ვის სჭირდება სამგანზომილებიანი ბათუმი


„ჩვენ ვყიდულობთ რაკეტას, რომლის გაშვებაც არ ვიცით“, – ასე აფასებს საკრებულოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ კობა ჩხეიძე ახალ პროგრამას, რომელიც ბათუმს 346 ათასი ლარი დაუჯდება. „ბათუმის ტერიტორიის აერო-ფოტოგადაღება და ციფრული სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა“, – ასე ჰქვია პროგრამას, რომელსაც ბათუმის საკრებულომ გასულ კვირას დაუჭირა მხარი. საკრებულოს უმრავლესობას უჭირს დასაბუთება, რატომ არის საჭირო ბათუმის ვერტმფრენიდან გადაღება ე.წ. 3D ეფექტით, მით უფრო, როცა ქალაქგეგმარებისთვის საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით მსგავსი ელექტრონული პროგრამა უკვე არსებობს.

„ეს იქნება მანქანა, რომელიც იფრენს ქალაქის თავზე და გადაიღებს სამგანზომილებიან მოდელს. Google-ში ხომ გინახავთ მსოფლიო ქალაქების ელექტრონული ვერსია? ასე შესაძლებელია ქალაქი დაათვალიერო ისე, რომ იქ არ ჩახვიდე. ეს სამოყვარულო გადაღებაა და არა პროფესიონალური“, – ამბობს ირაკლი მურღულია, ურბანული განვითარების სპეციალისტი. ის ხელმძღვანელობდა „ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმის“ შემუშავებას, რომელიც 2013 წელს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ – USAID-მა დააფინანსა და „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა“ განახორციელა.

ამ პროექტის ფარგლებში დაფინანსდა [პროექტის ღირებულება 118 ათასი ლარი] აეროგადაღებაც. ქალაქის მერიას USAID-მა ასევე ჩააბარა ელექტრონული მართვის პროგრამა, რომლითაც აეროგადაღებით შედგენილი ელექტრონული რუკის გამოყენებაა შესაძლებელი. „ეს არ იყო სამგანზომილებიანი გადაღება, მაგრამ იგი საკმარისია იმისთვის, რომ ემუშავათ. სამწუხაროდ, მერიამ არ გამოიყენა ის, რაც გაკეთდა ამ პროექტის ფარგლებში. ე.წ. „გისის“ სპეციალისტი მხოლოდ ერთი ჰყავდა მერიას და ისიც გაუშვეს, როცა გია რამიშვილი გაათავისუფლეს არქიტექტურის სამსახურიდან“, – ამბობს ურბანისტი ირაკლი მურღულია.

ბათუმის მერიაში არ მალავენ, რომ „გისის“ სპეციალისტი ნამდვილად გაუშვეს და ამ პროგრამის მცოდნე არავინ ჰყავთ. „სპეციალისტი არ გვყავს, მაგრამ ჩვენ ვიცით რაღაც დონეზე, რაც გვჭირდება პროექტების განხილვების დროს. გავლილი გვაქვს მოსამზადებელი კურსი და ნაწილობრივ ვიყენებთ „გისის“. რედაქტირებასა და უფრო რთულ პროცესებში ამ პროგრამით ვერ ვსარგებლობთ“, – გვითხრა მამუკა რამიშვილმა, ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის ქალაქგეგმარების განყოფილების უფროსმა. ის ერთადერთია მერიიდან, ვინც ამ თემაზე კომენტარს აკეთებს.

საკრებულოს ოპოზიცია ირწმუნება, რომ მერიასა თუ საკრებულოში, ვინც არსებული პროგრამის გვერდის ავლით ახალი პროგრამის დაფინანსებას უჭერს მხარს, ინფორმირებული არ არიან 3D გადაღების აუცილებლობაზე.

„საუბარია ინოვაციურ მეთოდებზე, რომლითაც დიახაც უნდა ვხელმძღვანელობდეთ. 21-ე საუკუნეა და როცა გვაქვს პრეტენზია ტურისტების მოზიდვაზე, ეს გვჭირდება“, – ასე დაგვისაბუთა სამი განზომილებით ბათუმის გადაღების აუცილებლობა საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ნატალია ზოიძემ. კითხვაზე, რის გამო დაუჭირა მან მხარი ამ პროგრამას, გვითხრა, რომ მოისმინა პრეზენტაცია და დარწმუნდა, რომ ამ გზით მოკლე პერიოდში შესაძლებელი გახდება ქალაქდაგეგმარება და მისი ელექტრონული მართვა: „ჩვენ მოვისმინეთ ერთ-ერთი კომპანიის პრეზენტაცია. იქ აღინიშნა, რომ დაახლოებით 10 წელი დასჭირდება ამ პროცესს. გადაღებით კი დაჩქარდება ეს პროცესი და უკეთესი არაა?“

საკრებულოს კიდევ ერთი წევრი „ქართული ოცნებიდან“, ვინც 346 ათასად ბათუმის 3D ტექნოლოგიებით გადაღებას ხელი აუწია, ლაშა სირაბიძეა: „ურბანული დაგეგმარებისთვის პირველი ეტაპია და მთელი ბათუმის საზღვრები დატანილი იქნება სამი D ეფექტით. უფრო ადვილი იქნება ყველანაირი პროცესის მართვა. მოვისმინე სხვადასხვა ექსპერტის შეფასება და ვენდობი მათ“. რომელ ექსპერტებს მოუსმინეთ? – ამ შეკითხვაზე ლაშა სირაბიძემ ვერ გვიპასუხა და თენგიზ აფხაზავასთან გადაგვამისამართა, რომელიც პროგრამის ინიციატორია.

თენგიზ აფხაზავასთან სატელეფონო კომენტარი იერუსალიმში გაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩავწერეთ: „უნდა მოხდეს ქალაქის მთლიანი ქონების მატერიალური და არამატერიალური აღწერა, ინვენტარიზაცია და მისი ინტეგრირებული მართვა. ამის მიბმა მოხდება ბიუჯეტზე ეფექტური მართვისთვის. ეფექტურობა გულისხმობს იმას, რომ გვექნება დაპასპორტებული ქუჩები, სკვერები, მიწისქვეშა კომუნიკაციები. მაგალითად, შეგიძლია ნახო ელექტრონულად რომელიმე ობიექტი და გაიგო, როგორია მისი ტექნიკური მონაცემები, რომელმა კომპანიამ შეასრულა იქ სამუშაოები. ეს ყველაფერი დღეს ჩვენ ქაოტურად გვაქვს“.

„გადაუდებელი და ჰაერივით საჭიროაო, ასე ნამდვილად არ არის“, – ამბობს მამუკა რამიშვილი, ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის ქალაქგეგმარების განყოფილების უფროსი. მისი თქმით, ეს პროგრამა დაბალსართულიანი შენობების შემთხვევაში არაფერს შეცვლის: „გრანდიოზულ მშენებლობებზე, რომელზეც საზოგადოების ინტერესი არსებობს, გამოჩნდება, როგორ ჩაჯდება ესა თუ ის მაღალი შენობა ზონაში. 2008 წლიდან დაიწყო აეროგადაღებები, შეიქმნა რუკები და ბოლოს 2013 წელს განახლდა. ახლა ამბობენ, რომ ყველაფერი დაფიქსირდება“.

რატომ არ იყენებს ქალაქის მთავრობა USAID-ის მხარდაჭერილ პროგრამას? – ლაშა სირაბიძემ გვითხრა, რომ ფული თურმე ტყუილად დაიხარჯა და საქმე პროკურატურამ უნდა გამოიძიოს: „შესაძლოა, ფული გაათეთრა ვინმემ. მე რატომ მთხოვთ გამოძიებას?  ეგ არ არის ჩემი ფუნქცია. მერიის სამსახურებმა მითხრეს, რომ ვერ იყენებენ პროგრამას. მე ჩემი წილი პასუხისმგებლობა შევასრულე და ამ ძალიან კარგ პროგრამას, სამგანზომილებიან გადაღებას დავუჭირე მხარი“.

რაც შეეხება ნატალია ზოიძეს, მან გვითხრა, რომ 2013 წელს „ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ მხარდაჭერილი პროგრამის შესახებ არაფერი სმენია.

გიორგი კირთაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ არ გამორიცხავს გარიგებას: „როცა ქალაქის ნახევარზე მეტი გასაკეთებელია, რა უნდა გამოჩნდეს ამ რუკაზე? თენგიზ აფხაზავა საუბრობს კონკრეტულ ჯგუფზე, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია. ამბობს, რომ ტენდერში ვინც გაიმარჯვებს, ის შეასრულებსო. ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ შეიძლება საქმე გვქონდეს გარიგებასთან“.

„ეს არ იქნება ერთჯერადი – ქალაქში მიმდინარეობს მშენებლობები, ამიტომ წელიწადში მინიმუმ ერთხელ უნდა მოხდეს სამგანზომილებიანი ტექნოლოგიებით გადაღება“, – ამბობს კობა ჩხეიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“. მისი განმარტებით, ამ პროგრამის განთავსებას ახალი, ძვირადღირებული კომპიუტერები დასჭირდება, ასევე სპეციალისტები: „ეს არის კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც ბათუმის მერია შეიძენს და დადებს თაროზე“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი