მთავარი,სიახლეები

რა შემთხვევაში გახდება დასაშვები გვამზე მუშაობა საქართველოში

24.05.2017 • 3703
რა შემთხვევაში გახდება დასაშვები გვამზე მუშაობა საქართველოში

გვამზე სამედიცინო სწავლების უფლება დღეს საქართველოში არავის აქვს. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონი უპატრონო ან ამოუცნობი გვამის სასწავლო ან სამეცნიერო კვლევის მიზნით გვამზე მუშაობის უფლებას უშვებს, თუმცა სამართლებრივი რეგულაცია არ არსებობს – კონკრეტულად ვის აქვს უფლება გვამზე მუშაობის ნებართვა გასცეს, რა პირობით, ან რა შემთხვევაში. საქართველოს სამედიცინო ფაკულტეტს სტუდენტები ისე ასრულებენ, რომ მათ გვამთან მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

„პირდაპირ ცოცხალ ადამიანზე იწყებენ პრაქტიკას, ეს დაუშვებელია,“ – ამბობს ლეილა ახვლედიანი, ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი. მისი პოზიცია პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტისთვის უკვე ცნობილია, სადაც კანონპროექტის მიღებას აპირებენ „სამედიცინო სწავლებისას გვამური მასალის გამოყენების საკითხზე“ და მედიცინის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაც შედგა.

ლეილა ახვლედიანი კონკრეტულ შემთხვევას იხსენებს, როცა ბათუმში ახალგახსნილმა სამედიცინო უნივერსიტეტმა – BAU-მ გვამი საზღვარგარეთ იყიდა, მაგრამ მისი შემოტანა სარფის საბაჟოზე ვერ მოახერხა: „ეს იყო 2015 წელს. გვამი ვიყიდეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამაში 37 ათასი დოლარი გადაიხადა უნივერსიტეტმა. ჩვენი ქსელის უნივერსიტეტმა თურქეთში ამ გვამზე იმუშავა და გვიგზავნიდა ჩვენ, მაგრამ იგი საბაჟოზე გაფუჭდა, რადგან მისი შემოტანის შესაძლებლობა არ მოგვეცა“.

ბათუმის საერთაშორისო სამედიცინო უნივერსიტეტს ამ შემთხვევის შემდეგ სხვადასხვა უწყებისთვის მიუმართავს, მათ შორის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა, განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებისთვის. პასუხი უნივერსიტეტმა ერთი და იმავე შინაარსის მიიღო: „ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის“.

უნივერსიტეტს გვამზე მუშაობაზე ან გვამის გადაცემაზე უარი უთხრა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომაც, სადაც დღეს მოქმედი კანონმდებლობით ხვდება ამოუცნობი, ან უპატრონო გვამი. გარდაცვალების მიზეზების დადგენის შემდეგ, ბიურო ვალდებულია 10 დღის განმავლობაში დაელოდოს გარდაცვლილის ახლობლის გამოჩენას. თუ ასეთი არავინაა, მაშინ შესაბამისი მუნიციპალიტეტი იღებს ვალდებულებას გვამის დაკრძალვაზე.

„ექსპერტიზის ბიუროში გვითხრეს, რომ ვერ გადმოგვცემდნენ გვამს გამოკვლევის შემდეგ, რადგან ის არაა მისი მესაკუთრე. პრობლემაა ისიც, რომ გვამის სრულად გაკვეთის შემთხვევაში, ის აღარ ვარგა სამუშაოდ. ექსპერტიზის ბიუროში სტუდენტები გადიან პრაქტიკას, თუმცა მათ მხოლოდ დაკვირვების უფლება აქვთ და არა გვამის კვეთაში მონაწილეობის,“- გვიყვება ლეილა ახვლედიანი. მისი ინფორმაციით, თბილისის სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტშიც დაახლოებით 50 წლის წინანდელი გვამით სარგებლობენ და გვამის სწავლებისთვის გადაცემის შემთხვევა საქართველოში დაახლოებით 25 წლის წინ დაფიქსირდა.

გვამზე სამედიცინო მუშაობას სხვა ქვეყნებში სპეციალური კანონმდებლობა არეგულირებს. ძირითად შემთხვევებში ადამიანები თავიანთ ანდერძში მიუთითებენ ამის შესახებ, სურთ თუ არა მათ გვამზე მედიცინის სტუდენტებმა ისწავლონ. „ასეთი ანდერძი რომც დაიწეროს საქართველოში, გვამს ვერ გადმოგვცემენ, რადგან რეგულაციები გაწერილი არ არის. ამ კუთხით ბევრია სამუშაო, რადგან გასათვალისწინებელია კულტურული მომენტი. ამ ფაქტორების გათვალისწინებაც მოგვიწევს კანონპროექტის ავტორებს,“ – ამბობს ლეილა ახვლედიანი, ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი.

სამედიცინო სწავლებისას გვამური მასალის გამოყენების საკითხზე კანონპროექტს ბათუმის საერთაშორისო სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად სხვა უმაღლესი სასწავლებლებიც ამზადებენ. ამ კანონპროექტს ელოდება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტიც. აქამდე პარლამენტს ამ კუთხით ინიციატივა არ ჰქონია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: