ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე, იყიდება 104-კვ.მ ბინა. ფასი: 80 ათასი დოლარი.
საუბნო კომისიები „გამჭვირვალე“ პოლიტიკური გავლენებით
გასულ კვირას საუბნო საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდა. 13-კაციან საუბნო კომისიაში შვიდი წევრი სხვადასხვა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს, პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს. დანარჩენი ექვსი კი, კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პროფესიონალიზმის ნიშნით უნდა იყოს შერჩეული. საარჩევნო მიმართულებით სერტიფიცირებული კადრები საუბნო კომისიების გარეთ დარჩნენ. „საარჩევნო ადმინისტრაციების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების ტესტი ხელისუფლებამ ამჯერადაც ვერ ჩააბარა,“ – ეს მადონა ბერიძის შეფასებაა „სამართლიანი არჩევნებიდან“.
„ცესკოს გამოცდები გასულ წელს ჩავაბარე. ვერ წარმოვიდგენდი, თუ უარს მეტყოდნენ, რადგან სერტიფიცირებული საარჩევნო მოხელე ძალიან ცოტაა,“ – გვიყვება დავით ფარტენაძე. მას საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება აქვს 2012 წლიდან. დავით ფარტენაძეს ბათუმის #62 საარჩევნო უბანში სურდა დასაქმება. აქ „პროფესიული ნიშნით“ შერჩეულ ადამიანებს სერტიფიცირება არ გაუვლიათ. საარჩევნო კანონმდებლობის საკვალიფიკაციო გამოცდა ცესკოში ტარდება. სერტიფიკატი აუცილებელი მოთხოვნაა საარჩევნო ოლქის ან ცესკოს წევრობისთვის.
„სერტიფიკატი არაა გადამწყვეტი, არაა აუცილებელი კანონის მიხედვით,“ – გვითხრა ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის მოადგილემ, ვალერი ბერიძემ. მან ვერ განმარტა, რა კრიტერიუმის მიხედვით შეარჩიეს უბნის ის წევრები, რომელთა მიმართ მთავარი მოთხოვნა პროფესიონალიზმი უნდა იყოს: „იცით, როგორ არის? სერტიფიკატი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ რომ დაუსვა კითხვა, ვერ გიპასუხებს. დაზეპირებული აქვს და იმიტომ. ბევრ სერტიფიცირებულს სჯობია უშუალოდ არჩევნებში გამოცდილი ადამიანი… მე ვიძახდი, რომ გამოცდილებისთვის უნდა მიგვექცია ყურადღება. ზოგი ამბობდა, ახალგაზრდებს უნდა მივცეთ შანსი, არ გვინდა სულ ერთი და იგივე სახეებიო. მოკლედ, ერთიან კრიტერიუმებზე ვერ შევთანხმდით“.
სერტიფიცირებულ საარჩევნო მოხელეს მხარი არც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა დაუჭირეს. მაგალითად, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ბათუმის ოლქში მზია მჟავანაძემ გვითხრა, რომ მისთვის კრიტერიუმი პროფესიონალიზმი იყო და სერტიფიკატის ქონა. მას კონკრეტულ უბანზე ვკითხეთ, სადაც სერტიფიცირებულს მან ხმა არ მისცა. „ძალიან ცუდია, რომ ასე მოხდა. ალბათ მექანიკურად გამომეპარა. ახლა ამას ძალიან ვნანობ,“ – გვითხრა მზია მჟავანაძემ.
სერტიფიცირებული საარჩევნო მოხელეები არც ქობულეთის ოლქში შეურჩევიათ. ირაკლი ბერიძე, ოლქის თავმჯდომარის მოადგილე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ კომისიას ინფორმაციაც არ ჰქონია, რომელიმე კონკურსანტს ჰქონდა თუ არა სერტიფიკატი: „მომხრე ვარ, რომ ამის მიხედვით გაკეთდეს არჩევანი. შესაძლებელია, ეს იყოს ერთ-ერთი კრიტერიუმი, რის გამოც ამა თუ იმ პირზე უნდა გაკეთდეს არჩევანი. სამწუხაროდ კონკურსში მონაწილეობის ის ფორმა, რომელიც ცესკოს მიერ არის შემუშავებული და რომელსაც ავსებს საუბნო კომისიის წევრობის მსურველი, ამ კითხვას არ ითვალისწინებს. განაცხადებში არსადაა აღნიშნული, ფლობს თუ არა პიროვნება საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ გამოცდის ჩაბარების სერტიფიკატს“.
თუკი ცესკო არის ორიენტირებული პროფესიონალი კადრების შერჩევაზე, რატომ არ ითვალისწინებს კონკურსში მონაწილეობის ბლანკი ინფორმაციას სერტიფიცირების შესახებ? – კითხვაზე კონკრეტული პასუხი ვერ გაგვცა ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ კანონმდებლობა არ სთხოვს საუბნო კომისიის წევრს სერტიფიკატს, ხოლო ოლქის წევრებს შეუძლიათ თავიანთი შეხედულების მიხედვით ჯერ ინდივიდუალურად იმსჯელონ კანდიდატებზე, შემდეგ კი ერთიანი გადაწყვეტილება მიიღონ. „შესაძლოა, ოლქის წევრებმა ჩათვალეს, რომ გამოცდილება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თეორიული გამოცდის ჩაბარება. კანონი სერტიფიცირებულს უპირატეს მდგომარეობაში ვერ ჩააყენებს. სერტიფიკატის არქონა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ნაკლებად კვალიფიციურია,“ – ამბობს ანა მიქელაძე. მან ვერ დაგვისახელა კანონის ნორმა, რომელიც აუკრძალავდა ცესკოს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შევსებულ ბლანკში ჩაწეროს პირმა, მას ჩაბარებული აქვს თუ არა საარჩევნო გამოცდა, ან რატომ შეიძლება იყოს მიუღებელი, თუკი ოლქის წევრი არჩევანს სერტიფიცირებულის სასარგებლოდ მიიღებს. ცესკოში ვერ ხედავენ პრობლემას იმ კუთხით, რომ ცესკოშივე ჩაბარებული გამოცდების შემდეგ, ადამიანები საარჩევნო ადმინისტრაციების მიღმა რჩებიან.
ცესკოს მსგავსი პოზიცია დაგვიფიქსირეს „ქართულ ოცნებაშიც“: „სულ ერთი და იგივე ხალხი საქმდება უბნებზე. რა გამოდის, იქნებ ნაციონალების ინტერესებს გაატარებს მაშინ ეს ხალხი. ამოსავალი არის გამოცდილება. მათ უკვე იციან კარგად საარჩევნო პროცედურები და ალბათ, ამაზე გაკეთდა არჩევანი, არ ვიცი,“ – გვითხრა უმაღლესი საბჭოს წევრმა პარტია ქართული ოცნებიდან“, ალესანდრე ჩიტიშვილმა.
„საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება პროფესიული ნიშნით. ეს ტესტი ხელისუფლებამ ამჯერადაც ვერ ჩააბარა,“ – ამბობს მადონა ბერიძე, „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორი. ის სერიოზულ რისკს ხედავს, როცა საუბნო კომისიის დამოუკიდებელ წევრს ოლქი გაურკვეველი კრიტერიუმებით და გაუმჭვირვალედ ირჩევს: „ეს ხალხი უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური იმისთვის, რომ იყვნენ ორიენტირებული კანონის შესრულებაზე და არა პარტიულ ინტერესებზე. როცა ნეიტრალურობა პრობლემაა, ეს ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებები ვერ იქნება ობიექტური.“
მადონა ბერიძე „წინასწარ სიებზეც“ გვესაუბრა. მან აჭარის რამდენიმე ოლქის მონაცემი დაგვისახელა, სადაც კენჭისყრაზე საუბნო კომისიის ექვსი წევრის შესარჩევ ბლანკში ოლქის წევრებმა სახელები და გვარები „წინასწარი სიიდან“ გადააკოპირეს: „იმიტომ, რომ ოლქი ასობით განაცხადს განიხილავს, „წინასწარ სიებით“ ხელმძღვანელობა პრობლემა არ არის, მაგრამ ოლქის თითოეულმა წევრმა უნდა განიხილოს საერთო სხდომამდე თითოეული განაცხადი ინდივიდუალურად და უნდა არსებობდეს კრიტერიუმი, რაზეც ოლქი თანხმდება გადაწყვეტილების მიღების დროს. ამ შემთხვევაში თითქმის ყველა ოლქში დაფიქსირდა ტენდენცია, როცა არსებობდა წინასწარი სიები და იქედან გადაწერეს პირდაპირ ექვსეული. ახალი ამაში არაფერია, მაგრამ იგივე წინა ხელისუფლების დროს, მაგალითად, გრძელი სია იყო შედგენილი, არეული იყო სახელები და გვარები, მაგრამ კომისიის წევრებმა წინასწარ იცოდნენ, ვინ უნდა შემოეხაზათ. ამჯერად ეს ფარული პოლიტიკური გავლენა აღარავის დაუმალავს… ყველაზე ცუდი, რაც ამ პროცესში იკვეთება, არის ის, რომ საქმე გვაქვს საოლქო კომისიის საქმიანობაში სავარაუდო ჩარევასთან. აქამდეც კეთდებოდა ამაზე განცხადებები. ცესკოს უნდა გამოეჩინა ნება და მოეძებნა მექანიზმები, რომ ასე არ მომხდარიყო და პროფესიონალიზმის ნიშნით შერჩეულიყო საუბნო კომისიის წევრები. ცესკოგან მარტო იმის მოსმენა, რომ თურმე კანონის შესაბამისობაშია ოლქის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, არაფერს ცვლის. თავიდან ბოლომდე სიები არ შეგვისწავლია, მაგრამ ჩანს ტენდენცია, რომ აირჩიეს ძირითად შემთხვევებში ის ადამიანები, ვინც წინა არჩევნებზე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენდა. შერჩეულია ისეთი პირებიც, ვისაც წინა არჩევნებზე ჰქონდა გადაცდომა და მიღებული აქვს საყვედური“.
ვინ იღებს გადაწყვეტილებას ოლქში? – „ბათუმელები“ ბათუმის 79-ე ოლქის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაეცნო. გამოჩნდა, რომ საუბნო კომისიის ე.წ. დამოუკიდებელი წევრები დიდი უმრავლესობითაა არჩეული. კონკურსში სულ 1490 განაცხადი შევიდა, საიდანაც ოლქმა 714 წევრი შეარჩია. შერჩეული წევრების დიდ ნაწილს მხარი დაუჭირეს ოპოზიციურმა „რესპუბლიკელებმა“ და „თავისუფალმა დემოკრატებმაც“.
პეტრე ზამბახიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „ფაქტია, რომ წინასწარ მიწოდებულ სიებს დაუჭირა მხარი ამ ოპოზიციურმა პარტიებმაც. როგორ შეიძლება ინდივიდუალურად გაკეთებული არჩევანი დაემთხვეს „ქართული ოცნების“ არჩევანს, თან 700 შემთხვევაში, ეს დაუჯერებელია. ჩემი ინფორმაციით, ისინი გაურიგდნენ მმართველ ძალას იმიტომ, რომ საკუთარი აქტივისტები და ახლობლებიც ჩაესვათ საუბნო კომისიებში.“
„გარიგებას“ გამორიცხავენ როგორც „რესპუბლიკურ პარტიაში“, ასევე „თავისუფალ დემოკრატებში“, თუმცა ვერ ხსნიან, რატომ შეიძლება დაემთხვეს ასეულობით შემთხვევაში ოპოზიციური პარტიის არჩევანი მმართველი პარტიისას. „არ ვიცი, ალბათ დაემთხვა. წინასწარი სიები არ არსებობდა. მე არჩევანი გამოცდილების მიხედვით გავაკეთე,“ – გვითხრა სოფიო დიასამიძემ. ის ბათუმის საარჩევნო ოლქის წევრია „რესპუბლიკური პარტიიდან“.
„წინასწარ „შპარგალკა“ არ მქონია, ღმერთის წინაშე დავიფიცებ ამას. საარჩევნო სკოლა დამთავრებული ვინც იყო, ისინი შემოვხაზე მე. ათიდან ექვსი როცაა ასარჩევი, რაღაც ბუნებრივია დაემთხვევა,“ – ეს მზია მჟავანაძემ გვითხრა, ბათუმის ოლქის წევრმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“. ამ პარტიაში გვითხრეს, რომ მათ წინასწარი სია ბათუმში არ უნახავთ: „ჩვენ გავაპროტესტეთ წინასწარი სია იქ, სადაც ეს კონკრეტულად ვნახეთ. პირველად ჩვენმა წარმომადგენელმა ქობულეთში, სალომე ზაქარიაძემ ნახა ეს სია და გაასაჯაროვა. დიდი ალბათობით, ბათუმშიც იქნებოდა წინასწარი სია,“ – ამბობს კობა ჩხეიძე, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი.
ოპოზიციური პატიების მხარდაჭერის გარეშეც, „ქართულ ოცნებას“ შეეძლო სასურველი პირების შეყვანა საუბნო კომისიებში – ოლქის დამოუკიდებელი ექვსი წევრის არჩევანი [ოლქების შემთხვევაშიც, დეკლარირებულად ასევე „პროფესიონალიზმისა“ და „პოლიტიკური ნეიტრალობის“ ნიშნით შეარჩიეს დამოუკიდებელი ექვსი წევრი] საუბნო კომისიის წევრების არჩევის დროს, ძირითადად მმართველი პოლიტიკური პარტიის არჩევანს დაემთხვა. 6+1 კი უკვე უმრავლესობაა საოლქო კომისიაში.
„რამდენიმე თვის წინ ჩავატარეთ კვლევა, როგორ შეირჩნენ საოლქო კომისიის დამოუკიდებელი წევრები. გამოიკვეთა ისეთი წევრების შერჩევა, რომლებიც წინა არჩევნებზე მმართველ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდნენ. საერთოდ გაურკვეველი დარჩა რის საფუძველზე შეარჩია ცესკომ ეს წევრები, რადგან პოლიტიკური ბეგრაუნდი არავის მოუკითხავს,“ – გვითხრა მადონა ბერიძემ „სამართლიანი არჩევნებიდან“.
ფოტოპორტრეტები შშმ პირთა გამოწვევებზე “თავისუფალ სივრცეში”
31 აგვისტოს “თავისუფალ სივრცეში” ფოტოგამოფენა გაიხსნა. ფოტოპორტრეტები ასახავს იმ ბარიერებს, რომლებიც ბათუმში გადაადგილების დროს შშმ პირებს ხვდებათ. პროექტის მიზანია არაადაპტორებული გარემოს წარმოჩენა და საზოგადოების დაინტერსება შშმ პირთა მდგომარეობით.
“ჩვენი სურვილია ჩვენს ქალაქში თანაბრად ხელმისაწვდომი გარემო არსებობდეს ყველა ადამინისთვის.” – ამბობს ორგანიზაციის, “ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის”, პროექტების კოორდინატორი ნინო ჩხაიძე.
ნინო გვიყვება, რომ კონკურსი პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფებისთვის აგვისტოს დასაწყისში გამოაცხადეს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს უნდა გადაეღოთ ფოტოები და აესახათ პრობლემები, რომლებსაც ითვალისწინებს გაეროს შშმ პირთა კონვენციის მე-9 მუხლი ხელმისაწვდომობის შესახებ. თუმცა, რეალურად, კონკურსი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა ფოტოგრაფმა, ედო მჟავანაძემ მიიღო.
“მიუხედავად იმისა, რომ საორგანიზაციო ჯგუფმა მაქსიმუმი გავაკეთეთ და ბევრი ვიმუშავეთ ინფორმაციის გავრცელების კუთხით, დაინტერესება და ჩართულობა ამ პროექტში იყო მინიმალური.” – აცხადებს ნინო ჩხაიძე.

ედო მჟავანაძე ორგანიზაციის, “ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის”, მოხალისეა. ის ამბობს, რომ არაადაპტირებული გარემოს პრობლემა ყოველთვის აწუხებდა, თუმცა ეს პროექტი მისთვის, როგორც ფოტოგრაფისთვისაც, საინტერესო იყო.
კითხვაზე, რატომ აღმოჩნდა კონკურსში უკონკურენტოდ, ედო გვპასუხობს: “ალბათ იმიტომ, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ეს თემა პირადად არ ეხება და არ მიიჩნევენ მნიშვნელოვნად. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს შშმ პირი, ფოტოპორტრეტებში ასახული დაბრკოლებების გადალახვაც ერთად გვიწევს დ ამიტომ კარგად მაქვს გააზრებული პრობლემის არსი.”

„უამრავი პრობლემა ექმნებათ შშმ პირებს ჩვენს ქალაქში. უნდა გაკეთდეს მეტი პანდუსი, ატრაქციონები შშმ ბვშვებისათვის, სკვერები და პარკები, რომლებიც სრულად იქნება ადაპტირებული, რათა ჩვენც, შშმ პირებმაც, შევძლოთ გართობა და დროის გატარება ჩვენი თანატოლების მსგავსად. საჭიროა დაიგეგმოს ბევრი ხვადასხვა აქტივობა, რომლებიც შშმ პირთა პრობლემებს წარმოაჩენს და მათი გამოსწორებისკენ იქნება მიმართული.” – ამბობს გამოფენის ერთ-ერთი დამთვალიერებელი, 17 წლის მიშიკო ცინცაძე. ის ფიქრობს, რომ “თავისუფალი სივრცის” საორგანიზაციო ჯგუფი უფრო მეტად ზრუნავს შშმ პირებისთვის შეზღუდული გარემოს გაუმჯობესებაზე, ვიდრე სახელმწიფო.
“თავისუფალი სივრცე” არის ადგილი, სადაც შესაძლებელია დაესწროთ საინტერესო შეხვედრებს, დისკუსიებს, ფილმის ჩვენებებს და სხვა ღონისძიებებს. ასევე, თავად დაგეგმოთ და ჩაატაროთ ღონისძიება. ორშაბათიდან, 5 სექტემბრიდან, აქ უკვე კაფეც დაიწყებს ფუნქციონირებას.



დისკრიმინაციის ფაქტი ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანებაში
ხელვაჩაურის სასამართლომ დისკრიმინაციის ფაქტი ა(ა)იპ “ხულოს ბაღების გაერთიანებაში” დაადასტურა. გაერთიანების წინააღმდეგ სარჩელი მაია გელაძეს ჰქონდა შეტანილი. მისი თქმით, უარი ერთ-ერთ ბაღში დასაქმებაზე კონკურსის დროს „კარგი სოციალური მდგომარეობის” გამო უთხრეს. სასამართლო მორიგებით დასრულდა – ხულოს ბაღების გაერთიანებამ აღიარა, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მოპყრობას ქონებრივი ნიშნით. მაია გელაძის ინტერესებს სასამართლოში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავდა.
„დადებით მოვლენად უნდა შეფასდეს ხულოს ბაღების გაერთიანების მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტის აღიარება. მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე ხულოს ბაღების გაერთიანების მხრიდან ადგილი ჰქონდა დისკრმინაციულ მოპყრობას პირის მიმართ, მათ მიერ სრულად იქნა გააზრებული დაშვებული შეცდომა. იმედია, მომავალში ნებისმიერი დამსაქმებელი მეტი ყურადღებით მოეპყრობა დასაქმებულის ინტერესებს,” – ამბობს პაატა დიასამიძე, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი.
ხულოს ბაღების გაერთიანებამ ვალდებულებად აიღო, რომ მაია გელაძეს დანიშნავს საბავშვო ბაღში მეორე ცვლის აღმზრდელ-მასწავლებლის პოზიციაზე.
მაია გელაძის საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ლეილა გურგუჩიანმა მიიღო.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს გადადგომის მოთხოვნით მიმართა. დღეს, 31 აგვისტოს იგი საანგარიშო განცხადებით წარსდგა აჭარაში მოქმედი საავადმყოფოების მენეჯერების და სამინისტროს თანამშრომლების წინაშე. მან ოთხი წლის მანძილზე, მისი მინისტრობის დროს განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა.
მინისტრის პოსტის დატოვების გადაწყვეტილების მიზეზი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაა. როგორც ცნობილია ნუგზარ სურმანიძე უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატია.
„მივიღე გადაწყვეტილება იმიტომ, რომ მინდა ჩავერთო წინასაარჩევნო პროცესებში, რომ შემდგომში არ იყოს გაურკვევლობა. მივმართე მთავრობის თავმჯდომარეს გადადგომის შესახებ. ხვალიდან უკვე შემეძლება აქტიურად ჩავერთო საარჩევნო პროცესებში“ – განაცხადა ნუგზარ სურმანიძე.
კითხვაზე, თუ როგორ აფასებს თავისი მინისტრობის პერიოდს, ნუგზარ სურმანიძემ განაცხადა, რომ მათ შესძლეს სამედიცინო მომსახურების მოცულობების გაზრდა. „ჩვენ შევეცადეთ, ის გამოწვევები, რაც მოსახლეობას ჰქონდა ჯანდაცვის სფეროში, მაქსიმალურად დაგვეფარა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პრობლემა გადავწყვიტეთ, მაგრამ მოსახლეობას მაქსიმალურად მივაწოდეთ ის სერვისები, რომლებიც მათ სჭირდებოდათ. ვფიქრობ, 40 მილიონი ლარი, რაც იყო გამოყოფილი ამ ოთხი წლის განმავლობაში, მიზნობრივად გავხარჯეთ თითოეული ადამიანის მკურნალობაზე და ყველა ის ვალდებულება, რაც გვქონდა მოსახლეობის წინაშე შესრულებულია“ – აცხადებს ნუგზარ სურმანიძე.
ნუგზარ სურმანიძე წინასაარჩევნო შეხვედრებს მოსახლეობასთან ხვალიდან დაიწყებს.
სააგარიშო შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძეც ესწრებოდა. მან ნუგზარ სურმანიძეს მადლობა გადაუხადა საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა არჩევნებში.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას მინისტრის პირველი მოადგილე, ლევან გორგილაძე შეასრულებს.
ყოფილი იურისტი და ფინანსური დირექტორი ინფექციური საავადმყოფოს წინააღმდეგ
რამდენიმე თვის წინ ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციამ განაცდური 70 ათასი ლარი ჩაურიცხა ექიმ დავით მურვანიძეს – საავადმყოფოდან ექიმის უკანონო გათავისუფლება სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადასტურა. ამავე საავადმყოფომ ჯარიმის 206 231 ლარის ნახევარი უკვე გადაიხადა იმ დარღვევებისთვის, რაც ინფექციურში სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ შემოწმების შედეგად დააფიქსირა. დღემდე სახელმწიფო შპს “ბათუმის ინფექციური, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალურ ცენტრში” მართვის რგოლიდან არავინ დასჯილა. პირიქით, საავადმყოფოს დირექტორმა, ჯემალ დუმბაძემ სამსახურიდან იურისტიც გაუშვა. ყოფილი იურისტის და ამავდროულად ფინანსური დირექტორის, რუსლან ბერიძის საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში სალიხ შაინიძე განიხილავს.
“იმედია, პროცესის დასრულებამდე დირექტორის შტატიც არ გაუქმდება,” – ამ რეპლიკით მოსამართლემ საავადმყოფოს იურისტს სხდომის დასრულების შემდეგ მიმართა. სხდომაზე ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, დალი ჭანიძემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა და აცნობა, რომ საავადმყოფომ იურისტის შტატი გააუქმა. “ეს არის მისი მიზანმიმართული მცდელობა, რომ არ მოხდეს ჩემი დაბრუნება, თუკი სასამართლოს მოვიგებ,” – მიმართა მოსამართლეს საავადმყოფოს ყოფილმა იურისტმა, რუსლან ბერიძემ. მოსამართლე სალიხ შაინიძემ კი მიიჩნია, რომ დავის საგანზე საავადმყოფოს დირექტორის, ჯემალ დუმბაძის ეს გადაწყვეტილება გავლენას ვერ მოახდენს და შუმადგომლობა მიიღო, როგორც ინფორმაცია.
ინფექციური საავადმყოფო იურისტის გათავისუფლების მიზეზად სამსახურში არაერთხელ უსაფუძვლოდ დაგვიანებას ასახელებს. ყოფილმა იურისტმა კი მოსამართლეს უკვე აჩვენა სასამართლო პროცესის ვიდეო-სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, საიდანაც დგინდება, რომ რუსლან ბერიძე სასამართლოში იმყოფებოდა საავამდყოფოს წინააღმდეგ განსახილველ ერთ-ერთ საქმეზე. ეს მტკიცებულება საქმეში ბოლო “დაგვიანების” შესახებ ჩაიდო, რის შემდეგაც რუსლან ბერიძე სამსახურიდან დაითხოვეს.
“ამაზე აპელირებს მხარე, მაგრამ მხოლოდ ერთხელ დაგვიანება არ ყოფილა იურისტის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი,” – უთხრა “ბათუმელებს” დალი ჭანიძემ: ” სამსახურში უმიზეზოდ დაგვიანება დაფიქსირდა რამდენჯერმე და მას მიეცა ჯერ საყვედური, შემდეგ 10 დღის ხელფასი დააკლდა, შემდეგ – 10 დღით მუშაობის უფლება შეუჩერდა. რაც მთავარია, მას არცერთ შემთხვევაში არ წარმოუდგენია ახსნა-განმარტებითი ბარათი, რა მიზეზით მოუხდა დაგვიანება. ასევე თუკი ის არ ეთანხმებოდა, მაგალითად, საყვედურს, ან 10 დღის ხელფასის დაკლებას, ეს უნდა გაესაჩივრებია თავის დროზე სასამართლოში.”
“გასაჩივრება დამიჯდებოდა 150 ლარი. გარდა ამისა, შინაგანაწესით უნდა დაწყებულიყო ადმინისტრაციული წარმოება და დირექციას უნდა მოეთხოვა ჩემთვის ახსნა-განმარტება. მე რის განმარტება უნდა დამეწერა, როცა არ დამიგვიანია, ან სასამართლოში ვიყავი სამსახურის საქმეზე?” – ამბობს რუსლან ბერიძე,
ინფექციური საავადმყოფოს ყოფილი იურისტის თქმით, დირექტორი ჯემალ დუმბაძე მიზანმიმართულად მას შემდეგ დაუპირისპირდა, როცა მან კონკრეტული ექიმის უკანონო გათავისუფლება მოითხოვა და უარი მიიღო: “სპეციალური ეთიკის კომისია შექმნა და მეც ჩამსვა. უნდოდა, რომ მისთვის არასასურველი ექიმი სხვისი ხელით მოეცილებია. მე ვთქვი, რომ ეს არ იყო სწორი და არ არსებობდა კონკრეტული საფუძველი. კომისიის სხვა წევრებმაც თავი შეიკავეს… ამის შემდეგ დავრჩი ჯერ კომპიუტერის, შემდეგ მაგიდის და სკამის გარეშე. მაინც მივდიოდი სამსახურში და ტელეფონზეც ვრეკავდი ახლობელთან, რომ დაფიქსირებულიყო ჩემი სამსახურში მისვლა.”
რუსლან ბერიძემ ჯემალ დუმბაძის მიერ ხელმოწერილი რამდენიმე ბრძანებაც გვაჩვენა, სადაც ჩანს, რომ, მაგალითად, გაფრთხილების მიცემის პარალელურად, დირექტორი ძალადაკარგულად მიიჩნევს საყვედურის გამოცხადებას, ასევე 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავების დროს, უქმდება გადაწყვეტილება სასტიკი საყვედურის შესახებ.
“მე ექიმი ვარ პროფესიით, იურისტი არ ვარ, შემეშალა… ადმინისტრაციის სამსახურის უფროსს მიმართეთ დალი ჭანიძეს და ის აგიხსნით,” – გვითხრა ჯემალ დუმბაძემ, ბათუმის ინფექციურის საავადმყოფოს დირექტორმა.ის ყოფილი იურისტის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ რუსლან ბერიძე სამსახურში უმიზეზოდ რამდენჯერმე არ გამოცხადდა. ჯემალ დუმბაძეს ყოფილ იურისტთან პროფესიული კუთხითაც აქვს პრეტენზია. დირექტორი ყოფილ იურისტს დათო მურვანიძის საქმის [საავადმყოფოს ყოფილი ექიმი, რომელმაც საქმე ინფექციურის წინააღმდეგ მოიგო] “წაგებაში” ადანაშაულებს.
რაც შეეხება იურისტის შტატის გაუქმებას, ჯემალ დუმბაძე ირწმუნება, რომ ამ გადაწყვეტილებით მან ფინანსები დაზოგა: “ორი ერთნაირი თანამდებობა რატომ უნდა მქონოდა? იურისტის ფუნქციას ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი შეითავსებს. ორივეს 1000-1000 ლარს ვუხდიდი, ახლა მხოლოდ ათას ლარს გადავიხდი,”- ამბობს ჯემალ დუმბაძე.
სამედიცინო რეგიულირების სახელმწიფო სააგენტოს მიერ ინფექციური საავადმყოფოს დარღვევებზე სტატია “ბათუმელებმა” მაისში დაწერა. უნდა აგოს თუ არა პასუხი მენეჯმენტიდან ვინმემ, როცა მასობრივ დარღვევებზეა საუბარი? – ჯემალ დუმბაძემ გვირჩია შემოსავლებით დავინტერესებულიყავით: “როცა წლიური ბრუნვა 4 მილიონია, ამის გამოც უნდა დავისაჯო?”
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ბათუმის ინფექციური საავადმყოფოში დაფიქსირებულ დარღვევებს სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური სწავლობს და დასკვნა რამდენიმე დღეში დაიდება.
როგორ რეგულირდება “მოსამზადებელი კლასების” არსებობა
კერძო სკოლა “მედიანა 2011”-ის საქმიანობის შესწავლას რამდენიმე მშობელი მოითხოვს. მათი თქმით, ბავშვებმა ამ სკოლის ქობულეთის ფილიალის პირველი კლასი გაიარეს, რომლის შემდეგაც დირექტორმა უთხრა, რომ ეს მოსამზადებელი კლასი იყო.
“ამ ბავშვებმა მართლაც გაიარეს პირველი კლასი, მაგრამ ეს იყო მოსამზადებელი,”- უთხრა “ბათუმელებს” სკოლა “მედიანა 2011”-ის დირექტორმა, ზაურ სოლომონიძემ. ის ირწმუნება, რომ მშობლებმა ამის შესახებ იცოდნენ, ბავშვები 6 წელს მიუღწეველი იყვნენ და მათ ოფიციალურად პირველი კლასის გავლას ვერ ჩაუთვლიდა: “სულ ოთხი ბავშვი იყო ასეთი ქობულეთში. მათ შევთავაზე, რომ გავატარებდი პირველი კლასის პროგრამას. ისინი პირველკლასელებთან ერთად ისხდნენ, მაგრამ ასაკით არ იყვნენ 6 წლის და როგორ გადავიდოდნენ მეორე კლასში?”
ზაურ სოლომონიძის თქმით, ბავშვები თუკი ამავე სკოლაში განაგრძობენ სწავლას, მათ მეორე კლასის პროგრამით ასწავლიან, მაგრამ ოფიციალურად პირველკლასელები იქნებიან. კითხვაზე, რატომ გაიარეს ბავშვებმა პირველი კლასის პროგრამა, როცა ისინი მოსამზადებელი ჯგუფის მოსწავლეები იყვნენ, გვიპასუხა: “აბა, რა გვესწავლებია ბავშვებისთვის? ცალკე პროგრამა მოსამზადებელი კლასისთვის ჩვენ არ გვაქვს. როცა გამოცხადდება ექსტერნი, ეს ბავშვები მიიღებენ მასში მონაწილეობას და შესაძლებელი იქნება, ერთი კლასი გამოტოვონ,” – გვიხსნის ზაურ სოლომონიძე.
“თუკი დაფიქსირდება ეს ფაქტი, რომ პირველი კლასის მოსწავლეებს ფაქტობრივად მეორე კლასის პროგრამას ასწავლიან, ეს დარღვევაა და ამას აუცილებლად შეისწავლის საქართველოს განათლების სამინისტრო,” – ამბობს გოჩა დავითაძე, ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი. მისი განმარტებით, “მოსამზადებელი კლასის” პროგრამას თავად სკოლა განსაზღვრავს და სთავაზობს მშობელს: “ასევე მიუღებელია დაპირება ექსტერნის გამოცდებზე. წინასწარ არ ვიცით, გამოსცემს თუ არა ბრძანებას განათლების მინისტრი და ჩააბარებენ თუ არა მოსწავლეები ამ გამოცდებს. ასევე, ბრძანების გამოცემამდე უცნობია, რა ასაკობრივი შეზღუდვები იქნება დაწესებული”.
იაგო შარაძის დედამ შიმშილობა დაიწყო
ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურის – იაგო შარაძის დედამ გონიოში შიმშილობა დაიწყო. ელენე შარაძე ზღვაში დაკარგული შვილის ძებნის სამუშაოების განახლებას მოითხოვს. სამხედრო წვრთნის დროს დაკარგული სამხედროების ახლობლები გონიოში ავტომაგისტრალის გადაკეტვასაც აპირებენ. ამ დროისთვის ისინი თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს ელოდებიან. იაგო შარაძის ნათესავების თქმით, მათ ამ უწყებიდან ტელეფონით დაუკავშირდნენ და შეხვედრა სთხოვეს.
იაგო შარაძის მეუღლემ – მარიკა შარაძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ მას დღეს დილით სთხოვეს მოეწერა ხელი განცხადებისთვის, სადაც ეწერა, რომ სამხედრო მოსამსახურეები უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ. განცხადებაზე ხელი დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ახლობლებს არ მოუწერიათ. დღეს, 31 აგვისტოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ზღვაში დაკარგული სამხედროების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები შეწყდა.
16 აგვისტოს სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ, კაპრალმა იაგო შარაძემ და I კლასის რიგითმა გიორგი ნანეტაშვილმა შავ ზღვაზე გეგმური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა.

4 სექტემბერს ბათუმში მარათონი გაიმართება
ბათუმობის დღესასწაულთან დაკავშირებით 4 სექტემბერს, 17:00 საათზე, ბათუმის მერიის ა[ა]იპ „სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის“ ორგანიზებით მძლეოსნური გარბენი გაიმართება.
ახალგაზრდული ცენტრის გარბენი სტარტს 6 მაისის პარკიდან აიღებს და საოცრებათა პარკში [ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია] დასრულდება. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფასიანი ვაუჩერებით.
18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების შეჯიბრში მონაწილეობისათვის სავალდებულოა მშობელთან ერთად გამოცხადება.
გარბენში მონაწილეობის მიღების მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ვებ-მისამართზე:
დისკუსია წინასაარჩევნო გარემოზე აჭარაში
“გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საჯარო მოხელეები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანეს “ქართული ოცნების” პარტიულ შეკრებაზე დასასწრებად,” – ეს ერთ-ერთი შემთხვევაა, რაზეც მადონა ბერიძემ “სამართლიანი არჩევნების” აჭარა-გურიის კოორდინატორმა გაამახვილა ყურადღება. წინასაარჩევნო გარემოზე დღეს, 31 აგვისტოს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია გაიმართა.
დისკუსიის მომხსენებლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო დარღვევების მაჩვენებლებმა იმატა. მათ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებაში პოლიტიკური გავლენაზე, ასევე სიძულვილის ენის გააქტიურებაზე.
“ძალადობისგან დაცული ეს რეგიონი ისევ აღარ არის, განსაკუთრებით პაატა ბურჭულაძის და დავით თარხან-მოურავის განცხადებების შემდეგ,”- აღნიშნა დისკუსიაზე ხათუნა სამნიძემ, “რესპუბლიკური პარტიის” ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა.
საარჩევნო ადმინისტრაციების პრობლემაზე ისაუბრა გიორგი ხიმშიაშვილმა, საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა: “მაგალითად, ქობულეთის ოლქმა აირჩია 11 წევრი, რომელთაც წინა არჩევნებში არაერთხელ ჩაიდინეს სამართალდარღვევა საარჩევნო პროცედურების განხორციელების დროს. როცა ადამიანი არაერთგზის არღვევს კანონს, ეს ნიშნავს იმას, რომ რისკის ქვეშ აყენებ საარჩევნო პროცესის ობიექტურობას”.
დისკუსიის ყველაზე დიდი ნაწილი დღეს მედიაზე საუბარს დაეთმო. დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ დებატების გარეშე წარმოუდგენელია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება. ბათუმის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატმა, არმაზ ახვლედიანმა კი მიკერძოებულობაში დასდო ბრალი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს. მან კონკრეტული სიუჟეტი დაასახელა, როცა აჭარის ყოფილ მმართველის, ასლან აბაშიძის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოიტანა: “ამ სიუჟეტში შეგნებულად გამოიყენეს ასლან აბაშიძის ის კადრები, სადაც ის ჩემთან ერთად ჩანს. ეს კადრი სოსო სტურუას მიერ მომზადებული ფილმიდან იყო…”
არმაზ ახვლედიანს უპასუხა ცოტნე ანანიძემ, რომელიც აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის დირექტორის მოადგილეა. მისი განმარტებით, წინა მონიტორინგი აჩვენებს, რომ ტელევიზია დაბალანსებული და მიუკერძოებელია, ხოლო წინასაარჩევნო მუშაობას აკვირდებიან და შედეგები სამომავლოდ გამოქვეყნდება.
10 სექტემბრიდან წინასაარჩევნო დებატების გამართვას აპირებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრიც. ცენტრის წარმომადგენლებმა დისკუსიის მონაწილეებს უთხრეს, რომ დისკუსიებს ბათუმში მოდერაციას ჟურნალისტი ზვიად ქორიძე გაუწევს.
სახალხო დამცველი: ვერანაირი მიზეზი ვერ გაამართლებს ქალების დარბაზიდან გასვლის მოთხოვნას
საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებით ეხმიანება 26 აგვისტოს ქედის საკრებულოში მომხდარ ფაქტს, როდესაც საკრებულოს წევრმა სხდომის დამსწერეებს მოუწოდა, ქალები გასულიყვნენ დარბაზიდან.
„პირადი საკითხები იყო გასარკვევი და დასალაპარაკებელი მამაკაცებში, სხვა არაფერი, არ იყო იქ ქალბატონების ყოფნა საჭირო“ – ასე შეაფასა მაშინ ფაქტი საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან ცინცაძემ.
“საკრებულოს სხდომათა დარბაზი არის პოლიტიკური ფორუმი, სადაც მიმდინარეობს პოლიტიკური დებატები და რომელში მონაწილეობის უფლება აქვს საკრებულოს ყველა წევრს, მათი სქესის მიუხედავად. დაუშვებელია, მამრობითი სქესის წარმომადგენელი დეპუტატების მიერ პოლიტიკური ფორუმი აღქმული იყოს როგორც პირადი სივრცე, სადაც შეეძლებათ ქალებს პოლიტიკური დებატების დატოვება მოსთხოვონ” – აღნიშნულია სახალხო დაცველის განცხადებაში.
სახალხო დმცველი ქედის საკრებულოს წევრ ბაქარ ბარამიძესა და საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან ცინცაძეს მოუწოდებს მომავალში თავი შეიკავონ სექსისტური და გენდერული სტერეოტიპების შეცველი განცხადებებისგან.
“ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირების აუცილებელი წინაპირობაა; მსგავსი დამოკიდებულება აძლიერებს და ახალისებს უარყოფით სტერეოტიპებს ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების მონაწილეობასთან დაკავშირებით, ქმნის საფრთხეს, რომ ისინი მომავალში, სქესის გამო, უფრო მეტად დაექვემდებარებიან დისკრიმინაციას.. შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ აღნიშნულ ფაქტს ადგილი ჰქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე არსებულ საკანონმდებლო ორგანოში, რომლის საქმიანობის ეფექტურად წარმართვა მუნიციპალურ დონეზე მოქალაქეთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და ადამიანის უფლებების დაცვას უნდა ემსახურებოდეს”– აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.
“ბათუმელები” იმავე დღეს ესაუბრა ქედის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც ფიქრობს, რომ საკითხზე ასეთი ყურადღების გამახვილა არ არის საჭირო: „ეს ბრძანება არ ყოფილა, თხოვნა იყო. პირადი გარჩევები არ ყოფილა, ორგანიზაციულ საკითხებზე ვისაუბრეთ. მამაკაცებში იყო სათქმელი. შეიძლება სადმე პურმარილზე მივდიოდით, რატომ მიაჩემდით ამ საკითხს? მეტ შეკითხვას არ ვუპასუხებ“ – განაცხადა ამირან ცინცაძემ.
ქედის საკრებულოში მხოლოდ ორი ქალი დეპუტატია. მათ კოლეგების განცხადება არ გაუპროტესტებით და „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნეს, რომ ეს ფაქტი მათთვის შეურაცხმყოფელი არ ყოფილა.
“ჩემთვის შეურაცმყოფელი არ ყოფილა. სხდომა დასრულებული იყო. ვფიქრობ არც პირად გარჩევას ჰქონია ადგილი. ბევრი რამეა არაადეკვატურია და მაინც ხდება,” – განაცხადა „ბათუმელებთან“ საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატმა, ნარგიზ დიასამიძემ.
“მანამდე წავედი, მაგ საუბარს არ ვესწრებოდი, აქედან გამომდინარე, ვერაფერს გეტყვით” – აღნიშნა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ტატიანა სირაბიძემ.
ზღვაში დაკარგული სამხედროების ახლობლები გონიოში მაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ
შავ ზღვაში სამხედრო წვრთნის დროს დაკარგული სამხედროების ახლობლები გონიოში ავტომაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ერთ-ერთი სამხედროს ახლობელმა უთხრა.
ახლობლებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ
„ჩვენ იძულებულები ვართ, რომ მივმართოთ შესაბამის ზომებს, გზებსაც გადავკეტავთ… ვითხოვ ჩემი მეუღლის ცხედარს, თუნდაც ერთი ნაწილი იყოს, იმიტომ რომ 16 დღეა ზღვაშია და რა მდგომარეობაშია არ ვიცით, ჩემს შვილებს მამის საფლავი მაინც ჰქონდეთ. ხალხს ველოდებით, მეზობლები გვერდში გვიდგას, ნაწილი აქ არის და დაახლოებით ერთ-ორ საათში გადავკეტავთ ბათუმი-სარფის მაგისტრალს.“ – უთხრა „ბათუმელებს“ დაკარგული იაგო შარაძის მეუღლემ, მარიკა შარაძემ.
16 აგვისტოს სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ, კაპრალმა იაგო შარაძემ და I კლასის რიგითმა გიორგი ნანეტაშვილმა შავ ზღვაზე გეგმური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა.
ალაგ-ალაგ გადაღებილი ველობილიკები
ბათუმში, ქალაქის ცენტრალურ უბნებში ველობილიკებს ალაგ-ალაგ ღებავენ.
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, გიგა ჩხეიძის ინფორმაციით: „ბილიკები, რომლებიც ალაგ-ალაგ გადაიღება, მაისის თვეში სრულად იყო შეღებილი. ახლა, უბრალოდ, დაზიანებული ადგილები გადაიღება, ძირითადად ხეების ქვეშ, ზოგან მანქანებს აჩერებდნენ და დაზიანდა… ორ-სამ დღეში, დაჯდება საღებავი და განსხვავება ფერში ახალსა და ძველს შორის, აღარ იქნება. შეგვეძლო მთლიანად გადაგვეღება, თუმცა გავუფრთხილდით ბიუჯეტს“.
ქალაქში ველობილიკების გადაღებვა წელს, აპრილის თვეში დაიწყო. მაშინ ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ ველობილიკების შეღებვა ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდებოდა.
მწყობრიდან გამოსული ველოსიპედები და „ბათუმველოს“ პრობლემები [ვიდეო]
ხათუნა სამნიძე ბურჭულაძისა და თარხან-მოურავის განცხადებებზე: ეს არის ასლან აბაშიძის რიტორიკა
“სახიფათო, საშიში და საბჭოთა აზროვნება” უწოდა „რესპუბლიკური“ პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ დღეს, 30 აგვისტოს „სახელმწიფო ხალხისთვის“ პარტიის ლიდერის პაატა ბურჭულაძის მიერ პარტიის კანდიდატების წარდგენისას „აჭარლების ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნაზე“ და გუშინ „რუსთავი 2“ -ზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის დავით თარხან-მოურავის განცხადებას თურქეთის რესპუბლიკის ოკუპანტად მოხსენიების შესახებ. მან ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ბათუმის ოფისში ბრიფინგი გამართა.
„ასეთი განცხადებები არის არაკვალიფიციური, სახიფათო, საშიში, საბჭოთა არჩევნების აზროვნებაში ჩარჩენილი პოლიტიკოსების განცხადებები. ეს არის ასლან აბაშიძის რიტორიკა, რომელიც ჩვენ დიდი ხნის წინ დავძლიეთ. ასლან აბაშიძის მერე არავის გაუბედავს და არავის უკადრებია ჩვენთვის ამ ტიპის განცხადებები, რაც მოვისმინეთ პაატა ბურჭულაძისგან. აჭარლების ხსენება განცალკევებით საქართველოს სხვა ნაწილისგან, მათი დაკნინებულ მდგომარეობაში ჩაყენება და რიგი თანამდებობების ჩამონათვალი, თითქოს ამ თანამდებობებზე თუ არ არიან ბათუმში გაზრდილი, ამ კუთხეში დაბადებული და გაზრდილი ადამიანები, არის საშიში და პრობლემური აჭარისთვის. სახიფათოა ამ ტიპის განცხადებები პოლიტიკოსისგან.
გარდა ამისა, თარხან-მოურავისგან გუშინდელი განცხადებები, რომ ჩვენი პარტნიორი, ნატოს წევრი ქვეყანა თურქეთი არის ოკუპენტი, არის არაკვალიფიციური. შეუძლებელია, რომ ქვეყანა იყოს ოკუპანტი, რომელთანაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, ოკუპანტი არის რუსეთი.
ანტიმუსლიმური განცხადებებით, ის [დავით თარხან-მოურავი] აპირებს ამ ტიპის კამპანიის წარმოებას აჭარაში, ეს არის სახიფათო და რელიგიური შუღლისკენ გადადგმული ნაბიჯები, ამას ვამბობ მე, ადამიანი რომელიც დავიბადე და გავიზარდე ბათუმში, ამ კუთხეში. მე მზრდიდა მაჰმადიანი ბებია, გავიზარდე ქრისტიანულ ოჯახში, ვარ საქართველოს რეპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე და ცოტა მეტი ვიცი აჭარაზე, ვიდრე ამ ორმა ადამიანმა, რომლებიც არიან “ქართული ოცნების” სატელიტები და საკუთარი უცოდინრობით, დაკვეთით მოვლენილი არიან აქ არეულობისთვის. უნდა გავთავისუფლდეთ სწორედ ასეთი ტიპის პოლიტიკოსებისგან, არაპროფესიონალებისგან, სტერეოტიპული აზროვნებისგან და საბჭოთა მენტალიტეტისგან“ – განაცხადა ხათუნა სამნიძემ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ პაატა ბუჭულაძემ საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში პარტიის კანდიდატების წარდგენისას აჭარაში ხელმღვანელ თანამდებობებზე არააჭარელი კადრების დანიშვნაზე ისაუბრა და ეს საკითხი შეაფასა, როგორც პრობლემა. მისი განმარტებით უნდა დაწინაურდნენ ადგილობრივი კადრები, რაც აფხაზეთისთვის და ე.წ სამხრეთ ოსეთისთვის მაგალითი იქნება.
„ … აჭარის პოლიციის უფროსი არ არის აჭარელი, აჭარელი არ არის არც აჭარის სუსის უფროსი, აჭარელი არ არის არც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, არც ბათუმის მერი, არც აჭარის მთავარი პროკურორი, აჭარის იუსტიციის სამინიტროსაც ხელმძღვანელობენ არა აჭარლები, მთავრობის თავმჯდომარც არ არის აჭარელი – რა ხდება კადრები არა გვყავს აჭარაში?“ – განაცხადა დღეს ბათუმში კანდიდატების წარდგენისას პაატა ბურჭულაძემ.
დავით თარხან-მოურავმა კი გუშინ, “რუსთავი 2”-ის ეთერში თურქეთი საქართველოს მტრად და ოკუპანტად მოიხსენია.
ბათუმობასთან დაკავშირებული სამზადისი და აფიშა
ბათუმის კულტურის ცენტრმა შესყიდვების სააგენტოსგან მიიღო უფლება „ბათუმობასთან“ დაკავშირებული შესყიდვის პირდაპირი წესით განხორციელებასის თაობაზე.
ღონისძიების ტექნიკურ გაფორმებას შპს „მარკა“ უზრუნველყოფს, ხოლო შპს „ჯი ფლორა“ იზრუნებს ქუჩების სადღესასწაულო მორთულობაზე.
ორგანიზატორების ინფორმაციით დაგეგმილ ღონიძიებებში ცვლილებები არ შედის, თუ ამინდი არ გაუარესდება. წვიამიანი ამინდის შემთხვევაში მთავარი კონცერტი არა საოცრებათა პარკში , არამედ საზაფხულო თეატრში ჩატარდება.
უკვე მზადაა ღონისძიების აფიშა.

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის ანა სიხარულიძის ინფრომაციით, ქალაქში უკვე დაიწყო „ბათუმობასთან“ დაკავშირებული დროშებისა და ბანერების განთავსება და დაახელოებით ორ საათში ქალაქში აფიშებიც გამოჩნდება.
საინფორმაციო ფლაერების დარიგებას ორგანიზატორები 1-2 სექტემბერს გეგმავენ: „ეს იმისთვის რომ მოსულმა სტუმრებმა მიიღონ ინფორმაცია თუ რა სად და რა დროსაა დაგეგმილი“
მემედ აბაშიძისა და დუმბაძის ქუჩების გადაკეტვას ღონისძიების ორგანიზატორები პირველ სექტემბერს ღამის პირველი საათიდან გეგმავენ: „ღამით შევასრულებთ მოსამზადებელ სამუშაოებს, რომ ქალაქში მოძრაობა დიდი ხნით არ შევაფერხოთ. 5 სექტემბერს დილით მოძრაობა ამ ქუჩებზე ისევ გაიხსნება.“
ბათუმობა 3-4 სექტემბერს გაიმართება.
ამავე თემაზე
მოახლოებული ბათუმობა და ჩაშლილი ტენდერი
ბათუმში პირველ სექტემბერს ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი
აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით ხვალ, 31 აგვისტოს საღამოს საათებში და ღამით, ბათუმსა და მთლიანად აჭარის ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება. ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. პირველ სექტემბერს კი, ძლიერი წვიმა იქნება ფაქტობრივად მთელი დღის განმავლობაში, დაუბერავს დასავლეთის ქარი 20-25 მ/წმ-ში.
არასტაბილური ამინდი აჭარის სანაპირო ზოლსა და მაღალმთიანეთში 4 სექტემბრის ჩათვლით შენარჩუნდება. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას – დღისით 24-25 გრადუსამდე დაეცემა.
ამ დროისთვის ბათუმში ჰაერის ტემპერატურა, ობსერვატორიის მონაცემებით, 29 გრადუსს არ აღემატება, თუმცა ობსერვატორიაში ამბობენ, რომ შეგრძნება არის თითქოს მეტი – 32-33 გრადუსია, რაც ჰაერის ზედმეტად ტენიანობითაა გამოწვეული და ასევე იმით, რომ საკმაოდ თბილია ზღვის წყალიც.
დავით თარხან-მოურავი უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელი, დავით თარხან-მოურავი, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში იყრის კენჭს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ის სიის პირველი ნომერი იქნება.
თუ რატომ გადაწყვიტა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა, ამ კითხვით დავით თარხან-მოურავს მივმართეთ.
„ორში იქნება პრესკონფერენცია, ყველაფერს ვიტყვი იქ, რა გადავწყვიტე, რატომ გადავწყვიტე, ყველაფერს ორში გაიგებთ“- აცხადებს დავით თარხან-მოურავი.
პოლიტიკური პარტია კანდიდატების ოფიციალურ წარდგენას 2 სექტემბერს გეგმავს. „ბათუმელებისთვის“ ცნობილია „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატი უმაღლეს საბჭოში ქობულეთიდან, ის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ია მესხიძე იქნება.
სამინისტრო მოცვის ნერგებს აღარ დაარიგებს
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ლურჯი მოცვის ბაღების გაშენების პროგრამას მომავალი წლიდან აღარ განახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კულტურა მაღალი საექსპორტო პოტენციალით გამოირჩევა და მასზე მოთხოვნა გაზრდილია, სამინისტრო არც მოცვის ნერგების დარიგების პროგრამას გააგრძელებს.
„ოთხი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა მოცვის ნერგების დარიგება თუ ბაღების გაშენება. ჯამში 47 ათასი ძირი მოცვი გვაქვს გადაცემული ფერმერებზე, ხოლო მიმდინარე წელს მოცვის ბაღი ფერმერთა თანადაფინანსებით 6 ჰექტარზე გავაშენეთ. პროგრამაში 44 ფერმერი იყო ჩართული. მომავალ წელს, სავარაუდოდ, აქცენტი სხვა მიმართულებებზე გაკეთდება – ესაა სასათბურე მეურნეობები, ფერმერთა გაერთიანებების ხელშეწყობა, კოოპერატივების ჩამოყალიბება-განვითარება, ასევე გადამამუშავებელი და სამაცივრე მეურნეობების განვითარება და სხვა,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ აჭარის სოფლის მეურნეობის დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსმა, მამუკა თურმანიძემ.
ფერმერი პროგრამის ფარგლებში საჭირო თანხის მხოლოდ 20%-ს იხდიდა. მამუკა თურმანიძის განცხადებით, ყველა ტექნოლოგიის დაცვით, 1 ჰექტარი მოცვის ბაღის გაშენებისთვის დაახლოებით 35 ათასი ლარია საჭირო. 1 ჰექტარზე ფერმერს პროგრამის ფარგლებში წელს გადაეცა 3300 ძირი მოცვის ნერგი.
სადემონსტრაციო ნაკვეთების ჩათვლით, დღეს მოცვი აჭარაში 16 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული.
აგროსერვისცენტრის ხელმძღვანელის გოჩა ბერიძის განცხადებით, ფერმერმა ოჯახის შემოსავლის წყაროდ რომ აქციოს მოცვი, მისი ბაღი სულ ცოტა 2500 კვ/მ-ზე მაინც უნდა გააშენოს. რაც შეეხება დიდ ბიზნესს, ამ შემთხვევაში მინიმუმ 10 ჰექტარი ბაღია საჭირო. იგი ამბობს, რომ მთავარი ბაზარი დღეს მაინც არის რუსეთი და უკრაინა, თუმცა მოცვი საქართველოდან დიდ ბრიტანეთშიც გააქვთ.
სერვისცენტრის დირექტორის თქმით, არსებობს სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“ რომლის ფარგლებშიც ფერმერებს ეძლევათ საშუალება ერთ ჰექტარზე მეტი ფართობის შემთხვევაში, ჩართონ პროექტში და მოცვის ნერგების საფასურის 50%-ს სახელმწიფო დაფარავს.
ამავე თემაზე:
კოოპერატივი, ამერიკული მოცვი და ქართული ეკონომიკა
მოახლოებული ბათუმობა და ჩაშლილი ტენდერი
3-4 სექტემბერს სახალხო დღესასწაული „ბათუმობა“ უნდა გაიმართოს. ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს დღესასწაული უფრო ორგანიზებული იქნება, ვიდრე გასულ წლებში იყო და „წინა წლებში დაშვებული შეცდომები გამოსწორდება“, თუმცა დღესასწაულამდე ორი კვირით ადრე ტენდერი, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორმა, ბათუმის კულტურის ცენტრმა, „ბათუმობისთვის“ ორი ქუჩის მოსართავად აქსესუარების შესყიდვის მიზნით გამოაცხადა, არ შედგა.
წინასწარ დაანონსებული ღონისძიების დროზე ადრე დასრულება, ღონისძიებების განრიგის შეცვლა, გამოფენების დახურვა ქალაქის მერის ჩამოვლის შემდეგ, არაორგანიზებულობა და არასაკმარისი საინფორმაციო კამპანია – ეს იმ მიზეზების არასრული ჩამონათვალია, რის გამოც გასულ წლებში „ბათუმობის“ ორგანიზატორებს საყვედურობდნენ. წელს მერია ამ ყველაფრის გამოსწორებას შეეცდება: „ამ გამოცდილებებს და ყველა იმ პრობლემას, რაც წინა ბათუმობაზე შეგვექმნა, გავითვალისწინებთ. წელს კარგად ვიმუშავეთ,“ – ამბობს ანა სიხარულიძე, ბათუმის კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ის ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორია. წინა „ბათუმობის“ მთავარ პრობლემად ანა არასაკმარის საინფორმაციო კამპანიას ასახელებს. ის ამბობს, რომ ეს გამოსასწორებელ შეცდომათა ჩამონათვალშია, თუმცა „ბათუმობამდე“ ორ კვირაზე ნაკლები დროა, საინფორმაციო კამპანია კი ჯერ არ დაწყებულა.
„ბათუმობის“ ორგანიზატორების ინფორმაციით, ძირითადი ღონისძიებები კვლავ მემედ აბაშიძის ქუჩაზე ჩატარდება. იგეგმება ორი მთავარი კონცერტი: ანბანის კოშკთან ქართველი შემსრულებლებისა და ადგილობრივი ბენდების მონაწილეობით, ხოლო მეორე – ბათუმის კულტურის ცენტრში, სადაც მერი საპატიო ბათუმელებს დააჯილდოვებს. პარალელურად საბავშვო კონცერტი გაიმართება ბათუმის ექვსი მაისის პარკში.

ფოტო: ცაგო კახაბერიძე
მემედ აბაშიძის ქუჩაზე, „აპოლოს“ მოპირდაპირე მხარეს გამოიფინება მერიის ფოტოკონკურსში – „ჩვენი ბათუმის“ გამარჯვებული ფოტოები. დაგეგმილია პოეტების საღამო. მოეწყობა რამდენიმე სახალხო ბაზრობა. ევროპის მოედანზე დაგეგმილია ასევე კულინარიული ფესტივალი. თოჯინების თეატრის აივანზე მოაწყობენ წარმოდგენას ბავშვებისთვის, საჯარო ბიბლიოთეკასთან კი წიგნების გამოფენა მოეწყობა. დაგეგმილია ქუჩების მოხატვა და სხვადასხვა გამოფენა; 3 სექტემბერს კულტურის ცენტრში დაგეგმილ „ბათუმურ შეხვედრებზე“ აჩვენებენ ბათუმზე და ბათუმში გადაღებულ ფილმებს.
ანა სიხარულიძის თქმით, „ამ შეხვედრაზე მოწვეულია ყველა ის ადამიანი, ვინც ჩართული იყო ბათუმზე ფილმების მომზადებაში. ესენი არიან: ნუგზარ ერგემლიძე, ალეკო ხომერიკი, რამაზ სურმანიძე, ჯემალ ღაღანიძე, ბაადურ წულაძე, იმედო კახიანი, ელგუჯა ბურდული, ვაჟა ტუღუში… შესრულდება გიო ნიკოლაძის „ახალი ბათუმი“, რომელიც არის კონკურსში გამარჯვებული სიმღერა ბათუმზე. მთავარ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ნატო მეტონიძე და ლიზა ბაგრატიონი.“
„ბათუმობის“ მუსიკალური ორგანიზატორები არიან ნიკა წულუკიძე და ლაშა ღლონტი.
4 სექტემბერს კონცერტი ჩატარდება ანბანის კოშკთან, სადაც მონაწილეობას მიიღებენ: ჯგუფი „ალილო“, „თეატრალური კვარტეტი“, ანრი ჯოხაძე, ნატო გელაშვილი, გიო ხუციშვილი, მაკა ზამბახიძე, სოფო ხალვაში, „ნიკოლშოუ“ და კვარტეტი ბერიძეები. კონცერტს ჯგუფი „ბანი“ დაასრულებს.
წელს „ბათუმობის“ ორგანიზებისთვის 300 000 ლარი დაიხარჯება. ბათუმის კულტურის ცენტრს ქუჩების მოსართავად საჭირო აქსესუარებზე ტენდერის გამოცხადება ხელმეორედ მოუწევს, რადგან ტენდერი არ შედგა. თუმცა როგორც კულტურის ცენტრის დირექტორი ჯონი საბაშვილი ამბობს, შეიძლება შესყიდვა პირდაპირი მოლაპარაკების წესითაც განახორციელონ.
ბათუმში კი ამ დღესასწაულთან მიმართებაში განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვთ და ასეთ განწყობას წინა წლების გამოცდილებით ხსნიან:
„ბათუმობა“ ვერ იქცა საზოგადოებრივ, საჯარო დღესასწაულად, როგორც დასავლურ ქვეყნებშია, საზოგადოება და ბიზნესსეგმენტიც ჩართულია დღესასწაულში, სახელმწიფოს მონაწილეობა კი ძირითადად ნებართვებით და სხვა ბიუროკრატიული საკითხებით შემოიფარგლება. ძირითადი აქცენტი ერთ ქუჩაზეა გადატანილი. ვიღაცის სახლი უნდა მორთონ რატომღაც, რომ იმ ქუჩაზე გქონდეს დღესასწაულის განცდა, სხვა ქუჩაზე ასეთი განცდა არ გექნება, თუ არ ჩავთვლით ბანერს, რომელსაც გამოკიდებენ.
ყველა ბათუმობაზე ძირითადად ერთი და იგივე ღონისძიებებია, არაფერი ახალი. მე ვფიქრობ, სხვადასხვა აქტივობაზე და ადგილობრივ ხელოვანებზე უნდა იყოს გათვლა და არ უნდა იყოს ტიპური საბჭოთა მარშები. თბილისობის დღესასწაულზეც მწვადისა და ხაშლამის მეტი არაფერი მინახია,
ძირითადი აქცენტი მხოლოდ ჭამაზეა და არა შემეცნებაზე,“ – ამბობს ფოტოგრაფი ლაშა ფალავანდიშვილი.
„ბათუმობა“ დღესასწაულის განცდას ვერ უჩენს თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის პროექტების კოორდინატორს მარი ზაქარაძესაც. ის ხედავს, რომ მერია „ძალიან ცდილობს, მაგრამ დღესასწაული მაინც არ ჰგავს დღესასწაულს და მას რაღაც აკლია.“ მარი ამბობს, რომ კარგი იქნებოდა მერიას ინტერაქტივზე ეფიქრა, რაც საზოგადოების მეტ ჩართულობას და თანამონაწილეობას განაპირობებდა: „მაგალითად, ინტერნეტგამოკითხვა რომ ჩაეტარებინათ იმაზე, თუ რა სურს ხალხს, რა მოლოდინები აქვს, ვის უნდა, რომ მოუსმინონ, თუნდაც კონცერტზე.“
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების“ ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნათია აფხაზავა, რომელიც თვითმმართველობის საკითხებზე მუშაობს, პრობლემის მოგვარების გზებს სპეციალისტების ჩართვაში ხედავს: „ორგანიზებაში სპეციალისტები უნდა ჩართონ ან მერიამ ღონისძიება ტენდერზე უნდა გაიტანოს. საქმის მცოდნეებისგან მივიღოთ წინადადებები, იქედან კი საუკეთესო შევარჩიოთ, ამ კომისიამ კი მის განხორციელებას გაუწიოს კონტროლი.“
შენიშვნა: სტატია გამოქვეყნდა „ბათუმელების“ 22 აგვისტოს ნომერში.
ამავე თემაზე:
ბათუმობასთან დაკავშირებული სამზადისი და აფიშა
ვაკანსია ,,ბუქკაფეში”
შპს ,,ბუქკაფე” აცხადებს ვაკანსიას წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
• სალარო აპარატთან და ტერმინალთან მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
• მომხმარებელთან კვალიფიციური და თავაზიანი მოპყრობის უნარი;
• მხატვრული ლიტერატურისა და სასკოლო წიგნების ჟანრებისა და გამოცემების ცოდნა;
მიწის აზომვითი სამუშაოებისთვის სახელმწიფო 5 მილიონ ლარს დახარჯავს
2016 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას მხოლოდ ახალი სტანდარტის შესაბამისად შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე განახორციელებს.
იმ პირებმა, რომლებსაც ძველი წესის შესაბამისად მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი აქვთ და სურთ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, საჯარო რეესტრს უნდა მიმართონ 2016 წლის პირველ სექტემბრამდე. უკვე დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული ნაკვეთები კი ხელახალ რეგისტრაციას აღარ საჭიროებს.
ახალი წესით, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასა და საზღვრის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელია მესაკუთრე, ხოლო აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასა და ნახაზის სისწორეზე – ამზომველი. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებული პირი მიმართავს ამზომველს – უძრავი ქონების საკადასტრო აზომვითი ნახაზის მოსამზადებლად.
ამასთან, ამზომველებს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის მომზადებულ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების საფასურს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გადაუხდის.
დაინტერესებული პირი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, რეგისტრაციის მიზნით წარადგენს კანონმდებლობით განსაზღრულ დოკუმენტაციას, მათ შორის, აზომვითი ნახაზების მომზადების დამადასტურებელ დოკუმენტაციას:
ამზომველთან გაფორმებულ შესაბამის ხელშეკრულებას;
შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ მიღება-ჩაბარების აქტს;
გაწეული მომსახურების ხარჯების ამსახველ დოკუმენტს.
ამზომველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს.
ანაზღაურებას ექვემდებარება ამზომველსა და დაინტერესებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწის აზომვაზე გაწეული ხარჯები, თითოეულ მესაკუთრეზე არაუმეტეს 5 ჰა-ის ფარგლებში. ამასთან, ზღვრული ოდენობები განისაზღვრება შემდეგი სახით:
1,5 ჰა – მდე მიწაზე – ანაზღაურდება არაუმეტეს ჯამში 80 ლარის ოდენობით;
1,5 ჰა-დან 5 ჰა – მდე მიწაზე – არაუმეტეს ჯამში 100 ლარის ოდენობით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით განსახორციელებელი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესყიდვის მიზნით საჭიროა 5 მილიონ ლარამდე.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტროს დაევალა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, მიმდინარე წელს, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გამოუყოს 1 მილიონი ლარი. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული მიღებული შემოსავლებიდან 4 მილიონი ლარი ეტაპობრივად მიმართოს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე.
ამავე თემაზე:
„მიწის რეფორმა“ მხოლოდ ხულოში, შუახევსა და ქედაში?
ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ქობულეთის შემოვლით გზაზე, 28 აგვისტოს, გვიან ღამით ავტოავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. “ბათუმელების” ინფორმაციით, ამავე ავტომანქანაში მყოფი კიდევ სამი მგზავრი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მეორე მსუბუქ ავტომობილში არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ღამის კლუბში ორი მოქალაქის სავარაუდო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ბათუმის ბულვარში, ღამის კლუბ Sector 26-ში ორი მოქალაქის სავარაუდო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ზ.მ.-ს და მის მეგობარს კლუბში, დაახლოებით ღამის ორ საათზე, დაცვის რამდენიმე თანამშრომელმა მას შემდეგ დაუწყო ცემა, როცა ისინი კლუბის ტერიტორიაზე მდებარე აუზში საბანაოდ ჩავიდნენ. კლუბიდან გამოსულმა ახალგაზრდებმა პოლიცია გამოიძახეს და ჩვენება მისცეს, ასევე გაიარეს ექსპერტიზა სხეულზე მიყენებულ ფიზიკურ დაზიანებებზე. ზ.მ. პროფესიით ადვოკატია.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ამავე ღამის კლუბის დაცვის თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებენ. ივლისში “ბათუმელებს” ერთ-ერთი არასრუწლოვნის ადვოკატი მოუყვა, რომ ასევე აუზში ჩასვლის გამო დაცვის თანამშრომლები არასრუწლოვანს და მის თანხმლებ პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მაშინ “ბათუმელებთან” ცემის ფაქტი კლუბის Sector 26-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უარყვეს. მათი თქმით, აუზში ბანაობა ღამით მართლაც აკრძალულია, მაგრამ წესის დამრღვევს ისინი უბრალოდ კლუბის ტერიტორიას ატოვებინებენ.
კლუბ”Sector 26-ის ადმინისტრაციაში ამჯერად “ბათუმელების” სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ გამოძიება ღამის კლუბ Sector 26-ში მომხდარის გამო დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე.
სოფელში ნაპოვნი შველი რეინჯერმა ბუნებაში დააბრუნა
როგორ ჩავრთოთ მოქალაქეები საკრებულოს მუშაობაში სმს-ების საშუალებით
დღეს 29 აგვისტოს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ადგილობრივი ხელისუფლების სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებისთვის, „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ და მისი პარტნიორი ორგანიზაცია „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ მიერ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა იყო, ინოვაცია რომელიც შეეხება მოქალაქეების ჩართულობას თვითმმართველობის საკითხებში, მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით. აქტივობა, პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის“ ფარგლებში ხორციელდება.
მოქალაქეთა ჩართულობა სმს-ების საშუალებით პირველად დაინერგა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ მეშვეობით. კლუბმა ამისთვის სპეციალური ელექტრონული პროგრამა შეიმუშავა. როგორც კლუბის გამგეობის თავმჯდომარე განმარტავს, მოქალაქეები მოკლე ტექსტური შეტყობინებით ინფორმაციას მიიღებენ საკრებულოს სხდომების განრიგის, დღის წესრიგისა და სხდომებზე დასწრების პროცედურების შესახებ.

„სიახლე სოფელ-სოფელ გავაცანით მოქალაქეებს ანკეტა-მემორანდუმების საშუალებით. მათ შეუძლიათ სმს-ები დაგზავნონ იმის მიხედვით, თუ რომელი სფერო აინტერესებთ. სფეროების მიხედვით ამ ბაზაში უკვე 800 ადამიანი გაერთიანდა“ – გვეუბნება კლუბის გამგეობის თავმჯდომარე მინდია სალუქვაძე.
მისი თქმით, პრეზენტაციის მიზანია, რომ ამ სიახლის შესახებ გამოცდილება სხვა თვითმმართველობებმაც გაიზიარონ და დანერგონ პრაქტიკაში, რაც თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას უზრუნველყოფს.
გაჩერდა თუ არა „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ მშენებლობა ბათუმში
ენმ-ის ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში გიორგი კირთაძე ჯავახიშვილის 78 ნომერში „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ მშენებლობის შეჩერებას აპროტესტებს. მისი განცხადებით, მშენებლობა 2015 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მშენებლობა ჯერ კიდევ შეჩერებულია.
„დღეს ვიყავით იმ ადგილზე, სადაც „იაფი სახლი“ უნდა აშენებულიყო. ჯერ თქვეს რომ მშენებლობა 2014 წელს დასრულდებოდა, შემდეგ ითქვა 2015 წელსო, ახლა გვეუბნებიან რომ 2016 წელს დამთავრდებაო. აქ, ამ ადგილზე 4 ხუთსართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს“ – ამბობს გიორგი კირთაძე.
მისივე ინფორმაციით, ერთის მხრივ მშენებლობაა შეჩერებული და მეორე მხვრივ კრიტერიუმები არ დაუდგენია საკრებულოს.
„ხელმისაწვდომი საცხოვრისის“, კრიტერიუმები კომისიის მიერ განისაზღვრა, თუმცა საკითხი განსახილველად საკრებულოს სხდომაზე ჯერ არ გასულა.
„ხელმისაწვდომი საცხოვროსის“ მშენებლობის შეჩერება ა ჯავახიშვილის ქუჩაზე, როგორც ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე ნუკრი ხინთიბიძე ამბობს, ობიექტურმა მიზეზებმა გამოიწვია:
„პრობლემა შექმნა იმან, რომ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს აღმოჩნდა 6 და 36 კილოვატიანი კაბელი, რომელიც „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ეკუთვნის. საჭირო დარჩა ამ კაბელის გადატანა. ტექნიკური პირობები, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი გადატანა, შპს „კონვენტ ჯორჯიამ“ მიიღო, რომელიც ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს და აქედან გამომდინარე, მან უნდა შეისყიდოს ქუროები, რომლითაც შემდგომში მოხდება გადაჭრილი კაბელების შეერთება. ეს ქუროები საკმაოდ ძვირია და მისი წარმოება ხდება მხოლოდ გერმანიაში. როგორც ვიცი კომპანიის დირექტორი იმყოფება უცხოეთში და მოხდება ამ პრობლემის გადაჭრა“.
ნუკრი ხინთიბიძის განცხადებით, აღნიშნული სამუშაოები 15 დეკემბრამდე დასრულდება.
30 აგვისტოს ქალაქის გარეუბნებს და დაბა ჩაქვს, წყლის მიწოდება შეუწყდება
კომპანია „ბათუმის წყალის“ ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, 29 აგვისტოს ღამის 12:00 საათიდან, 30 აგვისტოს დილის 08:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება დაბა ჩაქვის, მწვანე კონცხის, მახინჯაურის, განთიადის და თამარის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს.
ინფორმაციას შპს „ბათუმის წყალი“ ავრცელებს.
უსკოში კიდევ ერთი ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია დარეგისტრირდა
დღეს, 29 აგვისტოს, უსკომ უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე კიდევ ერთი დამკვირვებელი ორგანიზაცია დაარეგისტრირა.
კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, რეგისტრაციაში გატარდა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია, „საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი“. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან პირველად რეგისტრაცია ორგანიზაცია „მშვიდობა, თანადგომა, სოლიდარობამ” გაიარა. ორგანიზაცია უსკოში 14 ივლისს დარეგისტრირდა.
უსკოში, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის ვადა 28 სექტემბერს იწურება, დამკვირვებელთა სიის წარდგენა კი 3 ოქტომბრამდეა შესაძლებელი.
რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, პირველი ოქტომბერი არის ბოლო თარიღი საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციისთვის, 6 ოქტომბერს კი საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლების წარდგენის ვადა იწურება.
მედიასაშუალებებმა წარმომადგენლების აკრედიტაციისთვის, უსკოს 5 ოქტომბრამდე უნდა მიმართონ.
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე გრანტების მოცულობა განისაზღვრა
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო გრანტის წლიური მოცულობა, 2 133 000 ლარით განისაზღვრა.
საქართველოს მთავრობის 24 აგვისტოს დადგენილებით, მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე სახელმწიფო გრანტის მაქსიმალური ოდენობა 2250 ლარია, მინიმალური კი 1850 ლარი.
გრანტების მოცულობა თითოეული პროფესიის მიხედვით:

საქართველოს ხუთ ქალაქში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დღე აღინიშნება
30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა. საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგას 2 300-ზე მეტი პირი ითვლება დაკარგულად.
ამ დღესთან დაკავშირებით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი ხუთ ქალაქში, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში, სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავენ.
„ამ დღის მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა პატივისცემა, მათო ოჯახების მხარდაჭერა და ფართო საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება იმ შედეგების შესახებ, რაც ოჯახისთვის ადამიანის გაუჩინარებას მოაქვს“- ნათქვამია ღონისძიებების ორგანიზატორთა განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ დაკარგულ ოჯახებს საქართველოს მასშტაბით საშუალება ეძლევათ შეხვდნენ მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებს, „კიდევ ერთხელ გაიხსენონ გაუჩინარებული ახლობლები და ერთმანეთს გაუზიარონ განცდები“.
უგზო-უკვლოდ დაგაკრგულთა დღის აღმნიშვნელი ღონისძიებები ბათუმში დღის ათი საათიდან, პუშკინის და ლორიას ქუჩების კვეთაში არსებული სკვერიდან დაიწყება.
ნეიროქირურგია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ნეიროქირურგიული მიმართულება პაციენტებს უახლეს ტექნოლოგიებსა და ნეიროქირურგიის თანამედროვე მიღწევებზე დაფუძნებულ დიაგნოსტიკასა და ქირურგიულ მკურნალობას სთავაზობს. ჰოსპიტალში ბათუმელ სპეციალისტებთან ერთად თბილისიდან მოწვეული ნეიროქირურგებიც მუშაობენ.
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ნეიროქირურგიული განყოფილება ამ მიმართულებით ყველა სამედიცინო სერვისს სთავაზობს პაციენტებს.
„ფაქტობრივად, ნეიროქირურგიის მთელ სპექტრს მოვიცავთ. ჩვენთან ხდება ქალა-ტვინის ტრავმის, ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმის მკურნალობა. ასევე გვაქვს ნეიროონკოლოგიის მიმართულება: სისხლძარღვოვანი ნეიროქირურგია, რომელშიც შედის თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, როგორც ღია ოპერაციული მკურნალობა, ასევე გარკვეული პათოლოგიების ენდოვასკულარული მეთოდებით მკურნალობა; ჰიდროცეფალიის მკურნალობა, რაშიც შედის შუნტირება, რეფერალური ნერვების დაზიანების მიკროქირურგიული მკურნალობა, ასევე ხერხემლის დეგენერაციული პათოლოგიების (დისკის თიაქარი და ა.შ.) მიკროქირურგიული მკურნალობა,“ – ამბობს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ნეიროქირურგი მერაბ დოლიძე.
უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება ნეიროქირურგიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი ამ მიმართულებით ლიდერია რეგიონში. მერაბ დოლიძე ამბობს, რომ ჰოსპიტალში არსებულმა თანამედროვე ტექნიკურმა აღჭურვილობამ მათ ურთულესი ნეიროქირურგიული ოპერაციების ჩატარების საშუალება მისცა.
„ჰოსპიტალში ჩატარდა ოთხი ურთულესი ოპერაცია ნეიროქირურგიაში. ორ პაციენტს დაუდგინდა თავის ტვინის ანევრიზმა, დიაგნოსტირება მოხდა ანევრიზმის გასკდომამდე, რაც უმნიშვნელოვანესია, რადგან ანევრიზმის გასკდომის შემდეგ ავადმყოფის მდგომარეობა მძიმეა. ერთ ავადმყოფს ჰქონდა ერთდროულად ორი ანევრიზმა, შემთხვევა რთული იყო. ასევე, ჩავატარეთ თავის ტვინის და ქალა-ბუდის სიმსივნეების ამოკვეთის ოპერაცია, რაც ითვლება ნეიროქირურგიაში ერთ-ერთ რთულ მისადგომად. ოთხივე ოპერაცია წარმატებით დასრულდა,“ – ამბობს მერაბ დოლიძე.
განსაკუთრებით რთული შემთხვევების დროს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში თბილისიდან მოწვეული კონსულტანტები, მედიცინის დოქტორები, ნეიროქირურგები: მირზა ხინიკაძე და ლადო წიქარიშვილი მუშაობენ ჰოსპიტლის ექიმებთან ერთად.
„მირზა ხინიკაძე, რომელიც წარმოშობით ქობულეთიდანაა, ფლობს როგორც ღია ოპერაციული მკურნალობის მეთოდებს, ასევე არის ენდოვასკულარული ნეიროქირურგი. რაც შეეხება ლადო წიქარიშვილს, იგი გამოცდილი და საქართველოში ერთ-ერთი მაღალკვალიფიციური ნეიროქირურგია, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს თავის ტვინის სიმსივნეების მკურნალობაში,“ – ამბობს მერაბ დოლიძე.
ნეიროქირურგის თქმით, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ნეიროქირურგიის განყოფილებას ყველაზე ხშირად ხერხემლის დეგენერაციული პათოლოგიების, მალთაშუა დისკის თიაქრების, სისხლძარღვოვანი პათოლოგიების, თავის ტვინისა და ზურგის ტვინის სიმსივნეების სამკურნალოდ მიმართავენ.
უახლოეს მომავალში ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ნეიროქირურგიული სამსახური კარდიოლოგიურ და ნევროლოგიურ სამსახურთან ერთად ინსულტების მართვაში სიახლის შემოტანას გეგმავს:
„გვაქვს გათვლები, რომ მოხდეს დამატებითი კვლევები, რათა დადგინდეს იშემიური ინსულტის გამომწვევი მიზეზი და აქცენტი გვექნება ენდოვასკულარულ ჩარევაზე, რომელიც მიმართული იქნება ინსულტის პრევენციაზე. ეს ახალი მიმართულებაა და სექტემბრიდან ვაპირებთ მის დანერგვას. ასევე, აქტიურად დავიწყებთ ენდოვასკულარულ ოპერაციებს“.
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი ჩართულია საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის პროგრამებში. ჰოსპიტალში მოქმედებს როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორაციული და საყოველთაო დაზღვევა.
ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ნეიროქირურგიული მიმართულება გთავაზობთ დიაგნოსტიკასა და ქირურგიულ მკურნალობას:
ნეიროტრავმატოლოგიაში – ქალასარქველისა და ქალა-ფუძის მოტეხილობა; ეპიდურული ჰემატომა; მწვავე სუბდურული ჰემატომა; ქრონიკული სუბდურული ჰემატომა; ტრავმული ინტრაცერებრალული ჰემატომა; თავის ტვინის დაჟეჟილობა, ტრავმული შეშუპება; ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმა.
სისხლძარღვთა ნეიროქირურგიაში – ჰემორაგიული ინსულტი (სპონტანური ინტრაცერებლური, ინტრავენტრიკულარული ჰემორაგია, სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევა); ინტრაკრანიალური ანევრიზმების მიკროქირურგიული მკურნალობა; არტერიო-ვენური მალფორმაციების ღია მიკროქირურგიული მკურნალობა; ინტრაკრანიალური ანევრიზმების და არტერიო-ვენური მალფორმაციების ენდოვასკულარული მკურნალობა; თავის ტვინის სისხლძარღვთა პათოლოგიების ენდოვასკულარული მკურნალობა (სტენტირება, ანგიოპლასტიკა).
ნეიროონკოლოგიაში – თავის ტვინის სიმსივნეების მიკროქირურგიული მკურნალობა; ხერხემლისა და ზურგის ტვინის სიმსივნეების მიკროქირურგიული მკურნალობა; სიმსივნეთა ტრანსნაზალური მიკროქირურგიული მკურნალობა; პერიფერიული ნერვების სიმსივნეების მიკროქირურგიული მკურნალობა.
ჰიდროცეფალიის დროს – შუნტირება და ენდოსკოპიური მკურნალობა.
ხერხემლის დეგენერაციული დაავადებების დროს – მალთაშუა დისკის თიაქრის მიკროქირურგიული მკურნალობა; სპინალური სტენოზი; თავისა და ზურგის ტვინის თაანდაყოლილი ანომალიები; ეპილეფსია; სამწვერა ნერვის ნევრალგია; ჰემიფაციალური სპაზმი; პერიფერიული ნერვების დაზიანების მიკროქირურგიული მკურნალობა; გვირაბული სინდრომების ქირურგიული მკურნალობა.
მისამართი: ბათუმი,
გენერალასლან აბაშიძის ქუჩა #14
ტელეფონი: 0422 21 33 33
ელფოსტა: info@Bih.ge
ვებგვერდი: www.bih.ge
2016 წლის ინვესტიციების მოცულობა აჭარაში
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის რამაზ ბოლქვაძის ინფორმაციით, 2016 წელს, ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია. ინვესტიციების შესახებ პრეზენტაცია მინისტრმა დღეს, 29 აგვისტოს სასტუმრო „რედისონ ბლუში“ გააკეთა.
მინისტრის განცხადებით, აჭარაში განხორციელებული ინვესტიციების ოდენობა 208 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, აქედან 154 მილიონი დოლარი უცხოურ ინვესტიციებზე მოდის, 54 მილიონი დოლარი კი ადგილობრივ ინვესტიციებზე.
„ინვესტიციების დინამიკა არის მზარდი წლების მიხედვით, თუ გასული წლის ამ დროის მონაცემებს შევადარებთ, გვაქვს 150 პროცენტიანი ზრდა.
ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია რომ ბათუმი გახდეს ოთხივე სეზონისთვის საინტერესო და ამისთვის სამედიცინო ტურიზმის განვითარებასაც ვგეგმავთ. ჯერ-ჯერობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ინვესტორებთან და შედეგები ორ კვირაში გახდება ცნობილი“- განაცხადა მინისტრმა.

ფოტო: „ბათუმელები“
მინისტრის თქმით, 2016 წელს 6 საინვესტიციო პროექტი დაიწყო, რომელსაც საძირკველი მალე ჩაეყრება.
„მთლიანობაში 152 მილიონი დოლარის ინვესტიციაზეა საუბარი, ეს ინვესტიციები ხორციელდება ახალი ბულვარის ტერიტორიაზე. ამ ინვესტიციების განხორციელებით 2 600 ადამიანი დასაქმდება, ინვესტიციების შედეგი 2020 წლამდე აისახება რეგიონზე. პირველი კვარტლის მონაცემებით, ბოლო პერიოდში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად 55 ათასი ადამიანია დასაქმებული.
მინისტრის თქმით, უცხოელებიდან, ძირითადად, სამეზობლო ქვეყნები – თურქეთი, უკრაინა, ყაზახეთი ინტერესდებიან.
აჭარაში ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის „წითელ ნუსხაში“ შეტანილი კიდევ 464 ხე მოიჭრება
აჭარის ტერიტორიაზე 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება, ბუნებრივი გარემოდან დამატებით ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების [სულ 464 ძირი] შემდეგი სახეობები:
ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 229 ინდივიდი;
კაკლის ხე (Juglans regia L.) – 27 ინდივიდი;
კოლხური მუხა (Quercus hartwissiana Stev.) – 197 ინდივიდი;
უთხოვარი (Taxus baccata L.) – 2 ინდივიდი;
მცირენაყოფიანი ბალამწარა (Cerasus microcarpa C. A. Meyer) – 9 ინდივიდი.
დაახლოებით ორი თვის წინ, იმავე მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება აჭარის ტერიტორიაზე „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 554 ძირი მცენარე ამოეღო.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ვალდებულია: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებისათვის დაგეგმილი ვადების შესახებ; ამასთან, მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.
„წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უნდა განახორციელოს.
აჭარაში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს, ახალციხე-ბათუმის 220 კილოვოლტიან ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ფარგლებში, ინდური კომპანია KEC-ი ააშენებს. ელექტროგადამცემი ხაზი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გაივლის.
ბათუმის ნაპირგამაგრებისთვის 12 მილიონამდე ევრო დაიხარჯება
წვიმისა და შტორმის დროს ბათუმის დატბორვის პარალელურად ზღვის სანაპირო ზოლიც ირეცხება, რის შედეგადაც იშლება და ზიანდება ამ ზოლში არსებული ინფრასტრუქტურა – განსაკუთრებით, ახალი ბულვარის ტერიტორია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში კი ნაპირგამაგრების კუთხით მნიშვნელოვანი პროექტი ფაქტობრივად არ განხორციელებულა.
მიმდინარე წლის 16 ივნისს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განაცხადა ბათუმის ნაპირგამაგრების სამუშაოებისთვის ტენდერში მონაწილეობის მიღების შესახებ. ფონდი საამისოდ, ფაქტობრივად, სამი წელი ემზადებოდა, თუმცა, ინფორმაცია, თუ რა სახის სამუშაოებია დაგეგმილი კონკრეტულად, ფონდისგან ვერ მივიღეთ. ჩვენი ინფორმაციით ყველა პროექტი თუ რეკომენდაცია, რაც 2013 წლამდე არსებობდა, ხელახლა გადამუშავდა ახალ პროექტად და გარკვეული დეტალები სამუშაოების მწარმოებელთან დადებულ ხელშეკრულებაშიც გაიწერება.
ფონდის ინფორმაციით, ბათუმის ნაპირგამაგრების პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობა სანაპირო ზოლის სამხრეთ ნაწილში, 1,8 კმ-ზე, პლაჟზე გადასასვლელი კიბეებით [ადრე საუბარი იყო სულ ცოტა 7 კმ მანძილის გამაგრებაზე – ანბანის კოშკიდან დაახლოებით მდინარე ჭოროხამდე]; ნატანის რეცირკულაცია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ; მდინარე ჭოროხის შესწავლა და მონიტორინგი მშენებლობის პერიოდში და ნატანის გადატუმბვა. სამუშაოები კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 600 დღეში უნდა დასრულდეს.
სატენდერო წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 29 ივლისს დასრულდა და ამჟამად მიმდინარეობს შერჩევა-შეფასება. გამარჯვებული დაახლოებით ერთ თვეში უნდა გამოვლინდეს.
„სამუშაოები, ზოგადად საკურორტო ზოლში, ხორციელდება ოქტომბრიდან-მაისამდე პერიოდში, რათა სეზონს ხელი არ შეეშალოს. შესაბამისად, გამარჯვებული როცა გამოვლინდება და ყველა დეტალი დაზუსტდება, სამუშაოები ოქტომბრამდე მაინც ვერ დაიწყება,“ – გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდის პრესსამსახურში.
ნაპირგამაგრებითი სამუშაოები ბათუმში აზიის განვითარების ბანკისგან [ADB] მიღებული სესხით უნდა განხორციელდეს. სესხი საქართველოს მთავრობამ მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის – მეოთხე ტრანშით გათვალისწინებული პროექტების დასაფინანსებლად მიიღო. სწორედ ამ სესხის ნაწილი იქნება გამოყენებული ბათუმის ნაპირგამაგრებისთვის.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, რამაზ ბოლქვაძის განცხადებით, `გამაგრებითი სამუშაოები ოქტომბრის ბოლოსთვის დაიწყება. ამ პროექტისთვის 12 მილიონამდე ევრო დაიხარჯება. მოეწყობა 2 კმ სანაპირო ზოლი“.

„ჟილინის“ არხი და დატბორილი ბათუმი
ბათუმში წვიმის დროს ქალაქის გარკვეული უბნების დატბორვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ინფრასტრუქტურულ პროექტებში გადახდილი მილიონების მიუხედავად, „ტრადიციულ“ დატბორვის უბნებს ქალაქში არაფერი ეშველა და ჯერჯერობით არც ეშველება, ვინაიდან სანიაღვრე არხები, რომლებმაც ქალაქი წვიმის წყლისგან უნდა განტვირთოს, შტორმის დროს არაეფექტურად მუშაობს.
ერთ-ერთი ასეთი არხია ე.წ. „ჟილინი“, რომლის რეკონსტრუქციისათვის ბათუმის ბიუჯეტიდან 6 მილინ 317 ათასი ლარი დაიხარჯა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, „ჟილინის არხის კაპიტალური რეკონსტრუქცია დასრულდა. არხი ზღვის სანაპიროდან გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩამდე პერიმეტრს მოიცავს, თავდაპირველად ღია არხის სახით ფუნქციონირებდა, პროექტის ფარგლებში კი განხორციელდა არხის რკინაბეტონით ამოშენება და დახურვა“.
მიუხედავად ამისა, არხი ვერ იმუშავებს შტორმის დროს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პრობლემა რჩება შესართავთან, სადაც ზღვას შემოაქვს ნატანი, რაც არხში წყლის შეტბორვას იწვევს. მერიამ პროექტი შეცვალა და ამ მონაკვეთის, დაახლოებით 200 მეტრის სრულ რეკონსტრუქციაზე უარი თქვა.
მშენებელ კომპანიაში [„მშენებელი 80“] კი ადრე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ თუ არხი ზღვამდე არ მივიდოდა და არ გაკეთდებოდა მთლიანად, ახალ კონსტრუქციაში, ანუ ბეტონის გვირაბებში დაილექებოდა ნალექი, რადგან წვიმის წყალთან ერთად გვირაბებში ნაგავიც ხვდება, „წყალი თავისუფლად ვერ ჩადის ზღვაში და უკვე შეტბორილია“.
მაშინ კომპანიაში ისიც განაცხადეს, რომ ახალი კონსტრუქციიდან ზღვის შესართავამდე მონაკვეთი აუცილებლად უნდა დაწეულიყო და ახალგაკეთებული ბეტონის გვირაბის ძირს [საპროექტო ნიშნულს] გასწორებოდა. ამისთვის საჭირო იყო მიწის ამოღება, ანუ არხის დაღრმავება 1,3-1,5 მეტრით; ასევე, საჭირო იყო ახალ ბულვართან ხიდის [ხიმშიაშვილის ქუჩის ბოლოს მდებარე ხიდი, რომელზედაც ავტომაგისტრალი გადის] ფსკერის დანგრევა, დაბლა დაწევა და ამ მონაკვეთში არსებული ძველი კონსტრუქციების მოშლა. კომპანიაში აღნიშნეს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ ჩავიდოდა ახალი არხიდან თავისუფლად წყალი ზღვაში. დამატებით ამ სამუშაოების შესრულება კომპანიამ მერიას შესთავაზა.
ზურაბ წიკლაური, „მშენებელი 80“-ის ინჟინერი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ აღნიშნული სამუშაოები შესრულდა და ბოლო წვიმის დროს არხმა კარგად იმუშავა. რაც შეეხება უშუალოდ არხს, სამუშაოები დასრულებულია და “სამხარაულის“ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ელოდებიან, რის შემდეგაც მერია შესრულებულ სამუშაოებს ჩაიბარებს.
ზემოაღნიშნულ ხიდთან არხის 40-მეტრომდე მონაკვეთი კვლავ ღიად რჩება. შესაბამისად, დიდია ალბათობა, რომ აქ არხი დანაგვიანდება. ამ ნაწილში მერია სატუმბი სადგურის აშენებას გეგმავდა, თუმცა „ბათუმელების“ ინფორმაციით პროექტი დონორმა ორგანიზაციამ დაიწუნა. ჩვენივე ინფორმაციით, სატუმბი სადგური რომ გაკეთდეს, მერიას მოუწევს დაახლოებით 2 ათასი კუბური მეტრის ტევადობის სალექარი რეზერვუარის აშენება და არხის უკვე გაკეთებული, დახურული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ნაწილის მოშლა. სატუმბი სადგურის შემთხვევაში ჟილინის არხის წყალი სალექარიდან ზღვის სიღრმეში ჩაეშვება და შტორმის დროს დატბორვის საშიშროება აღარ იარსებებს. მერია ასეთი სატუმბი სადგურის აშენებას არდაგანის ტბის მიმდებარედაც გეგმავს.
კონკრეტულად ჟილინის არხთან დაკავშირებით „ბათუმელებს“ ამჯერად მერიაში მხოლოდ ის განუცხადეს, რომ „ჟილინის არხის ბოლოში, შესართავთან მოხდება მილების ჩაწყობა [დაახლოებით 200 მეტრი სიგრძის] და სატუმბი სადგურის აშენება, რომლითაც არხში თავმოყრილი წყალი გადაიტუმბება ზღვის სიღრმეში. თუმცა პროექტი ჯერ არ არის მზად და მიმდინარეობს ამაზე საუბარი“.

7 შეკითხვა, რომელიც პოლიტიკოსს ხმის მიცემამდე უნდა დაუსვათ
თქვენს კარებთან, საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში, სახლებთან თუ სოფლის ორღობეებთან უკვე ხშირად ჩნდებიან პოლიტიკოსები მრავალფეროვანი დაპირებებით. მათი გზავნილები, როგორც წესი, ხშირად ჰგავს ერთმანეთს. როგორ უნდა გავაკეთოთ არჩევანი, რა შეკითხვები უნდა დავუსვათ პოლიტიკოსებსა და პარტიებს ხმის მიცემამდე? “ბათუმელები” გთავაზობთ რამდენიმე შეკითხვას იმის გასარკვევად, თუ რა იდეოლოგიის პოლიტიკის გატარებას უნდა ელოდოთ მათგან და რამდენად გათვლილი აქვთ დეპუტატობის კანდიდატებს ის, რასაც გპირდებიან. კითხვები მომზადებულია შემდეგ წყაროებზე დაყრდნობით: nimd.ge; partiebi.ge; socialstudieshelp.com; Princeton.edu; usatoday.com.
როგორ გაიზრდება ჩემი შემოსავლები?
პირველი, რითაც შეიძლება დაინტერესდეთ, პოლიტიკური იდეოლოგიაა. იდეოლოგია თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებაში იძლევა იმის საშუალებას, რომ პოლიტიკოსებს შორის განსხვავებები დავინახოთ და დაპირების რეალურობა გამოვაჩინოთ.
ზოგადი გაგებით, მემარჯვენე ძალები ემხრობიან ეკონომიკურ და სხვა სახის აქტივობებში სახელმწიფო ჩარევის მინიმალიზაციას. ისინი თავისუფალი ბაზრის პრინციპების ერთგულები არიან. მემარცხენეების ამოსავალი წერტილი კი თანასწორობაა და სახელმწიფო ეფექტური ხარჯვით თითოეული ადამიანის სოციალური კეთილდღეობის შექმნა.
თუკი კანდიდატი გეტყვით, რომ ის მემარჯვენეა და მაგალითად, ამცირებს ან საერთოდ აუქმებს გადასახადებს [ეს მემარჯვენე გზავნილი პოპულარულია რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო გზავნილებში], მან უნდა წარმოგიდგინოთ გათვლა, რომელი ფულით მოახერხებს თქვენი პენსიის მინიმუმ – შენარჩუნებას, ან ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსებას, რადგან თუკი პოლიტიკური ძალა გადასახადებს მნიშვნელოვნად შეამცირებს, შესაბამისად, ბიუჯეტში შემოსავალიც შემცირდება და შემოსავლები კონკრეტულ მეწარმეებს გაეზრდებათ.
წინასაარჩევნოდ, არამარტო საქართველოში, პოპულარულია მემარცხენე იდეოლოგიით ნაკარნახევი დაპირებები, რადგან როგორც პოლიტოლოგები განმარტავენ, იოლია ადამიანს უთხრა, რომ მის სოციალურ კეთილდღეობას გააუმჯობესებ და არა ის, რომ თავისუფალი განვითარების პირობებს შექმნი და თავად განვითარდეს. როდესაც პოლიტიკოსები გპირდებიან შემოსავლების ზრდას, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების გაუმჯობესებას და სწრაფად გამდიდრებას, უნდა დაინტერესდეთ – რა წყაროებიდან გაიზრდება შემოსავლები ბიუჯეტში და რა შეიცვლება დაფინანსების პრიორიტეტებში. ასევე კარგი იქნება, თუკი პოლიტიკოსი წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების ხედვას და პარამეტრებს, რის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ეკონომიკური სარგებლის დათვლა.
საით?
პოლიტოლოგები ხშირად უსვამენ ხაზს, რომ გველოდება არჩევნები, სადაც პოლიტიკური ძალები დაჯგუფდებიან „პროდასავლურობის“ და „პრორუსულობის“ მიხედვით. კანდიდატს შესაძლოა, ჰკითხოთ: რომელ ქვეყნებთან და ალიანსებთან პარტნიორობა მიაჩნია პრიორიტეტად და რა პოლიტიკის გატარებას აპირებს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეცადეთ, დეპუტატობის კანდიდატმა ნათლად გამიჯნოს, ევროპას მოიაზრებს მთავარ პარტნიორად და ევროპული ღირებულებებით წარმოუდგენია ქვეყნის განვითარება, თუ მეგობრობას დასავლეთთანაც აპირებს და ოკუპანტ რუსეთთანაც. მეორე პასუხის შემთხვევაში საინტერესოა კანდიდატის პასუხი კითხვაზე – დაასახელოს რომელიმე ქვეყნის მაგალითი დაასახელოს, სადაც ეს დაპირება შესრულდა.
შეახსენე წარსული
ევროპული გამოცდილება აჩვენებს, რომ ყველაზე პოპულარული და ეფექტური კითხვა წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ წარსულს ანუ „ბექგრაუნდს“ შეეხება. ალბათ, საინტერესო იქნება დეპუტატობის კანდიდატმა წარსული გაიხსენოს, ან თქვენ შეახსენოთ, თუკი ის გახსოვთ და თავად ამის გახსენება აღარ სურს. შეახსენეთ მას რა ღირებულებების ერთგული იყო წარსულში, რას აპროტესტებდა საჯაროდ, ვისთან ერთად აქტიურობდა, მოახერხა თუ არა წინა დაპირებების შესრულება, როგორ გრძნობს პასუხისმგებლობას მიუღწეველ შედეგებზე, მიღწეულზეც ჰკითხეთ. აქ გამოჩნდება, როგორ აღიქვამს პოლიტიკოსად ყოფნას – პრივილეგიაა ეს, თუ საზოგადოებისგან დაქირავებული შრომა, როცა ანგარიშვალდებულებას სწორედ ადამიანების წინაშე გრძნობ და არა კონკრეტულ ელიტებთან. ამ თემებზე საუბარი გამოაჩენს, რამდენად აქვს მას რეალურად მგრძნობელობა იმაზე, რაც თქვენ, ადამიანებს გაწუხებთ. ევროპელი მედიაექსპერტები მიიჩნევენ, რომ წარსულზე აქცენტირება ყველაზე კარგად აჩენს რატომ გაუჩნდა ადამიანს პოლიტიკაში მოსვლის სურვილი, რა უნდა მას თქვენგან, მხოლოდ ხმა, თუ?
რას უპირებ განათლების სისტემას?
განათლების ხარისხი და მისი დაფინანსება რჩება ქვეყნის მთავარ გამოწვევად. პოლიტიკოსებისგან რაც გვესმის, არის ზოგადი დაპირება განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით. კანდიდატებს სთხოვეთ დაასახელონ კონკრეტული ხედვა განათლების პოლიტიკის კუთხით, როგორც დაწყებითი, ისე საშუალო და უმაღლესი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ასევე საინტერესოა, როგორია პოლიტიკური ძალის ხედვა პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ კიდევ პოპულარული არ არის და რის საჭიროებაც დგას.
განათლების დაფინანსება – აქაც აქტუალურია პოლიტიკური ძალა, კანდიდატი მემარჯვენე იდეოლოგიას აკუთვნებს თავს თუ მემარცხენეა. თუკი პოლიტიკური პარტია დეკლარირებულად მემარჯვენეა, ის არ უნდა გპირდებოდეთ სრულიად უფასო განათლებას, უფასო სახელმძღვანელოებს და ასე შემდეგ. იმისთვის, რომ მათი დაპირება დამაჯერებელი იყოს, მათ მინიმუმ უნდა იცოდნენ, რა ჯდება განათლების მიღება დღეს, რამდენით უნდა გაიზარდოს ეს ხარჯები, რის შემცირების ხარჯზე უნდა გაიზარდოს და რატომ იქნება ეფექტური, თუკი, მაგალითად, სოციალური სფეროს დაფინანსებიდან თანხის ნაწილს განათლების სასარგებლოდ დავხარჯავთ.
რას ფიქრობთ ქალებზე პოლიტიკაში?
თუკი ამ კითხვაზე პოლიტიკოსმა ირონიული პასუხი გაგცათ, ჩათვალეთ, რომ ის ადეკვატურად ვერ აღიქვამს გენდერული ბალანსის დაცვის საჭიროებას.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, „ნიდერლადების ინსტიტუტმა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ სხვადასხვა პარტიას რამდენიმე კითხვით მიმართა და მათგან წერილობითი პასუხები მიიღო. მაშინ ქალთა საკითხებთან დამოკიდებულება ამ ინსტიტუტმა შემდეგი ფორმით სცადა: „ეუთოს წევრ სახელმწიფოთა შორის საქართველო ბოლო ადგილზეა საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრ ქალთა რაოდენობის მხრივ. გთხოვთ, აღწეროთ თქვენი ინიციატივები [თუკი ასეთი გაქვთ] ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გასაზრდელად~. პოლიტიკური პარტიების უმრავლესობამ ამ კითხვას ძალიან მოკლე და ფორმალური პასუხი გასცა, ხელს შევუწყობთ ქალთა თანამონაწილეობის გაზრდასო. ამჯერად თქვენ სცადეთ გაგება, დაფიქრდნენ თუ არა პოლიტიკოსები და შეიმუშავეს თუ არა კონკრეტული ინიციატივები, რაც პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობას გაზრდის?
სად ხედავთ უმცირესობების ადგილს?
„რა წინადადებებს [თუკი ასეთი გაქვთ] გვთავაზობთ უმცირესობათა უფლებების დაცვისა და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მეტად ინტეგრირებისთვის?“ – ნიდერლანდების ინსტიტუტის ამ შეკითხვას ქართულმა პარტიებმა ყველაზე მოკლე პასუხები გასცეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. მთავარი პათოსი იყო ის, რომ ტოლერანტობის კულტურა უნდა იყოს დაცული და ენის სწავლების პროგრამებს აამოქმედებდნენ. გამოკითხული 5 პარტიიდან არც ერთს უსაუბრია, მაგალითად, რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებზე. პოლიტიკური პარტიის და მისი წარმომადგენლის კონკრეტული ხედვა ამ საკითხებზე კარგად ავლენს მის აღქმას დემოკრატიულობაზე. კანდიდატობის მსურველს უმჯობესია თუკი ჰკითხავთ, კონკრეტულად რას ფიქრობს, მაგალითად, ისეთ დემოკრატიულ მიდგომაზე, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ეკლესიის გამიჯვნა? ან სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური ორგანიზების დაფინანსება, ან მოსწონს თუ არა „ანტიდისკრიმინაციული კანონი“, რომელიც პარლამენტმა 2013 წელს მიიღო.
ვინ ვიქნები მე?
თუკი სასურველი პოლიტიკოსი უკვე შეარჩიეთ, აუცილებლად ჰკითხეთ _ ვინ იქნებით თავად თქვენ მისთვის, როცა არჩევნები ჩაივლის. როგორ უყურებს პოლიტიკოსი ამომრჩეველს – ეს საკითხი ავლენს იმას, თუ როგორია მისი დამოკიდებულება ბიუროკრატიის მიმართ. დიდი ალბათობით, ის გეტყვით, რომ ყოველთვის მოიცლის ხალხისთვის, მიგიღებთ საჭირო დროს და მოგისმენთ. ევროპელი პოლიტოლოგების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამომრჩეველმა პოლიტიკოსს უნდა აგრძნობინოს, რომ ის მას ქირაობს და ანგარიშვალდებულების განცდა კენჭისყრამდე უნდა გაჩნდეს. დამოკიდებულია თუ არა პოლიტიკოსი ვერტიკალზე და რას ნიშნავს მისთვის თანამდებობა – ამას კარგად გავიგებთ, თუკი მას პარტიის სტრუქტურის შესახებ ვკითხავთ: როგორ ირჩევენ პარტიული თანამდებობისთვის პირებს, როგორ ხდება ადამიანი მაჟორიტარობის კანდიდატი, როგორ იღებენ გადაწყვეტილებას, არსებობს თუ არა დემოკრატია თავად პარტიის შიგნით?






