალიზაციოდ გამზადებული აქვს და ფასის მომატებას ელოდება. იგი იმედოვნებს, რომ ხმელი თხილის ფასი ახალი თხილის შემოსვლისთანავე გაიზრდება და მაშინ ჩააბარებს, როცა მისთვის მისაღებ თანხას გადაუხდიან.

„2014 წლის ზამთარში 1 კილოგრამი თხილი 8 ლარად ჩავაბარე, წელსაც მსგავსი მოლოდინი მქონდა, ველოდებოდი გაძვირებას და ნედლი თხილი არ გავყიდე, თუმცა პირიქით მოხდა, გაიაფდა. მაშინ ჩავაბარებ, როცა თანხა ჩემთვის მისაღები იქნება, თხილი წონას აღარ მოიკლებს, შევინახავ. როცა თხილი ხმება, 1 კილოგრამ ნედლ თხილზე წონა 200 გრამამდე იკლებს, როგორც შარშან, წელსაც რომ ხმელი თხილი 8 ლარში ჩამებარებინა, მოვიგებდი,“ – ამბობს ჯემალ ანანიძე.

ზესოფელში მცხოვრები თამაზ ანანიძე წლის განმავლობაში ორ ტონამდე თხილს კრეფს. ზამთარში, როცა თხილის ფასი იზრდება, თავად ახდენს მის პირველად გადამუშავებას და ისე ყიდის: „წელს მხოლოდ 500 კილოგრამამდე გავყიდე, ისიც იმიტომ, რომ ფული სასწრაფოდ დამჭირდა. დანარჩენი შევინახე. მე გაურჩეველ თხილს არ ვაბარებ – ვტეხ, ვარჩევ და გათეთრებულს ვყიდი. ასე უფრო მოგებული ვარ. წელს ერთი კილოგრამი გარჩეული თხილის ფასი პირველად 22 ლარი ღირდა, შემდეგ დაიკლო და ახლა 15 ლარი ღირს, როგორც სხვა, მეც გაძვირებას ველოდები“.

გასული წლის ზაფხულში ერთი კილოგრამი ნედლი თხილის ჩაბარების ფასი 4-5 ლარი იყო, ახლა კი გამხმარი თხილის ჩაბარების ფასი გაცილებით დაბალი – 3-3,5 ლარია.

თხილის მწარმოებლები თხილის გაიაფებას ქვეყანაში არსებული მონოპოლიით ხსნიან.

„ამბობენ, საქართველოში თხილის მონოპოლიააო, რამდენადაც უნდათ, იმ ფასად შეაფასებენ, გლეხს სხვა რა გზა აქვს, თვითონ ვერ გაიტანს საზღვარგარეთ და რამდენსაც შესთავაზებენ, იმას თანხმდება,“ – ამბობს თამაზ ანანიძე.

მახუნცეთელი ჯემალ ღოღობერიძე კი ამას მეზობელ ქვეყანაში თხილის გაიაფებით ხსნის: „თუ თურქეთში თხილი გაიაფდა, აქ მეტს ვინ გადაიხდის? თურქეთში თხილი გაძვირდება, აქაც ფასი იმატებს, თუ იქ მოიკლებს, აქაც იკლებს“.

თხილის გადამამუშავებელი და გადამზიდავი შპს „დორანის~ წარმომადგენელი დავით ლიპარტელიანი ამბობს, რომ თხილის რეალიზაციის პრობლემა დაბალმა ხარისხმა გამოიწვია, ხარისხის გამო გადამზიდავი კომპანიები თავს იკავებდნენ თხილი ექსპორტზე გაეტანათ:

„შარშანდელი თხილი ჩვენ ექსპორტზე არ გაგვიტანია, ექსპორტზე გატანილი თხილის დაბრუნებაც კი მოხდა, რადგან სტანდარტს არ შეესაბამებოდა. საკითხი უნდა დაისვას ისე, რომ ნაჭუჭიანი თხილი კი არ გაიყიდოს, მისი პირველადი გადამუშავება ფერმერმა განახორციელოს, ამ შემთხვევაში შემოწმებაც გაცილებით ადვილია. თითოეული პრობლემა ერთმანეთშია გადაჯაჭვული და ეს იწვევს იმ შედეგებს, რაც ახლა არსებობს რეალიზაციის კუთხით. შეიძლება გლეხს ლაბორატორიული დასკვნა ვერ მოსთხოვო, მაგრამ მის თვალწინ უნდა გატეხო თხილი, შეამოწმო ხარისხი, პროცენტულად გაიანგარიშო და ამის შესაბამისად მოხდეს თანხის შეთავაზება. თხილის წარმოებაში ეს საერთაშორისო გამოცდილება საქართველომ უნდა გაითვალისწინოს. თურქეთში წარმოების საკითხი მაღალ დონეზეა, იქ ვერავინ მისცემს თავს უფლებას 10%-მდე გაუმშრალი თხილი გაყიდოს. თხილის შენახვასაც თავისი წესი აქვს, გლეხს აქ არანაირი შენახვის საშუალება არ აქვს, ტომრებში ჩაყრილს ნესტიან ადგილებში, საუკეთესო შემთხვევაში, ოთახებში ინახავენ. თუ ჩვენ გვინდა ქართული თხილი ბრენდის სახელით გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე, ამას სჭირდება დიდი მუშაობა ფერმერებთან, მათი ცნობიერების ამაღლება, ამ კუთხით სახელმწიფოს ბევრი სამუშაო აქვს ჩასატარებელი“.

49860

თხილის გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენელი ელდარ მეფორია გასულ წელს შექმნილ რეალიზაციის პრობლემას თხილის დაბალ ხარისხთან ერთად ჭარბი მოსავლითაც ხსნის: „ჩვენ თხილის ექსპორტს ვახდენთ ევროპაში. როცა ბაზარი გაჯერებულია, ბუნებრივია, ფასი მაღალი ვერ იქნება. ჩვენმა კომპანიამ 150 ტონა გარჩეული თხილი გაიტანა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფასი იყო, თავდაპირველად 9 დოლარ-ნახევარი იყო 1 კილოგრამის ფასი, მერე გაიაფდა, ახლა 4-5-ნახევარი დოლარია. ჩვენ ბევრ ქვეყანაში გავიტანეთ: იტალიაში, საფრანგეთში, ინგლისში. წელს თხილის ფასი, ვფიქრობთ, 5-6 ლარი იქნება. რაც შეეხება ძველ თხილს, ძნელად გაიყიდება. ერთადერთი პრობლემა ისიც იქნება, თუ ძველს გაურევენ ახალში, ისე ძვირადაც ვერ გაიყიდება და ახალ თხილსაც გააფუჭებს“.

მოსახლეობის მოლოდინს, რომ გასული წლის მოსავალს თხილის აქტიურ სეზონზე [ივლისის ბოლოდან] ძვირად გაყიდიან, არ იზიარებენ გადამზიდავ კომპანიებში. მათი წინასწარი ვარაუდით, წინა წლის თხილის მოსავლის ფასი არ გაიზრდება და ფერმერებს მოუწოდებენ, ძველი თხილი ნედლ თხილში არ გადაურიონ.

„თხილის ახალი მოსავალი რომ მოვა, ვისაც ძველი თხილი აქვს დარჩენილი, ისინი შეეცდებიან ძველი თხილის ახალში შერევას და ამ გზით გაყიდვას. მინდა აღვნიშნო, რომ ახალი თხილის მოსავალი კარგი ჩანს და გადარევით ხარისხი გაფუჭდება. ვფიქრობ, ნედლი თხილის ჩაბარების ფასი წელს 3-4 ლარი იქნება,“ – ამბობს დავით ლიპარტელიანი.

არის თუ არა საშიშროება იმისა, რომ ექსპორტზე გატანილი თხილი უკან დააბრუნონ? ელდარ მეფორიას თქმით, „ამის საშიშროება რეალურად არსებობს, თან კონტროლი რთული პროცესია, ნებისმიერ დონეზე უნდა გაკონტროლდეს“.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა, რომელიც ადგენს მოთხოვნებს ჩვეულებრივი თხილის და მათი კულტივირებული ჰიბრიდების ნაყოფის მიმართ. იგი ვრცელდება იმ ბიზნესოპერატორზე, რომელიც ახორციელებს გატეხილი ან/და გადამუშავებული თხილის ექსპორტს. როგორც რეგლამენტშია აღნიშნული, მიზანი ექსპორტისათვის განკუთვნილი თხილის რეგულირების პრინციპების განსაზღვრაა. თხილის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის მონიტორინგს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის ექვს თვეში თხილს მეოთხე პოზიცია უკავია ექსპორტირებული პროდუქციის ჩამონათვალში. სპილენძის მადნების, ფეროშენადნობებისა და მსუბუქი ავტომობილების შემდეგ ყველაზე მეტი სწორედ თხილია გატანილი საზღვარგარეთ – მისი წილი მთლიან ექსპორტში 7%-ია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი