კვირის ამბები,მთავარი

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება შხამქიმიკატების შეძენისას

17.04.2016 • 3675
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება შხამქიმიკატების შეძენისას

445 მაღაზიას, სადაც შხამქიმიკატები და ბიომინერალური სასუქები იყიდება, ფიტოსანიტარიის ინსპექტორები მთელი წლის მანძილზე გააკონტროლებენ. თავად გლეხებმა შხამქიმიკატების შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციონ, აქვს თუ არა შეფუთვას ეტიკეტი ქართულ ენაზე, მითითებულია თუ არა ვადა და რეგისტრირებულია თუ არა პრეპარატი. კანონში შესული ცვლილებით, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ბიზნესოპერატორებმა ეს წესები უნდა დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მესხი ამბობს, ბიზნესოპერატორი ვალდებულია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენებისა და შენახვის წესები თუ ვადები დაიცვას; ასევე სარეალიზაციოდ გამოტანილ ნებისმიერი დასახელების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიურ ნივთიერებასა თუ ბიო-ორგანულ სასუქს ეტიკეტი ქართულ ენაზე დააკრას. სურსათის ეროვნულ სააგენტოში მიაჩნიათ, რომ ეს ფერმერებს საშუალებას მისცემს, ნებისმიერი დასახელების პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების შესახებ მიიღონ სრული ინფორმაცია.

„სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო, 445 მაღაზიიდან პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე აიღებს ნიმუშს და ლაბორატორიულ კვლევას აწარმოებს. ქვეყანაში მხოლოდ იმ ქიმიკატების რეალიზაცია არის დასაშვები, რაც რეგისტრირებულია. შესაბამისად, ბიზნესოპერატორები ვალდებული არიან კანონის მოთხოვნა შეასრულონ – არარეგისტრირებული ქიმიკატები გასაყიდად არ გამოიტანონ. არარეგისტრირებული ქიმიკატებით ვაჭრობა დაუშვებელია“, – უთხრა „ბათუმელებს“ ნიკოლოზ მესხმა.

მისივე ინფორმაციით, ცვლილება შეეხო ეტიკეტირების წესსაც – ამიერიდან აუცილებელია ეტიკეტი ქართულ ენაზე იყოს: „შეფუთვაზე ასევე დატანილი უნდა იყოს შენახვის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესი, რომელიც მაღიზიებმა უნდა დაიცვან. ჩვენი სპეციალისტები ყოველდღიურ რეჟიმში შეამოწმებენ, სრულდება თუ არა კანონით გაწერილი მოთხოვნები. სავაჭრო ობიექტებზე დარღვევა თუ გამოიკვეთება, შესაბამისი რეაქცია გვექნება. ფერმერები ფალსიფიცირებული ან ვადაგასული ქიმიკატებისგან მაქსიმალურად უნდა დავიცვათ“.

იმ შემთხვევაში, თუ ვადაგასული პრეპარატი რეალიზაციაში მაინც მოხვდება, გამოსავალი მხოლოდ ერთია, – ფერმერმა თვითონ უნდა გააკონტროლოს მისი ვარგისიანობა და ვადაგასული პრეპარატი არ გამოიყენოს. როგორც ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, ვადაგასული პრეპარატი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს.

„ვადაგასული პრეპარატი მცენარეს ვერ იცავს და ფერმერი მოტყუებული რჩება. გარდა ამისა, არასწორად გამოყენებულმა პრეპარატმა შეიძლება მცენარეც კი გაანადგუროს. თუ მცენარეს შევასხურებთ ისეთ პრეპარატს, რომელიც განკუთვნილია, მაგალითად, მხოლოდ სარეველასთვის და არა სხვა მცენარისთვის, მისი გამოყენებით მცენარე განადგურდება, ამიტომ ფერმერმა უნდა იცოდეს, თუ რომელი მავნე ორგანიზმის წინააღმდეგ რომელი პრეპარატის გამოყენება შეიძლება. დიდი მნიშვნელობა აქვს კვალიფიციური აგრონომის კონსულტაციასაც“, – ამბობს ნიკოლოზ მესხი და იმედოვნებს, რომ მცირე დაფასოება ხელს შეუწყობს კანონის შესაბამისად გაიყიდოს შხამქიმიკატები და ფალსიფიცირება გამოირიცხოს.

ფალსიფიცირებული პრეპარატები სოფლის მეურნეობისთვის ზარალის მომტანი რომაა, ამაზე აგრონომები და სპეციალისტები ერთხმად თანხმდებიან. მეღვინე, მებაღეობა-მევენახეობისა და ღვინის სამეცნიერო ინსტიტუტის დამფუძნებელი დავით თამარაშვილი ამბობს, რომ ფალსიფიცირებული შხამქიმიკატები არა მარტო მოსავალს ამცირებს, არამედ მცენარის განადგურების მიზეზიც კი ხდება. დავით თამარაშვილი ამბობს, რომ კანონი არსებობს, თუმცა აღსრულების მექანიზმი მოუქნელია. მისი თქმით, ჩვეულებრივი ფერმერისთვის ხარისხიანი პესტიციდებისა თუ აგროქიმიკატების გარჩევა შეუძლებელია.

კითხვაზე, რამდენად დაცულია ქვეყანაში მომხმარებელი ფალსიფიცირებული პრეპარატებისგან, ნიკოლოზ მესხი ასე პასუხობს:

„ჩვენ ყოველწლიურად ვყიდულობთ ქიმიკატებს და ლაბორატორიულად ვამოწმებთ. ლაბორატორიული კვლევის შემდეგ თუ გამოიკვეთება, რომ ქიმიკატი არ შეესაბამება სტანდარტებს, ასეთ პრეპარატს სავაჭრო ქსელიდან ვიღებთ და ბიზნესოპერატორზე სადამსჯელო ღონისძიება ტარდება. წელს მაქსიმალურად ვამკაცრებთ კონტროლს. ვფიქრობ, მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს ფალსიფიცირებული და ვადაგასული პრეპარატებით ვაჭრობა“.

იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო მონიტორინგის დროს არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული, გამოსაყენებლად უვარგის აგროქიმიკატის ან პესტიციდის რეალიზაციას გამოავლენს, ბიზნესოპერატორი 1000 ლარით დაჯარიმდება.

რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში სპეციალიზებულ მაღაზიებში პრეპარატების ხარისხს ფიტოსანიტარიის ინსპექტორები გააკონტროლებენ.

გასულ წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 93 ობიექტი შეამოწმა. პესტიციდებიდან აღებული 170 ნიმუშიდან უარყოფითი ლაბორატორიული შედეგის საფუძველზე ხუთი, ხოლო სამი მეწარმე პესტიციდების მარკირების წესის დარღვევისათვის დააჯარიმეს. ასევე, სააგენტომ გასულ წელს სამი არარეგისტრირებული ბიზნესოპერატორი დააჯარიმა.

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციის წესებთან დაკავშირებული ცვლილებები კანონში 2013 წელს შევიდა. თუმცა სააგენტოში ამბობენ, რომ წელს მისი შესრულება უფრო მკაცრად გაკონტროლდება, ვიდრე აქამდე კონტროლდებოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: