ბათუმი,მთიანი აჭარა,სიახლეები

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აჭარის მუნიციპალიტეტებში

25.05.2017 • 4031
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აჭარის მუნიციპალიტეტებში

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აჭარის მუნიციპალიტეტებში თემატური ღონისძიებები იგეგმება, მათი განრიგი ასე გამოიყურება:

ხელვაჩაურში, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, 11:00 საათზე მოეწყობა სპორტული შეჯიბრი სიმძიმეების აწევაში, 12:00 საათზე – შეჯიბრი დარცში, 13:00 საათზე კი –  მკლავჭიდში.

13:00 საათზე  აქვე მოეწყობა რეწვის ოსტატების ნამუშევრებისა და ადგილობრივი კერძების გამოფენა. გამოიფინება ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრები. მოეწყობა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით. მსურველებს საშუალება ექნებათ სახეზე მოიხატონ საქართველოს დროშა.

სხვადასხვა გამოფენა, ასევე სპორტული და კულტურული ღონისძიებები მოეწყობა 12 საათიდან თხილნარის კულტურის სახლთანაც.
ქობულეთში, ცენტრალურ მოედანზე (გამგეობის შენობის წინ),  13:00 საათზე  საბავშვო ბაღები მოაწყობენ გამოფენას საქართველოს კუთხეების წარმოსაჩენად. 14:30 საათზე მოეწყობა ფინალური მატჩი გოგონათა ფეხბურთში, 16:00 საათზე კი ჩატარდება კონცერტი კულტურის სახლში.

ქედაში 10:00 საათიდან დაგეგმილია შემდეგი სპორტული ღონისძიებები: მარათონი სირბილში (მანძილი 2 კმ), ბირთვის კვრა და კალათბურთი.

დაჯილდოებების ცერემონიალი გაიმართება ქედის ცენტრში არსებულ სასპორტო სკოლის ეზოში.

12:00 საათზე ქედის ცენტრში არსებულ სასპორტო სკოლის ეზოში დაიწყება მოლბერტებზე ხატვა თემაზე: „დამოუკიდებელი საქართველო“.  14:00 საათზე კი რუსთაველის ქუჩაზე მდებარე პარკში ჩატარდება კონცერტი.

შუახევის დაბის ცენტრში 11:40 საათზე დაგეგმილია საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალის შემკობა ყვავილებით.  12:00 საათზე დაგეგმილია კონცერტი, რის პარალელურადაც შუახევის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისა და სკოლის მოსწავლეები გამოფენენ თავიანთ ნახატებსა და ნამუშევრებს თემაზე: ,,ვეფხისტყაოსანი“; აქვე მოეწყობა კონფერენცია თემაზე: ,,ვეფხისტყაოსანი – ქართველების ბიბლია.“
13:00 საათზე დაგეგმილია სხვადასხვა საგნობრივ კონკურსში გამარჯვებული სკოლებისა და მოსწავლეების დაჯილდოება.

ხულოში თემატური ღონისძიება იგეგმება იუსუფ ზოიძის სახელობის დრამატულ თეატრში, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: