სიახლეები

შვილის მოვლის შეზღუდული უფლება მამებისთვის

24.11.2016 • 2190
შვილის მოვლის შეზღუდული უფლება მამებისთვის

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საქართველოში მამებისთვის ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და მისი ანაზღაურების უფლების არარსებობას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. EMC-ი იცავს სამი მოსარჩელის უფლებას, რომელთაგან ორი კაცი და ერთი ქალია. მათ შორის ერთმა მოსარჩელემ [კაცმა] შვილის შეძინის შემდეგ შვებულება ითხოვა და უარი მიიღო.

მამამ, რომელიც შვილის გაზრდის მიზნით შვებულებას ითხოვდა და უარი მიიღო, თავდაპირველად სახალხო დამცველს მიმართა. უჩა ნანუაშვილის რეკომენდაციის შემდეგ მამაკაცს მისცეს შვებულება, თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტომ ანაზღაურებაზე უარი უთხრა. საკონსტიტუციო სარჩელის ავტორის, EMჩ-ის იურისტის, სალომე ჯოხაძის თქმით, მას მიუთითეს ჩანაწერი კანონმდებლობიდან, რომელსაც EMC-ი საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი საჩივრის კიდევ ერთი ხელმომწერი ლაშა ჩალაძეა. ლაშა უახლოეს მომავალში ელოდება შვილს და მიიჩნევს, რომ შეიძლება შვებულებით სარგებლობის უფლება მასაც დაერღვეს. რაც შეეხება მოსარჩელე ქალს, მას ჰყავს ახალშობილი შვილი, სარგებლობს დეკრეტული შვებულებით და გამომდინარე იქედან, რომ მარტო მას აქვს ფასიანი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა ბავშვის მოსავლელად, ის კანონმა შეაფერხა როგორც კარიერულ, ისე პროფესიულ განვითარებაში. ქალი მიიჩნევს, რომ მის მიმართ ეს მიდგომა არის დისკრიმინაციული.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით მხოლოდ ხუთმა მამამ ისარგებლა. აქედან ოთხ შემთხვევაში ფასიანი შვებულება მამამ ბავშვის დედის გარდაცვალების შემდეგ მიიღო. მეხუთე შემთხვევაში კი ფასიანი შვებულებით მშვილებელმა მამამ ისარგებლა. ეს მონაცემები EMC-ის სოციალურმა სააგენტომ მიაწოდა. ე.წ. დეკრეტული შვებულების ანაზღაურება ამ სააგენტოს პრეროგატივაა.

ამ დროისთვის არც ერთ უწყებას არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია იმაზე, თუ ბავშვის მოვლის გამო რამდენი დასაქმებული მამა ითხოვდა ანაზღაურებად შვებულებას და მას უარი უთხრეს. არც ის ვიცით, რამდენმა მამამ თქვა უარი შვებულებით სარგებლობაზე მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში ახალშობილი შვილის მოვლის გამო შვებულება მამებისთვის ანაზღაურებადი არ არის.

ახალშობილის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურების საკითხი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება. ის პირდაპირ ადგენს, რომ შვებულების ანაზღაურების საფუძველია საავადმყოფო ფურცელი, რომელიც გაიცემა მხოლოდ ქალზე. ამავე ბრძანებით, საავადმყოფო ფურცელი ბავშვის მამის მიმართ მხოლოდ ქალის გარდაცვალების შემთხვევაში გაიცემა.

EMC-ის იურისტი სალომე ჯოხაძე მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება კაცებს ახალშობილის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურების უფლების მქონე პირებისგან პირდაპირ გამორიცხავს.

„ბავშვის მოვლა წარმოადგენს თანაბარ უფლებას და იმავდროულად პასუხისმგებლობას ორივე მშობლისათვის. შესაბამისად, გაუმართლებელია, სახელმწიფო მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს ანიჭებდეს ამ შესაძლებლობას“, – განმარტავს იურისტი.

კონსტიტუციურ სარჩელში EMC-ი ამტკიცებს, რომ ამგვარი რეგულაცია დისკრიმინაციული მიდგომაა, ერთი მხრივ ბიოლოგიური მამების მიმართ, დედებთან მიმართებით, ხოლო მეორე მხრივ, მშვილებელ მამებთან მიმართებით. მშვილებელ მამებს შრომის კოდექსის სპეციალური ჩანაწერის საფუძველზე შეუძლიათ დაუბრკოლებლად ისარგებლონ [ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში] ბავშვის მოვლის გამო შვებულებით თუ მისი ანაზღაურების უფლებით.

თანასწორობის უფლება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. მოსარჩელე მხარის აზრით, ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და მისი ანაზღაურების უფლების შეზღუდვა კაცებისთვის იწვევს მათი შრომის უფლების შეზღუდვას და დისბალანსი შეაქვს კონსტიტუციით გარანტირებული ოჯახის კეთილდღეობისა და მეუღლეთა თანასწორობის უფლებებში. გარდა ამისა, EMC-ში მიიჩნევენ, რომ მოქმედი კანონმდებლობა მეუღლეებს არ ანიჭებს შესაძლებლობას, შეთანხმებით, სურვილის შესაბამისად იზრუნონ საკუთარ შვილზე და გაიზიარონ ეს პასუხისმგებლობა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ოჯახის კეთილდღეობის უფლება მოიცავს არა მხოლოდ კანონმდებლობით აღიარებულ ქორწინებას, არამედ მისი შინაარსი გაცილებით ფართოა და აერთიანებს რეგისტრირებული ქორწინების გარეშე თანაცხოვრებას, მათ შორის ამ თანაცხოვრებაში დაბადებულ ბავშვებს.

გამომდინარე იქედან, რომ ბავშვზე ზრუნვა და მისი მოვლა წარმოადგენს არა მხოლოდ უფლებას, არამედ პასუხისმგებლობასაც, მოსარჩელე ასაბუთებს, რომ სახეზეა კანონის წინაშე ქალის თანასწორობის უფლებაში ჩარევა, როცა არსებული სამართლებრივი რეგულირება ბავშვზე ზრუნვის მოვალეობას მხოლოდ ქალს აკისრებს. ეს საკანონმდებლო მიდგომა კი განამტკიცებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ დისკრიმინაციულ, უთანასწორო და პატრიარქალურ შეხედულებებს, ქალის წინასწარ განსაზღვრულ როლსა და ფუნქციასთან დაკავშირებით, რაც შვილებზე ზრუნვის ვალდებულებაში გამოიხატება.

EMC-ის ამ შეხედულებას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა აბაშიძეც ეთანხმება:

„დეკრეტული შვებულება უნდა გავიგოთ როგორც მხოლოდ და მხოლოდ მშობლების უფლება, მაგრამ ჩვენთან კულტურალურად აღიარებულია, რომ მხოლოდ დედები არიან ვალდებულები იზრუნონ ბავშვებზე. ის, რომ პრაქტიკულად დედებზეა მხოლოდ ეს ტვირთი გადატანილი, შეიძლება შეფასდეს დედების საზიანო პრაქტიკად. ბავშვს სჭირდება მოვლა, განსაკუთრებით პირველ პერიოდში, მაგრამ ეს ვალდებულება საზოგადოებამ მხოლოდ ქალს განუსაზღვრა. ეს, რა თქმა უნდა, დისკრიმინაციული მიდგომაა ქალების მიმართ, მაგრამ არსებული პრაქტიკა აზიანებს ორივე მშობელს. როცა მამას სურს მოუაროს ბავშვს, კანონმდებელი არ აძლევს ამის უფლებას, ანუ კანონიც დედას ეუბნება, რომ ის არის ერთადერთი, ვისაც აკისრია ეს მოვალეობა. ზოგადად კი, მამაკაცებისთვის საქართველოში ყოველთვის ბუნდოვანი იყო ამ უფლებით სარგებლობის წესები და დღემდე ასე რჩება“.

„ბათუმელებმა“ ვერ მოიძია კვლევა, რაც ასახავდა მამების განწყობას დეკრეტული შვებულების გამოყენებასთან დაკავშირებით. „ბათუმელები“ მიერ საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებული მამების გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხული მამაკაცების უმრავლესობა თანახმაა აიღოს შვებულება ახალშობილი შვილის მოვლის მიზნით. მათგან უმეტესობა ამბობს, რომ ბავშვის მოვლის გამო შვებულებით ისარგებლებდა, თუ ის იქნებოდა ანაზღაურებადი.

ერთ-ერთი ასეთი მამა არის არჩილ ვანაძე – ბათუმის მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე. მას ორი შვილი ჰყავს, უმცროსი ახლახან შეეძინა. „რა თქმა უნდა, ვისარგებლებდი შვებულებით. მეუღლეც დასაქმებულია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, როცა ორივე მშობელს აქვს შესაძლებლობა პასუხისმგებლობა გადაინაწილოს. პატარას ბევრი რამ სჭირდება, რაც ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ წინა პლანზე იწევს ფინანსური იტერესებიც“, – უთხრა არჩილ ვანაძემ „ბათუმელებს“.

მოქმედი შრომის კოდექსი ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლებას ანიჭებს დასაქმებულს. ეს, ერთი შეხედვით, ნეიტრალური ჩანაწერი და მასთან კავშირში მყოფი ნორმების ერთობლივი ანალიზით ნათელი ხდება, რომ კანონმდებლობა შვებულების უფლების მქონე დასაქმებულში მხოლოდ ქალს მოიაზრებს.

EMC-ი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები კანონმდებლობაში ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებსა და 36-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: