მთავარი,სიახლეები

ყაჩაღობა სათამაშო რევოლვერით და მიტაცებული 10 ათასი ლარი – „სანტას საქმე“

23.05.2017
ყაჩაღობა სათამაშო რევოლვერით და მიტაცებული 10 ათასი ლარი – „სანტას საქმე“

ყაჩაღობაში ბრალდებული ჯემალ მ. ბრალს არ აღიარებს, თუმცა დაკავების დროს, წინასწარი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აღიარა, რომ მან ახალი წლის საღამოს ჩაიცვა სანტას ფორმა და სუპერმარკეტ „იალჩინში“ სავალუტო ჯიხური დააყაჩაღა სათამაშო რევოლვერის მუქარით.

„სანტას ყაჩაღობის საქმეს“ მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ყაჩაღობაში ბრალდებულ „სანტას“ 5-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

„მე ჩავატარე ბალისტიკური ექსპერტიზა, უნდა გამოგვერკვია, მოცემული პისტოლეტი იყო თუ არა ცეცხლსასროლი იარაღი… ეს იყო რევოლვერის მსგავსი საგანი. იგი სათამაშო აღმოჩნდა,“ – უთხრა მოსამართლეს პოლიციის თანამშრომელმა, რომან ბერიძემ. მისი და კიდევ რამდენიმე პოლიციელის ჩვენება ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 23 მაისს, მოისმინა.

სხვა მოწმე პოლიციელები მოსამართლეს მოუყვნენ, რომ სუპერმარკეტ „იალჩინში“ ახალი წლის დადგომამდე მივიდნენ და გაარკვიეს, რომ სანტას ფორმაში გამოწყობილმა მოქალაქემ მოლარე-ოპერატორები იარაღით დააშინეს და თანხა მიითვისეს.

მარკეტში განთავსებული ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ლევან ნიჟარაძემ, მოსამართლეს უთხრა, რომ იმ საღამოს დაახლოებით 48 ათასი ლარი დაიკარგა. „ასე თქვა მენეჯერმა, მამუკა ხახუტაიშვილმა 48 ათასი წაიღესო, მაგრამ შემდეგ გაირკვა რაღაცები, რა – კონკრეტულად არ ვიცი,“ – თქვა მოწმემ.

ჯემალ მ.-ს გამოძიება კონკრეტულად 9 800 ლარის მიტაცებას ედავება. საქმის მასალებში არ დევს მონაცემები, ვინ დააბრუნა დანარჩენი თანხა. სასამართლო პროცესზე მოწმეებმა თქვეს მხოლოდ ის, რომ ვალუტის ჯიხურის მენეჯერი მამუკა ხახუტაიშვილი ამ დროისთვის იქ აღარ მუშაობს. მისი ჩვენება სასამართლოს ჯერ არ მოუსმენია.

საქმეში ასევე ბუნდოვანია, როგორ დაადგინა გამოძიებამ ვინ იყო „სანტა“. პროკურატურა ირწმუნება, რომ სამართალდამცველებმა „სანტას“ ვინაობა ოპერატიული შეტყობინების საფუძველზე დაადგინეს და ჯემალ მ. 12 იანვარს დააკავეს. დაკავების და ბრალის აღიარების შემდეგ, წინასასამართლო პროცესზე ბრალდებულმა დუმილით უპასუხა მოსამართლის შეკითხვას: „ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?“.

ამ ეტაპზე ჯემალ მ.-ს და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: