სიახლეები

ფერმერები მთავრობისგან შხამ-ქიმიკატებისა და პესტიციდების ხარისხის გაკონტროლებას ითხოვენ

13.04.2017 • 2374
ფერმერები მთავრობისგან შხამ-ქიმიკატებისა და პესტიციდების ხარისხის გაკონტროლებას ითხოვენ

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე დღეს, ქედაში მოსახლეობას შეხვდა და მათ სამინისტროს მიერ 2017 წელს განსახორციელებელი და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

მინისტრთან შეხვედრაზე ქედელმა ფერმერებმა ძირითად პრობლემადუხარისხო შხამ-ქიმიკატები და პესტიციდები დაასახელეს. მათი თქმით, რეალიზაციაში არსებული  შხამ-ქიმიკატები მცენარესა და მოსავალს ანადგურებს და მინისტრს პრობლემის მოგვარების მიზნით პესტიციდებზე კონტროლის მექანიზმის აღსრულება სთხოვეს.

„მოსახლეობის უმრავლესობის ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა, სოფელ დანდალოში კი მოსახლეობას ძირითადად ყურძენი გამოგვყავს, უხარისხო შხამ-ქიმიკატებმა გასულ წელს მოსავალი გაგვინადგურა, სად შეიძლება ვიყიდოთ ხარისხიანი პესტიციდები, რომ წინა წლის მსგავსად მოსავალი არ განადგურდეს?“ – იკითხა შეხვედრაზე სოფელ დანდალოს მკვიდრმა ტარიელ მანველიძემ და მინისტრს ქედაში შხამ-ქიმიკატების მაღაზიის გახსნა სთხოვა.

„სოფლებში მიწების დიდ ნაწილზე, სადაც ადრე ჩაის პლანტაციები იყო გაშენებული და კოლმეურნეობის საკუთრებად მიიჩნეოდა ეს მიწები, დღეს არც ჩაი არის და ვერც მოსახლეობა იყენებს იმ მიწებს, მოსახლეობა ამ მიწების სარგებლობაში გადაცემასა და თხილის გაშენებას ითხოვს, სოფელ პირველ მაისში ასეთი ნაკვეთები დაახლოებით 7 ჰექტარია,“ – თქვა ქედის საკრებულოს წევრმა ზებურ დევაძემ.

„თამბაქოს მაღალი ფასიდან გამომდინარე მოსახლეობის იმ ნაწილმაც კი დარგო თამბაქო, რომელსაც წინა წლებში არ მოჰყავდა იგი, თამბაქოს გაორმაგებული ოდენობა ხომ არ გამოიწვევს მის გაიაფებას? რეალიზების პრობლემა ხომ არ შეგვექმნება?“ – იკითხა ზურაბ ბოლქვაძემ.

მოსახლეობის მიერ პრობლემად დასახელებულ შხამ-ქიმიკატებთან დაკავშირებით მინისტრმა განაცხადა, რომ 2018 წლისთვის ქედაში აგრომაღაზია აშენდება, სადაც მხოლოდ რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნივთიერებები გაიყიდება, რაც შეეხება ყოფილი ჩაის პლანტაციების ტერიტორიების მოსახლეობისთვის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნას, აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გადაჭრით რაიმეს თქმა შეუძლებელია.

„ხშირად გვესმის  ფერმერებისგან ჩივილი, რამდენად ხარისხიანია შხამ-ქიმიკატები, სასუქები, პესტიციდები, საბოლოოდ შევთანხმდით, რომ  2018 წლისთვის ქედაში ერთიანი აგრომარკეტი მოეწყობა, სადაც ერთ სივრცეში თავს მოვუყრით სოფლის მეურნეობის საშუალებების მწარმოებლებს,  რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ამ კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციების მიკვლევადობას, დარწმუნებული ვართ, ამ  გზით მოვაგვარებთ ამ პრობლემას.

რაც შეეხება თამბაქოს რეალიზაციასთან დაკავშირებით მოსახლეობის შიშს, გარკვეულ პერიოდში თამბაქოს  მაღალი ფასისი გამო მოსახლეობა მასიურად დაუბრუნდა თამბაქოს წარმოებას, შესაბამისად დადგა რეალიზაციის საკითხი, დავიწყეთ ურთიერთობა თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებთან იმ მიმართულებით, რომ შევთავაზოთ მათ აჭარაში წარმოებული თამბაქო.

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების ფერმერებზე გადაცემაზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ სამრეწველო ბაღების გაშენების პროექტებზე, რაც პირდაპირ კავშირშია კოოპერაციული  ბაღების განვითარებასთან, რაც არ მოხდება მოსახლეობის ჩართულობის გარეშე, ჯერ თავს შევიკავებ დეტალური პასუხისგან.  როცა საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით 2018 წლის პროგრამებზე,  ამ კითხვებზე გვექნება პასუხები,“ – ამბობს ლაშა კომახიძე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: