მოქალაქე: „იაფი სახლის“ საძირკველი ჩემს სახლს აზიანებს”

დღეს, 25 ნოემბერს, ბათუმის საკრებულოში ბათუმის მერიის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. განხილვას მოქალაქეებიც ესწრებოდნენ. ჯავახიშვილის ქუჩის 78ა ნომერში მცხოვრებმა მოქალაქემ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ე.წ. იაფი სახლის მშენებლობის პროცესი შეწყდა, მისი საცხოვრებელი სახლი ზიანდება, კერძოდ კი საფრთხეს წარმოადგენს “ხელმისაწვდომი საცხოვრისის” ამოთხრილი საძირკველი, რომელშიც წყალი დგება.

შეგახსენებთ, რომ „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ მშენებელი კომპანია „კონვენტ ჯორჯია“, რომელსაც მერიამ ორ მილიონამდე ლარი გადაუხადა, რამდენიმე თვის წინ გაუჩინარდა. კომპანიამ, რომელმაც დაახლოებით ერთი წლის წინ მოიგო ბათუმის მერიიის მიერ გამოცხადებული „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ მშენებლობის ტენდერი, არც მუშების ხელფასი გადაიხადა და არც ნისიად წამოღებული სამშენებლო მასალების თანხა.

ჯავახიშვილის ქუჩის 78ა ნომერში მცხოვრებმა მოქალაქემ ითხოვა, რომ მერიამ მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინოს „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ შეწყვეტილი მშენებლობის შედეგად მისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი 139 590 000 ლარით განისაზღვრა.

ამავე თემაზე: “იაფი სახლის” მშენებელი კომპანია, რომელსაც მერიამ ორ მილიონამდე ლარი გადაუხადა, გაუჩინარდა

 

 

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 500-ზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა

სატრანსპორტოინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს 17:30 საათის მონაცემებით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 533 ადამიანი დაჯარიმდა.

მათ შორის: 417 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 1 – დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 1 – ორმაგი პარკირებისთვის, 82 – ნიშანში დგომის გამო, 10 – ტროტუარზე დგომისთვის, 17 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, 5 – კი ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის.

ფოტოები გადაღებულია ბოლო 10 დღის განმავლობაში.

ბათუმის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში კულტურული მემკვიდრეობის მოვლისთვის თანხა არ გაითვალისწინეს

დღეს, 25 ნოემბერს, ბათუმის საკრებულოში ბათუმის მერიის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მოეწყო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი 139 590 000 ლარით განისაზღვრა. განხილვაში მონაწილეობდა როგორც მერიის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და უშუალოდ მოქალაქეები.

“სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” ბათუმის ოფისის ხელმძღვანელის ნათია აფხაზავას თქმით, ბიუჯეტის პროექტში, რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებაა გამორჩენილი, რისთვისაც მომავალი წლის ბიუჯეტში დამატებიტი რესურსების გამოყოფაა საჭირო  – “ყველაზე მნიშნვნელოვანი საკითხი, რაც ჩვენ ვფიქრობთ რომ არის თვითმმართველობისთვის ახალი  უფლებამოსილება, ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა და მოვლა-პატრონობაა. ამ კუთხით  2017 წლის ბიუჯეტის პროექტში თანხა არ არის გაწერილი. მაშინ როდესაც „შპს ჯეოგრაფიკმა“ დადო დასკვნა არაერთი ძეგლის რეაბილიტაციის აუცილებლობის შესახებ, ასევე ზოგადად სისტემის შექმნის შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ჭრილში, აუცილებელია 2017 წელს იქნეს თანხა გათვალისწინებული ამ კუთხითაც“ – ამბობს ნათია აფხაზავა

მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც  “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” რეკომენდაციით, უნდა იყოს გათვალისწინებული ბათუმის მერიის მომავალი წლის ბიუჯეტში შემოერთებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯია – “მართალია გზების რეაბილიტაციის კუთხით გათვალისწინებულია არაერთი პროექტი, მაგრამ საგანგაშო მდგომარეობაა ახალ შემოერთებულ ტერიტორიებზე: კახაბერი, გონიო კვარიათის მონაკვეთზე, სადაც მოსახლეობა აქტიურად ითხოვს, რომ მოხდეს შიდა გზების რეაბილიტაცია” – ამბობს ნათია აფხაზავა.

ბათუმის საქრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა სირაბიძის განმარტებით  კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად კონკრეტული პროექტები არ არსებობს ბათუმის თვითმმართველობაში –  „რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა თანხის გათვალისწინება. ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა და როდესაც იქნება კონკრეტული პროექტი და სახარჯთაღრიცხვო ნაწილი ამ პროექტისა, ცნობილი იქნება თანხა და რა თქმა უნდა მერე შეგვეძლება ბიუჯეტში გათვალისწინებაზე საუბარი. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ  ის სამუშაოები საკმაოდ მასშტაბურია და რამდენად შევძლებთ გავიტავლისწინოთ ამ პროექტების სრულად დაფინანსება, დამოკიდებული იქნება ისევ და ისევ ბიუჯეტის საშემოსავლო რესურსზე“ – ამბობს ის.

ქედის მუნიციპალიტეტი ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულში ჩაერთო


“ფორთოხლისფერი მსოფლიო – შეწყვიტე ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ!”- ამ სახელწოდების აქციას ქედის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. ადგილობრივი თვითმარველობის და “ქალთა ოთახის” ორგანიზებით ქედის სააქტო დარბაზში დღეს შეხვედრა გაიმართა. აქცია მსოფლიოს მასშტაბით 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ტარდება
.
ქედის გამგებლის დავით დუმბაძის განმარტებით, ღონისძიებას ქედის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა და 16 დღის

განმავლობაში, ქედის სოფლებში  თემატური შეხვედრები ჩატარდება მოსახლეობასთან – “
16 დღის განმავლობაში ქედის სოფლებში  ცნობიერების ამაღლების, ასევე ქალთა და გოგონათა ძალადობის შემცირების მიზნით ჩატარდება შეხვედრები, ვფიქრობ ამ ღონისძიებაში მუნიციპალიტეტების ჩართულობა აუცილებელია, რომ არ იყოს არასრულწლოვანთა ქორწინება, ქალებზე სხვა ფორმით ძალადობის ფაქტები და ეს არა მარტო აჭარაში, არამედ მთლეი ქვეყანაში” – ამბობს ის.

ასოციაცია “ღირსეული სიბერის” ბენეფიციარებმა ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტეს

დღეს, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 20 ქლაქში, ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო მსვლელობები ეწყობა, ქობულეთში საპროტესტო აქციას, ახალგაზრდებთან ერთად, ასოციაცია “ღირსეული სიბერის” ბენეფიციარებიც შეუერთდნენ.

ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მსვლელობა ქობულეთში, 13:00 საათზე, ასოციაციის ოფისთან (რუსთაველის 36) დაიწყო.

პოსტერების ნაწილი, ასოციაციის ბენეფიციარებმა დღეს დილით მოხატეს:

ამავე თემაზე: „ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე!“

ბავშვები უფროსების დრამაში

„აქტივობები ბაღში უნდა იყოს არა მშობლის ან პედაგოგის გასახარად, არამედ ბავშვისთვის“.

საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი ბავშვზე ორიენტირებული არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირად ბაღებში ბავშვებს იმას ასწავლიან, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ. ეს შეფასება ეკუთვნის როგორც სახალხო დამცველს, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდს. ახალი დებულების თანახმად, რომელიც მთავრობამ 2017 წლის აპრილამდე უნდა დაამტკიცოს, სასწავლო პროცესი ბაღებში უფრო მეტად გახდება ბავშვზე ორიენტირებული.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც საბავშვო ბაღის აღსაზრდელები  ქორწილის სცენას თამაშობდნენ, მსჯელობისა და კრიტიკის საგანი გახდა. ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც, რომელმაც განაცხადა, რომ  „აღმზრდელობითი პროცესის ამგვარად წარმართვა ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და მავნე ზეგავლენას ახდენს მის ცნობიერების ფორმირებაზე“.

პედაგოგები, ვისაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობენ, რომ საბავშვო ბაღებში დღეს მოქმედი სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამები განათლების სამინისტროს აქვს შემუშავებული, რომელშიც ასევე თანამონაწილეობდა გაეროს ბავშვთა ფონდიც.

რას ითვალისწინებს რეალურად პროგრამები და როგორ ესმით პედაგოგებს  „დრამატული თამაში“? – ბათუმის #16 საბავშვო ბაღის მასწავლებელი ეთერ ათაბაგი ამბობს, რომ ე.წ. დრამებს პროგრამაში მოცემული სქემები ითვალისწინებს.

„მაგალითად, მოცემულია სქემა   – „მე და ჩემი გარემო“, სადაც ბავშვმა თამაშის სახით უნდა განასახიეროს, წარმოაჩინოს თავის გარემო. მაგალითად, გაითამაშოს ოჯახობანა, დედა, მამა, ვინ ცხოვრობს მის ოჯახში და ვინ რას აკეთებს.  რისი კეთება უყვარს მშობლებთან ერთად და ა.შ. ერთი ბავშვი ჭურჭელს რეცხავს, მეორე აუთოებს, ამით აჩვენებენ, როგორ ეხმარებიან დედას სახლში“.

რაც შეეხება ქორწილის თამაშს, ეთერ ათაბაგის თქმით, აქტივობებში თამაშის სახით ესეც არის შესული: „ჩვენ თამაშის სცენა არ გაგვიკეთებია, თუმცა ვისაუბრეთ ქორწილზე, როგორც ერთ-ერთ ტრადიციაზე. იმაზე, თუ რას ამზადებენ ქორწილის დღეს სახლში და როგორ ხვდებიან სტუმრებს“.

პედაგოგის თქმით, სქემის მიხედვით, ქორწინება ბავშვებმა თოჯინების მეშვეობით უნდა გაითამაშონ, თუმცა ბაღში ეს აქტივობა არ გამოუყენებიათ.

რამდენად კარგად არის მეთოდოლოგია შემუშავებული და არის თუ არა რისკები სწორად გათვლილი? – პედაგოგის აზრით, საბავშვო ბაღებში დღეს მოქმედი პროგრამები საკმაოდ დახვეწილია – ის პედაგოგს საშუალებას აძლევს ნებისმიერი აქტივობა ინტერპრეტაციით წარმოადგინოს.

„შეიძლება იყოს ისეთი თამაში, რისი გათამაშების საშუალება მე არ მაქვს. მაგალითად, არ გვაქვს სამზარეულოსთვის საჭირო მასალები, ვთქვათ, ბავშვებს სალათის ან სხვა კერძის მომზადება რომ ვასწავლოთ. ასეთ დროს, მშობელთა კომიტეტს შეგვიძლია მივმართოთ და თუკი მშობლებს ექნებათ სურვილი, შეიძლება მოაწყო იმის ინსცენირება, თუ რისი კეთება უყვართ სახლში ბავშვებს მათთან ერთად“.

#8 საბავშვო ბაღის პედაგოგი ლალი კორიფაძე კი გვეუბნება, რომ ე.წ.  სტანდარტების წიგნში ბევრი მეთოდია მოცემული იმისთვის, რომ მასწავლებელმა ყველა აქტივობა სწორად წარმართოს.

„პროგრამაში არის თემა ოჯახი და ტრადიციები, ამიტომ ის აჟიოტაჟი, რაც სოციალურ ქსელში დაიწყო ქორწინების ვიდეოზე, ცოტა გაზვიადებული იყო. აქტივობაში გვიწერია, რომ უნდა ჩავრთოთ მენდელსონის მარში, ვაცეკვოთ ვალსი, ვათამაშოთ  ოჯახობანა, თუმცა ეს უნდა გავაკეთოთ დრამაცენტრში. მე ეს სცენა არ გამითამაშებია, რადგან არ ჩავთვალე საჭიროდ“, – გვეუბნება ის.

პედაგოგის თქმით, ბავშვებს მითითების გარეშეც მოსწონთ ოჯახური სცენების გათამაშება: „ხშირად წავსწრებივარ პრაქტიკაში, როცა ბავშვები ეუბნებიან ერთმანეთს – „შენ დედა იყავი, მე მამა“. დადიან ხელიხელჩაკიდებული და ასეირნებენ თოჯინას ეტლით“.

პედაგოგის თქმით, შემუშავებულია მოსწავლის სასკოლო მზაობის ახალი პროგრამა, სადაც ბავშვის განვითარების ყველა ეტაპისთვის დამახასიათებელი აქტივობა არის შემუშავებული.

„ეს პროგრამა 4-5 წლის ბავშვებზე, სასკოლო მზაობაზე, მოტორიკის განვითარებაზეა ორიენტირებული. ყველა მოდული, რომელიც ბავშვის მენტალურ განვითარებას ეხება, კარგად არის ჩამოყალიბებული. ჩვენ გვაქვს ალტერნატივები, თუ როგორ შეგვიძლია მივაწოდოთ ბავშვს მრავალფეროვნებასთან და სხვა თემებთან დაკავშირებული საკითხები“, –  გვეუბნება ლალი კორიფაძე.

გაეროს ბავშვთა ფონდის სკოლამდელი განათლების ოფიცრის, ანა ჯანელიძის განმარტებით, საბავშვო ბაღებში დღეს ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ  აქტივობების დიდი ნაწილი ბავშვზე არ არის ორიენტირებული:

„როგორ აქვთ ბაღის პედაგოგებს ესა თუ ის აქტივობა გააზრებული – სამწუხაროდ, ამის მონიტორინგი ჩვენს ორგანიზაციას არ განუხორციელებია, თუმცა, სახალხო დამცველმა 2015 წელს თავის ანგარიშში ასახა, რომ სასწავლო პროცესი არ არის ორიენტირებული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე. „ქორწინების“  ვიდეო, რომელიც გავრცელდა, კარგად აჩვენებს ამ პრობლემას. პრობლემა ქორწინებასა და ოჯახზე საუბარი კი არ არის, არამედ ის, რომ ამ სცენაში არ იყო წარმოჩენილი ბავშვის ინტერესი და მასწავლებელი თავის სურვილით დგამდა წარმოდგენას“.

ანა ჯანელიძის შეფასებით, საბავშვო ბაღებში განხორციელებული აქტივობების დიდ ნაწილში ბავშვის ინტერესი, ხშირ შემთხვევაში, არ ჩანს:

„პრობლემაა ის, თუ როგორ ესმით მათ დრამატული თამაში. დრამატულ თამაშში მასწავლებელი საერთოდ არ მონაწილეობს. ბავშვებს აქვთ რეკვიზიტები და იქნება ეს ოჯახობანა, დინოზავრები თუ კოსმოსი, მასთან დაკავშირებული სხვა კულტურული არტეფაქტები  მათთვის საინტერესო კუთხით უნდა წარმოაჩინონ“.

ანა ჯანელიძის თქმით, პროგრამაში მოცემული აქტივობები სარეკომენდაციო ხასიათისაა და არ გულისხმობს, რომ პედაგოგმა აუცილებლად ზუსტად იგივე აქტივობა უნდა განახორციელოს.

„შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რატომ არსებობს ასეთი ტიპის წიგნები საერთოდ და რატომ ვთავაზობთ პედაგოგებს მზა აქტივობებს? სამწუხაროდ, მასწავლებლებისა და აღმზრდელების კომპეტენციის პრობლემა არსებობს  –  დიდ ნაწილს არ აქვს უნარი, თავად განსაზღვროს რა ინტერესები და საჭიროებები აქვთ ბავშვებს.

სოციალურ ქსელებში მშობლების, ბაღების მიერ გავრცელებულ უამრავ ვიდეოში იმ „ქორწილის“  ანალოგიური სიტუაციაა. იქვე ჩანან ბედნიერი მშობლები და აღმზრდელები. ბავშვები კი იმეორებენ გაზეპირებულ ლექსებს, ზოგს მნიშვნელოვანი როლი აქვს, ზოგს ნაკლებად მნიშვნელოვანი და ამაზე მიდის ნერვიულობა. ზოგი ძვირადღირებულ კოსტიუმს ირგებს, ვისაც არ აქვს ძვირადღირებული კოსტიუმის ყიდვის შესაძლებლობა, სიტუაციის მსხვერპლია. ამით ბავშვები ნამდვილად ვერ იღებენ პოზიტივს“, –  გვეუბენა ანა.

ანა ჯანელიძის თქმით, სასკოლო მზაობის ახალ პროგრამაში, რომელიც ერთი წლის წინ გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით მომზადდა, მოიცავს ბავშვის ინტერესებზე მორგებულ ღონისძიებებს: „ეს აქტივობები უნდა იყოს არა მშობლის ან პედაგოგის გასახარებლად, არამედ იმისთვის, რომ ბავშვმა იგრძნოს კარგად თავი“.

„ადრეული აღზრდისა და განათლების შესახებ“ ახალ კანონში წარმოდგენილი სტანდარტები ორი ნაწილისგან შედგება. ერთი ნაწილი ორიენტირებულია გარკვეულ ასაკში ბავშვის მისაღწევ შედეგებზე, მეორე ნაწილი კი – პროგრამის სტანდარტების ხარისხზე.

ანა ჯანელიძის თქმით, ეს სტანდარტები განათლების სამინისტრომ უკვე გადააგზავნა თვითმმართველობებთან და ყველა რელევანტურ სამინისტროსთან, რომ შიდა შეთანხმება არსებობდეს. სტანდარტები საქართველოს მთავრობამ 2017 წლის აპრილისთვის უნდა დაამტკიცოს.

მოვამზადებ მოსწავლეებს ინგლისურ ენაში

მოვამზადებ მოსწავლეებს ინგლისურ ენაში (Beginner elementary pre-intermediate da intermediate). სწავლის საფასური განისაზღვრება საფეხურის მიხედვით (Beginner elementary) – 30 ლარი, (pre-intermediate, intermediate) – 50 ლარი. ტელ: 574 37 74 69

გადაიხდით, მაგრამ ვერ გააჩერებთ

ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის დღეში ხან 500-ზე მეტი მძღოლი ჯარიმდება. მაგალითად, 11 ოქტომბერს, ბათუმში 700-მდე მძღოლი დააჯარიმეს. მათ შორის, 547 მძღოლი პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 18 – ტროტუარზე დგომისთვის და ა.შ. პრეტენზიები მღოლებსაც აქვთ, ისინი ამბობენ, რომ პარკირების საფასურის გადახდის მიუხედავად ავტომანქანას ვერ აჩერებენ, რადგან ავტოპარკინგისთვის განკუთვნილი ადგილი საკმარისი არ არის. მერიის „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სააგენტოში“ კი აცხადებენ, რომ პარკირების საფასურის გადახდა არ ნიშნავს იმას, რომ მძღოლს ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილი სამსახურთან ახლოს შეხვდება.

ბათუმის `სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სააგენტოს~ ხელმძღვანელის, გიორგი ჩხეიძის განცხადებით, ქალაქში პარკირების წესების დარღვევის მაჩვენებლის ზრდა გამოწვეულია გაუმართავი ინფრასტრუქტურით, რადგან ქუჩები გადათხრილია და ავტომანქანების ნაკადი ასფალტირებულ ქუჩებს აწყდება.

თუკი მერია ვერ უზრუნველყოფს შესაბამის ინფრასტრუქტურას ქალაქში, მაშინ როგორ უნდა მოხდეს პარკირების წესების დაცვა? გიორგი ჩხეიძე ამბობს, რომ ეს საკითხი სატრანსპორტო პოლიტიკის სფეროს ეხება და ამაზე პასუხი არა სააგენტომ, არამედ მერიამ უნდა გასცეს.

„ჩვენთან პარკინგის სისტემა არ არის კლასიფიცირებული. ქალაქის ტერიტორიაზე არის რეგულირებადი ზონები გამოყოფილი და შესაბამისად, საგზაო ნიშნითაც არის გამოყოფილი პარკირების ადგილი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მძღოლს შეხვდება ადგილი ავტომანქანის გასაჩერებლად. როცა მძღოლი იხდის პარკირებისთვის ერთწლიან საფასურს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია დააყენოს თავისი ავტომანქანა პარკირებისთვის განსაზღვრულ ადგილზე შეუზღუდავად, თუმცა ჩემი პარკირების უფლება ზღუდავს მეორე ადამიანის პარკირების უფლებას,“ – ამბობს გიორგი ჩხეიძე.

ირღვევა თუ არა იმ აბონენტების უფლება, რომლებიც იხდიან პარკირების საფასურს, მაგრამ ვერ ახერხებენ ავტომანქანების დაყენებას პარკინგზე? გიორგი ჩხეიძე: „მახდევინებ ფულს იმაში რაც არ არის, ასე არ დგას საკითხი. მოქალაქეების პრობლემა არის ის, რომ ყველას ოფისის კარებთან უნდა ავტომანქანის გაჩერება, მაშინ როცა შეიძლება მანქანა მოშორებითაც დააყენო. დიდ ქალაქებში ავტომანქანებს სამსახურიდან ორი კილომეტრის მოშორებითაც აჩერებენ“.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ნიშანი – „აკრძალულია ავტომანქანის გაჩერება, გარდა სამსახურებრივი მანქანებისა“, არ გამოიყენება კერძო ოფისების წინ იმის მიუხედავად, იხდიან თუ არა ამ ოფისის თანამშრომლები პარკირების გადასახადს. „ამ ნიშნის დაყენების უფლება აქვთ მხოლოდ საჯარო უწყებებს, საგანგებო დანიშნულების სამსახურებს. კერძო კომპანიებზე ასეთი ნიშნები არ გაიცემა.

თუ კერძო კომპანიას პარკირებისთვის ადგილის გამოყოფა სურს, ასეთი ადგილები გაიცემა მერიის მიერ, მხოლოდ იჯარით და გაცემულია კიდეც რამდენიმე სასტუმროზე. სხვა შემთხვევაში, კერძო ოფისების წინ გამორიცხულია ამ ნიშნების განთავსება,“ – ამბობს გიორგი ჩხეიძე.

ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელი ემზარ ქავჟარაძე პარკირების საკითხის მოუგვარებლობას „გლობალურ პრობლემას“ უკავშირებს. „ეს გლობალურია პრობლემაა და მერიის ერთი სამსახურით ვერ მოგვარდება. მერიის სხვა სამსახურებსაც ეხება ეს საკითხი. მაგალითად, მშენებლობის ნებართვა არ უნდა გაიცეს იმ შემთხვევაში, თუკი სახლს არ აქვს პარკირების ადგილი“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მერიას არ აქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკა პარკირებასთან და ზოგადად მშენებლობის ნორმებთან დაკავშირებით? – ემზარ ქავჟარაძე პირდაპირ არ პასუხობს: „ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, იმაზე ვმუშაობთ.“

ემზარ ქავჟარაძის თქმით, სანამ ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, პარკირების პრობლემა იარსებებს.

პარკირების საფასური ბათუმის საკრებულოს დადგენილებით განისაზღვრება. მსუბუქი მანქანებისთვის 30-დღიანი პარკირების ფასი ბათუმში 10 ლარია. ნახევარი წლის საფასური _ 25 ლარს, ერთი წლის პარკირების საფასური კი – 40 ლარს შეადგენს. იმ მძღოლებისთვის კი, რომლებიც ბათუმში მხოლოდ ერთი დღით ან ერთი კვირით აპირებენ დარჩენას, სპეციალური ტარიფი მოქმედებს. რაც შეეხება ჯარიმას, ფასი ადგილზე დაჯარიმების შემთხვევაში 10 ლარია, მანქანის ავტოფარეხში გადატანის შემთხვევაში კი მძღოლმა მის დასაბრუნებლად „ბათუმის ავტოპარკინგის“ ადმინისტრაციას პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან და მანქანის მფლობელობის დოკუმენტებთან ერთად 35-ლარიანი გადახდის ქვითარი უნდა წარუდგინოს.

2016 წლის იანვრიდან დღემდე ბათუმში 80 ათასამდე მძღოლი დაჯარიმდა არასწორი პარკირებისთვის. ბიუჯეტში კი საურავებისა და ჯარიმის სახით 300 ათასზე მეტი ლარი შევიდა.

ქედის მუნიციპალიტეტმა 2016 წელს ბიუჯეტის 93% აითვისა

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა ჯემალ ტაკიძემ დღეს ქედის საკრებულოს, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ გაწეული სამი კვარტლის ანგარიში წარუდგინა.

გამგეობის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, ქედის ფაქტიურმა შესრულებამ 7 მილიონ 127 887 ლარი შეადგინა, რაც ბიუჯეტის გეგმის 92, 8 %-ია. ქედის ადგილობრივმა თვითმართველობამ ცხრა თვის განმავლობაში გათანაბრებითი ტრანსფერით ანუ ცენტრალური ბიუჯეტიდან 3 016 900, ხოლო კაპიტალური ტრანსფერის სახით, ანუ აჭარის ბიუჯეტიდან 2 მლნ. 7 66 387 ლარი მიიღო.

რაც შეეხება ქონების შემოსავალს, შემოსავალმა 159 837 ლარი შეადგინა, ხოლო ქონების გადასახადი 461 58 ლარით განისაზღვრა.

„ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა, სამი კვარტლის მონაცემებით შესრულება 102%-ს შეადგენს, 2016 წელს დავგეგმეთ 250 000 ლარი ქონების გადასახადისგან მისაღებელი შემოსავალი, ფაქტიურმა შესრულებამ 461 580 ლარი შეადგინა, აქედან 250 000 ლარი ავანსის სახით ჰესის მშენებელმა კომპანიამ „აჭარისწყალ ჯორჯიამ“ გადაიხადა“ – განმარტა ჯემალ ტაკიძემ.

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წერიგით გათვალსიწინებული მხოლოდ ამ ერთ საკითხზე იმსჯელეს, შესრულების ანგარიშს კი დამსწრე 17 დეპუტატიდან 14 დაუჭირა მხარი.

ციფრული გალერეა ბათუმის ქუჩებში

ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩის 47 ნომერში, ადგილობრივი მხატვრებისთვის, გრაფიკული დიზაინერებისა და არტისტებისთვის “თავისუფალი სახელოსნო” _ Street Art  სტუდია გაისნა, რომელიც 3D პრინტერით, გრავირებისთვის საჭირო ლაზერით, პროექტორითა და სხვადასხვა დამხმარე ხელსაწყოებითაა აღჭურვილი. ეს არის ადგილი იმ ადამიანებისთვის, ვისაც თავისუფალი სივრცე შემოქმედებისთვის, ნამუშევრების გამოფენისა და უბრალოდ, საინტერესო იდეების გაცვლისთვის სჭირდება.

 

სახელოსნო ახალი პროექტის, Streetart.ge-ს ერთ-ერთი კომპონენტია. პროექტი სულ ახლახან დაიწყო და მასში უკვე თხუთმეტამდე არტისტია ჩართული. იდეის ავტორი ლევან გელიაშვილი [ერედელი] განმარტავს, თუ როგორ იმუშავებს პროექტი: “იგი სამ კომპონენტს მოიცავს, პირველი არის ვებგვერდი – Streetart.ge, სადაც არტისტები სახლიდან გაუსვლელად, ქალაქებიდან ან სოფლებიდან ატვირთავენ ილუსტრაციებს, ფოტოებს თუ გრაფიკულ ნამუშევრებს. მათ ნაწილს, რასაც საგამოფენოდ შევარჩევთ, ამოვბეჭდავთ და გამოვფენთ არტბოქსებში ანუ სპეციალურ საგამოფენო ყუთებში, რომლებიც უკვე განვათავსეთ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე. გარდა ამისა, შევქმენით სახელოსნო არტისტებისთვის, აქ შექმნილი ნაკეთობები, სხვა ნამუშევრებთან ერთად, აიტვირთება ჩვენს ვებგვერდზე, სადაც მათი გაყიდვის საშუალებაც იქნება,” – ამბობს ლევანი.

მსახიობი ნიკო კილაძე, რომელიც პაპიემაშესგან ცხოველებისა და სხვადასხვა არსებების ნიღბებს აკეთებს, ამბობს რომ, საერთო არტსახელოსნო ასეთ პატარა ქალაქში გარდა სამუშაო ადგილისა ახალი აღმოჩენებისა და ინსპირაციებისა ადგილიცაა, “მე აქ უკვე გავიცანი ახალი ადამიანები და ვნახე ისეთი პროდუქტი, რასაც ადრე, მაგალითად, გუგლში ვეძებდი… უკვე ვიცი, რომ ასეთი არტისტები არიან ჩვენთანაც. შემიძლია მათ ჩემი გამოცდილება გავუზიარო, იდეები გავცვალოთ ან მივიღო ინსპირაცია მათგან. ეს არ არის უბრალოდ სივრცე, სადაც “იატაკქვეშა” არტისტები იკრიბებიან და ლაპარაკობენ, აქ ჩვენ ვიმუშავებთ და დავდებთ პროდუქტს. ეს სივრცე იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ არ ვარ შეზღუდული, ახლა გავზრდი მასშტაბებს, გავზრდი მუშაობის დროს. მარტივი მაგალითია – სახლში თუ ვცდილობდი, რაღაც არ დამსვროდა, აქ ამას არ მოვერიდები. მუშაობა სახლში არ არის მუშაობა, ხან სტუმარი მოვა, ხან სხვა, აქ კი ვარ ცალკე, სადაც მხოლოდ ვმუშაობ ჩემს ნიღბებზე და მორჩა,” – ამბობს ნიკო.

ლევანი ამბობს, რომ სახელოსნოში მუშაობის გრაფიკი თავისუფალია, თუმცა ავტორთან შეთანხმებით აუცილებლად დგინდება ამა თუ იმ ნამუშევრის დედლაინიც. “ხელს ვუწყობთ ყველას, ვინც მობილიზებულია, რომ რაღაც გააკეთოს, მაგრამ უნდა გაითვალისწინონ, რომ ჩვენ არ ვასწავლით, ჩვენ ვაძლევთ სივრცეს იმისთვის, რომ როცა ექნებათ ენერგია და შემართება, მოვიდნენ შექმნან, შემდეგ კი კომერციულად ვაქციოთ მათი პროდუქცია,” – ამბობს ის.

პროექტისთვის საჭირო სივრცე და აღჭურვილობა აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ დააფინანსა. “ძირითადად ტექნიკური ხარჯი ავიღეთ, არ არის გათვლილი, რომ ვიღაცას ხელფასი ჰქონდეს, ჰონორარები არ გვაქვს, უბრალოდ გვინდოდა, რომ ასეთი სივრცე შეგვექმნა,” – ამბობს ლევანი.

 

რაც შეეხება Streetart.ge-ს, იგი სულ ახლახან ჩაეშვა ქსელში. რეგისტრაცია აქ ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა საწყის ეტაპზე გამოფენების მოწყობა მხოლოდ ადგილობრივი არტისტებისთვის იგეგმება.
იმისთვის, რომ საიტზე ატვირთული ნამუშევრები საგამოფენოდ შეირჩეს, საჭიროა ისინი გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ. “ხარისხზე გვაქვს პრეტენზია, ამიტომ ატვირთვის შემდეგ ნამუშევარი უნდა განვიხილოთ და თუ ის ჯდება ხარისხობრივ კრიტერიუმებში, ჩვენ უფასოდ დავუბეჭდავთ ნამუშევრებს ამ ავტორს და გამოვფენთ ქალაქში,” – ამბობს ლევანი.

კიდევ ერთი ბათუმელი არტისტი ნინა მასალკინა ამბობს, რომ მსგავსი ტიპის “ონლაინგალერეა” თანამედროვე ქართველი არტისტებისთვის სიახლეა. “დიჯითალ ართი არც ისე ახალი ხილია საქართველოში, მე პირადად ექვსი წელია ვხატავ, ვაკეთებ ფოტომანიპულაციებს… და ამ ხნის მანძილზე არ გამიგია, რომ საქართველოში იყოს ასეთი ნამუშევრების ინტერნეტპორტალი ან გალერეა. არის ბლოგები, მაგრამ ისინი ან რამდენიმე პოსტის მერე აღარ განახლდებიან ხოლმე, ან განახლებების მიუხედავად, ბლოგს მნახველები არ ჰყავს. აქამდე ჩემს ნამუშევრებს ვაქვეყნებდი deviantart-ზე და სხვა მსგავს პოპულარულ საიტებზე, ასევე ჩემს ფეისბუქგვერდზე. ახლა უკვე იარსებებს გალერეა, სადაც შეხვალ და ქართულ თანამედროვე ხელოვნებას გაეცნობი, თანაც ეს არტისტებს თავიანთი პროდუქტის რეალიზაციაში დაეხმარება.”

ნინა მასალკინას ხელნაკეთი თოჯინების კუთხე სახელოსნოში

საგამოფენო არტბოქსები, რაშიც არტისტების ნამუშევრები განთავსდება, A2 ზომის სპეციალურ წყალგაუმტარ, კედელზე მისამაგრებელ თხელ ყუთებს წარმოადგენს. ისინი ბათუმის შედარებით უფრო ხალხმრავალ ადგილებში, ცხრა ადგილზეა განთავსებული, მათ შორის: მემედ აბაშიძის ქუჩის 32 ნომერში, დუმბაძის ქუჩის 12-14ა-ში (კაფე Vinyl-თან), აბაშიძის გამზირზე 17 ნომერში (კინოთეატრ “აპოლოსთან”), მელაშვილის ქუჩის 32 ნომერში (“ახალ სცენასთან”), მელაშვილის ქუჩის 30 ნომერში, კოსტავას ქუჩის 19 ნომერში და მაზნიაშვილის ქუჩის 54-56 ნომერში.

ნინა ამბობს, რომ ამ ციფრული არტის ქალაქის ქუჩებში გადმოტანით თანამედროვე ხელვონება ხელმისაწვდომი ხდება არა მხოლოდ ინტერნეტმომხმარებლებისთვის, არამედ სხვა ყველა ასაკისა და კატეგორიის მოქალაქისთვის. ამრიგად პროექტის საგამოფენო ნაწილი ძირითადად ციფრული ხელოვნების პოპულარიზაციას ემსახურება, მაგრამ ნამუშევრების ონლანში გაყიდვის კომპონენტი არტისტებს არ ზღუდავს ჟანრობრივად. “ამ მხრივ გადავწყვიტეთ, რომ არ შეგვეზღუდა ადამიანები და ნამუშევრების გაყიდვის საშუალება ჰქონოდათ იმ დამიანებსაც, რომლებიც აკეთებენ სხვადასხვა სახის ხელნაკეთ ნივთებს, ჩანთებს, პრინტებს… ბევრი გვყავს ასეთი ადამიანი საქართველოში, მაგრამ ისინი ვერ ყიდიან თავიანთ ნამუშევრებს, საქართველოში არ არის ასეთი ბაზარი და არც ეს კულტურა,” – განმარტავს ლევან გელიაშვილი.

სხვადასხვა ტიპის ხელნაკეთი ნივთები, ვებგვერდზე კატეგორიების მიხედვით განთავსდება, დაედება ფასი და გამოქვეყნდება. ლევანის განმარტებით, Streetart.ge -ს გაყიდვების ფუნქია მოგვიანებით დაემატება, რადგან ეს კონკრეტული ფუნქცია დამატებით თავდაცვის მექანიზმს ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში თვეში მინიმუმ ერთი გამოფენის მოწყობა იგეგმება. უახლოეს მომავალში კი ბათუმში გრაფიკოს-დიზაინერი ბექა ბერიძის “ილუსტრირებული სიტყვები” გამოიფინება.

CRITICAL MASS – ველომსვლელობა ბათუმში [ფოტო]

დღეს,  ბათუმში ტრადიციული ველომსვლელობა მოეწყო. Critical Mass არის ყოველთვიური ველო-მსვლელობა ქალაქის ქუჩებში. იმართება ყოველი თვის ბოლო პარასკევს.

მსვლელობის მიზანია, საზოგადოება დაარწმუნონ ველოსიპედებისთვის საჭირო უსაფრთხო სივრცის აუცილებლობაში და კიდევ ერთხელ შეახსენონ სამთავრობო სტრუქტურებს, ქალაქში ველოსიპედით გადაადგილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა.

აქცია „ოცნების ქალაქში“ – „თუ დენს არ ჩაგვირთავენ, გზას ისევ გადავკეტავთ“

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლების ნაწილი ამ წუთებში აქციას მართავს. აქციის მონაწილეთა თქმით, „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აქ მცხოვრებ 140-მდე ოჯახს ელექტროენერგია გაუთიშა.

„თითქმის ნახევარი საათი გადაკეტილი გვქონდა ბათუმი-ხელვაჩაურის ავტომაგისტრალი. ხელვაჩაურის პოლიციის უფროსმა გვითხრა, რომ რამდენიმე წუთში ჩაირთვება შუქი. თუ ასე არ მოხდა, ისევ გადავკეტავთ გზას… მიმდინარე გადასახადი გადახდილი გვაქვს და რაღაც ძველ დავალიანებას გვთხოვს მგონი კომპანია,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებს ელექტროენერგიის მიწოდება გასულ წელსაც შეუწყვიტეს.

CRITICAL MASS – ველომსვლელობა ბათუმში [ანონსი]

25 ნოემბერს, 19:30 საათზე ბათუმში ტრადიციული ველომსვლელობა გაიმართება. ორგანიზატორების განმარტებით, „CRITICAL MASS“ ყოველი თვის ბოლო პარასკევს იმართება.

„მსვლელობის მიზანია გავაგებინოთ ავტომობილის მძღოლებს, საზოგადოებას და სამთავრობო სტრუქტურებს, რომ ჩვენ გვჭირდება უსაფრთხო სივრცე გადაადგილებისთვის და მოვითხოვთ ქალაქში ველოსიპედით გადაადგილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას.  ასევე, მსვლელობის ერთ-ერთი მიზანია პოპულარიზაცია გავუწიოთ ველოსპორტს და ველოსიპედით გადაადგილებას ქალაქში. ასეთი ტიპის მსვლელობა უკვე ორი წელია მიმდინარეობს, პოლიციის ავტომობილების თანხლებით ხდება უსაფრთხო გადაადგილება, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში. ველომსვლელობა დაიწყება ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიიდან და გავივლით 10-12 კილომეტრს, რათა მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ ველოსიპედი არის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო საშუალება ქალაქში“ – ამბობს ველომსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ერეკლე ჩიკვაიძე.

უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა 28 ნოემბერს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა 2016 წლის 28 ნოემბერს დანიშნა. შესაბამის განკარგულებას ხელს, პრეზიდენტთან ერთად, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილიც აწერს.

სხდომა უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში 12 საათზე დაიწყება, უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაცია კი – 11:30 საათზე.

უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას დავით თედორაძე გახსნის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე დავით გაბაიძის კანდიდატურა განიხილება, ვიცე-სპიკერის პოსტზე კი – მერაბ კარანაძის.

1-23851c8e94

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ფორუმი ეკომიგრაციაზე

25 ნოემბერს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ეკომიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით შეხვედრების ფორუმს ბათუმში დაასრულებს. ფორუმი სასტუმრო „დივანში“ გაიმართება დილის 10 საათიდან 17 საათამდე.

შეხვედრები ანაკლიაში, წყალტუბოში, თბილისში, რუსთავში, ნაფარეულსა და ბორჯომში გაიმართა. რეგიონულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების (62 მუნიციპალიტეტი), სამოქალაქო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ცნობით, რეგიონული სამუშაო შეხვედრების დასრულების შემდეგ გაკეთდება საქართველოში ეკომიგრაციის პრევენციის კუთხით არსებული გამოცდილების, წარმატებული პრაქტიკის, რესურსებისა და შესაძლებლობის ანალიზი; შეფასდება საქართველოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული განსახლებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების პროცესი, საცხოვრისის შესყიდვის პრაქტიკა, შეფასდება საქართველოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული სახელმწიფოს მიერ ჩასახლებული ეკომიგრანტების ინტეგრაციის, ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების და ადგილზე დამკვიდრების სახელმწიფო მხარდაჭერის არსებული პრაქტიკა, გაკეთდება არსებული გამოცდილების ანალიზი და შეფასდება ე.წ. „სოციალური სახლების“ სახელმწიფო პოლიტიკა და მიზანშეწონილობა.

ასევე, არსებული სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით, მომზადდება განსახორციელებელი საქმიანობების ნუსხა, რომელიც წარედგინება საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს და მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება რეკომენდაციების ლობირების კამპანია (საჯარო ფორუმები, დოკუმენტური ფილმების სერია, ინდივიდუალური შეხვედრები გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან).

სამუშაო შეხვედრების ფორუმი გაიმართება პროექტის „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ ფარგლებში.
პროექტს ევროკავშირი აფინანსებს.

შვილის მოვლის შეზღუდული უფლება მამებისთვის

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საქართველოში მამებისთვის ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და მისი ანაზღაურების უფლების არარსებობას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. EMC-ი იცავს სამი მოსარჩელის უფლებას, რომელთაგან ორი კაცი და ერთი ქალია. მათ შორის ერთმა მოსარჩელემ [კაცმა] შვილის შეძინის შემდეგ შვებულება ითხოვა და უარი მიიღო.

მამამ, რომელიც შვილის გაზრდის მიზნით შვებულებას ითხოვდა და უარი მიიღო, თავდაპირველად სახალხო დამცველს მიმართა. უჩა ნანუაშვილის რეკომენდაციის შემდეგ მამაკაცს მისცეს შვებულება, თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტომ ანაზღაურებაზე უარი უთხრა. საკონსტიტუციო სარჩელის ავტორის, EMჩ-ის იურისტის, სალომე ჯოხაძის თქმით, მას მიუთითეს ჩანაწერი კანონმდებლობიდან, რომელსაც EMC-ი საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი საჩივრის კიდევ ერთი ხელმომწერი ლაშა ჩალაძეა. ლაშა უახლოეს მომავალში ელოდება შვილს და მიიჩნევს, რომ შეიძლება შვებულებით სარგებლობის უფლება მასაც დაერღვეს. რაც შეეხება მოსარჩელე ქალს, მას ჰყავს ახალშობილი შვილი, სარგებლობს დეკრეტული შვებულებით და გამომდინარე იქედან, რომ მარტო მას აქვს ფასიანი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა ბავშვის მოსავლელად, ის კანონმა შეაფერხა როგორც კარიერულ, ისე პროფესიულ განვითარებაში. ქალი მიიჩნევს, რომ მის მიმართ ეს მიდგომა არის დისკრიმინაციული.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით მხოლოდ ხუთმა მამამ ისარგებლა. აქედან ოთხ შემთხვევაში ფასიანი შვებულება მამამ ბავშვის დედის გარდაცვალების შემდეგ მიიღო. მეხუთე შემთხვევაში კი ფასიანი შვებულებით მშვილებელმა მამამ ისარგებლა. ეს მონაცემები EMC-ის სოციალურმა სააგენტომ მიაწოდა. ე.წ. დეკრეტული შვებულების ანაზღაურება ამ სააგენტოს პრეროგატივაა.

ამ დროისთვის არც ერთ უწყებას არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია იმაზე, თუ ბავშვის მოვლის გამო რამდენი დასაქმებული მამა ითხოვდა ანაზღაურებად შვებულებას და მას უარი უთხრეს. არც ის ვიცით, რამდენმა მამამ თქვა უარი შვებულებით სარგებლობაზე მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში ახალშობილი შვილის მოვლის გამო შვებულება მამებისთვის ანაზღაურებადი არ არის.

ახალშობილის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურების საკითხი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება. ის პირდაპირ ადგენს, რომ შვებულების ანაზღაურების საფუძველია საავადმყოფო ფურცელი, რომელიც გაიცემა მხოლოდ ქალზე. ამავე ბრძანებით, საავადმყოფო ფურცელი ბავშვის მამის მიმართ მხოლოდ ქალის გარდაცვალების შემთხვევაში გაიცემა.

EMC-ის იურისტი სალომე ჯოხაძე მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება კაცებს ახალშობილის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურების უფლების მქონე პირებისგან პირდაპირ გამორიცხავს.

„ბავშვის მოვლა წარმოადგენს თანაბარ უფლებას და იმავდროულად პასუხისმგებლობას ორივე მშობლისათვის. შესაბამისად, გაუმართლებელია, სახელმწიფო მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს ანიჭებდეს ამ შესაძლებლობას“, – განმარტავს იურისტი.

კონსტიტუციურ სარჩელში EMC-ი ამტკიცებს, რომ ამგვარი რეგულაცია დისკრიმინაციული მიდგომაა, ერთი მხრივ ბიოლოგიური მამების მიმართ, დედებთან მიმართებით, ხოლო მეორე მხრივ, მშვილებელ მამებთან მიმართებით. მშვილებელ მამებს შრომის კოდექსის სპეციალური ჩანაწერის საფუძველზე შეუძლიათ დაუბრკოლებლად ისარგებლონ [ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში] ბავშვის მოვლის გამო შვებულებით თუ მისი ანაზღაურების უფლებით.

თანასწორობის უფლება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. მოსარჩელე მხარის აზრით, ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და მისი ანაზღაურების უფლების შეზღუდვა კაცებისთვის იწვევს მათი შრომის უფლების შეზღუდვას და დისბალანსი შეაქვს კონსტიტუციით გარანტირებული ოჯახის კეთილდღეობისა და მეუღლეთა თანასწორობის უფლებებში. გარდა ამისა, EMC-ში მიიჩნევენ, რომ მოქმედი კანონმდებლობა მეუღლეებს არ ანიჭებს შესაძლებლობას, შეთანხმებით, სურვილის შესაბამისად იზრუნონ საკუთარ შვილზე და გაიზიარონ ეს პასუხისმგებლობა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ოჯახის კეთილდღეობის უფლება მოიცავს არა მხოლოდ კანონმდებლობით აღიარებულ ქორწინებას, არამედ მისი შინაარსი გაცილებით ფართოა და აერთიანებს რეგისტრირებული ქორწინების გარეშე თანაცხოვრებას, მათ შორის ამ თანაცხოვრებაში დაბადებულ ბავშვებს.

გამომდინარე იქედან, რომ ბავშვზე ზრუნვა და მისი მოვლა წარმოადგენს არა მხოლოდ უფლებას, არამედ პასუხისმგებლობასაც, მოსარჩელე ასაბუთებს, რომ სახეზეა კანონის წინაშე ქალის თანასწორობის უფლებაში ჩარევა, როცა არსებული სამართლებრივი რეგულირება ბავშვზე ზრუნვის მოვალეობას მხოლოდ ქალს აკისრებს. ეს საკანონმდებლო მიდგომა კი განამტკიცებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ დისკრიმინაციულ, უთანასწორო და პატრიარქალურ შეხედულებებს, ქალის წინასწარ განსაზღვრულ როლსა და ფუნქციასთან დაკავშირებით, რაც შვილებზე ზრუნვის ვალდებულებაში გამოიხატება.

EMC-ის ამ შეხედულებას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა აბაშიძეც ეთანხმება:

„დეკრეტული შვებულება უნდა გავიგოთ როგორც მხოლოდ და მხოლოდ მშობლების უფლება, მაგრამ ჩვენთან კულტურალურად აღიარებულია, რომ მხოლოდ დედები არიან ვალდებულები იზრუნონ ბავშვებზე. ის, რომ პრაქტიკულად დედებზეა მხოლოდ ეს ტვირთი გადატანილი, შეიძლება შეფასდეს დედების საზიანო პრაქტიკად. ბავშვს სჭირდება მოვლა, განსაკუთრებით პირველ პერიოდში, მაგრამ ეს ვალდებულება საზოგადოებამ მხოლოდ ქალს განუსაზღვრა. ეს, რა თქმა უნდა, დისკრიმინაციული მიდგომაა ქალების მიმართ, მაგრამ არსებული პრაქტიკა აზიანებს ორივე მშობელს. როცა მამას სურს მოუაროს ბავშვს, კანონმდებელი არ აძლევს ამის უფლებას, ანუ კანონიც დედას ეუბნება, რომ ის არის ერთადერთი, ვისაც აკისრია ეს მოვალეობა. ზოგადად კი, მამაკაცებისთვის საქართველოში ყოველთვის ბუნდოვანი იყო ამ უფლებით სარგებლობის წესები და დღემდე ასე რჩება“.

„ბათუმელებმა“ ვერ მოიძია კვლევა, რაც ასახავდა მამების განწყობას დეკრეტული შვებულების გამოყენებასთან დაკავშირებით. „ბათუმელები“ მიერ საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებული მამების გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხული მამაკაცების უმრავლესობა თანახმაა აიღოს შვებულება ახალშობილი შვილის მოვლის მიზნით. მათგან უმეტესობა ამბობს, რომ ბავშვის მოვლის გამო შვებულებით ისარგებლებდა, თუ ის იქნებოდა ანაზღაურებადი.

ერთ-ერთი ასეთი მამა არის არჩილ ვანაძე – ბათუმის მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე. მას ორი შვილი ჰყავს, უმცროსი ახლახან შეეძინა. „რა თქმა უნდა, ვისარგებლებდი შვებულებით. მეუღლეც დასაქმებულია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, როცა ორივე მშობელს აქვს შესაძლებლობა პასუხისმგებლობა გადაინაწილოს. პატარას ბევრი რამ სჭირდება, რაც ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ წინა პლანზე იწევს ფინანსური იტერესებიც“, – უთხრა არჩილ ვანაძემ „ბათუმელებს“.

მოქმედი შრომის კოდექსი ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლებას ანიჭებს დასაქმებულს. ეს, ერთი შეხედვით, ნეიტრალური ჩანაწერი და მასთან კავშირში მყოფი ნორმების ერთობლივი ანალიზით ნათელი ხდება, რომ კანონმდებლობა შვებულების უფლების მქონე დასაქმებულში მხოლოდ ქალს მოიაზრებს.

EMC-ი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები კანონმდებლობაში ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებსა და 36-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.

ბანკი შენს პირად სივრცეში

სესხის მისაღებად ადამიანები ბანკის თანამშრომლების მრავალ შეკითხვას პასუხობენ. სიტუაცია ალბათ ყველასთვის ნაცნობია – მსესხებელს დეტალურად ეკითხებიან შემოსავლების, ოჯახის წევრების შემოსავლების, თანამშრომლებისა თუ ნათესავების შესახებ. ბანკის თანამშრომელი გკითხავთ თანამშრომლის საკონტაქტო ინფორმაციასაც. მკაფიო რეგულაციები, რაც ბანკებს პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების ან შენახვის წესებს განუსაზღვრავს, არ არსებობს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ამჟამად იმ 20 ადამიანის განცხადებას განიხილავს, რომლებმაც მიიჩნიეს, რომ ბანკმა მისი პირადი სივრცე დაარღვია. ინსპექტორს რვა საბანკო ორგანიზაცია უკვე დაუჯარიმებია.

ლალი კ. ერთ-ერთია, რომელმაც ბანკში სამომხმარებლო სესხის აღება სცადა: „უცხოეთში მივდიოდი და მჭირდებოდა. აღარ მახსოვს, რა მკითხეს, მაგრამ ძალიან ბევრი კითხვა დამისვეს. იმდენად ბევრი, რომ სესხის აღება გადავიფიქრე. პასუხს ველოდებოდი ბანკისგან და როცა დამირეკეს, უარი ვუთხარი… იმდენი რამ მკითხეთ, აღარ მაქვს სურვილი-მეთქი, ვუპასუხე. მერე ახლობელს დავუდექი თავდებად. იქაც ბევრი კითხვა იყო. მახსოვს, ახლობლის რეაქცია, შემრცხვა, ასე რომ გამოგკითხესო…“

ია ტ. ბანკთან დაკავშირებულ სხვა შემთხვევას იხსენებს: „არანაირი სასეხო ვალდებულება არ მქონდა, როცა ერთ დღეს ბანკიდან დამირეკეს და მითხრეს, ვინმე თორნიკე თქვენი ახლობელიაო? იქნებ მისი საკონტაქტო გქონდეთ და დაგვეხმაროთო. თორნიკეს ჩემი გვარი ჰქონდა, მაგრამ საერთოდ არ ვიცნობდი… მანამდე ჩემს თანამშრომელს ჰქონდა ჩემი ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია მითითებული ბანკში, როცა სესხი გამოიტანა. მივხვდი, რომ აქედან გამომდინარე მოიძიეს ჩემი პირადი ინფორმაცია“.

ბათუმელი გოჩა ნაცვლიშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვისაც „ბანკთან ურითიერთობის~ პირადი გამოცდილების გაზიარება საჯაროდაც შეუძლია: „ყველაფერი მკითხეს, მათ შორის, თანამშრომლის საკონტაქტო და ოჯახის წევრებისაც. ხელშეკრულებაში წერია პერსონალური მონაცემის შესახებ, მაგრამ როცა ხელს ვაწერდი, ყურადღება არ მიმიქცევია. თან ისეთი წვრილი შრიფტით წერია ყველაფერი, შეგეზარება წაკითხვა. რაღაც ასეთი განწყობაა:

როცა ბანკში მიდიხარ, იცი, ყველაფერს გკითხავენ და შენც განცდა გაქვს, რომ ყველა შეკითხვას უნდა უპასუხო. მერე ჩემს ძმას ჰქონდა სესხი და ამომღები სააგენტო მეზობლებს ხვდებოდა, სესხი აქვს დასაფარი და იქნებ თქვენც უთხრათო. მერე დავურეკეთ და ვუთხარით, რომ ვუჩივლებდით, თუ იგივე განმეორდებოდა. მალე ჩემმა ძმამ მოახერხა იმ პრობლემური სესხის დაფარვა…“

ნიკა ბ.: „ოთხჯერ მაქვს აღებული სესხი. განვადება როცა გავაკეთე, მახსოვს, ერთის ნაცვლად, ორი თანამშრომლის საკონტაქტო ინფორმაცია მომთხოვეს. მათი სახელი და გვარები და მობილურის ნომრებიც მივუთითე… ოჯახის წევრებზეც მკითხეს – ასაკის, სამუშაო ადგილებისა და შემოსავლების ჩათვლით“.

ბანკები მოქალაქეების პირად სივრცეში შეღწევას ლეგიტიმური მიზნით ხსნიან – სესხის რისკის დაზღვევა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში გვეუბნებიან, რომ მთავარი პრობლემა არის ის, რომ მომხმარებლებს ბანკები თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საქმის კურსში არ აყენებენ. ინსპექტორის აპარატში რამდენიმე გამოვლენილი დარღვევა დაგვისახელეს: „მაგალითად, საქმე ეხებოდა ბანკის მიერ ბაზაში მოქალაქის გადახდისუნარიანობის გადამოწმებას, მაშინ, როდესაც ეს მოქალაქე უკვე აღარ იყო ამ ბანკის მსესხებელი. ინსპექტორის აპარატმა ასევე დაადგინა, რომ მოქალაქე თანხმობის გაცემისას არ იყო სათანადოდ ინფორმირებული და დაავალა ორგანიზაციას ხარვეზის გამოსწორება. იყო შემთხვევა, როდესაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ვერ წარმოადგინა მოქალაქის თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე და მას დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.“

ჩამონათვალი ვრცელია. ინსპექტორის აპარატი ამ მიმართულებით პროაქტიურ მუშაობას გეგმავს. წერილობით პასუხებში, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატმა მოგვაწოდა, აღნიშნულია, რომ თავად მოქალაქეები პირადი სივრცის დარღვევის პრობლემას ხედავენ არა ხელშეკრულების გაფორმების დროს, არამედ პრობლემური სესხის ამოღების პროცესში. სწორედ ამ დროს იყენებს საბანკო ორგანიზაცია იგივე პერსონალურ მონაცემს მსესხებლის დამსაქმებლის ან მისი თანამშრომლის შესახებ: „მოქალაქეები ასახელებენ ფორმებს, რომლითაც ესა თუ ის კომპანია პრობლემური სესხის ამოღებას ცდილობს. ისინი ამბობენ, რომ ემუქრებიან ოჯახის წევრებთან, დამსაქმებლებთან დარეკვით და მათი სესხის და გადახდისუნარიანობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებით, უპოსტავენ ფეისბუქზე, აკითხავენ სახლის მისამართზე, ესაუბრებიან მათი სესხის შესახებ მეზობლებს“ – მოგვწერეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატიდან.

„პერსონალური ინფორმაციის მოპოვება მსესხებლის თანამშრომლის შესახებ მართლა არანორმალურია, თუკი ეს თანამშრომელი თავდებად არ უდგება მსესხებელს,“ – მიიჩნევს ლია ელიავა, ექსპერტი საბანკო საკითხებში. ის ამ ტიპის კითხვებს უცნაურს უწოდებს, თუმცა აღარ უკვირს: „ყველა საბანკო ორგანიზაციას ერთი და იგივე კითხვა აქვს, როგორც საპროცენტო განაკვეთი. მათ აქვთ სპეციალური კითხვარი შემუშავებული და მოქალაქე რომელ ბანკშიც უნდა მივიდეს, ყველგან ერთსა და იმავეს ეკითხებიან. ეს განაპირობებს იმას, რომ მსესხებელი თავის დაცვას ვეღარ ახერხებს. მიზეზი, რატომაც იქცევიან ასე ბანკები – ეროვნული ბანკია. არ არსებობს რაიმე ტიპის რეგულაცია, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს.“

„სესხის ან კრედიტის გაცემის დროს შეკითხვებთან დაკავშირებით არ არის განსაზღვრული რაიმე სახის დებულება და აღნიშნული შესაძლებელია განისაზღვრებოდეს სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ ინდივიდუალურად,“ – ვკითხულობთ ოფიციალურ წერილში, რომელიც ეროვნული ბანკისგან „ბათუმელებს“ გამოუგზავნეს.

ამ ვითარებაში, მაგალითად, „თიბისი ბანკმა“, თუ „პროკრედიტ ბანკმა“ უპასუხოდ დატოვეს „ბათუმელების“ კითხვები – რა მიდგომა აქვს ბანკს პერსონალურ მონაცემთა შეგროვების ან დაცვის დროს. „ფინკა ბანკის“ სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების იურისტმა, ალექსანდრე ფერაძემ კი გვითხრა, რომ მათი ხელშეკრულებაც ითვალისწინებს პერსონალური მონაცემების მესამე პირისთვის გადაცემას, თუმცა დაკონკრეტებულია, ვინ არის „მესამე“:

„ესენი არიან მკაფიოდ დასახელებული პირები: კრედიტორები და Credit Info. მათ შესაძლოა მხოლოდ მონაცემთა ბაზის უზრუნველყოფისთვის გადაეცეთ ეს მონაცემები. არასწორი ქმედებების პრევენცია ხდება წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულებით.“ ალექსანდრე ფერაძის განმარტებით, ამ ბანკში წინასწარ განსაზღვრული კითხვარით არ მიმართავენ პოტენციურ მსესხებელს: „კითხვებს მხოლოდ კანონიერი მიზნიდან გამომდინარე სვამენ ბანკის თანამშრომლები და ეს არ არღვევს კანონს „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“.

„მსესხებლის პერსონალური ინფორმაციის დამუშავება ხდება მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით,“ – მოგვწერა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს“ იურისტმა, კოტე იაშვილმა. ვინ შეიძლება იყოს მესამე პირი, ვისაც შეიძლება გადაეცეს პერსონალური მონაცემი – „კრედოს“ იურისტმა მოკლედ გვიპასუხა, რომ „მესამე პირი“ ხელშეკრულების მიზნებიდან გამომდინარე განისაზღვრება. იურისტმა დაგვიდასტურა, რომ მსესხებლის შესახებ მონაცემი გადაეცემა Credit Info-საც: `გადავცემთ. რაც შეეხება პირობებს, ამაზე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან ეს კონფიდენციალური გახლავთ“.

„მესამე პირისთვის“ ინფორმაციის გადაცემას ითვალისწინებს „თიბისი ბანკის“ სესხის ზოგადი ხელშეკრულებაც, რაც ბანკს ინტერნეტგვერდზე აქვს გამოქვეყნებული. ხელშეკრულების მე-7 მუხლის მიხედვით, ბანკი პერსონალური მონაცემების შენახვის დროს საერთაშორისო სტანდარტებით სარგებლობს, რაც არ არის დაკონკრეტებული და ზოგადი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა: „კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ „თიბისი ბანკი“ უფლებამოსილია, კლიენტის ნებისმიერი განაცხადი, ასევე კლიენტთან დადებულ გარიგებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი მათ შორის პერსონალური ინფორმაცია, შენახვის მიზნით გადასცეს სახელმწიფო არქივს, ამ პროფილის კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს მიწოდებული დოკუმენტაციის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დაარქივებას და უსაფრთხო პირობებში შენახვას კონფიდენციალობის წესების სრული დაცვით“.

ეროვნული ბანკის პოზიცია პერსონალური მონაცემების „მესამე პირისთვის“ გადაცემაზე, ასეთია: „თუ სასესხო ხელშეკრულებაში მითითებულია ნებისმიერი მესამე პირისთვის მონაცემების გადაცემის უფლება და აღნიშნულზე მხარეები თანხმდებიან ხელშეკრულების ფარგლებში, სესხის გამცემი კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ მესამე პირს მიაწოდოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინფორმაცია.“

„ამ ვითარებაში სრულიად გაურკვეველია, ვის აქვს წვდომა ჩვენს პერსონალურ მონაცემზე, თუმცა ბანკები ძირითადად ამ ინფორმაციას აგროვებენ რისკის დასაზღვევად. პრაქტიკა აჩვენებს, რომ პრობლემური სესხის ამოღების დროს იყენებენ პირად მონაცემებს,~ _ გვიყვება ლია ელიავა, ექსპერტი საბანკო საკითხებში. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ

უშუალოდ ბანკები აღარ არიან დაკავებული სესხის ამოღებით: „ამას აკეთებენ კოლექტორული სააგენტოები, რომლებიც დაკომპლექტებული არიან სამართალდამცავი ორგანიზაციების ყოფილი თანამშრომლებით. მათ შესაბამისი მეთოდოლოგია გააჩნიათ: მუქარა, სატელეფონო ზარები თანამშრომლებთან, ახლობლებთან, რაც ერთგვარი ფსიქოლოგიური წნეხია… ეს სააგენტოები ყიდულობენ ბანკებისგან ამ სესხებს და შეუძლიათ სასამართლოსაც მიმართონ. ეს მომგებიანია ბანკისთვის, რადგან სესხის ამოღების პროცედურა ასე თუ ისე ავტორიტეტის შემლახავია“.

რა უნდა გააკეთოთ ხვალ, თუკი სესხის მისაღებად ბანკში გასაუბრება გელოდებათ? პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში ამ კითხვაზე მოკლე პასუხი აქვთ: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი არ განსაზღვრავს კონკრეტული შეკითხვების ჩამონათვალს, თუმცა ადგენს ჩარჩოებს, თუ რა შემთხვევაში და რა პრინციპების დაცვით არის შესაძლებელი მონაცემების გაცემა. მაგალითისთვის, მსესხებლისგან შეიძლება მოითხოვონ ისეთი ინფორმაცია, რომელიც სასესხო რისკების დასაზღვევად ან სხვა რაიმე კანონიერი მიზნით სჭირდებათ (ხელფასის ცნობა, ამონაწერი, ოჯახის შემოსავლის რაოდენობა, სამუშაო ადგილი და ა.შ.), მაგრამ არა ისეთი, რაც ამ მიზნებისთვის აშკარად არ არის საჭირო.“

ხელშეკრულების გაფორმებამდე ბანკმა ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ თქვენგან წერილობით თანხმობა უნდა მიიღოს პერსონალური ინფორმაციის მიღებაზე.

აკადემიური ხატვის სკოლა-სტუდია ,,ფერადი სამყარო” აცხადებს მიღებას

ხატვის სკოლა სტუდია ,,ფერადი სამყარო” აცხადებს მოსწავლეების მიღებას. გთავაზობთ მაღალკვალიფიციური პედაგოგების საავტორო გაკვეთილებს!

შეისწავლება: ხატვა, ფერწერა, აპლიკაცია, ძერწვა. ჯგუფები დაყოფილია ასაკის მიხედვით.

მისამართი: ქ.ბათუმი, პუშკინის ქუჩა N67. ბ.7

დაგვირეკეთ : 593 15 90 88

xatva2

როგორ იმუშავებს პროდუქციის გაყიდვის ახალი სისტემა მუნიციპალიტეტებში

აჭარის სოფლებში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გასაყიდად  ალტერნატიული სისტემა შეიქმნება, რისთვისაც მომავალ წელს აჭარის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 170 ათასი ლარი დაიხარჯება. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებში ხუთი მომსახურების ცენტრისა და ბათუმში ერთი ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობას და მას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს. ზოგადად, პროგრამების განხორციელებისთვის კი სამინისტრო ახალ ა[ა]იპ-ს შექმნის.

რას ითვალისწინებს ახალი სისტემა და რა შეღავათი ექნება გლეხს? – „ბათუმელები“ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მუნიციპალიტეტებს მომსახურების ცენტრებისთვის ადგილები უკვე შერჩეული აქვთ. ადგილი შერჩეულია ბათუმშიც, გონიოს ტერიტორიაზე ლოჯისტიკური ცენტრის მოსაწყობად.

„კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია, წინსწრებით სამუშაოებს ვატარებთ, რომ ამ შერჩეულ ადგილებზე მალე მოვითხოვოთ პროექტები. უნდა აშენდეს 200 კვ/მ ფართობის შენობები თითოეულ მუნიციპალიტეტში, შემდეგ წლებში შეიძლება გავაფართოვოთ. როგორც კი უმაღლეს საბჭოში დამტკიცდება პროგრამა, გამოვაცხადებთ ტენდერებს,“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, ამ სისტემის შექმნა მსხვილი კოოპერაციული გაერთიანებების შექმნასაც ემსახურება, რომლებსაც გადაეცემათ ეს ცენტრები სამართავად, ოღონდ გარკვეული პირობებით. მანამდე კი ცენტრები ახალი ა[ა]იპ-ის მართვაში იქნება.

„ეს კოოპერატივები გააერთიანებს იმდენ ადამიანს, რამდენსაც პროდუქციის რეალიზაცია უნდა ამ სისტემით. შეიძლება იყოს 200, 500-წევრიანი და მეტი, თუმცა, მკაცრად იქნება გაწერილი რა ფუნქციებით და რა მიზნებით შეეძლებათ კოოპერატიულ გაერთიანებებს ამ ცენტრების გამოყენება – ნებისმიერი ადამიანი, ვისაც სურვილი ექნება, გაერთიანებამ უნდა გააწევრიანოს კოოპერატივში და აუცილებლად ყველას უნდა მოემსახუროს,“ – აცხადებს მინისტრი.

როგორ იმუშავებს რეალიზაციის ახალი სისტემა? – მინისტრის თქმით, არც ერთ ეტაპზე ფერმერისგან პროდუქტის შესყიდვა არ ხდება – არც მუნიციპალურ ცენტრებში და არც ლოჯისტიკურ ცენტრში. მთელს ამ პროცესში ფერმერის საკუთრებაში რჩება საკუთარი პროდუქტი და ფაქტობრივად, ის ყიდის მას: „უბრალოდ, ეს სტრუქტურები ეხმარება, ასე ვთქვათ, პროცესის მოწესრიგებაში დოკუმენტალურად და პროცედურულად, რაც არის გარანტია იმისა, რომ ფერმერი მიიღებს გასაყიდი ფასის მაქსიმუმს,“ – განმარტავს მინისტრი.

სქემა ასეთია: ფერმერი ატყობინებს ცენტრს, რომ აქვს ესა თუ ის პროდუქტი, მას აკითხავს სოფელში მანქანა [ოღონდ განისაზღვრება თუ რა რაოდენობის პროდუქტის შემთხვევაში] და მოაქვთ პროდუქცია მომსახურების ცენტრში. აქ ფერმერის თანდასწრებით ხდება პროდუქციის გადარჩევა, აწონვა, დაფასოება, შეფუთვა, რის შემდეგაც პროდუქცია იგზავნება უკვე ბათუმში, ლოჯისტიკურ ცენტრში, ვინაიდან მთავარი სარეალიზაციო ბაზარი სწორედ ბათუმია.

ლოჯისტიკურ ცენტრში მოხდება პროდუქციის რეალიზაცია. პროდუქციის გაყიდვის შემდეგ სარეალიზაციო ფასის 20% დარჩება ცენტრს, ხოლო 80% გადაირიცხება ფერმერის ანგარიშზე.

„საწყის ეტაპზე, თუ საჭირო იქნა სისტემის მხარდაჭერა, ფინანსურად დავეხმარებით, მაგრამ გვაქვს დეტალური საოპერაციო გეგმა. ჩვენ უკვე ზუსტად ვიცით, რომ საშუალოდ თითოეულ ცენტრში 500 ტონა საქონელი უნდა დატრიალდეს, რომ ცენტრმა შეინახოს საკუთარი თავი. ეს რომ სოფლებზე გადავანაწილოთ, საშუალოდ 7-8 ტონა საქონელია ერთი სოფლიდან,“ – ამბობს ლაშა კომახიძე.

რაც შეეხება საქონელს, თუ რისი რეალიზაცია იქნება შესაძლებელი ახალი სისტემით, მინისტრი აცხადებს, რომ ნებისმიერი პროდუქტის, გარდა რძისა: „პირველ ეტაპზე, ანუ 2017 წელს, კონკრეტულად რძეზე თავს შევიკავებთ, რძის ნაწარმის რეალიზაცია კი შესაძლებელი იქნება, ასევე საქონლის ხორცის რეალიზაციაც, ვინაიდან ლოჯისტიკური ცენტრი შესაბამისი მაცივრითაც იქნება აღჭურვილი. უბრალოდ, პირუტყვი კანონის შესაბამისად, სასაკლაოზე უნდა იყოს დაკლული.“

მინისტრის განცხადებით, საქონლის აღრიცხვის სისტემა ცენტრალიზებული იქნება, ყველა ფილიალი ერთ ქსელში მოექცევა, სადაც საშუალება იქნება თითოეული ფერმერის საქონელი გაკონტროლდეს მისივე თვალის მიდევნებით: „ვთქვათ, გამოაგზავნა კარტოფილი ფერმერმა. მას შეუძლია ხულოს ცენტრში მივიდეს და იკითხოს რა მდგომარეობაშია მისი კარტოფილი – რამდენი გაიყიდა, რამდენად და ა.შ.“ ამასთან, ფერმერს უფლება ექნება ჩავიდეს ბათუმში, თავად მოიძიოს კლიენტი და თავად გაყიდოს საკუთარი პროდუქცია ლოჯისტიკური ცენტრიდან.

„დღეს, 90-95%-ის შემთხვევაში, ფერმერს ბაზარში ხვდებიან გადამყიდველები, გასაყიდი ფასიდან კი ის ვერ იღებს 30-40%-ზე მეტს. ამ ახალი სისტემით კი ფერმერი მიიღებს 80%-ს, რაც გააორმაგებს იმ შემოსავალს, რაც მას აქვს დღეს,“ – აცხადებს ლაშა კომახიძე და დასძენს, რომ პრაქტიკა დაალაგებს ყველაფერს, „თუმცა 20% სარეალიზაციო ფასიდან საკმარისია სისტემის შესანახად და მეტიც, ჩვენი გათვლებით წელიწადში სისტემა უნდა წავიდეს ერთი მილიონის მოგებაზე. ეს ერთი მილიონი მოგება კი ისევ ამ კოოპერატივების წევრების იქნება. საბოლოოდ, 145 ათასი მოსახლის პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა სახელმწიფოს მოხსნილი ექნება“.

ახალი სისტემით არ გაიყიდება ციტრუსი, ვინაიდან მინისტრის თქმით, ეს ცენტრები პატარა იქნება საამისოდ და ამასთან „უკეთესი სისტემა არსებობს უკვე პავილიონებისა და ქარხნების სახით. ჩვენ არ დავუყენებთ პირობას კოოპერატივებს, რომ ციტრუსს ვთქვათ, არ შეეხონ… მაგრამ არის რეკომენდაცია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ციტრუსის დარგი ნორმალურად ვითარდება, შეიძლება ისეთი ტემპით არა, როგორც ყველას უნდა, მაგრამ 38 საწარმომდეა უკვე რეგიონში, მათ შორის ოთხი მსხვილი საწარმოა. აქ სხვა ფორმითაა ჩარევა საჭირო და სიახლეები ამ მიმართულებითაც გვექნება.“

ახალი ა[ა]იპ-ის – „აგროპროექტების მართვის ცენტრის“ შექმნის აუცილებლობას მინისტრი იმით ხსნის, რომ აქამდე ყველა პროგრამა, ტენდერი ხორციელდებოდა თავად სამინისტროს მიერ, „რაც, მიგვაჩნია, რომ არ არის მთლად გამართლებული პრაქტიკა და ჯობია ეს პროცესები იყოს ყოველთვის სამინისტროს გარეთ… როცა გვერდით არის ეს პროცესები, უფრო ადვილია საკონტროლებლად და შეფასებისთვის“.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გასაყიდი სისტემა აჭარაში 2017 წელს ამოქმედდება.

კოლხეთის ტორფნარები და ტყეები იუნესკოში წარსადგენად

კოლხეთის ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები, კინტრიშის, მტირალასა და მაჭახელას პარკები ის ადგილებია, რომლებსაც იუნესკოში მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარსადგენად ამზადებენ. იუნესკოს აღიარების შემთხვევაში კი, კოლხეთის ტორფნარები – „იმნათი“, ქობულეთის „ისპანი1“, „ისპანი2“ და ტყეები, იქნება პირველი მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანი საქართველოში.

ნომინაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაზე მუშაობა დაწყებულია. უკვე გადაწყვეტილია, რომ ნომინაციისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი მზად უნდა იყოს 2017 წლის სექტემბრისთვის, ხოლო 2018 წლის პირველ თებერვალს ოფიციალურად  გაიგზავნოს იუნესკოში.

ქობულეთის დაცული ტერიტორიები
ქობულეთის დაცული ტერიტორიები

„იუნესკოში უნდა დაამტკიცო მეცნიერული კვლევებით, რომ კონკრეტული ეკოსისტემა, ჰაბიტატი, ფიტოგეოგრაფიული ადგილი არის უნიკალური, რომ მსგავსი მთელს მსოფლიოში არ არის. რამდენიმე კრიტერიუმია მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობისა – მსოფლიო უნიკალურობა, ცოცხალი ეკოსისტემები და ცოცხალი გეოლოგია. ეს სამივე, განსაკუთრებით კი ყველაზე მკაცრი კრიტერიუმი – მსოფლიო უნიკალურობა, ახასიათებს კოლხეთის ტორფნარებს.

შემდეგ არის ენდემებისა და რელიქტების სიუხვე, ეკოტურიზმთან დაკავშირებული საკითხები. ეს ერთი კომპლექსია და ამიტომ ნომინაციაზე არის წარდგენილი საპროექტო წინადადებით –  „კოლხეთის ტორფნარები და ტყეები,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ იზოლდა მაჭუტაძე, ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების ხელმძღვანელი.

ნომინაციისთვის საჭირო დოკუმენტებზე მუშაობა მიხეილ ზუკოვის ფონდის მიერ დაფინანსდა, რომელიც გერმანიაში მდებარეობს. საკითხი ქართული დელეგაციის გერმანიაში ვიზიტის დროს, მიმდინარე წლის სექტემბერში გადაწყდა. ქართული მხარის წარმომადგენლებს, რომელთა შორის იზოლდა მაჭუტაძეც იმყოფებოდა, გერმანიაში თავად გერმანელი მეცნიერი მიხეილ ზუკოვი შეხვდა. იზოლდა მაჭუტაძის თქმით, „ამ დროს განიხილებოდა საკითხი ფონდს შოტლანდიის ტორფნარები დაეფინანსებინა თუ კოლხეთის, უპირატესობა კოლხეთს მიენიჭა.“

ტორფნარებზე კვლევები ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მიერ 1999 წლიდან ტარდება. იზოლდა მაჭუტაძის თქმით, აღმოჩნდა, რომ კოლხეთის ტორფნარები, განსაკუთრებით „ისპანი 2“ და „იმნათი“ [პალიასტომის ტბასთან] არის მსოფლიო მნიშვნელობის, რომელსაც ანალოგი არ აქვს: „კოლხეთი გადაიქცა ადგილის დედად მსოფლიო უნიკალური ტორფნარებისა. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არის უნიკალური ადგილი. სწორედ ამ უნიკალურობის გამო კოლხეთს განსაკუთრებული ადგილი ერგო მსოფლიო ტორფნარების რუკაზე. ამასთან,  კოლხეთში თავშესაფარი ჰპოვა იმ მცენარეებმა, რომლებიც მილიონობით წლის წინ დედამიწის სხვა ადგილებში გადაშენდნენ. ამ ველური ბუნების კონსერვაციაში უდიდესი წვლილი მიუძღვის უშუალოდ მიხეილ ზუკოვს, რომელიც საქართველოში 1991 წელს იმყოფებოდა“.

ქობულეთის დაცული ტერიტორიები
ქობულეთის დაცული ტერიტორიები

კოლხეთის ტორფნარები ყველაზე ღრმა ტორფნარია მსოფლიოში – 16 მ სიღრმით იმნათში; ტორფის ხავსი – სფაგნუმის ის სახეობა კი, რომელიც „ისპანი 2“-შია, უკვე გამქრალია ევროპაში და ის ხელოვნურად მოჰყავთ.

„ცოცხალ სფაგნუმს ისეთივე თვისებები გააჩნია, როგორც ტორფს, მასზე ძალიან დიდი მოთხოვნაა ევროპაში, რადგან იქ ეს რესურსი ამოწურულია. იყენებენ ორქიდეებისთვის, მებაღეობაში დეკორატიული მცენარეებისთვის. ის ყვავილები,  რასაც თურქეთსა და ჰოლანდიაში ყიდულობს და შემოაქვს გამწვანებას, შეიძლება აქ მოვიყვანოთ, აქ დასაქმდეს მოსახლეობა, აქ  შეიქმნას ეს ბიზნესი,“  – ამბობს იზოლდა მაჭუტაძე.

გარდა სფაგნუმისა, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ შესაძლებელია სხვა კულტურების მოყვანაც. იზოლდა მაჭუტაძის თქმით: „მეცნიერული კვლევები ზოგი კულტურის მოშენების შესახებ გვაქვს. ვმუშაობთ გერმანიის გრეიფსვალდის უნივერსიტეტთან ერთად, სადაც არის ტორფნარების ყველაზე დიდი სამეცნიერო ცენტრი და აქვეა განთავსებული მიხეილ ზუკოვის ფონდიც“.

ეკოლოგიურად და ეკონომიკურად მომგებიანი პროექტების განხორციელება შესაძლებელია ადგილობრივი – სამეგრელოს, გურიისა და აჭარის მოსახლეობის ჩართულობით. შეიძლება ლელისა და ლაქაშის, ასევე ისლის მოყვანა. „ისლისა და ლელისაგან შესაძლებელია დამზადდეს ბრიკეტები, რაც გამოყენებული იქნება საწვავად. ჩვენ ვნახეთ ქარხანა გერმანიის ერთ პატარა ქალაქში, რომელიც 540 სახლს ამარაგებდა ასეთი ბრიკეტებით, ასევე სკოლებსა და სამეცნიერო დაწესებულებებს.  ეს იქნება ეკოლოგიურად და ეკონომიკურად მომგებიანი პროექტები და ასევე სოციალურიც, ვინაიდან დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, აღდგება ისედაც დეგრადირებული ეკოსისტემა,“ – ამბობს იზოლდა მაჭუტაძე.

ქობულეთის დაცული ტერიტორიები
ქობულეთის დაცული ტერიტორიები

ნომინაციაზე წარსადგენი დოკუმენტაციის გარდა კოლხეთის ეროვნული პარკისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის შემუშავებაც მიმდინარეობს, რომელსაც კოლხეთის დაცული ტერიტორიების ფონდი აფინანსებს. პროექტს ახორციელებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მასში ჩართულია ექსპერტთა ჯგუფი სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და დამოუკიდებელი ექსპერტებიც.

მენეჯმენტის გეგმაზე მომუშავე ჯგუფს იზოლდა მაჭუტაძე ხელმძღვანელობს. მისი თქმით, გეგმაზე მუშაობა რამდენიმე თვეში დამთავრდება, დოკუმენტი კი საბოლოოდ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს: „ერთი მიზანია – მომზადდეს დოკუმენტი ნომინაციისთვის და მეორე მიზანი არის ის, რომ ამაღლდეს ცნობიერება, რომ ეს არის მსოფლიო მნიშვნელობის საგანძური და არა მხოლოდ საქართველოს საკუთრება. ეს ყველაფერი ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვასა და ინვესტორების მოზიდვასაც ითვალისწინებს.“

იზოლდა მაჭუტაძე ხაზს უსვამს, რომ კოლხეთი ერთადერთი ადგილია, სადაც ერთადაა  ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა [ძველი კოლხეთი, ფიჭვნარის ნამოსახლარები]: „კოლხური ტრადიციები იკარგება… ძველი კოლხეთი აღარ არის, ლეგენდაა, მაგრამ არის მეორე ლეგენდა იქვე, რაც გრძელდება დღესაც, ესაა სწორედ უნიკალური ტორფნარები.

„კოლხეთი ბუნებრივ-კულტურული მემკვიდრეობა,“ – ამ სტრატეგიაზე უკვე ვმუშაობთ და ამ სტრატეგიის მარკეტინგის შექმნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. გვინდა, რომ ინფრასტრუქტურა იყოს წარმოდგენილი მხოლოდ კოლხური ტრადიციული ელემენტებით და არა თანამედროვე, იყოს ხის კოლხური ნავები სასეირნოდ პალიასტომზე… ასევე დამზადდეს შესაბამისი სუვენირები, ეს არ არის მხოლოდ ტორფნარები… კონფერენციებზე უკვე ამბობენ, რომ თუ ეს გაკეთდება, ჩვენ ბევრი ტურისტი გვეყოლება ევროპიდან – იციან კოლხეთი, არგონავტები, ტორფნარები – მაგრამ ეს ერთი და იგივე ტერიტორია რომ არის, ფაქტობრივად, ახლა გაიგეს“.

კოლხეთის ტყეებისა და ტორფნარების უნიკალურობას საფრთხეს უქმნის ტყის ჩეხვა, დრენაჟი, მელიორაცია, რაც საბჭოთა პერიოდში დაიწყო. იზოლდა მაჭუტაძის თქმით, ჭაობების ამოშრობის პროექტები ახლაც დევს სოფლის მეურნეობის სამინისტროში და მათი განხორციელება არანაირად არ შეიძლება: „შევთავაზეთ მთავრობას, რომ მელიორაცია შეიცვალოს ირიგაციით და განვითარდეს ის დარგები, რაც დაკავშირებულია ჭარბი წყლის რაოდენობასთან“.

ქობულეთის დაცული ტერიტორიები
ქობულეთის დაცული ტერიტორიები

ბათუმის მერის მივლინებების შედეგი

ბათუმის მერი ყველაზე ხშირად მივლინებით გერმანიაში დადის. გიორგი ერმაკოვი ყოფილა თურქეთში, ბელორუსში, ლატვიაში, ავსტრიაში, სომხეთსა და ეგვიპტეში. რა შედეგი მოიტანა, მაგალითად, ეგვიპტეში, ქალაქ შარმ ელ-შეიხში ვიზიტმა? – გიორგი ერმაკოვი კონკრეტულ შედეგს ვერ გვისახელებს. ამბობს, რომ ტერორისტულმა აქტმა შეუშალა ხელი ურთიერთობების გაღრმავებაში.

„კარგად ნახეთ მაქ, ფული რამდენი დაიხარჯა და როგორ დაიხარჯა…“ – გვიპასუხა ბათუმის მერმა, როცა მას მივლინების თემაზე ტელეფონით ვესაუბრეთ.

ეგვიპტეში გიორგი ერმაკოვს ახლდნენ მოადგილე ალექსანდრე მითაიშვილი და ლაშა ნაკაშიძე _ მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის სტრატეგიული დაგეგმვის, საინვესტიციო და ეკონომიკური განვითარების განყოფილების უფროსი. ვიზიტში მერიის ბიუჯეტიდან 2061,36 ლარი დაიხარჯა.

„შარმ ელ-შეიხიდან მანამდე იყო ჩამოსული დელეგაცია და გამოხატეს ინტერესი ბათუმის მიმართ. დავგეგმეთ კულტურული ღონისძიებების გაცვლა, მაგალითად, ენვერ ხაბაძის ქორეოგრაფიული ანსამბლი, ჩვენი ქორეოგრაფიული ჯგუფები ჩავიდოდნენ იქ და ეგვიპტელებისთვის ცნობილი გახდებოდა საქართველო, ჩვენი რეგიონი. თავისთავად იყო ტურისტული ინტერესიც. ჩვენ იქ საკმაოდ კარგი პრეზენტაცია გვქონდა, მაგრამ მოხდა ტერაქტები და ეს ურთიერთობები მაინცადამაინც არ გამოგვივიდა. წელსაც გვყავდა დაპატიჟებული ბათუმობაზე, მაგრამ ვერ ჩამოვიდნენ,“ – გვიყვება გიორგი ერმაკოვი.

„ქალაქის მერი ისე დაუმეგობრდა შარმ ელ-შეიხს, რომ საკრებულომ არაფერი იცოდა,“ – ამბობს გიორგი კირთაძე, საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ის კონკრეტულ რეგულაციას იხსენებს, რომლის მიხედვითაც სხვა ქვეყნის ქალაქებთან დამეგობრების შესახებ გადაწყვეტილებას საკრებულო უნდა იღებდეს, ხოლო მემორანდუმს ხელს აწერს ქალაქის მერი: „მივლინების შედეგი ქალაქზე არ ასახულა. ესაა ჩემთვის მთავარი. საერთოდ უცნობია, სად, რა მიზნით დადის ბათუმის მერი“.

„მხოლოდ კულტურული და სპორტული კუთხით თანამშრომლობა არ უნდა იყოს მერის მივლინების მიზანი,“ – ფიქრობს ნათია აფხაზავა, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი. ის ადგილობრივი მთავრობის მუშაობას აქტიურად აკვირდება. ნათია მიიჩნევს, რომ მერია დამეგობრებული ქალაქების რესურსს არ იყენებს: „თანამშრომლობის კარგი მაგალითი, რაც მახსენდება, არის, მაგალითად, გერმანიის ქალაქი როსტოკი, რომლის ექსპერტების აქტიური ჩართულობით დაიწერა ბათუმის განვითარების გარკვეული მონახაზი. თავად როსტოკის ხელმძღვანელობამ მოინდომა ამ კუთხით აქტიური თანამშრომლობა. ჩვენს შემთხვევაში, არ არის ასეთი აქტიური მუნიციპალიტეტი. სხვა ქალაქებს ასე ვერ ვიხსენებ, სადაც თანამშრომლობას რაიმე კონკრეტული შედეგი მოჰყვა. მხოლოდ ბათუმობაზე მოწვევა სტუმრის სტატუსით, არაა მიზანი. ეს შეიძლება იყოს აქტიური თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტი.“

გერმანიაში ხშირად სტუმრობას გიორგი ერმაკოვი ბათუმში წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციას უკავშირებს, რომელიც გერმანული ბანკის KFW-ს პროექტის ფარგლებში ხორციელდება: „ეს არის მუშა შეხვედრები, რომლებიც არის დაკავშირებული ამ პროექტის მიმდინარეობასთან. გვიწევს პერიოდულად გერმანიაში ბანკის სათავო ოფისში შეხვედრა.“

გიორგი ერმაკოვს ასევე ვკითხეთ, მგზავრობისა და დღიური ხარჯის გარდა რას ითვალისწინებდა „სხვა ხარჯი~. მაგალითად, მერმა მიმდინარე წელს ლატვიაში სტუმრობისას 1108,52 ლარი „სხვა ხარჯიდან~ დახარჯა, ხოლო მერის თანმხლებმა პირმა, არჩილ ვანაძემ, გერმანიაში – 1049,79 ლარი. „ზუსტად არ მახსოვს რა იყო. სხვა ხარჯი შეიძლება იყოს დამეგობრებულ ქალაქში რაიმე საჩუქრის ჩატანა, მაგალითად, ნახატი, წიგნი. ეს ყველაფერი აღრიცხულია… სხვათა შორის, დაინტერესდით, რამდენი მოწვევა მქონდა და არ წავედი. ჰკითხეთ საფინანსო სამსახურს და იქ გეტყვიან ზუსტად“.

მერიის საფინანსო სამსახურში გვითხრეს, რომ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ისევ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა იყო საჭირო. აქვე განგვიმარტეს, რომ „სხვა ხარჯებით“ სასაჩუქრე ნივთებს საქართველოში ყიდულობენ და ყველა ასეთ შემთხვევაში შესაბამისი ანგარიშფაქტურა არსებობს.

ბათუმის მერმა მივლინებების შედეგებზე საუბრის დროს განსაკუთრებით ბელორუსი გამოყო: „შარშან ვიყავით ბრესტიში, ეს ჩვენი დამეგობრებული ქალაქია და იქ დავესწარით ქალაქის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. სამწუხაროდ, წელს ვერ მოვახერხეთ ჩასვლა და განაწყენებული დარჩნენ. ბელორუსიდან ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის. ბელორუსი ჟურნალისტებიც მივიღე წელს. ასეთი ვიზიტები პირდაპირპროპორციულად ზრდის ტურისტების რაოდენობას. თუ ადამიანებს არ დაველაპარაკეთ, თავისით არ ხდება არაფერი.“

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, ბელორუსიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ათეულში მერვე ადგილს იკავებს. სახელმწიფო საზღვრის კვეთის მონაცემებით, 2015 წელს ბელორუსიდან 9 860 ადამიანი ჩამოსულა, წელს – 11 965. ეგვიპტიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა კი, 2014 წლიდან დღემდე 213-დან 182-მდე შემცირდა.

რამდენად მიზნობრივია მერის ვიზიტები საზღვარგარეთ – ბათუმის საკრებულოს წევრი, „თავისუფალი დემოკრატი~ ნინო ბერაძე ამბობს, რომ საკრებულო ამ თემით აქამდე არ დაინტერესებულა: „სიმართლე გითხრათ, მეც ახლა გამიჩნდა ამის შესწავლის სურვილი. პირდაპირი კონტროლის მექანიზმი არ არსებობს და, საერთოდ, საკრებულოს როლი შესუსტებულია, მაგრამ რადგანაც ბიუჯეტის კონტროლი ჩვენი მოვალეობაა, საინტერესოა, რა მივლინებები აქვს მერს. საკრებულოს წევრებისგან მსმენია საყვედური, რომ ხშირად ინფორმირება არ ხდებოდა თუნდაც იმის, ვინ ჩამოდის ქალაქში. აშკარა იყო კომუნიკაციის პრობლემა გიორგი ერმაკოვსა და საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს შორის. ალბათ ეს გამოსწორდება ახალი თავმჯდომარის დროს.“

გიორგი ერმაკოვის მივლინებების რაოდენობა და ხარჯიც წლების მიხედვით იზრდება. 2014 წელს ბათუმის მერი თანხმლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა გერმანიაში, სომხეთსა და თურქეთში, რაშიც ჯამში 979.54 ლარი დაიხარჯა. 2015 წელს მერმა მივლინებებში 7525,46 ლარი დახარჯა და 5 ქვეყანაში იყო. მიმდინარე წელს მხოლოდ გიორგი ერმაკოვის და მისი თანმხლები სამი პირის ხარჯმა – 10703,72 ლარი შეადგინა.

„ახლა, მაგალითად, უნდა წავიდე ლონდონში,“ – გვითხრა ბათუმის მერმა: „იქ დონორთა შეხვედრა გაიმართება, რომელიც შეეხება, მაგალითად, იგივე ავტობუსების შეძენას. შენი თემით, შენი ქალაქით უნდა დააინტერესო დონორი, რომ შემდეგ მათ გასწიონ ეს ხარჯები, მათ შორის, გრანტები…“

ხულოში 65 ათას ლარად 80 სანაგვე კონტეინერს შეისყიდიან

ევროსტანდარტის შესაბამისი, ნაგავშემკრები კონტეინერი დამზადებული უნდა იყოს გალვანიზირებული [ცხლად მოთუთიებული] ფოლადისგან; კონტეინერები უნდა იყოს დანომრილი მიყოლებითი ნომერაციით და უნდა იყოს წარწერით „ხულოს მუნიციპალიტეტი“, 5–6 სანტიმეტრიანი ასოებით; კონტეინერი უპრობლემოდ უნდა იცლებოდეს სტანდარტული ნაგავმზიდების მეშვეობით – ამ და სხვა პირობებით გამოაცხადა 80 სანაგვე კონტეინერის შესყიდვაზე ტენდერი ხულოს მუნიციპალიტეტმა.

საწყისი სატენდერო ღირებულებაა 65 ათასი ლარი. გამარჯვებულმა მუნიციპალიტეტს კონტეინერები ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღეში უნდა მიაწოდოს. ტენდერი 30 ნოემბერს დასრულდება.

არჩევნების შემდგომი დეპრესია პარტიების რეგიონულ ოფისებში

არჩევნების შედეგების შემდეგ იმედგაცრუება პარტიების რეგიონულ ორგანიზაციებზეც აისახა. ზოგიერთმა რეგიონულმა თავმჯდომარემ პარტიაში თანამდებობა, ზოგიერთმა კი საერთოდ პარტიაც დატოვა. რეგიონული ორგანიზაციების ოფისების უმეტესობა დაკეტილია. ემოცია, ფსიქოლოგიური ფაქტორი, დეპრესია და ტრაგედია – დღეს ამ სიტყვებს იყენებენ პარტიებში ლიდერებისა თუ წევრების მიერ არჩევნების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებებისას.

კობა ჩხეიძე – აჭარაში „თავისუფალი დემოკრატების“ რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა და პარტიაც [საპარლამენტო არჩევნების შემდეგ], ბათუმის საკრებულოს სხდომაზე აღარ გამოჩენილა. ამჯერად კობა ჩხეიძემ ინტერვიუზეც უარი თქვა. სხდომაზე არ გამოჩენილა არც ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ მეორე წევრი ჯაბა ბერიძე, არჩევნების შემდეგ პარტია მანაც დატოვა. შედეგად ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ დაიშალა.

პარტიაში დარჩა ფრაქციის მესამე წევრი და ბათუმის საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარე ნინო ბერაძე. ის ამავდროულად საქართველოს პარლამენტში პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი იყო ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქიდან.

ნინო ბერაძის თქმით, მას შემდეგ, რაც კობა ჩხეიძემ პარტია დატოვა, რეგიონულ ორგანიზაციაში პარტიის ახალი ლიდერი თამარ კეკენაძე ჩამოვიდა და პარტიის წევრებს მასთან „ემოციური შეხვედრა“ ჰქონდათ:

„განვიხილეთ სამომავლო გეგმები. გადავინაწილეთ საქმე და ვმუშაობთ, რომ აღვწეროთ, ვინ დავრჩით. არჩევნების პერიოდში განსაკუთრებით გვეხმარებოდა ახალგაზრდული ჯგუფი. მიუხედავად შედეგისა, ისინი რჩებიან პარტიაში. ახლა ჩვენ რიგითი წევრები გავხდით ლიდერები და თვითორგანიზების პრინციპით ვხელმძღვანელობთ. რაც შეეხება ლიდერს, ის დემოკრატიულად უნდა ავირჩიოთ. ვინც გამოთქვამს ლიდერობის სურვილს, წარმოადგენს სტრუქტურის გამართვა-ჩამოყალიბების და შემდგომში განვითარების გეგმას, შეიძლება დავასახელოთ ლიდერი – ამ გეგმის მიხედვით, სანამ ყრილობაზე ვინმეს ავირჩევდეთ“, – აცხადებს ნინო ბერაძე.

ნინო ბერაძე ამბობს, რომ მას „კარგი ხელმძღვანელის გვერდში დგომა“ უკეთ გამოსდის, ვიდრე ლიდერობა. თუმცა, თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, არც ლიდერობაზე იტყვის უარს.

ნინო ბერაძე უარყოფითად აფასებს კობა ჩხეიძის გადაწყვეტილებას არჩევნებში მარცხის შემდეგ პარტიიდან წასვლასთან დაკავშირებით: „ჩემი აზრით, მან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ეს იყო ემოციურ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება.

თუნდაც ის ათასობით ხმა, რაც აჭარაში მივიღეთ, არ მაძლევს უფლებას დავტოვო პარტია. ყველა ძლიერი პარტიის ცხოვრებაში ბუნებრივი მომენტია წაგება და ეს არ უნდა გახდეს ტრაგედიისა თუ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების საფუძველი. როცა პარტიის ხელმძღვანელი ხარ, ემოციების მართვა მოგეთხოვება“, – ამბობს ნინო ბერაძე.

არჩევნების შემდეგ პარტიის ბათუმის ოფისის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა „რესპუბლიკელმა“ ზაურ ახვლედიანმა. გადაწყვეტილება ჯერ მოუცლელობით ახსნა, შემდეგ კი დააკონკრეტა, რომ „პარტიაში სხვაგვარად უნდა წასულიყო პროცესები და არ წავიდა“. მისივე თქმით, ამას დაემატა ისიც, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში, სადაც ის ძეგლებზე ნებართვების განყოფილებას ხელმძღვანელობს, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად უფრო მეტი დრო სჭირდება. თავმჯდომარის გარეშე დარჩენილმა „რესპუბლიკელებმა“ ცოტა ხანში პარტიის ოფისიც დაკეტეს. მიზეზად ფინანსური პრობლემები დაასახელეს.

ამ პარტიაში თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა თემურ ყურაშვილს უკავია. ის ბათუმის საკრებულოს წევრი და „რესპუბლიკელების“ ფრაქციის თავმჯდომარეცაა. თემურ ყურაშვილის თქმით, ყოფილი თავმჯდომარე პარტიიდან წასვლას არ გეგმავს: „აქამდე ის ორ ფრონტზე იყო გაჭრილი და ახლა გადაწყვიტა მეტი დრო საჯარო სამსახურს დაუთმოს.“ თემურ ყურაშვილი ფიქრობს, რომ თავმჯდომარის გადაწყვეტილება „ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმა განაპირობა“.

თემურ ყურაშვილის შეფასებით, არჩევნების შედეგების შემდეგ პარტიაში რთული სიტუაციაა – „რესპუბლიკელები“ ახლა კრებისთვის ემზადებიან, სადაც ბევრ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი: `ჩვენ ვერ მივიტანეთ ჩვენი სათქმელი და ამომრჩეველმა ვერ დაგვინახა. ხან მივდიოდით ოპოზიციაში და მინისტრები რჩებოდნენ, შემდეგ გადადგნენ და დრო აღარ დაგვრჩა იმისთვის, რომ ჩვენი სახე გვეჩვენებინა ამომრჩევლისთვის. ამიტომ ოპოზიციურ ფლანგზე და ვერც სახელისუფლებო ფლანგზე ამომრჩეველმა ვერ დაგვინახა. ახლა უკვე გამოკვეთილი ოპოზიციური ძალა ვართ, დავრჩებით ამ ფლანგზე და მოვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის.“

არჩევნების შედეგების მიხედვით „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიით ხუთი წევრის შეყვანა შეძლო. პარტიაში შედეგით კმაყოფილები არ არიან და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, ერთ-ერთ არგუმენტად კი გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობას ასახელებენ. პარტიის აჭარის ორგანიზაციის ლიდერი ლევან ვარშალომიძე, რომელიც უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე პარტიის პროპორციულ სიაში პირველი ნომერი იყო, უმაღლეს საბჭოში არ შედის: „მე არ შევდივარ უმაღლეს საბჭოში, რაც იმას არ ნიშნავს, რომ მივდივარ. მე ვრჩები ბათუმში და ვაპირებ ვიმუშავო განახლებაზე. მე ვიქნები აქ და მოვუსმენ თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ამომრჩეველს,“ – განაცხადა მან.

ბათუმში დაკეტილია პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისიც. პარტიის წევრის მალხაზ ნაკაშიძის თქმით, პარტია ოფისს შეიცვლის, განახლებაზე იმუშავებს და თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადება.

თვითმმართველობისთვის მომზადებას გეგმავს „გირჩიც“. ამ პარტიის ადგილობრივი ლიდერის, ჯემალ ბერიძის თქმით, მომავალ არჩევნებზე პარტია ცუდ გამოცდილებას გაითვალისწინებს და არც ერთ პარტიასთან ბლოკში არ გაერთიანდება. პარტია ოფისის გახსნას და ახალი სტარტით მუშაობას ახალი წლის შემდეგ გეგმავს.

არც საკრებულოში ჩანს და არც ტელეფონს პასუხობს ნინო ბურჯანაძის პარტიის „დემოკრატიული მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი გიორგი ცინცქილაძე.

ზურაბ პატარაძის და სხვების შანსები – როგორ დაკომპლექტდება აჭარის ახალი მთავრობა

აჭარის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარედ საქართველოს პრეზიდენტი ისევ ზურაბ პატარაძეს წარადგენს თუ სხვა კანდიდატიც განიხილება? – ამ კითხვაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერ-ჯერობით პასუხი არ აქვთ. ამბობენ რომ პრეზიდენტი საკითხს მას შემდეგ განიხილავს, რაც უმაღლესი საბჭო შეიკრიბება.

წყაროს ინფორმაციით ზურაბ პატარაძე ჯერ-ჯერობით ერთადერთი კანდიდატია, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე განიხილება. ის რომ მასთან კონსულტაცები უკვე მიმდინარეობს, დღეს მედიასთან თავად ზურაბ პატარაძემაც დაადასტურა:

„მიმდინარეობს კონსულტაციები, რა თქმა უნდა მე შეხვედრები მქონდა ბატონ კალაძესთან და კობახიძესთანაც… “ – განაცხადა პატარაძემ მედიასთან საუბარში.

წარდგენის შემდეგ თავმჯდომარეობის კანდიდატმა უმაღლეს საბჭოს მთავრობის ახალი მინისტრთა კაბინეტი უნდა წარუდგინოს.

გიორგი თავამაიშვილი აჭარის მთავრობაში ერთადერთი მოქმედი მინისტრის მოვალობის შემსრულებლია, რომელსაც ახალ მინისტრთა კაბინეტში არ მოიაზრებენ. ამის მიზეზი კი მისი პარტიული კუთვნილებაა, გიორგი თავამაიშვილი „რესპუბლიკელია“ და თანამდებობის შესანარჩუნებლად პარტიის დატოვებასა და „ქართულ ოცნებაში“ გადასვლას არ გეგმავს.

„ჩემთვის არავის დაუსვამს კითხვა ამ მიმართულებით, მაგრამ ვიდრე მკითხავდნენ მე განვაცხადე, რომ პარტიას არ დავტოვებდი, ამიტომ მე არ მივიჩნევ ალოგიკურად, რომ იყოს საუბარი სხვა კონკრეტულ პიროვნებებზე“ – განაცხადა გიორგი თავამაიშვილმა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში.

გია თავამაიშვილის თქმით ის არჩევნების ერთ-ერთ ხიბლად ახალი მთავრობის დაკომპლეტების შესაძლებლობას და ახალი სახეების წარმოჩანასაც მიიჩნევს: „უკეთესს რა გამოლევს“ – ამბობს ის თუმცა კითხვაზე – ვინ არის უკეთესი? არ აკონკრეტებს და ამბობს თუ შეეკითხებოდნენ უპასუხებდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ უკითხავთ.

დაუდასტურებელი ინფორმაციით კი ამ თანამდებობაზე საკუთარ თავს აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე მოიაზრებს.

განათლების მინისტრობა თუ არ გამოვა, მისვე თქმით, მოადგილეობაზეც არ იტყვის უარს უმაღლესი საბჭოს წევრი და „ქართული ოცნების“ ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე კაკო ძნელაძე, თუმცა აცხადებს, რომ ამ მიმართულებით მასთან კონსულტაციები ჯერ-ჯერობით არ დაწყებულა.

სხვა მოქმედი მინისტრების შანსებთან დაკავშირებით კი, არა დიქტოფონთან, არამედ პირად საუბრებში აცხადებენ, რომ დარჩენილი სამი მინისტრიდან ორმა სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა მინისტრებმა შესაძლოა თანამდებობა შეინარჩუნონ. ჯანდაცვის მინისტრად კი არა მხოლოდ ლევან გორგილაძე, არამედ სხვა კანდიდატიც განიხილება.

კანონმდებლობით პრეზიდენტი უფლებამოსილია და ვალდებული დანიშნოს უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა 30 ნოემბრამდე, ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში კი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ, პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობით, უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას. აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე კი უფლებამოსილია შეარჩიოს ახალი მინისტრები და წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად.

დედის ჩვენება შვილის წინააღმდეგ

„ვუთხარი, რომ მეტის მოთმენა აღარ შემეძელო, წადი სახლიდან-მეთქი… გინება დამიწყო. მერე ყელში მწვდა, დახრჩობას მიპირებდა,” – ეს ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი ეპიზოდია, რასაც ირინა მ. მოსამართლე ირაკლი შავაძეს მოუყვა. ბათუმის საქალაქო სასამართლო განაგრძობს მინდია ქ.-ს საქმის განხილვას. მას ოჯახში მრავალგზის ძალადობის გარდა, საბრძოლო მასალის შენახვას და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ედავებიან. გამოძიების ვერსიით, მინდიამ რამდენჯერმე იძალადა საკუთარ დედასა და ბებიაზე. მოსამართლე დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ისმენდა დედის ჩვენებას. ბებია სასამართლოს ფოიეში ელოდებოდა მოწმის სახით დაბარებას, თუმცა სასამართლოს მის მოსასმენად დრო არ ეყო.

განსაკუთრებით ემოციური დაკითხვის ის მონაკვეთი იყო, როცა მოწმის სახით სასამართლოში გამოცხადებულ დედას კითხვები სასამართლო დარბაზის გისოსებიანი კუთხიდან შვილმა დაუსვა. მანამდე დედამ პროკურორის კითხვებს უპასუხა და ძალადობის შემთხვევები გაიხსენა:

„იმ დღეს სამსახურში მეზობლებმა დამირეკეს, სასწრაფოდ მოდიო. სირბილით მივედი სახლში. დედაჩემი იწვა და მეზობელი კოვზით უხსნიდა პირს, რძალიც ნაცემი იყო…მერე მომიყვა დედაჩემი, როგორ წვდა თურმე თმებში და კედელზე არტყმევინა თავი,” – ირინა მ.-ს თქმით, ის ძალადობის ამ შემთხვევას უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ პირველად შეესწრო. თქვა, რომ ბოლო 16 წელია საბერძნეთში მუშაობდა და ოჯახს არჩენდა. საქართველოში კი მას შემდეგ დაბრუნდა, როცა შვილის ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების ამბავი შეიტყო. ირინა მ. ამჟამად ქალაქში ერთ-ერთი სუპერმარკეტის მენეჯერია.

„უცხო ქვეყანაში იმიტომ წავედი, რომ შვილები მერჩინა. ერთი დღე არ უმუშავია ჩემს შვილს… ხშირად „სკაიპით“ ვესაუბრებოდი შვილს და რძალს, დედაჩემსაც. ხანდახან მეტყოდა დედაჩემი, უაზროდ გვიყვირის მინდიაო. მერე მეზობელმა მომწერა, ჩამოდი, თორემ კუბოს გაიტანენ შენი ოჯახიდანო, ცოლს ნაჯახით დასდევს შენი ბიჭიო. თურმე ნარკოტიკს იღებდა ჩემი შვილი, მერე მეტადონზე დაჯდა და არაყის სმა დაიწყო. დღეში დაახლოებით ორ ლიტრ არაყს სვამდა… ჩამოვედი. მინდია საერთოდ არაფერს ჭამდა. მარტო რაღაც აბებს ყლაპავდა და სვამდა. ხან ნარკოლოგიურში მივიყვანე, მერე ხონშიც წავედით, თბილისში რამდენჯერ ვიყავით, მაგრამ არაფერი გამოვიდა, როგორც კი დალევდა, მაშინვე ჭკუას კარგავდა. ჩემს რძალს ცხვირი უკვე გამრუდებული აქვს, იმდენჯერ სცემა. ბოლოს აბაზანაში ჩააგდო და ფეხებით შედგა… რამდენჯერმე ბებიას აგინა, მერე ჩემზე გადმოვიდა. მეც დამიწყო ცემა. პოლიცია მოვიდოდა, რამდენიმე დღით დააპატიმრებდნენ, მერე ისევ უკან უშვებდნენ. ბოლოს სასამართლომ რომ შეუფარდა პატიმრობა, ამოვისუნთქე, მაგრამ ისევ გამოვიდა….”

ირინა მ.-მ, მოსამართლე ირაკლი შავაძეს ოჯახში ძალადობაში ბრალდებული მინდია ქ. წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლება შეახსენა. მიმდინარე წლის ივლისში ირაკლი შავაძემ მინდია ქ.-ს მხოლოდ 3-ათასლარიანი გირაო შეუფარდა. მაშინ ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ ის 10 ათას ლარიანი გირაოს გადახდას ვერ ახერხებდა, რადგან უმუშევარი იყო. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მინდია ქ-ს ცოლის დედ-მამასთან უნდა ეცხოვრა.  

„გამიკვირდა, ასე როგორ მოიქცა მოსამართლე-მეთქი. საიაში მივედი და იქ ვითხოვე დახმარება, იქედან მოვდიოდი სახლისკენ და ვიღაც მომახტა უკნიდან. თურმე ჩემი შვილი იყო. რას აკეთებ, მოგკლავ იცოდეო… ოჯახში შემოსვლის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ მაინც შემოვიდა. რძალი იჯდა და ტიროდა, არსადაც არ წამოგყვებიო. ბავშვი ეფარებოდა დედას… თურმე სამსახურშიც მიაკითხა ცოლს და დასალევის ფული მოსთხოვა. გადი გარეთ-მეთქი, ვუთხარი და როგორც იქნა, წავიდა. მერე სადარბაზოში დამხვდა და მხარზე ისე მიკბინა, ხორცი კინაღამ ამომგლიჯა. ეს ამბავი აქამდე არ მითქვამს გამომძიებლებისთვის… უკვე იმდენი იყო, აღარ ვიცი, რომელი მოვყვე… მაგ დღეს თავისით მდინარეზე წაუყვანია ბავშვი. ყოველ ნახევარ საათში ვურეკავდი, ბავშვს დამალაპარაკე-მეთქი. როცა დაბრუდნენ, ვუთხარი, რომ შემოსვლის უფლება არ ჰქონდა და სახლის დატოვება მოვთხოვე. მაგ დროს მცემა სადარბაზოში…”

ამ შემთხვევის შემდეგ მინდია ქ.-ს ისევ წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

„თვალებში შემომხედე, რელიგიური ფიცი გაქვს დადებული,” – აგრესიულად მიმართა ბრალდებულმა დედას. მისი გაჩუმება მოსამართლემ ჩაქუჩის რამდენჯერმე ჩამოკვრის შემდეგ შეძლო. ბრალდების მხარის მოთხოვნის შესაბამისად, ირინა მ.-მ სასამართლოს საბრძოლო მასალის ამოღების ამბავიც მოუყვა:

„მინდიას კარადაში ვნახე უცნაური ნივთი. ვერ გავიგე, რა იყო… შემეშინდა, რადგან მინდია სულ იმუქრებოდა, ნახეთ რას გიზამთო. პოლიციაში დავრეკე. მოვიდნენ, ამოიღეს ტყვიები, ფოტოები გადაუღეს და მასალა წაიღეს…”.

მოწმემ ადვოკატის კითხვებსაც უპასუხა, რითაც გაირკვა, რომ მინდიას კარადით მხოლოდ მინდია არ სარგებლობდა. ასევე ის, რომ ექსპერტისთვის ძალადობის ყველა შემთხვევაში დაზარალებულებს არ მიუმართავთ: “ერთხელ წაგვიყვანეს პოლიციელებმა და გავედით ექპსერტიზაზე.  იმ დღეს მსუბუქად ვიყავი დაშავებული. მარტო ის დაფიქსირდა, რომ თითის ანაბეჭდები მაჩნდა კისერში შავ ლაქებად”.

ბრალდებულმა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ ის ირინა მ.-ს დედად არ აღიარებს.

მოსამართლე ირაკლი შავაძემ სხდომა გადადო. მიზეზად დროის ამოწურვა დაასახელა. გასვლამდე ბრალდებულმა პროკურორთან ითხოვა შეხვედრა, რაზეც პროკურორმა  უთხრა:  „თქვენთან შეხვედრას არ ვაპირებ”.

შეზღუდვები ელექტროენერგიის მიწოდებაში

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს განცხადებით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, ხუთშაბათს, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

24 ნოემბერს, 13:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 7 335 აბონენტს ბათუმში ჯავახიშვილის, გრიბოედოვის, გორგილაძის, პუშკინის, ლერმონტოვის, თაყაიშვილის, გორგასლის, ნინოშვილის, კომახიძის, ფიროსმანის და მიმდებარე ქუჩებზე;

ასევე 24 ნოემბერს, 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება  1 738 აბონენტს ზემო აჭარის სოფლებში ცხმორისი, წონიარისი და მიმდებარე სოფლებში.

საქველმოქმედო აქცია რვა წლის ამიკოს დასახმარებლად

8 წლის ამიკო მძიმე სენითაა დაავადებული. მის მკურნალობას დიდი თანხა სჭირდება, რისი შესაძლებლობაც ამიკოს ოჯახს არ აქვს. ამიკოს დასახმარებლად შაბათს 26 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე საქველმოქმედო აქციაა დაგეგმილი.

აქციის ორგანიზატორების თქმით ამიკოს ოჯახს სოციალური დახმარებაც მოუხსნეს:

„მნიშვნელოვანია ამიკოს ოჯახის დახმარება, ჩვენ გვინდა მის ოჯახს ერთი დღე გავულამაზოთ. ამიკოს ოჯახი თბილისში, „აფრიკის დასახლებაში“ ცხოვრობდა და სახლი გაყიდეს ამიკოს ოპერაციისთვის ფული რომ შეეგროვებინათ, ახლა ჩაქვში, სოფელ საჩინოში ცხოვრობენ შენობაში, სადაც ადრე ბოსელი იყო.“ – ამბობს ლევან დევაძე.

საქველმოქმედო აქცია ევროპის მოედანზე 26 ნოემბერს, 13:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება. აქციაზე ამიკოს ოჯახისთვის საყოფაცხოვრებო ნივთებს და საკვებ პროდუქტსაც შეაგროვებენ. ასვე დადგამენ ყულაბას, სადაც ნებისმიერ მსურველს მიეცემა საშუალება თუნდაც მცირე თანხით დაეხმაროს ამიკოს.

ამიკოს დასახმარებლად თიბისი ბანკში გახსნილია ანგარიში. GE65TB7911145061100039 მიმღები ლევან დევაძე – საკონტაქტო ინფორმაცია: 557 907 855

ევკალიპტებს ჩაქვშიც ჭრიან

ჩაქვში, ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალის მიმდებარედ მრავალწლიან ევკალიპტის ხეებს ჭრიან. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გამგეობის მიერ გაცემულია 8 ძირი ევკალიპტის მოჭრის ნებართვა და სამუშაოები მიმდინარეობს.

„ხეებს ენერგოკომპანია ჭრის. გამგეობამ ნებართვა გასცა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომართვის საფუძველზე. აღნიშნული ხეები საფრთხეს წარმოადგენდა იქ არსებული ელექტროგადამცემი ხაზებისთვის. მერქანი დასაწყობდება და გამგეობა მას სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცემს [შეშად]“ – განაცხადეს ქობულეთის გამგეობის პრესსამსახურში.

ენერგო-პროს წერილი

ჩაქვი. მოჭრილი ევკალიპტები. 22.11.2016 / არჩილ კახაძის ფოტო
ჩაქვი. მოჭრილი ევკალიპტები. 22.11.2016 / არჩილ კახაძის ფოტო

მრავალწლიანი ევკალიპტი ცოტა ხნის წინ მოჭრეს გონიოშიც. როგორც შემდეგ „ბათუმელებმა“ გაარკვია, ევკალიპტების ადგილზე კერძო კომპანია ტრაილერების ავტოსადგომის მოწყობას გეგმავს.

საპიკნიკე ადგილები ავტომაგისტრალთან და ღომას მთის პერსპექტივა

აჭარის ფინანსთა სამინისტრო ურბანული განვითარების დაგეგმარებას იწყებს

აჭარის ტერიტორიაზე არსებული საკურორტო-სარეკრეაციო ადგილების ურბანული განვითარების დაგეგმარებაზე 2017 წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო იმუშავებს. პროგრამაში ამჯერად მოექცა ზღვისპირა ზოლი და მთა ღომა; მოეწყობა ასევე დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილები ცენტრალურ მაგისტრალებთან. პროგრამა ურბანული განვითარების დაგეგმარების დოკუმენტების შედგენასთან ერთად განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებასაც გულისხმობს, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტში ნახევარ მილიონზე მეტი ლარი იქნება გათვალისწინებული, რაც მომდევნო სამ წელზე გადანაწილდება.

ბობოყვათი-ციხისძირი-ჩაქვისა და სარფი-გონიოს განაშენიანების რეგულირება

„პროგრამა ითვალისწინებს განსავითარებელი ტერიტორიების დაგეგმარებას აჭარის სანაპირო ზოლში და იმის განსაზღვრას, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს ტერიტორიები. ინვესტორს, კერძო მესაკუთრეს, ეცოდინებათ საინვესტიციო თუ კერძო მშენებლობის სახე, ტიპი და სხვა ქალაქმშენებლობითი პირობები,“ – აცხადებს ნუგზარ ძნელაძე, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის უფროსი.

სარფი. თედო ჯორბენაძის ფოტო
სარფი. თედო ჯორბენაძის ფოტო

პროგრამა შეეხება როგორც უშუალოდ ავტონომიური რესპუბლიკის საკუ თრებაში არსებულ ტერიტორიებს, ასევე კერძო საკუთრებასაც. კერძო და სახელმწიფო ინტერესების თავსებადობა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა – აცხადებენ სამინისტროში. ეს ტერიტორიებია: ბობოყვათი [ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის გაგრძელება, ქალაქ ქობულეთის მიმართულებით] და გონიოსა და სარფის მთიანი ზონა. რაც შეეხება უშუალოდ ქალაქ ქობულეთის სივრცითი მოწყობის დოკუმენტს და გენგეგმას, ის უკვე არსებობს. სამინისტროს ინფორმაციით, დასრულებულია ხელვაჩაურის სივრცით მოწყობაზე მუშაობაც.

„დოკუმენტი, რაც პროგრამის ფარგლებში შემუშავდება, არ შეეხება უკვე არსებულ მშენებლობებს. არავითარი, ასე ვთქვათ, დანგრევა თუ წართმევა არ მოხდება, ყველაფერი იქნება სახელმწიფო და კერძო ინტერესთა ჰარმონიაში და თანხვედრაში განხილული. მოეწყობა საჯარო განხილვებიც, იქნება გათვალისწინებული მოსაზრებები და ა.შ.“ – ამბობს ნუგზარ ძნელაძე.

განაშენიანების რეგულირების გეგმაში მოექცევა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიებიც, ძირითადად სარფისა და გონიოს მთიან ზონაში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სანაპირო ზოლში. ასეთ ზონაში კერძო ტერიტორიის განვითარება-ათვისებას ექნება თავისი კონკრეტული პარამეტრები. „გვინდა ეს ტერიტორიები ისე განვითარდეს, რომ ჯანსაღი გარემო შეიქმნას და არ იყოს ქაოსი და ფუნქციაარეული მოშენების მქონე დასახლებები… ეს ეხება არქიტექტურას, ფუნქციას, განაშენიანების დაგეგმარებას, საინჟინრო კომუნიკაციებს და სხვა,“ – ამბობს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის უფროსი.

მთა ღომა – საზაფხულო და ზამთრის სამთო კურორტი?

ღომას მთა. სულხან სალაძის ფოტო
ღომას მთა. სულხან სალაძის ფოტო

მთის კურორტების განვითარების პროგრამაშია შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მთა ღომაც.

ღომას მთის კურორტად გადაქცევაზე საუბარი ადრეც იყო, ოღონდ ადგილობრივების თქმით, აქ ყველაფერი მხოლოდ მისასვლელი გზის შეკეთებით დასრულდა.

დღეს დეპარტამენტში ამბობენ, რომ კონცეპტუალური პროექტი დამუშავებულია და ახლა საუბარია დეტალურ დაგეგმარებაზე, რათა განვითარების გეგმა დაისახოს.

ამ ეტაპზე ღომა განიხილება როგორც საზაფხულო სამთო კურორტი, ხოლო პერსპექტივაში – როგორც ზამთრის კურორტი.

დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილები ავტომაგისტრალებთან

2017 წელს აჭარაში „ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის“ მიზნით, იგეგმება საავტომობილო გზების გასწვრივ დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილების მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ასეთი რვა ობიექტის პროექტის მომზადება.

ნუგზარ ძნელაძე
ნუგზარ ძნელაძე

„კონკრეტული ადგილები განსაზღვრული არ არის, თუმცა მონახაზი გვაქვს. როცა პროგრამა დამტკიცდება და კონკრეტულად შეირჩევა ადგილი, გამოცხადდება ტენდერი. პროგრამა გულისხმობს ბათუმი-სარფისა და ბათუმი-ახალციხის მაგისტრალების გასწვრივ დასასვენებელი და საპიკნიკე ადგილების ორგანიზებას. ასეთ მოწესრიგებულ ადგილებში მგზავრი შეძლებს ავტოტრანსპორტის თუ ველოსიპედის გაჩერებას, ასევე მოსვენებისა თუ მოწესრიგებისთვის ყველა პირობა იქნება. ფეხით მოსიარულე ტურისტის დროებით დასვენებისთვის იქნება მაგიდებიც, რომ ტურისტი თავისი საგზალით შეჩერდეს, დაისვენოს და შემდეგ  გააგრძელოს გზა,“ – ამბობს ნუგზარ ძნელაძე.

მისივე თქმით, ასეთი ადგილების ექსპლუატაციის ფორმა ჯერ გადაწყვეტილი არ არის: „ვფიქრობთ, კერძო სტრუქტურებთან ერთად მოხდეს, ან შესაძლოა სახელმწიფომ აიღოს თავის თავზე მისი მოვლა-პატრონობა, რამდენიმე ვარიანტია და შევჯერდებით“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით ასეთი დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილები მოეწყობა  ციხისძირში, ერგეში, გონიოში, ასევე ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ოღონდ არა დაბებში, არამედ მაგისტრალის გასწვრივ.

  • შავი ზღვის სანაპირო ზოლში არსებული საკურორტო-სარეკრეაციო ადგილების ურბანული განვითარებისთვის გეგმის შემუშავებისთვის აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში 240 ათასი ლარია გაწერილი;
  • ღომას მთისთვის – 100 ათასი;
  • დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილების მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენასა და მოსაწყობი ობიექტების მშენებლობის ღირებულების განსაზღვრისთვის – 35 ათასი ლარი.

დავით გაბაიძე თავმჯდომარედ, მერაბ კარანაძე ვიცე-სპიკერად – თანამდებობების გადანაწილება უმაღლეს საბჭოში

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე „ქართული ოცნება“ დავით გაბაიძის კანდიდატურას, ხოლო ვიცე-სპიკერად მერაბ კარანაძეს განიხილავს – ინფორმაციას თავად კანდიდატები ადასტურებენ.

„… დიახ ვადასტურებ, რომ განიხილება ჩემი კანდიდატურა, თუმცა გადაწყვეტილი არ არის.“ – განაცხადა დავით გაბაიძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში. უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევამდე დავით გაბაიძე აჭარის მთავრობის აპარატში იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

ვიცე-სპიკერად მის შესაძლო დასახელებასთან დაკავშირებით ინფორმაციას მერაბ კარანაძეც ადასტურებს.

გარდა ამისა დადასტურებული ინფორმაციით განათლების კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატია ლადო მგალობლიშვილი, აჭარის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე.

ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯომარედ ცოტნე ანანიძე განიხილება, არჩევნებამდე ის აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა და პარალელურად იყო პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი.

იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ მოიაზრებენ ნინო ჩხეტიას, უმაღლესი საბჭოს არჩევნებამდე ის აჭარის რადიოში მუშაობდა.

ეკონომიკურ კომისიას სავარაუდოდ გიორგი რომანაძეს ჩააბარებენ. არჩევნებამდე ის აჭარის საგზაო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარედ აჭარის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე მოიაზრება, ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ნომერი იყო და მას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატადაც განიხილავდნენ.

აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კიმისიის თავმჯდომარედ ვახტანგ წულაძე განიხილება, არჩევნებამდე ის აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელობდა.

უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე კი ირაკლი ჭეიშვილი იქნება, არჩევნებამდე ის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე იყო და პარალელურად „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას კი უმაღლეს საბჭოში ელგუჯა ბაგრატიონი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ლევან ვარშალომიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ გადანაწილების მიხედვით „ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან უმაღლეს საბჭოში თანამდებობის გარეშე რჩებიან დავით ბაციკაძე, წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს ყოფილი ვიცე-სპიკერი, დავით თედორაძე – ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან“, ილია ვერძაძე – პროფესიული კავშირების აჭარის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი და ბიზნესმენი ხვიჩა შარაშიძე.

კანონმდებლობის თანახმად ახალი უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა პრეზიდენტმა 30 ნოემბრამდე უნდა დანიშნოს.

ხილის გამოფენა ბოტანიკურ ბაღში

2016 წლის 24 ნოემბერს, 13:00 საათზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ზედა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ ხილის გამოფენა გაიმართება.

ინფორმაციას ბათუმის ბოტანიკური ბაღი ავრცელებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბათუმის ბოტანიკური ბაღის ეგზოტური და ადგილობრივი ფლორის საკვებად ვარგისი, 30 სახეობისა და ფორმის ციტრუსი და 50-მდე ხეხილ-კენკროვნები.

გამოფენის ფარგლებში მოეწყობა როგორც ნედლეულის, ასევე მისგან დამზადებული პროდუქციის დეგუსტაცია.

ახალი ძველი ფრაქცია საკრებულოში

ბათუმის საკრებულოს წევრებმა, ორმა ყოფილმა „თავისუფალმა დემოკრატმა“ – კობა ჩხეიძემ და ჯაბა ბერიძემ და ნინო ბერაძემ, რომელიც ამ პარტიის წევრად დარჩა ერთ ფრაქციაში გაერთიანება ისევ გადაწყვიტეს. მათი ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ საკრებულოში მას შემდეგ დაიშალა, რაც კობა ჩხეიძემ და ფრაქციის მესამე წევრმა პარტია დატოვეს.

ნინო ბერაძის თქმით, ფრაქციას ახალი სახელი ერქმევა და „იგივე ტონალობაში გაარძელებს მუშაობას, როგორც მანამდე ფრაქცია „თავისუფალი დემოკრტატები“ მუშაობდა. ფრაქციაში საკრებულოს ორი უპარტიო წევრი კობა ჩხეიძე და ჯაბა ბერიძე და „თავისუფალი დემოკრატი“ ნინო ბერაძე გაერთიანდებიან. ფრაქციის ხელმძღვანელი კობა ჩხეიძე იქნება. ფრაქციის თავმჯდომარე ავტომატურად საკრებულოს ბიუროს წევრია.

გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აკრძალულია – ნამქერში 3 მანქანაა ჩარჩენილი

ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ბათუმი-ახალციზის გზის 106-123 კილომეტრზე – ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ხელმძღვანელის, ზურაბ სიხარულიძის ინფორმაციით აჭარის ტერიტორიაზე მოძრაობა აკრძალულია გზის 106-117 კილომეტრზე. ეს არის გოდერძის უღელტეხილი ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – დაახლოებით, სათხილამურო ტრასიდან ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მონაკვეთი.

„მზიანი ამინდია, თუმცა არის ძლიერი დასავლეთის ქარი, რომელიც არსებული თოვლის ნამქერით ხერგავს გზის სავალ ნაწილს. მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში. ამ დროისთვის სამი მსუბუქი ავტომანქანაა ჩარჩენილი თოვლში და ვმუშაობთ გამოსაყვანად. ავტომანქანებში ადამიანები არ იმყოფებიან“ – ამბობს ზურაბ სიხარულიძე.

შსს: ბათუმში ამოღებულია 224 აბი „სუბუტექსი“

შსს-ს ინფორმაციით,  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ნ. ბათუმში, ნონეშვილის ქუჩაზე დააკავეს.

„სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, 224 აბი „სუბუტექსი“ ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს [საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით].

რა იცვლება ნავსადგურის ტერიტორიაზე

ბულვარში, ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე  ინფრასტრუქტურული სამუშაოები  მიმდინარეობს. 

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია დასუფთავდა, მწვანე საფარი გაიწმინდა უსახური ჯიხურებისა და მცურავი სატრანსპორტო საშუალებებისგან, „რომლებიც აღნიშნულ ადგილას ნებართვის გარეშე იყო განთავსებული“.

ამავე ინფორმაციით, ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ნარგავებით გამწვანების, კორდის დაგების, ბორდიურების, ველო და სასეირნო ბილიკების, სანიაღვრე სისტემების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ოფიციალური ინფორმაციით, სამუშაოები მოკლე ვადებში უნდა დასრულდეს.

შეზღუდვები ბათუმის ქუჩებში

ბათუმის მერიის კეთილოწყობის სამსახურის ინფორმაციით, ქალაქში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სრულად არის გადაკეტილი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა – ბაგრატიონის ქუჩიდან ბესიკის ქუჩამდე. აღნიშნულ მონაკვეთზე როგორც  ქუჩის რეაბილიტაცია, ასევე  საკანალიზაციო სისტემის მოწყობა  მიმდინარეობს.

„რაც შეეხება, მაიაკოვსკის  ქუჩას, როგორც  ქუჩის რეაბილიტაცია ასევე სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა მიმდინარეობს, ამიტომ  გადაკეტილი იქნება 3-4 დღის განმავლობაში. ასევე არის შეზღუდვები ბაქოს ქუჩაზე, გოგებაშვილისა და შავშეთის ქუჩამდე მონაკვეთში. ასევე წერეთლის ქუჩაზე“ – ამბობს ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, თენგიზ პეტრიძე,

მისივე ინფორმაციით წერეთლის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ,  გადაიკეტება იმედაიშვილის ქუჩა [ყოფილი „ჯორჯიაშვილი“].  წერეთლის ქუჩა სავარაუდოდ ხუთშაბათს, 24 ნოემბერს გაიხსნება.

„სხვა დანარჩენი ქუჩების შესახებ, რომლებიც გადაიკეტება ან იქნება ნაწილობრივი შეზღუდვები, ამაზე ჩვენ ეტაპობრივად გავავრცელებთ ინფორმაციას.“ – განმარტა თენგიზ პეტრიძემ.

ქუჩებზე არსებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“  ინფორმაციით, „მცირე ცვლილებები“ შევიდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკში – ნებისმიერ ავტობუსს, რომელიც მაიაკოვსკის ქუჩით მოძრაობს, უწევს დადიანის ქუჩაზე გადასვლა.  „ავტობუსებს საჭირო დროზე მეტი სჭირდებათ და მოქალაქეებსაც დიდხანს უწევთ ლოდინი“ – ამბობს, ბესიკ  დათიაშვილი, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მარკეტინგის მენეჯერი.

Exit mobile version