მთავარი,სიახლეები

რატომ უჭირთ ქართველ მოსწავლეებს წაკითხულის გააზრება

24.05.2017 • 14166
რატომ უჭირთ ქართველ მოსწავლეებს წაკითხულის გააზრება

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის „მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების“ (PISA)  მიხედვით, ქართულ სკოლებში წაკითხულის გააზრების პრობლემა დგას. რა არის ქართული საგანმანათლებლო სისტემის ნაკლი და რატომ ვერ გახდა ქართული სკოლა მოსწავლეზე ორიენტირებული? ამ თემაზე „ბათუმელებს“  თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, განათლების სპეციალისტი ნინო ლომიძე ესაუბრება.

ქალბატონო ნინო, თქვენი აზრით რა არის იმის მიზეზი  რომ ქართველ ბავშვებს წაკითხულის გააზრება უჭირთ და როგორ შეიძლება დაიძლიოს ეს პრობლემა?

ზოგადად, ეს პრობლემა არის კომპლექსური, ამიტომ ერთი კონკრეტული მიზეზი და პასუხი ამაზე არ არსებობს.

მაშინ ჩამოთვალეთ ის კომპლექსური მიზეზები, რაც ყველაზე მეტად განაპირობებს ამ პრობლემას.

სასკოლო სისტემა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, თუმცა, ასევე პრობლემაა წიგნიერების საკითხი ოჯახებში. რამდენად კითხულობენ თვითონ მშობლები ბავშვების თანდასწრებით, რამდენად არის წიგნის კითხვის კულტურა. ეს სკოლამდელ ბავშვებს რაც შეეხება, რადგან ის პრობლემები,რომელიც შემდეგ იჩენს თავს, ოჯახში არსებულ გარემოს უკავშირდება.

სკოლამდელ ბავშვთან ურთიერთობის კულტურა ჩვენში ნაკლებად არის განვითარებული. მაგალითად, ბავშვი თავდაპირველად სვამს ძალიან ბევრ შეკითხვას და მშობლები ან თავიდან იცილებენ, არ პასუხობენ, ან არ მიიჩნევენ საჭიროდ პასუხის გაცემას. დღეს საბავშვო წიგნების დიდი არჩევანია და ხელმისაწვდომიც გახლავთ კარგი საბავშვო გამოცემები, მაგრამ მეტწილად ამ არაჩვეულებრივ წიგნებთან ურთიერთობა შემოიფარგლება ამით – მოვიტანეთ ლამაზი წიგნი სახლში და დავდეთ თაროზე. ბავშვებთან ერთად კითხვა, პერსონაჟებზე მსჯელობა, საუბარი, ილუსტრირება, საღამოობით ზღაპრის მოყოლა (ერთია როცა კითხულობ, მეორე – როცა უყვები ამბავს…) ბავშვის აზრის მოსმენა – ეს ყველაფერი ნაკლებად ხდება. მესმის, რომ ეს დროის ამბავია უფროსების დაკავებულობის გამო, თუმცა ამასთან წიგნიერების კულტურის ნაკლებობაც ჩანს.

რა ხდება შემდეგ, როცა ბავშვი შედის სკოლაში. იქ რა პროცესი ვითარდება?

სკოლის სისტემას რაც შეეხება, დაწყებით საფეხურებზე მე ნაკლებად მაქვს შეხება, მაგრამ, ზოგადად, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი სასწავლო პროცესი მეტად არის ორიენტირებული შინაარსების დამახსოვრებაზე. მოსწავლეს ეძლევა გარკვეული ტექსტი და როდესაც სახლში ამზადებს დავალებას, მთავარი მიზანია დაიმახსოვროს შინაარსი, თუ ლექსია – დაიზეპიროს და მეტწილად მაინც ამითი შემოიფარგლება სწავლის პროცესი.

ეს იმას ნიშნავს, რომ ტექსტის ირგვლივ ნაკლებია დისკუსია, მსჯელობა, პრობლემის გააზრება?

კი, ამას ვგულისხმობ. თუ შინაარსობრივად, ლექსიკურ დონეზე გაიაზრა ბავშვმა, შემდეგ უკვე უნდა დაისვას ისეთი კითხვები, რომლებიც სააზროვნო უნარებს შეამოწმებს, მსჯელობისკენ, დისკუსიისკენ, საკუთარი აზრის გამოთქმისკენ წაიყვანს პროცესს. ეს დღეს ნაკლებად ხდება, რადგან შინაარსობრივად ძალიან გადატვირთულია პროგრამა და მასწავლებელი ვალდებულია ეს პროგრამული მასალა დაფაროს. ამიტომ, დრო სახალისო, შემოქმედებითი აქტივობებისთვის, რასაც ბავშვი გააკეთებს სიამოვნებით, რჩება ნაკლები. თუკი გადავინაცვლებთ საშუალო საფეხურზე, მეტწილად სწავლების ინტერესი არის მიმართული იქითკენ, რომ ჩააბაროს საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდა.კონვეირული სისტემით ხდება თითქოს ამ ბავშვების მომზადება, ანუ კარგ შემთხვევაშიც კი მასწავლებელი თვითონ არის ორიენტირებული, მისმა მოსწავლემ საატესტატო და ეროვნული გამოცდები ჩააბაროს – მთელი პროცესი მიმართულია აქეთკენ. საბოლოო ჯამში ვიღებთ იმას, რომ თითქოს დგება რაღაც ერთიანი სქემა, მაგალითად, როგორ დავწეროთ ესსე ეროვნული გამოცდებისთვის, ძალიან კონკრეტული მითითებებია.

პროცესი, რომელიც უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ მოსწავლეს თვალსაწიერი გაუფართოვდეს, ინტერესები გამოეკვეთოს, მიეჩვიოს მსჯელობას, განსხვავებული აზრების მოსმენას, განსაკუთრებით ისეთი საინტერესო საგნის სწავლების დროს, როგორიცაა ლიტერატურა, მიმართულია იქითკენ,რომ ადამიანებში „ჩავტენოთ“ შინაარსი. ახლახან CAT-ის გამოცდები ჩატარდა და შეკითხვები კვლავ იყო ძალიან დეტალური, მაგალითად, ჩამოთვლილთაგან რომელმა ურჩია პერსონაჟს მოქცეულიყო ასე, სად წავიდა პერსონაჟი, სანამ დანიშნულების ადგილამდე ჩავიდოდა და ა.შ. ანუ არასააზროვნო დონის კითხვებია, შესაბამისად, მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც შინაარსზე არიან ორიენტირებული და ამის მიღმა რჩება ის საინტერესო პროცესი, რომელიც შემოქმედებაზეა ორიენტირებული.

ბოლო კვლევების მიხედვით, საქართველოს წაკითხულის გააზრებაში, რუსეთი და მოლდოვაც უსწრებს. ამ ქვეყნებს ჩვენზე უკეთესი საგანმანათლებლო სისტემა აქვთ, ისინი როგორ აღწევენ უკეთეს შედეგს?

მე ვერ გეტყვით ამ ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემაზე, რადგან კარგად არ ვიცნობ, ამიტომ შედარების თვალსაზრისით ჩემი პასუხი არ იქნება კომპეტენტური. თუმცა, ფაქტია, რომ ეს ქვეყნებიც კი ჩვენზე უკეთეს შედეგებს აჩვენებენ. მე არ ვიცი, რა არის ამის განმაპირობებელი ფაქტორი, ჩვენს შემთხვევაში ის, რაზეც ვილაპარაკეთ, – ოჯახური, კულტურული გარემო, საზოგადოებრივი ინტერესი, ყველაფერი ეს ახდენს გავლენას.

პედაგოგები, განათლების ექსპერტები, მოსწავლეები ყველა საუბრობს სისტემის არაეფექტურობაზე, რატომ ვერ ვაღწევთ სისტემის ცვლილებას. ეს მხოლოდ პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული? – თქვენ როგორც პედაგოგი რაში ხედავთ პრობლემას?

ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს ან ადგენს პროგრამებს და მუშაობს სტანდარტზე, ცოტათი დაშორებულია საკუთრივ პრაქტიკას. ეს რატომ ხდება, ვერ გეტყვით. გერმანიაში როცა ვიყავი საერთაშორისო სემინარზე, იქ ვესაუბრე გერმანული ლიტერატურის მასწავლებელს და ის ამბობდა, რომ იქ პედაგოგები ნაკლებად არიან შეზღუდული. მე როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, მეტისმეტად ბევრს მკარნახობს პროგრამა. მე ზუსტად მეუბნებიან რა ტექსტები უნდა გავიარო და როგორ უნდა გავიარო. მე ვარ ვალდებული, რომ ეს გავაკეთო. საბედნიეროდ, მე ვარ კერძო სკოლაში, სადაც ეპოქალური სწავლებაა და მაქვს საშუალება, რომ ის გავაკეთო, რაც საინტერესოდ მეჩვენება და ბავშვებსაც ძალიან მოსწონთ…

თუ კერძო სკოლაში ხერხდება ის, რომ მასწავლებელი იყოს მოსწავლეზე, შემოქმედებით პროცესზე ორიენტირებული, აქვს მეტი არჩევანი და თავისუფლება, რატომ ვერ ხერხდება იგივე პროცესის გადმოტანა საჯარო სკოლაში?

ძალიან საინტერესო იქნებოდა გამოცდილებების გაზიარება, მაგრამ უფრო მგონია, რომ ეს არის მიშვებული პროცესი, წლებია ასეა და ცვლილებები ნაკლებად ხდება.

კვლევის მიხედვით, ქართველ მოსწავლეებს წაკითხულის გააზრება უჭირთ.

კვლევის მიხედვით, ქართველ მოსწავლეებს წაკითხულის გააზრება უჭირთ.

ამას ვამბობ სწორედ, რატომ არ ხდება რეალური ცვლილებები, რა უშლის ამას ხელს?

თუ ჩვენს აზრს მოისმენენ, მე პროგრამას აუცილებლად გავათავისუფლებდი, მაგრამ ვიცი ეს რა პრობლემებსაც იწვევს. ილიას უნივერსიტეტში ჰაგიოგრაფიული ტექსტების სწავლებაზე ჩატარდა კვლევა, როცა კვლევის ფარგლებში მასწავლებლებთან მქონდა დიალოგი, ისინი ამბობდნენ, რომ გარკვეული ტექსტების ამოღება არაფრით არ შეიძლება. თვითონ მასწავლებლებსაც უჭირთ ტექსტების ამოღება. თუმცა შესაძლებელია სწავლების მეთოდების შეცვლაც. ამას ადამიანური რესურსების პრობლემასთან მივყავართ, რადგან სკოლებში მეტწილად ის პედაგოგები ასწავლიან, რომლებიც ძველი სისტემით სწავლებას არიან მიჩვეული, ის ადამიანები, რომლებსაც შეიძლება უფრო პროგრესული მიდგომები ჰქონდეთ, ვერ ხვდებიან სკოლებში. გარდა ამისა, კარგი კადრების სკოლებში მოზიდვის პრობლემაც არის, რადგან დაინტერესება ნაკლებია, – კარგუნივერსიტეტდამთავრებული სპეციალისტი სკოლაში მუშაობას არ მოისურვებს. ფინეთი მახსენდება, სადაც მასწავლებლის პროფესია არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ჩვენ აქამდე ძალიან შორს ვართ. ამიტომ, ბევრი პრობლემაა და ერთკონკრეტულს ვერ დავასახელებთ.

თუკი ჩვენ ვსაუბრობთ შემოქმედებით მიდგომებზე ან იმაზე, რომ მეტი თავისუფლება მიენიჭოს მასწავლებელს და მან თავისი გემოვნებით დაიწყოს ტექსტების შერჩევა, აქ აუცილებლად გაჩნდება სხვა ტიპის პრობლემა და ეს დაკავშირებული იქნება პედაგოგების პროფესიონალიზმთან.  იმ შემთხვევაშიც კი, თუ მასწავლებელი მოწადინებულია და სურს გარკვეული ტექსტების შეტანა, არ ვიცი ეს რის ხარჯზე უნდა გააკეთოს, მაშინ საპროგრამო ტექსტებს უნდა მოაკლოს. მე-10 კლასის ტექტებს რომ გადახედოს თუნდაც არასპეციალისტმა, დაინახავს პრობლემას. ისწავლება სამი უზარმაზარი ჰაგიოგრაფიული ტექსტი, – „შუშანიკის წამება“, „აბოს წამება“ და „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, შემდეგ არის „ვეფხისტყაოსანი“, დავით გურამიშვილი, სულხან-საბა. საბოლოო ჯამში ვიღებთ შედეგს, რომ მოსწავლეებს ლიტერატურის გაგონება კი არა წიგნის დანახვა აღარ უნდათ. ეს აუცილებლად გამოიწვევს უკუშედეგს. იშვიათი გამონაკლისების გარდა, თითქმის ყველა შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, ბავშვებში გვრჩება ნეგატივი ისეთი მარგალიტი ტექსტების მიმართ, რაც ჩამოვთვალე.

როგორ შეიძლება პრობლემის გადაწყვეტის გზა გამოიძებნოს?

ეს იქნება, ალბათ, ოდნავ მაინც შემსუბუქება პროგრამის და მეთოდების შეცვლა. მეტად შემოქმედებითი, მოსწავლეთა ინტერესებზე უფრო მეტად მორგებული დავალებები ან პროექტებით სწავლება, ათასგვარი რამის მოფიქრება შეიძლება.

საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება განათლების სისტემაში, წელს ერთ მილიარდი ლარია გათვალისწინებული, სოლიდური თანხები იხარჯება მილენიუმის პროექტის ფარგლებში და ა.შ. როცა სახელმწიფო ამხელა ფინანსებს ხარჯავს, წესით,მას უნდა აინტერესებდეს სკოლა გახდეს მოსწავლეზე ორიენტირებული და ეფექტური იყოს პედაგოგის შრომაც. რატომ ვერ ახერხებს სახელმწიფო სისტემა გახადოს უფრო მოქნილი, შედეგიანი?

მე, უბრალოდ,ვხედავ იმას, რომ არის გარკვეული სტაგნაცია. შესაძლოა არ არის ინტერესი რაღაც ცვლილებების განხორციელების და მიღების. რატომ? არ ვიცი, ამაზე უნდა ილაპარაკოს განათლების სამინისტრომ და იმ ადამიანებმა, ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს.

თანხებს რაც შეეხება, სავარაუდოდ, ესეც არამიზნობრივად იხარჯება. ავიღოთ, მაგალითად, ტრენინგები, რამდენად შეიძლება იყოს ეს სისტემა განათლების ხარისხის გაუმჯობესების საშუალება. მე ნაკლებად მჯერა, რადგან მასწავლებელი,რომელიც წლების განმავლობაში ერთი და იგივე მეთოდებს იყენებს, ერთკვირიანი ტრენინგების შედეგად რაღაც სიახლეს, ალბათ, გაიგებს და მოეწონება კიდეც რაღაც, მაგრამ რამდენად დანერგავს ამ სიახლეებს, ეს არ ვიცით. ამ თანხების მიმართვა კარგი იქნებოდა მიზნობრივად. მაგალითად, იმ სეგმენტში, რომელიც ამზადებს მომავალ მასწავლებლებს, მათი დაინტერესებისთვის ან კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ოღონდ უფრო ხანგრძლივი პერსპექტივით და არა ერთჯერადი ტრენინგებით. მიზანი უნდა იყოს ის, რომ პროფესიაში მოვიდნენ მოტივირებული ადამიანები. ფინეთს აქვს ამ მხრივ ძალიან კარგი გამოცდილება და პირველი რაც გააკეთეს, ეს იყო მასწავლებლების მომზადება. ამის შემდეგ ის კარგი კადრები თვითონ განახორცილებენ ცვლილებებს. იმ პირობებში კი, რა პირობებშიც ჩვენ ვართ, არ ვიცი მასწავლებლისთვის რამდენად ღირს თავისუფლების მინიჭება, რადგან არიან პედაგოგები, ვისი მეთოდებიც არ იცვლება და წლებია ერთი და იგივე მეთოდებით ისწავლება ტექსტი. ავიღოთ თუნდაც იგივე „ვეფხისტყაოსანი“, რომელსაც არა ვასწავლით, არამედ, რეალურად, ვაძულებთ მოსწავლეებს, იშვიათი გამონაკლისების გარდა.

ჩვენ ვსაუბრობთ ქართული განათლების სისტემის ხარვეზებზე, თუმცა არსებობს გარკვეული სტატისტიკა, როცა ჩვენთან სკოლადამთავრებული ბავშვები ხვდებიან უცხოურ უნივერსიტეტებში, რის ხარჯზე ხდება ეს?

ეს საკვლევი თემაა, მაგრამ ის, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტი, ეს ჩრდილოვანი განათლება, ყველაზე მძლავრია ჩვენი განათლების სისტემაში, ფაქტია. სტატისტიკურად, ვისაც სკოლაში მაღალი ქულები აქვს, ყველა მათგანი ემზადება.

რეპეტიტორი რამდენად ეხმარება მოსწავლეს შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში, თუ ესეც არის პროცესი მხოლოდ გამოცდების ჩასაბარებლად?

კატეგორიული საუბარი ნაკლებად მიყვარს, თუკი არ მაქვს რაიმე კვლევა, თუმცა, ერთმნიშვნელოვნად მოსწავლისთვის, რომელიც დამამთავრებელ კლასში ემზადება,  მიზანი არ არის არც თვალსაწიერის გაფართოება, არც დამატებითი ცოდნის მიღება. მისი მიზანია ერთადერთი – ჩააბაროს მაღალ ქულებზე. ისევ და ისევ მანკიერი წრე, – ვისწავლო იმიტომ, რომ ჩავაბარო გამოცდა და  არა იმიტომ, რაც არის განათლების მთავარი მიზანი, ანუ – გავიფართოვოთ თვალსაწიერი, შევიმეცნოთ უფრო მეტი და საინტერესო თვალსაზრისები მოვისმინოთ, გავითავისოთ ან არ გავითავისოთ და ა.შ.

მოსწავლე, რომელიც 11 წელი არაფერს აკეთებდა და ბოლო წელს დაიწყო მომზადება, ის თავისუფლად ჩააბარებს საატესტატო გამოცდებსაც და ეროვნულსაც. ჩემს პრაქტიკაშიც მქონია ასეთი შემთხვევა. როცა გგონია, რომ მოსწავლეს არ აქვს მოტივაცია, ინტერესი და გგონია, რომ შესაბამისი უნარებიც არ აქვს, უცებ მე-12 კლასში გაიღვიძებს, ემზადება და აბარებს კიდევ გამოცდებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამდენი ხნის განმავლობაში სკოლამ ვერ მოახერხა და ვერ გააღვიძა ადამიანში სათანადო ინტერესი და მოტივაცია. ევროპის უნივერსიტეტებში მიღების დროს კი, როგორც ვიცი, მოსწავლეს უფასდება მთელი პროცესი. დგება გარკვეული პორტფოლიო, სადაც ნაჩვენებია რას აკეთებდა ეს მოსწავლე წლების განმავლობაში, სადაც ჩანს ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა. ეს მიდგომა ალბათ გაცილებით სწორია.

მაშინ რა საჭიროა 12 წელი სწავლა, თუკი ერთ წელიწადში შემიძლია პროგრამის დაძლევა და გამოცდების ჩაბარება. რაში ვხარჯავთ ამდენ ფინანსურ რესურსს?

ვფიქრობ, რომ ეს სისტემა, რომელიც დღეს გვაქვს, მომავალი სამყაროსთვის და მომავალი გამოწვევებისთვის უკვე არადროული იქნება.  ამ ტიპის 12-წლიანი სწავლება, რაც დღეს გვაქვს, თავის თავს ამოწურავს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: