მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია სამარშრუტო მიკროავტობუსებს ამოწმებს

23.05.2017
ბათუმის მერია სამარშრუტო მიკროავტობუსებს ამოწმებს

ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებს ტექნიკური დათვალიერება უტარდებათ. მიკროავტობუსების მონიტორინგს, ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების თანამშრომლები ახორციელებენ.

მოწმდება სატრანსპორტო საშუალების ვიზუალობა, სავარძლების რაოდენობა, მათ შორის დაშორების მანძილი და სხვა სტანდარტები, რაც აუცილებელია მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისთვის.

ბათუმის საკრებულოს დადგენილებით, მიკროავტობუსში სავარძლებს შორის დაშორებები მინიმუმ 65 სანტიმეტრი უნდა იყოს. ასევე სავარძლები არ უნდა იყოს დაბინძურებული, დაზიანებული ან არამყარად დამაგრებული.

ამავე დადგენილებით: “სამარშრუტო ტაქსი (მიკროავტობუსი) – 8-დან 17 კაცის ჩათვლით ტევადობის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც ახორციელებს მგზავრთა ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას”; მიკროავტობუსის ჭერის (სალონის) სიმაღლის სტანდარტი მინიმუმ 180 სანტიმეტრია; ნებართვა არ გაიცემა იმ მიკროავტობუსებზე, რომელთა სალონიც არ არის გაწყობილი ხმაურჩამხშობი გადასაკრავით, არ არის ჰერმეტული და იატაკი დაზიანებულია; ასევე, თუ მიკროავტობუსის სალონში ჰაერის ვენტილაცია და/ან გათბობა არ ხორციელდება.

მიკროავტობუსების შემოწმება ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში მძღოლები გაფრთხილებას მიიღებენ, გაუთვალისწინებლობის გამო კი, სამარშრუტო ხაზიდან მოიხსნებიან.

მერიის პრესსამსახურის ცნობით, დღეისთვის ქალაქის ტერიტორიაზე 424 მიკროავტობუსი მოძრაობს. მათ ტექნიკურ დათვალიერებას ბათუმის მერია ყოველწლიურად ატარებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: