რა მოსთხოვეს ნინო ჩხეტიას შეხვედრაზე შუახევში


არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის „ქალთა ოთახში“ აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია მოსახლეობას შეხვდა და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო. შეხვედრას ძირითადად შუახევის თვითმმართველობაში დასაქმებული თანამშრომლები ესწრებოდნენ.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შემდეგ საჯარო მოხელეებმა ნინო ჩხეტიას კითხვები თვითმმართველობასთან დაკავშირებით დაუსვეს და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოსთვის უფლებამოსილების გაზრდა მოითხოვეს.

შუახევის გამგებლის მოადგილე, რუსუდან შავაძე: „გამგებლის მოადგილედ დანიშვნამდე შუახევის რესურსცენტრში ვმუშაობდი, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლებაც კი არ გვქონდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქცია-მოვალეობები გასაზრდელია. ჯანდაცვის სისტემაში გვაქვს ააიპი, სადაც ექიმებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, მედდებს – აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, ავტომობილების მძღოლებს კი გამგეობა ნიშნავდა, ვფიქრობ ასე არ უნდა ხდებოდეს, ერთი ორგანიზაცია უნდა იყოს პასუხისმგებელი პირი და უფლება-მოვალეობები ასე გადანაწილებული არ უნდა იყოს, თუ ნიშნავ მძღოლს, მაშინ უფლება უნდა გქონდეს, ექიმი და მედდაც თვითონ დანიშნო, ან პირიქით“.

ფატი ჭაღალიძე, შუახევის საკრებულოს წევრი: „ვფიქრობ, ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციები გასაძლიერებელია. არის სოფლები, რომლებიც მუნიციპალურ ცენტრს ათეულობით კილომეტრით არის დაშორებული და წარმომადგენელი არ გვყავს, მათი არარსებობა სოფლებში კომუნიკაციის ნაკლებობას იწვევს. საშტატო ერთეულებს სოფლის წარმომადგენლების სახით ამომრჩეველთა ოდენობა განსაზღვრავს, მაგრამ სოფლებში მოსახლეობამ იკლო. სოფლებში წარმომადგენლების ასაყვანად გამგეობაში გამოთავისუფლდა შტატები, თუმცა ესეც არ დარჩა საკმარისი. ვფიქრობ, მსგავსი საკითხების გადაწყვეტა ადგილობრივ დონეზე უნდა ხდებოდეს და ამას ერთიანი კოდექსი არ უნდა არეგულირებდეს.“

„ადგილობრივ თვითმმართველობის დონეზე ჩვენგან ამ ეტაპზე საკანონმდებლო ინიციატივა არ არსებობს, მაგრამ ის ცვლილებებიც, რაც შესაძლოა განხორციელდეს, შესაძლოა გადაიდოს, საერთო ზოგადი პოლიტიკა ამ მიმართულებით ახლაც ჩამოყალიბების პროცესშია და კონკრეტულად საუბარი მიჭირს. რაც შეეხება გაჟღერებულ თემატიკას, რაციონალურად მეჩვენება, რომ რწმუნებულები, რომლებიც სოფლებში არიან, დემოკრატიის გზით იყვნენ არჩეულები. ასეთ შემთხვევაში ნდობაც მეტი იქნება და მათი ანგარიშვალდებულებაც ხალხის წინაშე. შესაძლოა, ეს საკითხიც განხილვის საგანი გახდეს,“ – განაცხადა ნინო ჩხეტიამ.

ნინო ჩხეტიასთან შეხვედრაზე ადგილობრივებმა მაჟორიტარული სისტემით არჩევნების შენარჩუნება და მეტი ქალის დანიშვნა მოითხოვეს  წამყვან პოზიციებზე.

„ქალების ნაკლებობა მხოლოდ მაღალ თანამდებობებზე შეინიშნება, დროებითი მექანიზმების შემოტანამ რაღაც სახით შეუწყო ხელი, მაგრამ ეს არ არის შედეგის მომტანი. ვფიქრობ, ახალი მექანიზმების გაჩენა ამ კუთხით ცუდი არ იქნება,“ – თქვა ნინო ჩხეტიამ.

18697521_1368036066625429_805595601_o

აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრა შუახევში გუშინ, 23 მაისს გაიმართა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი