„შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხები მათივე ჩართულობით უნდა განიხილებოდეს”

3 დეკემბერი არის მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით დღეს ბათუმში გაიმართა მრგვალი მაგიდა – “საბჭოების როლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის”.

როგორც შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი კოალიცია “დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის” პროექტის მენეჯერი, ირინა ინასარიძე განმარტავს, შეხვედრის მთავარი მიზანია განიხილონ შშმ პირთა საკოორდინაციო საკონსულტაციო საბჭოების მუშაობა, ამ საბჭოებში არსებული გამოწვევები და პერსპექტივები.

„რაც გაეროს 2006- წლის შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენცია შევიდა ძალაში, კონვენცია თავად განსაზღვრავს და მოითხოვს, რომ ასეთი საბჭოები უნდა არსებობდეს მუნიციპალურ დონეზე, მნიშვნელოვაანია ნებისმიერი გადაწყვეტილება როგორც მუნიციპალურ, ისე ფედერალურ დონეზე, საკითხები, რომლებიც შეეხება შშმ პირებს, გადაწყდეს, განიხილოს, დამტკიცდეს და განხორციელდეს თავად შშმ ადამიანების ჩართულობით და მონაწილეობით. ჩართულობა და მონაწილეობა არ გულისხმობს, რომ რაღაცა დადგენილება, გადაწყვეტილება და პროგრამა შემუშავდეს დამტკიცდეს და მერე გააცნო ადამიანს და უთხრა, რომ ეს დამტკიცდა და შენ გეხება. აქ საუბარია სწორედ ჩანასახშივე იყოს გათვალისწინებული შშმ ადამიანების ჩართულობა,” – ამბობს ირინა ინასარიძე.

მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს, 18:00 საათზე, ბათუმის „ახალ სცენაზე“ სპექტაკლი „დამოუკიდებელი ცხოვრება“ დაიდგმება. სპექტაკლში ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობებთან ერთად მონაწილეობენ შშმ პირები.

ბათუმში ჰაერში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციამ ნორმას 7.5-ჯერ გადააჭარბა

ბათუმში ჰაერში ოქტომბერში აზოტის დიოქსიდის საშუალოთვიური კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას  7.5-ჯერ აღემატებოდა, ნახშირჟანგისა კი 1.2-ჯერ. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ოქტომბერში ჩატარებული მონიტორინგის ავტომატური სადგურიდან მიღებული შედეგები დღეს გახდა ცნობილი.

საქართველოს გარემოს დაბინძურების მოკლე მიმოხილვაში წერია, რომ  ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი წარმოებდა ექვს ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმსა და ჭიათურაში. მათ შორის უწყვეტი მონიტორინგი წარმოებდა თბილისის – 3, ჭიათურის – 1 და ბათუმის – 1 ავტომატურ სადგურზე, რომელიც ქათამაძის ქუჩაზე მდებარეობს.

სადამკვირვებლო ჯიხურების მეშვეობით ჩატარებულმა მონიტორინგის შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ ბათუმში ჰაერში მტვრის ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაცია შესაბამის ზღვრულად დასაშვებ ნორმას 1.6-ჯერ აღემატებოდა. გოგირდის დიოქსიდების, ასევე ტყვიის კონცენტრაციები კი ნორმის ფარგლებში იყო. ეს მონაცემები ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებულ სადამკვირვებლო პუნქტზე შეგროვდა.

სადამკვირვებლო ჯიხურებში დღის განმავლობაში ჰაერი სამჯერ იზომება.

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი და მტვერია.

პროექტი – „სუფთა ჰაერი საქართველო“ უკვე რამდენიმე წელია საქართველოში ადამიანების ჯანმრთელობისთვის მავნე ჰაერის დამაბინძურებელი ორი ნივთიერების მონიტორინგს: აზოტის დიოქსიდისა (NO2) და ნახშირბადის ოქსიდის (CO) მონიტორინგს აწარმოებს. მათი ინფორმაციით აზოტის დიოქსიდის (NO2) მაღალი შემცველობის ჰაერის სუნთქვისას იზრდება სასუნთქი გზების დაავადების შესაძლებლობა – “აზოტის დიოქსიდი აზიანებს ფილტვების გარსს და ამცირებს ორგანიზმის უნარს, წინააღმდეგობა გაუწიოს სასუნთქი გზების ინფექციებს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა პრობლემა, როგორიცაა: სუნთქვის გაძნელება, ხველა, გაციება, გრიპი და ბრონქიტი. ამ ნივთიერებით დაბინძურებული ჰაერის ხშირად სუნთქვამ შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე რესპირატორული დააავადებები ბავშვებში. უფრო მეტიც, NO2 მნიშვნელოვნად მოქმედებს ასთმიან ადამიანებზე, იწვევს უფრო ხშირ და უფრო მძიმე შეტევებს… ჰაერში NO2-ის მაღალი კონცენტრაცია განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებზე, ასთმიანებზე, ბავშვებსა და მოხუცებზე.” – წერია პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე. აქვე წერია, რომ გარდა ამისა, აზოტის დიოქსიდი იწვევს მჟავა წვიმას და აითროფიკაციას – “აითროფიკაცია არის წყალში ჟანგბადის შემცველობის შემცირება, შედეგად იქმნება ისეთი გარემო, რომელიც მავნებელია თევზებისა და სხვა ცხოველებისათვის”.

 

ამავე თემაზე: დასაშვებზე 1.4-ით უფრო მტვრიანი ბათუმი

მიმდინარე სეზონზე აჭარიდან ექსპორტზე 10 500 ტონა ციტრუსია გატანილი

 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბრის მდგომარეობით აჭარიდან ექსპორტზე გავიდა 10 500 ტონა ციტრუსი, რაც მოსალოდნელი საექპორტო მოსავალის 30%-ს შეადგენს, ხოლო 1 500 ტონა გადამუშავებულია კონცენტრატზე, რაც მოსალოდნელი არასტანდარტული მანდარინის რაოდენობის 16%-ს შეადგენს.  ეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის შეფასებით, ციტრუსის ექსპორტისა და გადამუშავების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებლებია.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო   ციტრუსის ჩასაბარებელი ფასების მონიტორინგს აწარმოებს და პირველი დეკემბრის მდგომარეობით 1 კგ ჩასაბარებელი ციტრუსის ფასი 65 თეთრია, თუმცა ის  ზომისა და ხარისხის მიხედვით ვარირებს.  საახალწლოდ სამინისტროში მანდარინზე ფასის მატებას ვარაუდობენ.

 

სამინისტროს ცნობით, რეგიონში ციტრუსის ჩაბარების მიზნით არსებულ 37 შემფუთავ-დამახარისხებელი საწარმოთაგან ნახევარს უკვე 3 000 ტონამდე მანდარინი აქვს მიღებული. ამ საწარმოებიდან მანდარინი გავა არამხოლოდ ძირითად საექსპორტო ბაზრებზე,  არამედ უკვე უზბეკეთის, მოლდოვის, ყაზახეთისა და ბელარუსის საექსპორტო ბაზრებზეც. მათივე ცნობით მანდარინი  ასევე გავა ევროპის ქვეყნებშიც, მათ შორის პოლონეთში, უნგრეთში და ბალტიისპირეთის ქვეყნებში.

 

საახალწლო სოფელი და გლინტვეინი ბათუმში – მერიის საახალწლო პროგრამა

ახალი წლის ღონისძიება ბათუმში ერას მოედანზე გაიმართება, სადაც ბათუმის მერიის ინფორმაციით, მთლიანი სივრცე შესაბამისი თემატიკით მოირთვება, ასევე შეიქმნება პატარა, საახალწლო სოფლის იმიტაცია.

სივრცეში განთავსებული იქნება საახალწლო სოფელი, ნაძვის ხე, დიდი და პატარა სცენები, ასევე მოეწყობა სანტას კუთხე, კარნავალი და ქუჩის სხვადასხვა აქტივობა.

საახალწლო სოფელი ერას მოედანზე 25 დეკემბერიდან მოეწყობა, სივრცეში დაიდგმება ოცამდე ქოხი, რომლებშიც განთავსდება საკვები და სხვადასხვა პროდუქციის კომპანიები. სივრცე ასევე მოირთვება თაღებითა და საახალწლო ინვენტარით. დიდ ქვაბებში გასაყიდად გამოტანილი იქნება გლინტვეინი, რომელსაც სტუმრებს შესთავაზებენ კოსტიუმებში გამოწყობილი ბათუმის თეატრის მსახიობები.

25 დეკემბერს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, სახაალწლო განწყობის შესაქმნელად თოვლის ბაბუს გამოჩენა იქნება ბათუმში. პერფორმანსი გაფორმდება კარნავალით (ელფებით, დრამერებით, ოჩოფეხებით და ზღაპრის გმირებით). სანტას კუთხე, სადაც პატარები მიმებსა და ელფებსაც შეხვდებიან – პატარა სცენის გვერდით განთავსდება.

ნაძვის ხე ამავე დღეს, 21:30 საათზე აინთება.

ერას მოედნის მიმდებარე ტერიტორია, გამსახურდიასა და აბაშიძის ქუჩების კვეთიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩის კვეთამდე, გადაიკეტება და დაიდგმება სხვადასხვა ტიპის გასართობი ატრაქციონები. ასევე ქუჩაზე გაიმათება ღვინის ფესტივალი, – მოქალაქეები შეძლებენ დააგემოვნონ სხვადასხვა კერძი.

25 დეკემბერს ერას მოედანზე განთავსებული პატარა სცენა დაეთმობა სოფელში გამართულ საბავშო სტუდიებს, ბათუმის ბენდებსა და სხვადასხვა წარმოდგენებს. დიდ სცენაზე კი საშობაო კონცერტი ჩატარდება.
საახალწლო კონცერტი 31 დეკემბერს, 23:00 საათზე დაიწყება. ბათუმის ბიგბენდთან და კაპელასთან ერთად საახალწლო ქავერებსა და საუნდტრეკებს შეასრულებენ ცნობილი მომღერლები.

00:00 საათზე ერას მოედანზე მისული სტუმრები მრავალჟამიერის, ფეიერვერკის, ხელოვნური თოვლისა და სცენაზე დამონტაჟებული შუშხუნების ფონზე შეხვდებიან ახალ წელს. გალაკონცერტს დაასრულებს DJ სეტი.

გარდაცვლილის გადასვენების ხარჯები ბიუჯეტში?

„სასურველია მუნიციპალიტეტმა იმსჯელოს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაცვლილი პირის ოჯახში გადასვენების დაფინანსების თაობაზე”, – ამ წინადადებით აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია აჭარის მთავრობას მიმართავს. კომისიის შემადგენლობა დღეიდან შეიცვლება, თუმცა, ძირითადად, უცვლელი რჩება მთავრობის შემადგენლობა და პრობლემები იმ ოჯახების, რომელთა დახმარებაზეც კომისიამ მიუთითა.  

„ერთ-ერთ საავადმყოფოსთან შევესწარი ფაქტს, როცა მიცვალებულს რის ვაი-ვაგლახით ახლობლის მსუბუქ ავტომანქანაში ათავსებდნენ იმის გამო, რომ გადასვენებისთვის საჭირო ფული არ ჰქონდათ…”, – უთხრა „ბათუმელებს” ერთ-ერთმა მოქალაქემ.

„საავადმყოფოში გარდაცვლილის გადასვენების დაფინანსების საკითხი – ეს იყო შემოსული წინადადება და როგორც კომისიის თავმჯდომარე, ვალდებული ვიყავი ის გადამეტანა შენიშვნების მთავარ დოკუმენტში – მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ კომისიის დასკვნაში. კონკრეტულად არ მახსოვს ვისი ინიციატივა იყო. თუმცა, საუბარია მხოლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე”, – აღნიშნა „ბათუმელებთან” სატელეფონო საუბარში უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ანზორ თხილაიშვილმა.

უმაღლესი საბჭოს კომისიის დასკვნაში არაფერია ნათქვამი, თუ რის საფუძველზე გაჩნდა ეს წინადადება, ან რა ფორმით ფიქრობს კომისია ამ ინიციატივის განხორციელებას.

საავადმყოფოში გარდაცვლილის ოჯახში გადასვენების სერვისი ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს აქვს – მომსახურება ფასიანია.

„სპეციალურად ამ სერვისისთვის ცალკე ერთი ავტომანქანაა გამოყოფილი. საკმაო მომართვიანობაც არის. რაც შეეხება ფასებს, შიდა რეგულაციებით არის დადგენილი და ქალაქ ბათუმის მასშტაბით, 5 კმ-ის რადიუსში 30 ლარია; 10-კმ-ის შემთხვევაში – 50, ხოლო 15 კმ-ის შემთხვევაში – 60 ლარი. რაც შეეხება 15 კილომეტრზე ზემოთ, ყოველ 1 კილომეტრზე ემატება 2 ლარი”, – გვითხრეს ბათუმის სასწრაფო სამედიცინო ცენტრში.

ცენტრის მიერ დადგენილი ფასებით, მიცვალებულის ბათუმიდან ხელვაჩაურის ცენტრის ტერიტორიაზე გადასვენება 55 ლარი ღირს; ქობულეთის ცენტრამდე – 80, ქედაში – 120, შუახევის, ურეკის, ოზურგეთის ცენტრში – 160, ხულოში, ჩოხატაურში, ლანჩხუთში – 180, ქუთაისში – 290, გორში – 460, თბილისში – 570 ლარი.

ბათუმში არსებული კერძო კატაფალკების მძღოლები, რომლებიც, ძირითადად მიცვალებულთა გადასვენების სერვისზე არიან ორიენტირებული, ამბობენ, რომ ფასები მათთან ინდივიდუალურია, თუმცა, საშუალოდ, ქალაქის ფარგლებში 60-70 ლარია, ხულომდე – 200, ხოლო თბილისამდე 600-700 ლარი.

თუ მუნიციპალიტეტები ამ ინიციატივას განიხილავენ, ისინი თავიანთი მწირი შემოსავლების გამო დაფინანსებას, სავარაუდოდ, ისევ აჭარის ბიუჯეტიდან მოითხოვენ; არის მეორე ვარიანტი – აჭარის ბიუჯეტიდან შეიძლება სპეციალური პროგრამა დააფინანსონ.

აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი და პროგრამები უკვე შემუშავებულია; შენიშვნებისა და წინადადებების მთავრობისთვის წარდგენა კი ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოს მოუწევს. კომისიის ეს წინადადება შესაძლოა უმაღლესი საბჭოს ბიუროს ახალმა შემადგენლობამ არც კი გადაუგზავნოს აჭარის მთავრობას.

ორსაუკუნოვანი მეჩეთი მეტალოპლასტმასის ფანჯრებით

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მუსლიმი მოსახლეობა სამუფთოს დახმარებით არემონტებს. აქ არსებულ მეჩეთს ძეგლის სტატუსი სამინისტრომ 2006 წელს მიანიჭა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას არც სამუფთო ფლობს, არც ადგილობრივი გამგეობა და არც ის მოსახლეობა, რომელიც ჩამონგრევის პირას მყოფი სალოცავის გადარჩენას ცდილობს.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში ხის ორსართულიანი შენობა დგას. შენობა სიძველითა და არქიტექტურული სტილით განსხვავებულია სოფელში არსებული სხვა შენობებისგან და რთული არ არის იმის მიხვედრა, რომ შენობას განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონდა. ამ შენობაში წლების წინ მეჩეთი ფუნქციონირებდა.

ვინ და რომელ წელს ააშენა ეს მეჩეთი, ამის შესახებ ზუსტ ინფორმაციას სოფელში არ ფლობენ. მოსახლეობის თქმით, შენობის პირველ სართულს მედრესეს ფუნქცია ჰქონდა და იქ ადგილობრივებს არაბულ წერა-კითხვას სასულიერო პირები ასწავლიდნენ, მეორე სართულზე კი სამლოცველო იყო.

„როგორც გადმოცემით ვიცით, მეჩეთი ორი საუკუნის წინ აუშენებია გვარად ჯინჭარაძეს. ლოცვასთან ერთად აქ ბავშვებს ასწავლიდნენ, მას შემდეგ მუსლიმური სალოცავები და მედრესეები აკრძალეს და სასწავლო და სამლოცველო პროცესი შეწყდა. ჩვენი მოთხოვნაა სოფელში მეჩეთი იყოს და გვქონდეს სალოცავი,“ – გვიყვება ადგილობრივი ნატო მიქელაძე.

მეჩეთს ჭინკაძეებში საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2006 წლის 30 მარტს მიანიჭა.

შენობას ახლა არც ფანჯრები აქვს, არც მინარეთი, არც კრამიტის სახურავი და არც მეორე სართულთან დამაკავშირებელი ხის კიბე. შენობის გადახურვისას მინარეთი დაიშალა, კრამიტის ნაცვლად შენობა თუნუქით გადახურეს, ხის ფანჯრების ნაცვლად მეტალო-პლასტმასის ფანჯრები დააყენეს და მეორე სართულთან დამაკავშირებელი ხის კიბეების ნაცვლად ახლა ბეტონის კიბეებია. შებათქაშებულია მეჩეთის პირველ სართულზე ქვით ნაშენი კედლების ნაწილი და ბუხარი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მეჩეთი ზამთარს ვეღარ გაუძლებდა და ჩამონგრევის პირას მყოფ შენობას სამუფთოს ფინანსური დახმარებით ამაგრებენ. მუსლიმები ამბობენ, რომ რეაბილიტაციისთვის არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ გამგეობას, თუმცა ამაოდ, ამიტომაც გადაწყვიტეს შენობა თავად გაემაგრებინათ.

„არაერთხელ ვთხოვეთ ქედის გამგებელს შენობისთვის მოეხედათ, გაემაგრებინათ, რომ არ ჩამოშლილიყო ჩვენი სალოცავი, მაგრამ არავინ ყურადღება არ მოგვაქცია, ვითხოვდით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭებინათ, თუმცა არც ეს თხოვნა არ გაითვალისწინეს“ – ამბობს რესან მიქელაძე.

ის, რომ შენობას ძეგლის სტატუსი ჯერ კიდევ 2006 წელს მიანიჭეს, არც საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ იცის. ის ამბობს, რომ შენობის გარემონტება ადილობრივმა მოსახლეობამ ერთი წლის წინ სთხოვა და ამიტომაც საჭირო თანხა მოიძია.

„ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო მეჩეთი, იატაკი ვარდებოდა, შენობა რომ არ ჩამოშლილიყო და არ განადგურებულიყო, გადავხურეთ.

მე არ ვიცოდი შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი თუ ჰქონდა, შევხედავთ სიტუაციას, რა ხდება, კანონიერების ფარგლებში ვიმოქმედებთ, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რეაბილიტაცია მეჩეთს მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე უტარდება,“ – ამბობს ბეგლარ ქამაშიძე.

შენობას რომ რემონტი უტარდება, ამის შესახებ ინფორმაციას არც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ფლობს და არც ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

„აჭარაში არსებული საკულტო ნაგებობები არ არის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს კურაციაში, ეროვნული სააგენტოა მასზე ნებართვის გამცემიც და მაკონტროლებელიც. თუკი ჩვენ აღმოვაჩენთ უნებართვო სამუშაოებს, შეტყობინება უნდა გავუგზავნოთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რომ ის ჩაერიოს,“ – ამბობს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი. მისი თქმით, სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი ორი ადამიანისგან შედგება და ზამთრის პერიოდში რეგიონებში გასვლა ჭირს.

„ჩვენი მონიტორინგის ჯგუფი წავა, ოქმს მოამზადებს და ეროვნულ სააგენტოს გავუგზავნით, თუმცა სიტყვიერი ინფორმაცია მივაწოდეთ, რომ სამუშაოები მიმდინარეობს.

იმისთვის, რომ რეაბილიტაციის პროცესი სწორად წარიმართოს, პროექტი უნდა შევიდეს სააგენტოში, სააგენტომ უნდა გასცეს ნებართვა და შემდგომ დაიწყოს რეაბილიტაცია. ეროვნულ სააგენტოს ახლა ის ბერკეტი აქვს, რომ სამართლებრივად გააფრთხილოს, შეაჩეროს საქმიანობა და მოიყვანოს რეგულაციაში, პროექტი გაკეთდეს და იმის მიხედვით მოხდეს რეაბილიტაცია,“ – ამბობს მირანდა ჩარკვიანი.

აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი სულ 25 მეჩეთს აქვს მინიჭებული.

ზაურ ახვლედიანი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსად ინიშნება

ბათუმის საკრებულო 2 დეკემბერს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს ზაურ ახვლედიანის პირად განცხადებას – საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

რესპუბლიკელი ზაურ ახვლედიანი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსად ინიშნება. სატელეფონო ზარს თავად ზაურ ახვლედიანი არ პასუხობს, თუმცა ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ:  „დღეს-ხვალ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ჩვენ შევთავაზეთ მას ეს პოზიცია და თანხმობა მივიღეთ“.

ზაურ ახვლედიანმა ნოემბრის დასაწყისში დატოვა „რესპუბლიკური პარტიის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი. მაშინ მან არც ის გამორიცხა, რომ შესაძლოა „რესპუბლიკელებიც“ დატოვოს.

ზაურ ახვლედიანის ნაცვლად ბათუმის საკრებულოში ლალი ანდღულაძე შევა. ის თვითმმართველობის არჩევნების დროს, კოალიცია „ქართული ოცნების“ სიის „რესპუბლიკელების“კვოტით გათვალისწინებული მორიგი კანდიდატი იყო. ლალი ანდღულაძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორია. ამის შესახებ „ბათუმელებს“ თემურ ყურაშვილი ესაუბრა, ბათუმის საკრებულოს წევრი „რესპუბლიკური პარტიიდან“.

შეხვედრა ბათუმში აშშ-ის საელჩოს მცირე გრანტების კონკურსთან დაკავშირებით

აშშ-ის საელჩო აცხადებს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის კონკურსს 2017 წლისათვის. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს არასამთავრობო, საგანმანათლებლო და მედია ორგანიზაციებს. პროექტები მიიღება 2017 წლის 13 იანვრამდე.

6 დეკემბერს, სამშაბათს, აშშ-ის საელჩოს საგრანტო პროგრამების კოორდინატორები ნინო გაგუა და ანა ხარიბეგაშვილი გამართავენ საკონსულტაციო შეხვედრას ადგილობრივ ორგანიზაციებთან. დასაწყისი 10 საათზე.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას #21, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა, ამერიკული კუთხე.

ავარია ბათუმში

პირველ დეკემბერს ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრთან  მამაკაცს ავტომანქანა დაეჯახა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით, დაზარალებული გადაყვანილია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე.

ბათუმის საკრებულოს 12 სკამი

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად მისულ მოქალაქეს შენობის დაცვის თანამშრომელმა უთხრა, რომ სხდომათა დარბაზში მოსახვედრად შენობის მეორე შესასვლელიდან უნდა შევიდეს, საშვთა ბიუროს გავლით. ბიუროში კი მას განუმარტეს, რომ დარბაზში ადგილი არ იყო და ვერ შეუშვებდნენ. მოქალაქე ტელეფონით დაუკავშირდა სხდომაზე შესულ მეგობარს, რომელმაც თქვა, რომ სხდომათა დარბაზში რამდენიმე თავისუფალი ადგილია. კანონით საკრებულოს სხდომა საჯაროა და მასზე დასწრების უფლება ყველას აქვს.

შენობაში ბათუმში, სადაც საკრებულო და მერიაა განთავსებული, ხშირად არღვევენ წესს, რომლის მიხედვითაც მოქალაქე [ვისაც თავისივე არჩეული საკრებულოს თავმჯდომარის ან მერის ნახვა სურს] შენობაში უკანა ეზოდან, საშვთა ბიუროს გავლით უნდა შევიდეს. ეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საკრებულოსა და მერიას შენობაში შესასვლელი დიფერენცირებული აქვს თანამშრომლებისა და მოქალაქეებისთვის, ანუ ამომრჩევლისთვის. ამას „ბათუმელებთან“ საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიც არ უარყოფს.

“წინა შემოსასვლელიდან დავდივართ თანამშრომლები, საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები. არის მეორე შემოსასვლელი გორგილაძის ქუჩიდან, რომელიც ბევრმა მომსვლელმა არ იცის“, – ამბობს ლაშა სირაბიძე.

კოდექსი თვითმმართველობის შესახებ საკრებულოსა და მერიისთვის ადგენს წესებს, რომელთა შესრულებამაც თვითმმართველი ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა მეტი ჩართულობა, საკრებულოსა და მერიის გადაწყვეტილებების მეტი საჯაროობა და მუნიციპალური პროგრამების ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყოს. ასეთი წესები საკრებულოს რეგლამენტითაც არის განსაზღვრული, თუმცა საკრებულო ხშირად თავისსავე რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს არ ასრულებს.

ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, ნებისმიერ პირს უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე დაესწროს საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის ღია სხდომებს. სხდომის დარბაზში კი უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები მოქალაქეებისთვის. ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოქალაქეებისთვის ასეთი 24 ადგილია, აქედან 12 ადგილს [ პირველი რიგი] ძირითადად მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები და ჟურნალისტები იკავებენ. დაინტერესებული მოქალაქეებისა და არასამთავრობოებისთვის კი მხოლოდ 12 ადგილი რჩება თავისუფალი.

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მოქალაქეები იშვიათად აქტიურობენ. იშვიათად, მაგრამ საკრებულოს განუხილავს ისეთი საკითხებიც, როცა სხდომათა დარბაზში ადგილი ფეხზე დასადგომადაც არ იყო. ბოლოს ასეთი ხალხმრავლობა სხდომაზე არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ბიუჯეტში დაანონსებული ცვლილებებისას იყო. იმ დღეს საკრებულოში შესვლის პრობლემა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, გიორგი ხიმშიაშვილსაც შეექმნა. მას მოუწია ხმამაღლა აეხსნა დაცვის თანამშრომლებისთვის, რომ საჯარო სხდომაზე დასწრების უფლება ჰქონდა. ცენტრალურ შესასვლელში მისულ მოქალაქეს კი დაცვა ეკითხებოდა: „ვინ ხარ, ჟურნალისტი ხარ? – თუ არა მაშინ საშვთა ბიუროში გადადი.“

საშვთა ბიუროში მისულ საიას იურისტს, ალექსანდრე ჯინჭარაძეს კი განუმარტეს, რომ სხდომათა დარბაზში ადგილი არ იყო. მან „ბათუმელებთან“ ისიც გაიხსენა, რომ ვიდრე წარმოშობილი პრობლემის თაობაზე ხელმძღვანელს დაუკავშრდებოდა, ერთი ქალბატონი იმავე მიზეზით უკან გააბრუნეს.

საკრებულოს ღიაობაზე საუბრისას საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა სირაბიძემ ორი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება დააფიქსირა. ერთი მხრივ, ის დარწმუნებულია, რომ საკრებულოს ღიაობასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს:

„ჩემამდე ასეთი ინფორმაცია არ მოსულა. არ არსებობს მოქალაქე მოვიდეს და მან ჩემთან დაკავშირება ვერ შეძლოს. თუ შიდა ტელეფონზე ვერ დამიკავშირდება ბიურო, მობილურზე მაინც დამიკავშირდებიან~. მეორე შემთხვევაში კი ლაშა სირაბიძე ამბობს: „ბევრი ადამიანი პროტესტს გამოთქვამდა საკრებულოს სხდომაზე ვერ ვხვდებიო, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ შემოსვლის წესი, ყველა უნდა დავემორჩილოთ ამ წესს და კანონს. არის შიდა წესი, რომელიც არის კანონით გაწერილი“.

ლაშა სირაბიძე გულისხმობს წესს, როცა საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში მისული, მაგალითად, ჟურნალისტი ეუბნება დაცვას, ვისთან არის შეთახმებული, ურეკავს ამ შეთანხმებულ მოხელეს, შემდეგ კი დაცვას მასთან ალაპარაკებს. სხვა შემთხვევაში დაცვა ძირითადად ამტკიცებს, რომ ის, ვისაც შეხვედრაზე შეუთანხმდი, შენობაში საერთოდ არ არის. არის შემთხვევაც, როცა დაცვა ცდილობს პრესსამსახურთან გაარკვიოს მართლა საჯაროა თუ არა სხდომა, თუნდაც ჟურნალისტებისთვის. იგივე პრინციპი მოქმედებს საშვთა ბიუროშიც.

მეტი საჯაროობის მისაღწევად საკრებულო ვალდებულია სამ თვეში ერთხელ მაინც ჩაატაროს ღია კარის სხდომა და მოუსმინოს ბათუმის ტერიტორიაზე რაგისტრირებულ ამომრჩეველს. კანონმდებლობის მიხედვით, ამომრჩეველთა მოსმენა უნდა ჩატარდეს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. ეს ბრძანება 7 დღით ადრე უნდა გამოქვეყნდეს ბათუმის საკრებულოს ვებგვერდზე და საკრებულოს საინფორმაციო დაფაზე. ასეთი სხდომა ამ მოწვევის ბათუმის საკრებულომ მხოლოდ ერთხელ – 2015 წლის მარტში გამართა.

საკრებულოს რეგლამენტში არის ასევე ჩანაწერი „დასახლების საერთო კრება“, რეგლამენტის მიხედვით, კონკრეტული დასახლებისთვის უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური საკითხის განხილვის მიზნით შეიძლება ჩატარდეს დასახლების ამომრჩეველთა საერთო კრება. ბათუმის საკრებულოს კანცელარიაში ასეთი სხდომის ოქმი არ ინახება.

საკრებულოს უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი მიქელაძე ამბობს, რომ საკრებულოს წევრებს ამომრჩეველთან შესახვედრად შეხვედრების დღის წინასწარ დაანონსება და ოქმის შედგენა არ სჭირდებათ, რადგან მათგან უმეტესობა ამომრჩეველს ყოველდღე ხვდება. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს კი ამ საკითხზეც ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები აქვს.

ლაშა სირაბიძე ამბობს, რომ ღიაობის თვალსაზრისით საკრებულო „მოიკოჭლებდა“, რადგან ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი ჭეიშვილს პარტიაშიც ბევრი საქმე ჰქონდა და არ ეცალა [ირაკლი ჭეიშვილი „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელია]. მეორე მოსაზრებით „ირაკლი ჭეიშვილი „მშვენივრად უძღვებოდა საკრებულოს საქმეებს“, თუმცა მაინც აპირებს ლაშა სირაბიძე „ბევრი რამის გამოსწორებას“. ის ამომრჩევლის წინაშე ანგარიშით წარდგომას მალე გეგმავს.

კაზინოდან სასამართლოში – მოგებული ფულის მისაღებად

ლევენთ სადულა მუსა ბათუმში კაზინოში სათამაშოდ 11 აგვისტოს ჩამოვიდა. ამბობს, რომ ცნობილი მოთამაშეა და კაზინო „პეგასის“ წარმომადგენელი ბათუმიდან თავად დაუკავშირდა, თვითმფრინავის ბილეთები დაუჯავშნა და სასტუმროც. ლევენთი ერთადერთი არ არის, ვინც ბათუმში, კაზინოში მოგებული თანხა ვერ აიღო და ბათუმის საქალაქო სასამართლოში იჩივლა.

„მესამეჯერ ჩამოვედი ამ ზაფხულს საქართველოში. მანამდე დავდიოდი გუდაურში. ჩემი გატაცებაა სნოუბორდიც. ბათუმში პირველად ვიყავი,“ – გვიყვება ლევენთ სადულა მუსა. მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს – ბულგარეთისა და თურქეთის. მისი თქმით, ცნობილ მოთამაშეებს კაზინოები თავად იწვევენ. ეს დამოკიდებულია მონაცემებზე, რომელსაც კაზინოები მსოფლიო მასშტაბით ერთმანეთში ცვლიან და საიდანაც ჩანს – რა თანხით შედის მოთამაშე კაზინოში.

შემთხვევას კაზინო „პეგასში“ სასამართლო განიხილავს.

კაზინო "პეგასი"
კაზინო “პეგასი”

„იმავე დღეს, როცა ჩამოვედი, საღამოს 11 საათზე ჩავედი კაზინოში. 5 ათასი დოლარი ღირებულების ჟეტონი შევიძინე და დავიწყე პოკერის თამაში დილერთან…“ – ლევენთი სოციალური ქსელის საშუალებით მოგვიყვა, რაც გადახდა კაზინო „პეგასში“. საღამოს დაწყებული თამაში ლევენთს მეორე დღის საღამოს ცხრის ნახევრისთვის დაუსრულებია:

„ამ დროისთვის ჩემი მოგებული თანხა ჯამში შეადგენდა 18 800 ამერიკულ დოლარს. სალაროში ჩავაბარე 18 800 დოლარის ღირებულების სათამაშო ჟეტონები და გადმომცეს სალაროს სადეპოზიტო ქვითარი. შემეძლო ამეღო ამ ღირებულების მქონე სათამაშო ჟეტონები ან გამენაღდებია თანხა.“

რამდენიმე საათით შესვენების შემდეგ, დაახლოებით ღამის ორ საათზე, ლევენთი კაზინოში დაბრუნებულა – ახალი თამაშის წამოსაწყებად. მას თამაშზეც უარი უთხრეს და მოგებული თანხის მიღებაზეც: „მენეჯერმა მითხრა, რომ სხვა ქვეყნის კაზინოში მითამაშია თურმე არაკეთილსინდისიერად და ე.წ. შავ სიაში ვყოფილვარ. ეს სიები არსებობს, მაგრამ თუკი სიაში ვიყავი, ეს კაზინოში შესვლამდე უნდა ეთქვათ, ესეც კარგად ცნობილი წესია კაზინოს მოთამაშეებისთვის. ეს ავუხსენი მენეჯერს, ბატონ აზიზს. მითხრა, მართალი ხარ, მაგრამ ვერაფერს ვიზამო… ჩემი მონაცემები ჩემს ჩამოსვლამდეც ჰქონდათ, რადგან პასპორტის ასლი გამოვუგზავნე ჯავშნისთვის.

მენეჯერმა კაზინოში მოგებული თანხის მიღებაზეც უარი განმიცხადა – მხოლოდ 4300 დოლარი გადამიხადეს სალაროში. მითხრეს, რომ 800 დოლარი სასტუმროს მომსახურებაში და თვითმფრინავის ბილეთში დაიხარჯა და დილით სასტუმრო უნდა დამეტოვებინა. პრაქტიკულად, თავდაპირველად ჟეტონების შესაძენად დახარჯული 5 ათასი დამიბრუნეს, რომ თითქოს პრეტენზია აღარ მქონოდა. ნონსენსია ეს ყველაფერი, ასეთი არაფერი გამიგია. იმ ღამესვე ბათუმის პოლიციას მივმართე…“

ლევენთ სადულა მუსა ბათუმის პოლიციის #3 განყოფილებაში მისულა. ადვოკატი რუსლან ბერიძე, რომელიც ლევენთის ინტერესებს სასამართლოში იცავს, ამბობს, რომ პოლიცია გამოძიებას ვერ დაიწყებდა, რადგან საქმე ეხება სამოქალაქო დავას.

„სამართალდამცველებმა მყისიერად მოახდინეს რეაგირება და შეადგინეს გამოკითხვის ოქმი. სწორედ პოლიციის მასალების საფუძველზე მოვითხოვეთ სასამართლოსგან მტკიცებულების უზრუნველყოფა, ანუ კაზინოდან ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების წარმოდგენა,“ – გვიყვება რუსლან ბერიძე. მისი განმარტებით, საქმე არ წარმოადგეს განსაკუთრებული სირთულის დავას, რადგან კანონმდებლობით ნებისმიერი კაზინო ვალდებულია მაღალი ტექნიკური მონაცემების მქონე ვიდეოკამერებით აფიქსირებდეს თამაშის პროცესს. ეს სავალდებულო მოთხოვნაა ლიცენზიის მისაღებად.

ლევენთ სადულა მუსას საქმეს მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს, თუმცა ჯერ პროცესი არ ჩანიშნულა. მოსამართლემ 17 აგვისტოს გამოსცა განჩინება, რომლითაც დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერის შენახვისა და მისი მტკიცებულების სახით წარდგენაზე:

„სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ვიდეოკამერის ჩანაწერები წარმოადგენს მტკიცებულებას, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს ესა თუ ის ფაქტი, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სარჩელის ბედზე. კაზინოებში სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერები ინახება არანაკლებ 30 დღისა. 30 დღის შემდეგ კი მისი შენახვა დამოკიდებული იქნება მოპასუხის ნებაზე, რაც მტკიცებულების დაკარგვის, მისი განადგურების საფრთხის შემცველია. ამდენად მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნული მტკიცებულების უზრუნველსაყოფად მისი შენახვა-დაცვის თაობაზე საფუძვლიანია,“ – აღნიშნავს განჩინებაში მოსამართლე სალიხ შაინიძე.

კაზინო. თორნიკე თავაძის ფოტო
კაზინო. თორნიკე თავაძის ფოტო

განჩინება ჩაბარდა შპს „ალიანსი +“- ს. სწორედ ეს შპს ფლობს კაზინო „პეგასს“. კაზინო სასტუმრო „გალოგრეშია“ განთავსებული იჯარით აღებულ ფართობში. კაზინოს კარი „ბათუმელებს“ ღია დახვდა, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ მუშაობა დროებით შეჩერებულია და დირექცია ადგილზე არ იმყოფება. ჩვენი თხოვნის მიუხედავად, კაზინოს ადმინისტრაციიდან არავინ გამოგვეხმაურა. ჩვენ საკონტაქტო ინფორმაცია დაცვის წარმომადგენელს დავუტოვეთ და სასტუმრო „გალოგრეს~ მიმღებს. ასევე ვუთხარით, რის გამოც გვსურდა კაზინოს ხელმძღვანელ პირებთან გასაუბრება.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ალიანსი+“-ის 100 %-იანი წილი უკრაინის მოქალაქე, ანატოლ გაზარიანს ეკუთვნის. კაზინო მიმდინარე წლის პირველ აპრილსაა დარეგისტირებული. 7 აპრილს კაზინოს მოსაწყობად „ალიანსი+“-ს ფართობი სასტუმრო „გალოგრეში“იჯარით აუღია – 600 კვადრატული მეტრი 6 წლის ვადით.

შემთხვევები, როცა სასამართლოს არ მიმართეს ან დავა შეწყდა

ადვოკატი რუსლან ბერიძე ამბობს, რომ მარტო მას წელს უცხოეთის ოთხმა მოქალაქემ მიმართა. ოთხივეს ერთი პრობლემა ჰქონდა – სხვადასხვა კაზინომ მათ მოგებული თანხა არ მისცა. „ზოგიერთ შემთხვევაში მოგებული თანხის ოდენობა დაახლოებით 3 ათასს დოლარს შეადგენდა და ჩათვალეს, რომ ამის გამო აღარ ღირდა სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა. მათ არც კაზინოების დასახელება სურთ, რადგან როცა არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაძლოა, ისინი ე.წ. „შავ სიაში~ ჩასვან. როგორც წესი, კაზინოები ერთმანეთს უფრო ენდობიან, ვიდრე მომხმარებელს…“

მიმდინარე წლის ივნისში ბათუმის საქალაქო სასამართლოს კიდევ ერთმა მოქალაქემ მიმართა, ვისაც კაზინოში მოგებული ფული არ მისცეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქემ 8 ათასი დოლარი მოიგო კაზინო „ნარტში“, რომელიც ერას მოედანზე, სასტუმრო „პრეზიდენტ პლაზაშია“ განთავსებული. სასამართლომ აქაც მიმართვისთანავე დააკმაყოფილა მოთხოვნა ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების მტკიცებულების სახით წარმოდგენის შესახებ.

ამ განჩინების ჩაბარების შემდეგ, კაზინო „ნარტმა“ მოსარჩელეს სადავო თანხა გადაუხადა და სასამართლო დავა 29 ივლისს შეწყდა. რუსეთის მოქალაქეს ამ თემაზე საუბარი აღარ სურს, რადგან საქმე მორიგებით დასრულდა.

„პრეზიდენტ პლაზაში“ მდებარე კაზინოშიც მხოლოდ დაცვის სამსახურის წარმომადგენელი დაგვხდა, რომელმაც გვითხრა, რომ მესაკუთრეები იცვლებიან და განახლებული კაზინო ახალი წლისთვის გაიხსნება. დაცვის თანამშრომელი მესაკუთრეებთან დაკავშირებას დაგვპირდა, თუმცა გასული კვირის ბოლომდე შპს „ნარტის“ წარმომადგენლებთან გასაუბრება არ მოხერხდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ნარტის“ დირექტორი უკრაინის მოქალაქე ოლეკსანდრ ანტონოვი, ხოლო წილების მფლობელი ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული ორი კომპანიაა.

თითოეულ მოთამაშეს, ვინც მოგებული თანხა ვერ მიიღო, კაზინოს ადმინისტრაციამ განუმარტა, რომ მოთამაშეებმა ფული არაკეთილსინდისიერად მოიგეს.

„აზარტულ თამაშობებს წარმოადგენს თამაშობები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ დამოკიდებულია შემთხვევითობაზე. ისინი ტარდება ბანქოს, კამათლის [გარდა ნარდისა], სათამაშო ბორბლის [რულეტის], სათამაშო აპარატის, სამორინეს მაგიდის, კლუბის მაგიდის, ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით და მათში მონაწილეობა ფულადი მოგების შესაძლებლობას იძლევა,“ – ეს ამონარიდია კანონიდან „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ. ამ კანონზე ამახვილებს ყურადღებას იურისტი რუსლან ბერიძეც: „კაზინოში მოგება დამოკიდებულია ალბათობაზე ან ნაწილობრივ ალბათობაზე. როდესაც თამაშობ დილერთან, თავისთავად ზოგი ითვლის კარტს, მხარეები არც უარყოფდნენ ამას. კაზინოების ადმინისტრაციას სხვა არანაირი წერილობითი დასაბუთება არ ჰქონია. თუ რამე ტექნიკური საშუალება გამოიყენა მოთამაშემ, ეს გამოჩნდება ვიდეოჩანაწერებში“.

ვინ აკონტროლებს კაზინოების კეთილსინდისიერად მუშაობას

ბათუმში ამჟამად 12 კაზინო მუშაობს, 11-ის გახსნა ახლო მომავალში იგეგმება. არსებულ კაზინოებში წლის განმავლობაში სათამაშო მაგიდების რაოდენობა 138-დან 123-მდე შემცირდა. ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის ინფორმაციით, თითოეულ მაგიდაზე მოსაკრებელს – 18 ათასს ლარს კაზინოები კვარტალში ერთხელ იხდიან.

„ჩვენ არ გვაქვს კაზინოების კონტროლის მექანიზმი. საკრებულო ადგენს სათამაშო მაგიდისა და აპარატის მოსაკრებლის ოდენობას და შემოსავლების სამსახური ახორციელებს კონტროლს. კაზინოებმა ლიცენზიის მიღების დროს იციან, რომ უნდა გადაიხადონ ადგილობრივი მოსაკრებელი. სხვა შემხებლობა კაზინოებთან არ გვაქვს,“ – გვითხრა არჩილ ვანაძემ, მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსმა.

კაზინოების საქმიანობა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი ბრძანებით რეგულირდება. ლიცენზიის მისაღებად კაზინო ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებას, შემოსავლების სამსახურს მიმართავს. აკმაყოფილებს თუ არა კაზინო კანონის მოთხოვნებს ლიცენზიის გაცემის შემდეგ, ამას შემოსავლების სამსახური გეგმიური შემოწმებით ადგენს.

რა ინტენსივობით ხდება კაზინოების შემოწმება, რას ითვალისწინებს მონიტორინგი, რა დარღვევები გამოვლენილა აქამდე და მიუმართავს თუ არა მათთვის მოქალაქეს, რომელმაც მოგებული თანხა კაზინოსგან ვერ მიიღო – კითხვებით შემოსავლების სამსახურს მივმართეთ, თუმცა კვირის განმავლობაში პასუხები ვერ მივიღეთ.

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ჯემალ დუმბაძეს, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, რომელსაც დიდი ოდენობით სხვისი ქონების გაფლანგვა ედება ბრალად.

ჯემალ დუმბაძე 28 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. ბრალდებული წარდგენილ ბრალს აღიარებს.

გამოძიება ჯემალ დუმბაძეს კონკრეტულად ორი ტენდერის გამო ედავება.

ერთ შემთხვევაში, ინფექციურმა საავადმყოფომ 84 705 ლარი გადაიხადა, როცა ტენდერში მონაწილე სხვა პრეტენდენტი იმავე პროდუქტს საავადმყოფოს 67 877 ლარად სთავაზობდა.

მეორე შემთხვევაში კი, 28 128 ლარად შეიძინა ჯემალ დუმბაძის თავმჯდომარეობით სატენდერო კომისიამ სამედიცინო პროდუქტი, როცა იმავეს შეძენა 18 ათას ლარად იყო შესაძლებელი.

გამოძიების მტკიცებით, ჯემალ დუმბაძე ყიდულობდა ასევე ნივთებსაც, რომლებიც საავადმყოფოს არ სჭირდებოდა.

“გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, თქვენ გელოდებათ 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა,”-განუმარტა ბრალდებულს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. მან ასევე დააკონკრეტა, რომ “დიდი ოდენობა” 10 000 ლარზე მეტ დანახარჯს გულისხმობს.

DSCN3910

პროკურორმა დავით ჭარბაძემ პატიმრობის შეფარდების აუცილებლობა ძირითადად იმით დაასაბუთა, რომ ჯემალ დუმბაძის მძიმე კატეგორიის დანაშაულის განზრახ ჩადენაში ედება ბრალი, ხოლო გირაოს გამოყენების შემთხვევაში, მას შეეძლო მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურება, ასევე მოწმეებზე ზემოქმედება.

ჯემალ დუმბაძეს ადვოკატი ედიშერ მახარაძე იცავს. მან მოსამართლეს ბრალდებულის გათავისუფლება 20 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ სთხოვა. გარდა ამისა, დაცვის მხარემ სასამართლოს მიმართა, რომ ჯემალ დუმბაძე სასამართლოს ჩააბარებდა საკუთარ პასპორტსა და პირადობის მოწმობას.

„ეს გამორიცხავს ალბათობას, რომ ბრალდებულმა შესაძლოა დატოვოს ქვეყანა და მიიმალოს. ჯემალ დუმბაძე ამ დრომდე, თვეების განმავლობაში უპრობლემოდ თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მისთვის წინასწარი პატიმრობის გამოყენება აბსოლუტურად უსაფუძვლოდ მიმაჩნია. მით უმეტეს ამ ვითარებაში, როცა ბრალდებული აღიარებს დანაშაულს”, – მიმართა მოსამართლეს ედიშერ მახარაძემ.

მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ მოსამართლე სათათბირო ოთახში გავიდა. ხალხით სავსე სასამართლის ყველაზე დიდ დარბაზში დავით მამისეიშვილმა გადაწყვეტილება ნახევარი საათის შემდეგ გამოაცხადა. წინასწარი პატიმრობის გამოყენების მთავარ მიზეზად მან საავადმყოფოდან გათავისუფლებული იურისტის, რუსლან ბერიძის შემთხვევა დაასახელა: „თქვენ უკანონოდ გაათავისუფლეთ იურისტი, ვინც გეუბნებოდათ, რომ ამ გარიგებებში არ შესულიყავით. ეს იყო უკანონო გათავისუფლება, რადგან ეს დაადასტურა სასამართლომ“.

წინასასამართლო სხდომა ჯემალ დუმბაძის საქმეზე დეკემბრის ბოლოს გაიმართება.

„ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის“დირექტორი ჯემალ დუმბაძე მიმდინარე წლის 28 ნოემბერს დააკავეს.

DSCN3905
ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, ჯემალ დუმბაძეს წინასწარი პატიმრობა ბათუმის საქალაქო სასამართლომ 30 ნოემბერს შეუფარდა

 

ხელვაჩაურში სოციალურ სახლებში ეკომიგრანტებს ბინები გადასცეს

ხელვაჩაურში, სოფელ კაპრეშუმში, 50 ეკომიგრანტს “სოციალურ სახლში” ბინა გადასცეს. კაპრეშუმში ორი ხუთსართულიანი სახლის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. ხელვაჩაურის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახლებისთვის 2 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯა. ეკომიგრანტი ოჯახები სპეციალურმა კომისიამ შეარჩია.

ხელვაჩაურის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს კიდევ ერთი სოციალური სახლის მშენებლობა ურეხში, სადაც 23 ოჯახი იცხოვრებს.

კაპრეშუმში სახლების გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი დაესწრნენ.

უფასო კინოჩვენება და დისკუსია თემაზე „ახალგაზრდები და ქუჩა”

შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრ „თანადგომას“ ბათუმის ფილიალი ფილმის ჩვენებას აწყობს. ფილმის  – „KIDS“ ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია თემაზე „ახალგაზრდები და ქუჩა“. კინოს კინოთეატრ „აპოლოში“ ხვალ, პირველ დეკემბერს, 16:30 საათზე აჩვენებენ. დასწრება თავისუფალია.
სექსი და ნარკოტიკები, ბინძური გინება და მგრძნობიარე დაუცველობა, მოზარდების კომპლექსები და ამბიციები, ბავშვობის სილამაზე და ტრაგედია – ამ თემებზეა მხატვრული ფილმი „KIDS“-ი, რომელიც 1995 წელს გადაიღეს. ფილმში საუბარია თინეიჯერების ცხოვრებაზე, რომლებიც მანჰეტენის გარეუბანში დაეხეტებიან.
ფილმის ჩვენებასა და დისკუსიას „თანადგომა“ აწყობს, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით.
 

ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორად ჯუმბერ უნგიაძე აირჩიეს

შპს “აჭარის სამშობიარო სახლის” დირექტორად მეწილეებმა ჯუმბერ უნგიაძე აირჩიეს, სამედიცინო კლინიკა “მედინას” ყოფილი დირექტორი. ინფორმაცია ნუკრი ბეჟანიძემ დაგვიდასტურა, რომელიც 2014 წლის ნოემბრიდან “სამშობიარო სახლის“ დირექტორი იყო. ამჟამად იგი საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია ბათუმიდან.

“ვადასტურებ, ჯუმბერ უნგიაძე ავირჩიეთ აქციონერებმა. ჯუმბერი საუკეთესო სპეციალისტია და მენეჯერი. სულ ოთხი კანდიდატურა იყო წარმოდგენილი, მაგრამ ორმა ადრევე მოხსნა, როცა ჯუმბერ უნგიაძე დასახელდა… ვმონაწილეობდი ამ კრებაში, რადგან მეც აქციონერი ვარ,” – უთხრა ნუკრი ბეჟანიძემ “ბათუმელებს”.

ნუკრი ბეჟანიძე არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “ბათუმის სამშობიარო სახლი” შესაძლოა გაიყიდოს.

კითხვაზე, რატომ აირჩია დირექტორად საავადმყოფომ სპეციალისტი, რომელიც წლებია კონკურენტ კლინიკას წარმოადგენდა, ნუკრი ბეჟანიძე გვიპასუხა: “დირექტორმა მთავარია გააკეთოს სწორი მენეჯმენტი. გადაწყვეტილებებს ის მეწილეთა თანხმობის გარეშე ვერ მიიღებს”.

თავად ჯუმბერ უნგიაძესთან დაკავშირება “ბათუმელებმა” დღეს ვერ მოახერხა.

39643

უფასო ტესტირება აივ-ინფექციაზე ბათუმში

პირველი დეკემბერი შეძენილ იმუნოდეფიციტთან – აივ/შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს, მათ შორისაა აივ-ინფექციაზე ტესტირება: ხვალ, პირველ დეკემბერს, ევროპის მოედანზე მოქალაქეებს მობილურ ლაბორატორიაში სპეციალისტები უფასოდ მოემსახურებიან.

“ნებისმიერ მსურველს აუღებენ სისხლის ანალიზს და მოქალაქე რამდენიმე წუთში მიიღებს პასუხს… ჩვენი მობილური ლაბორატორია მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს,” – გვითხრეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პრესსამსახურში.

საქართველოში 2016 წლის 11 ნოემბრის მონაცემებით რეგისტრირებულია: აივ ინფიცირების 6065 შემთხვევა,  მათ შორის 4508 მამაკაცი და 1557 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29–დან 40 წლამდეა.

2016 წელს გამოვლინდა 663 ახალი შემთხვევა. შიდსი განუვითარდა 3399 პაციენტს, მათ შორის 1201 გარდაიცვალა.

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოველ წელს სხვადასხვა დევიზით ტარდება. წელს საქართველო საერთაშორისო კამპანიას უერთდება დევიზით – ,,ვემხრობი შიდსის დამარცხებას!“

პირველად შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე 1988 წელს აღნიშნეს. თარიღი მსოფლიო საზოგადოების აივ–ინფექციის გავრცელებისადმი ყურადღების მიქცევის მიზნით დადგინდა, რამაც გლობალური პანდემიის მასშტაბები მიიღო და მსოფლიოს ყველა რეგიონი მოიცვა.

1997 წლის ივნისში აივ/შიდსთან დაკავშირებული გაეროს გაერთიანებული პროგრამით (UNAIDS) და მისი ექვსი სპონსორის მიერ (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, იუნესკო, იუნისეფი, გაეროს განვითარების პროგრამა, ადამიანთა დასახლების გაეროს ფონდი და მსოფლიო ბანკი), რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორულ ორგანიზაციასთან ერთად, შიდსთან ბრძოლის ყოველწლიური საყოველთაო კამპანია დაიწყო.

ქობულეთის გამგეობამ ნახევარ მილიონამდე ლარი პრემიებში დახარჯა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 4 თვის განმავლობაში მხოლოდ პრემიისთვის 428 357 ლარი დაიხარჯა. პრემია ხელფასის 100 %-ის ოდენობით მარტში, აპრილში, ივნისსა და აგვისტოში გამგეობაში ყველამ მიიღო, გამგეობის 173-მა თანამშრომელმა. სიის სათავეში ქობულეთის გამგებელი, სულხან ევგენიძეა, რომლის პრემიამაც 4 თვეში 10 600 ლარი შეადგინა. მონაცემები დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რეზო ხარაზმა ბრიფინგზე გაასაჯაროვა.

“როცა გვესმის მთავრობისგან, რომ მცირდება ადმინისტრაციული ხარჯი, ამ დროს ქობულეთის გამგეობამ მარტო პრემიებში ნახევარი მილიონი აიღო. ეს არის თითოეული მოქალაქის, მეციტრუსეების ჯიბეებიდან ამოღებული ფული… მოვითხოვთ, ამ საკითხით დაინტერესდეს ზურაბ პატარაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე,” – ამბობს რეზო ხარაზი. მან ყურადღება გაამახვილა ქობულეთის გამგეობის იმ თანამშრომლებზეც, რომლებიც “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შტაბში იყვნენ ჩართულები, იყვნენ შვებულებაში და აგვისტოში მაინც მიიღეს პრემია.

ქობულეთის გამგებელი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარტიული აქტივობების პერიოდში მიიღეს გამგეობის თანამშრომლებმა პრემია. სულხან ევგენიძის თქმით, მაგალითად, გელა გოგიტიძე, რომელიც “ქართული ოცნების” შტაბს ხელმძღვანელობდა ქობულეთში, 12 სექტემბრიდან გავიდა შვებულებაში. გელა გოგიტიძემ პრემიის სახით 4 თვეში 4000 ლარი აიღო. ის გამგეობის აპარატის უფროსია.

ქობულეთის გამგებელი ამბობს, რომ პრემიების გაცემით დაბალი ხელფასის კომპენსირება ხდება. “მუნიციპალიტეტში არის ძალიან დაბალი ხელფასი და თანამშრომლები გადადიან კერძო სექტორში. ვეხვეწები ხალხს, დარჩით-მეთქი, თქვენ არ იცით, რა რთული სიტუაციაა. როგორ შეიძლება, მაგალითად, შესყიდვების სამსახურის თანამშრომელს ჰქონდეს ხელფასი 500 ლარი, როცა მას 22 მილიონი აბარია?… ეს პრემიები იყო კვარტალური და აგვისტოში მარიამობის გამო გავეცით. ერთხელ და სამუდამოდ მინდა, რომ პრემია გაიცემოდეს მხოლოდ საახალწლოდ და დანარჩენით გავზარდოთ ხელფასი. არც მე მინდა, ამ ფორმით გაიცემოდეს პრემია,” – უთხრა სულხან ევგენიძემ “ბათუმელებს”.

პატიმარი ბათუმის ციხიდან: საჩივრებს მიბლოკავენ

პატიმარი ვაჟა ა. ბათუმის მე-3 დაწესებულებიდან არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს დახმარებას სთხოვს. მისი თქმით, ციხიდან გამოგზავნილი საჩივრები ადრესატამდე არ მიდის.

“გამოგზავნილ ღია თუ დახურულ საჩივრების რეგისტრაციის კოდებს არ მაძლევენ. სოციალური მუშაკები ყოველდღე სხვადასხვა აბსურდულ მოტივებს იმიზეზებენ, თუ რატომ არ მოაქვთ რეგისტრაციის კოდები…” – წერს პატიმარი.

რა სისტემით იგზავნება ციხეებიდან საჩივრები და როგორ უნდა დარწმუნდეს პატიმარი, რომ მისი საჩივარი ადრესატამდე მივიდა? – სასჯელაღსრულებისa და პრობაციის სამინისტროში წერილობით გვიპასუხეს, რომ საჩივრების ყუთში განთავსებულ თითოეულ კონვერტს ენიჭება უნიკალური კოდი: “საჩივრის გადაგზავნიდან არაუგვიანეს მეორე დღის, საჩივრების ყუთთან გამოიკვრება გადაგზავნილი საჩივრის რეგისტრაციის ნომერი და შესაბამისი კონვერტის კოდი… ბრალდებულს/მსჯავრდებულს ასევე აქვს კონფიდენციალური საჩივრის უფლება, რომელიც მოთავსებულია დალუქულ კონვერტში და რომელზედაც მითითებულია ადრესატი”.

კონკრეტული პატიმრის წერილთან დაკავშირებით სამინისტრომ გვიპასუხა, რომ ამის შესახებ ვერ მოგვაწვდიდა ინფორმაციას: „აღნიშნული წარმოადგენს  პირის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს, რომლის გაცემაც მისი წერილობითი თანხმობის გარეშე კანონით აკრძალულია.”

პატიმრები ციხეებიდან წერილებს საკუთარი ხარჯით აგზავნიან. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განმარტებით, ციხის ადმინისტრაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს უფლება მსჯავრდებულს აუკრძალოს პირადი ხასიათის კორესპონდენციის გაგზავნა, თუ იგი დაარღვევს დაწესებულებაში დადგენილ რეჟიმს. აკრძალვა არ ეხება წერილს, რომლის ადრესატიც არის: საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სასამართლო, საქართველოს პარლამენტის წევრი, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშრისო ორგანიზაცია [რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე], საქართველოს სამინისტრო, საქართველოს სახალხო დამცველი, პროკურორი.

მსჯავრდებულ ვაჟა ა.-ს წერილი მიიღო სახალხო დამცველის აპარატმაც. აქ გვითხრეს, რომ საკითხის შესწავლა უკვე დაიწყეს.

პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე წარადგინა

დღეს, 29 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს უმასპინძლა. მათთან გამართული კონსულტაციების შემდეგ კი პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარუდგინა. მთავრობის თანხმობის შემდეგ პრეზიდენტი კანდიდატურას უმაღლეს საბჭოს წარუდგენს.

„საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის შესაბამისად, ჩვენ გავმართეთ კონსულტაციები უმაღლეს საბჭოში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებთან და ამ კონსულტაციების საფუძველზე წარვადგენთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას. კანდიდატურა შევარჩიეთ ამ კონსულტაციების საფუძველზე და იგი გადაეგზავნება მთავრობას შესათანხმებლად. ხოლო იმის შემდეგ, რაც მთავრობასთან ეს გადაწყვეტილება იქნება შეთანხმებული, ჩვენ გადავაგზავნით მას დასამტკიცებლად უკვე ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოში. წარმოგიდგენთ ზურაბ პატარაძის კანდიდატურას. ზურაბ პატარაძეს ვუცხადებ ნდობას და ვუსურვებ წარმატებას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე.

უმაღლესი საბჭოს აპარატის 26 თანამშრომელი თანამდებობიდან გათავისუფლდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელები: თანაშემწეები, აჭარატის უფროსი და კომისიების აპარატების უფროსები ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ.

„დიახ ასეა, ჩვენ ავტომატურად აღარ ვართ უკვე საჯარო მოხელეები. 2014 წელს კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხდვითაც აპარატის თანამშრომლები უფლებამოსილების ვადით ვართ დანიშნულები. საუბარია 26 თანამშრომელზე. ახალი მოწვევს დეპუტატებს აქვთ მორალური უფლება უბრალოდ დაბრუნონ ისინი, თუ მათ ეს ხალხი სჭირდებათ, “- განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში გიორგი გორაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწემ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ვარაუდობს, რომ მათგან უმეტესობა თანამდებობას შეინარჩუნებს: „ ჩვენ ვიცით როგორ მუშაობდა უმაღლესი საბჭო. ვინც ეფექტურად მუშაობდა დარჩება, შემიძლია ვთქვა რომ დასაბუთების გარეშე არავის არ გავუშვებთ, რაც შეეხება კომისიების აპარატების უფროსებს, მათი დანიშვნა კომისიების თავმჯდომარეების პრეროგატივაა და არ ჩავერევი.“.
ამ დროისთვის კანონმდებლობის შესაბამისად გათავისუფლებული თანამშრომლები მოვალეობის შესრულებას აგრძელებენ.

მოხალისეები მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად

როგორ გეგმავს არასამთავრობო ორგანიზაცია შინ მოვლის პროგრამის ქედაში განხორციელებას

არასამთავრობო ორგანიზაცია „დახმარების ეროვნული ფონდი“ ქედის მუნიციპალიტეტში შინ მოვლის პროგრამის განხორციელებას იწყებს. რა კრიტერიუმებით შეარჩევს არასამთავრობო ბენეფიციარებს და რა მომსახურებას შესთავაზებს მათ? – „ბათუმელები“ ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს, ნინო ავალიანს ესაუბრა.

ნინო, ვინ იქნებიან პროგრამის ბენეფიციარები ქედაში და რა კრიტერიუმით შეარჩევთ მათ?

„შინ მოვლის“ პროგრამაზე 2011 წლიდან ვმუშაობთ, თუმცა აჭარის მთაში მუშაობის გამოცდილება არ გვაქვს, ქედის მუნიციპალიტეტი საპილოტეა და აქ პროგრამას იმ ფორმით განვახორციელებთ, როგორც დღემდე ვახორციელებდით. ჩვენი მიდგომა მოხალისეობრივ პრინციპებზეა დაფუძნებული. ბენეფიციარები ხანდაზმულები არიან, მათზე კი მათი თანატოლები მუშაობენ. თავდაპირველად პროგრამა მარტოხელა ხანდაზმულებზე იყო გათვლილი, მაგრამ მხოლოდ ისინი რომ ჩაგვერთო პროგრამაში, ძალიან გამოყოფილი ჯგუფი იქნებოდა, ამავდროულად ბევრი შემთხვევა გვქონდა, როდესაც მრავალშვილიან ოჯახში მცხოვრები ადამიანი უფრო გარიყულ და სტრესულ მდგომარეობაში გრძნობდა თავს, ვიდრე ის, ვინც მარტო ცხოვრობდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ ამ კუთხით არ შეგვეზღუდა ბენეფიციარები და ჯგუფი შერეული ყოფილიყო.

ამ ეტაპზე ჩვენ ბავშვებთან არ ვმუშაობ, ვმუშაობთ ხანდაზმულებზე, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი არ არის ხანდაზმული, 59 წლისაა და შინმოვლა ესაჭიროება, გამონაკლისს დავუშვებთ და პროგრამაში ჩავრთავთ. ჩვენი ბენეფიციარი შეიძლება იყოს როგორც მარტოხელა, სოციალურად დაუცველი ხანდაზმული, ასევე ის, ვისაც შვილები ჰყავს, მაგრამ მასთან არ ცხოვრობენ. ამ ეტაპზე შინ მოვლის პროგრამას ქედის მუნიციპალიტეტთან ერთად ქუთაისსა და ხელვაჩაურში ვახორციელებთ. ქუთაისში 50, ხელვაჩაურში 17 ბენეფიციარი გვყავს, ქედაში კი ცხრა ბენეფიციარი გვეყოლება, ამ ეტაპზე ბენეფიციარებისა და მოხალისეების შერჩევაზე ვმუშაობთ.

რა მომსახურებას შესთავაზებთ პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს ქედაში?

ნინო ავალიანი
ნინო ავალიანი

ბენეფიციარებს პირადი საჭიროებიდან გამომდინარე გავუწევთ დახმარებას. გადაადგილების საშუალებებს: ხელჯოხს, ყავარჯენს ან ეტლს გადავცემთ. რაც შეეხება მოხალისეებს, მოხალისეებად გვინდა ბენეფიციარების მეზობლად მცხოვრები ადამიანები ავიყვანოთ, მაგრამ თუ ჩვენი ბენეფიციარის მოვლის სურვილს მეზობელ სოფელში მცხოვრები მოქალაქე გამოთქვამს, ჩვენ მას მგზავრობის თანხას ავუნაზღაურებთ. მოხალისეებს ვასწავლით ინდივიდუალური მიდგომის ხერხებს, როგორ უნდა მოუარონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს, გაეწევათ ფსიქოლოგიური თერაპია და მათი წახალისებაც მოხდება. ისინი ჩვენს ბენეფიციარებს საყოფაცხოვრებო საქმიანობაში დაეხმარებიან. მოვლასთან ერთად ჩვენს ბენეფიციარებს მივაწოდებთ ინფორმაციას, თუ რა უფლებები აქვთ მათ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქუთაისში „შინ მოვლას“ პროგრამულად ემატება ხელოსანთა ჯგუფის მომსახურება. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს ბენეფიციარს გაუფუჭდება ონკანი, მილი ან ნათურა ექნება გამოსაცვლელი, ხელოსანი მას ამ ტიპის მომსახურებას გაუწევს, მსგავსი მომსახურება ექნებათ ჩვენს ბენეფიციარებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც. რაც შეეხება ქედას, აქ პროგრამას „განგაშის სამაჯურების“ სისტემა დაემატება. შევიძენთ „განგაშის სამაჯურებს“, ერთი გაუკეთდება ბენეფიციარს ხელზე, მეორე კი – მოხალისეს და იქნება 112-ის სამსახურშიც, იმ შემთხვევაში თუ ჩვენი ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდება, შეტყობინება მოხალისეს მიუვა და ასევე, საინფორმაციო სიგნალი 112 -ის სამსახურშიც შევა.

რამდენიმე ტიპის „განგაშის სამაჯური“ არსებობს. არის ისეთი, რომელიც წნევის აწევის შემთხვევაში პულსაციას პირდაპირ უჩვენებს და შეტყობინება ავტომატურად იგზავნება, როგორც სასწრაფოში, ასევე მოხალისესთან; არის ღილაკებიანი სამაჯური, საიდანაც სასიგნალო შეტყობინების გასაგზავნად ღილაკზე თითის დაჭერაა საჭირო. ჩვენს შემთხვევაში ვფიქრობთ უკეთესი იქნება ღილაკებიანი სამაჯურები, თუმცა ამასთან დაკავშირებით 112-ის სამსახურთან გავივლით კონსულტაციას.

თქვენ ახსენეთ, რომ განგაშის სამაჯურებს მხოლოდ ქედაში მცხოვრებ ბენეფიციარებს გაუკეთებთ. რატომ?

იქიდან გამომდინარე, რომ აჭარის მთიანი სოფლები კომპაქტურად დასახლებული არ არის, შესაძლოა მოხალისე ახლოს არ ცხოვრობდეს და ხშირად ვერ მოახერხოს ბენეფიციართან მისვლა. იმ შემთხვევაში, თუ ცუდად გახდება ბენეფიციარი, ამის შესახებ შეტყობინება 112-შიც შევა და მოხალისესთანაც, პროგრამაში განგაშის სამაჯურები ექიმის დროულად სამედიცინო ჩარევისა და სიცოცხლის ხელყოფის რისკის შესამცირებლად შევიტანეთ.

ორგანიზაციას ამ კუთხით მუშაობის გამოცდილება აქვს? გამოგიყენებიათ ბენეფიციარებთან განგაშის სამაჯურებიდღემდე?

არა, საპილოტეა, საცდელია და ქედაში განვახორციელებთ. სამომავლოდ სხვა გეგმებიც გვაქვს, გვინდა სარეაბილიტაციო პანსიონი გავაკეთოთ და შესაძლებლობის ფარგლებში მოხუცებს უფრო მეტად შევუწყოთ ხელი და მეტი შვება მივცეთ, ეს არ არის ფუფუნების საგანი, ეს აუცილებელია ღირსეული ადამიანური ცხოვრებისთვის და ამ კომპონენტსაც რომ განვავითარებთ აჭარის მაღალ მთაში, მერე უფრო ჩამოყალიბებულად შევძლებთ რეკომენდაცია მივცეთ ჯანდაცვის სამინისტროს ამ კუთხით.

გაქვთ თუ არა ზუსტი ინფორმაცია რამდენ ადამიანს სჭირდება შინმოვლა ქედაში?

იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ მთიანეთში არ ვმუშაობდით, ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, ამ საკითხებზე ახლა ვმუშაობთ.

რამდენ ხანს გაგრძელდება პროგრამა?

პროგრამა ერთწლიანია და ეტაპობრივად განხორციელდება. უშუალოდ შინ მოვლა ქედაში ექვსი თვე განხორციელდება. სულ ექვსი მოხალისე გვეყოლება, ხუთი ბენეფიციარს მოუვლის, თითო – ორს, ხოლო ერთი მოხალისე, მოხალისეების მუშაობას კოორდინირებას გაუწევს და ინფორმაციას ყოველდღიურად მოგვაწოდებს, ის გამგეობის თანამშრომელია.

ადგილობრივი გამგეობის როლი როგორი იქნება?

მემორანდუმი გავაფორმეთ გამგეობასთან, დახმარების მზაობა გამოთქვეს. რადგანაც ჩვენ მოხალისეებზე ვართ დამოკიდებული, დიდი მნიშვნელობა აქვს მუნიციპალიტეტის დახმარებას კომუნიკაციაში, მათი როლი ამ ეტაპზე ეს არის. გამგეობის თანამშრომელი ჩვენი მოხალისეა, რომელიც ბენეფიციარების მომვლელ მოხალისეებს კოორდინირებას გაუწევს ყოველდღე და ინფორმაციას მოგვაწვდის.

რამდენად შესაძლებელია შესაბამისი მოხალისეების გამონახვა? რა მოტივი და ინტერესი უნდა ჰქონდეს მოხალისეს, რომ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე იზრუნოს სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანზე?

ეს არის კარგი საქმე. ჩვენ გვყავს 50 ბენეფიციარი ქუთაისში, რომელსაც ჩვენი 10 მოხალისე უვლის ისე, რომ ყველაფერს უკეთებს. ამისთვის საჭიროა მათი ფსიქოლოგიური მომზადება, თერაპია, წახალისება, რასაც გავუწევთ მოხალისეებს.  ჩვენ ვარჩევთ ისეთ მოხალისეებს, რომლებიც ბენეფიციარებთან ახლოს ცხოვრობენ და დღეში ერთხელ ან ორჯერ მიდიან მათთან. მომვლელის ასაკი არ არის განსაზღვრული.

რას ითხოვს მოსახლეობა პეტიციით

აჭარის მთაში მცხოვრები მოსახლეობა პრობლემების მოგვარებას პეტიციით ითხოვს. მოქალაქეებმა პეტიციები დაწერეს სამივე მუნიციპალიტეტში, მათი მოთხოვნები თითქმის იდენტურია: მოსახლეობა, ძირითადად, სასოფლო გზების მოწესრიგებას, დაბებსა და სოფლებში აბრებისა და ნიშნულების  განთავსებას, საბავშვო ბაღების ეზოებისა და სოფლის ხიდების მოწყობას ითხოვს.

პეტიცია, რომელსაც ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამომრჩევლის 1% აწერს ხელს, საინიციატივო ჯგუფის სამმა წარმომადგენელმა – ჰამლეტ გობაძემ, თეონა კოჩალიძემ და ზაურ მგელაძემ ხულოს საკრებულოში 12 აგვისტოს შეიტანა. შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციასთან ერთად ხულოს მოსახლეობა ითხოვს სოფლებსა და დაბაში მისამართების განმსაზღვრელი აბრებისა და ნიშნულების დაყენებას, გოდერძის უღელტეხილზე, მწვანე ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას. ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად, პეტიციით ასევე ითხოვენ სახალხო დღესასწაულის [„ხულოელობა“] დაწესებას და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალური პროგრამის ამოქმედებას.

„პროგრამები, რასაც ნაწილობრივ სახელმწიფო ან დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ, მუნიციპალური პროგრამით შეივსოს“, – წერია ხულოს საკრებულოში წარდგენილ პეტიციაში.

პეტიციის წარმდგენი და ხელმომწერი, სოფელ გელაძეების მკვიდრი ზაურ გელაძე ამბობს, რომ თვითმმართველობა მოსახლეობას მოთხოვნის შესრულებას სამომავლოდ ჰპირდება. ის დასძენს, რომ თუ ადგილობრივი თვითმმართველობა მათ მოთხოვნას არ შეასრულებს, პეტიციას ისევ შეიტანენ.

„ჩვენი, მოსახლეობის პირველი მოთხოვნა შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებაა, ხულოს ყველა სოფელში მსუბუქ ავტომობილს გადაადგილება უჭირს. გადაადგილება განსაკუთრებით რთულია ზამთარში, როდესაც სასოფლო გზა ტალახდება“, – ამბობს ზაური.

ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ცეცხლაძე ამბობს, რომ პეტიციით მოთხოვნილი საკითხები 2017 წელს ვერ განხორციელდება, რადგან მომავალი წლის ბიუჯეტი – გეგმა-პროექტი უკვე დამუშავებულია.

„მწვანე ტბასთან მისასვლელი გზა რომ მოასფალტდეს, მინიმუმ 7 მილიონი ლარი დასჭირდება, მაშინ როცა ხულოს მთლიანი ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია. ვერც დასაქმების მიზნობრივი პროგრამა დაფინანსდება, რადგან მსგავს პროგრამებს სახელმწიფო „დანერგე მომავლისა“ და „აწარმოე საქართველოსთვის“ პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. პეტიციების შესახებ 24 ნოემბერს სხდომაზე ვიმსჯელებთ და საბოლოოდ მაშინ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – ამბობს ოთარ ცეცხლაძე.

ხულოს მუნიციპალიტეტის მსგავსად პრობლემების პეტიციის გზით მოგვარებას ითხოვენ ქედაშიც. პრობლემების ჩამონათვალი აჭარის მთის ამ მუნიციპალიტეტშიც თითქმის ხულოს იდენტურია. ქედის საკრებულოში სულ ოთხი პეტიციაა შესული, აქაც დაბებში, სოფლებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მოქალაქეები აბრებისა და ნიშნულების მოწყობას ითხოვენ, ასევე საბავშვო ბაღების ეზოების კეთილმოწყობასა და შესაბამის ინფრასტრუქტურას.

„ბავშვების უსაფრთხოების მიზნით მიწის საფარზე არ არის განთავსებული კაუჩუკის ფილები და არ არის საბავშვო გასართობი კონსტრუქციები“, – წერია ქედის საკრებულოში წარდგენილ პეტიციაში. ოთხი პეტიცია, რომელსაც 300-მდე მოქალაქე აწერს ხელს, ქედის საკრებულოში ვლადიმერ თებიძემ, დავით ფალავანდიშვილმა და რაულ ცინცაძემ 26 აგვისტოს შეიტანეს.

აბრებისა და საბავშვო ბაღების ეზოების კეთილმოწყობასთან ერთად მოსახლეობა დაბა ქედაში ავტომობილების პარკირებისთვის ადგილის გამოყოფასა და საავტომობილო გზების რთულ მონაკვეთებში სიჩქარის შემზღუდავ ხელოვნური ბარიერების, საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების სარკეების დაყენებას ითხოვს.

ქედის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი და ხელმომწერი ვლადიმერ თებიძე ამბობს, რომ გამგეობა მათი მოთხოვნების შესრულებას 2017 წლისთვის აპირებს.

ქედის საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან ცინცაძის თქმით, ქედის საკრებულომ პეტიციები განიხილა, რეაგირებისთვის გამგეობას გადაუგზავნა და ახლა პასუხს ელოდებიან.

„გამგეობას ორი თვის ვადა მივეცით, მალე გავიგებთ რა მოხდა, ჯერ პასუხი არ მიგვიღია, არჩევნები იყო და მაგისთვის ვინმეს არ ეცალა“, – ამბობს ამირან ცინცაძე.

არის თუ არა შესაძლებელი 2017 წელს პეტიციის მოთხოვნების გათვალისწინება და მასში დასმული პრობლემების მოგვარება? – ამ კითხვას ქედაში საკრებულოს თავმჯდომარემ ასე უპასუხა: „მაქ მოუგვარებელი არაფერია,  თვითმმართველობა ხალხისთვისაა და გაითვალისწინებს აბა, რას იზამს“.

ამირან ცინცაძის თქმით, პეტიციებში დასახელებული პრობლემების მოგვარებას ქედაში დაახლოებით 500 000 ლარი დასჭირდება.

ქედის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, სოფო ხაბაზი კი ამბობს, რომ გამგეობამ პეტიციები შესაბამის სამსახურებთან ერთად უკვე განიხილა:

„ჩვენ 4 ოქტომბერს ვაცნობეთ საკრებულოს, რომ პეტიციები განხილულია და საჭირო ღონისძიებების გატარებისთვის საკითხი უნდა განიხილოს 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების დროს, ხარჯების გამოყოფისთვის. პეტიციის წარმდგენ მოქალაქეებს მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვაზე მოვიწვევთ, რათა საჯაროდ დააფიქსირონ თავიანთი აზრი და მონაწილეობა მიიღონ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში“.

შუახევის საკრებულოში პეტიციები ოფიციალურად ჯერ არ შესულა, თუმცა საქმისწარმოება ამ საკითხზე დაწყებულია. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმის წარმოებისა და საორგანიზაციო სამსახურის განყოფილების უფროსი, ზაურ მოსიძე ამბობს, რომ საინიციატივო ჯგუფმა პეტიციის შეტანის თაობაზე განცხადებით საკრებულოს რამდენიმე დღის წინ მიმართა.

„ხელმოწერები ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ, თუმცა, პეტიციებთან დაკავშირებით საქმის წარმოება დაწყებულია“, – ამბობს ზაურ მოსიძე.

მოქალაქეები შუახევის თვითმმართველობაში ოთხი პეტიციის წარდგენას გეგმავენ. მოსახლეობას აქაც იგივე პრობლემები აქვს: სოფლებსა და დაბებში აბრებისა და ნიშნულების არარსებობა, საავტომობილო გზების ცუდი მდგომარეობა, სოფელ წაბლანაში წისქვილის ხიდის რეაბილიტაცია, წაბლანიდან ღომას მთამდე მონაკვეთისთვის საავტომობილო გზის სტატუსის მინიჭება, სანიაღვრე არხების მოწყობა სოფლებში.

ზაურ მოსიძის თქმით, პეტიციაში შეტანილი საკითხები საკრებულოს კომპეტენციას სცილდება და უფრო გამგეობის პრეროგატივაა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე  სოფლებში აბრების განთავსების მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია.

პეტიციები მუნიციპალიტეტებში ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში მომზადდა.

რატომ უნდა მიმართოთ ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტლის ტრავმატოლოგ-ორთოპედს

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი უკვე სამი წელია მუშაობს და ამ ხნის მანძილზე რეგიონში და მთელს ქვეყანაში მისი რეპუტაცია სულ უფრო იზრდება. ამას, პირველ რიგში, პაციენტების მზარდი სტატისტიკა, მათი ნდობა და რეფერალური ჰოსპიტლის პროფესიონალთა გუნდი განსაზღვრავს. ჰოსპიტალში ჩატარებული ოპერაციების დიდი წილი ორთოპედია-ტრავმატოლოგიაზე მოდის. ამ მიმართულებას ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში მამუკა შარაშიძე ხელმძღვანელობს.

„ჩვენს განყოფილებაში წელიწადში ხუთასამდე ოპერაცია კეთდება. ტრავმატოლოგია-ორთოპედია არის დარგი, რომელიც აერთიანებს ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებებსა და ტრავმებს. იქედან გამომდინარე, რომ ტრავმები ხშირია, ჩვენი ჰოსპიტალი ლიდერია ამ მიმართულებით რეგიონში და ამას სტატისტიკაც მეტყველებს  – ამბობს მამუკა შარაშიძე, რომელიც ყოველდღე ატარებს ქირურგიულ ოპერაციებს ტრავმატოლოგია-ორთოპედიის მიმართულებით.

ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში კეთდება მენჯ-ბარძაყისა და მუხლის პროთეზირება, ქირურგიული ოპერაცია ტერფის დეფორმაციის დროს და ყველა ის ქირურგიული ჩარევა და პროცედურა, რაც ამ მიმართულების პაციენტებს ესაჭიროებათ.

მამუკა შარაშიძე
მამუკა შარაშიძე

„ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ორთოპედიაში ართროპროთეზირება, სახსრების შეცვლა, რის შედეგადაც ადამიანი ოპერაციისა და რეაბილიტაციის შემდგომ პრაქტიკულად ჯანმრთელთან მიახლოებული ხდება. ე.წ. მენისკებზე, რაც გავრცელებული პრობლემაა მოსახლეობაში, ოპერაცია ჩვენთან კეთდება არა ღია წესით, არამედ ართროსკოპიულად, მინიინვაზიური ჩარევით, რომელიც ნაკლებტრავმული ოპერაციაა – პატარა განაკვეთის მეშვეობით შესვლა ხდება მსხვილ სახსრებში ართორკოპის მეშვეობით. ეს ერთ-ერთი წარმატებული მეთოდია მსოფლიოში და ბათუმში ჩვენ ვიყავით პირველები,ვინც ამ მეთოდით დაიწყო ოპერაციების გაკეთება. გავიარეთ გადამზადება და ჩვენთან მსგავსი ოპერაციები კეთდება დიდი წარმატებით. არ რჩება ჭრილობა, ნაწიბური და რეაბილიტაციის პროცესიც ხანმოკლეა,“ –  ამბობს მამუკა შარაშიძე.

ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ტრავმატოლოგია – ორთოპედიის მიმართულების წარმატებისა და პაციენტების მკურნალობის მაღალი შედეგების მიზეზი ის მაღალი ხარისხის მასალებიცაა, რაც ოპერაციული ჩარევების დროს გამოიყენება.

„მაგალითად, მოტეხილობების დროს, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს კლინიკაში კეთდება ინდრამედულარული ოსტეოსინთეზი. ეს არის გაუმჯობესებული მეთოდი მოტეხილობის სამკურნალოდ. მარტივად რომ ავხსნათ, ძვალში იდგმება ტიტანის ღერო, რომელიც ძვლის თავში და ბოლოში ორ-ორი ჭანჭიკით ფიქსირდება. მსგავსი ოპერაცია კეთდება ჩვენთან თითქმის ყოველდღიურად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ოპერაცია. მინდა გითხრათ, რომ ამ ოპერაციისთვის საჭირო მასალა ჩვენს ქსელში არის სერტიფიცირებული, მაღალხარისხიანი და შესაბამისად, ნაკლები გართულებები გვაქვს. დიდი მნიშვნელობა აქვს მასალის ხარისხს, რადგან შესაძლებელია კონსტრუქცია გატყდეს, არ შეხორცდეს ძვალი, ამიტომ სასურველია, რომ თავიდანვე მეტალოკონსტრუქცია იყოს მაღალი ხარისხის. ასევე, პროთეზირების შემთხვევაში მასალის ხარისხს აქვს დიდი მნიშვნელობა, ჩვენთან შემოდის კარგი ხარისხის, გერმანული, მაღალხარისხიანი პროთეზები და ამიტომ გართულებები პრაქტიკულად არ გვაქვს,“- ამბობს მამუკა შარაშიძე.

ორთოპედ-ტრავმატოლოგთან საუბარი იმ გავრცელებული დაავადებით დავასრულეთ, რომელიც მოსახლეობაში ხშირად „მარილების დაგროვების“ სახელითაა ცნობილი.

რეფერალური„სახსრები მტკივა, მარილები მაქვს – ეს არის ხალხური გამონათქვამი. სინამდვილეში ეს არის ძვლოვანი წანაზარდები, ოსტეოფიტები, რომლებიც ნორმალურ შემთხვევაში სახსრის ზედაპირზე არ უნდა იყოს, დაავადებას კი ართროზი ეწოდება და მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის. ჯანმრთელი ადამიანის სახსრის ზედაპირი პრიალაა, რაც უზრუნველყოფს ორი ძვლის ერთმანეთზე ჰარმონიულ სრიალს და ამას თან არ ახლავს არანაირი ტკივილი და დისკომფორტი. როდესაც ჩნდება ძვლოვანი წანაზარდები, რომლებსაც „მარილებს“ ეძახიან, სახსრის შემადგენელი ძვლები ვერ მოძრაობს კარგად, რაც იწვევს ანთებით პროცესს და შემდეგ ეს გამოიხატება ანთებით, ტკივილითა და დეფორმაციით.

დიაგნოსტიკა ხდება როგორც ანამნეზის შეკრებით, ასევე მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიით და რენდგენოგრაფიით. ყველა საჭირო კვლევის ჩატარება, ზუსტი დიაგნოსტირება და მკურნალობის დაგეგმვა შესაძლებელია ჩვენთან. დაავადების პირველი ან მეორე ხარისხის შემთხვევაში კონსერვატიული მკურნალობა ინიშნება. ეს შეიძლება იყოს ინექციები, თუ პაციენტი ჭარბწონიანი – წონის დაკლების რეკომენდაცია, სამკურნალო ვარჯიშები, ლაზეროთერაპია, ფიზიოპროცედურები, სანატორიულ-კურორტული მკურნალობა და ა.შ. – ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს პაციენტის ჯანმრთელოაბზე ართროზის შემთხვევაში. შორს წასული შემთხვევების დროს კი ხდება პროთეზირება. მსგავსი ოპერაციები ჩვენს კლინიკაში ყოველდღიურად ტარდება,“ – ამბობს მამუკა შარაშიძე.

ექიმი ჯანმრთელი ძვალსახსროვანი სისტემის შესანარჩუნებლად შემდეგ რეკომენდაციას გვთავაზობს: „ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, ფეხით სეირნობა, ნაკლები მძიმე ფიზიკური დატვირთა და მავნე ჩვევებზე [სიგარეტი, ალკოჰოლი], რომელიც სახსრებისთვის არის ძალიან მავნებელი, უარის თქმა.“

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი დააკავეს

გუშინ, 28 ნოემბერს, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, ჯემალ დუმბაძე დააკავეს. ინფორმაცია დაგვიდასტურა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ჯემალ დუმბაძეს თანხის მითვისებასა და გაფლანგვას ედავებიან. სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე ბრალი ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს დღეს წარედგინება.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე თვის წინ შევიდა. მანამდე დარღვევები ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ დააფიქსირა. დასკვნა გასული წლის 30 ნოემბერს გამოქვეყნდა.  დარღვევების გამო, საავადმყოფო 206 231 ლარით დაჯარიმდა.

ამავე საავადმყოფოს განაცდურის – 70 ათასი ლარის გადახდა მოუწია უკანონოდ გათავისუფლებული ექიმის, დავით მურვანიძისთვის, რომელმაც სამივე ინსტანციის სასამართლო მოიგო.

მიმდინარე წლის 15 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ინფექციური საავადმყოფოს წინააღმდეგ დავა მოიგო რუსლან ბერიძემ, საავადმყოფოს ყოფილმა იურისტმა. ისიც ჯემალ დუმბაძის ბრძანებით იყო გათავისუფლებული.

„შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის“ 100 %-იან წილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს.  ვიდრე უწყებაში საგამოძიებო სამსახური შევიდოდა, სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვნის გამო ჯემალ დუმბაძის საქმიანობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისიტროს აუდიტის სამსახურიც სწავლობდა, თუმცა მათ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში დასკვნა არ დაუდიათ. ამ სამინისტროს ექვემდებარება ბათუმის ინფექციური საავადმყოფო.

უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერად მერაბ კარანაძე აირჩიეს

ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მერაბ კარანაძე 14 ხმით აირჩიეს. უმაღლეს საბჭოში ვიცე-სპიკერის ასარჩევად კენჭისყრისთვის 18-მა დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია.

მერაბ კარანაძე ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატია აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნებიდან“.  2012 წლის არჩევნებზე მერაბ კარანაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის წინასაარჩევნო შტაბში მუშაობდა. 2011 წელს იგი „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის მოადგილე იყო, როცა ტელევიზიის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს და ციხეში ჩასვეს. 

დავით გაბაიძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

აჭარის უმაღლესმა საბჭომ 14 ხმით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დავით გაბაიძე აიჩია. გაბაიძის კანდიდატურა თავმჯდომარის პოსტზე „ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა. გაბაიძის კანდიდატურა ერთადერთი იყო ამ პოსტზე.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო უმაღლესი საბჭოს 5-მა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ასევე თითო დეპუტატმა „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული საქართველოდან“ და „პატრიოტთა ალიანსიდან“.

უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატია.

დავით გაბაიძე უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევამდე აჭარის მთავრობის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

აჭარის უმაღლეს საბჭოში 4 ფრაქცია შეიქმნა

 

აჭარის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე, საკანონმდებლო ორგანოში ოთხი ფრაქცია შეიქმნა:

  • „ქართული ოცნება“ – თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი;
  • „ქართული ოცნება – აჭარა“ – თავმჯდომარე დავით ბაციკაძე;
  • „ქართული ოცნება – მაჟორიტარები“ – თავმჯდომარე ილია ვერძაძე;
  • „ნაციონალური მოძრაობა“  – თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი.

ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა დღეს, 28 ნოემბერს, 12 საათზე დაიწყო.

უმაღლესი საბჭოს ფრაქციაში მინიმუმ 3 წევრი მაინც უნდა იყოს. საბჭოში 21 წევრია. წინა, მე-3 მოწვევის უმაღლეს საბჭოში 7 ფრაქცია იყო, რითაც საკანონმდებლო ორგანომ მაშინ ფრაქციის შექმნის ლიმიტი ამოწურა.

დავით გაბაიძე: „ახალი უმაღლესი საბჭო შეძლებს უკეთესად იმუშაოს“

აჭარის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს წევრი, დავით გაბაიძე ამბობს, რომ „ეს უმაღლესი საბჭო განსხვავებული იქნება წინა მოწვევის საბჭოებისგან და შეძლებს უკეთესად იმუშაოს… ამის საფუძველს მაძლევს საბჭოს შემადგენლობა“.

გაბაიძის აზრით, უმაღლესმა საბჭომ პირველ რიგში საკანონმდებლო ხარვეზებზე უნდა იმუშაოს, რომელმაც თავი იჩინა უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] დაკომპლექტების, ასევე მთავრობის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების დროს.

დღეს, 28 ნოემბერს, 12 საათზე, ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება. სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. ამ პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად აჭარის მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დავით გაბაიძე შეიძლება დაასახელონ. გაბაიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამის მოლოდინი აქვს.

15216206_1457662377597066_839656206_o
უსკოს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია და დავით გაბაიძე უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში / 28.11.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე

ამავე თემაზე:

უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა 28 ნოემბერს გაიმართება

დავით გაბაიძე თავმჯდომარედ, მერაბ კარანაძე ვიცე-სპიკერად – თანამდებობების გადანაწილება უმაღლეს საბჭოში

უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას დავით თედორაძე გახსნის

 

სარფის საბაჟოზე შეზღუდვები სავარაუდოდ ერთ წელს გაგრძელდება

სარფის საბაჟოზე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს დაახლოებით 11 თვე დასჭირდება. ამის შესახებ ინფორმაცია “ბათუმელებს” ოზაი ქოთლუმ მიაწოდა, ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს საბაჟო ატაშემ. მისი თქმით, სამუშაოების ვადები ოფიციალურად განსაზღვრული არ არის და იგი დამოკიდებული იქნება ამინდზე, ასევე მოძრაობის ინტენსივობაზე.

ოზაი ქოთლუს ინფორმაციით, ამ წუთებში უნდა გაიხსნას სარფის საბაჟოს ერთ-ერთი გასასვლელი, რომელიც ბოლო სამი დღის განმავლობაში დახურული იყო.

სარფში, საქართველო-თურქეთის საზღვარზე შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შესახებ საქართველოს შემოსავლების სამსახურმა ოფიციალური განცხადება 24 ნოემბერს გაავრცელა. განცხადების მიხედვით,  შეზღუდვები სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოებს უკავშირდება.

რას უნდა ველოდოთ ახალი უმაღლესი საბჭოსგან?

„უმაღლესი საბჭო ან ქმედითი უნდა გახდეს, ან უნდა გაუქმდეს“

როგორი იქნება ახალი მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭო? გამოვა თუ არა ის კომფორტის ზონიდან? რა მოლოდინები არსებობს საბჭოსთან დაკავშირებით და რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს ეს საკანონმდებლო ორგანო ეფექტური? – ამ თემაზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეს, გენო გელაძეს ესაუბრა.

ახალი უმაღლესი საბჭოს წევრების უმრავლესობა ყოფილი ჩინოვნიკები არიან. რა ცვლილებებს, რა აქტიურობას შეიძლება ველოდეთ ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოსგან?

აჭარის უმაღლესი საბჭოს აქტიურობა დამოკიდებულია იმაზე, ქვეყანაში რამდენად იქნებიან აქტიური საკანონმდებლო ორგანოები საერთოდ. პარლამენტის აქტიურობა არის პირდაპირი სტიმული, იმიტომ, რომ უმაღლესი საბჭო, პრინციპში, განსაკუთრებულს ვერაფერს წყვეტს. საბჭო აქტიური შეიძლება იყოს გარკვეული საკითხების შეფასებაში, დისკუსიებში, მაგრამ ის, რომ საკანონმდებლო სივრცე შეცვალოს, გააუმჯობესოს, რაღაც ახალი მოდელები შექმნას, ამის დამოუკიდებლად გაკეთება გაუჭირდება, თუკი პარლამენტში უმაღლესი საბჭოს მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვალა.

როგორია ეს დამოკიდებულება?

უმაღლესი საბჭოს კანონპროექტებს პარლამენტი არც თუ ისე სერიოზულად უყურებს და არც კი განიხილავს.

ამის მიზეზად არაკომპეტენტურად შემუშავებული კანონპროექტები სახელდებოდა.

ხშირად ასე იყო, ფაქტია. ამიტომ, თუკი უმაღლესმა საბჭომ პირველ თვეებში არ გამოავლინა კვალიფიციური მიდგომა და მოტივაცია, რომ სურთ გააკეთონ გარკვეული სისტემური რეფორმები, ბუნებრივია, არაფერი გამოუვა. თუმცა, საკანონმდებლო ინიციატივების თვალსაზრისით, ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი ახალ უმაღლეს საბჭოს, დაწყებული ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსიდან.

სტატუსთან დაკავშირებით რა ცვლილებებია საჭირო, ეს უფლებამოსილების გაზრდას უკავშირდება?

იმის გამო, რომ ორივე საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით არის მოსული მმართველი პარტია, მას შეუძლია გამოასწოროს ის მდგომარეობა, რასაც საკანონმდებლო ხარვეზებიც კი აღარ ჰქვია. პრაქტიკულად, მოუწესრიგებელია უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი ბაზა.

რას გულისხმობთ მოუწესრიგებლობაში?

მაგალითად, ავტონომიის სტატუსს დოკუმენტებში, რომელიც მეორდება და პარლამენტმა უნდა შეცვალოს, მაგრამ ინიციატორი შეიძლება იყოს უმაღლესი საბჭო, ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს ავტონომიას, რომლებიც გადახლართულია ცენტრალურ ხელისუფლებასთან, თვითმმართველობასთან. ასევე, თვითმმართველობის კოდექსი საერთოდ არ იცნობს აჭარის ავტონომიას, უმაღლეს საბჭოს და მის ხელისუფლებას. მაგალითად, ჩვენ რომ აჭარაში გვაქვს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ასეთ ინსტიტუტს თვითმმართველობასთან რა შეხება ექნება, არ არის დაზუსტებული. თვითმმართველობას აქვს ვალდებულება, მოაწესრიგოს შიდა გზები, ჩვენს შემთხვევაში კი ამას აკეთებს აჭარის ავტონომია, თუმცა, ეს უფლებამოსილება ავტონომიას რეალურად წართმეული აქვს. ამას საკანონმდებლო პრობლემაც ჰქვია და პრაქტიკის პრობლემაც. ამის დარეგულირებას კეთილი ნებაც სჭირდება და პოლიტიკური კულტურაც.

მსგავსი სისტემური პრობლემები დაკავშირებულია ტყეებთან, ტყის საზღვრებთან, მის მოვლასთან, ნებართვების გაცემასთან და ა.შ. ბევრ საკითხში აჭარის ავტონომიას აქვს სპონტანური უფლებამოსილება. ასევე, ის, რისი უფლებაც არ აქვს და ფაქტობრივად შეჭრილია _ მაგალითად, თვითმმართველობის უფლებამოსილებაში, აი, ასეთ საკითხებს სჭირდება დარეგულირება.

უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების გაზრდაზე იყო საუბარი და ამას ეთანხმებით?

უფლებამოსილების გაზრდის საჭიროება რომ დგას, ეს არის ფაქტი. თუნდაც ჯანდაცვის კუთხით და რატომ. ჩვენ რომ შევადაროთ ამ მიმართულებით ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკის პროგრამები, პრაქტიკულად ავტონომიური რესპუბლიკა მხოლოდ ავსებს ან ამატებს იმ პროგრამებს, რომლებსაც ცენტრალური ხელისუფლება ვერ ფარავს. ან ბენეფიციართა რაოდენობას ზრდის, ან თანხას. ხშირად ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოები ჰგავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგან ახორციელებენ კონკრეტულ პროგრამებს და არაფერს არ წყვეტენ. სერვისპროვაიდერია, პრაქტიკულად. შესაბამისად, გადაწყვეტილების უფლება რომ ჰქონდეს, მას უნდა ჰქონდეს დელეგირებული უფლება რაღაც სფეროში. ეს შეიძლება იყოს სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და კიდევ ბევრ სფეროში შეიძლებოდა უფლებამოსილების გადმოცემა, მაგრამ უმაღლეს საბჭოს მოუთხოვია კი გადმოცემა? – ან იშვიათად, ან არაკვალიფიციურად. უმაღლესი საბჭოს გააქტიურების ერთადერთი შანსი გვაქვს და ეს ბევრად არის დამოკიდებული საბჭოს თავმჯდომარეზე. თუ საბჭოს თავმჯდომარე იქნება ადამიანი, ვისთვისაც საკანონმდებლო სფერო იქნება ახლო თემა, ეს კარგ შედეგს მოიტანს.

პრაქტიკულად, გასული უმაღლესი საბჭოების საქმიანობები ფასდება როგორც ცუდსა და უარესს შორის არჩევანი, რადგან შედეგები არის კატასტროფული. აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიტიური საქმიანობა ვერ ჩაეთვლება უმაღლეს საბჭოს. მას თავისი აქტივობები უნდა ჰქონდეს.

წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოს ხშირად სდებდნენ ბრალს იმაში, რომ მხოლოდ კომფორტზე იყო ორიენტირებული. ფიქრობთ, რომ ახალი შემადგენლობა შეცვლის დამოკიდებულებას?

კომფორტის რეჟიმში იმიტომ ცხოვრობდნენ, რომ ფიქრობდნენ, უფლებამოსილება მაინც არ გვაქვს და არც არავინ არ გაგვიზრდისო. რატომღაც ერიდებიან რეგიონებიდან ამ საკითხის დაყენებას ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რომ არ ჩაუთვალოს ვინმემ სეპარატიზმად. ცოტა უცნაური დამოკიდებულება გვაქვს.

ანუ ამის მიზეზი სეპარატიზმის კომპლექსია?

რა თქმა უნდა. ხშირად მსმენია ეს მიზეზი. ამ საკითხს ვერ დავაყენებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან – ეს ხშირად მსმენია. თუკი ჩვენ გვაქვს პრეტენზია ეფექტური მმართველობის, რატომ უნდა უყურებდეს ამ საკითხს ვიღაც უნდობლად. ეს არის ჩვეულებრივი მომენტი.

ბოლოს და ბოლოს უნდა შევთანხმდეთ, აჭარის ავტონომიას რა უფლებამოსილება გააჩნია. თუ ის მხოლოდ დღეს არსებული უფლებების ფარგლებში იმოქმედებს, მაშინ უმაღლესი საბჭო, ფაქტობრივად, არის გასაუქმებელი. აჭარის ბიუჯეტს რომ არ ამტკიცებდეს, სხვა რა უნდა გააკეთოს მეტი?

თუმცა, ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოში არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც, ვფიქრობ, შეცვლის არსებულ სტანდარტს და უმაღლეს საბჭოს. თუკი დათო გაბაიძე იქნება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ვფიქრობ, ვნახავთ ახლებურ უმაღლეს საბჭოს. რადგან ის ყოველთვის აქტიური და პრინციპული იყო, ვფიქრობ, ეს დამოკიდებულება მას უმაღლეს საბჭოშიც შეუნარჩუნდება.

უმაღლეს საბჭოში შევიდნენ პატრიოტთა ალიანსისადა ბურჯანაძე-დემოკრატებისწარმომადგენლები. ამ პარტიების ლიდერები ცნობილი არიან ხმამაღალი, რიგ შემთხვევებში, სკანდალური განცხადებებითაც. ფიქრობთ, რომ იმავეს უნდა ველოდოთ მათი წარმომადგენლებისგან უმაღლეს საბჭოში?

მე ვფიქრობ, რომ ისინი განცხადებების დონეს ვერ გასცდებიან. ცოტანი არიან იმისთვის, რომ რაიმე შედეგი დადონ.

თქვენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, მოქალაქეს, რითი დაგამახსოვრდათ წინა მოწვევის უმაღლესი საბჭო?

ყველაზე მეტად ორ ამბავს გამოვყოფდი, პირველი, სახალისო, რაც უკავშირდებოდა ავთანდილ ბერიძეს – იყო ქოლგები და კიდევ სხვა უცნაურობები, მეორე კი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსთან დაკავშირებული დისკუსია. სხვა განსაკუთრებული არ მახსენდება.

ვიდრე ძველ უმაღლეს საბჭოს დავემშვიდობებით

28 ნოემბერს აჭარის ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო შეიკრიბება. იმავე დღეს უფლებამოსილება ამოეწურება დეპუტატების ძველ შემადგენლობას. ოთხი წლის მანძილზე უმაღლესი საბჭო ხშირად ექცეოდა მედიის ყურადღების ქვეშ, ძირითადად, სკანდალების ხარჯზე. „ბათუმელებმა“ უმაღლესი საბჭოს მუშაობის შესახებ საარქივო მასალებს გადახედა. 

უმაღლესი საბჭო მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად  2013 წლის დასაწყისში მოექცა, როცა საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძემ კოლეგებთან ერთად სასაფლაოებზე თანაპარტიელების და თანამებრძოლების საფლავების მონახულების ტრადიცია დააანონსა. დეპუტატებმა 12 იანვარს 12 საფლავი მოინახულეს. სასაფლაოების მონახულების ფოტომასალა უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ გვერდზე განთავსდა. იქვე ნახავდით ინფორმაციას, რომ დიდთოვლობის გამო ვერ მოხერხდა ყველა თანამებრძოლისთვის პატივის მიგება და რიგი საფლავების მონახულება გაზაფხულისთვის გადაიდო.

avto 2

შემდეგ იყო დაპირისპირებების სერია ჟურნალისტებთან. პატივისა და პროფესიული ღირსების შელახვის გამო, ავთანდილ ბერიძის წინააღმდეგ სარჩელები შეიტანეს „ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტმა, ნინო ხოზრევანიძემ და “გურია ნიუსის” ჟურნალისტმა, ტარიელ ცეცხლაძემ. სარჩელის შეტანის შემდეგ ტარიელ ცეცხლაძე ავთანდილ ბერიძის ტრადიციულ ორშაბათის ბრიფინგზე აღარ დაუშვეს. ნინო ხოზრევანიძესთან სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა – ავთანდილ ბერიძემ ჟურნალისტის მიმართ გამოთქმული ბრალდებები უარყო.

უმაღლესი საბჭოს ჟურნალისტებთან დაპირისპირება ამით არ დასრულებულა. 2013 წლის შემოდგომაზე უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის თანამშრომელმა, კობა ადეიშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუკში უცენზურო და სიძულვილის შემცველი კომენტარით მოიხსენია გაზეთი “ბათუმელები”, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა “ბათუმელების” ჟურნალისტს. კობა ადეიშვილის უკმაყოფილება “ბათუმელებში” ბათუმობის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას მოყვა, სადაც ავთანდილ ბერიძის ფოტოც იყო. საჯარო მოხელის ამგვარ მოქმედებაზე რეაგირება არ ჰქონია უმაღლეს საბჭოს.

avto 1
ყველაზე პოპულარული ავთანდილ ბერიძე მაინც 2013 წლის სექტემბრის იმ დღეს გახდა, როცა ბათუმში კინოფესტივალი გაიხსნა. გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტმა მანანა ქველიაშვილმა გადაიღო ფოტო, როგორ მოაცილებდნენ წვიმაში ქოლგით ბატონ ავთანდილს. 

“ქოლგის სკანდალიდან” რამდენიმე დღეში ავთანდილ ბერიძის სამსახურებრივი ავტომანქანა ბულვარის იმ ნაწილში გამოჩნდა, სადაც მანქანით გადაადგილება აკრძალულია. გამოსავალი მარინე კუპრეიშვილმა იპოვა, უმაღლესი საბჭოს პრესსამსაურმა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ავთანდილ ბერიძე VIP პერსონაა და ამის უფლება აქვს.

2013 წელს უმაღლესი საბჭო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა – მოქალაქე დოდო დიასამიძემ განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, მედეა ვასაძემ იგი საკუთარ კაბინეტში სცემა. მოქალაქის თქმით, საბჭოში მისი ვიზიტის მიზანი იმის გარკვევა იყო, თუ რატომ გაუგზავნა მას საჩუქრად მაშინდელმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა საბავშვო ეტლი, როცა შვილი არ ჰყავდა და წინასაარჩევნოდ ივანიშვილს სწორედ უშვილობის მკურნალობის დაფინანსება სთხოვა. დოდო დიასამიძის საქმეზე გამოძიება დღემდე არ დასრულებულა.

მედეა ვასაძის კიდევ ერთი სკანდალი ჟურნალისტ ჯაბა ანანიძესთან დაპირისპირებას უკავშირდება. ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოზე „ტელეარხი 25“-ის ეთერში გასული საგამოძიებო ფილმის – „უმაღლესი კომფორტით“ გამო პროკურატურაში ჩივილით დაემუქრა ჟურნალისტს. დეპუტატმა ჟურნალიტს ასევე უთხრა, რომ მის მიხვრა-მოხვრაზე საეჭვო ხმები დადიოდა ქალაქში. ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ ამ საუბრის ამსახველი სატელეფონო ჩანაწერი გააკეთა და გამოაქვეყნა.

2013 წლის ბოლოს ავთანდილ ბერიძემ ახალი ავტომანქანის შეძენა გადაწყვიტა. გამოცხადდა თუ არა ტენდერი, ბათუმში თოვა დაიწყო  და დიდთოვლობის გამო რეგიონში კახი კალაძე ჩამოვიდა, მაშინდელი ვიცე-პრემიერი. სწორედ ამ დროს გახმაურდა, რომ ავთანდილ ბერიძეს მაცივრიანი მანქანის შეძენა უნდოდა 83 ათას ლარად. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ კრიტიკა ამჯერად ხელმძღვანელი პირისგან, კახი კალაძისგანაც მიიღო. ტენდერი მანქანის შესყიდვაზე გაუქმდა, თუმცა მანამდე ტენდერის პირობები საყოველთაოდ ცნობილი გახდა: “2013 წელში გამოშვებული ავტომანქანა აღჭურვილი უნდა იყოს ორმაგი უსაფრთხოების, ასევე მუხლისა და გვერდითი ბალიშებით, გარე განათების კონტროლის მექანიზმით, ელექტრომართვის სარკეებითა და წინა და უკანა პარკინგის სენსორით. მანქანას უნდა გააჩნდეს ხედვის კამერა, უკანა სვლის მონიტორი, ორმაგი ავტოკონდიციონერი, წინა და უკანა სანისლე ფარები, ტყავის ინტეგრირებული საჭე, ტელეფონის ბლუთუზსისტემა და მაცივარი. ფერი შეთანხმების საგანია…”

ამ შემთხვევების შემდეგ ავთანდილ ბერიძემ ფეისბუქმეგობრებიდან წაშალა რეგიონის ჟურნალისტების დიდი ნაწილი.

ასე ამოწურა ავთანდილ ბერიძემ თავმჯდომარეობის პირველი წელიწადი. 2013 წლის შემდეგ ტრადიციული ორშაბათის ბრიფინგები მოიშალა და არც უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე დაანონსებულა საფლავებზე სიარულის ტრადიციის შესახებ.

უმაღლეს საბჭოში უმრავლესობის დაშლის პროცესი მალევე დაიწყო. 2015 წლის 20 თებერვალს დეპუტატებმა ვიცე-სპიკერი, დავით ბაციკაძე პოსტიდან  გადააყენეს, თუმცა ახლის არჩევა ვერ მოახერხეს. თითქმის ორი წელი უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე არ ჰყავს, თუმცა მუშაობას განაგრძობდა ვიცე-სპიკერის აპარატი. არარსებული თანამდებობის პირის შენახვაში უმაღლესმა საბჭომ 100 ათას ლარზე მეტი გადაიხადა.

ბოლო სამი წელიწადში ჟურნალისტებსაც ნაკლებად უჩნდებოდათ სურვილი რეგიონში მიმდინარე რომელიმე პოლიტიკურ პროცესზე შეფასება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისგან მიეღოთ.

ორი კვირის წინ, როცა აჭარის მთავრობის ფორმირების საკითხი გააქტიურდა და ინფორმაცია გავრცელდა, რომ ავთანდილ ბერიძეს აჭარის განათლების მინისტრობა უნდა, „ტელეარხ 25“-ის  ჟურნალიტს ავთანდილ ბერიძემ ასე უპასუხა: “არ შემიძლია უსაქმურობა, შესაბამისად, მუშაობა მინდა. მინდა მუშაობა იქ, სადაც განსაკუთრებით შესაძლებელია ჩემი გამოცდილების და ცოდნის, ჩემი უნარების გამოყენებით…”

ოთხის წლის მუშაობის შეფასების დროს, უმაღლესი საბჭოს ყოფილი უმრავლესობის წევრმა, ალექსანდრე ჩიტიშვილმა გვითხრა, რომ ავთანდილ ბერიძემ საზოგადოებრივი აზრი გაითვალისწინა და მას იგივე შეცდომები აღარ დაუშვია, რაც პირველ წელს. ამის მიუხედავად, საზოგადოებისთვის რთული აღმოჩნდა ავთანდილ ბერიძე, ისევე როგორც მთლიანად უმაღლესი საბჭო, აღექვა სერიოზული პოლიტიკის მოთამაშედ.

„ექსტრანხერო“ ანუ ქართველი ემიგრანტის ცხოვრება ესპანეთში

„ექსტრანხერო“ ესპანური სიტყვაა და ქართულად უცხოელს ნიშნავს. ეს სიტყვა ესპანურად თამილა დევაძისთვის მას შემდეგაა ნაცნობი, რაც მან საქართველოდან ევროპაში წასვლა გადაწყვიტა. ახლა თავადაც „ესტრანხეროა“ და ესპანეთში, ლარიოხის შტატში,  ქალაქ არნედოში მეუღლესთან ერთად საკუთარ სახლში ცხოვრობს.

თამილა საქართველოდან მეუღლესთან ერთად 2008 წელს წავიდა. ამბობს, რომ გადაწყვეტილება არა ომის დაწყების შემდეგ ან ომის გამო, არამედ ომამდე ცოტა ადრე მიიღეს. ესპანეთში საელჩოს გავლით, როგორც ტურისტები სამი თვით წავიდნენ, მაგრამ იქ სამი წელი დარჩნენ. როგორც თამილა ამბობს, ესპანეთში ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლება მოიპოვო: „სამი წლის შემდეგ მივიღეთ საჭირო დოკუმენტი. ახლა ლეგალურად ვცხოვრობთ და ვმუშაობთ, 2014 წელს სახლიც ვიყიდეთ. თუ აქ დიდი ხანი მუშაობ, გარეუბანში სახლის ყიდვას შეძლებ, ლეგალურად მცხოვრებს უკვე იპოთეკის გაკეთებაც შეგიძლია, საბანკო მომსახურება აქ უფასოა“.

ვიდრე ლეგალურად ცხოვრების უფლებას მოიპოვებდა, თამილამ მუშაობა ოჯახში დაიწყო მოხუცი ცოლ-ქმრის მომვლელად. ამბობს, რომ ძალიან კარგი მასპინძლები ჰყავდა და სამი წლის შემდეგ საჭირო დოკუმენტების მისაღებადაც დაეხმარნენ.

ქალაქში, სადაც თამილა და ომარი დასახლდნენ, ადგილობრივებისთვის მთავარი შემოსავლის წყარო ფეხსაცმლის საამქროებია. ამუშავებენ ტყავს და ფეხსაცმელს კერავენ: `ეს საქმე ჩემმა მეუღლემაც შეისწავლა. სხვა გამოსავალი არ გვქონდა, როცა ენა არ იცი და არალეგალი ხარ, აქ შენი პროფესიით ვერ იმუშავებ.“

ოჯახში მუშაობის პარალელურად თამილა „ექსტრანხეროებისთვის“ გახსნილ სპეციალურ სკოლაში სწავლობდა. მისივე თქმით, ეს სპეციალური საღამოს სკოლაა იმისთვის, რომ აქ ჩამოსულმა უცხოელებმა ესპანური ენა შეისწავლონ. ამ კურსის დასრულებისა და  დოკუმენტების მიღების შემდეგ თამილამ ექთნის კურსებზე ჩააბარა, იმისთვის, რომ დამხმარე ექთნის კვალიფიკაცია მიეღო, კურსის დასრულების შემდეგ კი იგი მოხუცთა თავშესაფარში დასაქმდა.

თამილას თქმით, ესპანეთში მოხუცებისთვის ორი სახეობის თავშესაფარი ფუნქციონირებს: „დღის ცენტრები“, სადაც მოხუცები გასართობად მიდიან და თავშესაფრები, სადაც ისინი ცხოვრობენ: „ასეთი თავშესაფრები ჰოსპიტლებს ჰგავს, ყველანაირი მომსახურება შედის, თუმცა უფასო არ არის, გააჩნია რა მომსახურებას საჭიროებს ადამიანი. ასი ევროდან იწყება და 2000 ევრომდე ადის, თუმცა იშვიათად აქ მოხუცს დაფინანსების პრობლემა ჰქონდეს, აქ ძალიან მაღალი ხელფასებია და ისინი მოხუცებულობისთვის აგროვებენ, ამის გარდა მინიმალური პენსია 500 ევროდან იწყება და 2000 ევრომდე ადის სტაჟის მიხედვით.“

თამილა დევაძე
თამილა დევაძე

თამილა პროფესიით მხატვარია. ბათუმის სამხატვრო სასწავლებლის დასრულების შემდეგ მან ფერწერის კურსიც გაიარა და სამუშაო „რანდში“ დაიწყო მხატვარ-დიზაინერად. მეუღლე ომარ გორდაძე კი ეკონომისტია. 2012 წლამდე ომარი ბათუმში კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა. შემდეგ კი ეს ინსტიტუტი დაიხურა და ენერგოკომპანიაში გადავიდა: „უმუშევრები არ ვიყავით, მაგრამ პრობლემები მაინც შეგვექმნა, ორი შვილი ბებია-ბაბუას დავუტოვეთ და წავედით. არც გვიფიქრია, რომ ამდენხანს დავრჩებოდით, თუმცა წლები გავიდა და ჩვენ ისევ აქ ვართ. სამი წლის შემდეგ შვილებიც ჩამოვიყვანეთ. უფროსი შვილი 15 წლისაა, უმცროსი – ცამეტის. აქ ვერ გაძლეს, ვერც სკოლას შეეგუენ. ახლა ბებიასთან ცხოვრობენ და ბათუმში შაჰინის სკოლაში სწავლობენ.“

თამილა ამბობს, რომ 2008 წლის შემდეგ ესპანეთში ხელფასები არ გაზრდილა: „აქაც დაიწყო კრიზისი, ის, რაც ჩვენთვის მაღალი ხელფასია, ამათ არ აკმაყოფილებთ. ბევრი ამის გამო ავსტრიაში გადავიდა, ამიტომ ხანდახან გვეკითხებოდნენ, რატომ ჩამოვდივართ, როცა აქედან ადგილობრივებიც მიდიან.“

თამილა ამბობს, რომ ზოგიერთი მას ესპანეთში „რუსოს“ ანუ რუსს ეძახის და ჰგონია, რომ „საბჭოთა კავშირი“ ჯერ კიდევ არსებობს: „თუმცა იმის ახსნა, რომ ასე არ არის, ძირითადად მოხუცებულებისთვის გვიწევს, აქ გვყავს მეგობრები, რომლებსაც აქვთ სურვილი ნახონ საქართველო.“

თამილამ ესპანეთში ხატვა გააგრძელა. ამბობს, რომ ესპანეთში არა მონატრებულ მშობლიურ გარემოს, არამედ ძირითადად ქალაქ არნედოს ქუჩებსა და აქაურ ბუნებას ხატავდა: „როცა სხვა ქვეყანაში ცხოვრობ და იცი, რომ ისინი  აღმერთებენ ყველაფერ ესპანურს, რაღაცით უნდა დაამტკიცო, რომ პატივს სცემ ამ ქვეყანას და მის ტრადიციებს.“

თამილამ იქ ადგილობრივების დახმარებით საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოაწყო და მოწონებაც დაიმსახურა, მისი გამოფენა ადგილობრივმა მედიამაც გააშუქა.

სარფში საზღვრის კვეთისას ორივე მხრიდან შეზღუდვები იქნება

საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სარფში, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფი“ სარეკონსტრუქციო სამშენებლო სამუშაოების დაწყების გამო, სგპ “სარფში”, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლისას, საბაჟო პროცედურები ორივე მიმართულებით განხორციელდება შეზღუდულ რეჟიმში: „კერძოდ, სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე მგზავრებს, ავტომანქანებს, ავტობუსებსა და სატვირთო მანქანებს მოემსახურება მხოლოდ 2 გასასვლელი (გეითი gate), ერთ-ერთი მოემსახურება ქვეყნიდან გამსვლელ, მეორე კი შემომსვლელ ავტოსატრანსპორტო საშუალებებსა და მგზავრებს“.

„შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, სგპ “სარფის” გავლით საზღვრის კვეთისას, გაითვალისწინოთ შექმნილი ვითარება, ან ისარგებლოთ საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი სხვა (სგპ “კარწახი”,სგპ “ვალე”) საბაჟო გამშვები პუნქტებით და თავიდან აიცილოთ შეზღუდული გადაადგილებით გამოწვეული პრობლემები“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შენიშვნა:

სარფის საბაჟოზე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს დაახლოებით 11 თვე დასჭირდება. ამის შესახებ ინფორმაცია “ბათუმელებს” 28 ნოემბერს ოზაი ქოთლუმ მიაწოდა, ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს საბაჟო ატაშემ.

ბათუმის შემოვლითი გზის [ავტობანის] მშენებლობა მომავალი წლიდან დაიწყება

ბათუმის შემოვლითი გზის 14 -კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2017 წელს დაიწყება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა 2016 წლის 19 დეკემბერს იწურება.

დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტს ერთობლივად აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) აფინანსებენ.

ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

სამშენებლო სამუშაოები 2017 წელს დაიწყება და 2020 წელში უნდა დასრულდეს.

IMG_20161123_160401
ქობულეთის შემოვლითი გზის ჩაქვის მშენებარე მონაკვეთი / 23.11.2016 / ფოტო: თედო ჯორბენაძე

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2017 წელს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2017 წელს 14 659 900 ლარი უნდა იყოს, თითქმის ამდენივეა [14 057,940]  აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მიმდინარე, 2016 წელსაც. აჭარის ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოს ბიუჯეტი ჯერ არ დაუმტკიცებია, თუმცა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე იმედოვნებს, რომ სამინისტროს ბიუჯეტი მათ მიერ შემუშავებული ფორმატით გავა.

ბატონო ლევან, რამდენი იქნება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2017 წელს და რა ცვლილებებია პროგრამულ ნაწილში?

შარშანდელ წელთან შედარებით გაზრდილია ბიუჯეტი პროგრამულ ნაწილში და საერთო პროგრამული ბიუჯეტი შეადგენს 11 826 990 ლარს, თუმცა არ გაზრდილა ადმინისტრაციული ხარჯები. მომავალი წლიდან გვექნება ახალი _ მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო დაავადებების რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც გასულ წელს ფინანსდებოდა ინდივიდუალური პროგრამით, მაგრამ იმდენად, რამდენადაც მოთხოვნა დიდი იყო, 2017 წელს ახალი, დახვეწილი პროგრამა იქნება წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ 2016 წლის განმავლობაში ღვიძლის ტრანსპლანტაციას ვაფინანსებდით 10 000 ლარით. ეს მიმართულება გაგრძელდება. გვქონდა მოლაპარაკება მომწოდებელთან, რომელიც თვითონაც შეამცირებს ფასს, დაახლოებით 10 000 ლარით, და ჩვენ გავზრდით ამ მიმართულებით დაფინანსებას 50 000 ლარამდე. ამ საკითხში ასევე ჩართულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც გარკვეულწილად ეხმარება ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პაციენტებს. ასე, რომ ღვიძლის ტრანსპლანტაციისას საკმაოდ დიდი წილი გამოდის სახელმწიფო დაფინანსების, თუმცა სრულიად უფასოდ მაინც ვერ ტარდება ეს პროცედურა. გარკვეული ცვლილებები გვაქვს სოციალურ პროგრამებში, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომავალი წლიდან ვაგრძელებთ ეკომიგრანტების პროგრამას, 5 მილიონია გათვალისწინებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვეხმარებით 25 ათასი ლარის ოდენობით ეკომიგრანტ ოჯახს ბინის ან სახლის თუ საცხოვრებლის შესყიდვის შემთხვევაში.

თქვენ აღნიშნეთ, რომ ღვიძლის ტრანსპლანტაციის თანადაფინანსება იზრდება. მიმდინარე წელს როგორი იყო მომართვიანობა ამ მიმართულებით?

ვფიქრობთ, რომ საშუალოდ 5-10 ადამიანამდე იქნება მოთხოვნა წლის განმავლობაში. ფაქტია, რომ ჩვენთან ჩატარებული ყველა ოპერაცია იყო წარმატებული და ვისურვებდი ასეც გაგრძელდეს.

ეკომიგრანტების თემა ახსენეთ. „ოცნების ქალაქში“ ბევრი ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც  თავს ეკომიგრანტებს უწოდებენ. მათ თუ ეხებათ ეს პროგრამა?

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ჩატარებულია ამ მიმართულებით კვლევები. იქ გარკვეული ნაწილი არის ეკომიგრანტებისა და მათ, რა თქმა უნდა, აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ამ პროგრამაში. თუმცა ეს არ ეხება სხვა კატეგორიას, სოციალურად დაუცველებს და ა.შ. ეს პროგრამა მხოლოდ ეკომიგრანტებს შეეხებათ.

სოფლის ექიმებს აჭარაში შეუნარჩუნდებათ თუ არა დანამატი, ან ხომ არ იგეგმება დანამატის გაზრდა?

დანამატის გაზრდა არ იგეგმება. ჩვენ ეს პროგრამა დავიწყეთ იმიტომ, რომ თავის დროზე მინიმალური იყო სოფლის ექიმების ანაზღაურება, თან მას ერთვოდა კომუნალური, საკანცელარიო და სხვა გადასახადებიც, რაც ამ ანაზღაურებაში შედიოდა. ამიტომ დავიწყეთ ჩვენ დამატებითი ანაზღაურების პროგრამა. შემდეგ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გაზარდა დაფინანსება, მუნიციპალიტეტებმა კი თავის თავზე აიღეს სხვადასხვა კომუნალური ხარჯი, წამლით მომარაგების ხარჯები და სოფლის ექიმებს შემოსავალი გაეზარდათ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც არ შევწყვიტეთ ეს პროგრამა ჯერჯერობით და ვაგრძელებთ, თუმცა პროგრამული დაფინანსების გაზრდაზე ამჟამად საუბარი არ არის.

რაც შეეხება ექიმების გადაადგილების პრობლემას მაღალმთიან რეგიონებში, მართალია, სამინისტრო პერიოდულად იძენს მანქანებს, მაგრამ როდის იქნება ეს პრობლემა სრულად აღმოფხვრილი?

წელს შევიძენთ დამატებით მანქანებს ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებისთვის, თუმცა სრულად ვერ ამოვწურავთ მოთხოვნას. სავარაუდოდ ამ პრობლემას 2017 წელს მოვაგვარებთ და 2017 წლის ბოლოსთვის ჩვენი სოფლის ექიმების პირველადი ჯანდაცვის ცენტრები აღჭურვილი იქნება მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილებით.

თუ გვაქვს რეგიონში ამ დროისთვის გარკვეული პროფილის ექიმების დეფიციტი და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად თუ გეგმავს სამინისტრო რამეს?

ზოგადად, ექიმების დეფიციტი ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ ზოგჯერ არის გარკვეული მიმართულების სპეციალისტების დეფიციტი, რაზეც ჩვენ სტრატეგიულად ვმუშაობთ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო დეფიციტურ სპეციალობებში რეზიდენტურის დაფინანსების პროგრამა. ჩვენ ამ ეტაპზე ვაპირებთ ხელშეკრულების გაფორმებას უნივერსიტეტებთან კვლევების თაობაზე, მათ შორის ერთ-ერთი კვლევა იქნება დეფიციტური სპეციალობების მდგომარეობის შესახებ აჭარაში. ამ კვლევის შედეგად ვფიქრობთ, რომ განათლების სამინისტროსთან ერთად დაგვგეგმოთ კვალიფიციური, დეფიციტური სპეციალობების დაფინანსება, ეს იქნება რეზიდენტურა ჩვენთან თუ საზღვარგარეთ. ასევე, აჭარის განათლების სამინისტროს აქვს პროგრამები საზღვარგარეთ დაფინანსებისა, ეს პროგრამები ეხება მაგისტრატურას, რეზიდენტურა გათანაბრებულია მაგისტრატურასთან, ასე, რომ გარკვეული შესაძლებლობები იმ სპეციალობებში, რომლებიც ჩვენ გვჭირდება, შეიძლება დავაფინანსოთ კიდეც სრულად ან ნაწილობრივ.

რა მიმართულების სპეციალისტები გვჭირდება განსაკუთრებით?

ძირითადად ფთიზიატრია, განსაკუთრებით ბავშვთა ფთიზიატრია, გარკვეული დეფიციტი არის რეანიმაცია-ანესთეზიოლოგიაში, ინფექციურ დაავადებებში… ჩვენ მოსალოდნელ დეფიციტებზეც ვსაუბრობთ, შეიძლება ამ წუთში არ არის პრობლემა, მაგრამ მოსალოდნელ დეფიციტზეც ვზრუნავთ, თუმცა ისეთი სპეციალობა არ არის, რომ ჩვენ საერთოდ არ გვყავდეს კადრი.

აქვს თუ არა სამინისტროს გრძელვადიანი სტრატეგია და რას მოიაზრებს ეს სტრატეგია?

ჩვენი სტრატეგია წლებია მუშავდება, 2015 წელს დამთავრდა სტრატეგიის ერთი ნაწილი, წელს შევიმუშავეთ 2018-2020 წლის სტრატეგია. ჩვენს ძირითად მიმართულებებად და პრიორიტეტებად რჩება ისევ სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის საკითხები.

სამომავლო პერსპექტივაში ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე პრიორიტეტის დამატებაზე, ეს არის პირველადი ჯანდაცვის პროფილაქტიკის გაუმჯობესება, რაც საზოგადოებრივ ჯანდაცვას ეხება და როგორც ვთქვი, ჩვენ ცალკე გამოვყავით რეაბილიტაციის პროგრამა, რადგან მნიშვნელოვანი სომატური დაავადებების გადატანის შემდეგ, ასევე, ქირურგიული ჩარევების შემდეგ, ადამიანს თუ არ უტარდება რეაბილიტაცია, არც ისე წარმატებული რჩება ის ჩარევა. ვმუშაობთ ასევე ეკომიგრანტების საკითხების გადაწყვეტის მიმართულებით აჭარის მთავრობასთან ერთად.

ქობულეთში პატრულის მანქანა ავარიაში მოყვა

ცოტა ხნის წინ  ქობულეთში საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ავარიაში მოყვა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

„საავადმყოფოში არავინ არ არის გადაყვანილი,“- განაცხადეს სამინისტროს პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

Exit mobile version