ბათუმის სასპორტო სკოლის მარცხენადამარჯვენაფლიგელისდანგრევის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო აჭარის ხელისუფლებამ. სპორტული დაწესებულების ადგილზე, სადაც დახლოებით 1000-მდე ბავშვი ვარჯიშობს, „ორბი ჯგუფი“ სასტუმროკომპლექსისაშენებას გეგმავს. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების ერთი ჯგუფი, მათ შორის სპორტსმენები აპროტესტებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ ყოფილი სპორტსმენი და საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი, მუხრან ვახტანგაძე ჩაწერა.
ბატონო მუხრან, საარჩევნო კამპანიის დროს ამბობდით, რომ თქვენი მიზანია ახალი თაობა მეტად იყოს სპორტით დაკავებული. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სწორედ ახალი თაობის სპორტსმენები აპროტესტებენ იმ შენობების დანგრევას, სადაც ვარჯიშობენ, ვგულისხმობ სპორტსკოლის ფლიგელებს. ამის თაობაზე ინტერნეტში ხელმოწერების შეგოვებაც დაიწყო. როგორ აფასებთ ხელისუფლების გადაწყვეტილებას სპორტსკოლის დანგრევის თაობაზე?
სიმართლე არის ის, რომ სპორტი კიდევ უფრო უნდა განვითარდეს და სპორტსმენებს უკეთესი პირობები ჰქონდეთ. ამაზეა საუბარი, რამდენადაც ვიცი. თუ ვინმე სპორტსმენებს გვერდში დაუდგება, პირველი კაცი ვიქნები მე. როგორც ვიცი ყველაფერი პირიქით, უკეთესობისკენ მიდის და უკეთესი პირობები და დარბაზი უნდა ჰქონდეთ ამ სპორტსმენებს. მე ბოლო ათი წლის განვალობაში 8,5 წელი ამ სასპორტოს სკოლის დირექტორი ვიყავი, 1,5 წელი სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის უფროსი და ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ. სახელმწიფოს ინტერესებში შედის, რომ სპორტი განვითარდეს და ბიჭებს, სპორტსმენებს სათანადო პირობები ჰქონდეთ.
მაშინ ის გვითხარით, სათანადო პირობები სად ექნებათ და როდიდან?
მე როგორც ვიცი ლეონიძეზე შენდება ეს დარბაზი. იქამდე, მე როგორც გავიგე, 5-7 თვეს სხვადასხვა შენობაში უნდა დააბინაონ ყველა სახეობა და სათანადო პირობები შეუქმნან. რამდენიმე ხანში კი გადაიყვანენ 10-ჯერ უკეთეს დარბაზში [18 თვეზეა გაანგარიშებული, მე როგორც გავიგე]. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
სპორტსმენები ამბობენ, რომ ემზადებიან საერთაშორისო ტურნირებისთვის და მათთვის ერთი დღის გაცდენაც კი მარცხის ტოლფასი იქნება.
რა თქმა უნდა, არც ერთი საათი არ უნდა გაცდეს, მეც მაგას ვამბობ. სანამ არ მოწესრიგდება ალტერნატიული ადგილები, სპორტსმენი აქედან ვერ გავა. ერთი საათი არ უნდა გაუცდეთ ბავშვებს.
ხომ არ იცით, რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ, რომ ამ ყველაფრის მოწესრიგებამდე გაეცა ტერიტორია სამშენებლო კომპანიისთვის?
ეგ დეტალები არ ვიცი. 8 თვის პერიოდი აქვთ ამ ინვესტორებს, მერე ააშენებენ.
არსებული გამოცდილებით, ბათუმში სპორტული დაწესებულებებს როცა ანგრევენ ალტერნატიულ სივრცეს აღარ ქმნიან…
მე არ ვიცი რამდენი წლის წინ იყო ეს. ჩემი სპორტის ხელმძღვანელობის დროს მსგავსი რამ არ მომხდარა. არ ვიცი „ბასეინი“ რომელ წელს დაინგრა.
თქვენ ალბათ კარგად იცით ფეხბურთის სტადიონის ისტორია. მით უფრო, რომ თქვენი ხელისუფლება უკვე წლებია აანონსებს სტადიონის აშენებას, მაგრამ დღემდე ვერ მოახერხა მშენებლობის დაწყებაც კი.
ეს ყველამ იცის და ისიც იცით ალბათ, რომ ფეხბურთის სტადიონი უნდა აშენდეს.
ისევ დღევანდელ თემას რომ დავუბრუნდეთ. სპორტსმენები აპროტესტებენ მოსალოდნელ დემონტაჟს. თქვენ ხომ არ აპირებთ მათ შეხვდეთ.
მე სპოტსმენი ვიყავი და არამგონია ამ ქალაქში ჩემზე მეტად ვინმეს უყვარდეს სპორტი. სპორტსმენების აზრს ყოველთვის გავიზიარებ და მივიღებ იმ გადაწყვეტილებას, რომ უკეთესი პირობები იყოს. არ ვიცი, როდის მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ აუცილებლად შევხვდები.
2017 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა კანონის ის მუხლი, რომლითაც მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებლები ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათებით ისარგებლებენ.
მაღალმთიან დასახლებაში აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ნახევარს [50%-ს], 2017 წლის პირველი იანვრიდან სახელმწიფო გადაიხდის, თუმცა, არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა.
ანუ:
მაღალმთიან დასახლებაში აბონენტებს უკვე თებერვლის თვეში მიუვათ იანვრის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი, რომელშიც ეს შეღავათი ასახული იქნება. მაგალითად, თუ ერთმა აბონენტმა იანვრის თვეში მოიხმარა დავუშვათ 120 და მეორემ 250 კვტ.სთ ელექტროენერგია, გადასახადი მიუვათ შესაბამისად – 60 და 150 კვტ/სთ-ის [ამ შემთხვევაში ენერგოკომპანიას იმ 60 და 100 კვტ.სთ-ის საფასურს სახელმწიფო აუნაზღაურებს];
თუ აბონენტმა მაღალმთიან დასახლებაში თვეში მოიხმარა 100 კვტ.სთ-ზე ნაკლები, ვთქვათ, 90 კვტ.სთ, მაშინ გადაიხდის მოხმარებული 45 კვტ.სთ-ის საფასურს [ნახევარს კი სახელმწიფო დაფარავს];
მოხმარებული 100 კვტ.სთ-ის შემთხვევაში კი, ნახევარს აბონენტი გადაიხდის, ხოლო ნახევარს [ანუ 50 კვტ.სთ-ის საფასურს] სახელმწიფო.
აჭარის რეგიონში „ენერგო პრო ჯორჯია“ ოპერირებს, ამ კომპანიის მომხმარებლებისთვის კი დენის ტარიფი გასულ წელთან შედარებით არ შეცვლილა.
აჭარიდან მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაშია დაბა ქედა, შუახევი, ხულო და ამ სამი მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე უკლებლივ ყველა სოფელი. აჭარის რეგიონიდან ნუსხაში ასევე შეტანილია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: დიდვაკე და ხინო; ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვედა ქოქოლეთი.
ვინც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი მიიღო, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით [„მთის კანონით“], გარკვეული შეღავათებით უკვე სარგებლობდა.
შეღავათები, რომლებსაც ე.წ. „მთის კანონი“ ითვალისწინებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა მაღალმთიანეთში მცხოვრებზე, თუ მას კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. ასეთი სტატუსის მისაღებად მოქალაქმ უნდა მიმართოს შესაბამისი დასახლების გამგებელს ან მერს.
აჭარის საპატრულო პოლიციას ხელმძღავნელი ისევ შეიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ თანამდებობაზე შიდა ქართლის ყოფილი საპატრულო პოლიციის უფროსი, კახაბერ ბუხრაძე დანიშნა. შს სამინისტროს პრესცენტრში ამბობენ, „რომ ხელმძღვანელის შეცვლა რაიმე განსაკუთრებული მიზეზით არ მომხდარა და ეს იყო ჩვეულებრივი როტაცია“.
აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით მამულაშვილი ასევე როტაციის პრინციპით შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა.
აჭარის მთავრობის პრესცენტრში აცხადებენ, რომ საპატრულო პოლიციის ახალი უფროსის დანიშვნის თაობაზე აჭარის ხელისუფლებასთან კონსულტაციები არ გამართულა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის პროცესში, სწორედ მმართველი გუნდის დეპუტატობის კანდიდატები და ახლა უკვე დეპუტატები საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში აცხადებდნენ, რომ ძალოვან უწყებებში თანამდებობის პირების დანიშვნის დროს, აუცილებელი იყო მინიმუმ კონსულტაციების გამართვა ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
დღეს,10 იანვარს, ბულვარის ადმინისტრაციას ახალი უფროსი, ეთერ მაჭუტაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ წარუდგინა. წარდგენას ესწრებოდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე. „ბათუმის ბულვარი“ ამ სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
„ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოვალეობას დავით გორგილაძე ასრულებდა, მას შემდეგ, რაც ბულვარის დირექტორი ცისკარ გოგიტიძე მთავრობის ცვლილების გამო გათავისუფლდა დირექტორობიდან. რაც შეეხება ეთერ მაჭუტაძეს, ის აქამდე ბათუმის მერიის ა(ა)იპ გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს ხელმძღვანელობდა.
ზურაბ პატარაძემ, გასული წლის დეკემბერში განაცხადა რომ მთავრობა ბათუმის ბულვარის კონსერვაციას აპირებს. ბათუმის ბულვარის მართვასა და ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისთვის კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წლისთვის 7 მილიონ 590 ათას 200 ლარი გამოყო.
დღეიდან აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ნინო ნიჟარაძე უხელმძღვანელებს. ცენტრის თანამშრომლებს ახალი დირექტორს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე დღეს წარუდგენს.
ცენტრის ინფორმაციით, ნინო ნიჟარაძე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში სხვადასხვა პოზიციაზე 1999 წლიდან მუშაობს. 2012 წელს დაინიშნა დირექტორის მოადგილედ, მანამდე იყო დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში, ეპიდემიოლოგი არაინფექციურ დაავადებათა მართვის საკითხებში, ასევე, მთავარი სპეციალისტი პროგრამების მართვის მიმართულებით. 2008-2010 წლებში მუშაობდა სამედიცინო მომსახურების საერთაშორისო კორპორაციაში, პროექტის ,,ტუბერკულოზის მართვა და კოორდინაცია“ კოორდინატორად.
ნინო ნიჟარაძე პარალელურად ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის პოსტი რამდენიმე თვე ვაკანტური იყო. ეს პოსტი გასული წლის არჩევნების წინ დატოვა კობა ნაკაიძემ, ვინაიდან დასახელებული იქნა მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად. კობა ნაკაიძე აჟამად ქობულეთის 71-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია პარლამენტში პარტიიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.
ენმ-ს აჭარის ორგანიზაციამ დღეს ის პროექტი გააპროტესტა, რომელიც ბათუმში, აეროპორტის მიმდებარედ სანაპირო ზოლში უნდა განხორციელდეს. საუბარია 30-მილიონიან პროექტზე, რომელმაც ზღვის მიერ ნაპირის მიტაცების პრობლემა უნდა გადაჭრას და რომელიც ნაპირის გასწვრივ სპეციალური ნაგებობის აშენებას ითვალისწინებს.
„ბოლო რამდენიმე წელია ყოველწლიურად, ბიუჯეტის განხილვისას ვითხოვთ დაფინანსდეს სანაპირო ზოლში ნატანის ხელოვნურად შეტანა. ამასთან, 2012 წელს არსებობდა პროექტი, რომელიც ზღვის სიღრმეში ტალღისმჭრელი ნაგებობების მშენებლობას ითვალისწინებდა და ესეც შეცვალეს. აშენებენ ბერმას, რაც არ შეიძლება გაკეთდეს ტურისტულ ქალაქში, უბრალოდ პლაჟი აღარ იქნება. ჩვენ ვითხოვთ აჭარის მთავრობისგან, რომ ჩართონ ექსპერტები, ადგილობრივი სპეციალისტები, ეს დანაშაულებრივი პროექტი შეიცვალოს და სასწარაფოდ დაიწყოს ინერტული მასალის შეტანა სანაპირო ზოლში“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ გია აბულაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.
გია აბულაძის განცხადებით, 150 ათასი კუბ/მ ინერტული მასალის შეტანისთვის ადრე 1,5 მილიონი ლარი იხარჯებოდა აჭარის ბიუჯეტიდან.
„როცა ბიუჯეტში 90 მილიონი გრჩება და ვერ ხარჯავ, რატომ არ უნდა დაფინანსებულიყო ეს სამუშაოები, ჩემთვის გაუგებარია. მიწერ-მოწერა გვქონდა აჭარის მთავრობასთან, ბიუჯეტის განხილვისას მწვავედ დავსვით ეს საკითხი. არ ვთვლიდით, რომ ეს პიარის თემა იყო, კონსტრუქციულები ვიყავით. გვინდოდა როგორმე დაგვერწმუნებინა მთავრობა რომ ამ პროექტის განხორციელება იყო მავნებლობა, მაგრამ ახლა იძულებული გავხდით მოსახლეობას აქტიურად მივაწოდოთ ინფორმაცია და თუ კიდევ არ გაითვალისწინებენ, მაშინ ჩვენ სხვა ღონისძიებებსაც მოვიფიქრებთ, რითაც ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ ჩვენი ეს მოთხოვნები გათვალისწინებული იქნას“- განაცხადა გია აბულაძემ.
ენმ-ს განცხადებას დღესვე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. გთავაზობთ ზურაბ პატარაძის კომენტარს, რომელიც მთავრობის პრესსამსახურმა მოგვაწოდა: „ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. ამასთან დაკავშირებით დაიდო ექსპერტების დასკვნა. იქ სრულფასოვანი სამუშაოები ჩატარდება. როცა თავის დროზე დაიგეგმა ახალი ბულვარი და იგებოდა პრომენადი, უკეთესი იქნებოდა ჯერ ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარებულიყო. არსებობს საერთაშორისო ინსტიტუტების სპეციალისტების, ექსპერტების დასკვნა და ეს სამუშაოები ამ დაკსვნების საფუძველზე იქნება სრულად შესრულებული. მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ყველა რესურსი და რეზერვი, რათა შენარჩუნდეს პლაჟი და იყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.“
ბათუმში ნაპირდაცვის პროექტის განხორციელება მიმდინარე თვეში უნდა დაიწყოს და წელიწადნახევარში უნდა დასრულდეს. სამუშაოები აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ ჟილინის არხის მიმართულებით 1,8 კმ დამცავი კედლის – ქვანაყარი ბერმის აშენებას ითვალისწინებს. პროექტზე აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული სესხით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იმუშავებს. სამუშაოების ჩატარებაზე უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ჰოლანდიურ კომპანიასთან – STRUIJK GROUP-ი. კონტრაქტის თანხა დაახლოებით 30 მილიონი ლარია. პროექტი, რომლითაც მშენებლობა განხორციელდება, იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ შექმნა.
„თუ ამ პროექტით ჩატარდება ნაპირდაცვითი სამუშაოები, ეს იქნება ბათუმის სანაპიროს დეგრადაციის დასაწყისი. ეს იქნება არა ნაპირგამაგრება, არამედ ეკოლოგიურად დასახიჩრება ნაპირების,“ – განაცხადა ადრე „ბათუმელებთან“ საშა ხორავამ, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორმა, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა.
ოცამდე ქუჩის, შესახვევისა და ჩიხის კეთილმოწყობას იწყებს ბათუმის მერია ე.წ. „ბონის“ დასახლებაში, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
მერიის ინფორმაციით შემდეგი ქუჩები კეთილმოეწყობა:
შესაბამისი ტენდერი ბათუმის მერიამ უკვე გამოაცხადა სავარაუდო ღირებულებით – 3 მილიონ 994 ათას 837 ლარი. ქუჩებზე დაიგება ასფალტბეტონი, მოეწყობა ბაზალტის ბორდიურები, დაიგება დეკორატიული ფილები.
სატენდერო პირობების თანახმად, კაპიტალური სამუშაოების ჩატარებისას გზაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტრანსპორტის მოძრაობა, რის გამოც სამუშაოები უნდა ჩატარდეს ეტაპობრივად, ჯერ გზის ერთ ნახევარზე, მერე მეორე ნახევარზე ტრანსპორტის მოძრაობის შენარჩუნებით, შემდეგ კი პირიქით.
ამასთან, სამუშაოების დაწყებამდე ტენდერში გამარჯვე ბულმა მიმწოდებელმა მერიას შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს სანიაღვრე სისტემების მოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია შესაბამისი ნიშნულების და ქანობების მითითებით.
სამუშაოები სრულად უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გა ფორმებიდან 2018 წლის 1 ივნისამდე პერიოდში.
თითოეულ ობიექტზე სამუშაოები უნდა განხორციელდეს მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი ბათუმის მერიის მხრიდან მიიღებს წერილობით შეტყობინებას სამუშაოების დაწყების თაობაზე, რომელშიც განსაზღვრული იქნება სამუშაოების დაწყების კონკრეტული თარიღი და სამუშაოების შესრულების კონკრეტული ვადა კონკრეტულ ქუჩაზე ან მონაკვეთზე;
ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებელს უნდა შეეძლოს სამუშაოების დაწყება ერთდროულად მინიმუმ ორ და მაქსიმუმ სამ ობიექტზე შემსყიდველის მხრიდან წერი- ლობითი შეტყობინების მიღებიდან; შემსრულებელს საკუთარი სურვილის შესაბამისად შეუძლია სამუშაოების წარმოება ერთდროულად სამზე მეტ ობიექტზე.
ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 9 თებერვალს დაიწყება და 14 თებერვალს დასრულდება.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ავთანდილ ბერიძე აჭარის მთავრობის აპარატში დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ აჭარის მთავრობის პრესცენტრში. ავთანდილ ბერიძე უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იქნება.
შეკვეთილში, „Black Sea Arena“-ს საკონცერტო დარბაზში 2017 წლის 20 მაისს დაგეგმილია ამერიკული როკ ჯგუფ „AEROSMITH“-ის კონცერტი. შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“, აღნიშნული კონცერტის ჩატარებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის განახორციელებას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ითხოვს, რისთვისაც შესაბამისი წერილით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უკვე მიმართა. სააგენტოში საკითხის განხილვის საბოლოო თარიღია 11 იანვარი.
აღნიშნული კონცერტისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 5,5 მილიონი ლარი დაიხარჯება. შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ ინფორმაციით, ამ თანხიდან 5 მილიონი ლარი ჰონორარია [გადასახადების ჩათვლით], ხოლო ნახევარი მილიონი ლარი კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას მოხმარდება.
„საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე მსოფლიო ტურნეს ფარგლებში საქართველოში კონცერტის ჩასატარებლად სავალდებულოა წინასწარი კონტრაქტების გაფორმება მიუხედავად იმისა რომ ფიზიკურად კონცერტის ჩატარების დღე იქნება 2017 წლის 20 მაისი. კონტრაქტი უნდა გაფორმდეს კონკრეტულ ამერიკული ჯგუფ „AEROSMITH“-ის პროვაიდერ სააგენტოსთან „International Talent Booking“-თან. რაც შეეხება, დამატებით მომსახურებებს, როგორიცაა სასტუმრო მომსახურება, კვება, სატრანსპორტო მომსახურება, სარეკლამო მომსახურება, განათება-გახმოვანებით მომსახურება, მათი რაოდენობა და ზუსტი მახასიათებლები უნდა შეთანხმდეს შემსრულებელ ჯგუფთან ხელშეკრულების დადების შემდგომ, რა პერიოდისთვისაც ტენდერის საშუალებით შესყიდვის განხორციელება ვერ მოესწრება“ – აღნიშნულია „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ წერილში.
„ბლექ სი არენა ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ „ღონიძიება გეგმად ისახავს საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წელს განხორციელებული პროექტის „Check In Georgia“-ს მიმდინერე წელსაც გაგრძელებას, საქართველოში მსოფლოში აღიარებული ვარსკვლავური და ლეგენდად ქცეული მუსიკალური ჯგუფების, არტისტების ჩამოყვანას – კონცერტების ჩატარებას“.
ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკანა ტერიტორიაზე მოედნისა და მოედანთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტში 685 449 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს ბათუმის მერია ტენდერის საშუალებით შეისყიდის.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ნიმუშის სახით უნდა წარადგინოს ახალი ორშრიანი დეკორატიული ფილა [ორი ცალი], ბაზალტის ბორდიური [ერთი ცალი], გრანიტის ფილა [ერთი ცალი], ნაცრისფერი გრანიტის ქვაფენილი [4 ცალი], გეოტექსტილი და შეათანხმოს შემსყიდველთან;
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში (2013, 2014, 2015, 2016) შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (გზების, ქუჩების მშენებლობა ან/და ბაზალტის (ბეტონის) ბორდიურების მოწყობა ან/და გრანიტის ფილების ან/და ბეტონის ფილების მოწყობა ან/და ბუნებრივი ქვის ქვაფენილის დაგება) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 1 მილიონი ლარის ოდენობით;
სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 130 დღის განმავლობაში. საგარანტიო პერიოდი შეადგენს 24 თვეს სამუშაოების დასრულებიდან.
ტენდერში წინადადებების მიღება 2017 წლის 2 თებერვალს დასრულდება.
საზოგადოება „ბათომი“ღია წერილით მიმართავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს – ზურაბ პატარაძეს. დაახლოებით ანალოგიური შინაარსის წერილით “ბათომმა” ბათუმის მერს – გიორგი ერმაკოვსაც მიმართა გასული წლის დეკემბრის თვეში. ზურაბ პატარაძისადმი გაგზავნილი წერილის შინაარსს უცვლელად გთავაზობთ:
“მოგმართავთ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებითა და მდგრადი განვითარებით დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფი და გთხოვთ შეხვედრას, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რათა განვიხილოთ ისეთი მწვავე საკითხი, როგორიც არის კულტურული (განსაკუთრებით – ურბანული) მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება.
ჩვენს ღრმა შეშფოთებას იწვევს ბათუმის ისტორიულად ჩამოყალიბებული ურბანული ქსოვილის მოშლა, სხვადასხვა ადგილას არქიტექტურულად და ისტორიულად ღირებული შენობების (მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების) მასიური ნგრევა, ავთენტური შენობების ჩანაცვლება საეჭვო ესთეტური ღირებულებებისა და მდარე არქიტექტურული ხარისხის შენობა–ნაგებობებით, რამაც განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში იჩინა თავი. ამასთანავე პროცესების მართვაში სრული კოლაფსია; ინტეგრირებული კონსერვაციის ანუ უწყებათაშორის თანამშრომლობაზე დაფუძნებულ თანამედროვე მიდგომების ნაცვლად საქმე გვაქვს იმპულსურ და პრაქტიკულად გაუაზრებელ უსისტემო ქმედებებთან. მაღალი რანგის საჯარო მოხელეები კულტურულ მემკვიდრეობას განიხილავენ არა როგორც ეროვნული განვითარების განმსაზღვრელ ფაქტორს, არამედ – როგორც დაბრკოლებას განვითარებისათვის. არადა იუნესკოს მიერ რატიფიცირებულ “კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ეროვნულ დონეზე დაცვის” რეკომენდაციაში სწორედ საპირისპიროა აღნიშნული.
მიგვაჩნია, რომ თქვენ, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, გეძლევათ რეალური შანსი, არაგანახლებადი კულტურული რესურსების განადგურების პრაქტიკა შეცვალოთ ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ მიდგომებითა და სტანდარტებით.
ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ თქვენი უფლებამოსილების ფარგლებშიც კი, ეს არც თუ ისე მარტივად გადასაჭრელი საკითხია; ამასთანავე მიგვაჩნია, რომ სრულად გაქვთ გააზრებული კულტურული და ბუნებრივი ფასეულობების დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, უახლოეს მომავალში გამონახოთ დრო ჩვენთან შესახვედრად, რათა გაგაცნოთ ჩვენი მოსაზრებები მითითებულ მწვავე საკითხებთან დაკავშირებით”.
სულხან ღლონტი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი კანდიდატურა განიხილება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე. „ნამდვილად მიმდინარეობს კონსულტაციები ამის თაობაზე, მაგრამ ჯერ დანიშნული არ ვარ“, – უთხრა სულხან ღლონტმა „ბათუმელებს“.
სულხან ღლონტი აჭარის უმაღლესი საბჭოს წინა მოწვევის დეპუტატი იყო მმართველი კოალიციიდან.
ბოლო პერიოდამდე ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა მამუკა ბერძენიშვილი. მისი გათავისუფლების შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მამუკა ბერძენიშვილმა დაწერა განცხადება გადადგომაზე და ამ დროისთვის შვებულებაში იმყოფება.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი დირექტორი მირანდა ჩარკვიანი აჭარის უმაღლეს საბჭოში საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანაშემწედ დაინიშნა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ უმაღლეს საბჭოში დაუდასტურეს. აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე გიორგი რომანაძეა, ფრაქცია „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ წევრი.
მირანდა ჩარკვიანი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელად 2015 წლის მარტში დაინიშნა და ეს თანამდებობა გასული წლის დეკემბერში დატოვა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მაშინ „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ მირანდა ჩარკვიანი და სხვა თანამდებობის პირები, მთავრობის ცვლილების გამო, ავტომატურად გათავისუფლდნენ თანამდებობიდან.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა ამ დროისთვის ვაკანტურია.
პოეტი, “საბას” ორგზის ლაურეატი პაატა შამუგია საკუთარ არჩევანს გვიზიარებს.
პაატა შამუგია: „Einmal ist keinmal – ეს გერმანული ანდაზა დაახლოებით ასე ითარგმნება: რაც ერთხელ მომხდარა, ის მომხდარად არ ითვლება. წიგნებზეც ეგრეა – რაც ერთხელ წაგვიკითხავს, ის წაკითხულად არ ითვლება. ნამდვილი კითხვა და წიგნის ფსკერზე ჩასვლა იწყება მეორე წაკითხვიდან. თუმცა, მაგალითად, მილორად პავიჩი მიიჩნევდა, რომ წიგნები „ერთნახევარჯერ უნდა წავიკითხოთ.“
შესაბამისად, თუ ჩემი რეკომენდაციებიდან რომელიმე, ან, ღმერთმა არ ქნას და, ყველა გაქვთ წაკითხული, ფრთებს ნუ ჩამოყრით – ან გერმანელებს ენდეთ, ან პავიჩს.
ულრიხ პლენცდორფი „ახალგაზრდა ვ-ს ვნებანი“
გამომცემლობა „ინტელექტი“
ულრიხ პლენცდორფის „ახალგაზრდა ვ-ს ვნებანი“-ს წაკითხვამდე სასურველია უკვე წაკითხული გვქონდეს გოეთეს „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანიც”. მართალია, აზრი მის გარეშეც გასაგებია, მაგრამ მეტი ემოციური ბმა იქნება, ასე მგონია. პერსონაჟი ედგარ ვიბო მეამბოხე თინეიჯერია, რომელიც სკოლის, მეგობრების, მასწავლებლების, ოჯახის და ნათესავების მიერ დადგენილ წესებს (მოდი, ვიყოთ გულახდილები, კრეტინულ წესებს) აუმხედრდება. უიღბლო მხატვარი თავს ბერლინში გაქცევით შველის. და აქ ჩნდება დიდი და გაუმხელელი სიყვარული. მაგრამ დიდ სიყვარულამდე ჩნდება კიდევ ერთი დიდი ვინმე, უფრო სწორად, რამე. მოქმედების განვითარება ახალ რიტმში გადადის, როცა რომანში კიდევ ერთი პერსონაჟი შემოდის. და ეს, არც მეტი, არც ნაკლები, გოეთეს კლასიკად ქცეული ნაწარმოებია. მწერლის ოსტატობაც აქ გამოიცადა – მაღალი და დაბალი სტილების გადათამაშებაში, ქუჩის ენისა და ბურჟუაზიული მანერულობის უნაკლოდ შეთავსებაში.
როგორც თავად ვიბო იტყოდა, ხო აზრზე ხართ!
გიორგი კაკაბაძე „ფიროსმანი“ გამომცემლობა „პეგასი“
მართალია, ეს წიგნი რამდენიმე წლის წინ გამოიცა, მაგრამ მხოლოდ ახლა მომეცა საშუალება, წამეკითხა და სიამოვნებით ვიძლევი კურთხევა-რეკომენდაციას. საერთოდ, ბიოგრაფიული ლიტერატურისადმი გამორჩეული ინტერესი არ მაქვს (აქვე გავამხილე ჟანრიც – დოკუმენტური პროზა), მაგრამ, საბედნიეროდ, ავტორს ხედვის ისეთი კუთხე და დინამიკა აქვს დაჭერილი, რომ შეუძლებელია, პირველივე გვერდებიდან არ შეგიყოლიოს. სიღარიბეში მცხოვრები ნიკო ფიროსმანის ნახატების რეპროდუქციები, ბედის ირონიით, უკვე არაერთი კაზინოს და ან სამიკიტნოს კედლებზეც კი შეგიძლიათ ნახოთ თბილისში. თუმცა, მის შესახებ ინფორმაცია ხშირად ან ბურუსითაა მოცული, ან ლეგენდებით. ამ ბიოგრაფიული ქაოსის დალაგებაში გიორგი კაკაბაძის „ნიკო ფიროსმანი“ დაგეხმარებათ. ავტორი მთლიანად ეყრდნობა დოკუმენტურ მასალებს, რომლებიც მოიცავს როგორც თავად ამ თვითნასწავლი გენიოსის ცხოვრებას, ისე იმდროინდელ ეთნოგრაფიულ, კულტურულ და კულტუროლოგიურ მოვლენებს.
ელენე პეპი ბოჭორიშვილი – „სტენოგრაფიული რომანები“ გამომცემლობა „სეზანი“
ეს ავტორი დაიბადა საქართველოში, წერს რუსულად და ცხოვრობს კანადაში, სადაც რომანებს აქვეყნებს ფრანგულად. მოკლედ, დიდი ჩახლართული ამბავია, ამიტომ უშუალოდ ტექსტის ნაწილზე გადავალ. ელენე პეპი ბოჭორიშვილი სტენოგრაფიული რომანის პიონერად მიიჩნევა (თუმცა, ჩემი აზრით, აქ მას ნობელიანტ მოდიანოს რამდენიმე რომანთან კონკურენციაში მოუწევს ამ ტიტულისთვის ბრძოლა). ვაღიარებ, ცოტა ხნის წინ გავიგე ამ ავტორის არსებობა. ლევან ბერძენიშვილმა მიქო და ვფიქრობ, სამართლიანადაც. რომანები კია, მაგრამ საკმაოდ ეკონომიური – თითოეული მათგანი 50-60 გვერდზე მეტი არაა. მაგრამ მათი მთავარი ღირსება ეს არაა – მთავარი აქ შემპარავად გაშლილი სიუჟეტები და ზღაპრისმიერი რიტმის შემცველი თხრობაა. მკაცრად რეკომენდებულია.
ოთარ ჯირკვალიშვილი„ლაზარე“ გამომცემლობა „საბას წიგნები“
ოთარ ჯირკვალიშვილის ტექსტები არ არის არც ე.წ. ინტელექტუალური პროზა, არც ფილოსოფიური, არც ცნობიერების ნაკადი… ის აწარმოებს დიალოგს (მართალია, კონფლიქტურ დიალოგს) ამ ყველაფერთან, მაგრამ თავად არ შეერევა მას. კრებულ „ლაზარეში“ ის ფილოსოფიურ-თეოლოგიური ნარატივი (და ხშირად, ამ ნარატივის პაროდია) გრძელდება, რომელიც დაიწყო წინა „კანფეტში“ და რომლითაც დაიწყო ჯირკვალიშვილი, როგორც მწერალი. ვისთვისაც ლიტერატურა მხოლოდ ძილის წინ თავშესაქცევი საშუალება არაა და მისგან უფრო მეტს მოელის, სწორედ „ლაზარეს“ ვურჩევდი – წიგნის მხოლოდ ელექტრონული ვერსია არსებობს, ამიტომ დროა, ალესოთ „ქინდლები“.
ჟანრის კანონის თანახმად, წრე უნდა შეიკრას. ცოტნე ცხვედიანის „მაიაკოვსკის თეატრის“ პერსონაჟი თუთაც უიღბლო რევოლუციონერია, რომელსაც სამყაროს შეცვლა სურს, მაგრამ რამდენჯერაც ამას დააპირებს, იმდენჯერ „ალკოჰოლური მოწამვლით და ღვიძლის გადიდებით“ ასრულებს. თუმცა, კაცმა რომ თქვას, ეგეც ხომ ცვლილებაა, სრულიად ფიზიკურიც კი. თუთა ფიქრობს, რომ კონსტრუქციული წინააღმდეგობა სისტემას კვებავს, საჭიროა დესტრუქცია, თამაშის წესებიდან გასვლა და მაშინ გაქვს შანსი… დამარცხდე. ოღონდ ისე, რომ უთანასწორობის მკვებავი სისტემაც გაიყოლო. ამ ანტიბურჟუაზიულ რომანში რამდენიმეგან პლეონაზმებსაც შეხვდებით და სტილის აღრევასაც, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ „მაიაკოვსკის თეატრი“ არის მშვენიერი ტექსტური სანახაობა, რომელზე „დასწრებაც“ ნამდვილად ღირს.
ახალ წელს გილოცავთ! გისურვებთ კითხვისთვის საჭირო დროს!
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 20 იანვრისთვის დაგეგმილ ყრილობაზე აჭარიდან 700 დელეგატი გაემგზავრება. ამის შესახებ „ბათუმელებთან“ პარტიის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა.
„დღეს ხულოში ჩატარდება კონფერენცია სადაც შეირჩევა 58 დელეგატი. კონფერენციას ატარებს საორგანიზაციო კომისია, რომელსაც დავალებული აქვს დელეგატების შერჩევა ყრილობისთვის, საორგანიზაციო კომისიის წარმომადგენელი კი მე გახლავართ. აჭარაში ყველა დელეგატი ფაქტობრივად შერჩეულია, ხულოშიც შევარჩევთ და ამით აჭარა მზად იქნება პარტიის ყრილობისთვის“ – აცხადებს ელგუჯა ბაგრატიონი.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ყრილობის საორგანიზაციო საკითხები სადაო გახდა. 30 ნოემბრის პოლიტსაბჭოს სხდომაზე, უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ყრილობა, რომელმაც ენმ-ის ახალი მენეჯმენტი უნდა აირჩიოს, მინიმუმ 7000 დელეგატის მონაწილეობით ჩატარდება, თუმცა აზრთა სხვადასხვაობასა და დაპირისპირებას იწვევს ის, თუ როგორ განხორციელდება შეკრების ორგანიზება.
ხულოში კონფერენციას დღეს, სავარაუდოდ, არ დაესწრება პარტიის ხულოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა დეკანაძე.
„კახა დეკანაძესთან ერთად რამდენიმე ადამიანი აფიქსირებს განსხვავებულ აზრს ხულოში, სხვა რაიმე დაპირისპირება აჭარის ორგანიზაციაში არ არის. სამწუხაროდ, პარტიის ამ მცირე ე.წ. ბოკერიას ჯგუფს შეუერთდა კახა დეკანაძეც და გახდა აუცილებლობა იმისა, რომ ხულოში ჩატარდეს კონფერენცია“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ელგუჯა ბაგრატიონმა.
„საპარლამენტო არჩევნებში აჭარამ 50 ათასი ხმა მოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“ და სამწუხაროდ მცირე ჯგუფმა, მათ შორის აღმოჩნდა სერგო რატიანიც, მიიღო გადაწყვეტილება პარტიზანული გზებით – ჩუმად და მალულად ამოიღეს პარტიული სიიდან ომარ მეგრელიძე – ერთადერთი წარმომადგენელი აჭარიდან. ეს არ იყო ომარ მეგრელიძეზე და პოლიტსაბჭოს წევრებზე შურისძიება, ეს იყო ამ 50 ათასი ამომრჩევლის შეურაცხყოფა. ორი ადამიანი რომ ამოღებულიყო სიიდან დეპუტატობა უწევდა ომარ მეგრელიძეს, მაგრამ ვინაიდან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა, შესაბამისად, დასაჯეს სიიდან ამოღებით“ – აცხადებს ელგუჯა ბაგრატიონი.
დღეს, საქართველოს პარლამენტში ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სხდომაზე, ფრაქციის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გადაყენებაზე უნდა ემსჯელათ, თუმცა სხდომა დღეს აღარ გაიმართება.
ბათუმში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება იმის წინააღმდეგ, რომ ქალაქში არ დაინგრეს კიდევ ერთი სპორტული კომპლექსი – ეგრეთ წოდებული „ბასკოს“ შენობა, სადაც სპორტსმენები სხვადასხვა სახეობაში ვარჯიშობენ. ამის კვალდაკვალ, დღეს, 8 იანვარს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ “ბასკოს” შენობის დანგრევა ისედაც არ იგეგმება. გარდა ამისა, რამაზ ბოლქვაძემ თქვა, რომ სპორტსმენებისთვის შენდება ახალი შენობა. რამაზ ბოლქვაძის გაცხადებით, „სასპორტო სკოლის უკან არსებულ ორ სპორტულ ცენტრში მოღვაწე სპორტსმენებს, არათუ შენობა არ ექნებათ, არამედ ექნებათ ახალი შენობა და კიდევ უფრო უკეთესი პირობები სპორტული საქმიანობისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბათუმში კიდევ ერთი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა უკვე დაწყებულია ყინულის სასახლესთან, რაც აჭარაში სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს”.
ტერიტორია, სადაც მინისტრის თქმით, მრავლფუნქციური სასპორტო სკოლა შენდება. ფოტო: კახა გურგენიძე
მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაფერი წერია იმის შესახებ, თუ რა ვადებში აშენდება ახალი სპორტული კომპლექსი. ტერიტორიაზე, სადაც მინისტრის განცხადებით, უკვე მიმდინარეობს „მულტიფუნქციური კომპნექსის მშენებლობა“, „ბათუმელების“ ინფორმაციით, ჯერჯერობით სამშენებლო სამუშაოები არ ტარდება. ამ ტერიტორიიდან ნარჩენების გატანა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მაგრამ მძიმე ტექნიკა აქ, დღემდე, კვლავაც ნარჩენების გატანით არის დაკავებული.
შენობა, სადაც სპორტსმენები ვარჯიშობდნენ მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთით ბათუმის საკრებულომ და მთავრობამ კომპანია „ორბი ჯგუფს“ გასული წლის ბოლოს გადასცა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, „ ბათუმში 200 მილიონი ლარის უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიციის განხორციელება იწყება. შპს „ორბი ჯგუფი“ ფიროსმანის ქუჩაზე, სასპორტო სკოლის მიმდებარედ 15 227 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მასშტაბური კომპლექსის მშენებლობას განახორციელებს. ინვესტიციით 1000-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი და 4500-ზე მეტი განთავსების ადგილი გაჩნდება ქალაქში. ხელშეკრულების მიხედვით ტერიტორიაზე რეკარეაციული ზონა მოეწყობა. პროექტი ასევე სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის, ღია სპორტული მოედნის, საგამოფენო დარბაზის, რესტორნების, კაფეების და ბავშვთა გასართობი ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს. ახალი პროექტით ხიმშიაშვილის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელი პირველი ხიდი აშენდება, რაშიც 1 500 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ასევე ინვესტორი 10 მეტრი სიგანის ახალი საავტომობილო გზის მოწყობას უზრუნველყოფს, რომელიც გმირთა ხეივანს დავით ხახუტაიშვილის ქუჩასთან დააკავშირებს. საავტომობილო გზა გარე განათებით აღიჭურვება“.
ასევე გასათავლისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბოლო წლებში ბათუმში არაერთი სპორტული დაწესებულება დაინგრა ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. დანგრევის ინიციატორი ყველა ხელისუფლება სპორტული დაწესებულებების ნგრევის მოტივად თანამედროვე სასპორტო კომპლექსების მშენებლობას ასახელებდა. თუმცა, თითქმის არც ერთი სასპორტო დაწესებულება დღემდე არ აშენებულა, მათ შორის არც ფეხბურთის სტადიონი. შესაბამისად, სპორტსმენებს, თვით ოლიმპიურ სახეობებშიც კი, ყველაზე უარეს პირობებში უწევთ ვარჯიში.
„ეს არის დაბალი ღირებულებების მქონე ადამიანების პოლიტიკური შურისძიება, ეს სიგიჟეა“, – ასე აფასებს ომარ მეგრელიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი საკუთარი პარტიის გენერალური მდივნის გადაწყვეტილებას. სერგო რატიანმა ცესკოს მიმართა და “ნაციონალური მოძრაობის” პროპორციული საარჩევნო სიიდან პარლამენტის რამდენიმე დეპუტატობის კანდიდატის ამოღება მოითხოვა, მათ შორის, ომარ მეგრელიძის.
ომარ მეგრელიძე “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო სიის რიგით 29-ე წევრია. პარლამენტში ამჟამად ეს პარტია 27 მანდატითაა წარმოდგენილი. იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ორ დეპუტატს ამ პარტიიდან უფლებამოსილება შეუჩერდება, დეპუტატობა ომარ მეგრელიძეს მოუწევს.
ომარ მეგრელიძე ამბობს, რომ პარტიის გენერალურმა სამდივნომ გადაწყვეტილება პარტიის წევრებთან შეუთანხმებლად მიიღო და იგი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილბას უკავშირდება. პარლამენტის წევრობის კანდიდატებს, რომლებიც შესაძლოა პარტიის მოთხოვნით პარტიის პროპორციული სიიდან ამოიღონ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრები არიან.
“პოლიტსაბჭოზე ვიყავი მომხრე, რომ გამართულიყო საერთო ყრილობა 7 ათასი დელეგატის მონაწილეობით. სერგო რატიანი და კიდევ რამდენიმე ლიდერი მიიჩნევდნენ, რომ საკმარისი იყო 2200. რადგან ჩვენი მოთხოვნა გავიდა საბოლოოდ, რატიანმა ჩვენი დასჯა გადაწყვიტა. თან იციან, რომ 20 იანვრის ყრილობის შემდეგ შეუძლებელი იქნება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. პარტიის გახლეჩვის მცდელობა ჩვენგან კი არა, მათგან მოდიოდა. სერგო რატიანმა მე კი არ ამიმიღო სიიდან, არამედ ის ადამიანები, ვინც აჭარიდან „ნაცმოძრაობას“ დაუჭირა მხარი – ეს მათი შეურაცხყოფაა. თუ უფლებამოსილებას შემიჩერებენ, აჭარის რეგიონს თავისი წარმომადგენელი პარლამენტში ჩვენი პარტიიდან აღარ ეყოლება“, – ამბობს ომარ მეგრელიძე.
სერგო რატინმა მიღებული გადაწყვეტილება პარტიის შიგნით გახლეჩის მცდელობის შეჩერების აუცილებლობით ახსნა. ასევე განმარტა, რომ ადამიანებს, ვისი უფლებამოსილების შეჩერების თხოვნით ცესკოს მიმართა, საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების დროს, პარლამენტში შესვლის წინააღმდეგი იყვნენ. ომარ მეგრელიძესთან ერთად, პარლამენტის დეპუტატის მანდატის მოპოვების შანსი შესაძლოა აღარ ჰქონდეთ: ეკა ხერხეულიძეს, დავით კირკიტაძეს, ნინო კალანდაძეს, პეტრე ცისკარიშვილს, ლევან ბეჟაშვილს, ნუგზარ წიკლაურს, ირაკლი ნადირაძეს.
ომარ მეგრელიძე არც იმას გამორიცხავს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს ნაციონალ წევრებს შეეხოს დაპირისპირება პარტიის შიგნით: „ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, მაგალითად, ლევან ვარშალომიძის ნაცვლადაც სხვა, მათთვის სასურველი სიის მე-15, ან მე-20 წევრი შეიყვანონ”.
კანონმდებლობის მიხედვით, ცესკომ პარტიის პროპორციული სიიდან წევრების ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მომავალ კვირას უნდა მიიღოს. სერგო რატიანის მიმართვამდე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ სადაო ყრილობის საორგანიზაციო საკითხები გახდა.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ყოფილი უფროსი ვახტანგ ტერაშვილი ამავე სამმართველოში ერთ-ერთი განყოფილების [ნარკოტიკებთან ბრძოლის] უფროსად დაინიშნა.
ვახტანგ ტერაშვილი
ვახტანგ ტერაშვილი დეტექტივების სამმართველოს უფროსად მიმდინარე წლის მაისში დანიშნეს და ამ თანამდებობაზე დაახლოებით ოთხი თვე მუშაობდა, რის შემდეგაც ის ბექა გელაშვილით ჩაანაცვლეს. გელაშვილი დღემდე დეტექტივების სამმართველოს უფროსია.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში რეორგანიზაცია გასული წლის ნოემბერში დაიწყო. სამმართველოში შეიქმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილება, რასაც წინ უძღოდა სამმართველოში დასაქმებული დეტექტივ-გამომძიებლებისა და დეტექტივის თანაშემწეების 11 ნოემბერს კადრებში გადაყვანა. ყველა მათგანი 15 ნოემბრიდან დააბრუნეს თანამდებობებზე და მუშაობა გააგრძელეს, როგორც განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლებმა და ამავე განყოფილების დეტექტივის თანაშემწეებმა.
ჩვენივე ინფორმაციით, ამ რეორგანიზაციის პერიოდში დეტექტივების სამმართველოს დაემატება ტრეფიკინგისა და ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილებებიც. ეს განყოფილებები მანამდე განთავსებული იყო გრიბოედოვის ქუჩა N4-ში მდებარე [ყოფილი უშიშროების] შენობაში.
დეტექტივების სამმართველოში არსებული სამი განყოფილებიდან ერთ-ერთის, ტრეფიკინგის განყოფილების უფროსის თანამდებობა ვაკანტურია; განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილებას როინ სურმანიძე ხელმძღვანელობს, რომელიც ამავე სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლად მუშაობდა; რაც შეეხება ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილებას, მისი უფროსი, როგორც აღვნიშნეთ ვახტანგ ტერაშვილია.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში კვლავ რეორგანიზაციის მოლოდინში არიან. სავარაუდოდ, შემცირებებია მოსალოდნელი ძირითადად საფინასო და კადრების განყოფილებებში, სადაც ათობით თანამშრომელი სამსახურში მიმდინარე წლის იანვარში აღარ გამოცხადებულა. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, არც ერთი მათგანის გათავისუფლებაზე, ჯერჯერობით, ბრძანება გამოცემული არ არის.
შს სამინისტროს პრესცენტრი ამ საკითხზე განმარტებას არ აკეთებს. პრესცენტრში ამბობენ, რომ ინფორმაციის დადასტურებას ან უარყოფას მხოლოდ მომდევნო ორშაბათს, 9 იანვარს შეძლებენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 6 იანვარს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ორი პირი დააკავეს ბათუმში. დაკავებულებს – 1995 წელს დაბადებულ კ.დ.-ს ბრალად ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ხოლო 1958 წელს დაბადებულ, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.ქ.-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, “ჰ.ქ.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 235 აბი „სუბოქსონი“ ამოიღეს, კ.დ.-ს პირადი ჩხრეკისას კი – 5 აბი „სუბოქსონი“.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ დღემდე არ არის გახსნილი სუპერმარკეტ „იალჩინის“ ტერიტორიაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი, რომელიც 31 დეკემბერს დაფიქსირდა. მაშინ სანტას ფორმაში გადაცმულმა შეიარაღებულმა მძარცველმა „იალჩინიში“ განთავსებული სავალუტიო ჯიხურიდან თითქმის 60 ათასი ლარი გაიტაცეს.
3 იანვარს, მძარცველებმა სუპერმარკეტ “იალჩინის” თანამშრომლები უკვე მეორედ დააყაჩაღეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, მეორე შემთხვევა ბათუმის აეროპორტის ტერიტორიაზე მოხდა.
შს სამინისტროში გატაცებული თანხის ოდენობას ვერ ასახელებენ. ბათუმში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტები ჯერჯერობით არ არის გახსნილი. ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.
აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბათუმში ორი ადამიანი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა, აჭარის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში არ ადასტურებენ.
ამ დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, „ეს არ იყო გრიპით გარდაცვალება, ეს არის პნევმონიით გარდაცვალება. პნევმონიის გარდაცვალება ხდება როგორც ზამთრის სეზონზე, ისე ზაფხულში. შესაბამისად, აქ უჩვეულო არაფერი ხდება. გრიპი ეს არის მწვავე ვირუსული დაავადება, პნევმონია კი შეიძლება ვირუსის გარეშეც დაემართოს ადამიანს“.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბოლო მონაცემებით, აჭარაში გრიპის შემთხვევებმა იმატა.
ხულოს მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის „დიდაჭარა-საციხური-გელაურას“ მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობისთვის აჭარის ბიუჯეტში 1 მილიონ 759 ათას 490 ლარია გათვალისწინებული. შესაბამისი ტენდერი აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა.
სამუშაოს შესრულების ვადაა 130 დღე ხელშეკრულების დადებიდან. მიმწოდებელი კი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს არაუგვიანეს 2017 წლის პირველი მაისისა.
სატენდერო პირობების თანახმად, „პრეტენდენტს საკუთრებაში უნდა გააჩნდეს ასფალტის ქარხანა, ან/და გაფორმებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი ხელშეკრულება ასფალტბეტონის მიწოდებაზე;
ასევე, 2014 წლის იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდში შესრულებული უნდა ქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური სახის, კერძოდ გზებზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები საერთო ღირებულებით 1,5 მილიონი ლარის ოდენობით, აქედან ერთი ხელშეკრულებით მაინც უნდა გააჩნდეს არანკლებ 500 ათასი ლარის ღირებულებით შესრულებული ანალოგიური სამუშაოები;
იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენლობა საქართველოში, სათაო კომპანიის გამოცდილება არ ჩაეთვლება. ამ დოკუმენტაციის შესაბამისი გამოცდილება უნდა ჰქონდეს თავად პრეტენდენტს ან და ტენდერში მონაწილეობა უნდა მიიღოს და სამუშაოები შეასრულოს თავად სათაო კომპანიამ“.
„დიდაჭარა-საციხური-გელაურას“ მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის მოწყობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადებულია „გზაპროექტის“ მიერ. გზის საპროექტო მონაკვეთი იწყება „ დიდაჭარა-ღორჯომი“-ს ს/გზის ასფალტირებული გზიდან. დასაპროექტებელი მონაკვეთის სიგრძეა 4.15 კმ. საპროექტო მონაკვეთზე გზის გეგმიური მიმართულება უცვლელია.
ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 24 იანვარს დასრულდება.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, აჭარაში გრიპისა და სხვა რესპირატორული დაავადებებით ამბულატორიული შემთხვევების (ILI) მომართვიანობა ყოველ 100 000 მოსახლეზე შეადგენს 404-ს [საქართველოს საშუალო მაჩვენებელი 252,1-ია]. ცენტრის ინფორმაციით, უკანასკნელი 2 კვირის მონაცემებით ფიქსირდება შემთხვევათა მატების ტენდენცია, რაც დამახასიათებელია გრიპის ეპიდსეზონისათვის. შემთხვევათა 80% კი რეგისტრირდება ქალაქ ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში.
რაც შეეხება გრიპისმაგვარ დაავადებათა ჰოსპიტალურ შემთხვევებს (SARI), შემთხვევათა რაოდენობა უკანასკნელი კვირის ინფორმაციით შეადგენს 132-ს რეგიონში [სულ ჰოსპიტალური შემთხვევების 14%]. საშუალოდ გრიპისმაგვარი დაავადებების სტაციონარული შემთხვევების რაოდენობა [გასული] წლის მე-40 კვირიდან მერყეობდა 60-დან 132 -ის ფარგლებში კვირის განმავლობაში.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით 2016-17 წლების გრიპის სეზონზე საქართველოში გამოვლენილია ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსის 161 შემთხვევა, აქედან 1-B, 160 – A/H3 გრიპის ვირუსის ქვეტიპი [აჭარაში დადასტურდა ერთი A/H3].
ინფორმაციისათვის:
გრიპისმაგვარიდაავადების (ILI) (ამბულატორიული) შემთხვევისგანსაზღვრება: უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში განვითარებული მწვავე რესპირატორული დაავადება, რომელსაც ახასიათებს:
– ტემპერატურა 38,
– ხველება.
მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციის (SARI) შემთხვევის განსაზღვრება:
უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში განვითარებული მწვავე რესპირატორული დაავადება, რომელსაც ახასიათებს:
– ტემპერატურა 38,
– ხველება,
– ჰოსპიტალიზაციის საჭიროება ღამისთევით.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით რეგიონში გრიპის ვირუსის გამო რეანიმაციაში მოთავსების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაცია:
იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა – სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში – ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა – სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა!
გრიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომების მქონე პაციენტებს სეზონურ გრიპზე ლაბორატორიული კვლევები დამატებითი დიგნოსტირებისთვის, გრიპის ვირუსის ტიპების ან ქვეტიპების იდენტიფიცირებისათვის და მკურნალობის ტაქტიკის განსასაზღვრად არ ესაჭიროებათ.
სამედიცინო დაწესებულებაში გრიპის პრევენციისა და კონტროლის რეკომენდაციები:
გრიპით დაავადებული პაციენტები უნდა მოთავსდნენ ცალკე პალატაში ან კოჰორტულად;
შეძლებისდაგვარად უნდა შეიზღუდოს პაციენტების პალატის გარეთ გადაადგილება;
პაციენტებს პალატის გარეთ გადაადგილებისას ან ტრანსპორტირებისას სავალდებულოა ეკეთოთ ნიღაბი;
სამედიცინო პერსონალმა მკაცრად უნდა დაიცვას ხელების ჰიგიენის წესები
სამედიცინო პერსონალმა უშუალოდ პალატიდან გამოსვლის წინ ხელები უნდა დაიმუშაოს ანტისეპტიკური საშუალებებით; • სამედიცინო პერსონალი ვალდებულია, პალატაში შესვლის დროს გაიკეთოს ერთჯერადი ხელთათმანები;
სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ატაროს ნიღაბი;
მკაცრად უნდა იქნეს დაცული დეზინფექციისა და სტერილიზაციის ჩატარების წესები.
2017 წლის პირველი იანვრიდან ბათუმის სამორინეებში ერთ მაგიდაზე კვარტალში გადასახადი შეადგენს 24 ათას ლარს, ნაცვლად 18 ათასი ლარისა; ხოლო ერთ სათამაშო აპარატზე, ასევე კვარტალში – 2 600 ლარს, ნაცვლად 2 ათასი ლარისა.
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახეობები და ოდენობა:
თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – 24 000 ლარი კვარტალში;
თითოეულ სათამაშო აპარატზე – 2 600 ლარი კვარტალში;
თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – 250 000 ლარი კვარტალში;
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშის თითოეულ სალაროზე – 6 000 ლარი კვარტალში;
თითოეული კლუბის მაგიდაზე – 6 000 ლარი კვარტალში.
ბათუმში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა მუნიციპალიტეტის საკრებულომ გასული წლის 29 დეკემბერს დაადგინა.
ბათუმში დღეს 11 მოქმედი კაზინოა. გასული წლის მონაცემებით, ბათუმში მოქმედ კაზინოებში განთავსებული იყო 138 მაგიდა და 1475 სათამაშო აპარატი. სათამაშო ბიზნესიდან კი ბათუმის ბიუჯეტში 2015 წელს ჯამში შენატანი 15,5 მილიონი ლარი იყო. აქედან 8,3 მილიონი ლარი მაგიდებიდან, ხოლო 6,6 მილიონი ლარი სათამაშო აპარატებიდან [სათამაშო ბიზნესიდან 2014 წელს ბათუმის ბიუჯეტში 5 მილიონამდე ლარი შევიდა].
ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, ჯემალ დუმბაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საპატიმრო დაწესებულება დატოვა. ინფექციური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი წინასწარი პატიმრობიდან 5 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ჯემალ დუმბაძემ იგივე სამედიცინო დაწესებულებაში ექიმის სტატუსით დაიწყო მუშაობა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჯემალ დუმბაძეს დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და გაფლანგვას ედავება. დარღვევები ამ სამედიცინო დაწესებულებაში გასულ წელს სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ დააფიქსირა. უწყების დასკვნით, გამოვლენილი ფინანსური დარღვევების საფუძველზე საავადმყოფო 206 231 ლარით დაჯარიმდა.
აღკვეთი ღონისძიების შეფარდების ეტაპზე ჯემალ დუმბაძის ადვოკატმა ედიშერ მახარაძემ მოსამართლეს ბრალდებულის გათავისუფლება 20 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ სთხოვა. მაშინ მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გირაოს სანაცვლოდ ყოფილი დირექტორის, ჯემალ დუმბაძის წინასწარ პატიმრობიდან გათავისუფლებაზე უარი თქვა.
ჯემალ დუმბაძე გასული წლის 28 ნოემბერს დააკავეს. ბრალდებული წარდგენილ ბრალს აღიარებს.
გუშინ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორად ლევან გორგილაძე დანიშნეს. ლევან გორგილაძე ბოლო პერიოდში აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, ხოლო უფრო ადრე, წლების განმავლობაში, ის აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე იყო.
შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, 4 პირი: 1975 წელს დაბადებული ვ.ა., 1975 წელს დაბადებული გ.ს., 1983 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1991 წელს დაბადებული ტ.თ. დააკავეს, ხოლო 1982 წელს დაბადებული გ.მ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა შპს „ნპ საქართველო“ და შპს „მოტორ ლაინ ქომფანი“ დააფუძნეს და ერთ-ერთ ვებ-გვერდზე რეკლამა განათავსეს, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპის ქვეყნებიდან მოქალაქეთათვის სასურველი ავტომანქანები საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად ჩამოჰყავდათ.
ბრალდებულები მოქალაქეებთან ყალბ ხელშეკრულებებს აფორმებდნენ, რომელთა საშუალებითაც ვალდებულებას იღებდნენ, მითითებული ავტომობილები ხელმოწერიდან 60 დღის ვადაში ჩამოეყვანათ, ხოლო მოქალაქეებს თანხები შესაბამის ანგარიშებზე ავტომანქანების ჩამოსვლამდე, წინასწარ უნდა ჩაერიცხათ.
აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის საშუალებით, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ მოქალაქეების კუთვნილ 115 300 აშშ დოლარს და 1900 ევროს.
პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის – გ.მ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 7200 აშშ დოლარი, ხოლო ბრალდებულების კუთვნილი კომპანიების ოფისებიდან სხვადასხვა დოკუმენტაცია და კომპიუტერები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
მხილებული პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით)“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურის მოსახლეობა ახალ წელს საპროტესტო აქციით ხვდება. 31 დეკემბერს სოფელში აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეების თქმით, ისინი ახალ წელს აქციის ფონზე გაატარებენ და ჰესის მშენებელ კომპანია „აჭარისწყალ ჯორჯიას“ არ მისცემენ სამუშაოების გაგრძელების საშუალებას.
“ადგილი, სადაც „აჭარისწყალი ჯორჯია“ აწარმოებს სამუშაოებს, ჩვენი საცხოვრებელი ადგილებისთვის საფრთხის შემცველია. რამდენიმე კვირის წინ გვქონდა შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან და შეხვედრაზე თავმჯდომარემ წაიღო ჩვენი დოკუმენტები და დაგვპირდა, რომ შექმნიდა სპეციალურ კომისიას და შეისწავლიდა ჩვენს მდგომარეობას, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ისევ პასუხის მოლოდინში ვართ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ შევაჩეროთ მიმდინარე სამუშაოები და მოვითხოვთ, რომ დროულად მოხდეს რეაგირება ჩვენს მოთხოვნაზე“ – უთხრა „ბათუმელებს“ რომან აბაშიძემ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. მისი თქმით, მათ აქვთ გეოლოგიური დასკვნა, რომელიც ადასტურებს მათ განცხადებას.
აქციის ფოტო მოგვაწოდა მაია ფუტკარაძემ
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის განმარტებით კი, ტერიტორია, სადაც კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ აწარმოებს გვირაბმშენებლობის სამუშაოებს, შესწავლილია შესაბამისი სპეციალისტების მიერ და “კვლევაში განმარტებულია, რომ გვირაბმშენებლობის სამუშაოები არ უკავშირდება საფრთხეებს” .
“ბათუმელები“ აღნიშნული საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელს დავით ჭიპაშვილს ესაუბრა.
“ეს არის პროექტი, რომლის სამშენებლო ნებართვა გაიცა ისე, რომ კომპანიას არ ჩაუტარებია დეტალური გეოლოგიური შესწავლა. მხოლოდ შესწავლა კი არ არის მთავარი – „შევისწავლე და მორჩა“, მას თან უნდა ახლდეს შემარბილებელი ღონისძიებები, გეგმები და ეს ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო მშენებლობის ნებართვის გაცემამდე, 2013 წლამდე უნდა ჩატარებულიყო დეტალური გეოლოგიური კვლევა და არა მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო.
დეტალურ გეოლოგიური კვლევების საფუძველზე უნდა განსაზღვრულიყო პროექტის ზემოქმედების არეალი და არა ისე, როგორც განსაზღვრა კომპანიამ – “გვირაბია ჩვენი და დანარჩენი არ მაინტერესებს”. პროექტის არეალი მთლიანად უნდა განსაზღვრულიყო, შესაბამისად ისიც, საპროექტო ზონაში მოქცეული ოჯახებზე ან სოფლებზე რა ზემოქმედება ექნებოდა ამ პროექტს და რა შემარბილებელი ღონისძიებები უნდა გატარებულიყო” – ამბობს დავით ჭიპაშვილი.
„არაფერი მაქვს მოსაყოლი, ცუდი რესპოდენტი ვარ…“ რამდენჯერმე გვითხრა საუბრის დროს სოლომონ მირიანაშვილმა. მუსიკოსია, ორკესტრანტი იყო. ახალ წელსაც მუსიკით უნდა შეხვდეს… ხელიდან ტელეფონს არ დებს, ისევე, როგორც იქვე მყოფი სხვა მოხუცები. ელოდებიან, როდის დარეკავენ ახლობლები. „ამ ახალ წელსაც მარტო ვიქნები. მე აქ ვიქნები, ისინი – იქ. თბილისში არიან, მაგრამ აქვე ხომ არაა, ორი ფეხის ნაბიჯზე? მე ჩემს მოხუცებთან ერთად შევხდები ახალი წელს…“ – ამბობს სოლომონ მირიანაშვილი, ის ბათუმის წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეში ცხოვრობს.
სოლომონ მირიანაშვილი
კარგი ის ახალი წელი იყო, როცა დედაჩემი სახლში მყავდა. მამა ძალიან ადრე გარდამეცვალა და დედა მზრდიდა. სულ მუშაობდა, არასდროს არ ეცალა. ახალ წელს ასვენებდნენ და ეს იყო ჩემთვის დღესასწაული, როცა ერთად ვიყავით მე და დედა… ხანდახან ახალ წელსაც ვერ მოდიოდა, ამ დროს სხვასთან მტოვებდა და ეგ არ მინდოდა. დედა გოზინაყს აკეთებდა, უგემრიელესი იყო. ნაძვის ხე არასდროს მქონია. როცა ნაძვის ხე დავდგი, ის უკვე აღარ იყო ჩემი – შვილებს დავუდგი. ახლა ესაა ჩემი ნაძვის ხე, რასაც ჩემს უკან ხედავთ. არ ვიცი, სათამაშოები გვექნება თუ არა. ახალი წლის ღამეს შვილიშვილების ზარს ველოდები… სავანეში ანსამბლია, იქ ვიმღერებ კიდევ აუცილებლად.
ლამარა ნუგელაძე – „ერთხელ ახალ წელს შუა ოკეანეში შევხვდი“
ექთანი ვარ. ჯერ შუახევში ვმუშაობდი, მერე გემზე. 18 წელი გემზე ვიყავი ექთნად. ყველაზე ლამაზი ახალი წელი გემზე რომ შევხვდი, ის იყო. ფერად-ფერადი ნათურებით მოვრთეთ ყველაფერი, ბიჭებს გიტარაც ჰქონდათ, პურ-მარილიც კაი გვქონდა… სულ პირველად რომ ვიყავი, მაშინაც ახალ წელს შუა ოკენაში შევხვდი, საშინელი ტალღები იყო, სამსართულიანი სახლისხელა. წყნარი ოკეანე კი ჰქვია, მაგრამ ასეთი გაბრაზება სცოდნია… ერთხელ, ახალ წელს სანაპიროზე შევხვდით. ჩვენი გემი, „გიორგი ლეონიძე“ ერქვა, კუბაში იდგა. პირველი ადგილი ავიღეთ, ისე ლამაზად იყო მორთული ჩვენი გემი გარედან.
ოჯახი არ შემიქმნია. ბავშვობის მერე შეყვარებული არ ვყოფილვარ, არ მეცალა სიყვარულისთვის. ალბათ ბედია ყველაფერი… შვიდი წელია, თვალში სინათლე დამაკლდა, მხოლოდ სილუეტებს ვხედავ. ჩემით დავდივარ ყველგან, ოთახიდან როცა გამოვდივარ, ვყვირი, გაიწიეთ, არ დაგეჯახოთ-მეთქი, იცინიან.
ლამარა ნუგელაძე
ფიქრია იაკობაძე: „სულ მიხაროდა ახალი წელი“
ფიქრია იაკობაძე
ახალი წელი სულ ყოველთვის კარგია. სულ მიხაროდა… სულ მუშაობაში ვიყავი ისე. ქვეყნის საქმე მქონდა, ყოველთვის გარეთ, შიგნით… ახალ წელს მუშაობა არ ვარგაო, იტყოდენ და ე, მაშინ დევსვენებდი. წინასწარ გავამზადებდი ათასნარ საჭმელებს, აბა, ხომ არ დავჯდებოდი მართლა? მფერხავიც ვიყავი ბევრჯერ, ვერ დათლი, იმდენჯერ. კარგი ფეხი აქვსო, ასე ამბოდნენ ჩემზე…
ციური ჟორჟოლიანი: „ახალ წელს დაბადების დღეც მაქვს. ველი, შვილიშვილი დამირეკავს, ალბათ“
სამი წელია აქ ვარ. ორი ბიჭი მყავდა, ორივე დაიღუპა. ციმბირში ცხოვრობდა ჩემი შვილი. იქედან მირეკავდა ახალ წელს, თან დაბადების დღე მქონდა, ხელახლა ვიბადებოდი მაშინ… ახლა შვილიშვილი დამირეკავს, ალბათ. სასწავლებლად და თან სამუშაოდაა წასული სმოლენსკში. მისი ცხოვრება ააწყოს, ჩემს თავს აღარ დავეძებ.
ციური ჟორჟოლიანი
14 წლის ვიყავი, როცა ჩემმა ქმარმა მომიტაცა. 15 წელი მის ხელში შევასრულე. შემიყვარდა, აბა, არა? 40 წელი ერთად ვიცხოვრეთ. ბავშვი ვიყავი, არ მესმოდა არაფერი. მერე ვისწავლე ყველაფერი, ამდენს ვინ დაგალაპარაკებდა იმ დროს უფლებებზე…
ახლა ტელევიზორში ვისმენდი, ერთი გოჭი 160 ღირსო. წინათ ამ ფასად ყველაფერს იყიდდი და ჩინებულ სუფრას გააწყობდი. ყველაფერს ვაკეთებდი ახალ წელს. ჩემს ოჯახში ასე იყო, ახალ წელს სადმე ვერ წახვიდოდი, სახლში უნდა ყოფილიყავი. ორი რიცხვი რომ გადაივლიდა, მერე სადაც გინდოდა, იქ წახვიდოდი.
ნონა მახარაძე: მანიკურზე ვმუშაობდი, გამსახურდიაზე რომ იყო სალონი „მაგნოლია“, იქ. სალონში რომ ვიკრიბებოდით ახალ წელს, ეს სიხარული მახსოვს. ნაძვის ხესაც გვიდგამდა მაშინ ხელმძღვანელობა, კლიენტებიც მოდიოდნენ და ერთად აღვნიშნავდით.
ციალა ხაჭაპურიძე: 4 წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა ომში, ქმარ-შვილი თბილისში 93 წელს რომ მოხდა შეხლა-შემოხლა, მაგ დროს დაიღუპნენ. სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტში ვმუშაობდი 35 წელი მთავარ ბუღალტრად და სულ გარეთ მიწევდა ყოფნა, საზღვარგარეთ. მერე აჭარის სახელმწიფო ანსამბლშიც ვმღეროდი. ახლა რა მამღერებს, ქმარ-შვილი აღარ მყავს… სავანის გუნდში ვმღერი, ხვალ საღამოს აუცილებლად ვიმღერებ. რამდენი გასაჭირია ცხოვრებაში, მაგრამ ახალი წელი ისეთი რამეა, ყველას უნდა მიულოცო, შორებელიც რომ იყოს.
თინა თათარიშვილი: კარგი ახალი წელი მაშინაა, როცა პრობლემა არ გაქვს. ასეთი არ მახსენდება. სულ ორომტრიალში ვართ ადამიანები. ჩემი მეგობარი ბოლო წლები ლიტერატურაა, სულ ვკითხულობ… სათაურებიც კი არ მახოვს, რაც წავიკითხე, მაინც ვერ ვეშვები. აბაშაში ქართულ ფილოლოგიას ვასწავლიდი. ახლა აქ ვარ მეოთხე წელია. ნაძვის ხეც დაგვიდგეს, ლამაზია, მაგრამ ჩემი ნაძვის ხე აუცილებლად ცოცხალი უნდა ყოფილიყო, მწვანე და ხასხასა. კიდევ გოზინაყი უნდა გამეკეთებია ახალი წლის საღამოს.
მერი ბოლქვაძე: ძალიან ხშირად ახალ წელს ბაკურიანში ვხდებოდი. ბავშვები სულ იქ დამყავდა, ჩემი მეუღლეც ჩამოდიოდა 31-ში საღამოს.
მარი: 16 წელია აქ ვარ, მას შემდეგ, როცა სრულწლოვანი გავხდი და ჩემი სხვა თავშესაფარში გაჩერება აღარ გამოდიოდა. სხვადასხვა პრობლემა მაქვს. ახლა მოხუცებთან ერთად ვხდები ახალ წელს. ბებია არასდროს მყავდა. აქ ბევრი ბებია და ბაბუა მყავს. ზოგი მწოლიარეა, ზოგი დადის, ყველას მოფერება უნდა… ახალ წელს სუფრას ვშლით და ერთად ვიკრიბებით. მშობლეთან ერთად რომ ვხდებოდე, უკეთესია, მაგრამ… მოხუცები ახალი წლის საღამოს ერთად ხვდებიან ახალ წელს, სვამენ კიდეც. ისე, მაინც უფრო თავისიანების ზარს ელოდებიან. ასე იქნება ალბათ ახლაც.
ავტორი: თამილა ლომთათიძე, ისტორიის აკადემიური დოქტორი
ფოტოზე: აჭარა, სოფელი გომარდული. შოთა გუჯაბიძის ფოტო
_______________________________________________
აჭარაში ახალი წლის შესახვედრად ადრიდანვე იჭერდნენ თადარიგს: ვალებს გაისტუმრებდნენ, თუ რამ განათხოვრებული ჰქონდათ, ყველაფერს უკან დაიბრუნებდნენ, რადგან სწამდათ, რომ ახალი წლის ღამე საოჯახო ნივთებმაც, ისევე, როგორც ადამიანებმა და საქონელ-ფრინველმა, საკუთარ ჭერქვეშ უნდა გაატარონ.
აჭარაში საახალწლო სამზადისის დროს არავის არაფერს არც მოსთხოვდნენ და არც მისცემდნენ, რომ „ხელი არ გადაყოლოდა“ და ბარაქა ოჯახიდან არ გასულიყო.
ახალი წლის დღესასწაულის შესახვედრად ოჯახის ყველა წევრი ფუძე-სახლში იყრიდა თავს, რადგან ახალი წელი, მართალია საყოველთაო, საზოგადო დღესასწაულია, მაგრამ, ამავე დროს, იგი ძირითადად ოჯახური ზეიმია.
ხალხის რწმენით წლის პირველი დღე განსაზღვრავდა მთელი წლის იღბლიანობა-უიღბლობას. ამიტომაც აჭარაში ცდილობდნენ ახალი წლის დილით განსაკუთრებით მარჯვედ ყოფილიყვნენ, ხელი არაფერში მოსცარვოდათ, ახალ წელს მაძღრისად შეხვედროდნენ.
ამ მიზნით ახალი წლის წინა ღამით ბალიშის ქვეშ მჭადის ლუკმას ამოიდებდნენ. ოჯახის თითოეული წევრი ცდილობდა გათენებამდე გამოეღვიძა და შენახული მჭადის ლუკმა მამლის ყივილამდე ან ჩიტის პირველ დაძახილამდე შეეჭამა, რათა ფრინველისაგან „დაძლეული“, დამარცხებული არ დარჩენილიყო და მომავალი წელი მისთვის უიღბლო არ გამომდგარიყო.
გარდა ამისა, ამ დღეს ასრულებდნენ გარკვეულ წეს-ჩვეულებებს, რომელთა დანიშნულებაც მომავალი სამეურნეო საქმიანობის იღბლიანობის უზრუნველყოფა იყო.
პირველი დღის მაგიის რწმენა კარგად ჩანს მეკვლეობის ინსტიტუტში. გადმოცემით, სახლი უნდა ეფერხვა „კაი ფეხის“ ადამიანს. იგი დილით ადრე უნდა მისულიყო სახლში. მეკვლეს ანუ მფერხავს ხელში ტკბილეული ეჭირა. იგი კარზე დააკაკუნებდა. ოჯახის უფროსი მეკვლეს გამოეპასუხებოდა. მათ შორის იმართებოდა დიალოგი, რომლის დროსაც მეკვლე ოჯახს ხვავს, ბარაქას, სითბოს, სიტკბოს, სიხარულსა და ბედნიერებას დაუბედებდა და ოთახში შევიდოდა. შესასვლელში იდგა პატარა სკამი (ჯორკო), რომელზეც იდო ბრინჯიანი თასი. მფერხავი აიღებდა თასს, დაჯდებოდა ჯორკოზე და სამჯერ წაინაცვლებდა წინ, ოჯახის საქმე წინ წავიდესო. მერე ბრინჯს და კანფეტს მოაყრიდა ოთახებში.
შემდეგ მეკვლე კერაში ნაკვერცხალს გაჩხრეკდა, ნაპერწკლებს ააყრევინებდა და დაილოცებოდა: „რამდენი ნაპერწკალიც ავარდა, იმდენი სიმინდი, იმდენი ოქრო-ვერცხლი, იმდენი საქონელ-ფრინველი, ხვავი და ბარაქაო“. ამ დღეს არ შეიძლებოდა ოთახის დაგვა, ხვავი და ბარაქა ოჯახიდან რომ არ გასულიყო.
გომარდული. შოთა გუჯაბიძის ფოტო
ძველად აჭარაში გავრცელებული იყო კარდაკარ ჩამოვლისა და მილოცვის ჩვეულება. მომლოცველები ახალი წლის საღამოს ჯგუფებად იწყებდნენ კარდაკარ ჩამოვლას. დადიოდნენ თითქმის გათენებამდე, გალობით ულოცავდნენ ოჯახებს ახალი წლის მოსვლას.
მასპინძლები მომლოცველებს ასაჩუქრებდნენ ფულით, ტკბილეულით, ხილით. სულ ბოლოს კარდაკარ ჩამოვლის მონაწილეები თავიანთ ოჯახებს ულოცავდნენ და მიუმღერებდნენ. დილიდან იწყებოდა ერთმანეთთან სტუმრობა.
საახალწლო წეს-ჩვეულებათა უმეტესი ნაწილი აჭარაში ნაყოფიერების მაგიას უკავშირდებოდა და მოსავლიანობისა და საქონელ-ფრინველის სიმრავლის უზრუნველყოფისათვის იყო განკუთვნილი.
ნაყოფიერებისა და ბარაქიანობის გამომწვევი ძალების გაძლიერებას ემსახურებოდა აჭარაში ფრაგმენტების სახით შემორჩენილი აგრარულ-რელიგიური ხასიათის დღესასწაული „ბოსლობა“ და „ცხემლის ჭრის“ რიტუალი, რომელთა დანიშნულებაც ბუნების ძალთა აღორძინება და ნაყოფიერების უზრუნველყოფა უნდა ყოფილიყო.
ტრადიციულად, აჭარაში ახალ წელს სავსე სუფრით ხვდებოდნენ, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა მოხარშულ სიმინდს. სიმინდს გარკვეულ ხანს წყალში გააჩერებდნენ, შემდეგ მოხარშავდნენ და მარილთან ერთად მიირთმევდნენ ან ამზადებდნენ სირსვალს – ნივრით და ნიგვზით შეკაზმულ, მოხარშული, კანგაცლილი სიმინდის შეჭამანდს.
სწამდათ, რომ, როგორც „კარდალში გასივდება და აივსება სიმინდი, ისე აივსება ნათესი და კაი მოსავალი იქნებაო“. სირსვალის ჭამა აუცილებელი იყო ოჯახის წევრებისათვის, მაგრამ სხვას, უცხოს მას არ აჭმევდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ „ოჯახიდან ბარაქა წავიდოდა“.
აჭარაში საახალწლო რიტუალებში ნაყოფიერების სიმბოლოს დატვირთვა ჰქონდა მარცვლეულს (ბრინჯი, ხორბალი, ღომის მარცვალი და სხვ.). მაგალითად, ახალ წელს ბოსლობის რიტუალის შესრულებისას, ოჯახის უფროსი მამაკაცი საქონელს ირგვლივ შემოუვლიდა და მარცვალს მიმოფანტავდა. ან კიდევ, საქონელს მარცვალს აჭმევდა, ახორში ბრინჯს, სიმინდს, ხაპის გულს მოაპნევდა – „ბერექეთი იყოსო!“
ახალი წლის ღამეს დიასახლისი მარცვლეულს აპნევდა როგორც ოთახის კუთხეებში, ასევე საახალწლო სუფრაზეც. ამ სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო მოხარშული კვახი. ხშირად კვახს ტაბლაზევე დაჩეხავდნენ, რომ მისი თესლი სუფრაზე დაყრილიყო. ეს სიუხვისა და ბარაქის უზრუნველყოფის აუცილებელ პირობად ითვლებოდა.
აჭარაში საახალწლო რიტუალებში განსაკუთრებული საკრალური მნიშვნელობა ენიჭებოდა წყალს. ახალი წლის დილას დიასახლისი ადრე ადგებოდა, გააღვივებდა ცეცხლს და ხმისამოუღებლად მოიტანდა წყალს, რომელსაც კერის პირას ან ოთახის კუთხეებში მოაპკურებდა, თან დაილოცებოდა: „ამ წყალივით წინ წავიდეს ოჯახის საქმეო“.
წყლის მაგიური ძალის რწმენა კარგად ჩანს აჭარაში ახალი წლის დილას „საქონლის წყალზე გაყვანის“ ჩვეულებაში, რაც ზემო აჭარაში დღესაც სრულდება.
ახალი წლის დღეებში ყველა ერიდებოდა უსიამოვნებას, ჩხუბს, აყალ-მაყალს, ბილწსიტყვაობას. ერთმანეთს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ექცეოდნენ, ერიდებოდნენ ბავშვების დატუქსვასაც კი, რათა მთელი წელი ოჯახში ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების მშვიდობიანი ატმოსფერო ყოფილიყო.
ასე, სხვადასხვაგვარი სიმბოლოების, რიტუალური ელემენტებისა და წეს-ჩვეულებების საშუალებით ცდილობდნენ აჭარაში უზრუნველეყოთ მომავალი წლის იღბლიანობა ოჯახისათვის.
ავღანეთში, ISAF -ის სამხედრო მისიის შესრულების დროს გონიოელი რამაზ ბერიძე ნაღმზე აფეთქდა. იმავე დღეს მეორეჯერ მოხვდა ნაღმზე, როცა ის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავდათ. რამაზმა ცალ ყურში მთლიანად დაკარგა სმენა, მეორეში – ნაწილობრივ. ავღანეთიდან დაბრუნებულ ოთხი ომის მონაწილეს და ათწლიანი სამხედრო გამოცდილების მქონე ვეტერანს თავდაცვის სამინისტრომ 2014 წელს ისე შეუწყვიტა ხელშეკრულება, რომ კომპენსაციაც არ გადაუხადა. რამაზ ბერიძის შესახებ „ბათუმელები“ აპრილში წერდა. მაშინ გამოცდილი ვეტერანი თურქეთში თხილის პლანტაციაში მუშაობდა ოჯახის სარჩენად… რამაზ ბერიძის გარდა, „ბათუმელები“ კიდევ რამდენიმე ისტორიას გაგახსენებთ, რომლებიც აჩვენებს, რა რეალობა გვქონდა წელს უფლებების დაცვის კუთხით. ჩვენ ასევე დავინტერესდით, რა შეიცვალა იმ ადამიანების ცხოვრებაში, ვისზეც „ბათუმელები“ წერდა რუბრიკაში „ადამიანის უფლებები“.
საბედნიეროდ რამაზ ბერიძის ცხოვრება შეიცვალა. „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ მისი ისტორია ტელევიზიებმაც გააშუქეს. „სამი თვის წინ სამინისტროს ლოჯისტიკის ქვედანაყოფში დამნიშნეს. ხელახლა შეისწავლეს ჩემი საბუთები და დარწმუნდნენ ჩემ სიმართლეში“, – გვითხრა ვეტერანმა.
„ბავშვები ძალადობის წრეში“ – წლის განმავლობაში ქობულეთში ორი შემთხვევა დაფიქსირდა სხვადასხვა ოჯახში, როცა მშობელმა ბავშვს სცემა. თებერვალში მამამ სცემა შვილს, აგვისტოში – დედამ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ძალადობაში მხილებულ ორ სხვადასხვა მშობელს პირობითი მსჯავრი შეუფარდა. მამას შვილის ნახვის უფლება მხოლოდ განსაზღვრულ დროს აქვს, დედას შვილები დაუბრუნეს.
„ორსულთა ბრძოლა“ – შემთხვევა პირველი: აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში ფეხმძიმე ქალი სამსახურიდან გაუშვეს. „უღირსი საქციელი“ და „საჯარო სამსახურის დისკრედიტაცია“ – ეს ჩაწერა სამმართველოს უფროსმა, ვახტანგ წულაძემ იმ ქალის გათავისუფლების ბრძანებაში, რომელმაც მანამდე ხელმძღვანელთან თანამშრომელი სექსუალურ ძალადობაში ამხილა. გათავისუფლებული ქალის ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავდა.
ვახტანგ წულაძის მიერ ხელმოწერილი ბრძანება სასამართლოს სამივე ინსტანციამ უკანონოდ მიიჩნია. მან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დაახლოებით 4 თვით გააჭიანურა, რითაც კიდევ უფრო გაიზარდა ქალისთვის ბიუჯეტის ხარჯზე განაცდურის ანაზღაურების მოცულობა. მოხელის თვითნებობაზე აჭარის მთავრობას რეაგირება არ მოუხდენია. პირიქით, ვახტან წულაძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარია აჭარის უმაღლეს საბჭოში.
შემთხვევა მეორე: ფეხმძიმე ქალს შეუწყვიტა შრომითი ხელშეკრულება ხელვაჩაურის გამგებელმა. გულნაზ ღლონტი სოფელ განთიადში რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა. ბათუმის სასამართლომ მიიჩნია, რომ გამგეობას ამ შემთხვევაში ვაკანსია არ ჰქონდა, რადგან თანამდებობა დეკრეტულ შვებულებაში გასულ ქალს ეკუთვნოდა. „ეს იყო ანომალიური მოვლენა. სასამართლოს მხრიდან ასეთ გადაწყვეტილებას სხვაგან ვერ ნახავთ“, – ასე შეაფასა ხელვაჩაურის გამგებელმა, ნადიმ ვარშანიძემ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილება. გულნაზ ღლონტმა მოიგო პროცესი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც. ამჟამად ის ბოლო ინსტანციის გადაწყვეტილებას ელოდება.
რა შეიცვალა „ქობულეთის პანსიონის საქმეში“ – 19 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დისკრიმინაციაში ამხილა სამი პირი. საუბარია პანსიონზე, სადაც ადგილობრივებმა ღორის თავი მიაჭედეს და მუსლიმ თემს პანსიონში შესვლის საშუალება არ მისცეს. სასამართლოს მიერ დისკრიმინაციის დადგენამ მუსლიმ თემს ვერ მისცა პანსიონის კარის გახსნის უფლება. ხათუნა ბოლქვაძის მიღებულ გადაწყვეტილებას ამ დღეებში ქუთაისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს. ქობულეთის გამგეობას კი, არც სახალხო დამცველის რეკომენდაცია შეუსრულებია, რომელიც ასევე 19 სექტემბერს გამოიცა. ომბუდსმენმა გამგეობას პანსიონისთვის წყლისა და კანალიზაციის სისტემაში ჩართვის უზრუნვლეყოფა მოსთხოვა. „მოსახლეობა ისევ წინააღმდეგია იქ პანსიონის გახსნის“, – გვითხრა სულხან ევგენიძემ, ქობულეთის გამგებელმა. ის მიიჩნევს, რომ თანხმობა ორივე მხარეს უნდა არსებობდეს და ვიდრე ამას არ მიაღწევს, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებას არ აპირებს: „არ ვიცი, ამას რამდენი დრო დასჭირდება, სამი დღე, ერთი კვირა თუ ერთი წელი…“
„ირაკლი ქაჯაიას საქმე“ – ეს ის ბიჭია, ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილებაში ნეკნი რომ ჩაუმტვრიეს. „მას ჯანმრთელობის დაზიანება არ აღენიშნება“ – ასე წერია პოლიციელის მიერ გაფორმებულ ოქმში, რომელიც მან დაკავებულ ირაკლი ქაჯაიას განყოფილებაში შესვლის დროს გააფორმა. ოქმი „ბათუმელებმა“ მოიპოვა. პოლიციის განყოფილებიდან ირაკლი ქაჯაია პირდაპირ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა ნეკნის მოტეხილობა დააფიქსირეს. პოლიციელების სავარაუდო სამართალდარღვევაზე გამოძიება აგვისტოდან დღემდე პროკურატურას არ დაუსრულებია. „ექსპერტიზის დასკვნითაც ასევე დადასტურდა სისხლის ლაქები მაისურზე და სხვა დაზიანებები. საქმის მასალებს პერიოდულად გვაცნობენ, თუმცა პოლიციელების ამოცნობა ჯერ არ ჩატარებულა. პოლიციელების ჩვენებებით, ირაკლი ქაჯაია დაკავების დროს უწევდა მათ წინააღმდეგობას“, – გვიყვება პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი.
დაისაჯა თუ არა პოლიციელი, რომელმაც ქუჩაში ქალი გაიტანა – აგვისტოში, გურამიშვილისა და ჯაფარიძის ქუჩების კვეთაში პოლიციელი მანქანით ქალს დაეჯახა. დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციელი მუშაობას დღემდე აგრძელებს. პროკურატურამ სექტემბერში გვითხრა, რომ გამოძიება დაწყებულია. დღეს ეს უწყება არ პასუხობს კითხვას, რატომ ვერ დასრულდა გამოძიება?
საქმე, სადაც პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი გაიშიფრა – იაგო ც.-ს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას ედავება, თუმცა იარაღზე მის ნაცვლად პოლიციის საიდუმლო თანამშრომლის, ანუ კონფიდენტის თითის ანაბეჭდი დააფიქსირა ექსპერტიზამ. კონფიდენტმა სასამართლოს დახურულ სხდომაზე უთხრა მოსამართლეს, რომ მან იარაღს შემთხვევით მოჰკიდა ხელი, როცა ის იაგოს მანქანაში აღმოაჩინა და პოლიციას შეატყობინა. საქმეს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავდა, რომელიც ხელვაჩაურის სასამართლოში გადავიდა. 9-თვიანი პაუზის შემდეგ საქმის განხილვას მოსამართლე ირაკლი შავაძე განაგრძობს.
ტყუილში გამოჭერილი პოლიციელები– ასეთი რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ყველა შემთხვევაში „ბათუმელებმა“ შსს-გან მიიღო პასუხი, რომ გენინსპექცია ამ პოლიციელებით მას შემდეგ დაინტერესდება, თუკი სამივე ინსტანციის სასამართლო დაადასტურებს მათ მიერ სასამართლოში ნათქვამ სიცრუეს. რამდენიმე შემთხვევაში პოლიციელების მიერ ნათქვამი ვიდეო სათვალთვალო კამერებით დაფიქსირებულმა კადრებმა დააყენა ეჭვქვეშ. ამ ჩანაწერებზე წვდომა მხოლოდ პროკურატურას აქვს. ამ კუთხით შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევაზე სარჩელის განხილვა რამდენიმე დღის წინ დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლომ.
შალვა ქორიძის საქმე – ტყუილში გამოჭერილი პოლიციელებიდან ყველაზე საინტერესო შალვა ქორიძის შემთხვევა იყო, სადაც პოლიციელების სიცრუე თავად პოლიციელების მიერ გადაღებულმა ვიდეოკადრებმა გამოააშკარავა. ადვოკატმა, რამინ პაპიძემ ვიდეოჩანაწერი არსებითი განხილვის დასრულების ეტაპზე წარმოადგინა, საიდანაც ჩანს, რომ შალვა ქორიძეს ის პოლიციელები კი არ აკავებენ, რომლებაც სასამართლოს ჩვენება მისცეს, არამედ სპეცრაზმელები. ამ საქმეზე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. „არ ვიცი, როდის მოხდა ამ კადრების გადაღება, ეს არაა დაკავების ოქმის ჩანაწერებში ასახული… ჟურნალისტურ გამოძიებას მე ვერ ჩავატარებ“, – თქვა პროკურმა რამაზ შავაძემ კადრების ნახვის შემდეგ.
თორნიკე ხარაზის საქმე – ამ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორი აფთიაქ „ფარმადეპოს“ ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი აღმოჩნდა. პოლიციელების მიერ აღწერილი დაკავება არ ემთხვეოდა კამერით დაფიქსირებულს. თორნიკე ხარაზს გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვას ედავებოდა. საქმეზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, შსს-მ „ფარმადეპოს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან უჩივლა. თორნიკე ხარაზი ციხეში დააბრუნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ. ამ საქმის გარდა, მოსამართლე ვერა დოლიძემ წელს ბათუმის სასამართლოს მიერ გამართლებულ 4 პირს გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ბათუმის სასამართლომ წელს 15 გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
ადვოკატები შენიშნავენ, რომ წლის განმავლობაში უჩვეულოდ იმატა პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის საქმეებმა, სადაც მოწმე პოლიციელები ყვებიან, რომ მათ სამხრეებიანი პერანგები შემოახიეს.
აჭარის მთავრობამ დაპირებული სტადიონის მშენებლობა 2016 წელსაც ვერ დაიწყო, ვერც ბათუმის მერიამ მოაბა თავი „იაფი სახლის“ მშენებლობის დაწყებას. ბიუჯეტიდან კერძო კომპანიებისთვის ავანსად ჩარიცხული მილიონები ისევ სადავოა. ბათუმში უკანონოდ დაანგრიეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ვერც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაიცვა და ვერც მერიამ. მუსლიმები კი მეჩეთის ასაშენებლად სახელმწიფოსგან დახმარებას აღარ ელოდებიან – კიდევ ვინ, რას და რატომ ვერ მოაბა თავი 2016 წელს?
„ოცნების ქალაქი“
2015 წლის ბოლოს „ოცნების ქალაქში“ 9 წლის ბიჭი გარდაიცვალა, ასაკთან შეუთავსებელი წონით. 2016 წელს აქ მცხოვრები ბავშვების პირობების გასაუმჯობესებლად ხელისუფლებას რაიმე ზომები არ მიუღია. „ოცნების ქალაქში“ ისევ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ – შუქის, წყლისა და კანალიზიაციის გარეშე, თუმცა თვითნებურად დაკავებული ტერიტორიის დატოვებას მაინც არ აპირებენ.
ე.წ. „ოცნების ქალაქი“ ხუთი წლის წინ ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე გაჩნდა. ამ ქოხებში უკვე სამი ათასი ოჯახი ცხოვრობს. ისინი ამბობენ, რომ არიან ეკომიგრანტები, უსახლკაროები….
აჭარის მთავრობამ ამ ხალხის საკითხის შესასწავლად სპეციალური კომისია შექმნა, რომელსაც ქმედითი არაფერი გაუკეთებია. აჭარის განახლებული მთავრობა ზურაბ პატარაძის ხელმღვანელობით აცხადებს, რომ ე.წ „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით აჭარის მთავრობის პოლიტიკა სამართლიანი და თანმიმდევრულია: „სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო აუცილებლად დაეხმარება და მათთვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებები გატარდება“. სხვების მიმართ, ვინც „სახელმწიფოს დახმარებას არ საჭიროებენ, მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილება“.
2017 წლის ბიუჯეტში „ოცნების ქალაქზე“ ერთი თეთრიც არ გაუთვალისწინებიათ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტის“ ხელმძღვანელი ლევან გობაძე „ოცნების ქალაქში“ შექმნილ ვითარებას კარგად იცნობს. ის მიიჩნევს, რომ, რაც უფრო მეტი დრო გავა, მთავრობას უფრო გაუჭირდება „ოცნების ქალაქის“ საკითხის გადაწყვეტა.
ოცნების ქალაქი
„…ოცნების ქალაქში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც სხვა სახლი არ გააჩნიათ და ისეთებიც, რომლებსაც საცხოვრებელი აქვთ. რა თქმა უნდა, რთულია ადამიანების განსახლება, ეს გამოიწვევს პროტესტს, თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილება მისაღებია. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ, უზენაესია კანონი, თუ სახელმწიფო პოლიტიკის გატარების დროს საზოგადოებრივი დაჯგუფებების ინტერესებს ვითვალისწინებთ. ხელისუფლებამ ძალიან სწრაფად უნდა დაიწყოს ხელახალი აღწერა, რომ კვლავ არ შეიცვალოს იქ მცხოვრებთა მოლოდინები. ადამიანები, რომლებიც ექვემდებარებიან დაკმაყოფილებას, ისინი უნდა დაკმაყოფილდნენ, დანარჩენები უნდა გაასახლოს მთავრობამ. ცხადია, ყოველი მმართველი თავს არიდებს ასეთი არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღებას. მაგრამ საბოლოოდ ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ეს საკითხი მოაგვაროს“.
„იაფი სახლი“
ე.წ. „იაფი სახლი“ იმ პროექტებს შორისაა, რომელთა შესახებაც ბათუმის მერიამ ჯერ დაანონსა, შემდეგ კი ბევრი იფიქრა, თუ რა შემოსავლების მქონე ოჯახებს უნდა ჰქონოდათ ბინის შეღავათიანი პირობებით შესყიდვის უფლება. ამიტომ პროექტს სახელი შეუცვალა და „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ უწოდა. პროექტი ოჯახების მიერ გრძელვადიან პერიოდში, არაკომერციულ ფასად, ბინების გამოსყიდვას ითვალისწინებს. სახლის ასაშენებლად მერიამ კომპანია ტენდერით შეარჩია, თუმცა ხელშეკრულების დადებიდან რამდენიმე თვეში მშენებელი გაუჩინარდა, მერიამ კი წინასწარ ჩარიცხული ავანსის – მილიონზე მეტი ლარის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა.
პროექტი „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბათუმის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ავანსად მილიონები გადაურიცხა, შემდეგ კი თანხის დასაბრუნებლად სასამართლოს დახმარება დასჭირდა. მაგალითად, მერია სასამართლოში დღემდე ედავება შპს „ტონი და კომპანის“ ავანსად გადახდილ 1 289 972 ლარს. ამ კომპანიამ მერიას მხოლოდ 254 265 ლარის ღირებულების სამუშაოები ჩააბარა.
იმავე პროექტზე მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს „ჰიდრომ“ გაიმარჯვა, თუმცა ვალდებულებები ვერც ამ კომპანიამა შეასრულა. მერიას ამჯერად წინასწარ არ ჰქონდა თანხა გადახდილი და „ჰიდრო“ 250 ათასი ლარით დააჯარიმა.
„იაფი სახლის“ მშენებელი კომპანია, რომელსაც მერიამ ორ მილიონამდე ლარი გადაუხადა, გაუჩინარდა
რატომ არ გაითვალისწინა მერიამ ცუდი გამოცდილება, არის ეს წინასწარ განზრახვა, თუ საქმე გვაქვს კომპეტენციის დეფიციტთან? – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელის, მალხაზ ჭკადუას აზრით, „მერიამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, თუ რამდენად აქვს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მსგავსი პროექტის განხორციელების გამოცდილება. ასევე აქვს თუ არა რაიმე ტიპის ფინანსური გარანტია. კომპანია მერიის თანხას არ უნდა ელოდეს, სხვა შემთხვევაში მივიღებთ ისეთ სავალალო შედეგს, რაც გვქონდა რამდენიმე გახმაურებულ შესყიდვასთან დაკავშირებით. იგივე შეიძლება ითქვას სოციალურ სახლებზე – საქმე ეხება ბათუმში, ტბეთის ქუჩაზე ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი სახლების აშენებას. აქაც არაჯეროვნად შესრულდა სამუშაოები და, შესაბამისად, წყალი ჩასდის ათეულობით ოჯახს, რომლებმაც მიიღეს ეს ბინები. ერთია ფულს განკარგვა მუნიციპალური ბიუჯეტიდან, მაგრამ მეორე სამუშაოების მიმდინარეობისას და მის დასრულებამდე კონტროლის მექანიზმის ქონა.“
ბათუმის სტადიონი – დროში გაყინული პროექტი
ბათუმის საფეხბურთო სტადიონი ყველაზე მასშტაბური პროექტი იყო, რომელიც აჭარის მთავრობამ 2015 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინა. იდეამ საზოგადოებაში პოზიტიური აჟიოტაჟი გამოიწვია. თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ამ ამბავში ყველაზე მარტივი აჭარის მთავრობისთვის იდეის მოფიქრება და მისი რეგიონის მთავარ საფინანსო დოკუმენტში შეტანა იყო. სხვა ვერაფერი, რასაც ბათუმელი სპორტსმენებისა თუ გულშემატკივრის გულები უნდა გაეხარებინა, ვერ განხორციელდა.
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პროექტი დროში გაიყინა. ამ პროექტის თაობაზე „ბათუმელებმა“ ორი წლის განმავლობაში სტატიების სერია გამოაქვეყნა. ამჯერად პროექტისა და იდეის ავტორები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ელოდებიან. შპს „სტადიონის“ ხელმძღვანელის გიორგი ზირაქაშვილის განმარტებით, ტენდერი ბევრჯერ იმის გამო ჩაიშალა, რომ ტექნიკური ზედამხედველი ვერ შეარჩიეს.
რა ვადაში შეიძლება დასრულდეს პროექტის ექსპერტიზა, რის შემდეგაც შპს „სტადიონი“ მშენებელი კომპანიის შერჩევაზე ტენდერს გამოაცხადებს, ეს გიორგი ზირაქაშვილმა ზუსტად არ იცის. შპს „სტადიონი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასულ წელს ორი პროექტის – საფახბურთო სტადიონისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს განხორციელების კოორდინირებისთვის შექმნა.
მეჩეთი
აშენდება თუ არა ბათუმში კიდევ ერთი მეჩეთი? ამ თემას არც წელს დაუკარგავს აქტუალობა. მუსლიმები ამბობენ, რომ პარასკევის ლოცვისთვის მეჩეთში ადგილი არ ჰყოფნით. ხელისუფლებამ მათ ამ საქმეში დახმარება ბევრჯერ აღუთქვა, თუმცა არაფერი გაუკეთებია. რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ მლოცველებმა ბათუმში მეჩეთის ასაშენებლად ნაკვეთი საკუთარი სახსრებით შეისყიდეს.
რამადან-ბაირამი, ლოცვა ბათუმის მეჩეთში 5.07.2016. / თორნიკე თავაძის ფოტო
„ამ წლის ბოლოს დავასრულებთ მეჩეთისთვის შესყიდული ნაკვეთის თანხის გადახდას. უკვე სრულდება პროექტზე მუშაობაც, რასაც წარვუდგენთ შესაბამის ორგანოს მშენებლობის ნებართვის მისაღებად. თუ უარი გვითხრეს, მოვიქცევით ისე, როგორც წესია, ვგულისხმობ სამართლებრივ ბერკეტებს. მაინც ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან მიწა არის ჩვენი და მშენებლობას ვიწყებთ ჩვენი სახსრებით“, – ამბობს ტარიელ ნაკაიძე, ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე.
კულტურული მემკვიდრეობა – გამოცხადებული ნგრევის ქრონიკა
წელს ბათუმში ინვესტორმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაანგრია ვაჟა-ფშაველს #13-ში. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებულ სახლს უნებართვოდ ჯერ მოაჯირი მოხსნეს, მერე მოანგრიეს შიდა კედლები, ახადეს სახურავი, ბოლოს კი დაანგრიეს. ძეგლების დამცველები ბათუმში მიიჩნევენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ არასათანადო ძალისხმევა გაიღო ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე ძეგლის დასაცავად. თვითმმართველობის კოდექსით, ძეგლების მოვლა-პატრონობა ბათუმის მერიის კომპეტენციაა, თუმცა ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის აზრით, ძეგლის გადარჩენა მის კომპეტენციას სცდებოდა.
2016 წელს ინვესტორმა სახურავი ახადა ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #27-ში მდებარე ბელეტაჟის ტიპის სახლს. ამ სახლსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. სახლი დღემდე სახურავის გარეშეა და მას წვიმა აზიანებს.
2016 წელს ბათუმში, გორგასლის #25-ში მდებარე ბელეტაჟი კომპანია „მარდი ჰოლდინგმა“ დაანგრია. სახლს ძეგლის სტატუსი არ გააჩნდა, თუმცა შენობა, ორგანიზაცია „ჯეოგრაფიკის“ დასკვნის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის არეალში მდებარეობდა.
„ჯეოგრაფიკის“ დასკვნის შემდეგ დაანგრიეს XX საუკუნეში აგებული ბათუმური ბელეტაჟი კლდიაშვილის #25-ში. სპეციალისტების აზრით, ამ შენობების შენარჩუნება მნიშვნელოვანი იყო ძველი ბათუმის ისტორიული განაშენიანების შესანარჩუნებლად. გასული სამი კვირის მანძილზე ბათუმში კიდევ სამი ისტორიული მნიშვნელობის სახლი დაანგრიეს.
ნანგრევები ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილას
საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარემ ნინო ინაიშვილმა გასულ კვირას ბათუმის მერს ღია წერილით მიმართა, სადაც ის კულტურული მემკვდირეობის ძეგლების მიმართ გულგრილ და არაკომპეტენტურ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა: „თქვენი მერად არჩევიდან განვლილ პერიოდში ვხედავთ, რომ კვლავ გრძელდება და იმდენად საშიშ მასშტაბებს იძენს ქალაქის სხვადასხვა ნაწილში არქიტექტურულად და ისტორიულად ღირებული შენობების (მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების) ნგრევა, რომ ნელ-ნელა რეალური ხდება ძველი ქალაქის გაქრობის, ხოლო დანარჩენი ნაწილისათვის – იდენტობის დაკარგვის საფრთხე. “
„ბულვარის ტერიტორიაზე აღარ იქნება ქაოტური განთავსების ობიექტები, კაპიტალური სამუშაოები კი დაიგეგმება საზოგადოებასთან შეთანხმებულად“ – აღნიშნა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ, ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ სხდომაზე, სადაც ბულვარის განვითარებასთან დაკავშირებული გეგმები და პროექტები განიხილეს. სხდომას ესწრებოდა ბათუმის მერიის და საკრებულოს წამომადგენლები, ასევე ბულვარის საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები.
„ბათუმის ბულვარი ქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია მისი განვითარება ეფექტურად განხორციელდეს. მივიღეთ გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კონსერვაციის, რაც ნიშნავს იმას, რომ არსებული იერსახის შენარჩუნებით ჩვენ ბულვარის კიდევ უფრო ეფექტურ მართვას უზრუნველვყოფთ.
არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობა ბათუმის ბულვართან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს,რომ ჩვენ მზად ვართ ბულვართან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი სწორედ საზოგადოებასთან ერთად გადავწყვიტოთ… უნდა დავიწყოთ იმაზე ფიქრი თუ სად რა ობიექტი უნდა განთავსდეს ბულვარის ტერიტორიაზე, ვგულისხმობ სუვენირებისთვის სავაჭრო ტერიტორიების გამოყოფას და სხვადასხვა დანიშნულების გასაცემი ობიექტებისთვის ადგილის გამოყოფას, ასევე პლიაჟებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას იმიტომ, რომ ესეც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ერთიანი კონცეფციისა თუ როგორ უნდა განვითარდეს ბულვარი. პლიაჟის ინფრასტრუქტურა არ არის მოწესრიგებული, ქაოტურად ხდება იქ შეზლონგების განთავსება ზღვასთან მისასვლელი არ არის და ასე შემდეგ, მომდევნო წლის ბიუჯეტისთვის ჩვენ გვაქვს დაგეგმილი მთელი რიგი პროექტები, თუმცა შესაძლებელია ისინი შეიცვალოს“ – თქვა რამაზ ბოლქვაძემ.
კაფე-ბარი „ტყუპებიდან“ იახტკლუბის მიმდებარედ დაზიანებული ასფალტის გამოცვლა ბეტონის ფილებით და ბორდიურების მოწყობა, ასევე საკანალიზაციო სისტემის მოწყობა 856 175 ლარით დაფინანსდება.
უნივერსიტეტის მოედნიდან პლაჟზე ასასვლელ ქუჩებზე დაზიანებული ფილების ნაცვლად ბეტონის ფილებისა და ბორდიურების მოწყობისთვის 418 095 ლარი დაიხარჯება.
2017 წლის ბიუჯეტით ასევე გათვალისწინებულია: ფეხით მოსიარულეთა ბილიკის ტერიტორიის ბაზალტის ბორდიურებით მოწყობა, სხვადასხვა სახის მრავალწლიანი ხე-მცენარეების შეძენა და სხვა.
ბულვარის გარე განათების სისტემების შეცვლაზე გამოყოფილია დაახლოებით 500 ათასი ლარი.
„ასევე ძველ ბულვარში მოეწყობა მწვანე საფარის სარწყავი სისტემა, რადგან ზაფხულის პერიოდში მწვანე საფარი ხშირად ხმება და ხდება ტრანსპორტის გამოყენებით მორწყვა. ასევე იგეგმება ბულვარის ტერიტორიაზე არსებული ველობილიკის გასწვრივ განათებების მოწყობა. ფეხით მოსიარულეთა ბილიკის აყრა და ბაზალტის ბორდიურებით მოწყობა. იგეგმება მრავალწლიანი ხემცენარეების შესყიდვა, ასევე ძველი ბულვარის ტერიტორიაზე დეკორატიული ფანჩატურების მოწყობა და მონტაჟი“ – თქვა რამაზ ბოლქვაძემ.
კურორტ „გოდერძიზე“ გასულ წელს ამ დროს უფრო მეტი დამსვენელებლი ჰყოლიათ, თუმცა იმედოვნებენ, რომ დანაკლისს საახალწლო დღეები შეავსებს. ამ დროისთვის ადგილობრივები მთავარ პრობლემად დაზიანებულ გზას ასახელებენ და ამბობენ, რომ რეაბილიტირებული გზის შემტხვევაშუ დამსვენებელთა რიცხვიც მაღალი იქნებოდა. სასტუმროს და კოტეჯების მენეჯერები კი საახალწლო პროგრამას ამზადებენ.
ბათუმიდან კურორტ „გოდერძიმდე“ 109 კილომეტრი უნდა გაიარო. ამ მანძილის დაფარვის შემდეგ კი ზღვის დონიდან 2000 მეტრზე ხარ. კურორტის მაქსიმალური სიმაღლე კი ზღვის დონიდან 2366 მეტრია. სასტუმრო „მეტეო“ – სა და კოტეჯების მენეჯერს მალხაზ მახარაძეს „ბათუმელებთან“ სასაუბროდ არ სცალია, საახალწლო დღეებში სტუმრების დასახვედრად ემზადება, ამიტომაც კითხვებზე პასუხების მისაღებად კურორტის დირექტორთან ჯემალ ბოლქავაძესთან გადაგვამისამართა.
კურორტზე ორი საბაგირო „გონდოლა“ და „ბაბლი“ ფუნქციონირებს. საბაგიროთი სარგებლობის ფასი: ერთი ასვლა 5 ლარი, მთელი დღე საბაგიროთი სარგებლობის ფასი კი 20 ლარია. თხილამურები, ციგა, სნოუბორდის ქირაობა 1 საათი – 5 ლარი ღირს, მთელი დღე სარგებლობა კი 20 ლარია (არ შედის ტანსაცმელი, სათალეები, ქუდი, ხელთათმანები) ერთი საათით ინსტრუქტორის დახმარების ფასი კი 20 ლარია.
ღამის გასათევად დამსვენებელს შეუძლია აირჩიოს სასტუმრო, კოტეჯი ან საოჯახო სახლები სოფელ დანისპარაულში. ამ სოფლიდან კურორტამდე სამი კილომეტრია. კოტეჯებში ერთი ღამის ფასი 100 დარიდან 150 ლარამდეა. კურორტზე ექვსი კოტეჯია, თითო 12 ადამიანზეა გათვლილი, სულ კოტეჯებში 72 ადამინის მიღებაა შესაძლებელი, თითოეულ კოტეჯში ორი ორადგილიანი და ორი ოთხადგილინი ნომრებია. ყველა ნომერს აქვს თავისი აბაზანა, ცხელი წყალი, გათბობა. კოტეჯს აქვს ასევე ჰოლი ბუხრით , თხილამურების შესანახი ოთახი, WiFi , სამზარეულო-ინდივიდულაურად მომზადების საშუალებით. მომსახურების ღირებულების გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით ან გადარიცხვით. ფასში შედის დღგ.
გაცილებით იაფია ოჯახებში ღამის გათევა. ღამისთევა საოჯახო სასტუმრო სახლებში 40 ლარია, ამ თანხაში შედის ორჯერადი კვება: „ჩვენებურ სოფლის საჭმელებს ვამზადებთ. ყველაფერი სასტუმროს მსგავსად გვაქვს მოწყობილი, აბაზანაც აქვს ოთახებს“ – ამბობს რამაზ პაქსაძე. ერთერთი სასტუმრო სახლის მეპატრონე.
კურორტზე ფუნქციონირებს ასევე რესტორანი სადაც შესაძლებელია სასურველი მენიუს შეკვეთა (ტრადიციული სამზარეულო)
საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხულომდე ასვლის ფასი ხუთი ლარია, დანისპარაულამდე კი შვიდი ლარი. ტრანსპროტი ყოველდღე განსაზღვრული გრაფიკით მოძრაობს. შესაძლებელია კერძო ტრანსპორტის დაქირავებაც, როგორც ხულოს ცენტრიდან, ასევე ბათუმიდან და ქობულეთიდან. მაღალი გამავლობის მანქანის დაქირავება ბათუმიდან კურორტ გოდერძიმდე დაახლოებით 250-300ლარია. ხულოდან- „გოდერძიმდე“ 60-70 ლარი.
კურორტის დირექტორის ინფორმაციით სასტუმრო „მეტეოს“ ორმოცამდე დამსვენებელი ჰყავს. საახალწლოდ კი უფრო მეტ სტუმარს ელოდებიან და ახლა ძირითადად საახალწლო პროგრამის მომზადებით არიან დაკავებულები. ჯემალ ბოლქვაძის თქმით გზა დამსვენებლისთვის ბარიერად არ იქცევა: „ გზას მალევე ვწმენდთ, ამ მხვრივ შეფერხებები არ გვექნება. ერთადერთი რასაც დიდთოვლობის დროს პრობლემა ექმნება ეს საბაგიროა“. საოჯახო სასტუმროების მეპატროეები კი „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში მწყობრიდან გამოსულ საავტომობილო გზას მთავარ პრობლემად ასახელებენ.
სამთო-სათხილამურო კურორტად გამოცხადებული გომარდულის ფუნქციონირების საკითხი კვლავ გაურკვეველია. სააქციო საზოგადოება „გომარდული“, რომელმაც კურორტი 2011 წელს გახსნა, მიწის გადასახადის გადაუხდელობის გამო ისევ დაყადაღებულია. კომპანიის წარმომადგენლები სახელმწიფოს დახმარების იმედად არიან, აჭარის მთავრობაში კი აცხადებენ, რომ ბიზნესმენებისგან ახალ საინვესტიციო წინადადებებს ელოდებიან. სააქციო საზოგადოება „გომარდულის“ ერთ-ერთი აქციონერი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატია.
შუახევის გამგებლის ტარიელ ებრალიძის თქმით გომარდულის ბედით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძეა დაინტერესებული: „ჩვენ გზა გავწმინდეთ და მთავრობის თავმჯდომარე იყო ამოსული. ის დახმარებას შეგვპირდა. ისეთ მასშტაბების არა როგორიც გოდერძის, მაგრამ გომარდულს აქვს პოტენციალი კურორტი გახდეს. “
სამუშაოდ ვიწვევთ 20 წლის ასაკიდან გოგონებსა და ბიჭებს მიმტანისა და კონსულტანტის პოზიციებზე. აუცილებელია რუსული ენის ცოდნა.
ასევე, სამუშაოდ ვიწვევთ მოყვარულ ფოტოგრაფებს.
CV მიიღება 26 დეკემბრიდან პირველ თებერვლამდე, სამუშაო დღეებში 12 საათიდან 17 საათამდე. მის.: ა.მელაშვილის (ძველი კამოს) 33/35 , Surf Hostel-ის შენობაში. მობ.: 558 35 39 04, ნანა
მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „დელტა კომი“ აჭარის მთის სოფლების ბოჭკოვანი ინტერნეტით დაფარვას 2015 წლისთვის აანონსებდა, ამ ტიპის ინტერნეტი სოფლებისთვის დღემდე ხელმიუწვდომელია. კომპანია „დელტა კომმა“ ბოჭკოვანი ინტერნეტის მაგისტრალის გაყვანა ბათუმიდან ახალციხის მიმართულებით 2013 წელს დაიწყო.
აჭარის მთაში მცხოვრები მოსახლეობა „ჯეოსელისა“ და „მაგთის“ მოდემის ინტერნეტით სარგებლობს. მომხმარებლების თქმით, ეს ინტერნეტსერვისი არის ძალიან ძვირი, ლიმიტირებული და დაბალსიხშირიანია. ამასთან, ინტერნეტის სიხშირე ამინდის ცვალებადობასთან ერთად იკლებს.
რატომ არ შეასრულა დაპირება „დელტა კომმა“? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვაზე პასუხის მიღება ვერ შეძლო. ამ კომპანიაში ვებგვერდზე მითითებულ არც ერთ ნომერზე არ პასუხობენ, მათ შორის – არც ცხელ ხაზზე. კითხვაზე პასუხი არც გამგეობებში აქვთ.
„დელტა კომის“ გარდა მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი აჭარის მთიანეთში „სილქნეტმაც“ გაიყვანა 2014 წელს. თუმცა აჭარის მთის მოსახლეობას ინტერნეტს არც ეს პროვაიდერი სთავაზობს. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეონა წერეთელი განმარტავს, მაგისტრალი კომპანიამ აჭარის მთაში სილქნეტის სადგურებისთვის გაიყვანა, მოსახლეობისთვის ინტერნეტის მიწოდება კი პროგრამულად არ ყოფილა გაწერილი. „სილქნეტი“ მთიანეთში მაღალსიჩქარიან ინტერნეტს მხოლოდ იურიდიულ პირებს სთავაზობს.
„პროექტი გულისხმობდა ქედის, ხულოსა და შუახევის ტერიტორიაზე ოპტიკური კაბელის ჩადებას, რომელიც მოემსახურებოდა ამ ზონაში განთავსებულ „სილქნეტის“ სადგურებს. პროექტი 2014 წელს დასრულდა და ის არ ითვალისწინებდა ცალკეული აბონენტების მიერთებას. ჩვენ გვყავს კორპორატიული კლიენტები და კონტრაქტორები. ზოგადად, ჩვენი კორპორატიული კლიენტები ბანკები, სხვა პროვაიდერები, მობილური კომპანიები და მსხვილი კომპანიები არიან, რომლებსაც ოპტიკური ქსელით ვაწვდით ჩვენს სერვისს. კომპანია უკაბელო, 4G ინტერნეტს დაბებსა და სოფლებს: ახალშენს, ჩაქვს, კახაბერს, ბობოყვათს, მახინჯაურს, ხელვაჩაურს, ციხისძირს, კვირიკეს, გონიოს, კვარიათს, ავგიას, ჩაისუბანსა და ზემო აჭყვას სთავაზობს. ამ სოფლებში მოსახლეობას ინტერნეტს 4G LTE მოდემის საშუალებით, კაბელის გარეშე ვაწვდით. ეს მოწყობილობა მუშაობს იქ, სადაც კომპანიის ეს სერვისი ვრცელდება, ხელვაჩაურის მცხოვრებს შეუძლია ეს მოდემი სხვა სოფლებშიც გამოიყენოს, სადაც ამ ტიპის მომსახურება გვაქვს, მაგრამ ვერ გამოიყენებს აჭარის მთიანეთში, რადგანაც ეს მომსახურება იქ არ ვრცელდება,“ – ამბობს თეონა წერეთელი.
კითხვაზე, ვინ არიან „სილქნეტის“ კონტრაქტორი კომპანიები აჭარის მთაში და რა მომსახურებას სთავაზობს მუნიციპალიტეტებს? – თეონა წერეთელი ამბობს, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა.
გარდა კერძო კომპანიებისა, სოფლებისთვის ბოჭკოვანი იტერნეტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში უნდა მიეწოდებინა. სახელმწიფო პროგრამით პირველ ეტაპზე ბოჭკოვან ინტერნეტს საქართველოს 10 რეგიონი უნდა მოეცვა, მათ შორის აჭარაში – 44 სოფელი. ამ სოფლებში ინტერნეტის გაყვანასთან დაკავშირებით სამუშაოები არ მიმდინარეობს. რა ბედია ეწია პროექტს? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვაზე პასუხი გასულ კვირას ვერ მიიღო.
P.S. სტატია „ბათუმელებში“ გამოქვეყნდა 26 დეკემბერს.
საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსული ხელისუფლება კონსტიტუციის შეცვლას აპირებს. საკონსტიტუციო კომისია მუშაობას უკვე შეუდგა, ცვლილების პროექტი მომავალი წლის აპრილში უნდა იყოს მზად. არჩევნებამდე „ქართული ოცნება“ აჭარის ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობდა. დეპუტატები აჭარიდან ახლაც იმავე აზრზე არიან, თუმცა ისინი პოლიტიკიდან უკვე წასული პაატა ბურჭულაძის წინასაარჩევნო გზავნილს ააქტიურებენ და ძირითადად ადგილობრივი კადრების ჩაგვრაზე ამახვილებენ ყურადღებას. კიდევ, მაგალითად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის სტატუსის მოხსნის ან მინიჭების უფლებამოსილების აჭარისთვის გადმოცემას აპირებენ. ეს იმის მიუხედავად, რომ ადგილობრივი მთავრობა ძეგლებს არსებული კომპეტენციის ფარგლებშიც ვერ იცავს.
„მაგალითად, ღორჯომის სკოლის დირექტორის დანიშვნაზე მთელი თბილისი უნდა შეიძრას, ესაა საქმე?.. აჭარის განათლების სამინისტროს დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს მოქმედება და უმაღლეს საბჭოსაც. საქართველოს მთავრობას უნდა შეათანხმონ, კი ბატონო, მაგრამ მთლად ასეც არ გამოვა. ჩემი აზრი ეს იქნება“, – გვითხრა ანზორ ბოლქვაძემ. მას ვკითხეთ, კონკრეტულად რა კუთხით უნდა გაიზარდოს აჭარის ხელისუფლების უფლებამოსილება. ანზორ ბოლქვაძე ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატია პარლამენტში. მან პირველი რიგის ამოცანად სოფლის გაძლიერება დაგვისახელა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ თითოეულ თემსა და სოფელს საკუთარი გამგებელი უნდა ჰყავდეს: „მოსახლეობა მოითხოვს ამას, მე კი არა. დღეს სამ და ოთხ სოფელს ერთი ხელმძღვანელი ჰყავს. შეიძლება უფრო პატარა ხელფასები გასცე და ყველა სოფელს ჰყავდეს თავისი. მე, როგორც დეპუტატი, ამას დავუჭერ მხარს. სოფელი ასევე ითხოვს შეიცვალოს საპენსიო ასაკი. შეიძლება ეს ყველაფერი კონსტიტუციასთან კავშირში არ არის, მაგრამ ხალხი ამას ითხოვს. კიდევ ადგილობრივი კადრები უნდა დასაქმდნენ უფრო მეტად… კონკრეტულად ვერ დაგისახელებთ, ვის შეუქმნეს პრობლემა, მაგრამ, ჩემი აზრით, უნდა დაისვას ეს საკითხიც… მე არ ვიცი ჯერ, ვიქნები თუ არა ამ კომისიაში, მაგრამ ყველა ვიქნებით ჩართული.“
იქნება თუ არა წარმოდგენილი საკონსტიტუციო კომისიაში, არც ნუკრი ბეჟანიძემ იცის – ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში. ანზორ ბოლქვაძის მსგავსად, ამ კანონმდებელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრის დროს ადგილობრივი კადრების დასაქმებაზე გაამახვილა ყურადღება. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი კადრები იბლოკებიან:
„ბევრ შემთხვევაში კადრები ცენტრალური ხელისუფლოების დონეზე ინიშნებიან, ადგილობრივ კადრებსაც სჭირდებათ წინსვლა. ადგილობრივს ბევრ შემთხვევაში აღარ აქვს წინსვლის ინტერესი, ის გარკვეულწილად დაბლოკილია. მაქსიმალური, რასაც შეიძლება მიაღწიოს ადგილობრივმა კადრმა, აი, მოადგილე შეიძლება გახდეს გარკვეულ თანამდებობაზე, არ აქვს მას წინსვლისა და განვითარების შანსი. დამოუკიდებლობა და უფრო მეტი თავისუფლება რომ ექნება ადგილობრივ მთავრობას, თვითონ გადაწყვეტს, რომ მისი კადრები დასაქმდნენ“.
ნუკრი ბეჟანიძეს ვთხოვეთ დაესახელებია ადგილობრივი კადრების დაბლოკვის კონკრეტული ფაქტები: „კარგით რა, თქვენც კარგად იცით, რაზეც ვსაუბრობ. ბევრია შემთხვევა, როცა სხვა რეგიონიდან ჩამოსული ხალხი მუშაობს და მე არ გამიგია, ჩვენი რეგიონიდან სხვა რეგიონში დანიშნულიყო ვინმე. რატომ არ შეიძლება პროფესიონალი იყოს რეგიონში. პროფესიონალი მხოლოდ ცენტრშია?… რასაკვირველია, პროფესიონალიზმი გადამწყვეტია, მაგ აზრს ნუ მახვევთ თავზე. მეტი თავისუფლება უნდა ამ კუთხით ადგილობრივ მთავრობას, ეს არაა სეპარატიზმი.“
კანონმდებელი რეგიონის ხელისუფლებისთვის უფლებამოსილების გაზრდის საჭიროებას კიდევ ერთი მიმართულებით ხედავს – ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის სტატუსის განსაზღვრა: „უბრალო მაგალითს გეტყვით: დავუშვათ, ძეგლის წოდება აქვს თავდადებულის ქუჩაზე, მუსიკალური სასწავლებლის წინ, ორსართულიან, ძველ შენობას, სადაც ხალხს აწვიმს, ძალიან სარემონტოა და ნახევრად დანგრეული შენობაა. ამ შენობას აქვს ძეგლის სტატუსი და ადგილობრივი მთავრობა ვერ კიდებს ხელს, რადგან ეს არის ძეგლი. მოხსნაზე კი არაა უშუალოდ ლაპარაკი, სწორად გამიგეთ, ლაპარაკია იმაზე, რომ მთავრობას უნდა ჰქონდეს საშუალება, განაგოს შენობა…“
ქობულეთის მაჟორიტარი, პროფესიით ექიმი კობა ნაკაიძე ჯანდაცვის სფეროზე აკეთებს აქცენტს. მისი აზრით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საავადმყოფოებში სამედიცინო საქმიანობის კონტროლის უფლება უნდა ჰქონდეს: „რასაც აკეთებს დღეს ცენტრალურ დონეზე რეგულირების სააგენტო, იგივე უნდა იყოს ადგილზე. შეიძლება ეს იყოს ცენტრალური სააგენტოს დაქვემდებარებაში, მაგრამ რეგიონში უნდა არსებობდეს ოპერატიულად და ეფექტურად მოქმედების შესაძლებლობა… არ ვიცი, აქამდე რატომ არ მიანიჭეს რეგიონს ამის უფლება. ალბათ, ცენტრალიზებულად სჭირდებოდათ აქამდე.“
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში იმუშავებენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მაჟორიტარი ხელვაჩაურიდან ილია ნაკაშიძე.
„შეგიძლიათ თქვათ, რომ დავით გაბაიძე ზედმეტი სიფრთხილით უდგება ამ საკითხს, მაგრამ მირჩევნია, ვიყო ფრთხილი, რადგან ჯერ არ ვიცი, რამდენად ფართო იქნება კომისიის მოქმედების დიაპაზონი. არ ვიცი, კომისია მხოლოდ გამოვლენილი ხარვეზების შესწორებაზე იმუშავებს თუ, მაგალითად, ისეთ საკითხზე, როგორიცაა ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხი“, – გვითხრა დავით გაბაიძემ.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს სურს იმუშაოს იმ ჯგუფებთან, რომლებიც ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და სასამართლო ხელისუფლების საკითხებს განიხილავენ: „ჩვენი კონსტიტუცია გვეუბნება, რომ ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი მოწყობა უნდა განისაზღვროს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ.
როცა ვსაუბრობთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციებზე, ფაქტია, რომ მათი განსაზღვრა უნდა ხდებოდეს ქვეყნის დანარჩენი რეგიონების სტატუსის ფარგლებში. თუ ამას შეეხება ეს ცვლილებები, ვისაუბრებთ. შესაძლებელია, კონკრეტული კომპეტენციების ცვლილებაზეც იყოს საუბარი. მე, ზოგადად, მგონია, რომ ამ საკითხის ამდენ ხანს ღიად დატოვება არ არის მაინცადამაინც კარგი.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე უარს ვამბობთ. აჭარაში რომელიმე სამინისტროს უფლებამოსილება პირდაპირ დაკავშირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებთან… გამოსასწორებელია საკითხები, რომლებიც მუშაობის პროცესში გამოჩნდა და ამის შესახებ ვისაუბრებ კომისიაში, მაგალითად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომის საკითხი. ალბათ, გახსოვთ, როგორი გაუგებრობა შეიქმნა ამ კუთხით“.
P.S. სტატია „ბათუმელებში“ გამოქვეყნდა 26 დეკემბერს.