მთავარი,სიახლეები

გულგრილობა გამგეობისგან და სახლი, სადაც ცხოვრება საშიშია

01.05.2017
გულგრილობა გამგეობისგან და სახლი, სადაც ცხოვრება საშიშია

სახლი, სადაც დავით კვირკველია ცხოვრობს, შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. შენობის თითქმის ყველა კედელი დაბზარულია, თითქმის ჩამოშლილია სახურავიც… დავით კვირკველია 54 წლისაა, სოციალურად დაუცველი და ის ამ სახლში მარტო ცხოვრობს. გასულ წელს ქობულეთში, სოფელ ქაქუთში მდებარე სახლი გეოლოგებმა შეისწავლეს და დაწერეს, რომ სახლი, გარემო პირობების გარდა, გეოლოგიურმა პროცესებმაც დააზიანა და „შენობა საცხოვრებლად საფრთხეს წარმოადგენს“. საფრთხის არსებობის მიუხედავად, ქობულეთის გამგეობამ გეოლოგების დასკვნას გვერდი აურა და მოქალაქეს მისწერა, რომ „საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია სიძველით“.

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გეოლოგიის სამსახურის უფროსმა, მამუკა ფუტკარაძემ დავით კვირკველიას სახლზე დასკვნა გასული წლის ნოემბერში დადო. დასკვნის მიხედვით, „სახლი აგებულია ძველ მეწყრულ ფერდზე, რომელიც ამჟამად სტაბილიზაციას განიცდის… შენობას გასულ წლებში განვითარებული გეოლოგიური პროცესების და სხვა გარემო ფაქტორების გამო [დიდთოვლობა, ჭარბწყლიანობა, ქარიშხალი და ასე შემდეგ]  ძლიერ დეფორმირებულია, არ გააჩნია სახურავი, ხოლო მეორე სართულის იატაკი ჩამონგრეულია…“

გეოლოგების შემდეგ დავით კვირკველიასთან ქობულეთის გამგეობის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის წარმომადგენლები მივიდნენ. კომისიის საბოლოო პასუხი კვირველიამ მიმდინარე წლის 17 იანვარს მიიღო. წერილი სულ ერთაბზაციანია და წერია, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე [ანუ სახლის შეკეთებაზე, ან ახალი საცხოვრებლის გამოყოფაზე] მოქალაქეს უარი უთხრეს. „სახლი დაზიანებულია სიძველით“, – ვკითხულობთ გამგეობის მიერ მომზადებულ წერილში, სადაც არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რას დაეყრდნო კომისია, როცა ასეთი დასკვნა გამოიტანა, ან რა ბედი ეწია გეოლოგის დასკვნას.

„ვერაფერი გავიგეთ. პირდაპირ გამგებელთან შევედი, არ ეცალა სულხან ევგნიძეს, გადახედა კომისიის დასკვნას და მითხრა, კომისიამ ასე ჩათვალა და მე რა ვქნაო…“ – გვიყვება ეთერ კაკალაძე, დავით კვირკველიას და.

ხათუნა მამასახლისი, ქობულეთის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მხოლოდ გეოლოგის დასკვნა არაა საკმარისი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა ქობულეთის მუნიციპალიტეტის კომისიას, რომელიც მსგავსი ოჯახების საკითხებს სწავლობს, ცალკე გეოლოგები არ ჰყავს.  „ჩვენ გვყავს ინჟინრები, რომლებმაც ასევე შეისწავლეს დავით კვირკველიას სახლის მდგომარეობა. ყველა დასკვნა ერთხაზოვანი არ არის. მე გეოლოგის დასკვნა მესმის ისე, რომ სიძველის გამოა დაზიანებული სახლი. ჩვენ გეოლოგების კომპეტენტურობას არ ვაყენებთ ეჭვქვეშ, მაგრამ გეოლოგებს პირდაპირ არ უთქვამთ, რომ გეოლოგიურმა პროცესმა დააზიანა სახლი. ჩვენ, კომისიის წევრებს გვქონდა ყველას ჩვენი შეხედულება და კომისიამ საბოლოო ჯამში ასეთი გადაწყვეტილება მიიღო,“ – გვითხრა ხათუნა მამასახლისმა.

გეოლოგი მამუკა ფუტკარაძე „ბათუმელებთან“ საუბრის დროს აზუსტებს, რომ დავით კვირკველიას სახლი შესაძლოა სიძველის გამოც დაზიანდა, თუმცა გეოლოგებმა იქ პირველ რიგში გეოლოგიური პროცესების გავლენა დააფიქსირეს. „მე ვიცი, რომ ეხმარებიან ამ მოქალაქეს, ასე არ არის?“, – გვკითხა მამუკა ფუტკარაძემ, როცა მას დავით კვირკველიას შესახებ ვკითხეთ და მაშინვე გაიხსენა სახლი, სადაც ცხოვრება საშიშია.

kvirkvelia 2

kvirkvelia 3

kvirkvelia 4

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: