მთავარი,სიახლეები

გოგო, რომელმაც არჩევანი გააკეთა – მილოცვა დედას

02.11.2016 • 5947
გოგო, რომელმაც არჩევანი გააკეთა – მილოცვა დედას

იაფფასიანმა შოუებმა იმ ქართველი ქალების ისტორიები, რომლებსაც ჯერ გოგოობა და შემდეგ ცხოვრება წაართვეს, ერთ ქვაბში მოხარშა. ჩვენში უკვე ყველა ქალის ტრაგიკული ისტორია ერთნაირად, პათეტიკურად ჟღერს და უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ სიბრალულს იწვევს. სინამდვლეში კი ყველა ისტორია განსხვავებულია და ის, რაც მათ განასხვავებს, არჩევანია. 

ჩემი აზრით, არჩევანი ყოველთვის არსებობს.

მინდა ერთ გოგოობადაკარგულ ქალზე და მის არჩევანზე მოგიყვეთ. ქალი, რომელმაც ბედისწერის შესახებ წარმოდგენების ჯანდაბაში გაშვება მასწავლა, დედაჩემია. 

დედა მაღალმთიანი აჭარის ერთ ლამაზ სოფელში დაიბადა. ნაბოლარა და განებივრებული გოგო ყოფილა, ემოციური და მეოცნებე. სკოლაში საუკეთესო მოსწავლე იყო, ენერგიული და ენაკვიმატი. საბჭოთა სკოლის მასწავლებლებს არ ემორჩილებოდა და მარხვის დარღვევაზე უარს აცხადებდა. 

მერვე კლასში „დანიშნეს“. ბევრად უფროსი საქმრო გამოუნახეს მეზობელი სოფლიდან, შეძლებული ოჯახის შვილი. მერვეკლასელ გოგოს, რომელსაც სწავლის გარდა არაფრის გაგონება არ უნდოდა, დაემუქრნენ – თუ არ გათხოვდებოდა აღარც სკოლაში ატარებდნენ და „უმაღლესში მოწყობა“ თავისთავად უკვე ზღაპარი იქნებოდა. დედა თავად მონაწილეობდა გარიგებაში – მან სწავლის გაგრძელების სანაცვლოდ გათხოვებაზე თანხმობა განაცხადა. მართალია ცუდსა და უარესს შორის, მაგრამ მან არჩევანი გააკეთა.

ცხადია გარიგება არავინ შეასრულა. სახლში წიგნით და რვეულით ხელში თუ შენიშნავდნენ, უსაქმურობისათვის არცხვენდნენ. ასე რომ დაიწყო სირთულეები, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლის ასაკის გოგო გახდა ცოლი, რძალი, დედა… ამას დაერთო ჯანმრთელობის გაუარესება, გამუდმებული კონფლიქტები, მიზეზების საკუთარ თავში ძიება და ყველა უსაფუძვლო ბრალდებაზე ჩუმი მორჩილება. ასე მოიპარეს დაუმორჩილებელ და მეამბოხე გოგოს ცხოვრება. 

ათი წლის განმავლობაში მონდომებით იცავდა „ოჯახის სახელს”, თუმცა კმაყოფილი მაინც არავინ ყოფილა. ორი შვილის დედას, სხვა შვილების გაჩენა რომ აღარ შეეძლო, უთხრეს, რომ ქალობაც დაკარგა. 

საინტერესო არ არის სხვა დეტალები, კონკრეტული ამბები. აქ მთავარი უკვე მეორე არჩევანის ისტორიაა.

ათი წლის შემდეგ, დედამ საკუთარ თავს მეორედ დაუყენა არჩევანი. მე თუ მკითხავთ, დედა მაშინ, 25 წლის ასაკში თავიდან დაიბადა, მან ყოველგვარ “ზენაარ ძალებს”, რომლებიც ღრუბლებში წერენ ჩვენი ცხოვრების სცენარებს, საწერ-კალამი და ფურცელი საბოლოოდ ჩამოართვა.

დღესაც კი, პატარა გოგოები თუ ქალები სირცხვილის, შიშის თუ სხვა მიზეზების გამო ჩუმად ტირიან ოთახის ბნელ კუთხეში და წარმოიდგინეთ როგორი განაცხადი იყო განქორწინების სურვილი 14 წლის წინ, მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ტრადიციულ სოფელში.

დედას არჩევანი არ ყოფილა მარტივი – განქორწინება ნიშნავდა ორი მცირეწლოვანი შვილით გარეთ დარჩენას განათლების, პროფესიის და ფინანსური სახსრების გარეშე. შვილებზე ქმრის ოჯახი პასუხისმგებლობას იხსნიდა. ამჯერად დედას ოჯახი დაუდგა გვერდში – როცა ხედავ, როგორ მოგიკლეს შვილში გოგო, შემდეგ ქალი და იცი, რომ ასე მიჰყავთ აღსასრულისკენ, რთულია თავი დაიმშვიდო ფრაზებით – „ოჯახის საქმეა“, „ცოლ-ქმარს შორის ყველაფერი ხდება“ და ა.შ.  ასე მიიღეს ბაბუას სახლში 25 წლის დედა ორი შვილით. თუმცა ერთხელ რომ აიღო საკუთარი ცხოვრების მართვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, ამის შემდეგ ასე ვერ გაჩერდებოდა. სულ ერთი თუ ორი თვე სტუმრობდა დედა მშობლების ოჯახს, შემდეგ კი სოფლიდან ქალაქში წამოვიდა.

მან დამოუკიდებელი ცხოვრება პროფესიის, განათლების და ფულის გარეშე, ორი შვილით დაიწყო. სოფლიდან ქალაქში წამოვიდა იმ შემართებით, რომ ყველაფერს შესძლებდა, მთებს გადადგამდა. გგონიათ ეს მარტივი იყო? ის, რისიც ქალებს ასე ეშინიათ: საზოგადოების რეაქცია, შეშფოთება, ჩურჩული, რჩევები – ყოველდღიურობად იქცა. თუმცა დედა უკვე ის მეამბოხე გოგო იყო, ყველაფრის მიუხედავად რომ გააგრძელებდა გზას.

არჩევანის და გადაწყვეტილებების გზაზე ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა, მაგრამ არ გაჩერებულა. იყო სიღარიბე, შიმშილიც, სიცივეც, ტკივილიც, სასოწარკვეთილების ზღვარიც და გადაწყვეტილებების მიღების პასუხისმგებლობის აუტანელი სიმძიმე, მაგრამ მას არც ერთხელ არ დაუხევია უკან. 

მუშაობდა დამლაგებლად, მრეცხავად, კონდიტერის დამხმარედ… პარალელურად კომპიუტერის და ინგლისური ენის უფასო კურსებიც გაიარა. საბოლოოდ საკუთარ თავს პროფესია შესძინა – ჩინებული კონდიტერი დადგა. მახსოვს, როგორ რთულად იწყებდა, ხან ბისკვიტის ცომი არ ამოდიოდა, ხან კრემი. დენი არ გვქონდა, სანთლის წვეთები ეცემოდა ხანდახან ბისკვიტს, თუმცა არ გაჩერებულა. ხანდახან, ღამე მესმოდა მისი ჩუმი ტირილი, თუმცა ვერასდროს ვერ დავალაგე სიტყვები, რომ დამემშვიდებინა. 

ეს დედას ცხოვრების 24 წელია, მას შემდეგ, რაც მას გოგოობა წაართვეს. მე, დედა და ჩემი ძმა ერთად გავიზარდეთ. ახლა 21 წლის ვარ. თბილისში ვსწავლობ, ვმუშაობ და ვცდილობ დამოუკიდებელი ვიყო. დედამ მაიძულა ეს გადაწყვეტილება მიმეღო. წელს რვა თვით ბათუმში ვცხოვრობდი, მაგრამ ცალკე. დედამ მითხრა, რომ 20 წლის დასაქმებულ ქალს დედასთან აღარ უნდა ეცხოვრა. მეშინოდა, არ მინდოდა, მაგრამ მეც ავირჩიე. ყოველდღე ვუმეორებ თავს, რომ შეუძლებელი არაფერია, რომ ცხოვრება ჩემს არჩევანზეა დამოკიდებული,  რომ ჩემი ყველა შეცდომაც ღირდა, თუ ჩემი არჩევანის შედეგია და მთავრია არ გავჩერდე.

ჩემი ძმა მალე 18-ის გახდება. სკოლაშია, სწავლობს. გადაწყვიტა პილოტი გახდეს. ჯერ არ იცის, რომ ეს ძვირადღირებული პროფესიაა, მაშინაც კი, 100%-იანი გრანტი რომ მიიღოს, მაგრამ ის ძლიერი და დამოუკიდებელია, არ ეშინია ცხოვრების, მჯერა, რომ საკუთარი არჩევანისთვის იბრძოლებს. დედამ ეს გვასწავლა. 

პრობლემები დღესაც გვაქვს, როგორც ჩემი ძმა ამბობს – “ხან ფინანსური, ხან ფინანსური”. დედა დეიდას ეხმარება პატარა საკონდიტრო მაღაზიაში, რომლის შემოსავალიც არც ისე მაღალია. ბათუმში ქირით ცხოვრობს სახლად გადაკეთებულ ვაგონში. აქვს ვალები და ბევრი, ბევრი მისაღები გადაწყვეტილება, მაგრამ ეს მისი ცხოვრებაა, შვილებსაც და სხვებსაც დაუმტკიცა, რომ საკუთარი ცხოვრება მხოლოდ მას ეკუთვნის.

დედა დღეს 39 წლის ხდება. მან საჩუქარი თავად გამიკეთა, მასწავლა, რომ მაშინაც კი, როდესაც ირგვლივ ყველაფერი, ხან ჩვენგან დამოუკიდებლადაც კი, გვახვევს პრობლემებში, ყველაფერი მაინც ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული.

სწორედ ამიტომ, ყველა ისტორია განსხვავდება, ყველა ამბავი გადაწყვეტილებებზე, არჩევანზე იგება. რა თქმა უნდა, ბევრი ფაქტორი ცდილობს გავლენა მოახდინოს ამაზე, მაგრამ მთავარი სწორედ ის არის, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ დავიცვათ საკუთარი არჩევანი, როგორც არ უნდა გვტკიოდეს, გვიჭირდეს და გვამძიმებდეს. რადგან ადამიანად ყოფნა სწორედ ეს არის.

გილოცავ დედიკო.

ფოტო თამარ ჭაბაშვილისა და აგნეშკა დუდრაკის პროექტიდან “საკუთარი სუფრა”. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: