ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა სოფელ პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრის და მასში შემავალი სოფლების კეთილმოწყობას გეგმავს, რისთვისაც შესაბამის სამუშაოებს ტენდერით შეისყიდის. საწყისი ღირებულება 41 115 ლარია. ტენდერი 13 ივნისს დასრულდება.
პირველ მაისში დაგეგმილია:
[checklist]
პირველი მაისის თემის ცენტრში საპირფარეშოს რემონტი, სავარაუდო ღირებულება – 2734 ლარი;
პირველი მაისის თემის ცენტრში მოსაცდელის რემონტი, სავარაუდო ღირებულება – 1316 ლარი;
სოფელ კოლოტაურში მოსაცდელის შენობის მშენებლობა, სავარაუდო ღირებულება -2319 ლარი;
სოფელ კოლოტაურში სოფლის ცენტრში სკოლის ქვემოთ საყრდენი კედლის გაკეთება სიგრძით 30.0 გრძ.მ, სავარაუდო ღირებულება – 17426 ლარი;
სოფელ აგარაში მოსაცდელის შენობის რემონტი, სავარაუდო ღირებულება -14966 ლარი;
სოფელ აგარაში სოფლის ცენტრში სასმელი წყლის სისტემისრემონტი, სავარაუდო ღირებულება – 2354 ლარი.
[/checklist]
ეკა ბარამიძის ფოტორეპორტაჟი სოფელ პირველი მაისიდან
სოფელი პირველი მაისი. 23.05.2017. ეკა ბარამიძის ფოტოსოფლის უხუცესი, 74 წლის რიზალ სამნიძე / ეკა ბარამიძის ფოტოსოფლის კლუბი, რომელზეც 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების პლაკატი დღემდეა გაკრულისოფელი პირველი მაისი. 23.05.2017. ეკა ბარამიძის ფოტოსოფელი პირველი მაისი. 23.05.2017. ეკა ბარამიძის ფოტოსოფელი პირველი მაისი. 23.05.2017. ეკა ბარამიძის ფოტოფიჩხის „საწყობი“ / სოფელი პირველი მაისი / ეკა ბარამიძის ფოტოსოფელი პირველი მაისი. 23.05.2017. ეკა ბარამიძის ფოტოსოფელი პირველი მაისი. 23.05.2017. ეკა ბარამიძის ფოტო
„ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“ – ამ შინაარსის ორენოვანი ბანერი გონიოს ხიდის ორივე მხრიდან უკვე წლებია გამოკრულია. საერთაშორისო მაგისტრალზე არსებული, ნახევარკილომეტრამდე სიგრძის ეს ხიდი, რკინაბეტონის ბლოკებით ორ ზოლადაა გაყოფილი, ფაქტობრივად, სამად – იქეთ-აქეთ ავტომანქანები, ძნელად, მაგრამ მოძრაობენ, შუაში კი სამუშაო ზოლია. კომპანია „ზიმოს“, რომელიც ხიდს უკვე მეხუთე წელია არემონტებს და სამუშაოები ვერ დაასრულა, ბოლო 4 წელში 52 მილიონზე მეტი ლარის სახელმწიფო დაკვეთა აქვს მიღებული, „ზიმოს“ და მის მიერ დაფუძნებულ „ზიმო 7“-ს კი – სულ 114 მილიონამდე ლარის დაკვეთა. აქედან უშუალოდ გონიოს ხიდის გასაკეთებელი თანხა 5 648 678 ლარია.
კომპანია „ზიმო“ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ხეებს ეზიდება შეკვეთილში.
გონიოს ხიდზე, ერთ მონაკვეთში, გასასვლელი ისეთი ვიწროა, რომ ტრაილერი ლამის ხიდის მოაჯირს ეხება. ხიდზე გადასვლა სავალ ნაწილზე არსებული ორმოების გამოც რთულია. ახალი მოაჯირი კი ერთ ადგილზე მანქანის შეჯახების შედეგად დეფორმირებული და უკვე შესაცვლელია.
„ეს შეღავათია იმასთან, რაც ადრე იყო – გარკვეული პერიოდი, ზღვის სეზონზეც კი, როცა ამდენი ტურისტი ჩამოდის, ხიდის ერთი ნაწილი საერთოდ ჩაკეტილი ჰქონდათ, მაგრამ არანაირი სამუშაოები არ ტარდებოდა… ამ ზამთარში, ავდარში ჰყავდათ მოყვანილი ტექნიკა და რაღაცას ვითომ აკეთებდნენ. დღეს ამინდია და არავინ მუშაობს, წლებია ასეა“, – ამბობს ერთ-ერთი მძღოლი, რომელსაც ხიდზე გადასვლა ავტომანქანით დღეში რამდენჯერმე უწევს.
„ამდენი თურქული ტრაილერი დადის, მათაც ხომ ახდევინებენ რაღაც ფულს და ხომ უნდა დახვდეთ აქ ნორმალური გზა“, – ამბობს მეორე მძღოლი.
კომპანიაში სამუშაოების დროულად ვერდასრულებას სხვადასხვა მიზეზით ხსნიდნენ: „ტურისტული სეზონია“, „მასალებს ველოდებოდით“, „ხიდზე მუშები თუ არ ჩანს, არ ნიშნავს, რომ გაჩერებულია სამუშაო – ხიდის ქვეშ მუშაობენ და ზემოდან ვერ შეამჩნევ“…
სტატიის მომზადების პროცესში „ბათუმელები“ რამდენჯერმე იმყოფებოდა ხიდთან, როგორც წვიმაში, ისე მზიან ამინდში. თუმცა, არც ხიდზე და არც ხიდის ქვეშ მუშა ჯგუფი არ შეგვინიშნავს. მაგისტრალთან ახლოს მცხოვრები მოქალაქეების აზრის გასაგებად მისულებს კი კითხვები აქეთ დაგვისვეს: „ასე დაუსრულებელი საქმე შეიძლება?.. პატრონი არ ჰყავს ამ ხიდს?“.
ხიდის „პატრონი“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტია, რადგან ხიდი საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალზე მდებარეობს. დეპარტამენტში ამბობენ, რომ ხიდი, გარდა იმისა, რომ მთავარი სატრანზიტო დამაკავშირებელია საქართველო-თურქეთისა და ბათუმის მიმდებარე ტურისტული ტერიტორიების, ასევე არის ტრანსევროპული ქსელის ნაწილი. ხიდი და გზის გასწვრივ მჭიდროდ დასახლებული სოფლები კი ქმნიან ვიწრო სატრანზიტო გასასვლელს და საცობს.
ხიდი, რომელიც დეპარტამენტის ინფორმაციით, ისედაც „ვიწრო სატრანზიტო გასასვლელს“ ქმნიდა, კიდევ უფრო დავიწროვდა იმ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც მეხუთე წელია გრძელდება.
„არაფერი გაჭიანურებულა, ტექნოლოგიური პროცესია რთული, მითუმეტეს მოძრაობის ქვეშ ხდება ეს ყველაფერი. იმდენად დაზიანებულია ხიდი, რომ ძალიან ნელა კეთება უნდა, მეტი არაფერი ეშველება მაგას. თუმცა, ზაფხულისთვის აუცილებლად მოესწრება. რომ შეიძლებოდეს მოძრაობის გადართვა სხვა, შემოვლით გზაზე, დიდი ხნის დამთავრებული იქნებოდა. მოსახლეობამ არ იცის, რომ ხიდის ქვეშ არის უამრავი სამუშაო ჩატარებული. ახლა რასაც ვაკეთებთ, ეს არის მიზერი. მთავარი იყო ქვეშ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ კომპანია „ზიმოს“ დირექტორი ზურაბ კიკნაძე.
ხიდის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ორ ტენდერში გამარჯვებული „ზიმო“ სწორედ ის კომპანიაა, რომელიც მრავალწლოვან ხეებს თხრის და გადააქვს ჩაქვიდან შეკვეთილში, სადაც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს აშენებს. კომპანიას ხიდზე სამუშაოების დასრულების თარიღი რამდენჯერმე გადაუვადეს, დააჯარიმეს, თუმცა არც ხელშეკრულება შეუწყვიტეს და მეტიც, სხვა ტენდერებშიც იმარჯვებს.
„შეიძლება დეპარტამენტი იმიტომ უვადებს კომპანიას მუდმივად სამუშაოებს, რომ მას ურჩევნია რაღაც დროის დარღვევით შესრულდეს ეს სამუშაო, ვიდრე ახალი ტენდერი გამოაცხადოს და თანხა ხელახლა დახარჯოს უკვე დასასრულებელ სამუშაოზე. მაგრამ, ამის საპირწონედ ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც, ფაქტობრივად, ეს კომპანია ექსკლუზიურად ურთიერთობს ბიძინა ივანიშვილთან და მასთან დაკავშირებულ სხვა კომპანიებთან. ხიდზე არსებული მდგომარეობის პარალელურად ხეების გადატანა, რაც იწვევს რკინიგზის, ავტოსაგზაო მოძრაობის გაჩერებას, მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის“, – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული მენეჯერი მალხაზ ჭკადუა.
თორნიკე თავაძის ფოტო
[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]ორი ტენდერის ერთი გამარჯვებული და დაუსრულებელი საქმე[/highlight]
მდინარე ჭოროხზე მდებარე 473 მეტრი სიგრძის ხიდის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება „ზიმოსთან“ პირველად 2013 წლის თებერვალში გაფორმდა, 3 244 480 ლარზე. ტენდერში მხოლოდ „ზიმო“ მონაწილეობდა და სამუშაოები ამავე წლის 30 ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულებაში ცვლილება ოთხჯერ შევიდა. ერთი თვით გადაიწია სამუშაოების დასრულების ვადა, ხოლო კომპანიას საბოლოოდ 2 719 238 ლარი გადაურიცხეს.
შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, კომპანიას თანხა ეტაპობრივად, 12-ჯერ გადაურიცხეს. აქედან ბოლო გადარიცხვა დაფიქსირდა 2015 წლის ივლისში. თუმცა 2015 წლისთვის „ზიმო“ გზების დეპარტამენტის მიერ გონიოს ხიდის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ მეორე ტენდერში იყო გამარჯვებული. მეორე ტენდერშიც მხოლოდ „ზიმო“ მონაწილეობდა და მასთან 2 929 440 ლარზე ხელშეკრულება 2015 წლის იანვარში გაფორმდა.
რატომ გახდა საჭირო ერთი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე ხიდზე ტენდერის ორჯერ გამოცხადება? – „გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა ხიდის ბურჯების რეაბილიტაცია, რაზედაც გამოცხადდა პირველი ტენდერი. შემდეგ ეტაპზე შესწავლილ იქნა ხიდის ზედა ნაწილი და გამოცხადდა მალის ნაშენის რეაბილიტაციისთვის მეორე ტენდერი“, – გვითხრეს დეპარტამენტში.
მეორე ხელშეკრულებით ხიდის რეაბილიტაცია 2016 წლის პირველ ივნისამდე უნდა დასრულებულიყო. ამ ხელშეკრულებაში ცვლილება 13-ჯერ შევიდა: სამუშაოების დასრულების ვადა გადაიწია, საბოლოო ღირებულებად კი 2 399 573 ლარი განისაზღვრა, ანუ შემცირდა. ამ თანხიდან კომპანიისთვის ჯამში 1 019 609 ლარი უკვე გადარიცხულია.
დეპარტამენტის ინფორმაციით, „მშენებლობისთვის ყველაზე ხელსაყრელ ზაფხულის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობის გაზრდილი ინტენსივობა აფერხებდა ხიდის სავალ ნაწილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ზოგჯერ თითქმის შეუძლებელსაც ხდიდა“.
დეპარტამენტი კიდევ რამდენიმე გარემოებაზე მიუთითებს, რაც სამუშაოს შესრულებას, მათი აზრით, ხელს უშლის: „ხიდის ფოლადრკინაბეტონის მალის ნაშენის სარემონტო სამუშაოები ურთულეს ტექნოლოგიურ პროცესებთან არის დაკავშირებული; მდინარე ჭოროხის დონის ხშირი ცვლილებები, წყალმოვარდნები, რაც თურქეთის მხარეს კაშხლებთან არის დაკავშირებული და პროგნოზს არ ექვემდებარება; საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა საპროექტო ცვლილებების განხორციელებას“.
მაშინ, როცა ხეების გადატანისთვის საავტომობილო მაგისტრალიც იკეტება და რკინიგზაზეც მატარებლებს აჩერებენ, გზების დეპარტამენტი გვეუბნება, რომ „დღემდე ვერ მოხერხდა ხიდზე გამავალი კომუნიკაციების, ბლოკებზე მიმაგრებული „სილქნეტის“, რკინიგზის კაბელებისა და მერიის დაქვემდებარებაში არსებული გარე განათების ბოძების გადატანა“.
ამ მიზეზების გამო, როგორც დეპარტამენტი აცხადებს, „ობიექტი ვერ დასრულდა განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც „ზიმოს“ გაუგრძელდა სამუშაოების დასრულების ვადა 2017 წლის პირველ ივლისამდე“. ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე ეს სამუშაოების დასრულების მესამე ვადაა.
დეპარტამენტის მონაცემებით, კომპანია შვიდჯერ დაჯარიმდა და 181 584 ლარის პირგასამტეხლო დაეკისრა ვალდებულების შეუსრულებლობისთვის. პირველად მაშინ, როცა გარკვეული ღირებულების ნაცვლად შეასრულა ნაკლები ღირებულების სამუშაო, ასევე, სამუშაოს დაუსრულებლობაზე – ორჯერ, სამუშაოების შესრულების კალენდარული გრაფიკის დარღვევისთვის და იმისთვის, რომ შესრულებაზე ინფორმაცია დეპარტამენტში საერთოდ არ წარადგინა.
„კომპანიის ინტერესი რა არის ამ შემთხვევაში? რა სარგებელს იღებს ეს კომპანია იმდენს ამ ტენდერით, რომ მას უღირს ამდენი პირგასამტეხლოს გადახდა? როცა კომპანია მიდის გადავადებებზე და ამ დროს აქვს პარალელურად მოგებული სხვა ტენდერები და ეწევა სხვა საქმიანობას… დადასტურებულად ვერა, მაგრამ გამოვთქვამ ვარაუდს, რომ რაღაც ტიპის გარიგებაზე შეიძლება საუბარი“, – ამბობს მალხაზ ჭკადუა.
[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]65 ცვლილება 16 ხელშეკრულებაში[/highlight]
ხიდთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე კომპანია „ზიმო“, ქვეყნის მასშტაბით, 14 ტენდერში გამოავლინეს გამარჯვებულად. აქედან სამი ტენდერი ღირებულებით 10,5 მილიონი ლარი ისევ საგზაო დეპარტამენტისაა. მაგალითად, თბილისში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოების თბილისის მერიასა და „ზიმოს“ შორის ხელშეკრულება 2016 წლის მაისში 2,6 მილიონ ლარზე გაფორმდა; 2015 წელს გზის სამუშაოებზე, მესტიის გამგეობასთან 2,1 მილიონ ლარზე… ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და კომპანია „ზიმოს“ შორის გაფორმებულ 16 ხელშეკრულებაში ცვლილება 65-ჯერ შევიდა. ამ ტენდერების საერთო ჯამური (სახელშეკრულებო) ღირებულება 29 მილიონზე მეტი ლარია.
„ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისა და „ზიმოს“ ურთიერთობა და მეორე მხრივ, როცა ამდენი დათმობა არის დეპარტამენტის თუ სხვა სახელმწიფო უწყების მხრიდან „ზიმოს“ მიმართ, შესაძლოა პროპორციულობა ამ ორ მოვლენას შორის დავინახოთ. არ მგონია, ასეთი მიდგომა ჰქონოდა დეპარტამენტს ან სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებს იმ კომპანიის მიმართ, რომელიც არ იქნებოდა დაკავშირებული ადამიანთან, რომელსაც, თავის მხრივ, უკავშირებენ არაფორმარულ მმართველობას ქვეყანაში. ანუ, რაღაც ტიპის გამორჩევასთან გვაქვს საქმე. აქ არის კომპანიის მიმართ არაგონივრულად კეთილგანწყობის ფაქტები, რაც კითხვით ნიშნებს აჩენს“, – აცხადებს მალხაზ ჭკადუა.
„ყველაზე სასწაული რა არის იცით? დღეს ვინც პოზიციაშია, ისინი ამბობდნენ, რომ „ზიმო“ სააკაშვილის კომპანიაა – ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს აშენებს (შენობა, რომლის მშენებლობაც ბათუმის ბულვარში დაიწყო ბიზნესცენტრის სახელწოდებით, ხოლო მოგვიანებით გამოაცხადეს, როგორც ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – ავტ.), ამდენი ტენდერი მოიგო და ასე შემდეგ. შეიცვალა ხელისუფლება და ახლა ის, ვინც ხელისუფლებაში იყო, გადავიდა ოპოზიციაში და ახლა ესენი ამბობენ, ივანიშვილთან ვართ გაერთიანებული. ხალხნო, დარწმუნდით, რომ ვართ ძალიან მაგრები. „ზიმო“ არის პროფესიონალების კომპანია, რომელიც ურთულეს რაღაცებს აკეთებს“, – აცხადებს ზურაბ კიკნაძე, კომპანიის დირექტორი.
რატომ ვერ ასრულებს ხიდზე სამუშაოებს მეხუთე წელია კომპანია, რომელიც „ურთულეს რაღაცებს აკეთებს“? – კომპანიის დირექტორი გვპასუხობს:
„ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო, ბაზალტის ინტენსიურად ამოღებამ და იმან, რომ ეს ბაზალტი ჭოროხში აღარ შემოდის, კალაპოტი დაწია დაახლოებით 5 მეტრით დაბლა, ამხელა წარეცხვები და ბურჯების ჩაღრმავება არ იყო გათვლილი, მშენებლობის დროსაც კი ამას არავინ ელოდა. ბურჯებმა მიიღო დეფორმაცია… მაგ ხიდს ხუთი წელია ვარემონტებთ…
რაც შეეხება ხეების გადატანას, ხიდდთან კავშირში არ არის. ჩვენ გვინდა, რომ რაღაც ახალი გავაკეთოთ, ისეთი, რაც არავის გაუკეთებია. ასე იყო, ეშმაკის ბორბალი რომ დავკიდეთ ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობაზე.“
კითხვაზე, რა ტექნიკური რესურსით გადააქვთ ხეები – „ზიმოს“ დირექტორი გვპასუხობს, რომ თურქული კომპანია ჰყავთ დაქირავებული ხეების ხმელეთზე ტრანსპორტირებისთვის.
ხიდზე დასაქმებული მუშები ჟურნალისტებთან არ საუბრობენ.
„ობიექტს ჰყავს უფროსი. დღეს ჩვენ ვართ აქ, მეტი არაა საჭირო… ნელ-ნელა კიდევ კარგად ვმუშაობთ იქეთ-აქედან მანქანებში“, – გვითხრა ერთ-ერთმა მუშამ იმ ოთხიდან, რომლებიც ხიდზე წინა დღით დასხმულ ბეტონიდან მტვერს ხვეტდნენ. – „თუ კარგად არ გაშრა და არ გადავხვეტეთ, ისე ტოლს ვერ დავაგებთ“.
ჩაქვში, იმ ადგილთან, სადაც ხის გადასატანად დროებითი ნავმისადგომის მოსაწყობად მუშაობდნენ, დაცვამ ახლოს არ მიგვიშვა.
იქვე თურქული კომპანიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კი გვითხრა, რომ მრავალწლოვანი ხეების გადატანაზე ისინი თურქეთში არ მუშაობენ. „ჩვენთან ასე არაა, ჩვენთან პატარა ხე დარგვენ, იგი იზდება… აქ, თქვენ უფროსს ამბობენ, რაღაც ჩიტები, ქათმები რო ყავს, იქ და დარგონ ეს ხე… თუ იმდენი ფული გაქ, მიე მილეთმა (ხალხმა) ჭამოს, შიერი მილეთი არი… კიდე სხვა კამპანიებიც არიან, სახელი არ ვიცი, ჩვენი ოთხი მანქანა არი და ამა ყოფნის“, – განმარტა მუშამ ქართულად.
ასწლოვანი ხე შეკვეთილის სანაპიროსთან / 2016 წ. / გიორგი ჯორბენაძის ფოტოტიტას ხის ამოღების პროცესი ციხისძირში. ეს ხე პირველად გადაიტანეს ზღვით შეკვეთილში / თედო ჯორბენაძის ფოტო
[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]„ზიმო“ და ივანიშვილის პროექტი მწვანე კონცხზე[/highlight]
ხეების გადატანის გარდა კომპანია „ზიმოს“ სხვა სახის თანამშრომლობაც აკავშირებს ბიძინა ივანიშვილთან. მწვანე კონცხზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის პროექტის მიხედვით, შენდება სასტუმრო კომპლექსი „მაგნოლია“, რომელსაც „ზიმო“ აშენებს.
„ჩვენ ვაშენებთ მწვანე კონცხზე სასტუმროს… ბატონ ბიძინასთან არის დაკავშირებული, მაგრამ კონტრაქტი გვაქვს „ბიზნეს დეველოპმენტთან“, შიგნითკენ – ვისი რა არის, არ მაინტერესებს… ხიდი და ესენი ერთმანეთთან კავშირში არ არის. ის არის სახელმწიფო დაკვეთა, ესენი არის კერძო დაკვეთა“, – აცხადებს ზურაბ კიკნაძე „ზიმოს“ დირექტორი.
მწვანე კონცხზე ბათუმის უნივერსიტეტის ყოფილი ტერიტორია და შენობა-ნაგებობები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობიან აუქციონზე ორ ნაწილად გამოიტანა. ორივეჯერ მონაწილეობა მხოლოდ „ბიზნეს დეველოპმენტმა“ მიიღო და ქონებაც შეიძინა. აუქციონების ჩატარებამდე ცნობილი იყო, რომ ამ ქონებით სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო დაინტერესებული და რომ „ბიზნეს დეველოპმენტის“ უკან სწორედ ყოფილი პრემიერი დგას. სწორედ ეს ქონება გაიყიდა ახლახან საბაზრო ფასზე გაცილებით იაფად – 1 კვადრატული მეტრი 337 ლარად.
კომპლექს „მაგნოლიას“, რომელიც მწვანე კონცხზე უნდა აშენდეს, პროექტის ინიციატორი და ინვესტორი რომ ბიძინა ივანიშვილია, ამის შესახებ ასევე განაცხადეს ივანიშვილისვე დაფუძნებულ „თანაინვესტირების ფონდში“.
მალხაზ ჭკადუას თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ მწვანე კონცხის შემთხვევაში აუქციონები ჩატარდა და კითხვები კანონიერებაზე არ გვაქვს, თითქოს ფორმალურად, სამართლებრივ ნაწილში ყველაფერი გამართულია, მაინც აშკარაა, რომ გარკვეული გარიგებების ელფერი დაჰკრავს ამ ყველაფერს: „სხვა შემთხვევაში რეგიონში, სადაც ამდენი სამშენებლო კომპანია ოპერირებს და ისეთი ბიზნესაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ ესა თუ ის სახელმწიფო თუ მუნიციპალური დაკვეთა შეასრულონ, გამორიცხულია არ იღებდნენ მონაწილეობას აუქციონებში“.
მწვანე კონცხი. მანანა ქველიაშვილის ფოტო
[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]ნაქირავები და მოძველებული ტექნიკა[/highlight]
რა ტექნიკით ასრულებს ტენდერით ნაკისრ ვალდებულებებს „ზიმო“? გონიოს ხიდის შემთხვევაში, პირველი ტენდერის დროს, რა ტექნიკას ფლობდა კომპანია, შესყიდვების გვერდზე არ არის ატვირთული. მეორედ გამოცხადებულ ტენდერში კი სატენდერო კომისიამ „ზიმოს“ მანქანა-მექანიზმების ჩამონათვალი მოსთხოვა.
კომპანიამ წარადგინა 24 დასახელების ტექნიკა, თუმცა აქედან 8 იჯარით ჰქონდა აღებული, ძირითადად, კომპანია „ზიმო 7“-სგან. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: „ზიმო 7“ დაფუძნებულია „ზიმოს“ მიერ, რასაც ზურაბ კიკნაძე ადასტურებს: „კი, ჩვენ ვართ „ზიმო-7“-ის დამფუძნებლები“.
ამავე ტენდერში კომპანიას წარდგენილი აქვს აუდიტის დასკვნაც, რომლის მიხედვით 2015 წლის 12 იანვრის მდგომარეობით „ზიმოს“ ბალანსზე ერიცხებოდა მხოლოდ რვა ცალი სანგრევი ჩაქუჩი, ცხრა დომკრატი, ორი ჯალამბარი, 13 ელექტროვიბრატორი, სამი კომპრესორი და სამი ამწე.
რაც შეეხება „ზიმო-7“-ს, ეს კომპანია შესყიდვების სააგენტოს მიერ გასული წლის ნოემბერში შეყვანილია „თეთრ სიაში““. „თეთრ სიაში“ მოიპოვება კომპანიის შესახებ ინფორმაცია – კორპორაციული CV, სადაც „ზიმო-7“-ს მითითებული აქვს, რომ გააჩნია 77 დასახელების მანქანა-მექანიზმი. მათი უმეტესობა (43 დასახელების) არის მოძველებული.
ამასთან „ზიმო 7“, რომელიც ტექნიკას „ზიმოზე“ აქირავებს, თავად არის არაერთ ტენდერში გამარჯვებული. 2013 წლის თებერვლიდან დღემდე ეს კომპანია 60 ტენდერშია გამარჯვებული, რომელთა სახელშეკრულებო ღირებულება 61 მილიონზე მეტი ლარია. ტენდერებს ეს კომპანია, ძირითადად აჭარაში იგებს და ზოგი ხელშეკრულება დღესაც მოქმედია.
ბოლო ოთხ წელში „ზიმო 7“-ის მიერ მოგებული 60 ტენდერიდან 22 აჭარის საგზაო დეპარტამენტს ჰქონდა გამოცხადებული, ხოლო 20 ტენდერი – ქალაქ ბათუმის მერიას.
მალხაზ ჭკადუას შეფასებით, გვაქვს მონოპოლურ პირობებში ჩაყენებული კომპანია, რომელსაც, მართალია, აქვს რაღაც მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მაგრამ გაუმართლებლად ბევრ ტენდერში აქვს გამარჯვება მოპოვებული და ძალიან დიდ შესყიდვებზეა საუბარი: „გამოსაკვლევია, რამდენი კონკურენტი ჰყავდა კომპანიას და თუ აღმოჩნდება, რომ მხოლოდ თვითონ მონაწილეობდა უმრავლეს ტენდერში, მაშინ დადასტურდება, რომ ეს არის წინასწარი მოლაპარაკებით მიღწეული შედეგი“.
მალხაზ ჭკადუა ამბობს, რომ აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს „წელს საკმაოდ დიდი ბიუჯეტი აქვს – 50 მილიონზე მეტი ლარი, უამრავი საქმეა გასაკეთებელი და თუ გარიგებებს ექნება ადგილი, ყველა ტენდერის დასრულება დადგება კითხვით ნიშნის ქვეშ“.
[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]„ზიმო“, „ზიმო-7“ და „ბანკი ქართუ“[/highlight]
რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანია „ზიმოს“ მთელი ქონება დატვირთულია იპოთეკით. „ზიმოს“ სესხი აქვს აღებული სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუსგან“, რომელიც ასევე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაა.
„ბანკ ქართუსგან“ ჩვენ სესხები გვაქვს აღებული. ამის გარდა, იქ „საქართველოს ბანკიც“ ჩანს, მგონი. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა… სახელმწიფო ისე დაკვეთას არ მოგცემს, თუ გარანტია არ წარადგინე. წილი, კომპანიის ქონება, ჩადებული გვაქვს, რა თქმა უნდა, ბანკში რაღაცის უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს ზურაბ კიკნაძე.
„ზიმო-7“ ბათუმში 1999 წლის ბოლოს დარეგისტრირდა. დოკუმენტების მიხედვით, ამ კომპანიის 25% წილის მფლობელი იყო და არის კომპანია „ზიმო“, 73%-ს ფლობდა ბეგლარ აბუსერიძე, ამირან ბერიძე და ანზორ აზნაურიშვილი კი – თითო პროცენტს.
2016 წლის 4 ნოემბრის ამონაწერის მიხედვით, ბეგლარ აბუსერიძის ნაცვლად წილს ფლობს მარინე მანგალაძე, რომელიც ამავდროულად „ზიმო-7“ ის დირექტორია, ის გარდაცვლილი ბეგლარ აბუსერიძის მეუღლეა.
„ზიმო“ 1997 წელს დარეგისტრირდა. მისი პარტნიორები არიან: იოსებ თარხნიშვილი (საქართველოსა და რუსეთის მოქალაქე), რომელიც ფლობს წილის 35%-ს, ქეთევან ვეფხვაძე – 30%, ხოლო მთლიანი წილის 7-7%-ს ფლობენ ზურაბ კიკნაძე (დირექტორი), ილია ქავთარაძე, ლევან მარშანია და გია უროტაძე.
ამ ორ კომპანიას – „ზიმოსა“ და „ზიმო 7“-ს, რომლებიც დღეს საქმიანად არიან დაკავშირებულნი ბიძინა ივანიშვილთან და „ქართუ ბანკთან“, ბოლო 4 წელში 74 ტენდერი აქვთ მოგებული, რომელთა ღირებულება, ხელშეკრულებების მიხედვით, ჯამში 90 მილიონზე მეტი ლარია.
გარდა ამისა, „ზიმო“ იმ კომპანიებს შორისაა, რომლებმაც „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მსხვილი დაკვეთა პირდაპირი მიყიდვის წესით, არაკონკურენტულ გარემოში მიიღეს. 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფო ორგანიზაციებმა ამ კომპანიას ტენდერის გარეშე, მთლიანობაში, 23 მილიონზე მეტი ლარის სამუშაო დაუკვეთეს. მაგალითად, 9 180 102 ლარის ღირებულების დაკვეთა კომპანიამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან მიიღო, როცა „ზიმოს“ ფოთში, მალთაყვის უბანში დევნილებისთვის ხუთსართულიანი შვიდი შენობისგან შემდგარი საცხოვრებელი უბნის მშენებლობა დაუკვეთეს.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ „ზიმოს“ ხელშეკრულება 6 686 067 ლარზე გაუფორმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებამდე მისაყვანი წყალსადენისა და წყალარინების სისტემის ასაშენებლად.
კომპანიას გამარტივებული შესყიდვით დღეისთვის ოთხ სახელმწიფო უწყებასთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. მიმდინარე ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 3 მილიონზე მეტი ლარია.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ვერც მიმდინარე წლის ივლისამდე დაასრულებს სამუშაოებს გონიოს ხიდზე? – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვიპასუხეს, რომ „ვადებში სამუშაოების შეუსრულებლობის შემთხვევაში დეპარტამენტი იმოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად“. ამ „პირობებით“ კი უკვე წლებია, რაც დეპარტამენტი კომპანიას კიდეც აჯარიმებს და სამუშაოს დასრულების თარიღსაც უვადებს.
მანამდე კი, გონიოს ხიდზე, ბოლო ოთხი წელია ძნელად, მაგრამ მაინც, დღეში საშუალოდ 12 ათასამდე ავტომანქანა გადაადგილდება. გზების დეპარტამენტის მონაცემებით, მარტო გასულ წელს ამ მონაკვეთში საშუალოდ დღეში გადაადგილდებოდა 11 047 მსუბუქი ავტომანქანა, 166 მიკროავტობუსი, 370 ავტობუსი და 688 ტრაილერი.
სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელების“ მარტის ნომერში.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აჭარის მუნიციპალიტეტებში თემატური ღონისძიებები იგეგმება, მათი განრიგი ასე გამოიყურება:
ხელვაჩაურში, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, 11:00 საათზე მოეწყობა სპორტული შეჯიბრი სიმძიმეების აწევაში, 12:00 საათზე – შეჯიბრი დარცში, 13:00 საათზე კი – მკლავჭიდში.
13:00 საათზე აქვე მოეწყობა რეწვის ოსტატების ნამუშევრებისა და ადგილობრივი კერძების გამოფენა. გამოიფინება ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრები. მოეწყობა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით. მსურველებს საშუალება ექნებათ სახეზე მოიხატონ საქართველოს დროშა.
სხვადასხვა გამოფენა, ასევე სპორტული და კულტურული ღონისძიებები მოეწყობა 12 საათიდან თხილნარის კულტურის სახლთანაც. ქობულეთში, ცენტრალურ მოედანზე (გამგეობის შენობის წინ), 13:00 საათზე საბავშვო ბაღები მოაწყობენ გამოფენას საქართველოს კუთხეების წარმოსაჩენად. 14:30 საათზე მოეწყობა ფინალური მატჩი გოგონათა ფეხბურთში, 16:00 საათზე კი ჩატარდება კონცერტი კულტურის სახლში.
ქედაში 10:00 საათიდან დაგეგმილია შემდეგი სპორტული ღონისძიებები: მარათონი სირბილში (მანძილი 2 კმ), ბირთვის კვრა და კალათბურთი.
დაჯილდოებების ცერემონიალი გაიმართება ქედის ცენტრში არსებულ სასპორტო სკოლის ეზოში.
12:00 საათზე ქედის ცენტრში არსებულ სასპორტო სკოლის ეზოში დაიწყება მოლბერტებზე ხატვა თემაზე: „დამოუკიდებელი საქართველო“. 14:00 საათზე კი რუსთაველის ქუჩაზე მდებარე პარკში ჩატარდება კონცერტი.
შუახევის დაბის ცენტრში 11:40 საათზე დაგეგმილია საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალის შემკობა ყვავილებით. 12:00 საათზე დაგეგმილია კონცერტი, რის პარალელურადაც შუახევის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისა და სკოლის მოსწავლეები გამოფენენ თავიანთ ნახატებსა და ნამუშევრებს თემაზე: ,,ვეფხისტყაოსანი“; აქვე მოეწყობა კონფერენცია თემაზე: ,,ვეფხისტყაოსანი – ქართველების ბიბლია.“
13:00 საათზე დაგეგმილია სხვადასხვა საგნობრივ კონკურსში გამარჯვებული სკოლებისა და მოსწავლეების დაჯილდოება.
ხულოში თემატური ღონისძიება იგეგმება იუსუფ ზოიძის სახელობის დრამატულ თეატრში, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 560 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული განტვირთვის ჟილეტების შესაძენად. შესაბამისი ტენდერი სამინისტრომ უკვე გამოაცხადა, რომელიც მიმდინარე წლის 12 ივნისს დასრულდება.
სამინისტრო სხვადასხვა სახის განტვირთვის ჟილეტის 4 ათასამდე კომპლექტს შეიძენს. 500 კომპლექტის ფერი იქნება მუქი მწვანე ან კოიოტი [დაზუსტდება შემსყიდველთან], ხოლო 3500 კომპლექტი იქნება – მუქი შავი.
რაც შეეხება ჟილეტების ზომებს, მას ტენდერში გამარჯვებული სამინისტროსთან შემდგომში დააზუსტებს. საქონელზე უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ ერთწლიანი საგარანტიო ვადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან. საგარანტიო პერიოდში მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს საქონელზე გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრა შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
„შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე, საქართველოს ბაზარზე ოპერირებად არაერთ კომპანიას შეუძლია შემსყიდველს კონკურენტუნარიან ფასში შესთავაზოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, კონკურენციის გაზრდისა და ხელსაყრელი ფასის მიღების მიზნით, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი წინამდებარე ტენდერში არ მოითხოვება,“ – აღნიშნულია სატენდერო პირობაში.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, აჭარაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციის წერტილების მონიტორინგს იწყებს. სპეციალისტები შეამოწმებენ რა პირობებში იყიდება პრეპარატები და მოსახლეობას რეკომენდაციებს მისცემენ.
დაბალი ხარისხის პესტიციდების თემაზე მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობამ შენიშვნები აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ლაშა კომახიძეს წელს, მარტში გააცნო. ქედელმა ფერმერებმა მინისტრთან შეხვედრისას ძირითად პრობლემად უხარისხო შხამ-ქიმიკატები და პესტიციდები დაასახელეს. მათი თქმით, რეალიზაციაში არსებული შხამ-ქიმიკატები მცენარესა და მოსავალს ანადგურებს და მინისტრს პრობლემის მოგვარების მიზნით პესტიციდებზე კონტროლის მექანიზმის აღსრულება სთხოვეს.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში 15-მდე სავაჭრო ობიექტია, რომლებსაც პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციის ლიცენზია აქვს. გარემოვაჭრეთა რაოდენობის შესახებ კი ზუსტი ინფორმაცია სამინისტროსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს არ გააჩნია.
მონიტორინგის პროცესში სამინისტრო შესაწამლი პრეპარატების შესახებ მოსახლეობას რეკომენდაციებსაც მისცემს პრეპარატების გამოყენებისა და შენახვის წესის შესახებ.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბათუმში რამდენიმე ღონისძიება იგეგმება.
12:00 – ვეფხისტყაოსნის წიგნების გამოფენა – 6 მაისის პარკი, ასევე, ბსუ-ს სტუდენტები წაიკითხავენ „ვეფხისტყაოსანს“ ქართულ და უცხოურ ენებზე. მოეწყობა ნახატებისა და კალიგრაფიულად შესრულებული „ვეფხისტყაოსნის“ სტროფების გამოფენა. ამავე დროს დაარიგებენ 26 მაისის თემატიკაზე მომზადებულ კოკარდებს;
12:00 – სპორტული თამაშები (ჭადრაკი, ნარდი, შაში, მაგიდის ჩოგბურთი) ვეტერანთა შორის – ვეტერანთა კლუბი „ნონა“.
12:00 – დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის გვირგვინით შემკობა და ფოტოგამოფენა – საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მოედანი;
12:20 – მსვლელობა იუნკერების მემორიალიდან საოცრებათა პარკისკენ და ფლეშმობი;
12:30 – სამხედრო ტექნიკის გამოფენა – ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია;
13:00 – 26 მაისის მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა-ევროპის მოედანი;
15:00 – „საერთაშორისო ტურნირი მოზარდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში“ – სასპორტო სკოლა (ფიროსმანის ქ №14);
17:00 – ბათუმის მუსიკალური ცენტრის ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის კონცერტი – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი;
20:00 – საზეიმო გალა კონცერტი-საოცრებათა პარკი (ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია);
22:30 – ფეიერვერკი (ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტზე, თურქეთის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქეა დაკავებული.
„გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, უახლესი პოლიგრაფიული ტექნოლოგიების გამოყენებით, დაამზადეს თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი, 46 000 ერთეული ყალბი ქართული აქციზური მარკა, რომლის ნამდვილი აქციზური მარკისგან გარჩევა სპეციალური მოწყობილობის გამოყენების გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელია. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულები დააკავა აღნიშნული ყალბი აქციზური მარკების რეალიზაციის დროს,“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის მე – 2 ნაწილის „ბ” და მე-4 ნაწილის “ა” პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ დღეს ინტერნეტმედიაში ISIS მიერ მათ მიმართ განხორციელებულ სავარაუდო მუქარაზე ჟურნალისტებისგან შეიტყო. on.ge-ს ინფორმაციით, სავარაუდო მუქარის თაობაზე გამოძიება უკვე დაწყებულია, ხოლო მუქარის ადრესატები ტარიელ ნაკაიძესთან ერთად, სხვა მუსლიმი სასულიერო პირები არიან.
ტარიელ, სავარაუდო მუქარის შესახებ მედიიდან გაიგეთ, თუ სხვა წყაროებიდანაც გაქვთ ინფორმაცია? რამდენად რეალური გგონიათ ISIS-ის მუქარა, თქვენი ფოტოების გავრცელება?
სიმართლე გითხრათ, დღეს გავიგე ამ მუქარის შესახებ. მაგრამ მსგავსი მუქარები რომ იყო, ადრეც მითქვამს. ამიტომ მე ამას სერიოზულ შეფასებას ვერ მივცემ. არამგონია, ამ თვალსაზრისით დიდი რამე ხდებოდეს.
ფოტოები არ მინახავს. ჟურნალისტებმა გამომიგზავნეს. რა წყაროთი მოიპოვეს, დიდად არ დავინტერესებულვარ. ეს ფოტოები ფეისბუქის გვერდზე დევს. ადრეც იყო მსგავსი რაღაცები, თითქოს ყელს გჭრიან – ასეთ ფორმაში დამონტაჟებული სურათები იყო.
ადრე რა ტიპის მუქარები გქონიათ, ეს ISIS-ის უკავშირდებოდა?
ეს არასოდეს ყოფილა დამალული, საიდანაც მოდიოდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ჩვენ სამიზნე ამ მხრივ მანამ შეიძლება ვიყოთ, სანამ რაიმე სახის პრობლემებზე ვისაუბრებთ იმ სახით, რა სახითაც ვსაუბრობთ. ეს, პრაქტიკულად, სერიოზულად უშლით ხელს მომხრეების გადაბირების თვალსაზრისით. განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომელთა მიმართაც უფრო მაღალია რისკი, რომ მანიპულაციის მსხვერპლი გახდნენ, ჩვენ ამ ახალგაზრდებს ვარწმუნებთ, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის ზღვარგადასულობა, იარაღის ხელში აღება და კაცის მოკვლა. ამისათვის არსებობს დემოკრატიული ფორმა, რომლითაც შეიძლება მიხვიდე საბოლოო მიზნამდე, საკუთარი უფლებები დაიცვა ბოლომდე. ეს, რა თქმა უნდა, აწუხებთ მათ და ცდილობენ ეს გააჩერონ. ეს აპრობირებული ფორმაა. ამ მუქარას უფრო გამოიყენებენ მანიპულაციისთვის, უნდათ თქვან, რომ ჩვენ არ ვართ ნამდვილი მუსლიმები.
ამით შეიძლება რაღაც დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ. მთავარია, ჩვენ როგორ ვიბრძოლებთ ქვეყანაში რელიგიური უმცირესობებისთვის. რაც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით, ამის ფარგლებში ყოველთვის ვისაუბრებ. ვინ რას იტყვის ჩვენზე, რომელი რელიგიის ადამიანი იქნება ან არარელიგიური, ვინ როგორი ფორმით დაგვემუქრება, ამას არ აქვს მნიშვნელობა.
თუ გამოგკითხეს სამართალდამცავებმა დღეს გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ?
არავის გამოვუკითხივარ. მე დღეს დილით ჩამოვფრინდი თბილისში. ადრე როცა მქონდა მსგავსი მუქარა – ორი წლის წინ ფეისბუქის ინბოქსში მომივიდა, მაშინ არ მიმიმართავს სამართალდამცავებისთვის.
არც ის ვიცი, თუ დაიწყო გამოძიება, შეიძლება ჩემზე არ საუბრობენ, სხვებს შეხვდნენ. თუ შემეკითხებიან, მე, რა თქმა უნდა, დავაფიქსირებ ჩემს მოსაზრებას.
გვამზე სამედიცინო სწავლების უფლება დღეს საქართველოში არავის აქვს. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონი უპატრონო ან ამოუცნობი გვამის სასწავლო ან სამეცნიერო კვლევის მიზნით გვამზე მუშაობის უფლებას უშვებს, თუმცა სამართლებრივი რეგულაცია არ არსებობს – კონკრეტულად ვის აქვს უფლება გვამზე მუშაობის ნებართვა გასცეს, რა პირობით, ან რა შემთხვევაში. საქართველოს სამედიცინო ფაკულტეტს სტუდენტები ისე ასრულებენ, რომ მათ გვამთან მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ.
„პირდაპირ ცოცხალ ადამიანზე იწყებენ პრაქტიკას, ეს დაუშვებელია,“ – ამბობს ლეილა ახვლედიანი, ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი. მისი პოზიცია პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტისთვის უკვე ცნობილია, სადაც კანონპროექტის მიღებას აპირებენ „სამედიცინო სწავლებისას გვამური მასალის გამოყენების საკითხზე“ და მედიცინის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაც შედგა.
ლეილა ახვლედიანი კონკრეტულ შემთხვევას იხსენებს, როცა ბათუმში ახალგახსნილმა სამედიცინო უნივერსიტეტმა – BAU-მ გვამი საზღვარგარეთ იყიდა, მაგრამ მისი შემოტანა სარფის საბაჟოზე ვერ მოახერხა: „ეს იყო 2015 წელს. გვამი ვიყიდეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამაში 37 ათასი დოლარი გადაიხადა უნივერსიტეტმა. ჩვენი ქსელის უნივერსიტეტმა თურქეთში ამ გვამზე იმუშავა და გვიგზავნიდა ჩვენ, მაგრამ იგი საბაჟოზე გაფუჭდა, რადგან მისი შემოტანის შესაძლებლობა არ მოგვეცა“.
ბათუმის საერთაშორისო სამედიცინო უნივერსიტეტს ამ შემთხვევის შემდეგ სხვადასხვა უწყებისთვის მიუმართავს, მათ შორის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა, განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებისთვის. პასუხი უნივერსიტეტმა ერთი და იმავე შინაარსის მიიღო: „ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის“.
უნივერსიტეტს გვამზე მუშაობაზე ან გვამის გადაცემაზე უარი უთხრა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომაც, სადაც დღეს მოქმედი კანონმდებლობით ხვდება ამოუცნობი, ან უპატრონო გვამი. გარდაცვალების მიზეზების დადგენის შემდეგ, ბიურო ვალდებულია 10 დღის განმავლობაში დაელოდოს გარდაცვლილის ახლობლის გამოჩენას. თუ ასეთი არავინაა, მაშინ შესაბამისი მუნიციპალიტეტი იღებს ვალდებულებას გვამის დაკრძალვაზე.
„ექსპერტიზის ბიუროში გვითხრეს, რომ ვერ გადმოგვცემდნენ გვამს გამოკვლევის შემდეგ, რადგან ის არაა მისი მესაკუთრე. პრობლემაა ისიც, რომ გვამის სრულად გაკვეთის შემთხვევაში, ის აღარ ვარგა სამუშაოდ. ექსპერტიზის ბიუროში სტუდენტები გადიან პრაქტიკას, თუმცა მათ მხოლოდ დაკვირვების უფლება აქვთ და არა გვამის კვეთაში მონაწილეობის,“- გვიყვება ლეილა ახვლედიანი. მისი ინფორმაციით, თბილისის სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტშიც დაახლოებით 50 წლის წინანდელი გვამით სარგებლობენ და გვამის სწავლებისთვის გადაცემის შემთხვევა საქართველოში დაახლოებით 25 წლის წინ დაფიქსირდა.
გვამზე სამედიცინო მუშაობას სხვა ქვეყნებში სპეციალური კანონმდებლობა არეგულირებს. ძირითად შემთხვევებში ადამიანები თავიანთ ანდერძში მიუთითებენ ამის შესახებ, სურთ თუ არა მათ გვამზე მედიცინის სტუდენტებმა ისწავლონ. „ასეთი ანდერძი რომც დაიწეროს საქართველოში, გვამს ვერ გადმოგვცემენ, რადგან რეგულაციები გაწერილი არ არის. ამ კუთხით ბევრია სამუშაო, რადგან გასათვალისწინებელია კულტურული მომენტი. ამ ფაქტორების გათვალისწინებაც მოგვიწევს კანონპროექტის ავტორებს,“ – ამბობს ლეილა ახვლედიანი, ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი.
სამედიცინო სწავლებისას გვამური მასალის გამოყენების საკითხზე კანონპროექტს ბათუმის საერთაშორისო სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად სხვა უმაღლესი სასწავლებლებიც ამზადებენ. ამ კანონპროექტს ელოდება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტიც. აქამდე პარლამენტს ამ კუთხით ინიციატივა არ ჰქონია.
ბათუმში ასაშენებელი საფეხბურთო სტადიონის პროექტი, რომელშიც აჭარის ბიუჯეტიდან 767 ათასი ლარია გადახდილი, „ვარგისიანობაზე“ ექსპერტიზას ამ დრომდე გადის. შპს „სტადიონში“ ირწმუნებიან, რომ ექსპერტიზა მიმდინარე წლის ზაფხულის შუა რიცხვებში საბოლოოდ დასრულდება და მშენებლობაზე ტენდერიც გამოცხადდება.
პროექტი რამდენიმე თვეა ექსპერტიზაზეა. კითხვაზე, რატომ გაჭიანურდა პროცესი დროში? – შპს „სტადიონის“ დირექტორმა სულხან ხალვაშმა გვიპასუხა, რომ „პროექტის ექსპერტიზა დამთავრდა, მაგრამ ამ ექსპერტიზამ გამოავლინა, რომ [ვინაიდან ეს იქნება მნიშვნელოვანი ობიექტი], ჩატარდეს დამატებითი ტესტირება და კვლევები, რაც მოიცავს მდგრადობას მიწისძვრაზე, ქარზე… ძირითადად, უსაფრთხოების კუთხით. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ჩვენ შევუკვეთეთ ხელახლა კვლევა. პროცესი როგორც კი დასრულდება, გვექნება პროექტი საბოლოო სახით“.
დაახლოებით რა დრო დასჭირდება ექსპერტიზის დასრულებას და როდის გამოცხადდება ტენდერი მშენებლობაზე? – კომპანიის დირექტორი აცხადებს: „როცა გვექნება ტესტებგავლილი და ადაპტირებული პროექტი, გამოვაცხადებთ ტენდერს მშენებლობაზეც. ეს იქნება მიმდინარე წლის ზაფხულში, უფრო ზაფხულის ბოლოს“.
შპს „სტადიონი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2015 წელს, სპეციალურად ბათუმში სტადიონისა და ახალი საავადმყოფოს აშენების მიზნით მას შემდეგ შექმნა, რაც სტადიონის პროექტირებაზე სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულთან სამინისტრომ კონტრაქტი შეწყვიტა, ამ კომპანიამ კი სამინისტროს სასამართლოში უჩივლა.
2015 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ბათუმში საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანია „BAHADIR KUL ARCHITECTS“ პროექტით აშენდებოდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, UEFA-ს სტანდარტების 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება.
ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორია ბათუმში, სადაც სავარაუდოდ სტადიონი აშენდება
სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველი შპს „სტადიონმა“ დღემდე ვერ შეარჩია, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ტენდერი ოთხჯერ გამოაცხადა. „სტადიონს“ ტენდერების მიმდინარეობის პროცესში დავების განხილვის საბჭოში 18-ჯერ უჩივლეს. გასული წლის ოქტომბრის შემდეგ კი ზედამხედველის შერჩევაზე ტენდერი აღარ გამოცხადებულა.
გასულ წელს ტენდერში, რომელიც შეწყდა, შპს LENI „სტადიონს“ ზედამხედველობას 1 300 000 ლარად სთავაზობდა, შპს კომანდიტური საზოგადოება „პერბო ინვესტიციე“ კი – 1 274 000 ლარად. სატენდერო თანხა 2 მილიონ 100 ათასი ლარი იყო.
„სატენდერო კომისიას ფინანსური რესურსების რაციონალურ ხარჯვასთან დაკავშირებით მიზანშეწონილად მიაჩნია, შეწყდეს აღნიშნული ტენდერი და შპს „სტადიონის“ ადმინისტრაციამ დეტალურად შეისწავლოს სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის შესყიდვასთან დაკავშირებული ფინანსების ხარჯვის მეთოდი“, – აღნიშნულია შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიის ერთ-ერთ ოქმში.
„არის ორი მეთოდი აპრობირებული – ერთი, რომ მიბმულია გრაფიკს ზედამხედველი და ყველა ეტაპის შემდეგ იღებს თანხას, მეორე არის ის, რომ მიბმულია კონტრაქტორის შესრულებაზე. ვთქვათ, შეასრულა კონტრაქტორმა რაღაც თანხის სამუშაო, იმ თანხის რაღაც პროცენტს აიღებს ზედამხედველი. არის მესამე ვარიანტიც – კომბინირებული და ამაზე ვართ ჩამოსაყალიბებელი. ორივე მეთოდს აქვს თავისი რისკები, კომბინირებული მეთოდი კი გაცილებით ნაკლებ რისკის შემცველია,“ – აცხადებს სულხან ხალვაში.
რისკის ერთ-ერთ მაგალითად სულხან ხალვაშს მოჰყავს ის, რომ პირველი მეთოდის დროს, „როცა დედლაინები აქვს ზედამხედველს, მას შეუძლია, გაწელოს პროექტი, რომ მეტი ფიქსირებული თანხა აიღოს“.
დირექტორის თქმით, ჯერ არც ისაა გადაწყვეტილი, ზედამხედველის შერჩევასა და მშენებლობაზე ტენდერები პარალელურად გამოცხადდება, თუ ჯერ ზედამხედველს შეარჩევენ: „თუმცა, მე არ გამოვრიცხავ, რომ პარალელურადაც გამოვაცხადოთ“.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, შესაძლოა „სტადიონმა“ მშენებლობის ზედამხედველად ისევ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მოიწვიოს, რასაც კატეგორიულად უარყოფს სულხან ხალვაში: „თქვენგან მესმის პირველად. ამაზე არ არის საუბარი. თუ ტენდერს გამოვაცხადებთ, მონაწილეობას მიიღებს ბიურო და თუ პირობებს დააკმაყოფილებენ ეგ არ ვიცი. თუმცა, ექსპერტიზისა და კვლევების შემდეგ ერთგვარად თანაავტორივით გამოდის კონსტრუქციულ ნაწილში და ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ზედამხედველი ვერ იქნება“.
„ბათუმელები“ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსაც დაუკავშირდა. მათგან პასუხი ჩვენს კითხვებზე ამ დრომდე ვერ მივიღეთ.
რაც შეეხება ექსპერტიზისთვის საჭირო თანხას, სულხან ხალვაში ამბობს: „როცა საბოლოოდ დასრულდება ექსპერტიზა, ღირებულებასაც გეტყვით“.
აჭარის ბიუჯეტში, შპს „სტადიონის“ ანგარიშზე 2015 წელს 17 984 400 ლარი ირიცხებოდა, შარშან – 25 მილიონამდე გაზარდეს, მიმდინარე წლის ბიუჯეტში კი 38 მილიონი ლარია გაწერილი. სულხან ხალვაშის განცხადებით, ეს 38 მილიონი მთლიანად სტადიონის მშენებლობისთვისაა გათვალისწინებული.
ბიუჯეტში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კიდევ ერთ კომპანიას, შპს„ჰიგიენა 2009“-ს, რომელიც ახალი ნაგავსაყრელის აშენებისთვის შეიქმნა, გასული წლის დასაწყისში 4,4 მილიონი ლარი ერიცხებოდა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში კი – 0 ლარი. ამ კომპანიის ყოფილი დირექტორი ირაკლი ცეცხლაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის 6 მარტს დააკავა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა კომპანიის კუთვნილი 4 მილიონ 984 ათას 200 ლარი მიითვისა.
აჭარის მთავრობას სამხარაულის ბიუროში კიდევ ერთი პროექტი აქვს გადაგზავნილი ექსპერტიზაზე – ბათუმის პორტთან ასაშენებელი ესტაკადის, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტში 21 მილიონი ლარია გაწერილი. რა გზით აითვისებენ ამ თანხას და ხომ არ გაიზიარებს ეს პროექტიც სტადიონის პროექტის ბედს, ჯერ უცნობია.
ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორია ბათუმში, სადაც სავარაუდოდ სტადიონი აშენდება
არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის „ქალთა ოთახში“ აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია მოსახლეობას შეხვდა და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო. შეხვედრას ძირითადად შუახევის თვითმმართველობაში დასაქმებული თანამშრომლები ესწრებოდნენ.
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შემდეგ საჯარო მოხელეებმა ნინო ჩხეტიას კითხვები თვითმმართველობასთან დაკავშირებით დაუსვეს და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოსთვის უფლებამოსილების გაზრდა მოითხოვეს.
შუახევის გამგებლის მოადგილე, რუსუდან შავაძე: „გამგებლის მოადგილედ დანიშვნამდე შუახევის რესურსცენტრში ვმუშაობდი, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლებაც კი არ გვქონდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქცია-მოვალეობები გასაზრდელია. ჯანდაცვის სისტემაში გვაქვს ააიპი, სადაც ექიმებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, მედდებს – აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, ავტომობილების მძღოლებს კი გამგეობა ნიშნავდა, ვფიქრობ ასე არ უნდა ხდებოდეს, ერთი ორგანიზაცია უნდა იყოს პასუხისმგებელი პირი და უფლება-მოვალეობები ასე გადანაწილებული არ უნდა იყოს, თუ ნიშნავ მძღოლს, მაშინ უფლება უნდა გქონდეს, ექიმი და მედდაც თვითონ დანიშნო, ან პირიქით“.
ფატი ჭაღალიძე, შუახევის საკრებულოს წევრი: „ვფიქრობ, ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციები გასაძლიერებელია. არის სოფლები, რომლებიც მუნიციპალურ ცენტრს ათეულობით კილომეტრით არის დაშორებული და წარმომადგენელი არ გვყავს, მათი არარსებობა სოფლებში კომუნიკაციის ნაკლებობას იწვევს. საშტატო ერთეულებს სოფლის წარმომადგენლების სახით ამომრჩეველთა ოდენობა განსაზღვრავს, მაგრამ სოფლებში მოსახლეობამ იკლო. სოფლებში წარმომადგენლების ასაყვანად გამგეობაში გამოთავისუფლდა შტატები, თუმცა ესეც არ დარჩა საკმარისი. ვფიქრობ, მსგავსი საკითხების გადაწყვეტა ადგილობრივ დონეზე უნდა ხდებოდეს და ამას ერთიანი კოდექსი არ უნდა არეგულირებდეს.“
„ადგილობრივ თვითმმართველობის დონეზე ჩვენგან ამ ეტაპზე საკანონმდებლო ინიციატივა არ არსებობს, მაგრამ ის ცვლილებებიც, რაც შესაძლოა განხორციელდეს, შესაძლოა გადაიდოს, საერთო ზოგადი პოლიტიკა ამ მიმართულებით ახლაც ჩამოყალიბების პროცესშია და კონკრეტულად საუბარი მიჭირს. რაც შეეხება გაჟღერებულ თემატიკას, რაციონალურად მეჩვენება, რომ რწმუნებულები, რომლებიც სოფლებში არიან, დემოკრატიის გზით იყვნენ არჩეულები. ასეთ შემთხვევაში ნდობაც მეტი იქნება და მათი ანგარიშვალდებულებაც ხალხის წინაშე. შესაძლოა, ეს საკითხიც განხილვის საგანი გახდეს,“ – განაცხადა ნინო ჩხეტიამ.
ნინო ჩხეტიასთან შეხვედრაზე ადგილობრივებმა მაჟორიტარული სისტემით არჩევნების შენარჩუნება და მეტი ქალის დანიშვნა მოითხოვეს წამყვან პოზიციებზე.
„ქალების ნაკლებობა მხოლოდ მაღალ თანამდებობებზე შეინიშნება, დროებითი მექანიზმების შემოტანამ რაღაც სახით შეუწყო ხელი, მაგრამ ეს არ არის შედეგის მომტანი. ვფიქრობ, ახალი მექანიზმების გაჩენა ამ კუთხით ცუდი არ იქნება,“ – თქვა ნინო ჩხეტიამ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრა შუახევში გუშინ, 23 მაისს გაიმართა.
ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის „მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების“ (PISA) მიხედვით, ქართულ სკოლებში წაკითხულის გააზრების პრობლემა დგას. რა არის ქართული საგანმანათლებლო სისტემის ნაკლი და რატომ ვერ გახდა ქართული სკოლა მოსწავლეზე ორიენტირებული? ამ თემაზე „ბათუმელებს“ თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, განათლების სპეციალისტი ნინო ლომიძე ესაუბრება.
ქალბატონო ნინო, თქვენი აზრით რა არის იმის მიზეზი რომ ქართველ ბავშვებს წაკითხულის გააზრება უჭირთ და როგორ შეიძლება დაიძლიოს ეს პრობლემა?
ზოგადად, ეს პრობლემა არის კომპლექსური, ამიტომ ერთი კონკრეტული მიზეზი და პასუხი ამაზე არ არსებობს.
მაშინ ჩამოთვალეთ ის კომპლექსური მიზეზები, რაც ყველაზე მეტად განაპირობებს ამ პრობლემას.
სასკოლო სისტემა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, თუმცა, ასევე პრობლემაა წიგნიერების საკითხი ოჯახებში. რამდენად კითხულობენ თვითონ მშობლები ბავშვების თანდასწრებით, რამდენად არის წიგნის კითხვის კულტურა. ეს სკოლამდელ ბავშვებს რაც შეეხება, რადგან ის პრობლემები,რომელიც შემდეგ იჩენს თავს, ოჯახში არსებულ გარემოს უკავშირდება.
სკოლამდელ ბავშვთან ურთიერთობის კულტურა ჩვენში ნაკლებად არის განვითარებული. მაგალითად, ბავშვი თავდაპირველად სვამს ძალიან ბევრ შეკითხვას და მშობლები ან თავიდან იცილებენ, არ პასუხობენ, ან არ მიიჩნევენ საჭიროდ პასუხის გაცემას. დღეს საბავშვო წიგნების დიდი არჩევანია და ხელმისაწვდომიც გახლავთ კარგი საბავშვო გამოცემები, მაგრამ მეტწილად ამ არაჩვეულებრივ წიგნებთან ურთიერთობა შემოიფარგლება ამით – მოვიტანეთ ლამაზი წიგნი სახლში და დავდეთ თაროზე. ბავშვებთან ერთად კითხვა, პერსონაჟებზე მსჯელობა, საუბარი, ილუსტრირება, საღამოობით ზღაპრის მოყოლა (ერთია როცა კითხულობ, მეორე – როცა უყვები ამბავს…) ბავშვის აზრის მოსმენა – ეს ყველაფერი ნაკლებად ხდება. მესმის, რომ ეს დროის ამბავია უფროსების დაკავებულობის გამო, თუმცა ამასთან წიგნიერების კულტურის ნაკლებობაც ჩანს.
რა ხდება შემდეგ, როცა ბავშვი შედის სკოლაში. იქ რა პროცესი ვითარდება?
სკოლის სისტემას რაც შეეხება, დაწყებით საფეხურებზე მე ნაკლებად მაქვს შეხება, მაგრამ, ზოგადად, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი სასწავლო პროცესი მეტად არის ორიენტირებული შინაარსების დამახსოვრებაზე. მოსწავლეს ეძლევა გარკვეული ტექსტი და როდესაც სახლში ამზადებს დავალებას, მთავარი მიზანია დაიმახსოვროს შინაარსი, თუ ლექსია – დაიზეპიროს და მეტწილად მაინც ამითი შემოიფარგლება სწავლის პროცესი.
ეს იმას ნიშნავს, რომ ტექსტის ირგვლივ ნაკლებია დისკუსია, მსჯელობა, პრობლემის გააზრება?
კი, ამას ვგულისხმობ. თუ შინაარსობრივად, ლექსიკურ დონეზე გაიაზრა ბავშვმა, შემდეგ უკვე უნდა დაისვას ისეთი კითხვები, რომლებიც სააზროვნო უნარებს შეამოწმებს, მსჯელობისკენ, დისკუსიისკენ, საკუთარი აზრის გამოთქმისკენ წაიყვანს პროცესს. ეს დღეს ნაკლებად ხდება, რადგან შინაარსობრივად ძალიან გადატვირთულია პროგრამა და მასწავლებელი ვალდებულია ეს პროგრამული მასალა დაფაროს. ამიტომ, დრო სახალისო, შემოქმედებითი აქტივობებისთვის, რასაც ბავშვი გააკეთებს სიამოვნებით, რჩება ნაკლები. თუკი გადავინაცვლებთ საშუალო საფეხურზე, მეტწილად სწავლების ინტერესი არის მიმართული იქითკენ, რომ ჩააბაროს საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდა.კონვეირული სისტემით ხდება თითქოს ამ ბავშვების მომზადება, ანუ კარგ შემთხვევაშიც კი მასწავლებელი თვითონ არის ორიენტირებული, მისმა მოსწავლემ საატესტატო და ეროვნული გამოცდები ჩააბაროს – მთელი პროცესი მიმართულია აქეთკენ. საბოლოო ჯამში ვიღებთ იმას, რომ თითქოს დგება რაღაც ერთიანი სქემა, მაგალითად, როგორ დავწეროთ ესსე ეროვნული გამოცდებისთვის, ძალიან კონკრეტული მითითებებია.
პროცესი, რომელიც უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ მოსწავლეს თვალსაწიერი გაუფართოვდეს, ინტერესები გამოეკვეთოს, მიეჩვიოს მსჯელობას, განსხვავებული აზრების მოსმენას, განსაკუთრებით ისეთი საინტერესო საგნის სწავლების დროს, როგორიცაა ლიტერატურა, მიმართულია იქითკენ,რომ ადამიანებში „ჩავტენოთ“ შინაარსი. ახლახან CAT-ის გამოცდები ჩატარდა და შეკითხვები კვლავ იყო ძალიან დეტალური, მაგალითად, ჩამოთვლილთაგან რომელმა ურჩია პერსონაჟს მოქცეულიყო ასე, სად წავიდა პერსონაჟი, სანამ დანიშნულების ადგილამდე ჩავიდოდა და ა.შ. ანუ არასააზროვნო დონის კითხვებია, შესაბამისად, მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც შინაარსზე არიან ორიენტირებული და ამის მიღმა რჩება ის საინტერესო პროცესი, რომელიც შემოქმედებაზეა ორიენტირებული.
ბოლო კვლევების მიხედვით, საქართველოს წაკითხულის გააზრებაში, რუსეთი და მოლდოვაც უსწრებს. ამ ქვეყნებს ჩვენზე უკეთესი საგანმანათლებლო სისტემა აქვთ, ისინი როგორ აღწევენ უკეთეს შედეგს?
მე ვერ გეტყვით ამ ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემაზე, რადგან კარგად არ ვიცნობ, ამიტომ შედარების თვალსაზრისით ჩემი პასუხი არ იქნება კომპეტენტური. თუმცა, ფაქტია, რომ ეს ქვეყნებიც კი ჩვენზე უკეთეს შედეგებს აჩვენებენ. მე არ ვიცი, რა არის ამის განმაპირობებელი ფაქტორი, ჩვენს შემთხვევაში ის, რაზეც ვილაპარაკეთ, – ოჯახური, კულტურული გარემო, საზოგადოებრივი ინტერესი, ყველაფერი ეს ახდენს გავლენას.
პედაგოგები, განათლების ექსპერტები, მოსწავლეები ყველა საუბრობს სისტემის არაეფექტურობაზე, რატომ ვერ ვაღწევთ სისტემის ცვლილებას. ეს მხოლოდ პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული? – თქვენ როგორც პედაგოგი რაში ხედავთ პრობლემას?
ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს ან ადგენს პროგრამებს და მუშაობს სტანდარტზე, ცოტათი დაშორებულია საკუთრივ პრაქტიკას. ეს რატომ ხდება, ვერ გეტყვით. გერმანიაში როცა ვიყავი საერთაშორისო სემინარზე, იქ ვესაუბრე გერმანული ლიტერატურის მასწავლებელს და ის ამბობდა, რომ იქ პედაგოგები ნაკლებად არიან შეზღუდული. მე როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, მეტისმეტად ბევრს მკარნახობს პროგრამა. მე ზუსტად მეუბნებიან რა ტექსტები უნდა გავიარო და როგორ უნდა გავიარო. მე ვარ ვალდებული, რომ ეს გავაკეთო. საბედნიეროდ, მე ვარ კერძო სკოლაში, სადაც ეპოქალური სწავლებაა და მაქვს საშუალება, რომ ის გავაკეთო, რაც საინტერესოდ მეჩვენება და ბავშვებსაც ძალიან მოსწონთ…
თუ კერძო სკოლაში ხერხდება ის, რომ მასწავლებელი იყოს მოსწავლეზე, შემოქმედებით პროცესზე ორიენტირებული, აქვს მეტი არჩევანი და თავისუფლება, რატომ ვერ ხერხდება იგივე პროცესის გადმოტანა საჯარო სკოლაში?
ძალიან საინტერესო იქნებოდა გამოცდილებების გაზიარება, მაგრამ უფრო მგონია, რომ ეს არის მიშვებული პროცესი, წლებია ასეა და ცვლილებები ნაკლებად ხდება.
კვლევის მიხედვით, ქართველ მოსწავლეებს წაკითხულის გააზრება უჭირთ.
ამას ვამბობ სწორედ, რატომ არ ხდება რეალური ცვლილებები, რა უშლის ამას ხელს?
თუ ჩვენს აზრს მოისმენენ, მე პროგრამას აუცილებლად გავათავისუფლებდი, მაგრამ ვიცი ეს რა პრობლემებსაც იწვევს. ილიას უნივერსიტეტში ჰაგიოგრაფიული ტექსტების სწავლებაზე ჩატარდა კვლევა, როცა კვლევის ფარგლებში მასწავლებლებთან მქონდა დიალოგი, ისინი ამბობდნენ, რომ გარკვეული ტექსტების ამოღება არაფრით არ შეიძლება. თვითონ მასწავლებლებსაც უჭირთ ტექსტების ამოღება. თუმცა შესაძლებელია სწავლების მეთოდების შეცვლაც. ამას ადამიანური რესურსების პრობლემასთან მივყავართ, რადგან სკოლებში მეტწილად ის პედაგოგები ასწავლიან, რომლებიც ძველი სისტემით სწავლებას არიან მიჩვეული, ის ადამიანები, რომლებსაც შეიძლება უფრო პროგრესული მიდგომები ჰქონდეთ, ვერ ხვდებიან სკოლებში. გარდა ამისა, კარგი კადრების სკოლებში მოზიდვის პრობლემაც არის, რადგან დაინტერესება ნაკლებია, – კარგუნივერსიტეტდამთავრებული სპეციალისტი სკოლაში მუშაობას არ მოისურვებს. ფინეთი მახსენდება, სადაც მასწავლებლის პროფესია არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ჩვენ აქამდე ძალიან შორს ვართ. ამიტომ, ბევრი პრობლემაა და ერთკონკრეტულს ვერ დავასახელებთ.
თუკი ჩვენ ვსაუბრობთ შემოქმედებით მიდგომებზე ან იმაზე, რომ მეტი თავისუფლება მიენიჭოს მასწავლებელს და მან თავისი გემოვნებით დაიწყოს ტექსტების შერჩევა, აქ აუცილებლად გაჩნდება სხვა ტიპის პრობლემა და ეს დაკავშირებული იქნება პედაგოგების პროფესიონალიზმთან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მასწავლებელი მოწადინებულია და სურს გარკვეული ტექსტების შეტანა, არ ვიცი ეს რის ხარჯზე უნდა გააკეთოს, მაშინ საპროგრამო ტექსტებს უნდა მოაკლოს. მე-10 კლასის ტექტებს რომ გადახედოს თუნდაც არასპეციალისტმა, დაინახავს პრობლემას. ისწავლება სამი უზარმაზარი ჰაგიოგრაფიული ტექსტი, – „შუშანიკის წამება“, „აბოს წამება“ და „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, შემდეგ არის „ვეფხისტყაოსანი“, დავით გურამიშვილი, სულხან-საბა. საბოლოო ჯამში ვიღებთ შედეგს, რომ მოსწავლეებს ლიტერატურის გაგონება კი არა წიგნის დანახვა აღარ უნდათ. ეს აუცილებლად გამოიწვევს უკუშედეგს. იშვიათი გამონაკლისების გარდა, თითქმის ყველა შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, ბავშვებში გვრჩება ნეგატივი ისეთი მარგალიტი ტექსტების მიმართ, რაც ჩამოვთვალე.
როგორ შეიძლება პრობლემის გადაწყვეტის გზა გამოიძებნოს?
ეს იქნება, ალბათ, ოდნავ მაინც შემსუბუქება პროგრამის და მეთოდების შეცვლა. მეტად შემოქმედებითი, მოსწავლეთა ინტერესებზე უფრო მეტად მორგებული დავალებები ან პროექტებით სწავლება, ათასგვარი რამის მოფიქრება შეიძლება.
საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება განათლების სისტემაში, წელს ერთ მილიარდი ლარია გათვალისწინებული, სოლიდური თანხები იხარჯება მილენიუმის პროექტის ფარგლებში და ა.შ. როცა სახელმწიფო ამხელა ფინანსებს ხარჯავს, წესით,მას უნდა აინტერესებდეს სკოლა გახდეს მოსწავლეზე ორიენტირებული და ეფექტური იყოს პედაგოგის შრომაც. რატომ ვერ ახერხებს სახელმწიფო სისტემა გახადოს უფრო მოქნილი, შედეგიანი?
მე, უბრალოდ,ვხედავ იმას, რომ არის გარკვეული სტაგნაცია. შესაძლოა არ არის ინტერესი რაღაც ცვლილებების განხორციელების და მიღების. რატომ? არ ვიცი, ამაზე უნდა ილაპარაკოს განათლების სამინისტრომ და იმ ადამიანებმა, ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს.
თანხებს რაც შეეხება, სავარაუდოდ, ესეც არამიზნობრივად იხარჯება. ავიღოთ, მაგალითად, ტრენინგები, რამდენად შეიძლება იყოს ეს სისტემა განათლების ხარისხის გაუმჯობესების საშუალება. მე ნაკლებად მჯერა, რადგან მასწავლებელი,რომელიც წლების განმავლობაში ერთი და იგივე მეთოდებს იყენებს, ერთკვირიანი ტრენინგების შედეგად რაღაც სიახლეს, ალბათ, გაიგებს და მოეწონება კიდეც რაღაც, მაგრამ რამდენად დანერგავს ამ სიახლეებს, ეს არ ვიცით. ამ თანხების მიმართვა კარგი იქნებოდა მიზნობრივად. მაგალითად, იმ სეგმენტში, რომელიც ამზადებს მომავალ მასწავლებლებს, მათი დაინტერესებისთვის ან კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ოღონდ უფრო ხანგრძლივი პერსპექტივით და არა ერთჯერადი ტრენინგებით. მიზანი უნდა იყოს ის, რომ პროფესიაში მოვიდნენ მოტივირებული ადამიანები. ფინეთს აქვს ამ მხრივ ძალიან კარგი გამოცდილება და პირველი რაც გააკეთეს, ეს იყო მასწავლებლების მომზადება. ამის შემდეგ ის კარგი კადრები თვითონ განახორცილებენ ცვლილებებს. იმ პირობებში კი, რა პირობებშიც ჩვენ ვართ, არ ვიცი მასწავლებლისთვის რამდენად ღირს თავისუფლების მინიჭება, რადგან არიან პედაგოგები, ვისი მეთოდებიც არ იცვლება და წლებია ერთი და იგივე მეთოდებით ისწავლება ტექსტი. ავიღოთ თუნდაც იგივე „ვეფხისტყაოსანი“, რომელსაც არა ვასწავლით, არამედ, რეალურად, ვაძულებთ მოსწავლეებს, იშვიათი გამონაკლისების გარდა.
ჩვენ ვსაუბრობთ ქართული განათლების სისტემის ხარვეზებზე, თუმცა არსებობს გარკვეული სტატისტიკა, როცა ჩვენთან სკოლადამთავრებული ბავშვები ხვდებიან უცხოურ უნივერსიტეტებში, რის ხარჯზე ხდება ეს?
ეს საკვლევი თემაა, მაგრამ ის, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტი, ეს ჩრდილოვანი განათლება, ყველაზე მძლავრია ჩვენი განათლების სისტემაში, ფაქტია. სტატისტიკურად, ვისაც სკოლაში მაღალი ქულები აქვს, ყველა მათგანი ემზადება.
რეპეტიტორი რამდენად ეხმარება მოსწავლეს შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში, თუ ესეც არის პროცესი მხოლოდ გამოცდების ჩასაბარებლად?
კატეგორიული საუბარი ნაკლებად მიყვარს, თუკი არ მაქვს რაიმე კვლევა, თუმცა, ერთმნიშვნელოვნად მოსწავლისთვის, რომელიც დამამთავრებელ კლასში ემზადება, მიზანი არ არის არც თვალსაწიერის გაფართოება, არც დამატებითი ცოდნის მიღება. მისი მიზანია ერთადერთი – ჩააბაროს მაღალ ქულებზე. ისევ და ისევ მანკიერი წრე, – ვისწავლო იმიტომ, რომ ჩავაბარო გამოცდა და არა იმიტომ, რაც არის განათლების მთავარი მიზანი, ანუ – გავიფართოვოთ თვალსაწიერი, შევიმეცნოთ უფრო მეტი და საინტერესო თვალსაზრისები მოვისმინოთ, გავითავისოთ ან არ გავითავისოთ და ა.შ.
მოსწავლე, რომელიც 11 წელი არაფერს აკეთებდა და ბოლო წელს დაიწყო მომზადება, ის თავისუფლად ჩააბარებს საატესტატო გამოცდებსაც და ეროვნულსაც. ჩემს პრაქტიკაშიც მქონია ასეთი შემთხვევა. როცა გგონია, რომ მოსწავლეს არ აქვს მოტივაცია, ინტერესი და გგონია, რომ შესაბამისი უნარებიც არ აქვს, უცებ მე-12 კლასში გაიღვიძებს, ემზადება და აბარებს კიდევ გამოცდებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამდენი ხნის განმავლობაში სკოლამ ვერ მოახერხა და ვერ გააღვიძა ადამიანში სათანადო ინტერესი და მოტივაცია. ევროპის უნივერსიტეტებში მიღების დროს კი, როგორც ვიცი, მოსწავლეს უფასდება მთელი პროცესი. დგება გარკვეული პორტფოლიო, სადაც ნაჩვენებია რას აკეთებდა ეს მოსწავლე წლების განმავლობაში, სადაც ჩანს ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა. ეს მიდგომა ალბათ გაცილებით სწორია.
მაშინ რა საჭიროა 12 წელი სწავლა, თუკი ერთ წელიწადში შემიძლია პროგრამის დაძლევა და გამოცდების ჩაბარება. რაში ვხარჯავთ ამდენ ფინანსურ რესურსს?
ვფიქრობ, რომ ეს სისტემა, რომელიც დღეს გვაქვს, მომავალი სამყაროსთვის და მომავალი გამოწვევებისთვის უკვე არადროული იქნება. ამ ტიპის 12-წლიანი სწავლება, რაც დღეს გვაქვს, თავის თავს ამოწურავს.
ახალი მობილური თამაშის Black Sea “SaveBook”-ის მეშვეობით, უკვე ნებისმიერ მსურველს შეეძლება მკვლევარი გახდეს და მის მიერ მოგროვებული ინფორმაციით, შავი ზღვის დაცვაზე მომუშავე მეცნიერებს/სპეციალისტებს დაეხმაროს.
სპეციალური მობილური აპლიკაცია, „შავ ზღვაში გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესების“ პროექტის (EMBLAS) ფარგლებში მომზადდა, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი ერთობლივად ახორციელებს.
აპლიკაციის ავტორების თქმით, ეს თამაში, ინტერაქტივის გზით წაახალისებს ახალგაზრდებს – მოძებნონ და ფოტოები გადაუღონ ე.წ. “ეკოლოგიურ მცველებს”, ანუ მოლუსკებსა და წყალმცენარეებს, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროს, კარგი ეკოლოგიური სტატუსის ინდიკატორები არიან. “დააკვირდი სურათებს აპლიკაციაში, შემდეგ კი ფეხქვეშ დაიხედე, ალბათ ერთ-ერთ მათგანს წააწყდები. ჩვენ ძალიან გვჭირდება მისი ფოტო! გვესმის, რომ მოლუსკების სახეობებში რთულია გარკვევა, ამიტომ შეგიძლია უბრალოდ გამოგვიგზავნო იმ სახეობის ფოტო, რომელიც ყველაზე ხშირად გხვდება და ჩვენ თითონ დავადგენთ მის სახეობას”, – წერია ინსტრუქციაში.
თამაშის ერთ-ერთი დავალება ასე გამოიყურება: “მიმოიხედე ირგვლივ, პირდაპირ ჰორიზონტზე თუ დაინახავ დელფინებს – შეიტანე ეს აპლიკაციის ვერდზე, გადაიღე ფოტო და შეავსე დამატებითი მონაცემები მათ შესახებ. შეფასება – ეს მოიტანს შენს ყულაბაში 15 ქულას…”
აპლიკაციის მომხმარებლების მიერ შეგროვებული ყველა მონაცემი მიემაგრება კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილს რუკაზე. ამ მონაცემებს EMBLAS პროექტში ჩართული მეცნიერები გამოიყენებენ, როგორც დამატებით საინფორმაციო წყაროს შავი ზღვის სტატუსის შესახებ.
“ყოველ ჯერზე, როცა სანაპიროზე იმყოფები, ყურადღებით დააკვირდი გარემოს. შენს ირგვლივ ძვირფასი სამეცნიერო ცნობებია, რომლებიც მეცნიერებს ასე ძალიან სჭირდებათ. ყველაფრი, რაც შენ უნდა გააკთო, მათი შეგროვება და ჩვენთვის გამოგზავნაა”, – წერია თამაშის წესებში.
EMBLAS პროექტი საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში ხორციელდება, ამიტომ, უახლოეს მომავალში აპლიკაცია ამ სამ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი, ამჟამად კი მხოლოდ რუსულ ენოვანი ვერსიის ჩამოტვირთვაა შესაძლებელი.
აპლიკაციის ერთ-ერთი ინსტრუქცია: “თქვენს ნებისმიერ მონაცემს თან უნდა ერთვოდეს კვლევის ადგილის კოორდინატები, რათა იგი მოხვდეს საერთო რუკაზე, რომელიც განთავსებულია https://emblasproject.org-ზე. რაც მეტ მონაცემს შევაგროვებთ, მით უფრო ზუსტად და სწრაფად შევძლებთ დავეხმაროთ შავ ზღვას”.
27-28 მაისს სასტუმრო „ეიფორიაში“ „ლექსების გამოფენა/ასი სიტყვის“ ფინალური საღამოები გაიმართება. ფინალი პროზაში 27 მაისს, ხოლო პოეზიაში 28 მაისს ჩატარდება.
ლიტერატურული კონკურსი „ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“ ბათუმში მეთერთმეტედ იმართება, მასში მონაწილეობის მიღება 14 წელს გადაცილებული ასაკის ნებისმიერ მსურველს შეეძლო. წელს კონკურსში 600-მდე ნაწარმოები გაიგზავნა, პროექტის ორგანიზატორისა და ა(ა)იპ „ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის“ თავმჯდომარის, ზაზა ფირცხალაიშვილის თქმით, პროექტში ქართველი ემიგრანტებიც იყვნენ ჩართულნი, მათ შორის: რუსეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, იტალიიდან, გერმანიიდან და სხვა.
კონკურსის შედეგად 100 გამარჯვებული ნაწარმოები გამოვლინდა – 50 პოეზიაში და 50 – პროზაში. გამარჯვებულებს ფულად პრიზებს გადასცემენ: I ადგილი – 900 ლარი, II ადგილი – 700 ლარი, III ადგილი – 500 ლარი.
დაგეგმილია საუკეთესო ნაწარმოებების კრებულის დაბეჭდვა.
პროექტის ორგანიზატორია ა(ა)იპ „ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი“.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ხუთი თვე რჩება. შესაბამისად, უფლებამოსილების ვადა ეწურება ბათუმის არჩეულ მერს, გიორგი ერმაკოვს. ვამზადებთ, ვსწავლობთ, პასუხს ველოდებით – ეს არის ბათუმის მერიის პასუხები იმ საკითხებზე, რომლებზეც მერიას პასუხს სთხოვენ. მათ შორისაა ბათუმის ოთხი კვარტალის განაშენიანების გეგმა და ძველი ბათუმისთვის ისტორიული უბნის სტატუსის მინიჭება. ამ საკითხების გადასაწყვეტად სამართლებრივი საფუძვლის მომზადება გიორგი ერმაკოვმა მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსს დაავალა. რა გააკეთა მან ამისთვის და ხომ არ აქვს რეალური საფუძველი მოსაზრებას, რომ ამ საკითხების გადაწყვეტას მერია არჩევნებამდე არ გეგმავს? – „ბათუმელების“ კითხვებს ირაკლი ახალაძემ უპასუხა.
ბატონო ირაკლი, რა სამუშაო შეასრულეთ მას შემდეგ, რაც მერისგან მიიღეთ დავალება ოთხი კვარტალის განაშენიანების გენგეგმის მოსამზადებლად და, ასევე, ძველი ბათუმისთვის ისტორიული უბნის სტატუსის მისანიჭებლად? სამართლებრივი საფუძვლის მომზადებას ვგულისხმობ
როცა მშენებლობასთან დაკავშირებით დოკუმენტაცია შემოდის მერიაში და საპროექტო დოკუმენტი ხვდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში [150 მეტრი ძეგლის რადიუსში] დოკუმენტები იგზავნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში, ასევე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში. ნებართვა არის სამეტაპიანი და სტატისტიკამ აჩვენა, რომ უშუალოდ ამ ოთხ კვარტალში არის ყველაზე მეტი მოთხოვნა მშენებლობის ნებართვის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და მერიის ერთობლივი შეთანხმებით გადავწყვიტეთ ამ ოთხი კვარტალის განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადება წინსწრებით, ვიდრე „იუესაიდი“ ამუშავებს წინასაპროექტო კვლევას და გეგმარებით დავალებას გენერალური გეგმისთვის, სანამ გამოცხადდება უკვე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონკურსი.
ეს იქნება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მცირე მოდელი. ფაქტობრივად ქალაქისთვის კეთდება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და პატარა კვარტალებისთვის კეთდება, ასე ვთქვათ, ჩარჩო გეგმა.
ამისთვის ბიუჯეტში თანხა უკვე გათვალისწინებულია?
დღის წესრიგში დადგა ეს საკითხი, საუბარი დაიწყო ფინანსურ რესურსებზე და მის მოძიებაზე. მერია ბიუჯეტის ცვლილების მოთხოვნით როცა მიმართავს საკრებულოს, ერთ-ერთი საკითხი იქნება თანხის გათვალისწინება ამ კვარტალების დამუშავებისთვის კონკურსის გამოსაცხადებლად. კონკურსს თავისი მიზნები და ამოცანები აქვს. ყველა დეველოპერი ცდილობს, რაც შეიძლება მაღალი ააშენოს. სივრცით-მოწყობით ჩარჩოში ვერ ჯდება და უნდა მეტ ფართობზე ააშენოს, მეტი მოგება ნახოს, კონკურსი დაალაგებს ამ სიტუაციას. ამ კვარტალში როგორც შენობა-ნაგებობები, ასევე რეკრეაციული, სპორტული ზონები და სხვა საინჟინრო კომუნალური ქსელებია. იქ განლაგება – მიწის ქვეშა, მიწის ზედა იქნება უკვე დათვლილი და გაანგარიშებული. ჩვენ ყველაზე პრობლემური ოთხი კვარტალი ავარჩიეთ.
რომელი კვარტალებია, ზუსტად რომ გვითხრათ ქუჩების მიხედვით?
ერთი კვარტალი მოიცავს გორგილაძის, მელიქიშვილის, მემედ აბაშიძისა და 26 მაისის ქუჩებს, მეორე არის „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია – ესენინის ქუჩა, თბილისის მოედანი, წერეთელი და ჭავჭავაძის გამზირი. იქ ბევრი ძეგლია. მესამე კვარტალი არის ბაქოს ქუჩა, კანდელაკი, წერეთელი და შავშეთის ქუჩა, კათოლიკური ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია, ყოფილი ფრუნზეს ქუჩა. შემდეგი კი არის ჯორჯიაშვილი, კანდელაკი. „სოკარის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორია. აქ ერთ-ერთი ყველაზე მთავარია კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა, შემდეგ კომახიძე, ბარათაშვილი და მაზნიაშვილის ქუჩა, ეს სამკუთხა ფორმის კვარტალია.
როდის ვარაუდობთ კონკურსის გამოცხადებას და რა თანხა დასჭირდება ამ სამუშაოს შესრულებას?
საკითხის წარდგენის შემდეგ [ოთხი კვარტალის დაგემარებასთან დაკავშირებით კონკურსის გამოცხადების თაობაზე], პირველ რიგში, დაიწყება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. ტექნიკური დავალება რომ დამუშავდეს, ეს გულისხმობს კონკრეტულ მოთხოვნებსა და ამოცანებს, თუ რა სახით უნდა დამუშავდეს რეგულირების გეგმა. შემდეგ უკვე საკრებულო დაამტკიცებს და გამოცხადდება კონკურსი. შეიძლება ერთმა კომპანიამ ოთხივე კვარტალი აიღოს თავზე. შეიძლება ცალ-ცალკე გააკეთოს სხვადასხვა კომპანიამ, ეს დამოკიდებული იქნება მათ შესაძლებლობებზე.
ეს ყველაფერი გიორგი ერმაკოვის უფლებამოსილების ვადაში განხორციელდება? – თვითმმართველობის არჩევნები მოახლოვდა…
ჩემი აზრით, არანაირი კავშირი არ აქვს ამას არჩევნებთან, მით უმეტეს, რომ არჩევნები ოქტომბერშია.
მანამდე კონკურსის გამოცხადება, კომპანიის ან კომპანიების შერჩევა მოესწრება? – თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ რეალური ნაბიჯების გადადგმას მერია შეგნებულად აჭიანურებს ახალი მერის არჩევამდე.
დიახ, კონკურსის გამოცხადება და მისი დასრულება მოესწრება არჩევნებამდე. შემდეგი სხდომა რამდენიმე დღეში ტარდება, ამიტომ ამ სხდომაზე არა, მაგრამ უახლოეს პერიოდში გავა ეს საკითხი. თუ ბიუჯეტში ცვლილებას დაეთანხმა საკრებულო, შესაბამისად, გამოდის, რომ ამ იდეას და ამ ინიციატივას ეთანხმება. ეს უკვე იქნება ნიშანი.
რაც შეეხება ისტორიული უბნის სტატუსის მინიჭებას ძველ ბათუმზე?
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დაკვეთით, 2007 წელს შპს „გეოგრაფიკმა“ დაამუშავა ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში არ მოიძებნა, ფიზიკურად არ არსებობდა, ამიტომ ჩვენ გამოვითხოვეთ ეს დოკუმენტი. ათი წელი გავიდა უკვე, რაც ეს დოკუმენტი დამუშავდა, ბევრი ძეგლი ფიზიკურად აღარ არსებობს. ბევრ არაძეგლს მიენიჭა ძეგლის სტატუსი, მოეხსნა კიდეც. 2015 წელს მერიამ ინვენტარიზაციის სამუშაოები ისევ „გეოგრაფიკს“ დაუკვეთა. როგორც საქართველოს კულტურის სამინისტროსგან, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან ჩვენ პასუხს ველოდებით.
რა მოთხოვნით გააგზავნეთ და რა პასუხს ელოდებით?
რომ განეხილათ ის რეკომენდაციები, რაც ინვენტარიზაციის შედეგად დაიდო.
ეს რა კავშირშია სტატუსის მინიჭებასთან, ბატონო ირაკლი?
ეს ძეგლებთან კავშირშია. არსებობს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საყრდენი გეგმა და არსებობს ინვენტარიზაციის შედეგები. ის 2007 წელს მომზადებული დოკუმენტია, რომელსაც ათი წლის შემდეგ სჭირდება განახლება. განახლება მოხდება ისევ კულტურის სამინისტროს მიერ, თუ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ეს თემა არის გადასაწყვეტი. მაგრამ ამასთან კავშირშია ინვენტარიზაცია, რაც მერიის დაკვეთით განხორციელდა. შესაბამისად, ამ ორი საკითხის თანხვედრა უნდა მოხდეს, სანამ საბოლოოდ არ გადაწყდება, ვერ დამტკიცდება საყრდენი გეგმა…
ამ ეტაპზე ჩვენ ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის სპეციალური საზღვრები ჩამოვაყალიბეთ, რომელიც განსაკუთრებულ რეჟიმს დაადგენს ძეგლებთან მიმართებაში. ახლა ზუსტად ამ თემაზე ვმუშაობთ და უახლოეს სხდომაზე უნდა წარვადგინოთ.
ეს ყველაფერი – დოკუმენტების თანხვედრა და ახალი საზღვრები სტატუსის მინიჭებამდე მიგვიყვანს?
ძველ ბათუმს აქვს სპეციალური ფუნქციური ზონა მინიჭებული, რომელიც იცავს მას დამატებითი ჩარევისაგან.
აბა, რისი მომზადება დაგავალათ ერმაკოვმა?
ეს ეხებოდა იმას, რაც მოგახსენეთ. ძველ ბათუმს მიენიჭოს რაღაც სამართლებრივი სტატუსი – მაგაზე არ ყოფილა საუბარი. თქვენ ალბათ გულისხმობთ ისტორიულ-კულტურულ საყრდენ გეგმას, რომელიც თავის საზღვრებს მოიცავს და განსაკუთრებულ რეჟიმებს ადგენს, კონკრეტული ნებართვის გაცემის დროს. საზღვრის დადგენა შეიძლება უახლოეს სხდომაზე. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე, რადგან პირდაპირ კავშირშია ინვენტარიზაციის შედეგებთან. ინვენტარიზაციის მასალებში არის როგორც ძეგლები, ასევე სარეკომენდაციო ობიექტების ნუსხა, რომელსაც უნდა მიენიჭოს ძეგლის სტატუსი. არის შენობები, რომლებიც ფიზიკურად აღარ არსებობს, მაგრამ ძეგლის სტატუსი აქვს და უნდა მოეხსნას.
თუ ამ კვარტალში განსაკუთრებული რეჟიმი დადგენილია…
აგიხსნით – თუ შენობას აქვს რეკომენდაცია, რომ ძეგლის სტატუსი მიენიჭოს, მაშინ ამ ზონის საზღვარი შეიძლება გადაიწიოს სხვაგან. შეიძლება ისეთ ადგილას აღმოჩნდეს შენობა, რომ საზღვარი იყოს დასაკორექტირებელი. ამ ეტაპზე ჩვენ დავადგენთ საზღვრებს. ეს გადაწყვეტილია, მაგრამ დოკუმენტების შეჯერების შედეგად და ამ ორი ორგანოსგან პასუხების შეჯერების შედეგად, არაძეგლებზე სტატუსების მინიჭების შემთხვევაში შეიძლება ეს საზღვარი დაკორექტირდეს.
დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ დღეს, 24 მაისს, სააგენტოს თანამშრომლებს დირექტორის მოადგილე, ნანა დიასამიძე წარუდგინა.
ნანა დიასამიძემ 1996 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. აქვს მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება.
1997-1999 წლებში იყო ბათუმის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის სამართალმცოდნეობის მასწავლებელი; 2005-2006 წლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მასწავლებელი; 2006-2009 წლებში კავშირ “სთეფ ფორვარდის” ჯანდაცვის ომბუდსმენი; 2010 წელს „თავისუფალ ჟურნალისტთა“ სახლის იურისტი.
სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტს „ხედვა დაბრკოლების მიღმა“; ბათუმის მერიის მიერ დაფინანსებულ პროექტს „ჩვენი გარემო ჩვენი სიამაყეა“; ფონდ „ღია საზოგადეობა საქართველოს“ მიერ დაფინანსებულ პროექტს „საქართველო ჩემი სამშობლოა“.
მაისის ბოლოს სავაჭრო ცენტრ „მეტროსითი ფორუმში“ პირველ სართულზე არსებული ყველა მაღაზიის გახსნა იგეგმება. ამჟამად სავაჭრო ცენტრში ორივე სართულზე ჯამში ხუთი მაღაზია ფუნქციონირებს, ამ კვირის ბოლოს ამ რიცხვს კიდევ ორი მაღაზია დაემატება.
სავაჭრო ცენტრში სულ 32 სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტის გახსნა იგეგმება, მათ შორის „კორსო იტალია“ და პირველად ბათუმში იტალიური ბრენდების ობიექტები: „ტერანოვა“ და „ოვს“-ი. ამის გარდა, სავაჭრო ცენტრის მეორე სართულზე ბავშვთა გასათობი ცენტრი, სწრაფი კვების ობიექტი „ბურგერ ქინგი“ და კინოთეატრი იმოქმედებს.
სავაჭრო ობიექტების გარდა, სავაჭრო ცენტრში ტურისტული სააგენტოები და ბანკების ფილიალებიც იმუშავებს.
ფონდმა „ქართული გალობა“ მერისის ფოლკლორული ანსამბლ „მოყვარეს“ ლოტბარი ამირან თურმანიძე, ადგილობრივი ფოლკლორის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის „ქართული ფოლკლორის მოამაგის“ ნომინაციაში, „ქართული გალობის“ რიგით მეხუთე, საიუბილეო კონცერტზე, 2 000 ლარით დააჯილდოვა.
„ქართული გალობის“ საიუბილეო კონცერტზე – „მოყვარემ“ მერისული ფოლკლორული სიმღერა „თირინი“ და ცეკვა „ფათიკო“ შეასრულა.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა მერისის კულტურის სახლთან არსებულ ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ „მოყვარეს“ მიერ შესრულებული ძველი სიმღერები 2013 წელს ჩაწერა, სახელმწიფო სერტიფიკატი კი ანსამბლმა 2012 წელს მიიღო.
სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე ახალი სეზონიდან ტურისტებს ვერტმფრენი მოემსახურება. ვერტმფრენის რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით სახელმწიფო სპეციალურ პროგრამაზე მუშაობს, რომლის განხორციელებაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირების სახით მოხდება.
„გოდერძი რიზორტის” ხელმძღვანელის, ზურა ჭურკვეიძის ინფორმაციით, ვერტმფრენი რეისებს კურორტის მიმართულებით ბათუმიდან განახორციელებს. პერიოდულობა და ბილეთის ფასი, მისი თქმით, ჯერ დადგენილი არ არის.
„ვერტმფრენი ბათუმიდან გოდერძის მიმართულებით ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში დაინიშნება და ექვს ადამიანზე იქნება გათვლილი (ერთი პილოტი, ხუთი მგზავრი). რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებასა და გრაფიკს ამ დროისთვის დეტალები არ არის დაზუსტებული. ბილეთის საფასური საბაზრო ღირებულების შესაბამისი არ იქნება. ამ დროისთვის არც ის არის ცნობილი, თუ რა თანხა გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვერტმფრენით მომსახურებისთვის, დეტალებზე ვმუშაობთ,“ – ამბობს ზურა ჭურკვეიძე.
ზურა ჭურკვეიძის ინფორმაციით ვერტმფრენი, რომელსაც სამთო-სათხილამურო კურორტი ტენდერით დაიქირავებს, ჩარტერულ რეისებსაც შეასრულებს და სამაშველო მომსახურებასაც უზრუნველყოფს.
„გარდა სპეცრეისებისა, მოთხოვნიდან გამომდინარე ჩარტერული რეისებიც შესრულდება, თუმცა სახელმწიფო სუბსიდირება ჩარტერულ რეისებზე არ გავრცელდება. დეტალებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ორ თვეში გახდება ცნობილი”.
ამ დროისთვის არც ის არის ცნობილი, სახელმწიფო სუბსიდირება ვერტმფრენით მგზავრობისას უცხოელი ტურისტებზეც გავრცელდება თუ არა.
აჭარის მაღალმთიანეთში საატესტატო გამოცდებზე წელს 1056 მე-12 კლასელი დარეგისტრირდა, აქედან 187 მოსწავლე გამოცდებს ხელმეორედ აბარებს. საატესტატო გამოცდებზე ქედაში 261, შუახევში – 346, ხულოში კი 449 მეთორმეტეკლასელია დარეგისტრირებული. ოთხ საგანში – ქართულ ენაში, გეოგრაფიაში, ინგლისურსა და ისტორიაში საატესტატო გამოცდა ჩატარდა, მათემატიკაში კი დღეს, 24 მაისს, ტარდება.
ოთხი გამოცდის მონაცემებით, შუახევის მუნიციპალიტეტის ნიგაზეულის საჯარო სკოლაში 16 მოსწავლიდან საგამოცდო ბარიერი ხუთმა მოსწავლემ ვერ გადალახა. ოთხი მოსწავლე უცხო ენაში, ერთი კი ისტორიაში ჩაიჭრა. ამავე მუნიციპალიტეტის უჩხოს საჯარო სკოლაში ოთხი მოსწავლე ჩაიჭრა, სამი – ინგლისურში, ერთი – ისტორიაში. ჩაჭრილი მოსწავლეებიდან ერთი განმეორებით აბარებდა, სამი პირველად გავიდა გამოცდაზე. უჩხოს სკოლაში საატესტატო გამოცდაზე სულ 15 მოსწავლეა დარეგისტრირებული, 15-დან სამი განმეორებით აბარებს გამოცდას.
ქედის მუნიციპალიტეტის გეგელიძეების სკოლაში ერთი მოსწავლე ჩაიჭრა ინგლისურ ენაში. ინგლისურ ენაში ჩაჭრილი მოსწავლე საატესტატო გამოცდას მეორედ აბარებდა. ამავე მუნიციპალიტეტის ოქტომბრის საჯარო სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ერთი მოსწავლე ჩაიჭრა ოქტომბრის სკოლაში, ბიოლოგიის გამოცდაში. სატესტატო გამოცდას აქ სულ ხუთი მოსწავლე აბარებს.
ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლაში რვა მოსწავლიდან ერთი მოსწავლე ინგლისურ ენაში ჩაიჭრა, რომელიც წელს მეორედ აბარებდა გამოცდას.
დანისპარაულის საჯარო სკოლის დირექტორის ინფორმაციით, საატესტატო გამოცდაზე რეგისტრირებული 12 მოსწავლიდან აქ ერთი ექსტერნად, სამი კი განმეორებით აბარებს გამოცდას. ოთხი გამოცდის შედეგებით სამი მოსწავლეა ჩაჭრილი, სამივე უცხო ენაში [რუსულში].
რიყეთის სკოლაში სამმა მოსწავლემ თითო საგანში ვერ გადალახა საგამოცდო ბარიერი – ინგლისურში, ბიოლოგიასა და ფიზიკაში. ინგლისურში ჩაჭრილი მოსწავლე წელს მეორედ აბარებდა.
საატესტატო გამოცდები 25 მაისს ქიმიის გამოცდით დასრულდება.
აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დეპუტატებისა და საბჭოში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაში 3 მილიონ 464 ათასი ლარი დაიხარჯება, რაც მთლიანი ბიუჯეტის 71,6%-ია [ზუსტად ამდენივეა გათვალისწინებული ხელფასებისთვის საბჭოს 2017 წლის ბიუჯეტშიც]. უმაღლესი საბჭოში მომავალშიც 125 ადამიანი იქნება დასაქმებული.
უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი, ისევე როგორც მიმდინარე წლის ბიუჯეტი, მთლიანობაში 4 მილიონ 846 ათას 800 ლარით განისაზღვრა.
საბჭოს აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული თანხები გათვალისწინებულ უნდა იქნეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტში.
გარდა ამისა, წელს, უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებისთვის მთელი წლის განმავლობაში ჯამში 735 200 ლარია გათვალისწინებული, რომელიც ასე გადანაწილდება:
ფრაქციების აპარატები – 545 600 ლარი;
მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენლები – 97 200 ლარი;
ბათუმის შემოვლითი გზის [ახალი ავტობანის] მშენებლობისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის ფინანსური წინადადებები გაიხსნა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფინანსური წინადადება 22-მა კომპანიამ წარმოადგინა, მათგან შეირჩა 10 კომპანია და მათ მიერ შემოთავაზებული ფინანსური წინადადებების შეფასება მოხდება.
ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ დაიწყება.
პროექტს, ერთობლივად აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) აფინანსებენ. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში აშენდება 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია.
ბათუმის ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.
ბათუმის შემოვლითი გზა E60-E70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნაწილია, რომელიც უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის. დეპარტამენტის განცხადებით, მაგისტრალის ფიზიკური მდებარეობა უზრულველყოფს, რომ ის გახდეს ძირითადი სატრანსპორტო რგოლი შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის.
ფინანსური წინადადებების გახსნა / ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებს ტექნიკური დათვალიერება უტარდებათ. მიკროავტობუსების მონიტორინგს, ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების თანამშრომლები ახორციელებენ.
მოწმდება სატრანსპორტო საშუალების ვიზუალობა, სავარძლების რაოდენობა, მათ შორის დაშორების მანძილი და სხვა სტანდარტები, რაც აუცილებელია მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისთვის.
ბათუმის საკრებულოს დადგენილებით, მიკროავტობუსში სავარძლებს შორის დაშორებები მინიმუმ 65 სანტიმეტრი უნდა იყოს. ასევე სავარძლები არ უნდა იყოს დაბინძურებული, დაზიანებული ან არამყარად დამაგრებული.
ამავე დადგენილებით: “სამარშრუტო ტაქსი (მიკროავტობუსი) – 8-დან 17 კაცის ჩათვლით ტევადობის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც ახორციელებს მგზავრთა ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას”; მიკროავტობუსის ჭერის (სალონის) სიმაღლის სტანდარტი მინიმუმ 180 სანტიმეტრია; ნებართვა არ გაიცემა იმ მიკროავტობუსებზე, რომელთა სალონიც არ არის გაწყობილი ხმაურჩამხშობი გადასაკრავით, არ არის ჰერმეტული და იატაკი დაზიანებულია; ასევე, თუ მიკროავტობუსის სალონში ჰაერის ვენტილაცია და/ან გათბობა არ ხორციელდება.
მიკროავტობუსების შემოწმება ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში მძღოლები გაფრთხილებას მიიღებენ, გაუთვალისწინებლობის გამო კი, სამარშრუტო ხაზიდან მოიხსნებიან.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, დღეისთვის ქალაქის ტერიტორიაზე 424 მიკროავტობუსი მოძრაობს. მათ ტექნიკურ დათვალიერებას ბათუმის მერია ყოველწლიურად ატარებს.
ბათუმში „ზებრა“ გადასასვლელები დელფინებით მოხატეს. ნახატები ევროპის მოედანთან მდებარე „ზებრაზე“ ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რუსთაველისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთასთან მდებარე გადასასვლელზე კი – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეასრულეს.
პროექტის ინიციატორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა. შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ – ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 20-მდე „ზებრა“ გადასასვლელი მოიხატა.
„ზებრა“ გადასასვლელებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის სლოგანები, საგზაო ნიშნები და სხვადასხვა ფიგურაა გამოსახული.
აქციის მიზანი ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
უახლოეს პერიოდში დასრულდება იმ ეკომიგრანტი ოჯახების განცხადების შესწავლა, რომლებიც სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, უსასყიდლოდ მიიღებენ ბინებს ქ. ბათუმის, ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სოციალურ სახლებში.
აჭარის მთავრობა 153 ეკომიგრანტ ოჯახს ბინას გადასცემს:
ქ. ბათუმის სოციალური სახლი / მშენებლობა განახორციელა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ქ. ბათუმში, თამარის დასახლებაში აგებულ სოციალურ სახლში 58, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში აგებულ სამ კორპუსში 72 ოჯახი დაკმაყოფილდება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, ურეხში აშენებული სოციალურ სახლში კი 23 ოჯახი დაიდებს ბინას. ჯამში, სოციალურ სახლებში ახალმოსახლეობას 153 ეკომიგრანტი ოჯახი იზეიმებს.
ხულოს სოციალური სახლი / მშენებლობა განახორციელა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომურეხის სოციალური სახლი / მშენებლობა განახორციელა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ
სიახლე, რომელიც გაუმჯობესებს ეკომიგრანტი ოჯახების მდგომარეობას:
წელს პირველად, სოციალურ სახლებში საცხოვრებელ ფართებს ის ოჯახებიც მიიღებენ, რომელთაც 2013 წლამდე სახელმწიფოსგან მიღებული აქვთ ერთჯერადი ფინანსური დახმარება,მაგრამ თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტისთვის:
[checklist]
5 000 ლარი ან ნაკლები, მაგრამ თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტისთვის.
5 000 ლარიდან 7 000 ლარის ჩათვლით, ოჯახი რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-დან 200 000-მდე სარეიტინგო ქულით.
[/checklist]
აღნიშნული ცვლილება აჭარის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N-14 დადგენილებაში გასულ კვირას შევიდა. შედეგად, ათობით ოჯახი, რომლებსაც მიღებული აქვთ ადგილმონაცვლეობისათვის არასაკმარისი ფინანსური დახმარება და დღემდე რჩებიან სტიქიურად საშიშ ზონაში, მოხდება მათი საცხოვრებლით დაკმაყოფილება. მაგალითისათვის 2005-2012 წწ. სტიქიით დაზარალებულ 651 ოჯახს, აჭარის ა/რ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაეწია 3 146 116 ლარის ფინანსური დახმარება, შესაბამისად ერთ ოჯახზე საშუალოდ გამოიყო 4 800 ლარამდე. თუმცა იმის გამო, რომ არ კონტროლდებოდა გამოყოფილი თანხების ხარჯვის მიზნობრიობა, არ იყო გამოკვეთილი დაზარალებულის ვალდებულება, რიგ შემთხვევებიც საზოგადოების ნაკლებად იყო გათვითცნობიერებული დამეწყრილ ტერიტორიებზე სახლების გამაგრების არაეფექტურობის თაობაზე, კომპენსირებული ოჯახების ნაწილს დღემდე პრობლემა გადაუჭრელი დარჩათ.
საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება:
იდენტური მიდგომაა ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამით მოსარგებლე დაზარალებული ოჯახების მიმართ, რომლებიც უსაფრთხო საცხოვრისის შესასყიდად 25 000 ლარის ფარგლებში ფინანსურ მხარდაჭერას იღებენ. წელს საცხოვრებელი ფართობი უკვე შეესყიდა სტიქიით დაზარალებულ 30 ოჯახს. 2017 წლის ბოლომდე პროგრამით სულ 116-მდე ოჯახი ისარგებლებს. აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2016 წელს აამოქმედა.
აღნიშნული პროგრამა საშუალებას აძლევს დაზარალებულებს შესასყიდად სასურველი სახლი მოიძიონ საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე. გასულ წელს პროგრამით 96-მა ოჯახმა ისარგებლა, პროგრამის გამჭირვალე და მიუკერძოებლად განხორციელებას უზრუნველყოფს ეკომიგრანტთა ერთიანი ელექტრონულ მონაცემთა ბაზა, სადაც ოჯახებს დაზარალებისა და სოციალური მდგომარეობის მიხედვით ენიჭებათ პრიორიტეტულობის ქულა, რომლითაც განისაზღვრება რიგითობა. ეკომიგრანტთა ელექტრონული ბაზა შეიქმნა ევროკავშირის დაფინანსებით, 2016 წელს.
2016 წელი, ქ. ბათუმის იუსტიციის სახლი. ეკომიგრანტ ოჯახებზე თანადაფინანსებით შეძენილი სახლების დაკანონების პროცედურა
თხილვანელი ეკომიგრანტები ცხოვრებას უსაფრთხო გარემოში გააგრძელებენ:
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც აჭარის მთავრობამ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით მიმდინარე წლის მაისში მიიღო, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანას მოსახლეობას ეხება. აქ სტიქიური მოვლენები ზამთრის პერიოდში განვითარდა და საფრთხე ათეულობით კომლს შეუქმნა. რეგიონის მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელ თხილვანაში ამ ეტაპზე მუდმივად მცხოვრები და ადგილმონაცვლეობას დაქვემდებარებული 62-მდე ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს დახმარებას, ამათგან ფინანსურ მხარდაჭერას უსაფრთხო საცხოვრისების შესაძენად 60 ოჯახი, დაფინანსდება 25 000 ლარის ფარგლებში, უსაფრთხო გარემოში გადაადგილებისათვის (აღნიშნულისათვის სარეზერვო ფონდიდან ამ ეტაპზე 725 000 ლარი გამოიყოფა, ხოლო უახლოეს დღეებში 825 000 ლარი), 2 ოჯახი, საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე მიიღებს ბინას ხულოს სოციალურ სახლში. თანხის მიზნობრივ ხარჯვაზე კონტროლი ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას ეთხოვა.
შეხვედრა თხილვანას მოსახლეობასთან / 26/01/2017სამთავრობო კომისიის სხდომა / 18/05/2017
სფეროს რეგულირება ნორმატიული აქტებით და პროცესების სისტემატიზირება:
ცნობილია, რომ ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების რიცხვი მატულობს მსოფლიოს მაშტაბით, მაგრამ დღემდე განვითარებულ ქვეყნებშიც არ არსებობს ეკომიგრანტთა დაცვის საკანონმდებლო ბაზა. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო მის ხელთ არსებული რესურსებით ცდილობს პროცესების მართვას.
2016 წლიდან, ქართულ სამართლებრივ სივრცეში, პირველად განხორციელდა ოჯახთა დიფერენცია სტიქიით დაზარალებულ ეკომიგრანტ და არაეკომიგრანტ ოჯახებად. ამ მიდგომამ უზრუნველყო პროგრამის გარეთ დარჩენილი ისეთი კატეგორიის ოჯახთა დახმარება, როგორიცაა:
[checklist]
სტიქიით დაზარალებული (არაეკომიგრანტი) ოჯახები (მიწისძვრა, ჭარბი ატმოსფერული ნალექი, წყალმოვარდნა, ძლიერი ქარი და ა. შ.), რომელთა დახმარება ხორციელდება დაზიანებული საცხოვრებელი სახლების ადგილზე აშენება/აღდგენა/რეაბილიტაციით.
ეკომიგრანტი ოჯახები, რომელთაც გააჩნიათ ალტერნატიული გეოლოგიურად უსაფრთხო მიწის ნაკვეთები და ითხოვენ ამ ნაკვეთებზე საცხოვრებლის სახლების გადატანას/მშენებლობას;
[/checklist]
დადგენილება ითვალისწინებს სოციალურ სახლში საცხოვრებელი ფართობების განაწილების ნორმებსაც, ახალდასრულებულ სოციალურ სახლებში ფართობების განაწილება მოხდება ეკომიგრანტთათვის მინიჭებული პრიორიტეტულობის ქულათა გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ ფულადი კომპენსაცია დაზარალებულ ოჯახებზე ხორციელდება სოციალური ბაზაში მინიჭებული სარეიტინგო ქულების დიფერენციით.
ამდენად, ამ ეტაპზე მოქმედებს ისეთი ნორმატიული მოდელი, რომლითაც მოხდა ამ სფეროს მეტნაკლები სისტემატიზაცია, მიუკერძოებლად და გამჭირვალედ ხორციელდება სტიქიით დაზარალებული ოჯახების კლასიფიკაცია, სოციალური მდგომარების შეფასება, დაზარალების კატეგორიების/ხარისხის მინიჭება და სათანადო ქმედითი დახმარების გაწევა. გარდა აღნიშნულისა არსებული მოდელით ეკომიგრანტებს საშუალება ეძლევა არჩევანი გააკეთონ მათვის შეთავაზებულ დახმარებებს შორის (ფართი სოციალურ სახლში, პროგრამაში ჩართვა ფართის შესყიდვის მიზნით, ალტერნატიული მიწის ფართლის ფლობის შემთხვევაში სახლის მშენებლობა). ასევე თავად აირჩინონ მათვის საცხოვრებლად სასურველი რეგიონი, დასახლება თუ სოფელი. ხოლო სტიქიით დაზარალებულ არაეკომიგრანტ ოჯახებს, ეკონომიკური-სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით ეძლევავათ ფინანსური დახმარება საცხოვრებელი სახლების ადგილზე მშენებლობა/გამაგრება/რეაბილიტაციის მიზნით.
თანამშრომლობა:
ეკომიგრანტთა საკითხების ეფექტურად გადაწყვეტის მიზნით, სამინისტრო მუდმივად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამ მიზნით რეგულარულად ეწყობა ერთობლივი ღონისძიებები და სამუშაო შეხვედრები. სტიქიით დაზარალებული ოჯახებისა და მიგრაციასთან დაკავშირებით, 2016 წლის აგვისტოს თვეში, ქ. ბათუმში, სახალხო დამცველის ორგანიზებით გაიმართა საჯარო დებატი, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული აჭარის ა/რ მთავრობისა და სამინისტროს წარმომადგენლები.
სამინისტროსა და შესაბამის უწყებებთან კონსულტაციებით თვითმმართველმა ერთეულებმა დაიწყეს პრევენციული ზომების გატარება, კერძოდ:
მუნიციპალიტეტებებში განხორციელდა და გრძელდება ფერდსამაგრი კედლების სანიაღვრე არხებისა და წყლის გადამყვანი მილების მოწყობის პროგრამები. ხდება მცოცავი ქვების/ლოდების ადგილზე დაშლა/აფეთქება და ა.შ.
სამინისტროს ინიციატივით, გამგეობები დაკმაყოფილებულ ეკომიგრანტ ოჯახებთან აფორმებენ პრევენციის შემცველ მიმორანდუმებს. კერძოდ, დაკმაყოფილების შემდგომ საფრთხის შემცველი ტერიტორიების დატოვების ხელშესაწყობად იდება შემდეგი შინაარსის შეთანხმებები:
[checklist]
არ გამოიყენონ მათ საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ნივთობრივად ნაკლის მქონე (ბუნებრივი ან/და ტექნოგენური საფრთხის შემცვლელი) უძრავი ქონება საცხოვრებლად.
არ მოახდინონ მათ საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ნივთობრივად ნაკლის მქონე (ბუნებრივი ან/და ანთროპოგენური საფრთხის შემცვლელი) უძრავი ქონების გასხვისება/გადაცემა საცხოვრებლად გამოყენების მიზნით, მესამე პირების უსაფრთხოებისა და კანონიერი ინტერებიდან გამომდინარე. წინააღმდეგ შემთხვევაში ქონების მიმღები პირების წინაშე ვალდებული იქნება თვითონ აანაზღაუროს მიყენებული ზიანი;
სტიქიური პროცესების განვითარების ზონაში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლები მოიყვანონ საცხოვრებლად გამოუსადეგარ მდგომარეობაში, წინააღმდგეგ შემთხვევაში, სახელმწიფო უწყებები იხსნიან ყოველგვარ ფინანსურ და სამართლებრივ ვალდებულებებს;
ხელი შეუწყონ სათანადო დაწესებულებებს/უწყებებს (გარემოს დაცვის, თვითმმართველ მუნიციპლიტეტებს და ა.შ.) ოჯახის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ გეოლოგიური საფრთხის შემცვლელ ტერიტორიაზე აწარმოონ ბუნებრივი ან/და ტექნოგენური საფრთხის აღმოფხვრის ხელმშემწყობი სამუშაოები(ასეთი პროექტების შემთხვევაში);
არ გამოიყენონ სტიქიური პროცესების ზონაში მოხვედრილი მიწის ფართობი ისეთი სახის კულტურული ნარგავების მოსაყვანად (სოფლის მეუნეობის ერთწლიანი კულტურები და ა.შ.) რომლებიც არ არის რეკომენდებული შესაბამისი სამსახურების მიერ.
[/checklist]
სტატისტიკა:
ამდენად, 2013 წლიდან დღემდე აჭარის ა/რ მთავრობის მიერ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარებისათვის განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთნ გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, 21 ეკომიგრანტი ოჯახი დაკმაყოფილდა, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პანტნარიდან. ამავე პროექტის ფარგლებში მათ გადაეცათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა.
აჭარის ა/რ პროგრამით, სულ 126 ოჯახს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა 25 000 ლარის ფარგლებში საცხოვრებელი ფართობების შესყიდვის მიზნით:
2016 წელს შესყიდული იქნა 96 საცხოვრებელი ფართობი.
2017 წელს შესყიდული იქნა 30 საცხოვრებელი ფართობი.
აჭარის ა/რ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, სულ 1684-მდე ოჯახს გაეწია 5 000 000-მდე ლარის დახმარება სახლების მშენებლობა/აღდგენა ან გადატანის მიზნით.
საცხოვრებელი ფართობებით ბათუმის, ქედის, შუახევისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოციალურ სახლებში დაკმაყოფილდა სულ 280 ეკომიგრანტი ოჯახი.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში საავტომობილო ესტაკადის მშენებლობის პროექტი აჭარის მთავრობას „ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა“ უსასყიდლოდ, საჩუქრად გადასცა. უშუალო შემსრულებელი კი შპს „საქ გზა მეცნიერებაა“.
სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის უფროსის ნუგზარ ძნელაძის ინფორმაციით, პროექტი სამინისტრომ გადამოწმების მიზნით სამხარაულის საექსპერტო ბიუროში გადააგზავნა:
„…ამჟამად პროექტი გადის ექსპერტიზას, იყო რაღაც შენიშვნები, რომლებიც სწორდება. მისი დასრულების შემდეგ კი ტენდერი გამოცხადდება. გარდა ამისა, ექსპერტიზის გავლის შემდეგ შეიძლება პროექტის ღირებულება შემცირდეს, ან პირიქით, მისი გაზრდა გახდეს საჭირო.“
რაც შეეხება სატრანსპორტო ესტაკადის პროექტის ფარგლებში ბათუმის პორტთან დაგეგმილი ხიდის გვერდით თავისუფალი ადგილის ათვისების საკითხს, რაზეც დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საუბრობდა, ნუგზარ ძნელაძემ განმარტა, რომ პროექტში ძირითად და დამხმარე გზას შორის არის თავისუფალი სივრცე, რომლის გამოყენებაც სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება: „ოღონდ არა ისე, რომ ამ ადგილის ფუნქციონალურმა დატვირთვამ ზიანი მიაყენოს სატრანსპორტო კვანძის გამართულ ექსპლუატაციას“.
სატრანსპორტო ესტაკადის პროექტის ბიუჯეტი 21 მილიონი ლარია.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ თავის ვებ გვერდზე ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით. განცხადების ტექსტს უცვლელად ვაქვეყნებთ:
„დეკანოზ გიორგი მამალაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, ვხედავთ რა საზოგადოების დიდ ინტერესს აღნიშნული საქმისადმი, ჩნდება გარკვეული კითხვები, რომელზედაც ამ ეტაპზე პასუხის გაცემამ შესაძლებელია შეაფერხოს გამოძიების პროცესი, გამოძიების დასრულების შემდეგ შედგება შეხვედრა ჟურნალისტებთან და საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას ჩვენი მხრიდან გაეცემა პასუხი. თუმცა არსებობს კითხვები, რომელსაც ამჟამად ზოგადი პასუხი მაინც უნდა გაეცეს.
სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში ადვილად შესამჩნევია ერთი გარემოება, რომ ჟურნალისტების, სტუმრებისა და ადვოკატების მხრიდან ხშირად გარკვეული მინიშნებები კეთდება დეკანოზ გიორგი მამალაძის სადაო ქმედებებთან ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის კავშირზე, რაც გარკვეულ ეჭვებს აჩენს, თითქოს ამით ვიღაც არის დაინტერესებული. ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო 22 მაისს, 20 საათზე, ტვ პირველის ეთერში გასული გადაცემა „ხალხის პოლიტიკა“, სადაც დეკანოზის ადვოკატი საუბრობს ჩაქვის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საქველმოქმედო საქმიანობაზე.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეპარქიას და მის მღვდელმთავარს არ გააჩნდა ინფორმაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის კერძო სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ეს ინფორმაცია შევიტყვეთ ტელევიზიის საშუალებით.
ეპარქიაში არანაირ საქველმოქმედო პროექტებთან დაკავშირებით დეკანოზ გიორგი მამალაძეს ეპარქიის მღვდელმთავართან საუბარი არ ჰქონია, ხოლო რაც შეეხება ჩაქვის სკოლის მშენებლობას, რომელიც ადვოკატების მხრიდან იქნა გაჟღერებული არასწორია, რადგან ჩაქვის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა აშენდა და ფუნქციონირებს 1998 წლიდან, რომელსაც გარკვეული პერიოდი თავადვე ხელმძღვანელობდა.
ხოლო რაც შეეხება მის საქართველოს საპატრიარქოში საქმიანობას, ის 2015 წლის 16 ნოემბრიდან… სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით გადაყვანილ და გამწესებულ იქნა აღნიშნულ თანამდებობაზე. ის ვალდებული იყო ყველა მისი ქმედება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეეთანხმებინა. ხოლო რაც შეეხება დასახელებულ თანხას, ჩვენ არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდით ამის შესახებ, ჩვენ ეს მასმედიის საშუალებით შევიტყვეთ.
კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ ყველა იმ შეკითხვას, რაც საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს გამოძიების დასრულებისთანავე ჩვენ ამომწურავ პასუხებს გავცემთ“.
ყაჩაღობაში ბრალდებული ჯემალ მ. ბრალს არ აღიარებს, თუმცა დაკავების დროს, წინასწარი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აღიარა, რომ მან ახალი წლის საღამოს ჩაიცვა სანტას ფორმა და სუპერმარკეტ „იალჩინში“ სავალუტო ჯიხური დააყაჩაღა სათამაშო რევოლვერის მუქარით.
„სანტას ყაჩაღობის საქმეს“ მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ყაჩაღობაში ბრალდებულ „სანტას“ 5-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
„მე ჩავატარე ბალისტიკური ექსპერტიზა, უნდა გამოგვერკვია, მოცემული პისტოლეტი იყო თუ არა ცეცხლსასროლი იარაღი… ეს იყო რევოლვერის მსგავსი საგანი. იგი სათამაშო აღმოჩნდა,“ – უთხრა მოსამართლეს პოლიციის თანამშრომელმა, რომან ბერიძემ. მისი და კიდევ რამდენიმე პოლიციელის ჩვენება ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 23 მაისს, მოისმინა.
სხვა მოწმე პოლიციელები მოსამართლეს მოუყვნენ, რომ სუპერმარკეტ „იალჩინში“ ახალი წლის დადგომამდე მივიდნენ და გაარკვიეს, რომ სანტას ფორმაში გამოწყობილმა მოქალაქემ მოლარე-ოპერატორები იარაღით დააშინეს და თანხა მიითვისეს.
მარკეტში განთავსებული ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ლევან ნიჟარაძემ, მოსამართლეს უთხრა, რომ იმ საღამოს დაახლოებით 48 ათასი ლარი დაიკარგა. „ასე თქვა მენეჯერმა, მამუკა ხახუტაიშვილმა 48 ათასი წაიღესო, მაგრამ შემდეგ გაირკვა რაღაცები, რა – კონკრეტულად არ ვიცი,“ – თქვა მოწმემ.
ჯემალ მ.-ს გამოძიება კონკრეტულად 9 800 ლარის მიტაცებას ედავება. საქმის მასალებში არ დევს მონაცემები, ვინ დააბრუნა დანარჩენი თანხა. სასამართლო პროცესზე მოწმეებმა თქვეს მხოლოდ ის, რომ ვალუტის ჯიხურის მენეჯერი მამუკა ხახუტაიშვილი ამ დროისთვის იქ აღარ მუშაობს. მისი ჩვენება სასამართლოს ჯერ არ მოუსმენია.
საქმეში ასევე ბუნდოვანია, როგორ დაადგინა გამოძიებამ ვინ იყო „სანტა“. პროკურატურა ირწმუნება, რომ სამართალდამცველებმა „სანტას“ ვინაობა ოპერატიული შეტყობინების საფუძველზე დაადგინეს და ჯემალ მ. 12 იანვარს დააკავეს. დაკავების და ბრალის აღიარების შემდეგ, წინასასამართლო პროცესზე ბრალდებულმა დუმილით უპასუხა მოსამართლის შეკითხვას: „ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?“.
ამ ეტაპზე ჯემალ მ.-ს და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.
შავი ზღვის ყველაზე მასშტაბური კვლევის პირველადი შედეგები უკვე ცნობილი გახდა. ზღვის მონიტორინგი გასულ წელს პროექტის EMBLAS-ის ფარგლებში საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების 40-მდე მეცნიერით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა ჩაატარა. პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი ახორციელებს.
[red_box] შავ ზღვაში ჟანგბადის სფერო შემციდა [/red_box]
პროექტ EMBLAS-ის ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთი ნეგატიური ტენდენცია, რაც კვლევამ დაადასტურა, შავ ზღვაში ჟანგბადის სფეროს კიდევ უფრო შემცირებაა. შავ ზღვაში ჟანგბადით მდიდარი ზედა ფენის ქვემოთ, სიღრმისეულ ფენებში ზღვის წყალი უჟანგბადოა, რომელიც გაჯერებულია წყალში გახსნილი გოგირდწყალბადით. ზღვის უმეტესი და უმთავრესი ბინადრები (დელფინები, თევზები და სხვა) ზემო, ჟანგბადით მდიდარ ზღვის წყალში ბინადრობენ და თუ ეს ფენა მცირდება – მცირდება მათი საარსებო სივრცეც.
“უჟანგბადო წყლის ზონა იწყება 90-160 მეტრი სიღრმიდან და შეადგენს ზღვის სრული მოცულობის დაახლოებით 87%-ს. ბოლო 20 წლის განმავლობაში გოგირდწყალბადის ფენა 20-25 მეტრით აიწია”, – წერია ანგარიშში.
[red_box]მიკრობების ახალი სახეობები[/red_box]
კვლევის პროცესში მეცნიერებმა შავი ზღვის უჟანგბადო სიღრმისეულ ფენებში 2 კმ სიღრმიდან მოიპოვეს მიკრობების ახალი სახეობები. აღმოჩნდა, რომ შავი ზღვის ფსკერზე ბინადრობს ათობით სახელობის ბაქტერია და არქე, რომლებიც მსოფლიო ოკეანის ფსკერზე გვხვდებიან, ისიც მხოლოდ წერტილოვნად”. ეს ნიშნავს იმას, რომ შავი ზღვის სიღრმეების უჟანგბადო ზონა არ არის “მკვდარი უდაბნო”.
“შავი ზღვის უჟანგბადო ზონა ერთი მხრივ “კონკურენციაშია” ზედაპირულ წყლებთან და მისი რაოდენობის მატება ძალიან საშიშია, მაგრამ ამავდროულად იგი უზრუნველყოფს ნებისმიერი ორგანული ნივთიერების დაშლას, რომელიც ჭარბად ხვდება მასში ზედაპირული წყლებიდან, რითაც აძლევს საშუალებას ზღვას გადაიქცეს “დამაბინძურებელ ნივთიერებათა და ორგანული ნარჩენების ნაერთად”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
[red_box]უნიკალური თევზის სახეობები [/red_box]
გარდა ამისა, კვლევის დროს ღია ზღვაში დაფიქსირდა უნიკალური თევზის სახეობებიც, მაგალითად პელაგიური ნემსთევზა (Syngnathus Schmidti Popov) და Ctenolabrus Rupestris Linnaeus. 2017 წლის იანვარში კი დაივერებმა საქართველოს წყლებში მოიპოვეს ევროპული ხამანწკა, რომელიც მეცნიერებს გადაშენებულ სახეობად მიაჩნდათ. მისი ცოცხალი ეგზემპლარი გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან, საქართველოსა და შავი ზღვის სანაპიროებთან აქამდე არ მოუპოვებიათ.
[red_box]შავი ზღვის დამაბინძურებლები[/red_box]
ამ კვლევების შედეგად ზღვის წყალში, ფსკერის დანალექებში, მოლუსკებსა და თევზებში გაანალიზდა 2100-მდე დამაბინძურებელი ნივთიერების არსებობა და კონცენტრაცია. ამ ნივთიერებებში შედის ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი პრიორიტეტული დამაბინძურებლები, რომელთა კონტროლის ვალდებულება აღებული აქვს ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას. ასევე ფარმაცევტული პრეპარატები, პესტიციდები, ბიოციტები, ცეცხლსაქრობი ნივთიერებები საწარმოო ქიმიკატები და სხვა დამაბინძურებლები, რომლებიც გავლენას ახდენენ წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე.
კვლევის შედეგებით, თევზის ქსოვილებში აღმოჩენილია ორგანიზმისთვის ტოქსიკური სხვა ნივთიერებებიც: ვერცხლისწყალი და დიოქსინები. ” პესტიციდების მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა არა მხოლოდ უკრაინასა და საქართველოს სანაპირო წყლებში, არამედ ღია ზღვაშიც”, – წერია ანგარიშში. აქვე ვკითხულობთ, რომ ყველა შესაძლო 2100 დამაბინძურებლიდან შავ ზღვაში ნანახი იქნა 145 ნივთიერება. სინჯების დამუშავების შედეგებმა საქართველოს წყლებში აჩვენა ნივთიერებები, რომლებიც ხვდება ზღვაში სატრანსპორტო საშუალებებიდან, სასოფლო-სამეურნეო და საწარმოო ნარჩენებიდან.
-კვლევაში ასევე წერია, რომ ნივთიერება, რომელიც წარმოადგენს გარუჯვის საწინააღმდეგო კრემის მთავარ შემადგენელ ნაწილს, ზღვის ორგანიზმებისთვის ზიანის მომტანი კონცენტრაციით იქნა დაფიქსირებული საქართველო სანაპიროებთან.
კვლევაში წერია, რომ ამ პრობლემებთან საბრძოლველად საჭიროა დამაბინძურებელ ნივთიერებათა წყაროების დადგენა და გამწმენდი ნაგებობების მუშაობის სრულყოფა (გადაიარაღება), რაც დიდ სირთულეს წარმოადგენს.
[red_box]ადამიანის ყოფაცხოვრების კვალი ფიქსირდება შავი ზღვის ყველა მონაკვეთზე [/red_box]
კვლევის შედეგებით, შავ ზღვაში აღმოჩენილია ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება ტექსტილის, ტანსაცმლისა და შესაფუთი მასალების წყალმედეგობისთვის, ასევე ფარმაცევტული პრეპარატები (პარაცეტამოლი), კოფეინის მაღალი კონცენტრაციები და სხვა. ასევე დაფიქსირდა ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პროდუქციის (ქსოვილების, პლასტმასის და ავეჯის) წარმოებისას აალების საწინააღმდეგო დანამატად.
ანგარიშის მიხედვით, წარმოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პარალელურად, უნდა მოხდეს გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა და გადაიარაღება, რადგან შეაკავოს და შეამციროს ამ ნივთიერებების ზღვაში მოხვედრა.
[red_box]დიდი ოდენობის მცურავი მყარი ნარჩენები შავი ზღვის ცენტრალურ ნაწილში[/red_box]
მონიტორინგისასმკვლევარებმა დააფიქსირეს დიდი ოდენობის მცურავი მყარი ნარჩენები შავი ზღვის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც სანაპიროდან, სავარაუდოდ, დინებამ გაიტანა ასე შორს. მეცნიერების ცნობით, ნაგავი, რომელიც ხვდება ზღვაში, ზღვის ბინადრებისთვის დიდ საშიშროებას წარმოადგენს – “პლასტიკური ნაგავი არ უნდა ერეოდეს სხვა ნაგავს და უნდა ექვემდებარებოდეს მეორად გადამუშავებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებელი იქნება დამატებითი სახსრების გაღება, აღნიშნული ნაგვის კუნძულებისგან, ზღვის ცენტრალური ნაწილის გაწმენდისთვის”, – წერია დასკვნაში.
კვლევის შედეგებით, არის იმის ნიშნები, რომ ინვაზიური სახეობების ზეგავლენა შავი ზღვის “აბორიგენულ” სახეობებზე მცირდება. თუმცა აუცილებელია ეს ტენდენცია დადასტურდეს შესაბამისი კვლევებით ყველა სეზონზე. რაც ნაკლებია ინვაზიური სახეობები და მეტია ადგილობრივი, მით უფრო მდგრადია და ჯანმრთელი ზღვის ეკოსისტემა. ოფიციალური მონაცემებით, დღეისთვის შავ ზღვაში რეგისტრირებულია 365 შემოჭრილი ორგანიზმი.
[red_box]მცირდება “ზღვის ყვავილობაც”[/red_box]
მცირდება “ზღვის ყვავილობა”, ანუ ფიტოპლანქტონის მასობრივი გამრავლება, რასაც შემდგომში ჭარბად დაგროვებული წყალმცენარეების მასიური ლპობა და წყალში ჟანგბადის რაოდენობის შემცირება მოჰყვება შედეგად. გაუწმენდავი საყოფაცხოვრებო წყლების ჩაშვება ზღვაში, ასევე მდინარეების გავლით სასოფლო-სამეურნეო სასუქების და სარეცხი საშუალებების ზღვის წყალში დიდი ოდენობით მოხვედრა იწვევს ზაფხულ-შემოდგომის პერიოდში გოგირდწყალბადის წარმოქმნას შელფის ფსკერისპირა შრეებში. “კვლევებით დადგინდა, რომ შავი ზღვის ევრტოფიულობის ხარისხი მოსალოდნელთან შედარებით ნაკლებია. ზღვის მონაკვეთების დიდ ნაწილს აქვს კარგი ეკოლოგიური სტატუსი, ეს მონაკვეთებია: ჩრდილო-დასავლეთ შელფის დიდი ნაწილი, საქართველოს წყლები, რუსეთის ფედერაციის წყლები და ქერჩის ყურის სამხრეთი ნაწილი”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
დასკვნის სახით, აქვე წერია, რომ მიუხედავად ამ ნეგატიური ტენდენციის შემცირებისა, აუცილებელია ზღვაში ჩადინებამდე საყოფაცხოვრებო გამოყენებული წყლების გაწმენდა.
[red_box] დაფიქსირდა დელფინების გავრცელების ახალი მონაცემებიც[/red_box]
მნიშვნელოვანია, რომ ამ კვლევის ფარგლებში დაფიქსირდა დელფინების გავრცელების ახალი მონაცემებიც, რაც დაეხმარება სპეციალისტებს, დელფინებზე ნეგატიურად მოქმედი სხვადასხვა ფაქტორის შემცირებაში. მაგალითად, ასეთი ფაქტორებია თევზჭერის პროცესში დელფინების შემთხვევითი სიკვდილიანობა. ამ რისკის შემცირება შეიძლება გარკვეულ აკვატორიაში ან გარკვეულ სეზონზე თევზჭერის შეზღუდვით. “შეგვიძლია შევამციროთ ხმაურის დაბინძურების დონე (რაც ძალიან მტკივნეულია დელფინებისთვის) ზღვის ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირებით, ასევე დელფინების მასობრივი თავშეყრის ადგილებში შევამციროთ წყალქვეშა სამუშაოების წარმოების დრო”, – წერენ ანგარიშის ავტორები.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის პორტთან გადასასვლელი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
ზურაბ პატარაძის თქმით, აჭარის მთავრობას ესტაკადის მშენებლობის სამუშაოს პირდაპირი წესით შესყიდვაზე ხელშეკრულება არ გაუფორმებია: „არ ვიცი, საიდან ღებულობენ ამ ინფორმაციებს… მზად ვართ ჩვენ თვითონ მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა პროექტებია დაგეგმილი რეგიონში, ვის ვხვდებით, რატომ ვხვდებით… ბოდიში, რომ ერთ ლარად ვერ გავასხვისეთ მიწები.“
მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, მთავრობა დაგეგმილი ხიდის მიმდებარედ თავისუფალი სივრცის ათვისების შეთავაზებას გეგმავს ინვესტორებისთვის, სავაჭრო ან სხვა საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობის პირობით.
ზურაბ პატარაძე იმედოვნებს, რომ ამ სივრცის ათვისებით ინვესტორის დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელია გარკვეულწილად დაიზოგოს ესტაკადის მშენებლობისთვის გათვალისწინებული თანხა.
„… წინასაარჩევნო პერიოდში არაერთგზის დავაანონსეთ რეგიონში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის, ბათუმის ესტაკადის მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას, სატრანსპორტო მიმოსვლას, ცნობადობის ამაღლებას, ტურისტულ სეზონს და ასე შემდეგ. ეს იყო ბათუმელების დაკვეთა, ეს იყო ჩვენი რეგიონის დაკვეთა და ჩვენ მივდივართ ამ გზით. ეს პროექტი უკვე გადაგზავნილია ექსპერტიზის ბიუროში…
უმაღლეს საბჭოში შეხვედრის დროს ჩვენ დავაანონსეთ ასევე, რომ ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ინვესტორებთან, ვინც დაინსტერესებულია ბათუმში სხვადასხვა პროექტის განხორციელებით. დაგეგმილი ესტაკადის გვერდით არის არაჩვეულებრივი სივრცე და ჩვენ არ გვინდა, რომ ეს სივრცე დარჩეს ცარიელი. იქ უნდა აშენდეს სავაჭრო ცენტრი ან სხვა ტიპის ობიექტი, რაც მნიშვნელოვანია რეგიონისათვის, გვაქვს შეთავაზებები, უკვე გვქონდა შეხვედრა ინვესტორებთან და უახლოეს დღეებშიც გვექნება. ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენ მივაწვდით ინფორმაციას ჩვენს ღრმად პატივცემულ ოპონენტებს. რომ არ გაუჩნდეთ ეჭვები კორუფციაზე და ასე შემდეგ.
ჯერჯერობით არანაირი ხელშეკრულება არ არის გაფორმებული. თუმცა ძალიან მოხარულები ვიქნებით, რომ გაფორმდეს და განხორციელდეს ეს პროექტი. ჩვენს რეგიონს შევძინოთ ეკონომია და ეს სახსრები რაც გამოყოფილია ესტაკადის მშენებლობაზე, სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს მოხმარდეს და ჩვენ მივიღოთ დამატებით ახალი სივრცე, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმება არ არის მიღწეული. “ – განმარტა მთავრობის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ბათუმში ესტაკადის მშენებლობასთან დაკავშირებით პირდაპირი წესით ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე ინფორმაცია დღეს უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ელგუჯა ბაგრატიონმა გაავრცელა.
პროექტის ბიუჯეტი 21 მილიონი ლარია. ელგუჯა ბაგრატიონმა ეჭვი გამოთქვა მთავრობასა და თურქულ კომპანიას შორის შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე, რომელთანაც მისი ინფორმაციით, პატარაძემ პირდაპირი შესყიდვის განხორციელებაზე ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
„საზღვაო პორტთან ესტაკადის მშენებლობასთან დაკავშირებით ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ყაზახურ მხარესთან, თუმცა აქვე გეტყვით, რომ მიმდინარეობს სხვა ალტერნატიული გზების მოძიებაც. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ასევე გვაქვს კომუნიკაცია თემით დაინტერესებულ სხვა მხარეებთან. მოლაპარაკებების პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ამიტომ ამჯერად უფრო მეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ,“ – განაცხადა გასულ წელს ზურაბ პატარაძემ.
მოლაპარაკებები რომ მიმდინარეობდა, ამის შესახებ 2015 წლის ნოემბერში მედიასთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმაც განაცხადა: „არ არის ასე მარტივი. გარდა ესტაკადის ქვეშ არსებული მიწისა, იქ არის დამატებით 7 ჰექტარი მიწა, რომელიც ასევე კომერციული მოლაპარაკების ნაწილია. სამი სხვადასხვა ინვესტორი გვყავს, რომლებსაც სამი სხვადასხვა პროექტი აქვთ მიწასთან დაკავშირებით. ჩვენი ხედვა ბათუმის მერიასთან და აჭარის მთავრობასთან ერთად არის შემდეგი, რომ აუცილებლად უნდა გაკეთდეს ესტაკადა, მიწა, რომელიც იქ იქნება, გრძელვადიანი უზუფრუქტით უნდა გადაეცეს უკვე ინვესტორს, რათა მათ განახორციელონ იქ თავიანთი საქმიანობა“.
რომელ ინვესტორებზეა საუბარი, არც სამინისტროში და არც აჭარის მთავრობაში და მითუმეტეს მერიაში, არ აკონკრეტებენ. რეესტრის ამონაწერების მიხედვით ბათუმის მერიის საკუთრებაში ესტაკადის ასაშენებელ სავარაუდო ტერიტორიაზე მხოლოდ 6 კვ/მ მიწის ნაკვეთია. დანარჩენი მიწის თავისუფალი ნაკვეთები, ჯამში 5 ჰექტარამდე ფართობი, 2014 წლიდან სახელმწიფოს საკუთრებაშია. მათ მიმდებარედ არსებული თავისუფალი ფართობი კი „საქართველოს რკინიგზას“, ანუ სახელმწიფოს ეკუთვნის.
როგორც ჩანს, ესტაკადის მშენებლობას სწორედ ის აფერხებს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, ვის და რა პირობით გადასცეს ეს მიწის ნაკვეთები. პროცესი კი უკვე მეოთხე წელია ისევ გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს. არადა, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს აცხადებდნენ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, რომ კვლავ მზად იყვნენ ესტაკადა აეშენებინათ, რისთვისაც 5 მილიონი აშშ დოლარი ჰქონდათ გათვალისწინებული. სანაცვლოდ, ნავსადგურს უნდა მიეღო 4 ჰექტარამდე ტერიტორია, სადაც პორტის ინფრასტრუქტურის გაფართოების მიზნით 22 მილიონამდე დოლარის ინვესტიციას ჩადებდა.
საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობაზე ქართველი სტუდენტები საუბრობენ, რომლებიც ამჟამად თურქეთში იღებენ განათლებას.
ლიკა ჩერქეზიშვილი, გაზის უნივერსიტეტი [თურქეთი, ანკარა], საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობა
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 21 მაისს. დიპლომატიური ურთიერთობები 25 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის უფრო და უფრო ღრმავდება, რამაც სტრატეგიული თანამშრომლობის სახე მიიღო როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. აღნიშნულის ნათელი მაგალითია თუნდაც ის, რომ თურქეთი არის საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი, რომელთანაც მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ამასთანავე, თურქეთის კერძო სექტორი საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. გარდა ამისა, თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პოლიტიკური მოკავშირე, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მხარდამჭერია. მნიშვნელოვანია თანამშრომლობა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რეგიონის ენერგეტიკული და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების თვალსაზრისით. ორ ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” ნავთობსადენი და „ბაქო-თბილისი-ერზერუმის” გაზსადენი. წარმატებით ვითარდება თანამშრომლობა ელექტროენერგეტიკის სფეროშიც.
კეთილმეზობლური ურთიერთობის მაგალითია თუნდაც ის რომ, ორივე ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ და პასპორტის გარეშე შეუძლიათ გადაადგილება, რაც ტურიზმის კუთხით და ასევე საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ხელს უწყობს, ეს ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის განათლების დარგს, შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთთანამშრომლობა ამ სფეროშიც ღრმავდება, 2015 წლიდან თურქეთის საშუალო სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამა დამტკიცდა – აბსოლუტურად ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს ქართული ენა და შეისწავლოს. თურქეთის რესპუბლიკას აქვს გამოყოფილი საზღვარგარეთ სწავლის მსურველებისთვის თურქეთის სტიპენდიები, რაშიც საქართველოს მოქალაქეებსაც აქვთ უფლება მიიღონ მონაწილეობა. ასევე ვფიქრობ, რომ საქართველოშიც აქტუალურად ისწავლება თურქული ენა, და ზუსტად ეს თანამშრომლობა ხალხთა შორის ურთიერთობას და ორი ქვეყნის ურთიერთობის უფრო მეტად გაღრმავებაში შეუწყობს ხელს.
ვფიქრობ, რომ საქართველო-თურქეთს შორის არსებული მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობა გაგრძელდება, რაც უმნიშვნელოვანესია როგორც ორივე ქვეყნისთვის, ასევე რეგიონისთვის.
თეონა კახაძე, შავი ზღვის უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობა
საქართველო-თურქეთს შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ ხასიათს ატარებს და წარმატებით ვითარდება როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ სფეროში.
აღსანიშნავია, რომ თურქეთი არის საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი. საქსტატის 2017 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, თურქეთზე მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 16%. რაც შეეხება თურქეთიდან იმპორტირებული საქონლის მოცულობას, 2016 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებზე დაყრდნობით 997 797.6 აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოსა და თურქეთს შორის ბოლო წლებში დინამიკურად ვითარდება თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში. საქართველოში თურქეთის მხრიდან განხორციელებული ინვესტიციების მეშვეობით შენდება ახალი ჰიდროელექტროსადგურები და გადაცემის ხაზები. თურქეთის მხრიდან ხორციელდება ინვესტიციები სხვადასხვა სფეროში და აქედან გამომდინარე, თურქეთი გადაიქცა მსხვილ ინვესტორ ქვეყანად და ბოლო 2016 წლის საქსტატის მონაცემების მიხედვით თურქეთი, აზეირბაიჯანის შემდეგ, მეორე მსხვილ ინვესტორ ქვეყანას წარმოადგენს.
აგრეთვე მნიშვნელოვანია ქვეყნების თანამშრომლობა გაზისა და ნავთობის ევროპის ტრანსპორტირების სფეროში. ამ მიმართულებით ორი უმსხვილესი პროექტი ხორციელდება.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი (BTC) – ნავთობსადენი ( რომლის სრული ექსპლუატაცია 2006 წელს მოხდა) საქართველოსთვის, როგორც შემოსავლების მხრივ მომგებიან პროექტს არ წარმოადგენს. საქართველო, როგორც ტრანზიტორი ქვეყანა, წელიწადში 50 მილიონს იღებს, თუმცა ეს ენერგოუსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი პროექტია.
„შაჰ-დენიზი“ გაზსადენი – საბადოს დამუშავებაზე კონტრაქტი 1996 წლის ივნისში გაფორმდა, 2013 წლის 17 დეკემბერს მოეწერა ხელი და დაიწყო შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის განხორციელება. ეს პროექტი მომგებიანია როგორც ეკონომიკის, ასევე ენერგოუსაფრთხოების კუთხით. პროექტის მეშვეობით საქართველოში 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, რაც შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. აგრეთვე, 2019 წლიდან საქართველო დამატებით მიიღებს დაახლოებით 1 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს შეღავათიან ფასად.
საქართველოსა და თურქეთის მეგობრული ურთიერთობა დადებითად აისახება ტურიზმზეც. თურქეთი ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით მესამე ქვეყანაა.
ამგვარად, თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები უფრო ღრმავდება, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება ორი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
ივნისიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს 6 ახალი ავიაკომპანია იწყებს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ფრენები დუბაიდან, ბეირუთიდან, კიევიდან, მოსკოვიდან, ჩერეპოვეციდან და სანკტ პეტერბურგიდან შესრულდება.
პირველ რეისს 2 ივნისს Nordstar Airlines-ი შეასრულებს მოსკოვი – ბათუმი – მოსკოვის მიმართულებით. როგორც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს, Nordstar Airlines-ი რეისებს ოქტომბრამდე რეგულარულად შეასრულებს კვირაში სამ დღეს – ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს.
კვირაში სამი დღე იფრენს Fly Dubai-ც. დუბაი-ბათუმი-დუბაის მიმართულებით ავიარეისები სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება.
კვირაში ორი დღე, ოთხშაბათსა და კვირას იფრენს „Wings of Lebanon“-ი ბეირუთი- ბათუმი-ბეირუთის მიმართულებით.
ასევე კვირაში ორჯერ აქვთ ავიარეისები „Anda Air“ კიევი-ბათუმი-კიევი და „Nordavia“-ს სანკტ პეტერბურგი-ბათუმი-სანკტ პეტერბურგის მიმართულებით.
კვირაში ერთხელ, შაბათობით შეასრულებს ავიარეისებს ავიაკომპანია „Severstal“ ჩერეპოვეცი-ბათუმი-ჩერეპოვეცის მიმართულებით.
ავიარეისები ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით დაემატა და ოქტომბრის ბოლომდე შესრულდება. ზაფხულში ფრენებს ბათუმის მიმართულებით ჯამში სულ 21 ავიაკომპანია შეასრულებს. გარდა ამისა, იქნება ჩარტერული რეისებიც.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 23 მაისს, ბათუმში ცვალებადი მოღრუბლულობა და დროგამოშვებით წვიმა შენარჩუნდება, გამოდარებას კი 25 მაისიდან უნდა ველოდოთ.
„25 მაისს აჭარაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღეს, დღის მეორე ნახევარში, 10-15 მ/წმ-ში ცვალებადი მიმართულების ქარი შეინიშნება. ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება დღისით – 15-20 გრადუსი, ღამით – 8-13 გრადუსი. მთაში – დღისით 8-15, ხოლო ღამით – 3-8 გრადუსი“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის სინოპტიკოსთა ჯგუფის უფროსმა,, მავილე ბერიძემ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მომდევნო დღეებში ბათუმში ჰაერი 20-26 გრადუსამდე გათბება. ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის მიხედვით კი, მაისის ბოლომდე ბათუმში პერიოდულად იწვიმებს.
ქედაში, სოფელ პირველ მაისში, სამნიძეების ოჯახს მინიფერმა აქვს. ოჯახის დიასახლისი, დოდო სამნიძე წლებია წიწილების ბიზნესითაა დაკავებული. ყიდის კვერცს, წიწილებსა და ქათამს. ამბობს, რომ მისი ფრინველები ადგილზე მოყვანილი სიმინდით იკვებებიან და პროდუქტი, რასაც ქმნის, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღია.
„30 დედალი მყავს , რომლისგანაც წიწილებს ვამრავლებ. მყავს ქათმებიც, რომლებსაც ვყიდი. ქათმებსა და წიწილებს ხშირად ტურისტები ყიდულობენ, ერთ დედალში 30 ლარს მიხდიან, კვერცხში – 0,50 თეთრს, წიწილაში კი – 15 ლარს. ადგილზე ვუსუფთავებ, რაშიც დამატებით სამ ლარს მაძლევენ. ტურისტების გარდა ბათუმიდანაც ამოდიან მყიდველები, ბავშვებისთვის წიწილები მიაქვთ, რადგან მე ქათმებსა და წიწილებს ადგილზე მოყვანილი სიმინდით ვზრდი,“ – ყვება დოდო სამნიძე.
იგი ამბობს, რომ წიწილების ბიზნესი რამდენიმე წლის წინ დაიწყო. წელს სამნიძეები ბიზნესის განვითარებასაც გეგმავენ:
„დამატებით ოთახი მოვაწყვე, თბილი და შეკრული ოთახია, რაც საშუალებას მომცემს შემოდგომაზეც ვამრავლო ქათამი,“ – ამბობს დოდო სამნიძე.
მეფრინველეობა სამნიძეების ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არ არის. ოჯახს მაყვალი მოჰყავს, გარდა ამისა, ხილიდან არაყს ხდიან და ყიდიან.
წლის ბოლოს შემაჯამებელი ანგარიშების მოსმენისას არასამთავრობო ორგანიზაციები შეუსრულებელი სამუშაოების გარდა უკვე დასრულებული პროექტების ხარისხზე ამახვილებდნენ ყურადღებას. ამ შენიშვნას განსაკუთრებით ხშირად ისინი გზებთან მიმართებაში გამოთქვამდნენ. უკვე რეაბილიტირებული გზების მოკლე დროში მწყობრიდან გამოსვლის ფაქტებზე მოსახლეობაც ხშირად საუბრობდა. გზების რეაბილიტაციისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება.
პრობლემას აჭარის მთავრობაში არ უარყოფდნენ და ამბობდნენ, რომ ხელშეკრულების პირობები კომპანიებს შესრულებული სამუშაოს შემდეგ რეაბილიტირებული გზების სამი წლის განმავლობაში მოვლას ავალდებულებდა. რაც მოსახლეობის თქმით, არა პრობლემის მოგვარებას, არამედ გზებზე მუდმივ სამუშაო პროცესს და გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს.
ამ პრაქტიკის გათვალისწინებით, აჭარის მთავრობამ საგზაო დეპარტამენტისთვის 1 მილიონ 500 ათასი ლარის ღირებულების ტექნიკა შეისყიდა, ხოლო სპეცტანსაცმლისა და საგზაო ნიშნების დამზადებისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 100 ათასი ლარია გამოყოფილი.
აჭარის გზების დეპარტამენტმა ხარისხის კონტროლის მიზნით შეიძინა დეფლექტომეტრის დანადგარი, რაც განსაზღვრავს ასფალტის საფუძვლის ტკეპნის კოეფიციენტს. ასევე ორი ერთეული შმიდტის ჩაქუჩი [განსაზღვრავს ბეტონის მარკიანობას] და 15 ერთეული თერმომეტრი, რაც ასფალტის ტემპერატურის განმსაზღვრელია.
გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით, ეს ტექნიკა დეპარტამენტის ხარისხის კონტროლის სამსახურს დაეხმარება, რაც მომავალში რეაბილიტირებული გზების ხარისხზე აისახება.
გზების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საგზაო დეპარტამენტმა კიდევ ოთხი ერთეული თვითმცლელი, ორი მტვირთავ-ექსკავატორი და ხუთი პიკაპის ტიპის მაღალი გამავლობის ავტომობილი შეიძინა.
მთავრობის ინფორმაციით, ბათუმისა და ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის ახალი საგზაო ნიშნების დამზადება უკვე მიმდინარეობს, რომლებიც ბათუმისა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე განთავსდება. წელს სულ 2000-ზე მეტი ახალი საგზაო ნიშნის დამზადება და განთავსებაა დაგეგმილი.
ტექნიკური ზედამხედველებისთვის, გზის მომვლელებისა და მექანიზატორებისთვის დეპარტამენტმა ახალი სპეცტანსაცმელიც შეიძინა.
ახალი ტექნიკა დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ პატარაძემ დაათვალიერა.
1,5 მილიონი ლარის ტექნიკა გზების ხარისხის კონტროლისთვის
აჭარაში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზეც პრობლემებია. ამ გზების მოვლა-პატრონობა კი არც აჭარის მთავრობის და არც მუნიციპალიტეტების კომპეტენციაშია. ერთ-ერთი მაგალითი ქალაქ ბათუმში ფრიდონ ხალვაშის გამზირია. 5 კილომეტრიანი ეს გზა, თავისი შესახვევებით წლებია მოუწესრიგებელია.
25 მაისს „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI) ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში გამართავს საჯარო ლექციას – „რელიგიის თავისუფლება საქართველოში“.
მომხსენებელი ილიას უნივერსიტეტის ლექტორი, მკვლევარი გიორგი ნონიაშვილი იქნება.
„საქართველოს კონსტიტუცია იცავს როგორც რწმენის პერსონალურ სივრცეს, ისევე მის საჯაროდ გამოხატვას. მიუხედავად ამისა, კონსტიტუციის მიღებიდან დღემდე რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევები გვხვდება პრაქტიკულ დონეზე.
დღეს საქართველოში ათეულობით რელიგიური გაერთიანება ეწევა რელიგიურ საქმიანობას. თუმცა გვხვდება მზარდი რელიგიური შეუწყნარებლობის მაგალითებიც. ხშირად პოლიტიკური ელიტის ნაწილი რელიგიური თავისუფლების საკითხებისადმი ნეგატიურ განწყობებს ავლენს პოლიტიკური კაპიტალის დასაგროვებლადაც“-ნათქვამია პრესრელიზში.
ლექციაზე განიხილება უახლოს წარსულში განვითარებული პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცესები, რომლებიც მნიშვნელოვანია რელიგიის თავისუფლებისთვის: რელიგიური ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხებს; რელიგიური გრძნობების შინაარსს; რელიგიური შეუწყნარებლობისა და დაპირისპირებების მაგალითებს; საქართველოს კონსტიტუციურ გარანტიებს და საერთაშორისო სტანდარტებს რელიგიის თავისუფლების შესახებ.
TDI საჯარო ლექციებს ატარებს საქართველოს ექვს უნივერსიტეტში, პროექტის ფარგლებში – „დისკრიმინაციის საკითხების კვლევა და ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა უნივერსიტეტებში“ , რომელიც მხარდაჭერილია ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მიერ.
ლექცია-დისკუსია გაიმართება უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, აუდიტორია N21-ში.