დამეწყრილი ოჯახი დახმარებას ითხოვს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში ფუტკარაძეების ოჯახი მთავრობისგან დახმარებას ითხოვს.  „დადგინდეს უსაფრთხოა თუ არა ჩვენი საცხოვრებელი ადგილი და სახლი,” – ამბობს ნოდარ ფუტკარაძე.  ფუტკარაძეების საცხოვრებელ სახლთან მეწყერი ორი კვირის წინ ჩამოწვა. ოჯახი შიშობს, რომ წვიმიან ამინდში მეწყერი შესაძლოა განმეორდეს და საცხოვრებელ სახლს საფრთხე შეუქმნას.

ნოდარ ფუტკარაძე ამბობს, რომ მეწყერთან დაკავშირებულ საფრთხეზე  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ნადიმ ვარშანიძეს პირადად ესაუბრა და გამგეობას განცხადებითაც მიმართა:
„გამგებელი შეგვპირდა, რომ გეოლოგები შეისწავლიან ჩვენი საცხოვრებელი ადგილის მდგომარეობას, თუმცა ამ დრომდე არავინ გამოჩენილა“

„ბათუმელები“ ხელვაჩაურის გამგების პრესსამსახურს დაუკავშირდა. პრესსამსახურის ინფორმაციით ფუტკარაძების სახლთან დაკავშირებით გამგეობა დაუკავშირდა აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს და სპეციალისტები ადგილზე არსებულ მდგომარეობას ამ კვირის განმავლობაში შეისწავლიან. რაც შეეხება გაწმენდით სამუშაოებს, გამგეობაში გვითხრეს, რომ სამუშაოები დაწყებულია და გაგრძელდება.

ნოდარ ფუტკარაძის ინფორმაციით, საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები ფუტკარაძეების სახლთან უკვე იმყოფებოდნენ, გაწმენდითი სამუშაოებიც დაიწყეს, თუმცა ბოლომდე არ მიუყვანიათ, ამის მიზეზად კი წვიმიანი ამინდები დაასახელეს.

გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, უამინდობასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბი 24 – საათიან რეჟიმში მუშაობს.
ცხელი ხაზი: 0 800 – 100 – 106. 25 93 17; 599 85 15 75; 591 98 32 61; 595 95 87 08;
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ხელვაჩაურში მეწყერის 3 კერა დაფიქირდა.
14963537_533583860172720_940380550_o

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი გვარა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი გვარა.

„აჭარისწყალი ჯორჯია“ გოდერძის ალპური ბაღის განვითარებას 100 000 დოლარით აფინანსებს

კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია „გოდერძის“ ალპური ბაღის განვითარებას 100 000 ამერიკული დოლარით დააფინანსებს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რონი სოლბერგმა და ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, ირაკლი არჩაიამ საგრანტო ხელშეკრულებას ხელი გასულ კვირას მოაწერეს.

საქართველოში წარმოდგენილ ბოტანიკურ ბაღებს შორის (თბილისი, ბათუმი, ბაკურიანი, ზუგდიდი) კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, დღემდე მხოლოდ ბაკურიანის ბოტანიკურ ბაღს გააჩნდა ალპური ბაღი. აქ ალპურ მცენარეთა 1200-მდე სახეობა 1.5 ჰექტარზეა გაშენებული. „გოდერძის“ ალპური ბაღი გაცილებით დიდი და მრავალფეროვანი იქნება და დაახლოებით 10 ჰექტარს დაიკავებს. ბაღი გაშენდება კურორტ ბეშუმთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზის ჩრდილო-აღმოსავლეთით, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარედ. შერჩეული ტერიტორია მოიცავს: ფერდობებს, ჭარბტენიან მონაკვეთებს, ბუნებრივ ტბებსა და ნაკადულებს.

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ განხორციელებული ინვესტიცია მოიცავს ალპურ ბაღში მზის ენერგიის სისტემის და პარკინგის მოწყობას, ბაღის თანამშრომლებისთვის დროებითი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობასა და აღჭურვას, საპიკნიკე ადგილების და ბუნებრივი ბილიკების მოწყობას, სეპტიკისა და კანალიზაციის მოწყობას, ეკო ტუალეტების და ბილეთების ჯიხურის მშენებლობას, საინფორმაციო ნიშნულების, დაფების, რუკებისა და ბროშურების დიზაინის შემუშავება-ბეჭდვას, ასევე, მეფუტკრის სახლის მშენებლობას, მეფუტკრეობის განვითარებისთვის საჭირო ინვენტარით აღჭურვას და ფუტკრის ოჯახების შეძენას.

„გოდერძის“ ალპური ბაღის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რაც კი ჩვენს კომპანიას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაუფინანსებია. ეს არის პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას მაღალმთიან აჭარაში. ჩვენ ვაშენებთ შუახევიჰესს და ამავდროულად ვახორციელებთ არაერთ სოციალურ პროექტს. ესაა: ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურული პროექტები, განათლების მხარდაჭერა… ვფიქრობ, ალპური ბაღის დაარსება, სხვა სოციალურ პროექტებთან ერთად, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მაღალმთიანი აჭარის გრძელვადიან განვითარებას“ , – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რონი სოლბერგმა.

რონი სოლბერგი
რონი სოლბერგი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი თავის მხრივ წამყვან როლს შეასრულებს ალპური ბაღის დაგეგმარებაში და ამავდროულად გამოიყენებს ყველა საჭირო შიდა რესურსს (მატერიალური, ინტელექტუალური და ტექნიკური), რათა შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოყოს დამატებითი სახსრები საკუთარ ბიუჯეტში გოდერძის ალპური ბაღისთვის და უზრუნველყოს მისი გამართული ფუნქციონირება.

„დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმის ბოტანიკური ბაღისთვის, სწორედ დღეს მოეწერა ხელი ხელშეკრულებას ბოტანიკურ ბაღსა და კომპანია „აჭარისწყალ ჯორჯიას“  შორის. კომპანია „გოდერძის“ ალპური ბაღის მშენებლობისთვის 100 000 დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ვფიქრობ, პროექტი მომავალ წელს დასრულდება და უკვე ზაფხულში პირველი ვიზიტორების მიღებას შევძლებთ“, – განაცხადა ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირაკლი არჩაია, „აჭარისწყალი ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორი რონი სოლბერგი და კომპანიის მიწის და სოციალურ საკითხთა დირექტორი ზვიად დიასამიძე
ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირაკლი არჩაია, „აჭარისწყალი ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი რონი სოლბერგი და კომპანიის მიწის და სოციალურ საკითხთა დირექტორი ზვიად დიასამიძე

ალპური ბაღის მშენებლობა და განვითარება მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის მხარდაჭერით დაიწყო, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს.

გრანტის გაცემა მიზნად ისახავს მხარეებმა ხელი შეუწყონ „გოდერძის“ ალპური ბაღის დაარსებასა და განვითარებას, რომელიც იქნება სოფლად ტურიზმის, საგანმანათლებლო და საკვლევი მდგრადი რეგიონალური ცენტრი, სოფლის მდგრადი განვითარების საუკეთესო პრაქტიკის სადემონსტრაციო კერა და ამავე დროს სტიმულს მისცემს მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებლებს შესაძლებლობების განვითარებისათვის. ეს ასევე მოიცავს ადგილობრივი პროდუქტების დამატებითი გასაღების ბაზრის შექმნას.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ბოტანიკურ ბაღს, ადგილობრივად, სპეციფიკურ მცენარეთა მრავალფეროვნების შენარჩუნებაში; უზრუნველყოს რელიქტური, ენდემური, იშვიათი, საკვები, სამკურნალო, სამეურნეო, დეკორატიული და სხვა სასარგებლო თვისებებით გამორჩეულ სახეობათა კონსერვაცია, რათა შენარჩუნდეს აჭარის უნიკალური ეკოსისტემა და მოხდეს ალპურ ბაღში თავმოყრილი კოლექციის გამოყენება სამეცნიერო, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და ტურისტული მიზნებისათვის.

„გოდერძის“ ალპური ბაღის განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა იქნება მაღალმთიან აჭარაში.

ერთ თვეში აჭარაში 6 ადამიანი დაიღუპა – სახელმწიფო ავტოსაგზაო შემთხვევებზე არ რეაგირებს

სამი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე 25 ოქტომბერს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს მეშვიდე ავტოავარია იყო რეგიონში, რომლის შესახებ „ბათუმელები“ წერდა.ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა ბოლო წლებში გაიზარდა.

  • 24 ოქტომბერს, ქედაში, ავტომანქანა აჭარისწყალში გადავარდა. დაიღუპა ორი ახალგაზრდა, ერთი – მძიმედ დაშავდა.
  • 22 ოქტომბერს ბათუმის კარიბჭესთან მანქანა ბორდიურს დაეჯახა და ამოტრიალდა. მძღოლი მარტო იმყოფებოდა და მხოლოდ მსუბუქი დაზიანება მიიღო.
  • მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა რუსთაველის ქუჩაზეც 20 ოქტომბერს – სწარაფად მომავალი მსუბუქი ავტომობილი გამყოფ ზოლზე პალმას დაეჯახა და ამოყირავდა. აქაც მანქანაში მხოლოდ მძღოლი იყო, რომელიც მსუბუქად დაშავდა.
  • 17 ოქტომბერს პუშკინის ქუჩაზე ავტომანქანას ტრაილერი დაეჯახა. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
  • 15 ოქტომბერს მახინჯაურში სამი მანქანა დაეჯახა ერთმანეთს. ორი ადამიანი მძიმე დაშავდა და ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
  • 26 სექტემბერს ხელვაჩაურში, სამედიცინო ცენტრ „მედინასთან“ ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.

2012 წლიდან ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი ქვეყანაში იზრდება. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 6 400 შემთხვევა ქვეყანაში გასულ წელს დაფიქსირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს ქვეყანაში ავარიების შედეგად 602 ადამიანი დაიღუპა [აჭარაში – 55], დაშავდა 9 187 [აჭარაში – 653].

გასულ წელს ქვეყანაში ავტოავარიების გამო 28 ბავშვი გარდაიცვალა [0-დან 16 წლამდე]. 2016 წლის სტატისტიკა შსს-ს ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.
„წელს, გასულ წელთან შედარებით, მონაცემები დაახლოებით 10 პროცენტით გაიზარდა,“ – გვითხრა ეკა ლალიაშვილმა, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელმა. ის თვლის, რომ ხელისუფლება თავს არიდებს ამ თემას და რაღაც პერიოდში, განსაკუთრებით არჩევნების დროს, სისტემა მოშვებულია:

„დაზუსტებით შეუძლებელია ამის თქმა, მაგრამ შესამჩნევია დარღვევებზე თვალის დახუჭვა… გასულ წელს ჩვენ წარვუდგინეთ პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებდა „ქულათა სისტემის“ ამოქმედებას. ეს გულისხმობს იმას, რომ მძღოლი თითოეულ დარღვევაზე არა მხოლოდ ჯარიმდება, არამედ აკლდება ქულა და გარკვეულ პერიოდში, შესაძლოა, მართვის მოწმობის გარეშე დარჩეს. პარლამენტმა ამ კანონპროექტის განხილვაზე უარი თქვა. იყო არგუმენტები, რომ ამით ნახევარი ქვეყანა მართვის მოწმობის გარეშე დარჩება, ქვეყანა არ არის ჯერ ამისთვის მზად და ასე შემდეგ. ასე ვიღებთ, მაგალითად, გათავხედებულ მძღოლებს, ძვირადღიდებულ მანქანებს რომ ატარებენ და ვერაფერი აკავებთ. ჯარიმის გადახდა მათთვის არ არის პრობლემა“.

როგორ რეაგირებს სახელმწიფო ავტოსაგზაო შემთხვევების მატებაზე? – შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ ამ თემაზე არ ესაუბრნენ. ამ უწყებიდან ასევე გვინდოდა მიგვეღო პასუხები: როგორ რეაგირებს პატრული ავარიებზე? რატომ შესუსტდა პატრულირება, მაგალითად, ბათუმის ქუჩებში და რატომ მუშაობს ისევ საპატრულო პოლიციაში თანამშრომელი, რომელიც მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ბათუმში, გურამიშვილისა და ჯაფარიძის ქუჩების კვეთაში მანქანით ქალს დაეჯახა? დაზარალებული ადგილზევე გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციით, ამ საქმეზე გამოძიება ისევ მიმდინარეობს.

არასათანადო რეაგირება დაგვისახელეს ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებლის მატების მიზეზად ადვოკატებმა ბათუმში. ადვოკატ პაატა ბოლქვაძეს არაერთი საქმე ჰქონია სასამართლოში, სადაც სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით ბრალდებული პირს იცავდა. ეს მუხლი არეგულირებს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას: „თითქმის 99 პროცენტი ამ შემთხვევებისა, სრულდება საპროცესო გარიგებებით. თუ დაზარალებული დავობს, ამ შემთხვევაში პირობითი მსჯავრს იყენებენ. პატიმრობას – იშვიათად, ძირითადად 6 თვიდან 1 წლამდე.“

276-ე მუხლი ყველაზე მსუბუქ შემთხვევაში სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს [როცა დაზარალებული მსუბუქად არის დაზიანებული]. ყველაზე მძიმე შემთხვევად ორი და ან რამდენიმე პირის დაღუპვა ითვლება, როცა მძღოლი მთვრალია [ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 12 წლამდე].

„ადრე უფრო მკაცრი და ეფექტური იყო საპატრულოს მუშაობა. დღეს საცობების რეგულირებაც არ ხდება. ამას წინათ ჯაფარიძის ქუჩაზე ორი მანქანა ისე დაეჯახა ერთმანეთს, პატრული საერთოდ არ გამოჩენილა,“ – გვიყვება ადვოკატი ზაზა პაპიძე. ის სასამართლო პრაქტიკაზე ამახვილებს ყურადღებას – სასამართლო ხშირად აბათილებს იმ სამართალდარღვევების ოქმებს, რომლებსაც პატრულის თანამშრომლები ავსებენ: „ასეთი რამდენიმე შემთხვევა მახსენდება, როცა პროცედურული დარღვევებითაა შედგენილი ოქმი და სასამართლოც აბსოლუტურ კონტროლს ახორციელებს. ეს მაჩვენებელი საპატრულო პოლიციის დაბალ კვალიფიკაციაზე მიუთითებს“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით ავტოსაგზაო შემთხვევებმა იკლო 2008 წლიდან 2011 წლის ჩათვლით. 2011 წლიდან დღემდე კი ეს მაჩვენებელი მატულობს. რამ განაპირობა მატება? – ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ სფეროში მომუშავე ექსპერტებს არ აქვთ.

მაგალითად, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელი, ეკა ლალიაშვილი თვლის, რომ 2011 წლის საუკეთესო მაჩვენებელი ღვედების რეგულაციის ამოქმედებამ განაპირობა: „ფაქტია, რომ ამ წელს დაახლოებით 20 პროცენტით შემცირდა დაღუპულთა მაჩვენებელი. ეს არის სისტემა, რომელსაც მუდმივად სჭირდება ჩარევა. მხოლოდ ერთი ნაბიჯი საკმარისი არ არის. ღვედების წესის ამოქმედებით მივიღეთ ეფექტი, მაგრამ შემდეგ კონტროლი ამ მიმართულებითაც მოეშვა…“

„სახელმწიფომ უნდა თქვას ღიად, რომ ეს საკითხი არის პრიორიტეტი. ქვეყანაში რეალური გეგმაც კი არ არსებობს, რა გზით უნდა შეიცვალოს ეს საგანგაშო მაჩვენებელი,“ – ამბობს გელა კვაშილავა, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელი.

ავტოსაგზაო შემთხვევების მატების მიზეზად მესამე სექტორის წარმომადგენლები სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ. მათ შორის, მოძველებულ ავტოპარკინგს, საგზაო ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობას, საინფორმაციო კამპანიის ნაკლებობას.

ეკა ლალიაშვილი, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“: `ჩვენ გვჭირდება აგრესიული საინფორმაციო კამპანია. პრაქტიკამ დაგვანახა, რომ ლამაზად ნათქვამს ეფექტი არ აქვს. ჩვენი ორგანიზაციის საინფორმაციო რგოლების შედეგიდან გამომდინარე ვამბობ ამას. მაშინ ჩავთვალეთ, რომ პოზიტიურ გზავნილებს ექნებოდა გავლენა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უფრო აგრესიულ ვიდეო რგოლებს აქვს შედეგი, ადამიანი რომ დააფიქროს.“

ეკა ლალიაშვილმა ევროპის მაჩვენებელი მოგვიყვანა იმის დასტურად, რომ სისტემურ მიდგომას ექნება შედეგი: „ტენდენცია მზარდია ევროპის ქვეყნებშიც, მაგრამ ამას სერიოზულად ებრძვიან. მაგალითად, 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში 100 ათას მოქალაქეზე დაიღუპა 12 ადამიანი. შვედეთში, დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში 100 ათას ადამიანზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილია 3-4 ადამიანი. საშუალოდ ევროპის ქვეყნებში კი 6 ადამიანი დაიღუპა ავარიით“.

სეტყვამ მანდარინი დააზიანა

“სეტყვამ მანდარინი ძირითადად ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე დააზიანა, აქ უფრო მაღალი ინტენსივობოთ იყო სეტყვა”- ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლაშა კომახიძე. მინისტრის ინფორმაციით, სეტყვამ დააზიანა ციტრუსის ბაღები ქობულეთსა და ხელვაჩაურშიც. ამჟამად მდგომარეობას სამინისტროს საკონსულტაციო ჯგუფები სწავლობენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმ მეციტრუსეებს მიმართავს, ვისაც ციტრუსი დაზღვეული აქვს. ფერმერებმა ზარალის დადგომიდან 24 საათის განმავლობაში უნდა მიმართონ კომპანიას, სადაც მათი მოსავალია დაზღვეული: “იმ შემთხვევაში, თუკი ტელეფონი დაკავებულია, მეციტრუსეებს შეუძლიათ დარეკონ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 15 01, ასევე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ტელეფონის ნომერზე: 577 30 29 93. მივმართავ ფერმერებს, ვისაც არ აქვთ ჯერ კიდევ დაზღვევა, მათ შეუძლიათ 10 ნოემბრამდე დააზღვიონ ცუტრუსი”.

სოფლის მეურნეობის მოსავალზე დაზღვევის 70 %-ს სახელმწიფო ფარავს, დანარჩენს – თავად ფერმერი. სადაზღვეო კომპანია დაზარალებულ მეციტრუსეს კილოგრამ მანდარინში 50 თეთრს გადაუხდის.

გოგო, რომელმაც არჩევანი გააკეთა – მილოცვა დედას

იაფფასიანმა შოუებმა იმ ქართველი ქალების ისტორიები, რომლებსაც ჯერ გოგოობა და შემდეგ ცხოვრება წაართვეს, ერთ ქვაბში მოხარშა. ჩვენში უკვე ყველა ქალის ტრაგიკული ისტორია ერთნაირად, პათეტიკურად ჟღერს და უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ სიბრალულს იწვევს. სინამდვლეში კი ყველა ისტორია განსხვავებულია და ის, რაც მათ განასხვავებს, არჩევანია. 

ჩემი აზრით, არჩევანი ყოველთვის არსებობს.

მინდა ერთ გოგოობადაკარგულ ქალზე და მის არჩევანზე მოგიყვეთ. ქალი, რომელმაც ბედისწერის შესახებ წარმოდგენების ჯანდაბაში გაშვება მასწავლა, დედაჩემია. 

დედა მაღალმთიანი აჭარის ერთ ლამაზ სოფელში დაიბადა. ნაბოლარა და განებივრებული გოგო ყოფილა, ემოციური და მეოცნებე. სკოლაში საუკეთესო მოსწავლე იყო, ენერგიული და ენაკვიმატი. საბჭოთა სკოლის მასწავლებლებს არ ემორჩილებოდა და მარხვის დარღვევაზე უარს აცხადებდა. 

მერვე კლასში „დანიშნეს“. ბევრად უფროსი საქმრო გამოუნახეს მეზობელი სოფლიდან, შეძლებული ოჯახის შვილი. მერვეკლასელ გოგოს, რომელსაც სწავლის გარდა არაფრის გაგონება არ უნდოდა, დაემუქრნენ – თუ არ გათხოვდებოდა აღარც სკოლაში ატარებდნენ და „უმაღლესში მოწყობა“ თავისთავად უკვე ზღაპარი იქნებოდა. დედა თავად მონაწილეობდა გარიგებაში – მან სწავლის გაგრძელების სანაცვლოდ გათხოვებაზე თანხმობა განაცხადა. მართალია ცუდსა და უარესს შორის, მაგრამ მან არჩევანი გააკეთა.

ცხადია გარიგება არავინ შეასრულა. სახლში წიგნით და რვეულით ხელში თუ შენიშნავდნენ, უსაქმურობისათვის არცხვენდნენ. ასე რომ დაიწყო სირთულეები, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლის ასაკის გოგო გახდა ცოლი, რძალი, დედა… ამას დაერთო ჯანმრთელობის გაუარესება, გამუდმებული კონფლიქტები, მიზეზების საკუთარ თავში ძიება და ყველა უსაფუძვლო ბრალდებაზე ჩუმი მორჩილება. ასე მოიპარეს დაუმორჩილებელ და მეამბოხე გოგოს ცხოვრება. 

ათი წლის განმავლობაში მონდომებით იცავდა „ოჯახის სახელს”, თუმცა კმაყოფილი მაინც არავინ ყოფილა. ორი შვილის დედას, სხვა შვილების გაჩენა რომ აღარ შეეძლო, უთხრეს, რომ ქალობაც დაკარგა. 

საინტერესო არ არის სხვა დეტალები, კონკრეტული ამბები. აქ მთავარი უკვე მეორე არჩევანის ისტორიაა.

ათი წლის შემდეგ, დედამ საკუთარ თავს მეორედ დაუყენა არჩევანი. მე თუ მკითხავთ, დედა მაშინ, 25 წლის ასაკში თავიდან დაიბადა, მან ყოველგვარ “ზენაარ ძალებს”, რომლებიც ღრუბლებში წერენ ჩვენი ცხოვრების სცენარებს, საწერ-კალამი და ფურცელი საბოლოოდ ჩამოართვა.

დღესაც კი, პატარა გოგოები თუ ქალები სირცხვილის, შიშის თუ სხვა მიზეზების გამო ჩუმად ტირიან ოთახის ბნელ კუთხეში და წარმოიდგინეთ როგორი განაცხადი იყო განქორწინების სურვილი 14 წლის წინ, მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ტრადიციულ სოფელში.

დედას არჩევანი არ ყოფილა მარტივი – განქორწინება ნიშნავდა ორი მცირეწლოვანი შვილით გარეთ დარჩენას განათლების, პროფესიის და ფინანსური სახსრების გარეშე. შვილებზე ქმრის ოჯახი პასუხისმგებლობას იხსნიდა. ამჯერად დედას ოჯახი დაუდგა გვერდში – როცა ხედავ, როგორ მოგიკლეს შვილში გოგო, შემდეგ ქალი და იცი, რომ ასე მიჰყავთ აღსასრულისკენ, რთულია თავი დაიმშვიდო ფრაზებით – „ოჯახის საქმეა“, „ცოლ-ქმარს შორის ყველაფერი ხდება“ და ა.შ.  ასე მიიღეს ბაბუას სახლში 25 წლის დედა ორი შვილით. თუმცა ერთხელ რომ აიღო საკუთარი ცხოვრების მართვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, ამის შემდეგ ასე ვერ გაჩერდებოდა. სულ ერთი თუ ორი თვე სტუმრობდა დედა მშობლების ოჯახს, შემდეგ კი სოფლიდან ქალაქში წამოვიდა.

მან დამოუკიდებელი ცხოვრება პროფესიის, განათლების და ფულის გარეშე, ორი შვილით დაიწყო. სოფლიდან ქალაქში წამოვიდა იმ შემართებით, რომ ყველაფერს შესძლებდა, მთებს გადადგამდა. გგონიათ ეს მარტივი იყო? ის, რისიც ქალებს ასე ეშინიათ: საზოგადოების რეაქცია, შეშფოთება, ჩურჩული, რჩევები – ყოველდღიურობად იქცა. თუმცა დედა უკვე ის მეამბოხე გოგო იყო, ყველაფრის მიუხედავად რომ გააგრძელებდა გზას.

არჩევანის და გადაწყვეტილებების გზაზე ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა, მაგრამ არ გაჩერებულა. იყო სიღარიბე, შიმშილიც, სიცივეც, ტკივილიც, სასოწარკვეთილების ზღვარიც და გადაწყვეტილებების მიღების პასუხისმგებლობის აუტანელი სიმძიმე, მაგრამ მას არც ერთხელ არ დაუხევია უკან. 

მუშაობდა დამლაგებლად, მრეცხავად, კონდიტერის დამხმარედ… პარალელურად კომპიუტერის და ინგლისური ენის უფასო კურსებიც გაიარა. საბოლოოდ საკუთარ თავს პროფესია შესძინა – ჩინებული კონდიტერი დადგა. მახსოვს, როგორ რთულად იწყებდა, ხან ბისკვიტის ცომი არ ამოდიოდა, ხან კრემი. დენი არ გვქონდა, სანთლის წვეთები ეცემოდა ხანდახან ბისკვიტს, თუმცა არ გაჩერებულა. ხანდახან, ღამე მესმოდა მისი ჩუმი ტირილი, თუმცა ვერასდროს ვერ დავალაგე სიტყვები, რომ დამემშვიდებინა. 

ეს დედას ცხოვრების 24 წელია, მას შემდეგ, რაც მას გოგოობა წაართვეს. მე, დედა და ჩემი ძმა ერთად გავიზარდეთ. ახლა 21 წლის ვარ. თბილისში ვსწავლობ, ვმუშაობ და ვცდილობ დამოუკიდებელი ვიყო. დედამ მაიძულა ეს გადაწყვეტილება მიმეღო. წელს რვა თვით ბათუმში ვცხოვრობდი, მაგრამ ცალკე. დედამ მითხრა, რომ 20 წლის დასაქმებულ ქალს დედასთან აღარ უნდა ეცხოვრა. მეშინოდა, არ მინდოდა, მაგრამ მეც ავირჩიე. ყოველდღე ვუმეორებ თავს, რომ შეუძლებელი არაფერია, რომ ცხოვრება ჩემს არჩევანზეა დამოკიდებული,  რომ ჩემი ყველა შეცდომაც ღირდა, თუ ჩემი არჩევანის შედეგია და მთავრია არ გავჩერდე.

ჩემი ძმა მალე 18-ის გახდება. სკოლაშია, სწავლობს. გადაწყვიტა პილოტი გახდეს. ჯერ არ იცის, რომ ეს ძვირადღირებული პროფესიაა, მაშინაც კი, 100%-იანი გრანტი რომ მიიღოს, მაგრამ ის ძლიერი და დამოუკიდებელია, არ ეშინია ცხოვრების, მჯერა, რომ საკუთარი არჩევანისთვის იბრძოლებს. დედამ ეს გვასწავლა. 

პრობლემები დღესაც გვაქვს, როგორც ჩემი ძმა ამბობს – “ხან ფინანსური, ხან ფინანსური”. დედა დეიდას ეხმარება პატარა საკონდიტრო მაღაზიაში, რომლის შემოსავალიც არც ისე მაღალია. ბათუმში ქირით ცხოვრობს სახლად გადაკეთებულ ვაგონში. აქვს ვალები და ბევრი, ბევრი მისაღები გადაწყვეტილება, მაგრამ ეს მისი ცხოვრებაა, შვილებსაც და სხვებსაც დაუმტკიცა, რომ საკუთარი ცხოვრება მხოლოდ მას ეკუთვნის.

დედა დღეს 39 წლის ხდება. მან საჩუქარი თავად გამიკეთა, მასწავლა, რომ მაშინაც კი, როდესაც ირგვლივ ყველაფერი, ხან ჩვენგან დამოუკიდებლადაც კი, გვახვევს პრობლემებში, ყველაფერი მაინც ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული.

სწორედ ამიტომ, ყველა ისტორია განსხვავდება, ყველა ამბავი გადაწყვეტილებებზე, არჩევანზე იგება. რა თქმა უნდა, ბევრი ფაქტორი ცდილობს გავლენა მოახდინოს ამაზე, მაგრამ მთავარი სწორედ ის არის, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ დავიცვათ საკუთარი არჩევანი, როგორც არ უნდა გვტკიოდეს, გვიჭირდეს და გვამძიმებდეს. რადგან ადამიანად ყოფნა სწორედ ეს არის.

გილოცავ დედიკო.

ფოტო თამარ ჭაბაშვილისა და აგნეშკა დუდრაკის პროექტიდან “საკუთარი სუფრა”. 

განათლების სამინისტრო: გათბობა ხვალიდან ბათუმის ყველა სკოლაში ჩაირთვება

“ბათუმელების” ინფორმაციით ბათუმის რამდენიმე საჯარო სკოლაში დღეს ცენტრალური გათბობა არ იყო ჩართული. ინფორმაცია დაგვიდასტურეს აჭარის განათლების სამინისტროში. პრესსამსახურის მონაცემებით, ტექნიკური ხარვეზების გამო, გათბობა ვერ ჩაირთო ბათუმის პირველი საჯარო სკოლის ახალ შენობაში, ასევე მე-16 და 23-ე სკოლებში.

“პრობლემა იყო ტექნიკური ხასიათის და იგი ხვალისთვის აღმოფხვრილი იქნება. რაც შეეხება პირველი სკოლის ახალ კორპუსს, იქ თავად სამშენებლო კომპანიაზეა დამოკიდებული გათბობის ახალი სისტემის ამოქმედება. ჩვენი ინფორმაციით პირველ სკოლაშიც ხვალისთვის უნდა ჩაირთოს გათბობა,” – უთხრა “ბათუმელებს” თეა ვადაჭკორიამ, აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეშით მომარაგებელია აჭარის მაღალმთიანეთის ყველა სკოლა, მათ შორის, ხულოს მუნიციპალიტეტი, სადაც დღეს თოვლი მოვიდა. 

ძლიერი დენის გამო მოსახლეობას ტექნიკა გადაეწვა

26 მაისის ქუჩა #70-ში მოსახლეობას ელექტროტექნიკა გადაეწვა. იტალიური ეზოს მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ელექტროენერგიის ძლიერმა ძაბვამ ტექნიკის ნაწილი გააფუჭა.

„რამდენიმე ოჯახში აფეთქდა ტელევიზორები. გადაგვეწვა მაცივრები, კომპიუტერები, მობილური ტელეფონები. „ენერგო- პრო ჯორჯიას“ უკვე დავურეკეთ, მაგრამ კომპანიიდან ჯერ არავინ მოსულა…” – უთხრა “ბათუმელებს” ამ ეზოს ერთ-ერთმა მცხოვრებმა, სოფო უშიკიშვილმა.

მოსახლეობის თქმით, ტექნიკური დაზიანება ქუჩაში მიმდინარე სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია.

26 მაისის #70-ში 8 ოჯახი ცხოვრობს.

ბავშვის ცემის ფაქტს შსს გამოეხმაურა

შს სამინისტრო მამის მიერ  11 წლის მოზარდის ცემის ფაქტს გამოეხმაურა. სტატია გაზეთ „ბათუმელებში“ გამოქვეყნდა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვზე მოძალადე მამა პასუხისგებაში ერთხელ იყო მიცემული.

„ 2012 წელს იყო პასუხისგებაში მიცემული მეუღლის ცემის გამო. 2016 წლის მაისში კი, გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი. ბოლო ფაქტზე, როცა ბავშვი იყო ნაცემი, პოლიციამ მამა დააკავა და 126-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რომელიც ოჯახში ძალადობას გულისხმობს, თუმცა, სასამართლომ  5 ათას ლარიანი გირაოთი გამოუშვა. პოლიციას ყველა შეტყობინებაზე ჰქონდა რეაგირება“, – აცხადებენ შს სამინისტროს პრესსამსახურში.

რომელი უწყება რამდენს დახარჯავს აჭარის ბიუჯეტიდან 2017 წელს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესბუბლიკური ბიუჯეტის 2017 წლის პროექტის მიხედვით, აჭარის ბიუჯეტი 238 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 6,1 მილიონი ლარით მეტია მიმდინარე წლის შესაბამის მაჩვენებელზე. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია, რომ წელს ბიუჯეტში ასახული იყო უმაღლეს საარჩევნო კომისიისთვის [უსკო] არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი 3,2 მილიონი ლარიც. ანუ, მომავალი წლის ბიუჯეტი ჯამში, ფაქტობრივად, 2,9 მილიონი ლარით მეტი იქნება.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მიმდინარე წელს იმ საჯარო მოხელეთა ხელფასებისთვის, რომლებიც აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, 39,1 მილიონი ლარი დაიხარჯება, მომავალ, 2017 წელს კი – 36,6 მილიონი ლარი.

თუ აქაც მიმდინარე წლის არჩევნების დაფინანსებას გავითვალისწინებთ, 2017 წელს ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხა მთლიანობაში 251 ათას 600 ლარითაა გაზრდილი [მიმდინარე წელს არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად ხელფასებისთვის აჭარის ბიუჯეტში 2,3 მილიონზე მეტი ლარი იყო გათვალისწინებული].

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, აჭარის 2017 წლის ბიუჯეტიდან მხარჯავი დაწესებულებები თანხას შემდეგი ოდენობით დახარჯავენ:

  • აჭარის უმაღლესი საბჭო – 4 846 800 ლარი;
  • აჭარის საარჩევნო ადმინისტრაცია [უსკო] – 627 200 ლარი;
  • აჭარის მთავრობის აპარატი – 3 477 800 ლარი;
  • აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო – 4 257 800 ლარი;
  • აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი – 7 496 500 ლარი;
  • აჭარის საარქივო სამმართველო – 2 053 800 ლარი;
  • აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი – 45 060 800 ლარი;
  • აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა – 308 900 ლარი;
  • აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – 5 252 000 ლარი;
  • აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 44 704 400 ლარი;
  • აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 14 659 900 ლარი;
  • აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 11 365 500 ლარი;
  • საერთო დანიშნულების რესპუბლიკური გადასახდელები – 93 888 700 ლარი.

აჭარის ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება ბათუმის ბულვარი, რომლის მართვასა და ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა-განვითარებისთვის წელს ბიუჯეტში 11 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის პერიოდში, მხარჯავ დაწესებულებებს ძირითადი მოთხოვნები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 15 სექტემბრამდე უნდა წარედგინათ.

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის 2017 წლის პროექტი უმაღლესმა საბჭომ დღეს, პირველ ნოემბერს გაასაჯაროვა. აჭარის მთავრობა კანონით იყო ვალდებული უმაღლესი საბჭოსთვის მომავალი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი სწორედ პირველ ნოემბრამდე წარედგინა.

2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის დამტკიცება ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოს მოუწევს.

ვინ ჩამოხსნის წინასაარჩევნოდ გაკრულ სარეკლამო პლაკატებს

ქალაქის ქუჩებში საარჩევნოდ გაკრული პლაკატების ნაწილი უკვე დაზიანებულია. ვის ევალება პლაკატების მოხსნა? – ბათუმის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, კანონმდებლობით მერიას ამის ვალდებულება არა აქვს.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში თუ არ ჩამოხსნიან პარტიები თავიანთ სარეკლამო პლაკატებს, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით დააჯარიმებს მათ, 50 – დან 1000 ლარამდე,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ მერიის პრესსამსახურში.

როინ გუნდაძის ფოტო
როინ გუნდაძის ფოტო
როინ გუნდაძის ფოტო
როინ გუნდაძის ფოტო
როინ გუნდაძის ფოტო
როინ გუნდაძის ფოტო
როინ გუნდაძის ფოტო
როინ გუნდაძის ფოტო
როინ გუნდაძის ფოტო
როინ გუნდაძის ფოტო

მამამ 11 წლის შვილს სასტიკად სცემა

ბათუმში 11 წლის ბიჭს მამამ სასტიკად სცემა. მან არც ათი წლის გოგონა დაინდო, როცა დამ ძმაზე ძალადობის გამო ყვირილი ატეხა. „თმები მოქაჩა და წიგნი ჩაარტყა თავში“. მოძალადე მამა პოლიციამ მომხდარიდან 11 დღის შემდეგ დააკავა. ბრალდებული წლების განმავლობაში ძალადობდა ბავშვების დედაზეც, თუმცა პოლიცია რეაგირებას არ ახდენდა.

შემთხვევა ბათუმში, 18 ოქტომბერს, საღამოს მოხდა. ბავშვის დედის თქმით, მან 11 და 10 წლის შვილები მამასთან ერთი საათით დატოვა. მშობლები უკვე დაშორებულები არიან და ბავშვებს მამა მხოლოდ შაბათ-კვირას ნახულობდა.

„საღამოს ცხრა საათზე დავტოვე და თერთმეტ საათზე ბიჭმა დამირეკა, „დედიკო სასწრაფოდ მომაკითხეო“. რომ მივედი, ჭიშკართან ფეხშიშველი გამოვიდა, ფეხსაცმელი ხელში ეჭირა. იქ არაფერი უთქვამს. როცა სახლში მივედით და ტანზე გაიხადა, მაშინ შევნიშნე, რომ სასტიკი ნაცემი იყო. ორივე ბეჭი დალურჯებული ჰქონდა, გაწითლებული ჰქონდა შუბლიც. რა მოხდა-მეთქი, ვკითხე. მამაჩემმა იმის გამო მცემა, სკოლა რატომ გააცდინე და აქ რატომ მოხვედიო“.

ცემის კვალი 11 წლის მოზარდის სხეულზე, რამდენიმე დღის შემდეგაც შეიმჩნევა
ცემის კვალი 11 წლის მოზარდის სხეულზე, რამდენიმე დღის შემდეგაც შეიმჩნევა

დედის თქმით, ლუკა წინა დღით რაჭაში იყო ექსკურსიაზე, სადაც გაცივდა. „დიდი სიცხე ჰქონდა და მე არ გავუშვი. ბავშვს თავი ტკიოდა საშინლად, როცა მამამისს დაურტყამს, წაქცეულა და თავი კედელზე მიუხეთქებია. ასე სასტიკად ნაცემი რომ ვნახე, სასწრაფო გამოვიძახე, სასწრაფომ კი საპატრულო გამოიძახა. ექიმმა დაწერა, რომ ბავშვი ნაცემია. პოლიციელიც გაგიჟდა, ასეთი ნაცემი რომ ნახა ბავშვი“, – გვიყვება დედა.

ნაცემი ბიჭი და დედა პოლიციის პირველ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ორივე დაკითხეს. „მეც და ბავშვმაც ყველაფერი დავწერეთ. პოლიციელმა მითხრა, „მასეთ რამეებს რატომ წერთ, ბავშვის გამო უნდა დააჭერინოთო?“ – ვუთხარი, რომ ჩემი შვილები ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და მათზე ძალადობას არ ვაპატიებდი“.
დედის თქმით, პოლიციას შემაკავებელი ორდერი არ გამოუწერია. მოძალადე დაკითხვიდან მხოლოდ მე-11 დღეში, ანუ მას შემდეგ დააკავეს, როცა საქმეში „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“ ჩაერთო.

„როცა მივხვდი, რომ რეაგირება არ უნდოდათ, დავუკავშირდი ამ ორგანიზაციის წარმომადგენელს და ვთხოვე დახმარება. ნაცემი ბავშვი რომ ვნახე, მამამისს დავურეკე და ვუთხარი, რატომ სცემე-მეთქი, – მითხრა, ეგ მასაჟია მაგისთვის, უარესი ელოდებაო“. მის მშობლებს რომ არ შეეშალათ ხელი, მოკლავდა ბავშვს ცემისგან“, – გვეუბნება დედა.

დედის თქმით, სასწრაფოს პატრული რომ არ გამოეძახებინა, თვითონ არ აპირებდა შეტყობინების გაგზავნას: ქმარი მასზე წლების განმავლობაში ძალადობდა, თუმცა პოლიცია სათანადოდ არ რეაგირებდა.

„15 წლის ასაკში დავქორწინდით. ბავშვები ვიყავით. ქორწინებიდან მესამე დღეს დამარტყა. მისმა სიძემ დაინახა და გააფრთხილა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორებულიყო. მაინც მცემდა. სვამდა, მაგრამ როცა ნასვამი არ იყო, მაშინაც მეჩხუბებოდა.

ერთხელ, ჩემი ბიძაშვილის ქორწილიდან რომ დავბრუნდით მე და დედამთილი, ოთახში ჩამკეტა და ისე მცემა, კინაღამ მომკლა. ჩემმა მულმა პატრული გამოიძახა, მაგრამ აივნიდან გადახტა. პოლიციას არც მოუძებნია და არც შემაკავებელი ორდერი გამოუწერია. ბოლოს დანა მომიქნია“, – გვეუბნება ქალი და სხეულზე ჭრილობისგან დარჩენილ შრამს გვაჩვენებს.

„დანაც აქვს დარტყმული ჩემთვის, ჩანგალიც, ჭიქაც აქვს ნასროლი და ბევრჯერაც შეურაცხმყო, მაგრამ ვპატიობდი. ბავშვს ადრეც სცემდა, მაგრამ ასე სასტიკად არა“.

დედის თქმით, მამამ ბავშვზე ორი წლის წინაც იძალადა: „ახალი წლის ღამე იყო, ბავშვმა ტელეფონი დაუბლოკა შემთხვევით და ისე სცემა, შიშისგან ჩაისველა ბიჭმა. სკოლაში მითხრეს, ბავშვი შეცვლილიაო. გულჩათხრობილი გახდა. მასწავლებელმა მითხრა, „შტეფცელში“ მაკრატელი ჩატენა, ბეწვზე მივუსწარითო. ბავშვები წლებია საკუთარი თვალით უყურებდნენ როგორ მცემდა მათი მამა“.

ქალი ქმარს სამი წელია რაც დაშორდა, თუმცა ოფიციალურად ჯერ არ განქორწინებულან. იგი ამბობს, რომ უნდა მისი შვილები მამის ძალადობისგან სახელმწიფომ დაიცვას და მოძალადემ კანონის წინაშე აგოს პასუხი.

დედის თქმით, ბავშვებს ფსიქოლოგის დახმარება ესაჭიროებათ, თუმცა ჯერ არავინ გამოხმაურებია.

იმ შემთხვევაში თუ მამაკაცს ჩადენილი დანაშაული დაუდასტურდება, კანონის მიხედვით, პირობითი მსჯავსი, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან თავისუფლების აღკვეთა ელოდება.

11 წლის შვილზე მოძალადე მამას, სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით  5000 ლარიანი გირაო შეუფარდა, წინასწარი პატიმრობის ნაცვლად.

შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში იანვრიდან აგვისტოს  პერიოდში ოჯახში ძალადობის 1894 შემთხვევაა გამოვლენილი.

ხულოში თოვს

31 ოქტომბერს საღამოს საათებიდან ხულოს მუნიციპალიტეტში თოვს. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით თოვლის საფარი ამ დროისათვის გოდერძის უღელტეხილზე 30 სმ-ს, მაღალი ზონის სოფლებში 10-15 სმ-ს, ხოლო დაბის ტერიტორიაზე 1-2 სმ-ს მიაღწია.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით საავტომობილო მიმოსვლა სოფლებში არ შეფერხებულა და გზა გაწმენდილია გოდერძის უღელტეხილზეც.

გვიან ღამით ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდა საციხურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებს, აგრეთვე ირემაძეებს და ბოღაურს. აღნიშნულ სოფლებში უკვე აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროისათვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია აგარა, დანისპარაული და შუასოფელი, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები და გამგეობის ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება აღნიშნულ სოფლებსაც მალე აღუდგებათ .

ფოტო ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფეისბუქგვერდიდან
ფოტო ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფეისბუქგვერდიდან
ფოტო ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფეისბუქგვერდიდან
ფოტო ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფეისბუქგვერდიდან

„ენერგო პრო-ჯორჯიას“ ცნობით 1400 აბონენტს ელექტროენერგია შეეზღუდება

„ენერგო პრო – ჯორჯიას“ ინფორმაციით,  დღეს 1 ნოემბერს, ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1400 აბონენტს.

ზემო აჭარის რაიონის სოფლებში ხიხაძირი, წაბლანა და კვატია. 2 ნოემბერს 11:00-დან 15:00 საათამდე,  400 აბონენტს ბათუმში, –  საცხოვრებელ კომპლექს „მაგნოლიაში“  და „პროგრესში“.

ბავშვების რა უნარებს უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება

ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა საქართველოში უკვე 7 წელია მუშაობს, თუმცა პროგრამაში ბენეფიციართა რაოდენობა შეზღუდულია. სპეციალისტების შეფასებით, არსებული ბიუჯეტი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას. 2010 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საქართველოში განვითარების პრობლემა 2 წლის ასაკის ბავშვთა 8,5%-ს, ანუ 25 000 ბავშვს აღენიშნება. ვის კომპეტენციაშია ბავშვის განვითარების შეფასება, რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება და რა ასაკში „ბათუმელებს“ აბილიტაციისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ინგა ზარანდია ესაუბრა.

ქალბატონო ინგა, ხშირად ბავშვის განვითარებაში მხოლოდ ფიზიკურ განვითარებას მოიაზრებენ. რას გულისხმობს ბავშვის ადრეული განვითარება და რას ნიშნავს მისი შეფერხება?

ბავშვის ადრეული განვითარება 0-დან 3 წლამდე ასაკს მოიცავს და გულისხმობს მოტორული, კოგნიტური (შემეცნება), სოციალური უნარების, მეტყველების განვითარებას, ასევე თვითმოვლის ისეთი უნარების განვითარებას როგორიცაა ჭამა, დაბანა, ჩაცმა-გახდა, ტუალეტის უნარ-ჩვევები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ 0-დან სამ წლამდე ასაკი არის კრიტიკული პერიოდი განვითარებისთვის, რადგან ამ დროს ბავშვის თავის ტვინი ყველაზე ბევრს ითვისებს. სწორედ ამ ასაკში არის საჭირო ბავშვის განვითარების მაქსიმალური სტიმულირება ყველა სფეროში.

განვითარების შეფერხება გულისხმობს, რომ ბავშვს აქვს გარკვეული სპეციფიური მდგომარეობა, მაგალითად, როგორიცაა დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, აუტიზმის სპექტრის აშლილობა ან სხვა. ამ მდგომარეობების დროს ბავშვებს სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა ტიპის სირთულე აქვთ, თუმცა შესაძლოა ბავშვს არ ჰქონდეს სპეციფიკური მდგომარეობა და დიაგნოზი, მაგრამ ჰქონდეს ერთ ან რამდენიმე სფეროში შეფერხება, მაგალითად, მხოლოდ მეტყველებასთან დაკავშირებული, ან მხოლოდ მოტორიკასთან დაკავშირებული პრობლემები.

ვინ აფასებს ბავშვის განვითარებას და რა როლი აქვს ამაში პირველადი ჯანდაცვის რგოლს?

განვითარებულ ქვეყნებში პედიატრი და ზოგადად პირველადი ჯანდაცვის რგოლი აკეთებს ადრეულ ასაკში ბავშვის გეგმიურ სკრინინგულ შეფასებებს და ახდენს საჭიროებების ადრეულ იდენტიფიცირებას. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პედიატრებს ამის ვალდებულება არ აქვთ, ამიტომაც არის, რომ სამი წლის ასაკამდე ნაკლებია მომართვიანობა და გადმომისამართება ხდება არა გეგმიური სკრინიგული შეფასების საფუძველზე, არამედ, მაშინ, როცა შეამჩნევს მშობელი ან პედიატრი ბავშვს რაიმე ნიშანს. თუმცა ფაქტია, რომ ბოლო წლებში გაიზარდა მომართვიანობა პირველადი ჯანდაცვის რგოლიდან. შესაძლოა იმის გამოც, რომ მათ ნაწილს ტრენინგები უტარდება ამ მიმართულებით. ჩვენთან, ადრეული განვითარების პროგრამაში, ბავშვები ძირითადად დიაგნოზებით ხვდებიან. თუ დიაგნოზი არ აქვს ბავშვს, მაგრამ აქვს ერთ სფეროში შეფერხება, მაგალითად, არ მეტყველებს ან აქვს სოციალურ უნარებთან დაკავშირებული პრობლემები ან სხვა – ამ შემთხვევაში ნაკლებად ხდება რეფერირება.

ბავშვების საჭიროებების განსაზღვრა (არა დიაგნოსტირება) სწორედ ადრეული განვითარების პროგრამის პროვაიდერ ცენტრებში ხდება, სადაც გვაქვს სტანდარტიზებული შეფასების ინსტრუმეტები (კითხვარები) და გვყავს ისეთი სპეციალისტები, როგორიცაა: ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ადრეული განვითარების სპეციალისტი, რომელთა უშუალო კომპეტენციაა განვითარების შეფასება და ჩარევა საჭიროების შემთხვევაში.

რამდენად არიან მშობლები ინფორმირებული ბავშვის განვითარების ეტაპების შესახებ? რამდენად ხშირად რჩებათ ყურადღების მიღმა განვითარების შეფერხების ესა თუ ის ნიშანი?

წლების წინ მომართვიანობა იყო ძირითადად 5-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებზე, დღეს მომართვიანობა დაიწყო სამ წლამდე და ხშირად წლამდე ასაკის ბავშვებზეც. ინფორმირებულობა ბავშვის განვითარების შესახებ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საკმაოდ გაიზარდა, ადრეული განვითარების პროგრამამაც შეიტანა ამაში წვლილი, მაგრამ ამ მხრივ ცნობიერება მაინც დაბალია. ყველაზე ხშირად მოგვმართავენ მეტყველების პრობლემით, ალბათ იმიტომ, რომ ეს ყველაზე მეტად არის შესამჩნევი, მაგრამ მანამ სანამ ბავშვი მეტყველებას დაიწყებს, საკმაოდ ბევრი უნარი უნდა განვითარდეს, რაც ხშირად რჩებათ ხოლმე ყურადღების მიღმა.

როდის უნდა იეჭვოს მშობელმა, რომ ბავშვს აქვს განვითარების პრობლემა, საყურადღებო ნიშნები რომ ჩამოთვალოთ – რა ასაკში და რა უნარებს უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება?

ყველა სფეროში, სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა რამ არის წამყვანი. ჩვენ ვამბობთ 0-დან 3 წლამდე ასაკს, მაგრამ აქ შესაძლოა ყოველი ორი თვე იყოს ახალი ასაკობრივი ეტაპი ბავშვისთვის. შესაძლოა განვითარების შეფერხებასთან გვქონდეს საქმე იმ შემთხვევაში თუ ბავშვი აგვიანებს ასაკის შესაბამისი უნარების გამოვლენას, კერძოდ, თუ 1 თვემდე ბავშვი არ რეაგირებს ხმაზე, არ წოვს ან ყლაპავს, არ ამყარებს თვალით კონტაქტს მომვლელთან, ხელში აყვანის დროს არ მშვიდდება, თუ 4 თვემდე ასაკში ღიმილზე ღიმილით არ რეაგირებს, ობიექტებს არ აყოლებს თვალს, თავს არ აბრუნებს მოძრავი ობიექტებისკენ, არ იწვდის ხელს სათამაშოს გამოსართმევად, თავს არ წევს მუცელზე წოლისას, თუ 8 თვის ასაკში არ ეძებს დამალულ ნივთს, არ იღებს ნივთებს პინცეტისებურად თითებით, ვერ ზის დამოუკიდებლად, არ ინტერესდება ახალი ხმებით, თუ 12 თვემდე ასაკში ბავშვი არ იმეორებს მარტივ ბგერებს, არ ინტერესდება ილუსტრაციებით, არ რეაგირებს კითხვებზე, არ შეუძლია სიტყვების მნიშვნელობის გაგება, არ აქვს მცდელობა ჭამოს დამოუკიდებლად, არ გვეხმარება ჩაცმა-გახდის დროს ხელისა და ფეხის აწევით, თუ 2 წლის ასაკის ბავშვი არ საუბრობს ორსიტყვიანი ფრაზებით, ვერ ახდენს ნაცნობი ობიექტების იდენტიფიცირებას, ვერ დადის, არ ითხოვს საგანს დასახელებით, დამოუკიდებლად ვერ ადის და ჩადის კიბეზე, არ ცდილობს სირბილს, არ ინტერესდება როცა რაიმეს უკითხავენ, ვერ აშენებს კოშკს კუბიკებით, თუ 3 წლის ასაკში ვერ ჭამს დამოუკიდებლად, ვერ იხდის დამოუკიდებლად, არ აქვს ტუალეტის უნარ-ჩვევები, არ ინტერესდება სხვა ბავშვებთან თამაშით, ვერ ითვლის სამამდე, ვერ ჭრის მაკრატლით – შესაძლოა ეს იყოს სასიგნალო ნიშნები დაკავშირებული განვითარების შეფერხებასთან ერთ ან მეტ სფეროში და საჭირო გახდეს შესაბამისი სპეციალისტის ჩარევა.

ტიპიური განვითარების ბავშვებს ყველაზე ხშირად განვითარების რა სფეროში აქვთ პრობლემა?

სოციალური უნარ-ჩვევები – ეს შეიძლება იყოს სათამაშოს გაზიარება, თხოვნა, რომ მისცენ ნივთი, მადლობის გადახდა, რიგის და ჯერის დაცვა თამაშის დროს, კონფლიქტების კონსტრუქციული გზით მოგვარება. ხშირად ბავშვებმა არ იციან ურთიერთობა, არ იციან როდის როგორ მოიქცნენ, რადგან სოციალური ურთიერთობების მწირი გამოცდილება აქვთ, ვინაიდან, სამწუხაროდ, ბავშვები ძალიან დიდ დროს ატარებენ გაჯეტებთან, ტელევიზორთან და ნაკლებს მშობლებთან, თანატოლებთან. არის შემთხვევები, როცა ბავშვი აბსოლუტურად ვერ დებს მნიშვნელობას იმაში, რასაც ხედავს, მაგრამ დიდ ხანს ზის ტელევიზორთან, რადგან ვიზუალური სტიმულები ართობს მას. მნიშვნელოვანია, რომ გაჯეტებთან ურთიერთობა მაქსიმალურად იქნეს შემცირებული და მხოლოდ მიზანმიმართულად და შეზღუდული დროით იქნას გამოყენებული, სანამ ბავშვი ამეტყველდება, სასურველია ჩავურთოთ ტელევიზორი მხოლოდ მშობლიურ ენაზე.

რამდენად ხშირია მშობლების მხრიდან სტერეოტიპული დამოკიდებულება ბავშვის განვითარების შეფერხებასთან დაკავშირებით?

ბოლო წლებში მსგავსმა ტენდენციებმა იკლო, ვინაიდან საზოგადოების დამოკიდებულება შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებით უფრო ჯანსაღი გახდა, რაც შეიძლება მოიტანა ინკლუზიურმა განათლებამაც. ბავშვები, რომლებსაც აქვთ შეზღუდული შესაძლებლობები, სწავლობენ ჩვეულებრივ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში და აღარ არიან სპეციალიზებული სკოლებისა და დაწესებულებების ბენეფიციარები, მედიამაც შეასრულა გარკვეული როლი, საზოგადოება მეტად ტოლერანტული გახდა და ეს გავლენას ახდენს მშობლებზე. გარდა ამისა, გაიზარდა სერვისებზე ხელმისაწვდომობაც, მშობლები ადრეული ასაკიდანვე რთავენ ბავშვებს ადრეული განვითარების პროგრამაში და შესაბამისად მათი ცნობიერება ბავშვის მდგომარეობის მიმართ უფრო ტოლერანტულია. ამ მიმართულებით, მკვეთრად არის მდგომარეობა შეცვლილი, თუმცა მაინც არის გარკვეული სტერეოტიპული დამოკიდებულება და სტიგმები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ.

„ნონა“ ევროპის ჩემპიონატის სამზადისში

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სპორტსკოლაში მოჭადრაკეები ვარჯიშობენ. ამ მისამართზე მდებარეობს ბათუმის საჭადაკრო კლუბი „ნონა“, ევროპის ორგზის ჩემპიონი. აქ, კლუბის ხელმძღვანელების თქმით, 250-ზე მეტი ბავშვი სწავლობს ჭადრაკის თამაშს.

საჭადრაკო კლუბი "ნონას" წევრები. ფოტო: chessbatumi.ge
საჭადრაკო კლუბი “ნონას” წევრები. ფოტო: chessbatumi.ge

სექტემბრის ბოლოს საჭადრაკო კლუბი „ნონა“ საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, ახლა კი მოჭადრაკეები ევროპის ქალთა საკლუბო ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც სერბეთში გაიმართება 5-13 ნოემბერს. ზედიზედ ორი წელია „ნონა“ ამ ჩემპიონატის გამარჯვებულია და გუნდი ახლაც ამ ტიტულის შესანარჩუნებლად ემზადება. ამჟამად მოჭადრაკეები თბილისში გადიან მომზადებას. უკვე ცნობილია გუნდის შემადგენლობა: „ნონას“ პირველი დაფა 29 წლის ნანა ძაგნიძე იქნება, რომელსაც „ფიდეს“ რეიტინგში, მოქმედ მოჭადრაკეებში, მე-13 ადგილი უკავია ქალთა შორის მსოფლიო მასშტაბით. ნანა, ისევე როგორც „ნონას“ კიდევ ერთი მოჭადრაკე ბელა ხოტენაშვილი, თბილისიდანაა. გუნდის დანარჩენი წევრები კი ბათუმელი მოჭადრაკეები არიან: ნინო ბაციაშვილი, მირანდა მიქაძე და სალომე მელია.

„ჩვენ ვართ ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ორგზის ჩემპიონები და ასევე მოქმედი ჩემპიონები“, – ამბობს გიორგი ჭატურია, საჭადრაკო კლუბ „ნონას“ დირექტორი – „თუ ამ შედეგებს შევინარჩუნებთ და „ნონა“ მესამედ გახდება ჩემპიონი, ეს იქნება ჩვენი დიდი გამარჯვება. ევროპის ქალთა საკლუბო ჩემპიონატი ჭადრაკში, ფაქტობრივად, არის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, რადგან მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი არ არსებობს და საუკეთესო მოჭადრაკეები აქ იყრიან თავს – გუნდებს შეუძლიათ მოჭადრაკეების დაქირავება. ყველა ეროვნულ ნაკრებს აქვს თავისი ნაკლი – ნაკრებში ყველა ერთნაირად ძლიერი ვერ იქნება, მაგრამ აქ სხვა სიტუაციაა, ქირაობ და მოგყავს ყველაზე ძლიერი“.

„ნონას~ მთავარი კონკურენტი წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, მონაკოს საჭადრაკო კლუბი „მონტე კარლო~ იქნება – ევროპის ქალთა საჭადრაკო ჩემპიონატის ხუთგზის გამარჯვებული, ერთგვარი რეკორდსმენი, სადაც წელს მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკე ქალები თამაშობენ.

„მონაკოს გუნდის პირველი დაფაა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ჰოუ იფანი [ჩინელი მოჭადრაკე, პირველი ნომერი „ფიდეს“ ქალთა მსოფლიო რეიტინგში], გუნდში თამაშობს მარია მუზიჩუკი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა ჰოუ იფანთან შეხვედრის შემდეგ დათმო. დანარჩენი გოგონები არიან ევროპული ნაკრებების პირველი დაფები. ეს ნიშნავს, რომ ყველა დაფაზე თამაშობს პირველი დაფა. მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკე ქალები არიან, ვარსკვლავური გუნდია“, – ამბობს მარიკა ჯაფარიძე, „ნონას“ მენეჯერი და მწვრთნელი.

რა შანსი აქვს „ნონას“ ასეთ მეტოქეებთან? 2014 და 2015 წლებში „მონტე კარლოს~ ბათუმურმა კლუბმა ორჯერ აჯობა საერთო შედეგით და ევროპის ჩემპიონი გახდა, კლუბში ახლაც ოპტიმისტურად არიან განწყობილი. „ვიცით, რომ ეს იქნება ძალიან რთული, მაგრამ ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ“, – ამბობს გიორგი ჭანტურია.

2013 წლიდან საჭადრაკო კლუბ „ნონას“ ბათუმის მერია აფინანსებს. კლუბის დირექტორი ამბობს, რომ ამჟამად 250-ზე მეტი ბავშვი სწავლობს მათ კლუბში ჭადრაკს უფასოდ.

„ბევრი ბავშვი მოდის, ინტერესი დიდია. არიან ბავშვები, რომლებიც მარტო შაბათ-კვირას მოდიან, არიან ბავშვები, რომლებიც მოგვმართავენ თავისი ინიციატივით… და არა მარტო ბავშვები, დიდებიც ვარჯიშობენ ჩვენთან. ერთადერთი სპორტის სახეობა ვართ, რომელიც უსასყიდლოდ ემსახურება ბავშვებს, დიდებს, გადასახადი არ არის არანაირ ეტაპზე. გარდა ამისა, პერიოდულად ვიწვევთ დიდოსტატ მწვრთნელებს ბავშვებთან თამაშების ჩასატარებლად. მაგალითად, ნონა გაფრინდაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. პერიოდულად ჩვენი კლუბის დიდოსტატები, ნინო ბაციაშვილი და სალომე მელია ატარებენ მასტერკლასებს და გუნდურ თამაშებს. გვაქვს გაცვლითი პროექტები, ტურნირები… ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების პრაქტიკისთვის, მათი სტიმულისთვის. ახლა ჩვენთან იმყოფება დავით ჯოჯუა და მწვრთნელებს ამზადებენ, მასტერკლასები ტარდება. შემდგომში გადავამზადებთ სკოლის მწვრთნელებს, რომ სერტიფიკატები აიღონ მასწავლებლებმა“, – ამბობს გიორგი ჭანტურია.

საჭადრაკო კლუბი "ნონას" წევრები. ფოტო: chessbatumi.ge
საჭადრაკო კლუბი “ნონას” წევრები. ფოტო: chessbatumi.ge

საჭადრაკო კლუბ „ნონას“ საკუთარი შენობა არ გააჩნია. კლუბში ამბობენ, რომ მერია მათ ყველანაირად ეხმარება, თუმცა შენობის საკითხი გადაუჭრელი რჩება, ამიტომაც „ნონა“ ჯერჯერობით სპორტსკოლაში ქირაობს ოთახს.

გიორგი ჭანტურია: „მერია ნამდვილად ხელს გვიწყობს და ამის შედეგია ის, რომ კლუბში 250 ბავშვი დადის, ყოველდღიურად გვემატებიან ბავშვები და ადგილიც კი არ არის ფიზიკურად, რადგან შენობა არ გვაქვს. ცდილობენ ამ პრობლემების მოგვარებას, ეძებენ ვარიანტს. იყო რამდენიმე ვარიანტი, უბრალოდ, ჩვენ ჩვენი კუთხითაც ვუდგებით, რადგან კლუბის შენობა საერთაშორისო სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს“.

საჭადრაკო კლუბი "ნონას" წევრები. ფოტო: chessbatumi.ge
საჭადრაკო კლუბი “ნონას” წევრები. ფოტო: chessbatumi.ge

,,ჰელოუინის წვეულება” ბათუმის ამერიკულ კუთხეში

დღეს, 17:00 საათზე, ბათუმის ამერიკული კუთხში ,,ჰელოუინის წვეულება” მოეწყო, რომელშიც ასამდე მოზარდი მონაწილეობდა. წვეულება მოზარდებმა ამერიკელ მოხალისესთან ერთად აღნიშნეს. წვეულების მონაწილე ბავშვები მოხალისე მხატვრებმა სხვადასხვა პერსონაჟებად მოხატეს.

ჰელოუინი ტრადიციულად 31 ოქტომბრის ღამეს, “საშიში” თემატიკის კოსტიუმირებული წვეულებებითა და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებით აღინიშნება.

ამავე თემაზე: „ჰელოუვინი“ და მისი ალტერნატივა ბათუმში

 

ბათუმში Street art -ის ფარგლებში სახელოსნო გაიხსნება

ხვალ, 1 ოქტომბერს 17 საათზე ბათუმში მაზნიაშვლის ქუჩის 47  ნომერში, – პროექტი „Street art“-ის ფარგლებში სახელოსნო გაიხსნება. ინფორმაციას აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით,  სახელოსნოს გახსნის მიზანია თანამედროვე, ახალგაზრდა ფოტოგრაფებისათვის, ილუსტრატორებისათვის და გრაფიკოსებისათვის  შექმნილიყო მარტივი სივრცე, სადაც ისინი სახლიდან გაუსვლელად შეძლებდნენ ქალაქში გამოფენის მოწყობას.

„ასევე თავს გააცნობდნენ საზოგადოებას და მოახდენდნენ თავისივე შემოქმედების გაყიდვას. პროექტის ფარგლებში შექმნილი ,,არტ ბოქსების“, Web გვერდის და სახელოსნო სტუდიის მეშვეობით“.

სამინისტროს ინფორმაციით, სახელოსნო აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, 3D პრინტერით, ლაზერით გრავირებისათვის პროექტორით და სხვა  დამხმარე ხელსაწყოებით.

„დამზადდა სპეციალური საგამოფენო A2 ზომის წყალგაუმტარი, კედელზე მისამაგრებელი თხელი ყუთები, რაშიც განთავსდება არტისტების ნამუშევრები. ,,არტ-ბოქსები“ განთავსებულია ბათუმის ცენტრალურ  უბანში, ხალხმრავალ ადგილას 9 ლოკაციაზე.

პროექტის ფარგლებში ჩაეშვება ვებ გვერდი, რომლის მეშვეობით არტისტები ნახავენ გამოფენების კალენდარს, ექნებათ თავისი ნამუშევრების პორტფოლიო, სახლიდან გაუსვლელად ექნებათ შესაძლებლობა ბაზაში ატვირთონ თავიანთი ნამუშევრები, ასევე მოაწყონ გამოფენები სხვა და სხვა ლოკაციებზე და გაყიდონ“.

ამავე ინფორმაციით, ვებ გვერდზე განთავსდება სპეციალური რუკა,რომლის მეშვეობითაც ყველა მსურველს შეეძლება იპოვნოს ,,არტ-ბოქსები“.

„გამოფენა გაიმართება მინიმუმ თვეში ერთხელ. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნება ონლაინ მაღაზია, სადაც ახალგაზრდა არტისტები გაყიდიან თავიანთ ნამუშევრებს, რომელსაც დაამზადებენ პროექტის ფარგლებში შექმნილ ადაპტირებულ სტუდია სახელოსნოში.“

პროექტი  აჭარის განათლების და კულტურისა სამინისტროს 2016 წლის პროგრამის  – „კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცი“ ფარგლებში,   2016 წლის 1 ივლისიდან 15 დეკემბრის ჩათვლით ხორციელდება.

აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორი: ამბობენ, რომ ბევრია დანიშნული ნეპოტიზმით

მეტი სოციალური პასუხისმგებლობა, მაღალი რეიტინგი, გაზრდილი ნდობის ხარისხი და ბიუჯეტი აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორის პროგრამა მაქსიმუმია. პროფესიით იურისტი ნათია კაპანაძე თანამშრომლებს ასევე ჰპირდება, რომ იზრუნებს თითოეულის კვალიფიკაციის გაზრდაზე. როგორ აპირებს ამ ყველაფრის მიღწევას გასულ კვირას დანიშნული დირექტორი? – ამ და სხვა კითხვებზე ნათია კაპანაძემ „ბათუმელებს“ უპასუხა.

ნათია, რას შეცვლის ახალი დირექტორი აჭარის ტელევიზიაში?

ახალი დირექტორი შეცვლის განვითარების ტემპს. უფრო მეტი აქცენტი იქნება პროგრესზე და ადამიანზე, ადამიანზე – მაყურებელზე და ადამიანზე – დასაქმებულზე.

ახალი სახეები გამოჩნდებიან?

ჩემი სურვილია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უფლების პატივისცემა და ეს არის საავტორო უფლებები. ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი რეჟისორები, პროდიუსერები, რომლებსაც შეუძლიათ წარმოადგინონ საკუთარი იდეა, თუ როგორი უნდა იყოს მათი ახალი გადაცემა. ვფიქრობ, მხარს დავუჭერ ამ იდეებს, რა თქმა უნდა, არსებული მოცემულობიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე. თუკი არ იქნება შიდა რესურსი საკმარისი და გაჩნდება საჭიროება, კარგი პროდუქცია რომ გამოვიდეს, ვიფიქრებდი ახალი სახეების შერჩევაზე, ოღონდ მხოლოდ კონკურსის წესით – როგორც სტაჟირების პროგრამაში, ასევე დასაქმების შემთხვევაში.
რეკრუტირების ან სხვა წესს აჭარის ტელევიზიაში ვერ გამოვიყენებ, რადგან ერთ-ერთი მთავარი ნაკლი, რაც ამ ორგანიზაციას აქვს, ნეპოტიზმია. ამბობენ, რომ ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული ნეპოტიზმით. შეიძლება ვიცით, რომ ჩვენს მეგობრებს აქვთ მაღალი კვალიფიკაცია, კარგი უნარები, მაგრამ მგონი ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ თანაბარი პლატფორმა შევქმნათ. ნებისმიერი პირი მიიღება კონკურსის წესით.

ჭარის ტელევიზიის ზოგიერთი თანამშრომელი შიშობს, რომ თქვენი მისვლით შეიძლება სამსახური დაკარგოს. მეორე მხრივ, არაერთხელ მოგვისმენია იმავე ტელევიზიის თანამშრომლებისგან, რომ არც თუ ისე ცოტა ადამიანი, მათ შორის თანამდებობის პირები, არაფერში იღებენ ხელფასს. რას ეუბნებით მათ – შეინარჩუნებენ სამსახურს?

ასეთ ადამიანებს დაწესებულებებში ქვიათ „უჩინარი“ ადამიანები. მე არ ვიცი რამდენია და ვინ არიან ისინი. დაახლოებით სამ თვეში ალბათ უკვე მექნება პასუხი, არის თუ არა ასეთი ადამიანი ორგანიზაციაში. თუ იქნება, სამი თვის შემდეგ, მას აუცილებლად ექნება მკაფიო ამოცანა და პასუხიმგებლობა.

ტელევიზიას ჰქონდა მცდელობა თანამშრომლები ტესტირება-კონკურსის წესით მიეღო. ჩაატარეს კიდეც კონკურსი, მაგრამ შემდეგ ტელევიზიაში დაბრუნდნენ ის თანამშრომლები, ვინც კონკურსი ვერ გაიარა. აპირებთ ტელევიზიაში კონკურსების-ტესტირებების ჩატარებას, თუნდაც ჟურნალისტებისთვის?

საზოგადოებრივი არხები, მითუმეტეს, აჭარის ტელევიზია ძალიან მყიფეა _ სამი წელია, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი აქვს. ახალი აქცენტებით მუშაობა ჟურნალისტებსაც სულ რაღაც სამი წელია უხდებათ. მანამდეც ახორციელებდნენ ჟურნალისტურ საქმიანობას, იღებდნენ და ავრცელებდნენ ინფორმაციას, მაგრამ განსხვავებულ ფორმატში სამი წელია ამუშავებენ ინფორმაციას. ეს არ არის დიდი დრო. მე, როგორც ახალ დირექტორს, არ მაქვს საწყის ეტაპზე პოლიტიკა, რომ ჩავატაროთ ხელახალი ატესტაცია. ვფიქრობ, კარგი დასაწყისია დიაგნოსტირება, სად გვაქვს პრობლემები. ვთქვათ, ეს არის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მონიტორინგის შედეგი, მარეგულირებელი კომისიის შედეგი, გარე კრიტიკა, `მედიაჩეკერის~ კრიტიკა, ბათუმში მცხოვრები ადამიანების მოსაზრებები. ამ ყველაფრის ანალიზის შემდეგ დაიგეგმება ტრენინგები. ატესტაცია, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფორმაა იმისთვის, რომ დასაქმებულების კვალიფიკაცია გადამოწმდეს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი [პირველი არხი] თავად გეგმავს ატესტაციას. მე ჩართული ვიყავი ამ საკითხებში. დიდია მონდომება, რომ კვალიფიკაციასთან დაკავშირებული საკითხები გადაიხედოს. ვფიქრობ, მომავალში ეს პრაქტიკა დამეხმარება იმაში, რომ ჩვენც ვიფიქროთ ამაზე, მაგრამ საწყის ეტაპზე ასეთი აქცენტები არ გაკეთდება. შევამზადებთ და სათანადო უნარ-ჩვევებით აღვჭურვავთ ადამიანებს. წინასწარ გაცხადდება, რომ საბოლოოდ მივდივართ იქამდე _ თუკი კვალიფიკაციასთან დაკავშირებით დადგება საკითხი და ალბათ დადგება, ადამიანები მზად უნდა იყვნენ ამისთვის.

ერთ-ერთ კომენტარში ამბობთ, რომ გაქვთ სურვილი, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იმუშაოს აჭარის ტელევიზიაში. მეტი კადრის საჭიროება იგულისხმეთ?

ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ საზოგადოებრივ არხებში და საერთოდ საბიუჯეტო ორგანიზაციებში ბევრი ადამიანი მუშაობს და ხშირად ისინი არ ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს. ვფიქრობ, მენეჯერის ამოცანაა გადამოწმოს თითოეული ადამიანი არის თუ არა პასუხიმგებლიანი, კონკრეტული ფუნქციები და პასუხისმგებლობები სწორად არის თუ არა განაწილებული და სრულდება თუ არა სამუშაოები იმ მოლოდინებით, რაც არის გათვალისწინებული.

რაც შეეხება დამოკიდებულებას, რომ უფრო მეტმა ადამიანმა უნდა იმუშაოს არხზე, ვფიქრობ, აჭარის ტელევიზიასა და რადიოს აქვს შესაძლებლობა კიდევ უფრო ძლიერი მედია ორგანიზაცია იყოს. მას შემდეგ რაც დაზუსტდება დასაქმებული კადრების მუშაობის ხარისხი, ვფიქრობ, აქცენტი უნდა გავაკეთოთ გაზრდაზე, ორგანიზაციის გაძლიერებაზე, რაც ალბათ გამოიხატება უფრო კარგი სტაჟირების პროგრამით, კიდევ უფრო მეტი ადამიანის მოზიდვის მცდელობით. ვინც არის დასაქმებული, მათთან ერთად უნდა გავაანალიზოთ რა გვევალება და რა ამოცანებს ვასრულებთ. თუ ვერ ვასრულებთ, რატომ? როცა გვექნება დიაგნოზი, შესაბამისი ტრენინგები უნდა ჩატარდეს.

მე განვითარების მენეჯერის პოზიციაზე ყოფნისას, მომავალი წლისათვის დავგეგმე დაახლოებით ათი ძირითადი ტრენინგი. ეს თანამშრომლების უმრავლესობას პროფესიული უნარების ამაღლების შესაძლებლობას მისცემს. როგორც მთავარ მენეჯერს, ვფიქრობ, როდესაც კიდევ უფრო მეტი წვდომა მექნება ადამიანურ რესურსებზე, შესრულებული სამუშაოების ანალიზზე, დაემატება ტრენინგები უნარჩვევების გასაძლიერებლად. რატომ ვფიქრობ ასე? _ როცა ვუყურებ ასეთ დაწესებულებებს და საზოგადოებრივ არხებს, იქ საუბარია ერთის მხრივ იმაზე, რომ კადრები არის დაბერებული, მაგრამ ის ინსტრუმენტები, რაც არის თანამედროვე მედიაში სამუშაო, მარტივია შესასწავლად; და პირიქით, როცა გაქვს ამის გამოცდილება, ძალიან მარტივია გამოსაყენებლად. ამიტომ ძირითადი აცენტი იქნება თანამშრომლებზე ზრუნვა, თუ გამოიკვეთა კონკრეტული საკითხი, არც სპეციალისტების მოძებნა იქნება რთული.

თქვით, რომ ტელევიზიის ბიუჯეტის გაზრდას გეგმავთ. ფიქრობთ, რომ შეძლებთ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაითანხმოთ უკვე დაწესებული პროცენტის გაზრდაზე?

ვიცი, რომ რაც არის საქართველოს მაუწყელობის შესახებ კანონით გათვალისწინებული, აქედან მინიმუმს რიცხავენ. ეს ახსნეს იმით, რომ აჭარის ტელევიზიასა და რადიოს არ გააჩნია სტრატეგიის დოკუმენტი, არ არის მკაფიოდ გააზრებული ბიუჯეტის საჭიროებები, ბიუჯეტი არ არის მუხლობრივი და არ მოიცავს ახსნა-განმარტებებს _ შესაბამისი დასაბუთება არ აქვს. ვაპირებ შევიმუშავო მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიები.

თქვენ დასვით კითხვა „უჩინარ“ ადამიანებზე. ამოცანების შესრულების ხარისხთან დაკავშირებით, პროცენტულობასთან დაკავშირებით, აუცილებლად ვიმუშავებთ მრჩეველთა საბჭოსთან – ამაზე გვექნება ძირითადი აქცენტები. შეკითხვებს ექნება არგუმენტირებული პასუხები. ვფიქრობ, შემცირდება ეჭვები და კრიტიკული დამოკიდებულება. მე მაქვს მოლოდინი, რომ ეს აისახება კიდეც ბიუჯეტზე. ამის საჭიროება ნამდვილად არის ორგანიზაციაში, თუმცა მე მაქსიმალურად უნდა დავასაბუთო ხარჯების აუცილებლობა.

როგორ ფიქრობთ, დღეს აჭარის ტელევიზია, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოების დაკვეთას პასუხობს? თუ ამ კუთხით რაიმე არის შესაცვლელი?

ჩვენ ვეყრდნობით რეიტინგის შედეგებს. დიდი ხანი არ არის, რაც რეიტინგების დაკვეთა დაიწყო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ. ამ დრომდე საზოგადოებრივ არხებში დასაქმებული ადამიანები ფიქრობდნენ, რომ რეიტინგი არ არის განმსაზღვრელი და მთავარია ნდობა. თუმცა, რა თქმა უნდა, ნდობის კოეფიციენტი არის ისევ და ისევ რეიტინგი.
დღევანდელი რეიტინგის მაჩვენებლით ვერ ვიტყვით, რომ საზოგადოების ნდობას და ყურადღებას იმსახურებს არხი, ვერ ვიტყვით, რომ ვიდეოებს ან მასალებს, რომლებიც განთავსებულია, ძალიან დიდი ნახვები აქვს. აქცენტს ვაკეთებ არამხოლოდ სატელევიზიო რეიტინგზე, არამედ ელექტრონულ მედიაში, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე.
თუნდაც ერთი სლოგანი, ჩვენ ვმუშაობთ საზოგადოებისთვის, აბსოლუტურად ცვლის მოცემულობას. როდესაც დავაზუსტებთ იმას, რომ თითოეული ჩვენთაგანის სამუშაო კომპიუტერი შეძენილია მოქალაქეების მიერ, გათბობის სისტემა დამოკიდებულია ადამიანების გადასახდებზე, რომელსაც ისინი ჯიბიდან იღებენ და ამას ერთმანეთს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, ვფიქრობ, სოციალური პასუხიმგებლობა წინ თავისთავად წამოიწევს.

„ჰელოუვინი“ და მისი ალტერნატივა ბათუმში

Halloween -ი კოსტიუმირებული წვეულებაა, რომელიც 31 ოქტომბრის ღამეს აღინიშნება. დღესასწაული ძირითადად დასავლეთშია გავრცელებული, თუმცა ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც აღნიშნავენ.  ჰელოუინთან არის დაკავშირებული  განათებული გოგრებიც, რომელსაც  პირი, თვალები და ცხვირი აქვს ამოჭრილი.  წვეულების მონაწილეები სახეს იხატავენ და მათთვის სასურველი პერსონაჟების კოსტიუმებს იცვამენ. სხვადასხვა წყაროს ცნობით, „ჰელოუვინი“ უძველესი დღესასწაულია, რომელიც ძველი კელტების ტრადიციიდან მოდის და მასში ბოროტი სულების შელოცვისა და მათი განდევნის შინაარსია ჩადებული.

„ჰელოუვინი“ ბათუმში. ბარი „error 404“ -ში
„ჰელოუვინი“ ბათუმში.
ბარი „error 404“ -ში

„ჰელოუვინის“ აღნიშვნის ტრადიცია საქართველოშიც იკიდებს ფეხს. მართლმადიდებელი ეკლესია მის წევრებს ურჩევს რომ არ აღნიშნონ ეს დღესასწაული, რადგან ის ქრისტიანობას არ უკავშირდება. თუმცა, გარკვეულ წრეებში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში კოსტიუმირებული წვეულება მაინც პოპულარული ხდება.

„ჰელოვინი“ ბათუმში. ბარი „ერრორ 404“.
„ჰელოვინი“ ბათუმში.
ბარი „ერრორ 404“.

რესტორან „დელირიაში“  გვეუბნებიან, რომ წელს პირველად, „ჰელოუვინის“ ალტერნატიული წვეულების, – „ხაპლუინის“  გამართვას აპირებენ და მას ტრადიციული სახე ექნება. „რაც ეს რესტორანი გავხსენი, სულ მეკითხებოდნენ, გაიმართება თუ არა თქვენთან „ჰელოუვინი“ რომ მაგიდები დავჯაშნოთო.

კაფე „დელირია“ / ხაპლუინი. ფოტო: თორნიკე თავაძე
კაფე „დელირია“ / ხაპლუინი.
ფოტო: თორნიკე თავაძე
კაფე „დელირია“ / ხაპლუინი. ფოტო: თორნიკე თავაძე
კაფე „დელირია“ / ხაპლუინი.
ფოტო: თორნიკე თავაძე

ვერ ჩამოვყალიბდით, გაგვეკეთინა თუ არა „ჰელოუვინი“, რადგან ჯერ ახალი გახსნილი ვართ და სახელიც რაღაც ტრივიალური მეჩვენა. არც ჩვენი დღესასწაულია, ამიტომ გადავწყვიტეთ ხაპები ამოგვეჭრა, გაგვეფორმებინა, შემოდგომის ნობათიც მიგვეწყო გვერდზე და „ხაპლუინი“ მოგვეწყო. ანუ გოგრების ფესტივალივით. დღეს გვექნება გოგრის კექსი სტუმრებისთვის უფასოდ და ცოცხალი მუსიკა“- გვეუბნება რესტორნის მეპატრონე ნინო გაბუნია.

კაფე „დელირია“ / ხაპლუინი. ფოტო: თორნიკე თავაძე
კაფე „დელირია“ / ხაპლუინი.
ფოტო: თორნიკე თავაძე

ნინო გაბინიას თქმთ, „ხაპლუინზე“ მისულ სტუმრებს სახეს რესტორანში მოუხატავენ. „მხატვრები მოვიწვიეთ. თუ ამინდი მოგვცემს საშუალებას კოცონსაც ავანთებთ.“

კაფე „დელირია“ / ხაპლუინი. ფოტო: თორნიკე თავაძე
კაფე „დელირია“ / ხაპლუინი.
ფოტო: თორნიკე თავაძე

 

ვინ იქნებიან ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები

2016-2020 წლების მოწვევის აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიით „ქართული ოცნების“ 8 დეპუტატი ეყოლება. ესენი არიან:

  1. დავით გაბაიძე [აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი]
  2. ირაკლი ჭეიშვილი [ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე]
  3.  ცოტნე ანანიძე [აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილე, პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი]
  4. დავით თედორაძე [ბათუმის საკრებულოს წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან]
  5. ვლადიმერ მგალობლიშვილი [აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე]
  6. დავით ბაციკაძე [აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი]
  7. ნინო ჩხეტია [პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი აჭარის რადიოში]
  8. გიორგი მანველიძე [ქართული ოცნება]

ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოში „ქართულ ოცნებას“ 6 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება. ესენი არიან:

  1. ნუგზარ სურმანიძე [აჭარის ჯანდაცვის ყოფილ იმინისტრი – ბათუმი];
  2. ვახტანგ წულაძე, აჭარისგარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ყოფილი უფროსი [ბათუმი];
  3. ილია ვერძაძე პროფკავშირების თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე[ბათუმი];
  4. მერაბ კარანაძე [ხელვაჩაური];
  5. გიორგი რომანაძე, აჭარისსაგზაო დეპარტამენტის უფროსი [ქობულეთი];
  6. ხვიჩა შარაშიძე, ბიზნესმენი [მაღალმთიანი აჭარა].

აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიით „ნაციონალურ მოძრაობას“ 5 დეპუტატი ეყოლება. ესენი არიან:

  1. ლევან ვარშალომიძე – აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე;
  2. პეტრე ზამბახიძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი;
  3. გია აბულაძე – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი;
  4. გიორგი დიასამიძე – ბათუმის მერობის კანდიდატი [ენმ] 2014 წლის არჩევნებზე;
  5. ელგუჯა ბაგრატიონი – ქობულეთის საკრებულოს წევრი;

იმ შემთხვევაში თუ ლევან ვარშალომიძე უარს იტყვის უმაღლეს საბჭოში შესვლაზე, მაშინ მას ჩაენაცვლება სიის მომდევნო ნომერი ასმათ დიასამიძე, რომელიც ბოლო ორი მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო.

უმაღლეს საბჭოში თითო დეპუტატი ეყოლებათ ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობას“  და დავით თარხან-მოურავის „პატრიოტთა ალიანსს“. „პატრიოტთა ალიანსის“ სიის პირველმა ნომერმა დავით თარხან-მოურავმა უკვე უარი განაცხადა აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზე. შესაბამისად, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იქნება პატრიოტთა ალიანსის სიის მეორე ნომერი, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი.

აჭარის უმაღლეს საბჭოს დეპუტატი იქნება გიორგი ცინცქილაძეც –  ნინო ბურჯანაძის პარტიის სიის პირველი ნომერი და ბათუმის საკრებულოს მოქმედი წევრი.

აჭარის უმაღლეს საბჭოს სულ 21 წევრი ჰყავს.

 

გემთწამყვანის სპეციალობაზე აბიტურიენტები უცხო ენის გამოცდას მხოლოდ ინგლისურ ენაზე ჩააბარებენ

ბათუმის საზღვაო აკადემიის 2017  წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩამონათვალში  ცვლილებაა. კერძოდ,  ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე  – „საზღვაო ნავიგაცია“ (იგივე გემთწამყვანი სპეციალობა) ჩარიცხვის მსურველი აბიტურიენტი უცხო ენის გამოცდას მხოლოდ ინგლისურ ენაზე ჩააბარებს.

წინა წლებში აბიტურიენტს ჰქონდა უცხო ენის არჩევის შესაძლებლობა ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებს შორის.

გემთწამყვანის სპეციალობაზე ოთხი გამოცდა ბარდება: ქართული ენა და ლიტერატურა; ზოგადი უნარები; ინგლისური ენა; მათემატიკა ან/და გეოგრაფია.

საზღვაო აკადემიის განცხადებით, ყველა სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ენათა არჩევითი ბლოკი ძალაში რჩება. რაც გულისხმობს, რომ აბიტურიენტი ირჩევს ოთხი ენიდან (ინგლისური ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა, რუსული ენა) ერთ-ერთს.

როგორ დათვალეს ხმები “მანდარინების უბანზე”

ბათუმის 79-ე ოლქის 63-ე უბანზე შემაჯამებელ ოქმში ბალანსი ვერ მიიღეს. ეს ის უბანია, სადაც დღის განმავლობაში რამდენიმე მარკირებაგავლილმა ამომრჩეველმა სცადა ხმის მიცემა. უბანზე მისულმა ოლქის წარმომადგენელმა კი თქვა, რომ მარკირების აპარატი მანდარინის სითხესაც აფიქსირებს.

კომისიის მონაცემებით, უბანზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 478. იმისთვის, რომ ბალანსი გასწორებულიყო, კომისიის მდივანმა და თავმჯდომარემ შემაჯამებელი ოქმში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა სპონტანურად გაზარდეს. მაგალითად, უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემაჯამებელ ოქმში 19 ბათილი ბიულეტენის ნაცვლად, ოქმში ჩაიწერა – 48, ხოლო პარლამენტის ოქმში 16 ბათილი ბიულეტენის ნაცვლად ჩაწერა  35. გარდა ამისა, ბათილი ბიულეტენების რაოდენობას კომისიის მდივანმა გამოყენებელი ბიულეტენების რაოდენობაც მიუმატა. შემაჯამებელ ოქმს კომისიის ყველა წევრმა ისე მოაწერა ხელი, რომ შეუსაბამობა არავის გაუპროტესტებია. ოქმის შედგენამდე კომისიის მდივანს საბოლოო მონაცემები არ შეუტანია სადემონსტრაციო ოქმშიც.

შემაჯამებელი ოქმის ასლების მოწოდების შემდეგ, უბანზე “ბათუმელებმა” კომისიის წევრებს დაუსვა შეკითხვა, როგორ გაიზარდა ბათილი ბიულეტენების რაოდენობა. იმის მიუხედავად, რომ დათვლილი ციფრების რაოდენობა შემაჯამებელი ოქმის გარდა არსად დაფიქსირებული არ იყო და ბიულეტენებიც უკვე დალუქული იყო, კომისიას არ უარყვია ბათილი ბიულეტენების რაოდენობის ხელოვნური ზრდა. ოლქთან სატელეფონო კონსულტაციების გავლის შემდეგ, უბანზე ხელმოწერების და ბიულეტენების ხელახლა გადათვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

mandarinebi 2

ამომრჩეველთა ხელმოწერების ხელახლა გადათვლის პროცესში უბანზე ოლქის წარმომადგენლები მოვიდნენ. კომისია საბოლოოდ შეთანხმდა, რომ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არასწორად იყო დათვლილი. ხმების დათვლის პროცესს აკვირდებოდა აჭარის ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ნინო ჩხეტია. ამ უბნის შედეგებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “სამართლიანი არჩევნები” დღეს  სწავლობენ.

 

შევა თუ არა ლევან ვარშალომიძე უმაღლეს საბჭოში

„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში და აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე, დღეს 31  ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ  არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ გადაწყვეტს, შევა თუ არა უმაღლეს საბჭოში.

„ჩვენ ვმუშაობთ იმ დარღვევებზე, რომელიც იქნა დაფიქსირებული აჭარის ბევრ  უბანზე. 80-ზე მეტი საჩივარია დაწერილი. კანონმდებლობის მიხედვით, ხვალ 18:00 საათამდე გვაქვს უფლება, რომ ოლქებში გავასაჩივროთ. ამიტომ, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა გზას, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ თუ რა ხდებოდა საარჩევნო უბნებზე და საარჩევნო პროცესში.

ბრძოლა გრძელდება, რომ დავიცვათ თითოეული ჩვენი ამომრჩევლის ხმა. დარღვევები იყო მარკირებასთან დაკავშირებით, გაგვახსენეს ძველი პერიოდი, როცა შუქი ქრებოდა. ბევრი ფაქტი იყო ხელვაჩაურში შუქის ჩაქრობის, მთიანი აჭარა მთლიანად იყო პარალიზებული რამდენიმე საათით და შემდეგ სოფელ-სოფელ  აქრობდნენ შუქს“.

ლევან ვარშალომიძე ამბობს, რომ დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას? ლევან ვარშალომიძე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია არჩევნების საბოლოო შედეგების შემდეგ გახდება ცნობილი.

„აუცილებლად გეტყვით ჩვენს გადაწყვეტილებას, ამისთვის ველოდებით შედეგების ოფიციალურ შეჯამებას“.

აჭარის უმაღლეს  საბჭოში შესვლას არ აპირებს, „პატრიოტთა ალიანსის“ სიის პირველი ნომერი დავით თარხან-მოურავი. მის ნაცვლად, უმაღლეს საბჭოში, საარჩევნო სიის მეორე ნომერი, ზაზა ოქუაშვილი შევა.

გარდაცვლილის საქმე, რომელშიც ქობულეთის გამგებელი ფიგურირებს

„ხელმეორედ მომიკლეს შვილი… ვერსად ვნახე სამართალი,“ –  ეს თემურ მგალობლიშვილმა გვითხრა. ის გიორგი მგალობლიშვილის მამაა, რომელიც გასული წლის 9 სექტემბერს ქობულეთში ელექტროსადენებთან კონტაქტის შედეგად გარდაიცვალა. 24 წლის გიორგი ქობულეთის გამგეობაში მუშაობდა ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარ სპეციალისტად. მას დავალების შესრულება ქობულეთის გამგებელმა სთხოვა. გიორგი რუსთაველის ქუჩაზე სატვირთო მანქანიდან დატვირთული ბორდიურების ამწით ჩამოტვირთვის დროს დაიღუპა.

სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევაზე გამოძიება გიორგი მგალობლიშვილის გარდაცვალებისთანავე, 9 სექტემბერს დაწყებულა. გამოძიება დაახლოებით თვენახევარში, 30 ოქტომბერს შეწყდა, თუმცა ამის შესახებ გიორგის ოჯახმა შვიდი თვის შემდეგ გაიგო. „გამომძიებელმა რომ დამკითხა, მერე აღარ მინახავს. პოლიციაში და ქობულეთის გამგეობაშიც მეუბნებოდნენ, მიმდინარეობს ძიება და ყველაფერი გაირკვევაო… ვეუბნებოდი, ყველაფერს ავიტან, ოღონდ ისევ ჩემს შვილს ნუ დააბრალებთ ყველაფერს, თავიდან ნუ მომიკლავთ-მეთქი. მაისში შემახვედრეს პროკურორს და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ჩემი შვილისთვის შეუხოციათ.

არადა ჩემს შვილს არ ევალებოდა ბორდიურების ჩამოცლა, მას არც ძაბვის გამორთვა შეეძლო,“ – გვიყვება თემურ მგალობლიშვილი.

მაისამდე თემურ მგალობლიშვილს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის“ მიუმართავს დახმარებისთვის. ამის შემდეგ, საქმის პროკურორმა, ადილარ წირღვავამ მხარეს შვიდი თვის წინ ხელმოწერილი დადგენილებაც აჩვენა – „სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ“. პროკურორი ძირითადად ექსპერტიზის დასკვნას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო. იგივე დადგენილება ემყარება ამწეს მძღოლის ჩვენებას, რომელმაც გამოძიებას უთხრა, რომ უშუალოდ გიორგი მგალობლიშვილისგან მოისმინა იმის შესახებ, რომ „ენერგო-პრო ჯორჯია“ გაფრთხილებული იყო სამუშაოების შესრულების ადგილზე მაღალი ძაბვის სადენები გამოერთოთ.

„მიუხედავად გივი ბ.-ს მოწოდებისა გიორგი მგალობლიშვილზე, რომ ის მუშაობის დროს ამწე კრანთან არ მისულიყო, გიორგი მივიდა ამწესთან, რა დროსაც მარცხენა ხელით შეეხო ამწის ლითონის ე.წ. „ტროსს“, ხოლო მარჯვენა ხელი მოკიდა ტროტუართან იქვე დამონტაჟებულ მცირე ზომის ლითონის ბოძს, რა დროსაც  გიორგი მგალობლიშვილი მოყვა ე.წ. „ელექტროველში“, რაზედაც ელექტროენერგიასთან კონტაქტის შედეგად მიიღო დაზიანება, წაიქცა და გაითიშა… ის ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა“, –  ვკითხულოთ საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ მიღებულ დადგენილებაში.

ქობულეთის გამგებელი, სულხან ევგენიძე
ქობულეთის გამგებელი, სულხან ევგენიძე

„საქმეზე არ ჩატარებულა სრულყოფილი გამოძიება,“ – მიიჩნევს საიას იურისტი პაატა დიასამიძე. ის განმარტავს, რომ ამ საქმეში მთავარი უსაფრთხოების დაუცველობა იყო, ხოლო გიორგი მგალობლიშვილს მისი უზრუნელყოფა არ შეეძლო. იურისტმა საქმის მასალებში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ პროკურატურისთვის გაგზავნილი წერილი გვაჩვენა, რომლის მიხედვითაც ენერგო კომპანიაში მაღალი ძაბვის გამორთვის შესახებ არც სატელეფონო შეტყობინება შესულა და არც წერილობითი განცხადება. „ზუსტი წესი არაა გაწერილი, როგორ უნდა გამოირთოს მაღალი ძაბვის ქსელი, მაგრამ დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ ამას ითხოვს უშუალოდ გამგებელი, ან სამსახურის უფროსი. გიორგი მგალობლიშვილი იყო მთავარი სპეციალისტი. ის ვერ უზრუნველყოფდა უსაფრთხოების ზომების დაცვას ამ კუთხით. მოწმის გამოკითხვის ოქმიდან ჩანს, რომ გიორგიმ იცოდა ძაბვის გამორთვის შესახებ…“ –  გვიყვება პაატა დიასამიძე.

რატომ ვერ უზრუნველყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უსაფრთხოების წესების დაცვა, როცა საკუთარ თანამშრომელს გამგებელმა კონკრეტული სამუშაოს შესრულება დაავალა? –  კითხვაზე პასუხი არ გაგვცა ქობულეთის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ, ასევე ინფრასტრუტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, ზაზა ოქროპირიძემ. პრესსამსახურის განმარტებით, მათ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ სურთ.

„მე თვითონ მიკვირდა, როგორ მოხდა ეს… სულხან ევგენიძე ხომ ენერგო კომპანიაში მუშაობდა წლების განმავლობაში და როგორ არ იცოდა, მაღალი ძაბვის გამორთვა რომ იყო საჭირო. რამდენჯერმე დავუსვი ეს კითხვა, მაგრამ არაფერი მიპასუხა… მერე ვნახე, გარდაცვალების დღეს უთქვამს ტელევიზიებთან, სწორად უნდა ემუშავათ, დენის გამორთვა არ იყო საერთოდ საჭიროო“, –  ამბობს თემურ მგალობლიშვილი.

ის არ გამორიცხავს, რომ გამოძიების შეწყვეტა სულხან ევგენიძის ინტერესშიც შედიოდეს: „წრეა შეკრული, წრე, რომელსაც ვერ ვარღვევთ… არ უნდათ კონკრეტული პირებს პასუხი მოსთხოვონ და ამიტომაც შეწყდა გამოძიება, ალბათ“.

საქმის მასალების მიხედვით, სულხან ევგენიძემ გამგეობის მთავარ სპეციალისტს, გიორგი მგალობლიშვილს ზეპირსიტყვიერად სთხოვა სატვირთო მანქანაზე დაწყობილი ბორდიურების ჩამოცლა და ქუჩაზე დაწყობა. საიაში განმარტავენ, რომ გამგეობის შიგა განაწესით შესაძლებელი იყო მსგავსი დავალების გაცემა. „საქმიდან ჩანს, რომ წინა ტენდერიდან იყო მორჩენილი ეს ბორდიურები და განცხადება იყო შესული რუსთაველის ქუჩიდან ბორდიურის დაგებაზე. შესაბამისად, მოთხოვნა არსებობდა. ირკვევა, რომ გამგებელმა თავისი ჯიბიდან გადაუხადა ფული ამწეს მძღოლს ამ სამუშაოს შესასრულებლად. პრობლემა არის უსაფრთხოება, რომლის დაცვისთვის გამგეობას, ფაქტია, რომ არ უზრუნია“, –  ამბობს პაატა დიასამიძე.

მას შემდეგ, რაც პროკურატურის დადგენილება გარდაცვლილილს მამას ჩაბარდა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ შემთხვევის ადგილზე სხვადასხვა მოწმე გამოუკითხავს.  იურისტი პაატა დიასამიძე გვიყვება, რომ საქმეში არაერთი საეჭვო გარემოება გამოიკვეთა: „რამდენიმე თვითმხილველი საერთოდ არაა დაკითხული. ზოგიერთი კი მხოლოდ ზედაპირულად დაკითხა გამოძიებამ. მაგალითად, ერთ-ერთი ქალი, ვინც ამბობს, რომ გიორგი მის ხელში ჩაიკეცა, ამბობს, რომ ამწეს მძღოლი იყო ახალგაზრდა ბიჭი. მაგრამ ახალგაზრდა არაა გივი ბ. რომელიც გამოძიებამ დაკითხა, როგორც ამწეს მძღოლი. არსებობს ვერსია, რომ მოწმის ჩვენების მიხედვით, ადგილზე იმყოფებოდა სულხან ევგენიძეც, რომელიც დახვდა მანქანას და მას შემდეგ, როცა გიორგი მუშაობას შეუდგა, მან ტერიტორია დატოვა… არსებობს მოწმე, ვინც ამბობს, რომ ადგილზე იმყოფებოდა გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთულმოწყობის სამსახურის უფროსი ზაზა კაიკაციშვილი, მაგრამ გიორგი მარტო აწყობდა ბორდიურებს ქუჩაში. ფაქტია, რომ გამოძიებას აქვს სამუშაო“.

გამოძიების განახლების მოთხოვნით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ უკვე მიმართა პროკურატურას მიმდინარე წლის სექტემბერში. დღემდე პროკურატურას არ მიუწოდებია ინფორმაცია მხარისთვის, განახლდა თუ არა გამოძიება გიორგი მგალობლიშვილის საქმეზე.

კითხვებზე პასუხი პროკურატურაში არც „ბათუმელებს“ გასცეს.

როგორ დავაღწიოთ თავი წარსულ ტრავმებს

საქართველოში პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის [პტსა] მკურნალობაზე ძირითადად აგვისტოს ომის შემდეგ ამახვილებენ ყურადღებას, როცა სხვადასხვა ორგანიზაციამ ომის ვეტერანებისა და დევნილთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია დაიწყო. სამხედრო მოქმედებების გარდა, პტსა შესაძლოა ისეთი ტრავმული მოვლენების დროსაც განვითარდეს, როგორიცა სექსუალური ძალადობა ან მისი მცდელობა, წამება, ტყვეობა, სტიქიური უბედურებები თუ ავტოკატასტროფები. რა არის პტსა და როგორ უნდა დააღწიოთ თავი წარსულ ტრავმებზე მოგონებებს, ამ თემაზე ფსიქოლოგი და ფსიქიატრი სოფო ტაბაღუა გვესაუბრა.

ქალბატონო სოფო, რას ნიშნავს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, რა იწვევს მას?

პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა (პტსა), იგივე გადავადებული ფსიქიკური აშლილობაა, რომელიც ადამიანს უვითარდება იმ მოვლენების შედეგად, რომლებიც დიდი სტრესის მომტანია მისთვის. ეს შეიძლება იყოს ბუნებრივი და ხელოვნური კატასტროფა, მიწისძვრა, წყალდიდობა, საომარი მოქმედებები, უბედური შემთხვევები, ასევე ადამიანების ძალადობრივი ქმედებებისგან გამოწვეული სტრესული ფაქტორები, როცა ადამიანი ხდება სიკვდილის შემსწრე, სექსუალური ძალადობის, წამების, ტყვეობის მსხვერპლი და ასე შემდეგ. მიჩნეულია, რომ მატრავმირებელი მოვლენის გადატანის შემდეგ 100-დან დაახლოებით 7-24 ადამიანი იღებს პტს აშლილობას. აქ მნიშვნელოვანია კონკრეტული ადამიანის მედეგობისა და სტრესთან გამკლავების ფაქტორიც. ასეთი მოვლენები, თავისი ინტენსივობით, ძალიან ძლიერია, ამ დროს ინდივიდის რეაქცია უნდა მოიცავდს ინტენსიურ შიშს, უმწეობის და საშინელების განცდას და ამ ტრამვულ სტრესებს დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის –  პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა არის პასუხი სწორედ ამ მაღალ სტრესზე.

 რა ვადებში ვლინდება პოსტტრა¬ვმული სტრესული აშლილობა?

პტსა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. სიმპტომები ძირითადად იწყება ტრავმული ინციდენტიდან პირველი სამი თვის განმავლობაში, თუმცა არსებობს მოგვიანებითი პოსტ-ტრავმული აშლილობა, რომელიც ტრავმის მიღებიდან 6 თვის შემდეგ იჩენს თავს. ეს ვადები მკითხველისთვის შესაძლოა არაფრის მთქმელია, თუმცა გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პაციენტებს აკვირვებთ ეს გარემოება, გვეკითხებიან: „6 თვე გავიდა იმ მოვლენის შემდეგ, მეგონა გადავლახე და დღეს რატომ ვარ ცუდად?“  სპეციალისტის ჩარევის გარეშე პტსა შესაძლოა ძალიან დიდ ხანს გაგრძელდეს და მას დაერთოს ადამიანის ხასიათობრივი ცვლილებებიც.

რა სიმპტომები ახასიათებს მას?

პირველ რიგში ეს არის მოვლენის განმეორებითი განცდა, აკვიატებული, უკონტროლო ფიქრები და მოგონებები იმ ტრავმაზე, რომელიც დღესაც იწვევს ემოციურ განცდებს. ეს შესაძლოა იყოს განმეორებული და მძიმე კოშმარული სიზმრები, რომელებიც პირდაპირ კავშირშია ტრავმულ მოვლენასთან. ასევე შესაძლოა მოვლენის ხელახალი განცდა „ფლეშბექების“  სახით  –

ამ დროს ადამიანს აქვს უეცარი შეგრძნება, რომ მოვლენა, რომელიც წარსულში მოხდა,  „აქ და ამჟამად“  ხდება. ეს ძალიან უცნაური განცდაა, რაც აშინებთ ადამიანებს. პირდაპირ გეკითხებიან: „ხომ არ გავგიჟდი? ეს რა დამემართა? ჰალუცინაციები ხომ არ დამეწყო?“

ეს მართლაც ჰგავს ჰალუცინაციას – პიროვნებამ ზუსტად იცის, რომ დღევანდელი დღეა, მაგრამ წარსულის მოვლენა „იჭრება“  ტრავმის ეპიზოდის სახით. ეპიზოდი შეიძლება შემოვიდეს სხეულებრივი განცდიდაც, მაგალითად, დაზარალებულმა შეიძლება იგრძნოს მოძალადის ხელის შეხება. ასევე მატრავმირებელი მოვლენის გამო შესაძლოა ადამიანს პერიოდულად ჰქონდეს ფიზიოლოგიური რეაქციები: სწრაფი სუნთქვა, სიცარიელის შეგრძნება, კიდურების ცახცახი, მოჭერის შეგრძნება, სიმძიმე მკერდის არეში, ცივი ოფლის დასხმა. მეორე კრიტერიუმია განრიდება, როცა ადამიანი თავს არიდებს ყველაფერს, რაც ტრავმულ მოვლენასთან აკავშირებს –  არ საუბრობს ამაზე, საკუთარ თავს უკრძალავს ფიქრს ამ თემაზე და ამაზე იხარჯება მისი ფსიქიკური ენერგია. ძალიან მნიშვნელოვანია ტრავმული სიზმრების ფაქტორი. ეს მოვლენა თავისი მნიშვნელობით ადამიანისთვის იმდენად ძლიერია, რომ იგი დღესაც კი ვერ უსწორებს თვალს ამ ფაქტს, მაგრამ მისი ფსიქიკა ცდილობს, რომ სიზმრის დროს, ანუ როცა ცნობიერი არ მუშაობს, გააქტიურებული არაცნობიერის დროს გადაამუშაოს ეს ინფორმაცია. ეს ფსიქიკის მცდელობაა, მოინელოს მომხდარი. პტსა-ს კიდევ ერთი კრიტერიუმია ჰიპერაგზნებადობა  –  როცა ადამიანს აქვს ძილის დარღვევა, ჩაძინების და ადრეული გამოღვიძების ეპიზოდები, გაღიზიანებული და გაბრაზებულია, აქვს კონტროლის დაკარგვის გრძნობა, ასევე, აგრესიული და მტრული  გამოვლინებები, მუდმივი მოლოდინი, განცდა,  რომ რაღაც ცუდი მოხდება. ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი, რომელთანაც პტსა-ზე ვმუშაობდი, სახლშიც კი, სადაც სამშვიდობოს იყო და არავინ აწამებდა, ძილის დროს არ იხდიდა სპორტულ ტანსაცმელს, რადგან მას მუდმივი საფრთხის განცდა ჰქონდა და სულ მზადყოფნაში იყო გასაქცევად.

რა სახის მკურნალობას ექვემდებარება პტს აშლილობა?

ამ დროს უპირატესობა ენიჭება ფსიქოთერაპიას. მედიკამენტოზური მკურნალობა მინიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, ზოგიერთ შემთხვევაში ვნიშნავთ ანტიდეპრესანტს და საძილე პრეპარატებს, მაგრამ ფსიქოთერაპიასთან ერთად.

ვის უნდა მიმართოს ადამიანმა, რომელსაც პტსასთან გამკლავება სურს?

ადამიანმა ასეთი სიმპტომებით უნდა მიმართოს ფსიქიატრს, ფსიქოლოგს, ფსიქოტრამვატოლოგს, ანუ სპეციალისტებს, რომელთაც აქვთ კვალიფიკაცია უშუალოდ ფსიქო-ტრავმის მკურნალობაში. ამ დროს მნიშვნელოვანია ახლობელი ადამიანების დახმარებაც. ფაქტია, რომ საზოგადოებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობასთან დაკავშირებით სტიგმები ჯერ კიდევ არსებობს და საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობაც ძალიან ინტიმურია, მაგრამ როგორმე უნდა დაიძლიოს ეს მომენტი. მესმის, რომ პატარა ქალაქებში, რეგიონებში უფრო მძაფრია ეს დამოკიდებულება, ადამიანები ერთმანეთს უფრო იცნობენ და გამჭვირვალობის მაღალი ინდექსია, მაგრამ უნდა გავიაზროთ, სპეციალისტის დახმარება აუცილებელია და ეს სირცხვილი არ არის.

 

უსკო მეორე ტურის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია, მაჟორიტარობის კანდიდატთა არჩევნების მეორე ტურის ტურის შედეგებს აქვეყვენს.  უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის პირველადი  მონაცემები 347+1 (სპეც.უბანი) უბნების მიხედვით:
ბათუმის N68 მაჟორიტარული ოლქი:
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – ელგუჯა ბაგრატიონი – 33.37% (5 905)
,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – ვახტანგ წულაძე 66.63%(11 789)
ბათუმის N69 მაჟორიტარული ოლქო:
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – ნინო ჯინჭარაძე – 30.13% (4 580)
,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – ილია ვერძაძე 69.87% (10 622)
ბათუმის N70 მაჟორიტარული ოლქი:
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გია აბულაძე – 28.79% (4 821)
,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – ნუგზარ სურმანიძე 71.21%(11 925)
ქობულეთის N71 მაჟორიტარული ოლქი:
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – მამული სურმანიძე 28.49%(5 654)
,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – გიორგი რომანაძე 71.51%(14 192)
ხელვაჩაურის N72 მაჟორიტარული ოლქი:
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – ქენან კახიძე 27.81% (5 019)
,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – მერაბ კარანაძე 72.19%(13 031)
ხულოს N73 მაჟორიტარული ოლქი:
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – ნუგზარ ამაღლობელი 28.56%(6 919)
,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – ხვიჩა შარაშიძე 71.44%(17 303)
მაჟორიტარი კანდიდატები
მაჟორიტარი კანდიდატები

 

პოლიციამ 1037 აბი „სუბუტექსი“, 355 გრ ჰეროინი და 3 კილო კოკაინი გაანადგურა

შს სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული, სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები: 1037 აბი „სუბუტექსი“, 355 გრ ჰეროინი, 3 კილო და 600 გრამი კოკაინი, 4 კილოგრამი მარიხუანა გაანადგურა.  სამინისტროს ინფორმაციით, უახლესი ტექნოლოგიით, – მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურდა ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებიც.

ოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ საშუალებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, 3 თვეში ერთხელ ანადგურებენ.

„ნარკოტიკების განადგურების პროცესს, შსს-ს თანამშრომლებთან ერთად, მთავარი პროკურატურის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის წარმომადგენლებიც დაესწრნენ“.

ხუთი უბნის შედეგები აჭარის მთიდან

73-ე მაჟორიტარულ ოლქში [ხულო, შუახევი, ქედა] არჩევნების ხუთი უბნის შედეგები გახდა ცნობილი. ამ ოლქში მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის იბრძვიან „ქართული ოცნების“ და ენმ-ის კანდიდატები.

ხუთი უბნის მონაცემებით, იგებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ხვიჩა შარაშიძე. მას ამ უბნების მონაცემების მიხედვით 5223 ხმა აქვს მიღებული.

ენმ-ის კანდიდატს – ნუგზარ ამაღლობელს ხუთი უბნის მონაცემებით 225 ხმა აქვს მიღებული.

73-ე ოლქში პირველივე ტურში გაიმარჯვა ანზორ ბოლქვაძემ, ის 8 ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი იყო.

ბათუმში, მე-6 უბანზე ხმების დათვლა დასრულდა

ბათუმის 79-ე ოლქის მე-6 უბანზე საქართველოს პარლამენტში მოსახვედრად ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ „ქართული ოცნები“ მაჟორიტარობის კანდიდატ, ნუკრი ბეჟანიძე და ენმ-ს კანდიდატ გიორგი კირთაძე.

უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ილია ვერძაძე და

ენმ-ის წევრი ნინო ჯინჭარაძე.

მე-6 უბანზე დღეს ხმა 504-მა ამომრჩევლმა მისცა. უბანზე 1459 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

ამ უბნის მონაცემებით, 368 ხმა მიიღო ნუკრი ბეჟანიძემ, ხოლო გიორგი კირთაძემ – 124 ხმა.

ილია ვერძაძეს მე-6 უბანზე ხმა მისცა 367-მა ამომრჩეველლმა, ხოლო ნინო ჯინჭარაძეს – 123-მა.

ამ უბანზე 24 ბიულეტენი გაბათილდა.

აჭარაში არჩევნებზე ამომრჩეველთა 37 პროცენტი მივიდა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დახურულია აჭარაში მდებარე 348-ვე უბანი და მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი. უბნების დახურვისას, ხელვაჩაურის ოლქში სამ უბანზე გაითიშა ელექტროენერგია, დაახლოებით 10 წუთით, თუმცა, უსკოს განცხადებით, პრობლემა არ შექმნილა.

უსკოს ინფორმაციით, 30 ოქტომბერს საკუთარი არჩევანი დააფიქსირა უბანზე მისულმა 114 202 ამომრჩეველმა, რაც აჭარაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის, ანუ 308 576-ის 37% პროცენტია. ეს მაჩვენებელი 8 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულ აქტივობაზე 15 პროცენტით ნაკლებია. არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 52,97% იყო.

უსკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა ოლქების მიხედვით ასე გამოიყურება: ბათუმის N79 ოლქი (68,69,70) – 50 847 ამომრჩეველი, 31.98 % ქობულეთის N71 მაჟორიტარული ოლქი- 20 117 ამომრჩეველი, 40.78 % ხელვაჩაურის N72 მაჟორიტარული ოლქი- 18 320 ამომრჩეველი, 38 07% ხულოს N73 მაჟორიტარული ოლქი (ხულო,ქედა,შუახევი)- 24 918 ამომრჩეველი, 47.79%.

აჭარის მასშტაბით უბნებზე დაწერილია დაახლოებით 40 საჩივარი, ოლქებში კი – 15.

17 საათის მონაცემებით აჭარაში ამომრჩეველთა 30.79%-მა მისცა ხმა

უსკოს 17 საათის მონაცემებით, აჭარაში არჩევანი გააკეთა 95 041- მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 30,79% – ია.

ამომრჩეველთა რაოდენობა ოლქების მიხედვით ასე გამოიყურება:

ბათუმის N79 ოლქი (68,69,70) – 42 857 ამომრჩეველი, 26.95%
ქობულეთის N71 მაჟორიტარული ოლქი-16 708 ამომრჩეველი, 33. 87 %
ხელვაჩაურის N72 მაჟორიტარული ოლქი-15 636 ამომრჩეველი, 32. 49 %
ხულოს N73 მაჟორიტარული ოლქი(ხულო,ქედა,შუახევი)- 19 840 ამომრჩეველი, 38.05 %
8 ოქტომბრის არჩევნებში, ამავე დროს საკუთარი ხმა დაფიქსირებული ჰქონდა 132 316 ამომრჩეველს, რაც ამომრჩეველთა მთლიანი რაოდენობის (308 576 ) 42,9% იყო.

აჭარაში ამომრჩეველთა აქტივობა პირველ ტურთან შედარებით 10 პროცენტით დაბალია

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით, დღის სამი საათისთვის აჭარაში ამომრჩეველთა 25.55 პროცენტმა [78 870 ამომრჩეველი] მისცა ხმა.  8 ოქტომბრის არჩევნებზე 15 საათისთვის ხმა ამორჩეველთა 35.2 % ჰქონდა მიცემული [108 871 ამომრჩეველი].

მათ შორის:

ბათუმის N79 ოლქი (68,69,70)- 35 925 ამომრჩეველი, 22.59 %
ქობულეთის N71 მაჟორიტარული ოლქი- 13 805 ამომრჩეველი, 27.98 %
ხელვაჩაურის N72 მაჟორიტარული ოლქი- 13 371 ამომრჩეველი, 27.79%
ხულოს N73 მაჟორიტარული ოლქი – 15 769 ამომრჩეველი, 30.24 %

აჭარაში სულ  308 506 ამომრჩეველია.

ცესკოს წარმომადგენელი: მანდარინის წვენი მარკირების მხრივ ქმნის პრობლემას

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის 63-ე უბანზე გახშირდა მარკირებიანი ამომრჩევლის მისვლა, უბანზე ცესკოს წარმომადგენელიც მივიდა.

ცესკოს ბათუმის საოლქო კომისიის წარმომადგენელმა ირმა სეფერთელაძემ „ბათუმელებს” უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, „მარკირების სითხე გადადის მარკირებულ ამომრჩევლზე ხელის ჩამორთმევით“. ის ასევე ამბობს, რომ „ამ მხვრივ პრობლემას ქმნის მანდარინის წვენიც“.

მანდარინი, როგორც მარკირების წყარო – ექსპერიმენტი საარჩევნო უბანზე

ბათუმის 63-ე უბანზე მარკირებიანი ადამიანები ისევ მიდიან. ყველა მათგანი ამბობს, რომ მანდარინი ჭამა და ამიტომ აჩვენებს აპარატი მარკირებას. ერთ-ერთი ბოლო ამომრჩეველი, რომელსაც უბანზე მარკირება დაუფიქსირდა იყო გოჩა მუხაშავრია – ყოფილი პოლიტპატიმარი.

იქედან გამომდინარე, რომ 63-ე უბანზე ამომრჩეველი მარკირების მიზეზად მანდარინს ასახელებს, „ბათუმელების“ დამკვირვებელმა უბანზე მიიტანა მანდარინი ექსპერიმენტის ჩასატარებლად. აღმოჩნდა, რომ მანდარინი არ ტოვებს ისეთ კვალს, რომ ჰგავდეს მარკირებას.

ბათუმის 63-ე უბანზე ამჟამად იმყოფებიან  “ქართული ოცნების” მომავალი დეპუტატები უმაღლეს საბჭოში, დავით ბაციკაძე და ნინო ჩხეტია. მათ აინტერესებთ, რატომ არ მიაცემინეს ხმა გოჩა მუხაშავრიას და ასევე ის თუ რატომ დაფიქსირდა უბანზე ამდენი მარკირებიანი ამომრჩეველი.

ეკა ბესელიამ აჭარის ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს ბოდიში მოუხადა

ბათუმში „ქართული ოცნების“ შტაბში გამართულ ბრიფინგზე ეკა ბესელიამ ბოდიში მოუხადა აჭარის ტელევიზიის „ახალი ამბების“ გადამღებ ჯგუფს, რომელსაც,  ჟურნალისტების თქმით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მუხრან ვახტანგაძემ  პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა.

„მე არ მინახავს ეს ფაქტი, თუმცა მომაწოდეს ინფორმაცია,  არ ვფიქრობ რომ აქ რაიმე განზრახვას ჰქონდა ადგილი, რაღაც მოხდა ან მექანიკურად ან ემოციურ ფონზე. ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმას, რომ თქვენ (ჟურნალისტებმა) იმუშაოთ ყოველგვარი შეფერხების გარეშე, არ გექნებათ არანაირი ხელისშეშლა და თუ რაიმე მოხდა მექანიკურად, ჩვენ ამის გამო ჟურნალისტებსაც და ოპერატორსაც ბოდიშს ვუხდით. ჩვენ ვიმუშავებთ თქვენთან ერთად იმისათვის, რომ თქვენ განახორციელოთ თქვენი უფლებამოვალეობა“- განაცხადა ჟურნალისტებთან ეკა ბესელიამ ბრიფინგზე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის განცხადებით,  „ახალი ამბების“ გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა ბათუმის 58-ე უბნის გარე პერიმეტრზე, სადაც  ის „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატის გია აბულაძის ჩაწერას ცდილობდა.   ადგილზე მისული გადამღები ჯგუფი შეესწრო „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის კამათს.   „ქართული ოცნების“  მაჟორიტარმა კანდიდატმა, მუხრან ვახტანგაძემ   მოუწოდა გადამღებ ჯგუფს, რომ ინცინდენტი არ გადაეღოთ. „ოპერატორი არ დაემორჩილა მის მოთხოვნას, რა დროსაც მიუახლოვდა მუხრან ვახტანგაძე  ოპერატორს თანმხლებ პირებთან ერთად  და კამერაზე ხელი აუფარა“- ამბობს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი.

ერთ უბანზე მარკირებიანმა პირებმა ხმის მიცემა ცხრაჯერ სცადეს

ბათუმის 63-ე საარჩევნო უბანზე მარკირების მქონე ცხრა პირის შესვლის მცდელობა დაფიქსირდა. ბოლოს ამომრჩეველი ქალი ამტკიცებდა, რომ აქვს „მანიკური“ და ის დაჟინებით ითხოვდა მიეცათ ხმის უფლება. ბოლოს მან დატოვა უბანი იმ პირობით, რომ „მანიკურს“ მოიშორებს და დაბრუნდება.

სხვები აცხადებენ, რომ მათ “მანდარინი ჰქონდათ ნაჭამი”.

ნაკადის მარეგულირებლის თქმით, მან ამ ქალბატონამდე რვა მარკირებინი პირი არ შეუშვა უბანზე.

Exit mobile version