მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

საატესტატო გამოცდები აჭარის მაღალმთიანეთში

24.05.2017 • 2121
საატესტატო გამოცდები აჭარის მაღალმთიანეთში

აჭარის მაღალმთიანეთში საატესტატო გამოცდებზე წელს 1056 მე-12 კლასელი დარეგისტრირდა, აქედან 187 მოსწავლე გამოცდებს ხელმეორედ აბარებს.  საატესტატო გამოცდებზე ქედაში 261, შუახევში – 346, ხულოში კი  449 მეთორმეტეკლასელია დარეგისტრირებული. ოთხ საგანში – ქართულ ენაში, გეოგრაფიაში, ინგლისურსა და ისტორიაში საატესტატო გამოცდა  ჩატარდა, მათემატიკაში კი დღეს, 24 მაისს, ტარდება.

ოთხი გამოცდის მონაცემებით, შუახევის მუნიციპალიტეტის ნიგაზეულის საჯარო სკოლაში 16 მოსწავლიდან საგამოცდო ბარიერი ხუთმა მოსწავლემ ვერ გადალახა. ოთხი მოსწავლე უცხო ენაში, ერთი კი ისტორიაში ჩაიჭრა. ამავე მუნიციპალიტეტის უჩხოს საჯარო სკოლაში ოთხი მოსწავლე ჩაიჭრა, სამი – ინგლისურში, ერთი – ისტორიაში. ჩაჭრილი მოსწავლეებიდან ერთი განმეორებით აბარებდა, სამი პირველად გავიდა გამოცდაზე. უჩხოს სკოლაში საატესტატო გამოცდაზე სულ 15 მოსწავლეა დარეგისტრირებული, 15-დან სამი განმეორებით აბარებს გამოცდას.

ქედის მუნიციპალიტეტის გეგელიძეების სკოლაში ერთი მოსწავლე ჩაიჭრა ინგლისურ ენაში. ინგლისურ ენაში ჩაჭრილი მოსწავლე საატესტატო გამოცდას  მეორედ აბარებდა. ამავე მუნიციპალიტეტის ოქტომბრის საჯარო სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ერთი მოსწავლე ჩაიჭრა ოქტომბრის სკოლაში, ბიოლოგიის გამოცდაში. სატესტატო გამოცდას აქ სულ ხუთი მოსწავლე აბარებს.

ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლაში რვა მოსწავლიდან ერთი მოსწავლე ინგლისურ ენაში ჩაიჭრა, რომელიც წელს მეორედ აბარებდა გამოცდას.

დანისპარაულის საჯარო სკოლის დირექტორის ინფორმაციით, საატესტატო გამოცდაზე რეგისტრირებული 12 მოსწავლიდან აქ ერთი ექსტერნად, სამი კი განმეორებით აბარებს გამოცდას. ოთხი გამოცდის შედეგებით  სამი მოსწავლეა ჩაჭრილი, სამივე უცხო ენაში [რუსულში].

რიყეთის სკოლაში სამმა მოსწავლემ თითო საგანში ვერ გადალახა საგამოცდო ბარიერი – ინგლისურში, ბიოლოგიასა და ფიზიკაში. ინგლისურში ჩაჭრილი მოსწავლე წელს მეორედ აბარებდა.

საატესტატო გამოცდები 25 მაისს ქიმიის გამოცდით დასრულდება.


ცხრა ჩაჭრილი ერთ სკოლაში – როგორ მიმდინარეობს საატესტატო გამოცდები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: