შუქის გათიშვის გრაფიკი ბათუმსა და ჭარნალში

„ენერგო პრო–ჯორჯიას“ ინფორმაციით 18 იანვარს, 11:00-დან 17:00 საათამდე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჭარნალის 300-მდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

20 იანვარს კი, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ბათუმში, სამებასა და ბარცხანის დასახლებაში, 2018–მდე აბონენტს, 11:00-დან 15:00 საათამდე.

კომპანიაში აცხადებენ, რომ შეზღუდვები გეგმიურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

ვაკანტური თანამდებობები და სავარაუდო კანდიდატები

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსის თანამდებობა ისევ ვაკანტურია. თავადაც ადასტურებს, რომ ამ თანამდებობაზე შეთავაზებას აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ანზორ თხილაიშვილი ელოდება, თუმცა წყაროს ინფორმაციით, მთავრობა ჯემალ ნაკაშიძის კანდიდატურასაც განიხილავს.

ჯემალ ნაკაშიძე ბოლოს ამავე უწყებაში მოადგილედ მუშაობდა და ახლა სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს. ის პროფესიით იურისტია და გასულ წლებში საქართველოს უშიშროების სამინისტროში, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროს გამომძიებლად მუშაობდა.

2007 წლის აგვისტოდან 2011 წლის მარტამდე ის იყო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო ჯგუფის უფროსი. 2012 წლის დეკემბრიდან კი აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილეა.

თავად ჯემალ ნაკაშიძე „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ სამმართველოს უფროსობა მისთვის ჯერ არ შეუთავაზებიათ.

ვაკანტურია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უფროსის, ასევე სააგენტოს ნებართვების გაცემისა და მონიტორინგის უფროსის თანამდებობაც. ჯერჯერობით დაუდასტურებელია ინფორმაცია, რომ სააგენტოს ხელმძღვანელის მოწვევას ზურაბ პატარაძე – აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თბილისიდან აპირებს. უწყებაში ვაკანსიის შევსებაზე  დასმულ კითხვებს – ვის ან როდის ნიშნავენ სააგენტოს ხელმძღვანელად, შესაბამისი თანამდებობის პირები მხოლოდ იმას პასუხობენ, რომ “სიტუაციას აკონტროლებენ”.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ვაკანტურია ერთი მოადგილის თანამდებობა, სადაც ახალი კადრის დანიშვნა სავარაუდოდ დღეს იგეგმება. თუმცა სამინისტრო ამ დრომდე არ ავრცელებს ინფორმაციას, თუ ვინ დაიკავებს მინისტრის მოადგილის თანამდებობას.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ მალხაზ რომანაძე დაინიშნა. ეს თანამდებობა მას შემდეგ იყო ვაკანტური, რაც ყოფილი მოადგილე ირაკლი ცეცხლაძე სამუშაოდ აჭარის უმაღლეს საბჭოში გადავიდა. მალხაზ რომანაძე პროფესიით ეკონომისტია. 2014 წლიდან დღემდე ის მუნიციპალიტეტის გამგეობის აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.

რეორგანიზაცია იგეგმება ბათუმის მერიაშიც.  ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის ინფორმაციით, რეორგანიზაცი ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებს ჯერჯერობით არ შეეხება.

მერი მოიაზრებს საფინანსო და ეკონომიკური სამსახურის გაყოფას, სამაგიეროდ აუქმებს მერის ერთი მოადგილის თანამდებობა, რომელიც ფინანსებს კურირებდა. ეს თანამდებობა მერიაში მას შემდეგ არის ვაკანტური,  რაც ის ზურაბ ბერიძემ დატოვა. გაყოფის შემდეგ მერიის ეკონომიკურ სამსახურს სავარაუდოდ გოგა ლომაძე, საფინანსო სამსახურს კი არჩილ ვანაძე უხელმძღვანელებს.

ბათუმის მერი მიიჩნევს, რომ მოადგილის ვაკანტური თანამდებობა მერიაში პრობლემას არ ქმნის.

რამდენს ხარჯავენ ძალოვანი უწყებები ყვითელ პრესაში

ბულვარულ გამოცემებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის დახარჯვას სახელმწიფო უწყებები არ ერიდებიან. მაგალითად, ჟურნალი „სარკე“ თითქმის ყველა ძალოვან უწყებაში პოპულარული გამოცემაა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდული გამოცემების შესაძენად სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელს ჯამში 28 322 ლარს დახარჯავს, მათ შორის იმაში, რომ პოლიციელებმა წლის განმავლობაში ჟურნალები „სარკე“, „თბილისელები“, ან „გზა“ წაიკითხონ. სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთთან ერთად ეს უწყება ფულს ხარჯავს ისეთ გამოცემებშიც, როგორიცაა „საპატრიარქოს უწყებანი“, ან სპორტული გაზეთი „ლელო“.

ყვითელ გამოცემებში ბიუჯეტის ფულს დახარჯავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაც. მიმდინარე წლის 11 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ეს უწყება 1701 ლარს დახარჯავს პერიოდული გამოცემების შესაძენად, მათ შორისაა: „თბილისელები“, „სარკე“, „გზა“…

სასაზღვრო პოლიცია 10 800 ლარს დახარჯავს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის შესაძენად, თუმცა ჯერ უცნობია, რომელია ეს გამოცემა. გამარტივებული ელექტრონული ტენდერი უკვე დასრულებულია, თუმცა ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის.

წლის განმავლობაში 7200 ცალი სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის „არსენალის“ შესაძენად გასულ წელს 20 952 ლარი გადაიხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა.

ჟურნალები – „სარკე“ და „თბილისელები“, ასევე გაზეთი „ლელო“ პოპულარულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც. ეს უწყება წელს პერიოდული გამოცემების, მათ შორის ყვითელი პრესის შესაძენად 11 051 ლარს დახარჯავს.

ბულვარული პრესა უყვართ, მაგრამ ამაში საკუთარი ფულის ნაცვლად სახელმწიფო ფულს დახარჯავენ საქართველოს მთავარი პროკურატურაშიც. ამ უწყებას ელექტრონული ტენდერიც კი არ გამოუცხადებია პერიოდული გამოცემის შესაძენად. მიმდინარე წლის 4 იანვარს გაფორმებული პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულების მიხედვით, პროკურატურა პერიოდულ გამოცემებში 1310 ლარს დახარჯავს.

ძალოვან უწყებებს პრესას, ძირითადად, ერთი და იგივე კომპანია – შპს „პლანეტა-ფორტე“ აწვდის.

ავტოავარიის შედეგად აჭარაში სამი პოლიციელი დაშავდა

გონიოში მომხდარი ავტოავარიის შედეგად სამი პოლიციელი დაშავდა. შემთხვევა გუშინ, 16 იანვარს, საღამოს მოხდა. სამივე პოლიციელი და კიდევ ერთი დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ავარიის შესახებ ინფორმაცია დაგვიდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების პირველადი მონაცემებით, მოქალაქემ, რომელიც „ოპელის“ მარკის ავტომანქანას მართავდა, დაარღვია საგზაო მანევრირების წესი და შეეჯახა „ფოლკსვაგენს“, რომლითაც სამი პოლიციელი გადაადგილდებოდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ოთხივე დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ავტოავარიის შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

რა შემთხვევაში აიღებთ სესხს უცხოურ ვალუტაში

დღეიდან, 2017 წლის 17 იანვრიდან, ამოქმედდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს უცხოურ ვალუტაში სესხის აღება ეზღუდებათ.

საქართველოს მოქალაქეზე უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გასაცემი თანხის ოდენობა აღემატება 100 ათას ლარს.

ამ რეგულაციას პარლამენტის დამტკიცებული ე.წ. ლარიზაციის გეგმა ითვალისწინებს. იხილეთ ლარიზაციის გეგმით განსაზღვრული რეგულაციები ამ ბმულზე.

2017 წლის 15 იანვრიდან ამოქმედდა ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 13 იანვრის ბრძანება, რომლითაც კომერციულ ბანკებს უფლება მიეცათ, ფიზიკურ პირზე 100 ათასამდე ლარი სესხი გასცენ უცხოური ვალუტით, თუ სესხის გაცემა ხორციელდება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე.

სამი საუკეთესო წიგნი 2016 წელს – მარი კორინთელის არჩევანი

 

გამომცემლობის – „წიგნები ბათუმში” ერთ-ერთი დამფუძნებელი მარი კორინთელი თავის არჩევანს გვიზიარებს. 

„ყვავილები ელჯერნონისთვის“ – დენიელ კიზი 

15085684_778747188931360_5505647918077256757_nწლის წიგნად დავასახელებ 2016 წლის ბესტსელერს – „ყვავილები ელჯერნონისთვის“.  ეს არის სპეციალური საჭიროების მქონე მამაკაცის ისტორია, რომელიც თავის ამბავს პირველ პირში გვიყვება. თავდაპირველად ის  6 წლის ბავშვის განვითარების დონეზეა, შემდგომ მას ტვინის ოპერაცია უტარდება , რის შედეგადაც მისი IQ  ბევრად აღემატება არა მარტო საშუალო სტატისტიკური ადამიანის გონებას, არამედ გენიალური ადამიანების IQ-საც კი. ეს წიგნი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მასში ძალიან პირდაპირ, შეულამაზებლად არის მოთხრობილი ის, რასაც  შშმ პირები შეიძლება წააწყდნენ საზოგადოებაში. საოცარი წიგნია ამ კუთხით და მე, პირადად, ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი, რომლის დამოკიდებულებებიც ამ წიგნმა რადიკალურად შეცვალა.

გარდა იმისა, რომ წიგნი ძალიან პრობლემატურ თემებზეა, საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, თუ რაში მდგომარეობს ადამიანის ბედნიერება, – რა ჯობს, ცხადად დაინახო რა სასტიკია სამყარო შენ გარშემო, თუ დარჩე ისეთ მდგომარეობაში, როცა არ გესმის როგორ დაგცინიან და ცუდად გეპყრობიან. ავტორი  დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანების სარეაბილიტაციო ცენტრში და შესაბამისად, მართლა პროფესიონალურად აქვს დაწერილი  ეს ამბავი.

„ფრანით მორბენალი“ –  ხალიდ ჰოსეინი

fმეორე წიგნი, რომელსაც გამოვარჩევ, ეს არის ხალიდ ჰოსეინის „ფრანით მორბენალი“. ეს არის ავღანური ისტორია, რომელიც გვაცნობს თანამედროვე აღმოსავლეთს და გვაცნობს ძალიან დიდი სისასტიკით და დაუნდობლობით. ამ წიგნში აღწერილია ყველაფერი ის, რაც ამ იდუმალ სამყაროში ხდება. რეალურად, აღმოსავლეთი გვაინტერესებს, მაგრამ არ ვიცით როგორია ის. ვიცით, რომ არის ომი, ძალადობა, არის ტირანია, მაგრამ რა ხდება იმის შიგნით, არავინ იცის. ახალგაზრდა კაცი თავისი ტრილოგიით გვაცნობს იმას, თუ რა ხდება მის სამშობლოში, რასთან შეჯახება უწევს იქ მცხოვრებ ადამიანს.

„კაცები მზეში“ – ღასან ქანაფანი 

downloadპალესტინელი მწერლის ღასან ქანაფანის „კაცები მზეში“  სულ ახალი თარგმანია. ამ წიგნში ორი რომანია გაერთიანებული და ორივე რომანში ასახულია თანემედროვე პალესტინის გაუსაძლისი ყოფა.  „კაცები მზეში“ არის ყველაზე  ტრაგიკული წიგნი, რაც მე  ბოლო პერიოდში წამიკითხავს. წიგნში მოცემულია სამი ადამიანის ისტორია, რომლებიც ცდილობენ სამშობლოდან ემიგრირებას. საზღვრის გადაკვეთის პროცესი მძიმედ სრულდება და ძალიან მძაფრად არის ეს ამბავი მოთხრობილი.

მეორე რომანში – „ჰაიფაში დაბრუნება“, ასახულია ისრაელიდან, ქალაქ ჰაიფადან დევნილი ოჯახის ტრაგედია, სამშობლოში დაბრუნება ოცწლიანი განშორების შემდეგ და ის განცდები, რაც ამ ყველაფერს ახლავს. ის, რომ სამშობლო რაოდენ ცუდადაც არ უნდა მოგეპყროს,  ამ კავშირების ბოლომდე გაწყვეტა მაინც ძალიან რთულია.

 

ამავე თემაზე: 

2016 წლის საუკეთესო წიგნები ქართულ ენაზე – პაატა შამუგიას რეკომენდაცია

 

ვინ სარგებლობს გულის ქირურგიის პროგრამით აჭარაში

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გულის ქირურგიის პროგრამა ითვალისწინებს გულის იშემიური დაავადებების, სიმსივნის, თანდაყოლილი და შეძენილი გულის მანკების კარდიოქირურგიულ მკურნალობას.

პროგრამის მოსარგებლეები არიან

18 წლისა და მეტი ასაკის მოსახლეობა, რომლებიც არ სარგებლობენ სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული გულის ქირურგიის პროგრამით.

დაფინანსების ფორმა

მკურნალობა დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით, დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით, არაუმეტეს  ქვეპროგრამით გათვალისწინებული ტარიფისა,  შემდეგი პროპორციებით:

  • 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები-90 %-ით;
  • ყველა სხვა კატეგორიის ბენეფიციარები-80 %-ით;
  • ვეტერანებს პროგრამით განსაზღვრული ტარიფის ფარგლებში უფინანსდებათ სრულად.

პროგრამებში ჩართვისათვის ბენეფიციარმა სამინისტროში უნდა წარმოადგინოს:

– განცხადება;

– ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა – IV-100/ა; (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად);

– ანგარიშ ფაქტურა გაცემული სამედიცინო დაწესებულების მიერ;

– პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება;

– საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარის მშობლის ან წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

– საჭიროების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის ასლი;

– ქვეპროგრამის მოსარგებლის და მადასტურებული დოკუმენტი.

შენიშვნა:

  • პროგრამების მოსარგებლე 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.
  • პროგრამების მოსარგებლეს უფლება აქვს, თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.
  • არ დაფინანსდება უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება, საზღვარგარეთ მკურნალობა და სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული თანაგადახდა მოსარგებლის მხრიდან.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 2017 წელს კარდიოქირურგიული ოპერაციების დასაფინანსებლად 1 მილიონ 600 ათასი ლარია გათვალისწინებული.

4,5 მილიონი ლარი „ბარცხანაში“ ქუჩების რეკონსტრუქციისთვის  

ბარცხანის დასახლებაში 18 ქუჩისა და ჩიხის კეთილმოწყობაში ბათუმის ბიუჯეტიდან 4,5 მილიონზე  მეტი ლარი დაიხარჯება. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვისთვის ბათუმის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სავარაუდო თანხა 4 530 195 ლარია.

ბარცხანის დასახლებაში სამუშაოები შემდეგ ქუჩებზე ჩატარდება:

quCebi barcxana

ქუჩებზე დაიგება ასფალტბეტონი, მოეწყობა ბაზალტის ბორდიურები, დაიგება დეკორატიული ფილები.

პროექტით გათვალისწინებულია ორი ტიპის საგზაო სამოსის მოწყობა:

ტიპი I

  • შემასწორებელი ფენის მოწყობა წვრილმარცვლოვანი ა/ბეტონით, სისქე 2.5 სმ;
  • თხევადი ბიტუმის მოსხმა;
  • საფარი-წვრილმარცვლოვანი, მკვრივი, ფოროვანი ა/ბ ცხელი ნარევი, მარკა II, h= 5 სმ

ტიპი II

  • ქვესაგები ფენა – ქვიშა-ხრეშოვანი ნარევი, h=35 სმ;
  • საფუძველი – ფრაქც. ღორღი (0-40)მმ, სისქით 15სმ (ГОСТ 2507-83);
  • თხევადი ბიტუმის მოსხმა;
  • საფარის ქვედა ფენა – მსხვილმარცვლოვანი ფოროვანი ღორღოვანი ა/ბეტონის ცხელი ნარევი მარკა II, სისქით 6სმ (ГОСТ 9128-84);
  • თხევადი ბიტუმის მოსხმა;
  • საფარის ზედა ფენა -წვრილმარცვლოვანი მკვრივი ღორღოვანი ა/ბეტონის ცხელი ნარევი ტიპი „Б“ მარკა II, სისქით 4 სმ.

სატენდერო პირობების თანახმად, „სამუშაოს დაწყებამდე ყველა არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომლებიც იმყოფებიან სამუშაო ზონაში, გახსნილი უნდა იქნას მათი ჩალაგების სიღრმის და გეგმაში განლაგების დაზუსტების მიზნით. ეს პროცესი უნდა ხდებოდეს იმ მუშაკთა თანდასწრებით, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამ კომუნიკაციების ექსპლუატაციაზე. აღნიშნული კომუნიკაციები აღნიშნული უნდა იყოს გამაფრთხილებელი ნიშნებით. მშენებლობის დამთავრების შემდეგ სრულდება სამშენებლო ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების სრული კომპლექსი“.

კაპიტალური სამუშაოების ჩატარებისას გზაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტრანსპორტის მოძრაობა, რის გამოც სამუშაოები უნდა ჩატარდეს ეტაპობრივად, ჯერ გზის ერთ ნახევარზე, მერე მეორე ნახევარზე ტრანსპორტის მოძრაობის შენარჩუნებით, შემდეგ კი პირიქით.

სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებამდე ტენდერში გამარჯვებულმა მიმწოდებელმა შემსყიდველ ორგანიზაციას შესათანხმებლად უნდა წარმოუდგინოს სანიაღვრე სისტემების მოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია შესაბამისი ნიშნულებისა და ქანობების მითითებით.

საგარანტიო პერიოდი შეადგენს 24 თვეს სამუშაოების დასრულებიდან. სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის პირველ ივნისამდე. ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 9 თებერვალს დაიწყება და 14 თებერვალს უნდა დასრულდეს.

ოცამდე ქუჩის, შესახვევისა და ჩიხის კეთილმოწყობას იწყებს ბათუმის მერია ე.წ. „ბონის“ დასახლებაშიც, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან  4 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

ქობულეთის ცენტრში აფთიაქი დააყაჩაღეს

15 იანვარს, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, აფთიაქი დააყაჩაღეს. ენმ-ეს წევრის, რეზო ხარაზის ინფორმაციით, შემთხვევა ღამის 12 საათამდე მოხდა. მისი თქმით, აფთიაქთან ახლოს პოლიციაც პატრულირებდა.

„აფთიაქი არის ქობულეთის ცენტრში, ავტოსადგურთან ახლოს. იქვე იყო პატრულიც, მაგრამ ფაქტია, რომ მაინც მოხდა ყაჩაღობა,“-გვეუბნება ის.

შს სამინისტრო აფთიაქის დაყაჩაღების ფაქტს ადასტურებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსსკ-ის 179  მუხლით. „დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და ამ დროისთვის მიმდინარეობს  ღონისძიებები მის დასაკავებლად“.

შს ინფორმაციით, აფთიაქის დაყაჩაღების დროს ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა პატრული: „შემდეგ შემოვიდა განცხადება და დაიწყო გამოძიება“, განაცხადეს შსს-ში.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ისევ ხელმძღვანელის გარეშე

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ხელმძღვანელის გარეშე მუშაობს. მირანდა ჩარკვიანის სამსახურიდან წასვლის შემდეგ სააგენტოს უფროსის მოვალეობას არავინ ასრულებს, რადგან ვაკანტურია მოადგილის თანამდებობაც. ამ თანამდებობაზე არავინ დაუნიშნავთ მას შემდეგ, რაც ბიძინა აფხაზავა გაათავისუფლეს.

ეს ვითარება ხელსაყრელი შეიძლება აღმოჩნდეს იმ დეველოპერებისთვის, რომლებსაც ახალი მშენებლობის წამოწყება ძეგლის ხარჯზე სურთ ან უკვე დაწყებულ პროექტში ცვლილების შეტანა უნდათ. კანონის მიხედვით, თუ კერძო ან იურიდიული პირი ამ მიზნით სააგენტოს მიმართავს და 20 დღის ვადაში მისგან პასუხს ვერ მიიღებს, ეს იქნება ავტომატური თანხმობა, ანუ დეველოპერს შეეძლება ძეგლის დემონტაჟი თუ პროექტის შეცვლა…

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს კი, ამ დროისთვის ოფიციალურ წერილზე ხელის მომწერი პირი არ ჰყავს, შესაბამისად, ვერც შესულ განცხადებებს გასცემენ პასუხს. ხელმძღვანელი არც სააგენტოს ნებართვებისა და მონიტორინგის გაცემის განყოფილებას ჰყავს მას შემდეგ, რაც ზაურ ახვლედიანი სამუშაოდ უმაღლეს საბჭოში გადავიდა.

აჭარის მთავრობაში განაცხადეს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის სააგენტო აჭარის განათლების სამინისტროზე დაქვემდებარებული ორგანოა და, შესაბამისად, სააგენტოს მუშაობაზეც განათლების მინისტრია პასუხისმგებელი.

აჭარის განათლების მინისტრმა, ინგა შამილიშვილმა კი განმარტა, რომ ის სააგენტოს მუშაობას აკონტროლებს და იცის ინფორმაციები, რომლებზეც სააგენტო დღეს მუშაობს. მინისტრის თქმით, ის ფლობს ინფორმაციას სააგენტოში შესულ განცხადებებზე და ამ დროისთვის საგანგაშო არაფერია: „ყველა განცხადებას, რაც შემოსულია, აქვს ხარვეზი და გადაუვადდათ ვადები, რომ შეავსონ დოკუმენტები“.

აჭარის მთავრობაში ბოლო პერიოდში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა. მთავრობაში აცხადებენ, რომ სააგენტოს ხელმძღვანელსაც მალე დანიშნავენ.

რატომ არ მისცეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოხელეებს 100%-იანი პრემია საახალწლოდ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა საახალწლოდ მეხუთე, ხელფასის 100%-ის ოდენობით პრემიის აღებას გეგმავდა. მსგავსი მოთხოვნით მიმართეს კიდეც საკრებულომ და გამგეობამ ხაზინას, თუმცა უარი მიიღეს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, სულხან ოქროპირიძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, ხაზინასთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ ისინი პრემიის სახით ხელფასის მხოლოდ 50% ოდენობას დასჯერდებოდნენ.

„ჩვენ გვქონდა თანხა ხაზინაში 100-პროცენტიანის, მაგრამ 50 პროცენტი დაირიცხა“, – გვეუბნება  სულხან ოქროპირიძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, – არის თუ არა ეს თვითმმართველობის უფლებებში ჩარევა ხაზინის მხრიდან? საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ გადაწყვეტილება მოლაპარაკების შედეგად მიიღეს.

„ეს მოხდა ჩვენი თანხმობის საფუძველზე. საერთო მიდგომა იყო, რომ დღევანდელი სოციალური ფონიდან გამომდინარე, გაცემულიყო 50-პროცენტიანი პრემია.  ჩვენ, პრემიერის ბრძანების საფუძველზე შვიდი პრემიის აღების უფლება გვაქვს, – ოთხი კვარტალურის და სამი სადღესასწაულოს. ჩვენ ოთხი პრემა აღებული გვქონდა, ეს მეხუთე პრემია იყო სადღესასწაულო“, – ამბობს სულხან ოქროპირიძე.

რაც შეეხება ქობულეთის გამგებელს – სულხან ევგენიძე „ბათუმელებთან“ უარყოფს, რომ ხაზინას ასპროცენტიანი პრემიების გაცემის მოთხოვნით მიმართეს.

„უარი არ უთქვამს ხაზინას, ჩვენ მოვითხოვეთ 50-პროცენტიანი და დაგვირიცხეს. ბრძანება გვაქვს 50-პროცენტიანზე. სხვა არ ვიცი, საკრებულოს ჰკითხეთ“, – გვითხრა გამგებელმა.

სამსუნის თეატრი ბათუმში სპექტაკლს უფასოდ გამართავს

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ინფორმაციით, 17 იანვარს ბათუმში სამსუნის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო წარმოდგენა – „გულდესტანი“ (GÜLDESTAN) გაიმართება. 

წარმოდგენაზე დასწრება უფასოა. სპექტაკლი 19:00 საათზე დაიწყება და მხოლოდ ერთი დღით იქნება წარმოდგენილი.

სამსუნის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ბათუმში სპექტაკლებს თითქმის ყოველ წელს მართავს.

ღვიძლის ტრანსპლანტაციის ხარჯებს აჭარაში წელს 5 პაციენტს დაუფინანსებენ

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ჩატარებას [საქართველოს სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებებში] დაფინანსდებიან ერთჯერადად 50 000 ლარის ფარგლებში.

2017 წლის განმავლობაში ღვიძლის ტრანსპლანტაციის ხარჯები დაუფინანსდება 5 პაციენტს რიგითობისა და მოცდის პრინციპის გათვალისწინებით ქირურგ-ტრანსპლანტოლოგის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად.

გასულ წელს სამინისტრო პაციენტს ერთჯერადად 10 ათასი ლარის ფარგლებში აფინანსებდა.

პაციენტებს სამინისტრო ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში აფინანსებს.

ჯანდაცვის პროგრამებში ჩართვისათვის ბენეფიციარმა სამინისტროში უნდა წარადგინოს:

– განცხადება;

– ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა – IV-100/ა; (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად);

– ანგარიშ ფაქტურა გაცემული სამედიცინო დაწესებულების მიერ;

– პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება;

– საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარის მშობლის ან წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

– საჭიროების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის ასლი;

– ქვეპროგრამის მოსარგებლის დამადასტურებული დოკუმენტი.

შენიშვნა

  • პროგრამების მოსარგებლე 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.
  • პროგრამების მოსარგებლეს უფლება აქვს, თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.
  • არ დაფინანსდება უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება, საზღვარგარეთ მკურნალობა და სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული თანაგადახდა მოსარგებლის მხრიდან.

შსს: აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოვიღეთ

შსს-ს ინფორმაციით,  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული მ.ს., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

„სამართალდამცველებმა, მ.ს.-ს პირადი ჩხრეკისას, 100 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს“ – აცხადებენ სამინისტროში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს [საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით].

ენმ-ის ფრაქციები აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში არ დაიშლება

ბათუმის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე, გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ საკრებულოში მათი ფრაქცია არ დაიშლება. „ვრჩებით ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, მეც და სხვებიც. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას უკეთესი მომავლისთვის“, – ამბობს გიორგი კირთაძე.

ნაციონალურ მოძრაობას ბათუმის საკრებულოს ფრაქციაში სამი წევრი ჰყავს – თავად გიორგი კირთაძე, ნოდარ დუმბაძე და ჯუმბერ კახიძე.

გიორგი კირთაძის ინფორმაციითვე, რომელიც ამავე დროს არის ბათუმში ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარე, აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში მათი პარტიის ფრაქციები არ დაიშლება, გარდა ხულოს საკრებულოსი.

ხულოს საკრებულოში  ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის დაშლის შესახებ 13 იანვარს განაცხადეს – პარტიის რიგები ხუთწევრიანი ფრაქციიდან ოთხმა დატოვა.

ნაციონალური მოძრაობის პარტიის დაშლის შესახებ პარტიის ლიდერებმა თბილისში 12 იანვარს განაცხადეს. სწორედ მას შემდეგ დაიწყო პარტიის გაყოფა ქვეყნის მასშტაბით. აჭარაში ამ პარტიის ხელმძღვანელები კვლავაც მიხეილ სააკაშვილის გუნდში რჩებიან.

ავტოავარიის შედეგად ბათუმში 17 წლის მოზარდი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში 5 იანვარს მოხდა. ავტოავარიის შედეგად სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებით ავტომანქანაში მყოფი 17 წლის გოგონა რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

გოგონა 13 იანვარს გარდაიცვალა.

ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ ახალი წლის შემდეგ სულ სამი გამოძახება ჰქონდათ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე. როგორც ამ უწყებაში „ბათუმელებს“ უთხრეს, აქედან ორი შემთხვევა გზის მოყინვის გამო მოხდა. მძიმე დაზიანებები არც ერთხელ არ დაფიქსირებულა.

თუმცა, სასწრაფო დახმარების სამსახურში „ბათუმელებს“ ასევე განუცხადეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე, რის შედეგადაც გოგონა გარდაცვალა, სასწრაფო სამსახურის ჯგუფი გამოძახებული არ ყოფილა.

შს სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, რომ გოგონას დაღუპვის გამო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

როგორ ვისარგებლოთ ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამით აჭარაში

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამა „ითვალისწინებს გარკვეული სოციალური კატეგორიის მოსახლეობის მკურნალობასთან დაკავშირებული იმ ფინანსური რისკებისგან დაცვას, რომელიც ვერ იფარება მოქმედი სახელმწიფო პროგრამებით“.

პროგრამით მოსარგებლეები:

  • პაციენტები სტიქიური მოვლენებისა და კატასტროფების შედეგად გამოწვეული დაზიანებებით;
  • 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები;
  • შშმ პირები;
  • ომის ვეტერანები;
  • ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები);
  • მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები;
  • ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეები;
  • პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირები;
  • უსახლკაროთა თავშესაფარის კონტინგენტი;
  • უსახლკაროები;
  • მარტოხელა მშობლები და მათი არასრულწლოვანი(18 წლამდე) შვილები;
  • ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლი პირები;

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამით ასევე ისარგებლებენ ის პაციენტები, რომლებსაც ამ დროისთვის  არა აქვთ მინიჭებული 200 000-მდე სარეიტინგო ქულა, მაგრამ მათი მატერიალური მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას დააფინანსოს აუცილებელი სამედიცინო მომსახურება, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებიდან  წარმოდგენილი შუამდგომლობით.

დაფინანსების ფორმა

მკურნალობა დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით შემდეგი პროპორციებით:

1000 ლარის ჩათვლით – 100%-ით;

1000 ლარზე მეტი 2000 ლარის ჩათვლით – 90%-ით;

2000 ლარზე მეტი  3000 ლარის ჩათვლით – 80%-ით;

3000 ლარზე მეტი – 70%-ით; თუმცა არაუმეტეს 7000 ლარისა.

პროგრამებში ჩართვისათვის ბენეფიციარმა სამინისტროში უნდა წარმოადგინოს:

– განცხადება;

– ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა – IV-100/ა; (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად);

– ანგარიშ ფაქტურა გაცემული სამედიცინო დაწესებულების მიერ;

– პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება;

– საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარის მშობლის ან წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

– საჭიროების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის ასლი;

– ქვეპროგრამის მოსარგებლის დამადასტურებული დოკუმენტი.

შენიშვნა

  • პროგრამების მოსარგებლე 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.
  • პროგრამების მოსარგებლეს უფლება აქვს, თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.
  • არ დაფინანსდება უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება, საზღვარგარეთ მკურნალობა და სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული თანაგადახდა მოსარგებლის მხრიდან.

აჭარაში ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიმდინარე წელშიც აგრძელებს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელებას. პროგრამა აჭარის მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარითაა დაფინანსებული.

  • ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა ითვალისწინებს ეკომიგრანტთა უზრუნველყოფას უსაფრთხო საცხოვრისით. პროგრამით გათვალისწინებულია ბენეფიციარის დაფინანსება, მის მიერ შერჩეული საცხოვრებელი ფართობის შესყიდვისათვის, არაუმეტეს 25 000 ლარის ფარგლებში.

პროგრამით მოსარგებლეები

  • პროგრამით ისარგებლებენ ეკომიგრანტთა მონაცემების მუდმივად განახლებად ერთიან ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებული ეკომიგრანტები, რომელთაც მინიჭებული აქვთ პრიორიტეტულობის ქულა.

დაფინანსების ფორმა

  • საცხოვრებელი ფართობის ღირებულების ანაზღაურდება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, გამყიდველის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, უძრავი ქონების ნასყიდობის თაობაზე, ხელშეკრულებაში ასახული ქონების ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული თანხისა [ან 25 ათასი ლარისა].
  • იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ფართობის გასაყიდი ღირებულება აღემატება პროგრამით განსაზღვრულ თანხას, სურვილისა და შეთანხმების  შემთხვევაში,  ბენეფიციარი ფართობის შეძენის მიზნით თავად დაფარავს დარჩენილ სხვაობას.

პროგრამაში  ჩართვისათვის აუცილებელია

  • ბენეფიციარმა უნდა მიმართოს შესაბამის თვითმმართველ ერთეულს, დაზიანებული საცხოვრებელი ფართობის  მდებარეობის მიხედვით.

შენიშვნა

  •  აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბენეფიციარი 2010 წლის 1 იანვრიდან უწყვეტად უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ტერიტორიაზე;
  • ამასთან, პროგრამაში ჩართვის მიზნით არ განიხილება დაზარალებული ოჯახების განაცხადები, რომლებსაც სხვადასხვა უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციით სახელმწიფოსგან ან დონორი ორგანიზაციებიდან, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე მიღებული აქვთ დახმარების სახით საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება  ან ფაქტიურ მფლობელობაში/საკუთრებაში გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართობი.

უსახლკაროები ხელისუფლების დახმარების მოლოდინში [ვიდეო] 

 

მთავრობამ საპატრიარქოს დაფინანსება 3 მილიონით შეუმცირა

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 5 მაისის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტროს  საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოსთვის  3 მილიონ 737 ათას 400 ლარი უნდა გადაერიცხა. ეს თანხა სამების საკათედრო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაცია-აღდგენას და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს უნდა მოხმარებოდა.

მიმდინარე წლის 13 იანვარს გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის განკარგულება, რომლის მიღების თარიღად გასული წლის 30 დეკემბერია მითითებული. ამ განკარგულებით საქართველოს საპატრიარქოს ნაცვლად 3 მილიონ 737 ათას 400 ლარისა, სარეზერვო ფონდიდან მხოლოდ 737 ათას  400 ლარი გადაერიცხება.

მთავრობის შესაბამის განკარგულებაში მითითებულია, რომ ცვლილება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად განხორციელდა. ამ მუხლის მიხედვით კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.

გასული წლის 29 დეკემბრის განკარგულებით მთავრობამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაავალა „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონისათვის ფინანსური დახმარების გაწევა 280 ათასი ლარის ოდენობით“.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისევე როგორც წინა წლებში, საქართველოს საპატრიარქოსთვის 25 მილიონი ლარია გამოყოფილი.

კურორტი „გოდერძი” – უპასუხო კითხვები უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით

„სათხილამურო გზებზე უსაფრთხოების დაცვა, მარკირებები, ნიშნები, ტრასა იყოს დატკეპნილი და ასე შემდეგ, რასაც ჩვენ ვმართავთ და რა პასუხისმგებლობასაც ჩვენ ვიღებთ, ეს „გოდერძზე“ გვაქვს მაქსიმალურად იდეალურ მდგომარეობაში. რაც შეეხება სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, თუ  პოლიციას, ჩვენ მათ კომპეტენციაში ვერანაირად ვერ ჩავერევით“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში გიორგი ლომიამ, „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ წარმომადგენელმა, კურორტ „გოდერძის“ მთის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ.

სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძიზე“ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, გუშინ, 13 იანვარს თემურ გაბაიძე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, დაზარალებულის ტრანსპორტირებას ბათუმამდე დიდი დრო დასჭირდა. ასევე მათი თქმით, კურორტზე არ არის უსაფრთხოების ნორმები დაცული, არ მუშაობს სამაშველო სამსახური და არც სამედიცინო დაწესებულება.

„შეუძლია ნებისმიერს ამოვიდეს აქ და შეამოწმოს რამდენადაა სათხილამურო ტრასაზე უსაფრთხოების წესები დაცული. ამ მხრივ ყველაფერი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს“, – აცხადებს გიორგი ლომია.

კითხვაზე, კურორტზე  უნდა იყოს თუ არა რეანომობილი?- გიორგი ლომია ამბობს: „მე რომ მკითხოთ, ცალკე აღებულ ადამიანს, ყველაფერი უნდა იყოს, საავადმყოფოც კი. მაგრამ ეს ჩვენი კომპანიის კომპეტენცია არაა. აქ, კურორტის ადმინისტრაციულ შენობაში სასწრაფო დახმარების პუნქტი არის და თუ რაიმე მძიმე შემთხვევაა, შემდეგ გადაჰყავთ საავადმყოფოში. იგივე მოხდა ახლაც, ჩვენი მოვალეობა და ვალდებულება რაც იყო – ჩამოიყვანეს ჩვენმა მაშველებმა სამ წუთში ადგილიდან სამედიცინო პუნქტში, ანუ ძალიან ოპერატიულად. შემდეგ უკვე ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებენ ექიმები. რა უნდა გააკეთონ, რამდენი ხანი გააჩერონ, თუ უნდა გადაიყვვანონ – ეს უკვე ჩვენი სამსახურის საქმე არაა“.

გიორგი ლომიას თქმით, ცალკე რეანომობილი არც ერთ კურორტს არ ემსახურება, მითუმეტეს არც ვერტმფრენი. შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ „გოდერძის“ გარდა საქართველოში კიდევ სამ სამთო კურორტს მართავს – სვანეთი, გუდაური, ბაკურიანი. „რაც გუდაურში გაკეთდა ორი წლის წინ, მაგალითად, ის გაცილებით დიდი ამბულატორიაა, მაგრამ რომ რამე, მათაც გადაჰყავთ მგონი უახლოეს საავადმყოფოში“, – ამბობს გიორგი ლომია.

შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექვემდებარება.

კურორტი „გოდერძის“ მართვა, შპს „გოდერდზირესორტს“-ის დირექტორის, ჯემალ ბოლქვაძის განცხადებით, 2015 წლის 5 დეკემბრიდან გადაცემულია „მთის კურორტების განვითარების კომპანიაზე“.  დირექტორის განცხადებით, ამავე კომპანიაზეა გადაცემული ყველა ის ინვენტარი და სპეციალური მოწყობილობა, რაც სათხილამურო ტრასების უსაფრთხოებისთვის „გოდერდზირესორტსმა“ 2012 და 2014 წლებში შეისყიდა.

კურორტ გოდერძიზე [G02 საბაგირო გზის] სასრიალო ტრასების დამცავი ბარიერებისა და საინფორმაციო ნიშნების განთავსების ზოგადი გეგმა კი თავის დროზე „გეოგრაფიკმა“ შეიმუშავა.

ვინ არის პასუხისმგებელი და გათვალისწინებულია თუ არა, ვინ უნდა უზრუნველყოს კურორტის მედპუნქტიდან დაშავებულის სასწრაფოდ გადაყვანა საავადმყოფოში? რა უნდა გაკეთდეს, რათა ანალოგიური შემთხვევა თავიდან იქნეს აცილებული? – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად „გოდერდზირესორტსიდან“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გადაგვამისამართეს [ეს კომპანია ამ სამინისტროს ექვემდებარება]. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კი “ბათუმელების” ზარებს არ უპასუხეს.

ბათუმში ყაჩაღობაში ბრალდებული „სანტა“ დაკავებულია

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული ჯ.მ., ყაჩაღობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის 31 დეკემბერს, ღამით, სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილი ბრალდებული ბათუმში, სუპერმარკეტში მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში შეიჭრა და სათამაშო იარაღის მუქარით 8 820 ლარი გაიტაცა. სამართალდამცველებმა ჯ.მ. ბათუმში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით ყაჩაღობაში ბრალდებული მიმდინარე წლის 12 იანვარს დააკავეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს [საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით].

ვალუტის გადამცვლელი ჯიხური, რომელიც 31 იანვარს დააყაჩაღეს ბათუმში, სუპერმარკეტ „იალჩინში“ მდებარეობს. მიმდინარე წლის 3 იანვარს კი, მძარცველებმა სუპერმარკეტ “იალჩინის” თანამშრომლები მეორედ, ადლიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააყაჩაღეს. ეს საქმე ჯერ გაუხსნელია. სუპერმარკეტში არ ამბობენ თუ რა რაოდენობის თანხა წაიღეს მძარცველებმა.

“გოდერძიზე” მიღებული ტრავმის შედეგად აჭარის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გარდაიცვალა

სამთო-სათხილამურო კურორტ “გოდერძიზე” მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დღეს თემურ გაბაიძე გარდაიცვალა. თვითმხილველის თქმით, თემურ გაბაიძე ფეხსაცმლის ზონარს იკრავდა, როდესაც კურორტის სხვა ბინადარმა თხილამურებით გადაუარა. თემურ გაბაიძემ ქალა-ტვინის დაზიანება მიიღო.

გარდაცვლილის მეგობრის თქმით, დაზარალებულის ტრანსპორტირებას ბათუმამდე შვიდი საათი დასჭირდა. ასევე მათი თქმით, კურორტზე არ არის უსაფრთხოების ნორმები დაცული, არ მუშაობს სამაშველო სამსახური და არც სამედიცინო დაწესებულება.

თავად კურორტის ადმინისტრაციასთან დაკავშირება “ბათუმელებმა” ვერ მოახერხა.

8 იანვარს თემურ გაბაიძის მეუღლემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოები კურორტ გოდერძიდან შემდეგი კომენტარით: “კურორტზე უსაფრთხოება ნოლია, მხოლოდ საგუნდაოდ წასვლას თუ ვურჩევ მსურველებს”.

თემურ გაბაიძე ბოლო პერიოდში შუახევი ჰესზე მუშაობდა. 2011-2012 წლებში კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის  მინისტრის მოადგილე იყო.

თემურ გაბაიძე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში დღეს, 13 იანვარს გარდაიცვალა.

ხულოს მუნიციპალიტეტში არსებულ სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძს“ სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული შპს „გოდერდზირესორტსი“ მართავს.

აჭარის ტელევიზიის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები

29 დეკემბერს აჭარის ტელევიზიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში 30 კანდიდატი დარეგისტრირდა. კონკურსი ტარდება რედაქტორის, წამყვანი რეპორტიორისა და ვებრედაქტორის პოზიციაზე.  გუშინ, 12 იანვარს, ტელევიზიის მმართველთა საბჭომ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე გამოავლინა კონკურსის მეორე ეტაპზე გასული 14 კანდიდატის ვინაობა. კონკურსის საბოლოო შედეგები 18 იანვარს გახდება ცნობილი.

ტელევიზიის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის, გია ქარცივაძის თქმით, აჭარის ტელევიზიის კონკურსში მონაწილეები შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ: უმაღლესი განათლება, სამოტივაციო წერილი და მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება. შესაბამისად, წინასწარ დადგენილი მოთხოვნები წამყვანი რეპორტიორის პოზიციაზე ექვსმა კანდიდატმა დააკმაყოფილა, რედაქტორის პოზიციაზე – ხუთმა, ხოლო ვებრედაქტორის პოზიციაზე – ოთხმა კანდიდატმა.

მეორე ეტაპზე გადავიდნენ შემდეგი კონკურსანტები:

ნაზიბროლა ქობულაძე

ხატია იაშვილი

გიგა გელხვიიძე

თეონა ბაკურიძე

იაგო ყურაშვილი

თამილა ხოზრევანიძე

ხვიჩა ვაშაყმაძე

თამარ ქველაძე

ნათია ფერსენაძე

ინგა ბაჯელიძე

ხათუნა გოგუაძე

ილია ბათანიძე

სულხან მესხიძე

17 და 18 იანვარს აჭარის ტელევიზიაში დაგეგმილია გასაუბრება. საკონკურსო კომისიაში იმუშავებენ ჟურნალისტები – ზვიად ქორიძე, ნატა ძველიშვილი და შორენა ღლონტი.

სავარაუდოდ, 18 იანვარსვე გახდება ცნობილი გასაუბრება ვინ გადალახა წარმატებით.

40 ათასამდე ლარი რკინის თაღის გასანათებლად

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე არსებული თაღი [ე.წ. შავი ზღვის კარიბჭე, რომელშიც თავის დროზე 6 მილიონამდე ლარია გადახდილი] განათების გარეშეა. ჩაბნელებული რკინის თაღის განათებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 40 ათასამდე ლარი დაიხარჯება.

თაღის დეკორატიულ განათებაზე [380 მ] ბათუმის მერიას ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს. სავარაუდო თანხაა 39 ათას 189 ლარი.

სატენდერო პირობების თანახმად თაღის განათებისთვის საჭირო სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში, საგარანტიო პერიოდი კი შეადგენს 24 თვეს სამუშაოების დასრულებიდან.

ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 2 თებერვალს უნდა დაიწყოს და 8 თებერვალს დასრულდეს.

თაღი

ჯანდაცვის სამინისტროში ექიმები დააჯილდოვეს

დღეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მინისტრმა ზაალ მიქელაძემ სამედიცინო საქმეში შეტანილი წვლილისათვის 30 მედიკოსი და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი დააჯილდოვა. ექიმებს მინისტრმა მადლობის სიგელები გადასცა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს სიგელი 23 ექიმს გადაეცა. დასაჯილდოებელი მედიკოსები კლინიკების ხელმძღვანელებმა შეარჩიეს.

16112064_1423018131062958_1481946619_n

დაჯილდოებული ექიმები:

  1. შახნალ ფუტკარაძე – ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკის რენტგენ-ლაბორანტი
  2. როზა გიორგაძე – ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკის ზოგადი პროფილის ექიმი და პედიატრი ქეთევან ხურციძე
  3. დარეჯან ჯორბენაძე – თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის მედდა
  4. რუსუდან ხომერიკი – საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის ოჯახის ექიმი
  5. ზეინაბ ფაღავა – ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ანესთეზიოლოგი
  6. ლია ფუტკარაძე – ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექთანი
  7. თამაზ კარანაძე – ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის დირექტორის მოადგილე, დიეტოლოგი.
  8. ზვიად ზამთარაძე – სს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი-2010“-ის ანესთეზიოლოგიური განყოფილების გამგე, სტაციონარის კოორდინატორი
  9. რევაზ ნაკაშიძე – ქ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი-ინფექციონისტი
  10. კლინიკა „მედინა“-ს კარდიოლოგი მერაბ ხვიჩია და მეან-გინეკოლოგი ნანა შენგელია
  11. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის სისხლძარღვთა ქირურგი მერაბ მიქელაძე და ამავე კლინიკის გულ-სისხლძარღვთა ქირურგი შაჰინ ბოზოკი
  12. ნონა ხარაბაძე – კილინიკა „მედცენტრის“ ექიმი ლაბორანტი;
  13. ინგა აბესაძე – ენდოკრინოლოგიური ცენტრის დირექტორი, ენდოკრინოლოგი;
  14. სერგო ცომაია – რესპუბლიკური ფსიქონერვოლოგიური კლინიკური საავამყოფოს ექიმი ფსიქიატრი
  15. სოფიო ბერიძე – ბათუმის რეფერალური საავადმყოფო – ექიმი თერაპევტი,
  16. ფრიდონ სირაბიძე – ქედის რაიონული საავადმყოფო – ექიმი ქირურგი;
  17. მარიამ ქორჩილავა – ქობულეთის რეგიონალური საავადმყოფო – ექიმი თერაპევტი;
  18. მანანა ფუტკარაძე – შუახევის რაიონული საავადმყოფო -ექიმი კარდიოლოგი;
  19. ილია ბერიძე – ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრის ექიმი
  20. ნოდარ მახარაძე – ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულას თსპ-ის მედძმა
  21. შერიფ მახარაძე – შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოს თსპ-ის მედძმა
  22. გუგული ლეონიძე – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგის თსპ-ის მედდა
  23. თემურ ქარცივაძე – სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსი
  24. თამარ ხუხუნაიშვილი – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მთავარი სპეციალისტი
  25. ტარიელ გიორგაძე – სსიპ ლევან სამხარაულის სახლობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი.

გამწვანების სამსახურის უფროსად ბათუმის მერმა ლევან ჭანუყვაძე წარადგინა

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა დღეს, 12 იანვარს, ლევან ჭანუყვაძე წარადგინა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, „ლევან ჭანუყვაძე 2000-2003 წლებში ბათუმის ზღვისპირა პარკის გაერთიანებას ხელმძღვანელობდა, ბოლო წლების განმავლობაში კი კომპანია აგროდეკორ სერვისის გენერელური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ის პროფესიით აგრონომია“.

,,მთელი ჩემი ცხოვრება ვემსახურები აგრონომიასა და ლანდშაპტურ დიზაინს. ჩემი უმთავრესი მიზანია, უახლოეს პერიოდში დავიწყოთ მთელი ქალაქის დასურათება, აღვრიცხოთ, თუ რა არის გასაკეთებელი და, ბათუმის მერიასთან შეთანხმებით, დავიწყოთ რეკონსტრუქცია“ – განაცხადა ლევან ჭანუყვაძემ.

გამწვანების ყოფილი ხელმძღვანელი, ეთერ მაჭუტაძე, ორი დღის წინ ბულვარის დირექტორად დაინიშნა.

მახინჯაურში მრავალწლიანი ხეები მოჭრეს

მახინჯაურში, ყოფილი სანატორიუმი „მზიურის“ ტერიტორიაზე მრავალწლოვან ხეებს ჭრიან. როგორც ადგილობრივებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, აქ გაყავთ გზა ტიტას ხემდე, რომელიც ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შეკვეთილში უნდა გადაიტანოს. ამ გადასატან ხემდე გზის მისაყვანად კი რამდენიმე მრავალწლოვანი ნაძვის ხის მოჭრა გახდება აუცილებელი.

ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხეები, რომლებიც მოიჭრა არ იყო ჯანმრთელი, თუმცა, არც იმ კომპანიის სახელი გვითხრეს, რომელიც სამუშაოებს ატარებს და არც ხეების მოჭრის ნებართვის არსებობა-არარსებობაზე თქვეს რამე: „კოტეჯები უნდა აშენდეს“.

კომპანია „ზიმო“-ში კი, რომელსაც გადააქვს ბიძინა ივანიშვილის ხეები აჭარიდან, „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ისინი ყოფილი „მზიურის“ ტერიტორიაზე არ მუშაობენ და არც „მზიურის“ ახლომახლო ტერიტორიიდან აქვთ დაგეგმილი ხის გატანა: „ჩვენ არ გაგვაქვს და სხვა კომპანიას თუ გააქვს ვერ გეტყვით“. „ზიმოში“ გვითხრეს, რომ შესაძლოა ივანიშვილის ხეების გატანაზე სხვა კომპანიებიც მუშაობდნენ.

ყოფილი პანსიონატ „მზიურისა“ და სანატორიუმ „მახინჯაურის“ ტერიტორიები აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისა კომპანიაზე [შპს „სტატოტელი“], რომლის მფლობელი კომპანიაც „საპარტნიორო ფონდის“ პარტნიორია.

„ბათუმელები“ „სტატოტელის“ დირექტორს, გოჩა ჯაიანს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მათ კომპანიას სამუშაოები „მზიურის“ ტერიტორიაზე ჯერ არ დაუწყია: „შევეცდები გავარკვიო რა ხდება“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში საკითხის გარკვევს დაგვპირდნენ.

ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეების მოჭრასთან დაკავშირებით მათთვის არავის მიუმართავს, თუმცა ისიც განაცხადეს, რომ კერძო მესაკუთრეს უფლება აქვს საკუთარ ნაკვეთში ნებისმიერი ჯიშის ხე მოჭრას.

ხეები კერძო ტერიტორიაზეა მოჭრილი თუ არა, „ბათუმელებმა“ ჯერჯერობით ვერც ეს დააზუსტა.

ყოფილი სანატორიუმი „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორია. 12.01.2017. ფოტო: თედო ჯორბენაძე
ყოფილ სანატორიუმ „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორია. აქ მოჭრილია ერთი ნაძვი, მეორე კი სავარაუდოდ, მაგნოლიაა. 12.01.2017. ფოტო: თედო ჯორბენაძე
ყოფილი სანატორიუმი „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორია. 12.01.2017. ფოტო: თედო ჯორბენაძე
ნაძვის ტოტებით მოფენილი „გზა“ ყოფილი სანატორიუმი „მზიურის“ ტერიტორიაზე. 12.01.2017. ფოტო: თედო ჯორბენაძე
ყოფილი სანატორიუმი „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორია. 12.01.2017. ფოტო: თედო ჯორბენაძე
ყოფილი სანატორიუმი „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორია. 12.01.2017. ფოტო: თედო ჯორბენაძე
ყოფილი სანატორიუმი „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორია. 12.01.2017. ფოტო: თედო ჯორბენაძე
ყოფილი სანატორიუმი „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორია. როგორც ამბობენ, ბიძინა ივანიშვილს სავარაუდოდ, იმ მრავალწლოვანი ხის გადატანა სურს შეკვეთილში, რომელიც ამ ნაძვების უკან მოჩანს. გზის მისაყვანად კი რამდენიმე ნაძვის მოჭრა გახდება აუცილებელი. 12.01.2017. ფოტო: თედო ჯორბენაძე
IMG_20170112_131550
ყოფილ სანატორიუმ „მზიურის“ ტერიტორია. 12.01.2017. ფოტო: თედო ჯორბენაძე

მასწავლებლები გაზრდილ ხელფასს 20 იანვრიდან აიღებენ

საჯარო სკოლის პედაგოგებს, რომლებსაც საგნობრივი გამოცდა ჩაბარებული აქვთ, განათლების მინისტრის ბრძანების შესაბამისად, გაზრდილ ხელფასს 20 იანვრიდან აიღებენ.

ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი, მარიზა აბაშიძე გვეუბნება, რომ გაზრდილი ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება უკვე მიიღეს:

„ხელფასი იზრდება 20 იანვრიდან, თუმცა, ბრძანება უკვე მოვიდა. ამ ეტაპზე, ხელფასი ემატება მხოლოდ იმ პედაგოგებს, ვისაც საგნობრივი გამოცდა აქვთ ჩაბარებული. აქამდე, ე.წ. სერტიფიცირებული მასწავლებლის ხელფასის ნამატი 160 ლარი იყო, ახალი ბრძანებით კი 320 ლარი იქნება“, – გვეუბნება დირექტორი.

მისი განცხადებით, გაზრდილ ხელფასს მის სკოლაში მხოლოდ 40 მასწავლებელი მიიღებს.

„ესენი არიან უფროსი კატეგორიის მასწავლებლები, ანუ ისინი, ვინც საგნობრივი გამოცდა ზაფხულში ან უფრო ადრე ჩააბარა. უფროსი კატეგორიის მასწავლებელზე მაღალი კატეგორიის მასწავლებელი დღევანდელი მონაცემებით სკოლაში არ მყავს“, – აცხადებს მარიზა აბაშიძე.

2017 წლიდან გარკვეული კატეგორიის მასწავლებელთა ხელფასების ზრდის შესახებ ბრძანება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, 2016 წლის 30 დეკემბერს გამოსცა.  (ბრძანება №181/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №181/ნ 2016 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №181/ნ
2016 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი

 

ივანიშვილმა აჭარიდან ხეების გატანა განაახლა [ფოტო]

აჭარიდან ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შერჩეული და შესყიდული მრავალწლოვანი ხეების გურიაში, კერძოდ შეკვეთილში გადატანის პროცესი მალე განახლდება. ჩაქვიდან, ბუკნარიდან, ციხისძირიდან რამდენიმე ძირ ხეს ამზადებენ გადასატანად – მაგნოლიები, ტიტას ხეები, ჭადარი და სხვ. ხეების გატანის მიზნით, რამდენიმე მიმართულებით გზები გაჰყავთ. სპეციალისტების შეფასებით, ეს პროცესი შეიცავს ციხისძირში ლანდშაფტის დაზიანების რისკებს.

ხეების გადატანაზე კვლავ კომპანია „ზიმო“ მუშაობს. კომპანიაში არ აზუსტებენ რამდენი ძირი ხის გადატანაა კიდევ დაგეგმილი და რა თანხა იხარჯება ხეების გატანასა თუ გზების კეთებაზე: „ბევრია. ძირითადად კერძო მესაკუთრეების ტერიტორიებზე“.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი შეკვეთილში დენდროლოგიური პარკს აშენებს.

ხის გადატანა
მაგნოლია გადასატანად მზადაა. ციხისძირი. 12 იანვარი 2017 წელი. ფოტო: თედო ჯორბენაძე
ხის გადატანა
მაგნოლია გადასატანად მზადაა. ტვირთი, როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს, 240 ტონას იწონის. ციხისძირი. 12 იანვარი 2017 წელი. ფოტო: თედო ჯორბენაძე
ხის გადატანა
მაგნოლია გადასატანად მზადაა. ტვირთი, როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს, 240 ტონას იწონის. ციხისძირი. 12 იანვარი 2017 წელი. ფოტო: თედო ჯორბენაძე
ხის გადატანა
მაგნოლია გადასატანად მზადაა. ციხისძირი. 12 იანვარი 2017 წელი. ფოტო: თედო ჯორბენაძე
ხის გადატანა
ადგილი ციხისძირში, სადაც მრავალწლოვანი მაგნოლია ამოთხარეს. 12 იანვარი 2017 წელი. ფოტო: თედო ჯორბენაძე
ხის გადატანა
მაგნოლიას, რომელიც მზადაა გადასატანად, ბობოყვათში, ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარედ გადაიტანენ რკინიგზაზე. დროებითი შლაგბაუმის მომზადების პროცესი. ბობოყვათი. 12 იანვარი 2017 წელი. ფოტო: თედო ჯორბენაძე
ხის გადატანა
მაგნოლიას, რომელიც მზადაა გადასატანად, ბობოყვათში, ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარედ გადაიტანენ რკინიგზაზე. დროებითი შლაგბაუმის მომზადების პროცესი. ბობოყვათი. 12 იანვარი 2017 წელი. ფოტო: თედო ჯორბენაძე
ხის გადატანა
მაგნოლიას, გემზე ბობოყვათში, ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარედ გადაიტანენ. სპეციალური დროებითი პირსის მომზადების პროცესი. ბობოყვათი. 12 იანვარი 2017 წელი. ფოტო: თედო ჯორბენაძე

ხის გადატანა
მაგნოლიას, გემზე ბობოყვათში, ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარედ გადაიტანენ. ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალიდან პლაჟამდე [პირსამდე] სპეციალური გზა კეთდება. ბობოყვათი. 12 იანვარი 2017 წელი. ფოტო: თედო ჯორბენაძე
ხის გადატანა
მაგნოლიას, გემზე ბობოყვათში, ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარედ გადაიტანენ. ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალიდან პლაჟამდე [პირსამდე] სპეციალური გზა კეთდება. სამუშაოები, როგორც აქ დასაქმებულები ამბობენ ერთი კვირის შიგნით დასრულდება. ბობოყვათი. 12 იანვარი 2017 წელი. ფოტო: თედო ჯორბენაძე

ხის გადატანა
ამ მაგნოლიებს ერთად გადაიტანენ. ბუკნარი. 12 იანვარი 2017 წელი. ფოტო: თედო ჯორბენაძე
ხის გადატანა
ამ მაგნოლიებს ერთად გადაიტანენ. ბუკნარი. 12 იანვარი 2017 წელი. ფოტო: თედო ჯორბენაძე
ხის გადატანა
ამ გადაჭრილ ჭადარსაც შეკვეთილში გადაიტანენ. ბუკნარი. 12 იანვარი 2017 წელი. ფოტო: თედო ჯორბენაძე
ხის გადატანა
კიდევ ერთი ხე [ცენტრში, სავარაუდოდ, ჭადარი] რომელსაც ჩვენი ინფორმაციით შეკვეთილში გადაიტანენ. ბუკნარი. 12 იანვარი 2017 წელი. ფოტო: თედო ჯორბენაძე

ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფო ხუთი თვის წინ დარეგისტრირებულმა კომპანიამ იყიდა

ბათუმის ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფო ხუთი თვის წინ დარეგისტრირებულმა კომპანიამ შპს ჰელს ქეარ გრუპმა იყიდა. აუქციონზე კომპანიამ გუშინ, 11 იანვარს დააფიქსირა, რომ მზად არის ამ ქონებაში 2 მილიონი ლარი გადაიხადოს. ამ კომპანიის მფლობელი და დირექტორი არის გოჩა ბაკურაძე.

გოჩა ბაკურაძე ხონში არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორიც არის.

გოჩა ბაკურაძეს ერთ-ერთი ბათუმელი მოქალაქე 2012 წელს იმისთვის უჩიოდა, რომ დირექტორმა მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი ლელა ჯ. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოათავსა. ასევე მეურვე აცხადებდა, რომ მას დაწესებულებაში ლელა ჯ.-ს მონახულების უფლებას უზღუდავდნენ.

აუქციონის პირობის მიხედვით, 50 წლის განმავლობაში ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფო პროფილს შეინარჩუნებს.

აჭარის მთავრობა სპორტული კომპლექსის წინარე პროექტს აქვეყნებს

აჭარის მთავრობა ბათუმის სასპორტო სკოლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ამ განცხადებაში საუბარია იმაზე, თუ რა ვადებში ააშენებს ხელისუფლება სპორტულ კომპლექსს ბათუმში და როგორი იქნება იგი. ხელისუფლება ასევე აქვეყნებს ასაშენებელი კომპლექსების წინარე პროექტებს. აჭარის ხელისუფლებამ გაასხვისა ის ტერიტიორიები, სადაც სპორტსმენები ვარჯიშობენ, რასაც საზოგადოების პროტესტი მოყვა. აჭარის ხელისუფლების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით რეგიონში რამდენიმე მასშტაბური პროექტის განხორციელება უკვე მიმდინარეობს.  ამ ეტაპზე ბათუმში, ყინულის სასახლის მიმდებარედ, დაწყებულია მულტიფუნქციური სპორტის სასახლის კომპლექსის მშენებლობა, რომლის დარბაზები ჯამში 3100 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სპორტული ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის აგვისტოში  დასრულდება და ობიექტი წელსვე უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს ხელბურთში. გარდა ამისა, რეგიონი ემზადება ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადისთვის, რომელსაც  2018 წელს ბათუმი უმასპინძლებს.

რაც შეეხება სასპორტო სკოლას,  რომლის ირგვლივ ბოლო პერიოდში არაერთგვაროვანი შეფასებები გავრცელდა,  კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სკოლის ადმინისტრაციული,  ე.წ. ბასკოს შენობა არ არის პრივატიზებული (მისი გასხვისება არც სამომავლოდ იგეგმება), ის არ ექვემდებარება დემონტაჟს და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ინვესტორ კომპანიაზე გაასხვისა სასპორტო სკოლის უკან არსებული ორი სპორტული დარბაზის ტერიტორია. სანაცვლოდ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ლეონიძის ქუჩაზე ახალი თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი ააშენოს. ახალ კომპლექსში, პრივატიზებულ ორ ფლიგელში სხვადასხვა სექციაში მოღვაწე სპორტსმენები გააგრძელებენ საქმიანობას.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქალაქში უკვე ათწლეულების განმავლობაში არსებული კიდევ ერთი პრობლემა მოგვარდება: ლეონიძის ქუჩაზე ახალ სპორტულ ცენტრში საცურაო აუზიც აშენდება, სადაც სინქრონული ცურვისა  და წყალბურთის სექციები დაიდებენ ბინას, რაც სპორტის ამ სახეობების განვითარებას შეუწყობს ხელს.

მშენებლობისთვის აუცილებელი პროცედურები დაწყებულია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში უკვე არსებობს შენობის პირველადი პროექტი, რომელიც საბოლოო სახეს უახლოეს პერიოდში, დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს. საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ პროექტის შესყიდვისა და მშენებელი კომპანიის გამოსავლენად შესარჩევი ტენდერები გამოცხადდება, რის შემდეგაც უკვე სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

რაც შეეხება სპორტის იმ სექციებს, რომლებიც დემონტაჟს დაქვემდებარებულ ორ დარბაზში გადიან წვრთნებს, აქაც ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ვიდრე არ მოხდება სპორტსმენების დროებით ალტერნატიულ ფართში განთავსება, სექციების ტექნიკურად სრულად გამართვა, საშხაპეებისა და გამოსაცვლელების სრული აღჭურვა,  შენობების დემონტაჟი არ განხორციელდება. ლეონიძის ქუჩაზე ახალი სპორტული ცენტრის აშენებამდე კი სპორტსმენების სხვა შენობებში განთავსების ხარჯებს შპს „ორბი ჯგუფი“ 18 თვის განმავლობაში დაფარავს. აღნიშნული საკითხი უკვე გაწერილია კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებში, რომლის მიხედვითაც ბათუმში უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიციის განხორციელება იწყება. საუბარია ჯამში 350 მლნ. ლარამდე ღირებულების მასშტაბურ პროექტზე, რომლითაც 1000-ზე მეტი მუდმივი ახალი სამუშაო და 4500-ზე მეტი განთავსების ადგილი გაჩნდება ქალაქში. პროექტი ბათუმში პირველი ქვეითად მოსიარულეთა ხიდის მშენებლობასაც ითვალისწინებს, რაშიც 1 500 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ხიდი, გარდა იმისა, რომ  მოძრაობას განტვირთავს, ქალაქის ზღვისპირა ნაწილს კიდევ უფრო გაალამაზებს.

სასპორტო სკოლის წინარე პროექტი
ხელშეკრულების პირობების თანახმად, ინვესტორი ასევე 10 მეტრი სიგანის ახალი საავტომობილო გზის მოწყობას უზრუნველყოფს, რომელიც გმირთა ხეივანს  დავით ხახუტაიშვილის ქუჩასთან დააკავშირებს.  საავტომობილო გზა გარე განათებით აღიჭურვება.

კომპანია ასევე იღებს ვალდებულებას ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა მოაწყოს. პროექტი ასევე სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის, ღია სპორტული მოედნის,  საგამოფენო დარბაზის, რესტორნების, კაფეების და ბავშვთა გასართობი ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს.

სპორტის ხელშეწყობის მიზნით, აჭარაში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელების პროცედურები მიმდინარეობს. საუბარია წმინდა საფეხბურთო ტიპის საერთაშორისო დონის სტადიონის მშენებლობაზე, რომელიც 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებს დააკმაყოფილებს. გარდა სპორტული მნიშვნელობისა, პროექტს უდიდესი ეკონომიკური დატვირთვა აქვს. სპორტულ ჩემპიონატებთან ერთად,  სამომავლოდ ტერიტორიაზე სხვადასხვა კულტურული ღონისძიების ჩატარება იქნება შესაძლებელი, რაც ქალაქის აღნიშნულ ნაწილს კიდევ უფრო განავითარებს.

სრულად ვაცნობიერებთ, რომ ამ მოცულობის ინვესტიცია რეგიონის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინვესტიციის ხარჯზე უნდა იზარალოს რომელიმე სპორტსმენმა თუ ზოგადად რეგიონის სპორტმა.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სპორტი ჩვენი ხელისუფლებისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ ამ დარგის განვითარებისათვის. რეგიონის ხელისუფლება მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სპორტი კიდევ უფრო განვითარდეს და ამ სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა და სპორტსმენებმა ღირსეულ პირობებში გააგრძელონ ვარჯიში, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებებსა თუ ჩემპიონატებში და უფრო ასახელონ ჩვენი რეგიონი და ქვეყანა.

წარმოდგენილი ფოტომასალა წარმოადგენს წინარე პროექტს”.

ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფო აუქციონზე გაიყიდა

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს პირობებიანი ელექტრონული აუქციონი დასრულდა: ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს 100 პროცენტიანი წილი 2 მლნ. 5 ათას ლარად გაიყიდა. სულ ვაჭრობისას გაკეთდა 762 ბიჯი. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეს ქონება ელექტრონულ პირობებიან აუქციონზე 100 000 ლარად ჰქონდა გამოტანილი.

საავადმყოფოს გასხვისების ერთ-ერთი მთავარი პირობა  ის არის, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 8 თვის ვადაში უნდა დაიწყოს შენობისთვის საჭირო სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რაც უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 36 თვის ვადაში. პირობებიანი აუქციონის მთავარი მოთხოვნაა, რომ შემსყიდველმა კომპანიამ 50 წლის განმავლობაში უწყვეტად უნდა შეინარჩუნოს არსებული სამედიცინო (ფსიქიატრიული) პროფილი. გარდა ამისა, ამ პროექტში ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის განმავლობაში უნდა განახორციელოს არანაკლებ 1 000 000 ლარის ინვესტიცია.

აუქციონის პირობების თანახმად გამარჯვებულმა პირმა ნასყიდობის საფასური ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.

აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აუქციონში გამარჯვებულის ვინაობას ხვალ, 12 იანვარს გაასაჯაროებს.

“ორბი ჯგუფის” დირექტორი სპორტსკოლის თაობაზე ინფორმაციას აზუსტებს

“ორბი ჯგუფის”დირექტორი ირაკლი კვერღელიძე დღეს, 11 იანვარს, “ბათუმელების” მიერ მასთან გამოქვეყნებულ ინტერვიუს გამოეხმაურა. ირაკლი კვერღელიძის თქმით, მას სურს დააზუსტოს ამ ინტერვიუში გამოყენებული შემდეგი ფრაზა: „ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, რომლის მიხედვითაც შენობები არ ექვემდებარება კაპიტალურ დანახარჯებს, შესაბამისად, სახელმწიფომ უარი თქვა მათ გარემონტებაზე“.

ირაკლი კვერღელიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე ექსპერტიზა არ ჩატარებულა და ტერმინი – „ექსპერტიზის დასკვნა“ მან სხვა დატვირთვით გამოიყენა. შესაბამისად, მის მიერ ჩამოყალიბებული წინადადების ახლებური ფორმულირება ასეთია: „უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ არსებობს მოსაზრება, ადრეც იყო მაგაზე საუბარი, რომ შესაძლოა საექსპლუატაციო ვადიდან და ამორტიზებულობიდან გამომდინარე არ ღირდეს მაგ შენობების კაპიტალური რემონტი, რადგან  კაპიტალური ხარჯები შესაძლოა თითქმის ახალი შენობების აშენებას უდრიდეს“.

“ორბი ჯგუფის” დირექტორმა ზემოთ აღნიშნულ ინტერვიუში ბათუმის სასპორტო სკოლის მომავალზე ვრცლად ისაუბრა.

 

 

უმაღლესი საბჭოს დეკემბრის თვის ხელფასები, პრემიები და თანამდებობრივი სარგო

აჭარის ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო მუშაობას 2016 წლის 28 ნოემბერს შეუდგა. „ბათუმელებმა“ უმაღლესი საბჭოდან  გასული წლის დეკემბრის თვეში გაცემული ხელფასებისა და პრემიების შესახებ მონაცემები გამოითხოვა. საბჭოდან მიღებული ინფორმაციით, გასულ თვეში ხელფასის, დანამატისა და პრემიის სახით ჯამში გაიცა 340 ათასამდე ლარი.

დეპუტატების დეკემბრის თვის ხელფასები

უმაღლეს საბჭოში 21 წევრია, რომლებზეც დეკემბრის თვეში თანამდებობრივი სარგოს სახით გაიცა სულ 50 425 ლარი, ხოლო კომპენსაციის სახით 50 743 ლარი. შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ დეკემბრის თვეში ჯამში აიღო 6 325 ლარი, მოადგილე მერაბ კარანაძემ 5 390 ლარი, კომისიების და ფრაქციების თავმჯდომარეებმა – 5170 ლარი და ა.შ.

საბჭოს წევრებზე, საბჭოდან მიღებული ინფორმაციით, პრემიები არ გაცემულა. რაც შეეხება კომპენსაციას – საბჭოს წევრები მას სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის იღებენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების შრომის ანაზღაურება 2016 წლის დეკემბრის თვე:

dekemberi deputatebi

აპარატის თანამშრომელთა დეკემბრის თვის ხელფასები

აჭარის უმაღლესი საბჭოდან მიღებული მონაცემებით, საბჭოს აპარატში [დეპუტატების, ანუ წევრების გარდა] გათვალისწინებულია 104 საშტატო ერთეული. 2016 წლის დეკემბრის თვეში კი 96 თანამშრომელზე თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის სახით გაცემული იქნა:

  • თანამდებობრივი სარგო –  100 268 ლარის ოდენობით,
  • დანამატი –  67 225 ლარის ოდენობით.

დეკემბრის თვის პრემია 

რაც შეეხება პრემიას, უმაღლესი საბჭოდან მოგვწერეს, რომ „2016 წელს პრემია გაიცა მხოლოდ ერთხელ, საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით და სულ გაცემულმა საპრემიო თანხამ [წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე] შეადგინა 70 702 ლარი“.

ხელფასი და პრემია 2017 წელს

2017 წელს უმაღლეს საბჭოში 125 ადამიანზე [წევრების ჩათვლით] ხელფასებში სულ დაიხარჯება 3 მილიონ 464 ათასი ლარი. აქედან:

  • თანამდებობრივი სარგო – 1 943 520 ლარი;
  • პრემია – 24 600 ლარი;
  • დანამატი – 930 080 ლარი;
  • კომპენსაცია [სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელება] – 565 800 ლარი.

გარდა ამისა, წელს, უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებისთვის მთელი წლის განმავლობაში ჯამში 735 200 ლარია გათვალისწინებული, რომელიც ასე გადანაწილდება:

  • ფრაქციების აპარატები – 545 600 ლარი;
  • მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენლები – 97 200 ლარი;
  • სხვა შტატგარეშე მოსამსახურეები – 92 400 ლარი.

ზურაბ პატარაძემ არჩილ ჩიქოვანი აჭარის გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელად წარადგინა

აჭარის მთავრობის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, არჩილ ჩიქოვანი მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარადგინა.

,,ახალი უფროსი ყველაფერს გააკეთებს არსებული პროექტების განხორციელებისთვის და დასრულებისთვის…“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ არჩილ ჩიქოვანის წარდგენისას.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტისთვის აჭარის 2017 წლის ბიუჯეტში 46 მილიონი ლარია გამოყოფილი.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ ჩიქოვანი პროფესიით იურისტია. დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. მას საჯარო სამსახურში მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს. 2013 წლიდან დღემდე ის მთავრობის აპარატში მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი რომანაძე „ქართულმა ოცნებამ“ უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე კანდიდატად დაასახელა. ფრაქცია „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ წევრი გიორგი რომანაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა.

ორბი ჯგუფის დირექტორი სპორტსკოლაზე: არ გვინდა სპორტის დაზარალების ხარჯზე განხორციელდეს პროექტი

ბათუმის სასპორტო სკოლის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების ადგილზე „ორბი ჯგუფი“ სასტუმრო კომპლექსს ააშენებს. აღნიშნულ შენობებში კი, რომელთა დანგრევაზე ხელისუფლებამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, სპორტის რამდენიმე სახეობაში ბავშვები ვარჯიშობენ. სად და რა პირობებში მოუწევთ მათ ვარჯიში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის პერიოდში? – „ბათუმელები“„ორბი ჯგუფის“ გენერალურ დირექტორს ირაკლი კვერღელიძეს ესაუბრა.

პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ის პროექტი, რომელიც მაქ უნდა განხორციელდეს არის საქართველოში უპრეცედენტო. აქ განსახორციელებელი ინვესტიცია 350 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. მიწის ნაკვეთები კი, რაც სახელმწიფომ გადმოგვცა საბაზრო ფასად, იყო ანაკრები მიწის ნაკვეთები, რომელთა ღირებულება ცალკე აღებული იყო ნული. ამიტომ მომიჯნავე მიწის ნაკვეთების ათვისების გარეშე მაქ ვერანაირი, მითუმეტეს ასეთი მასშტაბური პროექტი ვერ განხორციელდებოდა. გვაქვს აღებული სხვა ვალდებულებებიც სახელმწიფოს წინაშე.

ამ ამ შენობებში ათასამდე ბავშვი ვარჯიშობს სპორტის სხვადასხვა სახეობაში. სწორედ ამან გამოიწვია საზოგადოებრივი პროტესტი, რაც, ალბათ, თქვენთვისაც დისკომფორტია. 

როცა დავიწყეთ საუბარი ამ შენობების ათვისებაზე იყო ის, რომ ეს შენობები არის ამორტიზებული. ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, რომლის მიხედვითაც შენობები არ ექვემდებარება კაპიტალურ დანახარჯებს, შესაბამისად, სახელმწიფომ უარი თქვა მათ გარემონტებაზე.  4200 კვ/მ-ია ამ შენობების საერთო ფართობი. სახელმწიფომ დაიწყო ფიქრი და თქვა, რომ რაც შემოვიდოდა პრივატიზებიდან, 10 მილიონზეა დაახლოებით საუბარი, მოხმარდებოდა ისევ ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობას. ახალი სპორტკომპლექსის მშენებლობას რაც შეეხება, გარკვეული კუთხით ჩვენაც ვართ ჩართული. შესაძლოა 8 თვეშიც კი დასრულდეს მშენებლობა, რაც სახელმწიფოს მხრიდან უნდა განხორციელდეს.

თუკი ეგრეა, მაშინ არსებულის დანგრევამდე რატომ არ ააშენეთ ახალი სპორტული კომპლექსი? 

ბიზნესს აქვს თავისი თემები. მე მშენებლობას რომ დავიწყებ იქ, ეს იმდენად უწყვეტი ციკლია, რომ  არ შემიძლია დავიწყო მშენებლობა, შემდგომში ავაშენო ახალი შენობა  და გავაჩერო ეს ციკლი. ფიზიკურად შეუძლებელია. გარდა ამისა, მყავს უცხოელი პარტნიორები, რომლებიც საქართველოში დებენ ფულს. ახლა რა ავუხსნა იმათ, რომ  დავიწყებ სამუშაოებს, შემდეგ გავჩერდები 8-9 თვე, მერე გადავიყვან… ჩემი საინვესტიციო პაკეტი მოიცავს იმას, რომ თუ რაიმე ტექნიკური საკითხებია გადასაწყვეტი, უმჯობესია დავაფინანსოთ… დროც შეზღუდულია, 2018 წლის 30 დეკემბრისთვის გვინდა უკვე გავხსნათ… რას ვაფუჭებთ ვინმემ მითხრას. ჩვენ არ ვამბობთ, რომ 8 თვე დავკეტოთ დარბაზები და არ ვავარჯიშოთ სპორტსმენები, ან უფრო ცუდ პირობებში ვამყოფოთ, ვიდრე აქამდე იყვნენ. მზად ვარ ამაზე პასუხი ვაგო.

სპორტსმენებიც და საზოგადოებაც აპროტესტებენ ამ შენობების დანგრევას. ამის თაობაზე ინტერნეტში ხელმოწერების შეგოვებაც კი დაიწყო.

სიმართლე გითხრა, ადამიანებს, ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით პეტიცია თუ რაღაცა შექმნეს, სპორტთან შეხება არ აქვთ. სპორტსმენების აბსოლუტური უმრავლესობის, ვისთანაც ჩვენ მოლაპარაკებები გვქონდა, აზრია, რომ სპორტისთვის უკეთესია თუკი იდეაში გაჩნდა ახალი სპორტკომპლექსის მშენებლობა და მათი უკეთეს პირობებში გადაყვანა… ვერც ერთ სახეობაში ეს დარბაზები არ იძლევა საშუალებას მოეწყოს საერთაშორისო მნიშვნელობის ტურნირი.

მაგრამ იქ ინტენსიურად ვარჯიშობენ რამდენიმე სახეობაში…

რაც შეეხება სპორტის სახეობებს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ არ იყო საქმის კურსში ჩაყენებული სპორტი. ჩვენ კონტრაქტს ხელი მოვაწერეთ მიმდინარე წლის 5 იანვარს. პირველი შეხვედრა კი აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრთან გვქონდა არჩევნებამდე… სპორტის დეპარტამენტის, სპორტსკოლის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.  ჩამოვთვალეთ კონკრეტული სექციები და დავიწყეთ ალტერნატიული ფართობის მოძიება. პირველადი გადანაწილებით ვიცოდით სად უნდა წასულიყო ჭიდაობა, ტანვარჯიში, ჭადრაკი, კრივი, მხატვრული ტანვარჯიში, გარკვეული თავისუფალი ადგილები იყო, ზოგი იჯარით.

სად და ვის გადაყავს ეს სექციები?

სამი ფართობი არის გორგილაძის ქუჩის ბოლოში, „პოლიგრაფისტის“ შენობაში. კრივის სექცია გადავა აქ – „ელიტელექტრონიქსი“ რომ იყო, მეორე სართულზე. ასევე გორგილაძის ბოლოში მდებარე შენობაში, სადაც „ბათუმი მოლია“, არის საკმაოდ კარგი ფართობი და იმაზე შევჯერდით, რომ აქ გადავა თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სექციები; რაც შეეხება ტანვარჯიშს, ბონის კულტურის სახლთან მდებარე დარბაზი განიხილება, ძიუდო კი ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. კონტრაქტშიც გვიწერია, რომ ჩვენ ვიღებთ ხარჯებს გადასვლასთან დაკავშირებით, არა მარტო ტრანსპორტირებას, არამედ  დარბაზების მოწყობასაც დავაფინანსებთ – ვთქვათ საშხაპე, სველი წერტილი და ა.შ. ასეთი საკითხები ჩვენს თავზე ავიღეთ.

როდისთვის გაქვთ გადაწყვეტილი ამ შენობების დემონტაჟის დაწყება?

ბოლო შტრიხებს ვათანხმებთ სპორტულ ფედერაციებთან და რაც შეიძლება მოკლე ვადებში გამოვათავისუფლებთ ამ შენობებს ისე, რომ არც ერთი დღე არ გაუცდეს სპორტს… ჩვენ არ გვინდა სპორტის დაზარალების ხარჯზე განხორციელდეს რამე პროექტი. მინდა გითხრათ, ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია ჩვენთვის. დამიჯერეთ ეს ისტორიული პროექტი იქნება როგორც საინვესტიო, ასევე სპორტის განვითარების კუთხითაც.

რა პერიოდის განმავლობაში დარჩებიან სპორტული სექციები ამ დროებით დარბაზებში?

სახელმწიფო ამბობს, რომ ერთ წელში დაასრულებს ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობას, მაგრამ რომ რამე გაუთვალისწინებელი მოხდეს, ამიტომ მე მაქვს აღებული ვალდებულება, 18 თვის განმავლობაში უზრუნველვყო სექციების დროებით დარბაზებში გადაყვანა. ახლის აშენება ეკონომიკის სამინისტროს თემაა. გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია. პროცესი რომ დავაჩქაროთ, ვეძებთ მექანიზმებს და გზებს ისე, რომ კანონი არ დაირღვეს და ბიზნესმა ხელი შევუწყოთ და დავაფინანსოთ პროექტის გაკეთება.

საზოგადოების შიში შესაძლოა იმასაც ეფუძნებოდეს, რომ ამ 18 თვის გასვლის შემდეგ ბავშვები შესაძლოა ღია ცის ქვეშ დარჩნენ? მაგალითისთვის თუნდაც სტადიონის საკითხი კმარა, რომელიც მთავრობამ დღემდე ვერ ააშენა.

გამომდინარე სტადიონიდან მე არ ვამბობ, რომ არ არის ლეგიტიმური მაგ შეკითხვის დასმა, თუმცა სტადიონი ცოტა გლობალური და ცოტა სხვა ტიპის პროექტია. ამასთან, როცა გაიყიდა თავის დროზე სტადიონი, იდეაში არ იყო, რომ ის თანხა, რაც საინვესტიციო კუთხით შევიდოდა, სტადიონს მოხმარდებოდა. აქ მიზანმიმართულად ვიცით, რომ ჩვენს მიერ გადახდილი თანხა უშუალოდ ამ ახალი სპორტკომპლექსიის აშენებას უნდა მოხმარდეს.

სად იგეგმება ამ ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა?

ადგილმდებარეობას რაც შეეხება, სავარაუდოდ, ლეონიძისა და ტაბიძის ქუჩების მიმდებარედ ორი ადგილი განიხილება, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მაგალითად, გვინდა და მთავრობის სურვილიცაა, რომ აშენდეს ისე, რომ მაგალითად ორი დარბაზი გაერთიანების საშუალება იყოს და უფრო მასშტაბური ღონისძიების ჩატარებაც შევძლოთ სხვადასხვა სახეობებში; სამაყურებლო ადგილებიც შესაბამისად უნდა განთავსდეს, ანუ მაყურებელმა ჭიდაობის ყურებაც შეძლოს და ვთქვათ, ჭადრაკისაც… ასე რომ განვიხილავთ დეტალებს.

„ბასკოს“ შენობის დემონტაჟი ნამდვილად არ განიხილება?

არ განიხილება. რჩება ეს შენობა.

Exit mobile version