მთავარი

გიორგი მაისურაძე: ეს არის ინსტრუმენტი სახელმწიფოს ხელში მოსახლეობის დასამცირებლად

23.08.2016 • 2161
გიორგი მაისურაძე: ეს არის ინსტრუმენტი სახელმწიფოს ხელში მოსახლეობის დასამცირებლად

რატომ არ ცვლის სახელმწიფო რეპრესიულ პოლიციურ სისტემას? რა შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტისადმი საზოგადოების პროტესტი გარდამტეხი სისტემის შესაცვლელად? –  ამ თემაზე „ბათუმელები“ ფილოსოფოს გიორგი მაისურაძეს ესაუბრა.

 დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტი არ არის ერთადერთი, როცა საქართველოში ნარკოპოლიტიკის და პოლიციური სისტემის მსხვერპლი ხდება ადამიანი. გახმაურებული ფაქტი რომ გავიხსენოთ, ერთი წლის წინ ქუთაისში გარდაიცვალა ლევან აბზანიძე, რომელსაც პოლიციაში ნარკოტესტირებისთვის სამი აბი შარდმდენი დაალევინეს. რით არის დემურ სტურუას შემთხვევა განსაკუთრებული, შეიძლება თუ არა ეს ფაქტი აღმოჩნდეს გარდამტეხი და რა შემთხვევაში? საზოგადოების მხრიდან რა ტიპის პროტესტი შეიძლება გახდეს ანგარიშგასაწევი?

მე ვფიქრობ, რაც უფრო მასობრივი იქნება საზოგადოებრივი პროტესტი, მით უკეთესი, იმიტომ, რომ ეს უბოროტესი და მანკიერი პოლიტიკა, რომელიც 2006 წლიდან მოყოლებული ანუ უკვე 10 წელია მძვინვარებს საქართველოში, რაღაცნაირად შეირყას მაინც.

გიორგი მაისურაძე

გიორგი მაისურაძე

დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ნარკოპოლიტიკა დღეს არა იმდენად ნარკომანიასა და ნარკოტიკების პრობლემას ეხება, რამდენადაც ეს თემა ხელისუფლების ინსტრუმენტია საკუთარი მოსახლეობის დაკნინებისა და დატერორებისთვის. ეს არის პოლიციური აღვირახსნილობა, რომელიც საქართველოში მძვინვარებს ამჟამად. რა თქმა უნდა, ალბათ აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს იყო თვითმკვლელობა და ის, რომ ეს ახალგაზრდა პოლიციელებმა მიიყვანეს თვითმკვლელობამდე. მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ ეს ახალგაზრდას შეეხო, თან მნიშვნელოვანი იყო ის წერილი, რომელიც დემურ სტურუამ დატოვა. ეს იყო ძალიან ტრაგიკული შინაარსის წერილი. ძნელია, უემოციოდ მიიღო ამ წერილის ბოლო სტრიქონები, რომელიც ცალკეც კი გავრცელდა საქართველოს სხვადასხვა ადგილებში კედლებზე წარწერის სახით. აუცილებელი მგონია, რომ ამ ფაქტით აღშფოთება არ დამთავრდეს მხოლოდ სოციალურ ქსელებში გამოხატული თანაგრძნობით ან გაბრაზებით. ეს უნდა გადაიქცეს საყოველთაო რისხვად, იმიტომ, რომ აქ ნარკოტიკის მიღება-არმიღებაზე არ არის ლაპარაკი, ეს აქ მეორეხარისხოვანია, იმიტომ, რომ ნარკოპოლიტიკა ინსტრუმენტია სახელმწიფოს ხელში საკუთარი მოსახლეობის დატერორებისათვის, დაუძლურებისა და დამცირებისთვის.

თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატურია საზოგადოების რეაქცია ამ კონკრეტულ ფაქტზე და ზოგადად, მსგავსი ფაქტების მიმართ? გვაქვს მოცემულობა, რომ ადამიანის უფლებების, შანტაჟის, წამების ფაქტებზე საზოგადოება რეაგირებს, ოღონდ მცირე დროით, ეს ბუნებრივია, თუ სამოქალაქო საზოგადოების პრობლემად, სისუსტედ შეგვიძლია განვიხილოთ?

მე გამოვყოფდი ორ ფაქტორს: რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის სამოქალაქო საზოგადოების სიმცირე და სამოქალაქო ცნობიერების დაბალი დონე/ხარისხი, მაგრამ ამასაც თავისი ახსნა აქვს. საქართველოში იერარქიული საზოგადოებაა და აქტიური ნაწილი არის საკმაოდ მცირერიცხოვანი. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ერთმანეთს იცნობს, თუნდაც დაპირისპირებები არსებობდეს მათ შორის [საზოგადოების აქტიურ ნაწილს ვგულისხმობ] – ფაქტობრივად, მაინც ერთი წარმონაქმნია, ერთი სოციალური ფენაა და მნიშვნელოვანი მგონია სწორედ ის, რომ საზოგადოების დანარჩენი ნაწილი, ანუ არაცნობადი სახეები, გამომდინარე სწორედ ჩვენი ქვეყნის იერარქიული სტრუქტურებიდან – უხილავად არსებობენ, ისინი ვერ ხვდებიან ჩვენი ხედვის ჰორიზონტში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრი უბედურების საწყისი და სათავე.

თქვენი აზრით, პოლიტიკური წრეების საკმარისი მხარდაჭერა რატომ არ აქვს პოლიციური რეჟიმის და ნარკოპოლიტიკის რეფორმირებას?

ჩვენ გვახსოვს ოთხი წლის წინ რა ამბები იყო ციხის კადრებთან დაკავშირებით და ამან შეუწყო ხელი ამჟამინდელ მმართველ კოალიციას, რომ ხელისუფლებაში მოსულიყო. გვახსოვს დაპირებები, რომ რადიკალურად შეიცვლებოდა ეს სისტემა. როგორც დავინახეთ, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ კოსმეტიკურ ცვლილებებს, რეალურად ამ სისტემას არსობრივი ცვლილება არ განუცდია. ძალადობა ხორციელდება ყველგან, შეიძლება ეს ნაკლებად აღწევდეს მედიაში და ესეც გარკვეული პოლიტიკური თამაშების შედეგია. მთავარი პრობლემა ის მგონია, რომ ხელისუფლებამ ვერ თქვა უარი იმ სისტემაზე, რომელიც უკვე არსებობდა. სისტემა არის პრობლემა. საქართველოში შექმნილია პოლიციური ძალადობის სისტემა და შესაბამისად არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მოდის ხელისუფლებაში, უარს ვერ ამბობს მოსახლეობის დათრგუნვის ამ იარაღზე. ზუსტად იგივე გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც გამზადებული დახვდა სისტემა, რომელიც იყო იდეალური საშუალება მოსახლეობაზე ძალადობისა და მისი დათრგუნვის. ჩვენ გვახსოვს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, რომ სანამ ისინი ხელისუფლების სათავეში არიან, ნარკოპოლიტიკაში არაფერი შეიცვლებოდა და რომ ისინი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, მათ სიკეთეზე ზრუნავენ. ამ დროს ეს სიკეთე გამოიხატება იმაში, რომ ადამიანებს მომავალს უნგრევენ, სიცოცხლეს ართმევენ, თვითმკვლელობამდე მიჰყავთ.

ეს ხდება დღეს, იმ პოლიტიკური ძალის მმართველობის პერიოდში, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში სწორედ იმ დაპირებებით, რომ შეცვლიდა არსებულ სისტემას და არაფერი შეუცვლია. არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ნება, სურვილიც კი, რომ შეცვალოს ეს სისტემა, ამიტომ აუცილებელი მგონია, რომ ხელისუფლება აიძულოს საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა, რომელიც აუცილებელია, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს და ამ პოლიციური ტერორის მექანიზმებით დაშინებულმა ადამიანებმა, რომლებიც აქამდე ვერ ბედავდნენ საკუთარი პროტესტის გამოხატვას, ამოიღონ ხმა. ვფიქრობ, დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტმა სწორედ ეს ყინული დაძრა.

დემურ სტურუას თვითმკვლელობის შემდეგ მისმა მეგობარმაც თქვა, რომ მასზე წლებია ზეწოლას ახდენენ პოლიციელები, თუნდაც ამ შემთხვევებიდან გამომდინარე რომ შეაფასოთ, თქვენი აზრით, რამდენად დიდია ძალოვანი სტრუქტურების ზეწოლა რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებზე, თბილისის და თუნდაც ბათუმის გარეუბნებში მცხოვრებ ახალგაზრდებზე და რატომ არის უფრო ადვილი მათი დაშინება?

პოლიციური ძალადობა ვლინდება მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე და განსაკუთრებული სიმძაფრით სწორედ რეგიონებში. ვფიქრობ რეგიონების პრობლემა პირდაპირ კავშირშია სოციალურ უთანასწორობასთან, რომელიც საქართველოში დღითიდღე უფრო და უფრო მტკიცდება. ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ უბრალოდ სახელებია. ისინი ერთი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის მქონე პოლიტიკური გაერთიანებები არიან, რომლებიც კიდევ უფრო ამყარებენ საზოგადოებრივ იერარქიულ სტრუქტურებს და სოციალურ უთანასწორობებს, შესაბამისად ქალაქის გარეუბნებში თუ რეგიონებში, სადაც ძალაუფლების ხარისხი და სოციალური უთანასწორობის უფსკრული კიდევ უფრო დიდი და ძლიერია, მოსახლეობის დატერორება და ჩაგვრა ბევრად უფრო ადვილია.

ცალკე საკითხია, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ეს?! – პირველ რიგში, მე ამას ისევ დავუკავშირებდი საერთო პოლიტიკას, რომელიც უკავშირდება სწორედ სოციალურ უთანასწორობას. ის პოლიტიკური პლატფორმა, რომელიც საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ ძალებს აქვთ, არის ანტისოციალური, ე.წ. ნეოლიბერალური პოლიტიკა, რომელიც საჭიროებს მომსახურე პერსონალს, საჭიროებს ნებადაკარგულ, ნებაგამოცლილ და დათრგუნულ ადამიანთა მასობრივ წარმოებას. სწორედ უსამართლოდ დასჯილი, დატერორებული და დაშინებული საზოგადოებრივი ფენები არის იდეალური მასალა ამ ტიპის საზოგადოებრივი მოწყობის ანუ სოციალური უთანასწორობის კიდევ უფრო განმტკიცებისა. სწორედ ამ წინასაარჩევნო პერიოდში შეიძლება ბევრი დაპირება ისმოდეს. სააკაშვილმა პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში განაცხადა, რომ თურმე არასწორი ყოფილა მარიხუანას მოწევისთვის ადამიანის ციხეში გაშვება, თითქოს მისი მოგონილი არ იყოს ეს დასჯადი სისტემა. ახლა კვირიკაშვილი აცხადებს, რომ წინააღმდეგია და არასწორად მიაჩნია, რომ თურმე ნარკოტიკის მომხმარებელი გაუშვა ციხეში… ციხეში გაშვებაზე ხომ არაა, ეს არის ცხოვრების პერსპექტივის წართმევა ადამიანისთვის. სახელმწიფო თვითონ ქმნის კრიმინალს, იგი თვითონ ახდენს საკუთარი მოსახლეობის კრიმინალიზებას და ამას არც ერთი პოლიტიკური პარტია არ ცვლის.

რა შეიძლება იყოს გამოსავალი, რა შემთხვევაში შეიძლება დადგეს შედეგი?

ძალიან ძნელია კონკრეტული ნაბიჯების მოფიქრება. ფაქტია, პროტესტის ტალღა უნდა გაიზარდოს, უნდა მოხერხდეს შიშის დაძლევა. მაგრამ რეგიონებში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ ადამიანებს ვერ მოვთხოვთ პასუხს – „თქვენ რატომ გაკლიათ გაბედულება“. მათ გაბედულება დააკარგვინა სისტემამ.

ეს ადამიანები, რომლებსაც ემუქრება სისტემა, დაუცველები არიან, იმიტომ, რომ მათდამი სოლიდარობა არ არსებობს. თითქოს ისინი საერთოდ არ არსებობდნენ, თითქოს იყვნენ რაღაც საექსპერიმენტო ცხოველები, რომლებზეც შეუძლია ნებისმიერ ძალაუფლების მქონე ორგანოს იძალადოს და იცის, რომ მას შერჩება. საჭიროა, რომ ეს სოციალური უფსკრული იქნას დაძლეული. ისინი ვერ ბედავენ ხმის ამოღებას, იმიტომ, რომ შეიძლება მოკლან, ან ოჯახი დაუწიოკონ, იძალადონ მათზე.

სწორედ ამ ხმაწართმეული ადამიანების დაცვაა საჭირო. ის ლიბერალური ელიტები, რომლებიც მაღალფარდოვანი სიტყვებით გამოდიან და ძვირფას იდეებს გვთავაზობენ, ვალდებულები არიან გამოიჩინონ სოლიდარობა, გამოვიდნენ ამ ჯოჯოხეთური სისტემის დასანგრევად, რადგან ისინი თავიანთი დუმილით ამ დანაშაულებრივი სისტემის თანამონაწილეები არიან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: