მთავარი,სიახლეები

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ შიდა ფრენები უნდა უზრუნველყოს

02.05.2017
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ შიდა ფრენები უნდა უზრუნველყოს

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თბილისის, ბათუმის, მესტიის, ამბროლაურის, ქუთაისისა და ნებისმიერი სხვა ადგილობრივი მიმართულებით და პირიქით, მგზავრთა საჰაერო გადაყვანა უნდა უზრუნველყოს.

შესაბამისი ავიარეისების ორგანიზებისთვის, რაც, მთავრობის აზრით, ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობაც იქნება, აეროპორტების გაერთიანებამ ტენდერი უნდა გამოაცხადოს.

ავიარეისების შესრულების მომსახურების შესყიდვა ტენდერის მეშვეობით, შემდეგი ძირითადი პირობების დაცვით უნდა განხორციელდეს:

საფრენი აპარატის ტიპი:

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს 2 საჰაერო ხომალდით:

საშუალო ზომის (არანაკლებ 30-ადგილიანი) საჰაერო ხომალდით;

მცირე ზომის (არანაკლებ 15-ადგილიანი) საჰაერო ხომალდით;

საჰაერო ხომალდი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი აეროპორტების საექსპლუატაციო პირობებს ნებისმიერ საფრენოსნო სეზონზე/წლის ნებისმიერ დროს;

გარანტირებულად შესყიდული ფრენა-საათების ოდენობა:

მცირე ზომის საჰაერო ხომალდისთვის 3 წლის მანძილზე არაუმეტეს 2808 ფრენა-საათისა;

საშუალო ზომის საჰაერო ხომალდისთვის 3 წლის მანძილზე არაუმეტეს 1692 ფრენა-საათისა;

მთავრობის განკარგულებით ყოველთვიური მომსახურების ღირებულება უნდა იყოს არაუმეტეს 125 000 აშშ დოლარი [დღგ-ის გარეშე]; ხელშეკრულება კი ტენდერში გამარჯვებულთან 3 წლის ვადით უნდა დაიდოს.

„წინასწარი ანგარიშსწორება უნდა იყოს არა უმეტეს ყოველთვიური გადასახადის ექვსმაგი ოდენობისა, საიდანაც არაუმეტეს ნახევარი ჩაითვლება პირველი თვეების მომსახურების ღირებულებაში, ხოლო დარჩენილი კი ბოლო თვეების ღირებულებაში“ – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.

ამავე განკარგულებით:

[checklist]

  • პრეტენდენტი შეიძლება იყოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მოწმობის მქონე რეზიდენტი ან არარეზიდენტი პირი.
  • ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასის ნაწილი დაფარულ უნდა იქნეს ავიაბილეთების რეალიზაციით მიღებული შემოსავლით, ხოლო დანარჩენი თანხის დაფინანსება უნდა უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის“ თანხის გამოყოფის გზით, სუბსიდიის მიზნით.
  • შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ტენდერისათვის უნდა შეიმუშაოს დეტალური ტექნიკური დავალება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.

[/checklist]

საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებაც განაცხადა.

„ცლილებათა პაკეტში შედის ისეთი მნიშვნელოვანი სტიმულები ცალკეული დარგებისთვის, როგორიცაა, მაგალითად შიდა ავიაციის სტიმულირება. ამისთვის ჩვენ დღგ-სადა აქციზისგან ვათავისუფლებთ საავიაციო საწვავის იმ ნაწილს, რომელიც შიდა ავიაციისთვის იქნება განკუთვნილი ბორტზე მისაწოდებლად, ასევე – სხვადასხვა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევას“, – განაცხადა მიმდინარე წლის 25 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, „ცვლილება მიზნად ისახავს ტურიზმის ხელშეწყობას, ვინაიდან შიდა ავიაცია ძირითადად სუბსიდირებადი დარგია და ამ მიმართულებით საჭიროა განსაკუთრებული სტიმულები, რათა შიდა მიმოსვლა მაქსიმალურად გამარტივდეს“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.