მთავარი,რეკლამა

ქართველი სტუდენტები საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობაზე

23.05.2017 • 2515
ქართველი სტუდენტები საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობაზე

საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობაზე ქართველი სტუდენტები საუბრობენ, რომლებიც ამჟამად თურქეთში იღებენ განათლებას.

ლიკა ჩერქეზიშვილი, გაზის უნივერსიტეტი [თურქეთი, ანკარა], საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობა 

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 21 მაისს. დიპლომატიური ურთიერთობები 25 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის  უფრო და უფრო ღრმავდება, რამაც სტრატეგიული თანამშრომლობის სახე მიიღო როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. აღნიშნულის ნათელი მაგალითია თუნდაც ის, რომ თურქეთი არის  საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი, რომელთანაც მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ამასთანავე, თურქეთის კერძო სექტორი საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია.  გარდა ამისა, თურქეთი არის  ჩვენი სტრატეგიული პოლიტიკური მოკავშირე, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მხარდამჭერია. მნიშვნელოვანია თანამშრომლობა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რეგიონის ენერგეტიკული და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების თვალსაზრისით. ორ ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” ნავთობსადენი და „ბაქო-თბილისი-ერზერუმის” გაზსადენი. წარმატებით ვითარდება თანამშრომლობა ელექტროენერგეტიკის სფეროშიც.

კეთილმეზობლური ურთიერთობის მაგალითია თუნდაც ის რომ, ორივე ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ და პასპორტის გარეშე შეუძლიათ გადაადგილება, რაც ტურიზმის კუთხით და ასევე  საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ხელს უწყობს, ეს ორივე  ქვეყნისთვის  მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის განათლების დარგს, შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთთანამშრომლობა ამ სფეროშიც ღრმავდება,  2015 წლიდან თურქეთის საშუალო სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამა დამტკიცდა – აბსოლუტურად ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს ქართული ენა და შეისწავლოს. თურქეთის რესპუბლიკას აქვს გამოყოფილი საზღვარგარეთ სწავლის მსურველებისთვის თურქეთის სტიპენდიები, რაშიც საქართველოს მოქალაქეებსაც აქვთ უფლება მიიღონ მონაწილეობა. ასევე ვფიქრობ, რომ საქართველოშიც აქტუალურად ისწავლება თურქული ენა, და ზუსტად ეს თანამშრომლობა ხალხთა შორის ურთიერთობას და ორი ქვეყნის ურთიერთობის უფრო მეტად გაღრმავებაში შეუწყობს ხელს.

ვფიქრობ, რომ საქართველო-თურქეთს შორის არსებული მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობა  გაგრძელდება, რაც უმნიშვნელოვანესია როგორც ორივე ქვეყნისთვის, ასევე რეგიონისთვის.

თეონა კახაძე,  შავი ზღვის უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობა 

საქართველო-თურქეთს შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ ხასიათს ატარებს და წარმატებით ვითარდება როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ სფეროში.

აღსანიშნავია, რომ თურქეთი არის საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი. საქსტატის 2017 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, თურქეთზე მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 16%. რაც შეეხება თურქეთიდან იმპორტირებული საქონლის მოცულობას, 2016 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებზე დაყრდნობით  997 797.6  აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოსა და თურქეთს შორის  ბოლო წლებში დინამიკურად ვითარდება თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში. საქართველოში თურქეთის მხრიდან განხორციელებული ინვესტიციების მეშვეობით შენდება ახალი ჰიდროელექტროსადგურები და გადაცემის ხაზები.  თურქეთის მხრიდან ხორციელდება ინვესტიციები სხვადასხვა სფეროში და აქედან გამომდინარე, თურქეთი გადაიქცა მსხვილ ინვესტორ ქვეყანად და ბოლო  2016 წლის საქსტატის მონაცემების მიხედვით  თურქეთი, აზეირბაიჯანის შემდეგ, მეორე მსხვილ ინვესტორ ქვეყანას წარმოადგენს.

აგრეთვე მნიშვნელოვანია ქვეყნების თანამშრომლობა გაზისა და ნავთობის ევროპის ტრანსპორტირების სფეროში.  ამ მიმართულებით ორი უმსხვილესი პროექტი ხორციელდება.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი (BTC)  – ნავთობსადენი ( რომლის სრული ექსპლუატაცია 2006 წელს მოხდა) საქართველოსთვის, როგორც შემოსავლების მხრივ  მომგებიან პროექტს არ წარმოადგენს. საქართველო, როგორც ტრანზიტორი ქვეყანა, წელიწადში 50 მილიონს იღებს, თუმცა ეს ენერგოუსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი პროექტია.

„შაჰ-დენიზი“ გაზსადენი –  საბადოს დამუშავებაზე კონტრაქტი 1996 წლის ივნისში გაფორმდა, 2013 წლის 17 დეკემბერს მოეწერა ხელი და დაიწყო შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის განხორციელება. ეს პროექტი მომგებიანია როგორც ეკონომიკის, ასევე ენერგოუსაფრთხოების კუთხით.  პროექტის მეშვეობით საქართველოში 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, რაც შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. აგრეთვე, 2019 წლიდან საქართველო დამატებით მიიღებს დაახლოებით 1 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს შეღავათიან ფასად.

საქართველოსა და თურქეთის მეგობრული ურთიერთობა დადებითად აისახება ტურიზმზეც. თურქეთი ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით მესამე ქვეყანაა.

ამგვარად, თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყნებს შორის ორმხრივი  ეკონომიკური ურთიერთობები უფრო ღრმავდება, რაც საბოლოოდ  დადებითად აისახება ორი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: