ნეტგაზეთი • RU

12 მაისს ბათუმში საერთაშორისო გამოფენა EXPO BATUMI გაიხსნება

12 მაისს  ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, 12 საათზე, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მეათე საერთაშორისო გამოფენა „EXPO BATUMI 2017“გაიხსნება.

გამოფენაზე წელს ათამდე ქვეყნის 20 კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის წარმომადგენლები შემდეგი ქვეყნებიდან: თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, ლიტვადან, პოლონეთიდან, ბელორუსიიდან, გერმანიიდან და სხვა. გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება სარეკლამო, საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები მონაწილეთათვის და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.

გამოფენაზე იქნება ნაჩვენები ტურიზმის სფეროში არსებული მიღწევები, წარმოდგენილი იქნება სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნებისა და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა ორგანიზაცია.

როგორც „ბათუმელებს“ ორგანიზატორებმა უთხრეს, გამოფენის მიმდინარეობისას გაიმართება სხვადასხვა გათამაშება, მათ შორის, სასტუმროები გაათამაშებენ სასტუმრო ნომრების, სპორტული დარბაზის და სპა აბონემენტებს. ასევე, გათამაშდება ველოვაუჩერებიც.

,,EXPO BATUMI 2017″ -ის ორგანიზატორი კომპანია „ექსპო ბათუმია”, მხარდამჭერები კი არიან: საქართველოს მთავრობა,  აჭარის  მთავრობა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს გიდების ასოციაცია, ბათუმის მერია და ა.შ.

გამოფენა 14 მაისის ჩათვლით გაგრძელდება და მისი დათვალიერება უფასოდაა შესაძლებელი ნებისმიერი მსურველისათვის.

მთავარ ფოტოზე: 6 მაისის პარკი. მანანა ქველიაშვილის ფოტო 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გულნარა კაკაბაძე