ნეტგაზეთი • RU

ბებიის ცემაში ბრალდებული სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა

მოსამართლე ირაკლი შავაძემ, საკუთარი დედისა და ბებიის ცემაში ბრალდებული 29 წლის მინდია ქ. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ბრალდებულის დაკავებიდან 60 დღე გავიდა. ამ დროში მას შეფარდებული გირაო – 10 ათასი ლარი უნდა გადაეხადა, რაც ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულმა ვერ შეძლო.

მოსამართლემ, მინდია ქ.-ს გირაოს ოდენობა 3 ათას ლარამდე შეუმცირა, რაც ბრალდებულმა ორი თვის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. ირაკლი შავაძის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს ასევე მოეხსნა პატიმრობა, როგორც გირაოს უზრუნველყოფის საშუალება.

„დავუშვათ შევცვალეთ გადაწყვეტილება, სად უნდა იცხოვროთ? თქვენ ხომ საკუთარ დედასა და ბებიაზე ძალადობაში გედებათ ბრალი? როგორც ცნობილია, თქვენ ცალკე ქონება არ გაქვთ” – მიმართა მოსამართლე ირაკლი შავაძემ ბრალდებულს, ვიდრე ის აღმკვეთ ღონისძიებაზე გადაწყვეტილებას მიიღებდა. მინდია ქ.-მ მოსამართლეს უთხრა, რომ სოფელში იცხოვრებს, ცოლის მშობლებთან, ვიდრე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

მინდია ქ.-ს ბებიისა და დედის ცემის გარდა, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვასა და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაშიც ედება ბრალი. გამოძიების მასალების მიხედვით, მან 16 აპრილს იძალადა ბებიზე, 21 აპრილს სასამართლომ მას შემაკავებელი ორდერი დაუმტკიცა, ხოლო 8 მაისს ბრალდებულმა შეურაცხყოფა დედას მიაყენა. ჩხრეკის დროს, მინდია ქ.-ს საძინებლიდან საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

„არაფერში არ ვცნობ თავს დამნაშავედ,“ – უპასუხა ბრალდებულმა მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილს წინა სხდომაზე. საქმის განხილვას მოსამართლე ირაკლი შავაძე განაგრძობს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი