კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

ბულვარის ბედი კვლავ გადაუწყვეტელია

27.10.2016 • 1843
ბულვარის ბედი კვლავ გადაუწყვეტელია

ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის ბულვარის დაბრუნებაზე მუშაობის დაწყებას ქალაქის მერია ნოემბრიდან გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე თითქმის ერთი წელია საუბრობენ და საკრებულოს შესაბამისი დადგენილებაც არსებობს, ბათუმის მერიას ქონების მართვის დაბრუნების კუთხით დღემდე არაფერი გაუკეთებია.

ბათუმის ბულვარი, რომლის ისტორიული ნაწილი – „ძველი ბულვარი“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, იურიდიულად მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, თუმცა ის სამართავად გადაეცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ „ბათუმის ბულვარს“.

სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ისინი მუნიციპალიტეტის შესაბამის გადაწყვეტილებას ელოდებიან და მართვის საკითხიც შემდეგ გადაწყდება.

„ალბათ უნდა დააფუძნოს მერიამ ააიპ. შემდეგ რა ქონებაც აქვს ბულვარს, გადაეცემა ამ ახალ ორგანიზაციას და სსიპ „ბათუმის ბულვარის“ ლიკვიდაცია მოხდება. ქონების გადაცემაც სწრაფად განხორციელდება – უზუფრუქტის ხელშეკრულებითაა გადმოცემული და გაუქმდება ეს ხელშეკრულება. ქონება ისედაც მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სამინისტროს იურიდიული სამსახურის უფროსმა გელა ცინცაძემ.

ზეპირი შეთანხმება ბათუმის მერიას, სამინისტროსა და აჭარის მთავრობას შორის ბულვარის მართვის უფლების მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნებაზე მიღწეულია, რაც საზოგადოების მხრიდან ბულვარის დასაცავად რამდენიმეთვიანი აქციების შედეგია. ბათუმის მოსახლეობამ ის ე.წ. „კონცეფცია“ გააპროტესტა, რომლის განხორციელებაც ძველ ბულვარს ავთენტურობას უკარგავდა.

მერიაში აცხადებენ, რომ იყო შეთანხმება მუშაობა ნოემბრიდან დაწყებულიყო, ამიტომ ამ კუთხით ერთი ნაბიჯიც არ არის გადადგმული.

„შეწყდება ყველა ხელშეკრულება, ქონება მართვის უფლებით დაუბრუნდება მერიას  და შეიქმნება ააიპ. მერიას გააჩნია 25 ააიპ-ი თუ შპს და მათ დაემატება ბულვარიც. არც ისე რთული პროცედურაა, მუშაობა დაიწყება ნოემბრიდან. ხელმძღვანელსაც მერი დანიშნავს, ალბათ, საკრებულოსთან შეთანხმებით“, – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

„ბათუმის ბულვარისგან“ მიღებული ინფორმაციით, ბულვარში 2014-2015 წლებში აჭარის ბიუჯეტიდან 10 208 122 ლარი დაიხარჯა. ამ ორი წლის განმავლობაში ბულვარის შემოსავლებმა 2 მილიონიც კი ვერ შეადგინა. ბულვარი, რომელიც ბათუმის ქონებას განკარგავდა, ქალაქის ბიუჯეტში თანხას არ იხდიდა.

„ბათუმელების“ გათვლებით, თუ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელდება, ბულვარის შემოსავლები მომავალში მთლიანობაში 1 მილიონ 700 ათასზე მეტი ლარი არ იქნება, ბულვარის მოვლა-შენახვის ხარჯი კი მინიმუმ 5 მილიონი.

როგორ უნდა განვითარდეს ზღვისპირა ზოლი ისე, რომ არ მოხდეს ჩარევა ძველ ბულვარში და ამასთან, მეტი შემოსავალი მიიღოს ქალაქმა – ამ საკითხზე მუშაობა ბათუმის მერიასა და საკრებულოს მოუწევს. ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, არაუგვიანეს 2017 წლის პირველი იანვრისა ბათუმის მერიამ სსიპ „ბათუმის ბულვარზე“ გადაცემული ქონება უკან უნდა დაიბრუნოს და თავად განკარგოს.

ბათუმის მერიაში ზაფხულში განაცხადეს, რომ „ტურისტული სეზონი როცა დასრულდება ბულვარში, ამის შემდეგ შეწყდება უზუფრუქტის ხელშეკრულებები“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: