თავშესაფარი ფსიქიკურად დაავადებული ადამიანებისთვის

ფსიქიკურად დაავადებულ ხანდაზმულებს თავშესაფარში მიიღებენ – საუბარია 65 წელს გადაცილებულ ადამიანებზე, ვისაც ასაკობრივი ცვლილებების გამო სხვადასხვა ფსიქიკური დაავადება ქრონიკულად აწუხებს, მაგრამ არა გამწვავებული ფორმით. ამ ტიპის პაციენტების სტაციონარში მოთავსება ამჟამად შეუძლებელია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ივლისიდან 50 ასეთი პაციენტის დაფინანსებას აპირებს.

„ესენი არიან მოხუცები, რომლებიც გარშემომყოფებს საფრთხეს არ უქმნიან, მაგრამ ხშირად ოჯახებს მათი მოვლის საშუალება არ აქვთ, ან მარტოხელები არიან…“, –  გვიყვება ლელა სურმანიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.

ალცჰეიმერი, ამნეზიური სინდრომი, დემენცია [ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება], დელირიუმი [აღგზნებადობა], თავის ტვინის დაზიანებით გამოწვეული აშლილობები – ლელა სურმანიძის განმარტებით, ძირითადად, ამ ფსიქიკური დაავადების მქონე მოხუცებს მოათავსებენ თავშესაფარში.

ფსიქიკური დაავადების მქონე მოხუცებისთვის თავშესაფარი უკვე მოწყობილი აქვს ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს. ამ კლინიკასთან ხელშეკრულება აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 3 ივლისს გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, თავშესაფარი იზოლირებული უნდა იყოს ფსიქიატრიული დაწესებულებებისგან. თავშესაფრის პრეზენტაცია ოფიციალურად 19 ივლისს იგეგმება.

პროგრამაში ნებისმიერი სხვა კლინიკაც შეიძლება ჩაერთოს, რომელსაც იზოლირებული თავშესაფრის მოწყობა შეუძლია. თავშესაფრით მოსარგებლეს ასევე შეეძლება შეწყვიტოს კონკრეტულ თავშესაფართან თანამშრომლობა და მისთვის გამოყოფილი ვაუჩერით სხვა თავშესაფარში გადავიდეს.

„ეს გულისხმობს 24- საათიან მომსახურებას ადგილზე, მულტიდისციპლინური მეთოდით მკურნალობას ინდივიდუალური მართვის გეგმის შესაბამისად, მედიკამენტებით და სამჯერადი კვებით უზრუნვეყოფას, ჰიგიენური ნივთებით მომარაგებას,“ – ამბობს ლელა სურმანიძე.

თავშესაფარში მყოფი თითოეული პაციენტისთვის სახელმწიფო დღეში 15 ლარს დახარჯავს. ლელა სურმანიძე ამბობს, რომ ეს თანხა არაა საკმარისი, თუმცა ამ ეტაპზე სახელმწიფო პროგრამა ამ ოდენობას ითვალისწინებს. თავშესაფარში გაჩერება მოხუცს 6 თვის განმავლობაში შეუძლია, „თუმცა, თუ არსებობს მკურნალობის გაგრძელების საჭიროება, შესაძლებელია დამატებით გაიცეს ვაუჩერი. ყურადღება მიექცევა ოჯახის სოციალურ მდგომარეობასაც,“ – დასძენს ლელა სურმანიძე.

მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ აქამდე ეს მოხუცები მხოლოდ ამბულატორიული მომსახურებით სარგებლობდნენ და იღებდნენ მედიკამენტებს. პროგრამა ამ ეტაპზე 50 მოხუცის დაფინანსებას ითვალისწინებს, თუმცა თუ მიმართვიანობა მაღალი იქნება, სამინისტრო ბენეფიციარების რაოდენობის გაზრდას მომავალი წლიდან შეძლებს.

თავშესაფრით სარგებლობის თხოვნით სამინისტროს ერთმა მოხუცმა უკვე მიმართა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, 83 წლის მამაკაცს უახლოეს დღეეში მოათავსებენ თავშესაფარში, რომელიც ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია მოწყობილი.

tavshesapari 2

tavshesafari 3

tavshesafari 4

tavshesapari 5

ფოტო: თავშესაფარი ფსიქიკური დაავადების მქონე მოხუცებისთვის ბათუმის ფსიქიატიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე.

 

საზღვაო ტურისტული ტრანსპორტით ზღვაში გასვლა შეჩერებულია

ბათუმის ნავსადგურში საზღვაო ტურისტული ტრანსპორტით მოძრაობა ამჟამად შეჩერებულია.

ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ამის მიზეზი შტორმის შესახებ გამაფრთხლებელი განცხადებაა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმის აკვატორიაში ზღვაში 3-4 ბალის შტორმია.

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ცნობით, საზღვაო მოძრაობა 8 ივლისის ჩათვლით იქნება შეჩერებული.

qaver gemi
ბათუმის ნავსადგური / გულნარა კაკაბაძის ფოტო

ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „თიბისი ბანკთან“, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მძღოლი არ მიმალულა. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაშავებულ მამაკაცს მსუბუქი დაზიანება ჰქონდა მიღებული და მას დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩის ამ მონაკვეთში, ავტოსაგზაო შემთხვევა ხშირად ხდება.

ვახშმები ხულოს ბიუჯეტის ხარჯზე

კვირის ბოლოს ხულოში „სელიმობას“ აღნიშნავენ. ტრადიციული დღესასწაულის აღსანიშნავად ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 5256 ლარი და 90 თეთრი დაიხარჯება. ბიუჯეტის ნახევარზე მეტი – 2987 ლარი და 50 თეთრი, ვახშმისთვისაა გათვალისწინებული.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და კომპანია „არსი 2“-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში იპოვით ჩამონათვალს, თუ რა არის გათვალისწინებული „სელიმობისთვის“. სია ბუკლეტების დაბეჭდვით და ვარდების შეძენით იწყება და გრძელდება იმ კერძების ჩამოთვლით, რაც სტუმრებმა ვახშამზე უნდა მიირთვან: სინორი, ქათამი, კაიმაღი, ბორანი, ხაშლამა ღრმა თეფშებზე…

„ეს არის ტრადიციული კერძები, რითაც მობრძანებულ სტუმრებს ვუმასპინძლებდით. მენიუ არავის შეუდგენია, ზოგადად ასე ხდება, ყოველწლიურად აღინიშნება სელიმობა,“ – გვითხრა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ბესიკ ბაუჩაძემ. მისივე თქმით, სელიმობა მოიცავს მუზეუმის მონახულებას და კულტურულ ღონისძიებას.

ვინ დაესწრება ვახშამს?  ბესიკ ბაუჩაძე გვპასუხობს, რომ ვახშამს „მუნიციპალიტეტის მეგობრები“ დაესწრებიან: „ესენი არიან მეცნიერები, ისტორიკოსები, პედაგოგეგბი, რეგიონის ხელმძღვანელი პირები, ასევე სელიმ ხიმშიაშვილის შთამომავლები…“

კომპანია, რომელიც ხულოს გამგეობას ვახშმებით ამარაგებს

„არსი 2“ არის კომპანია, რომელიც თითქმის ყველა ტენდერს იგებს ხულოში, რაც სარესტორნო მომსახურებას უკავშირდება. ამ კუთხით გამოცხადებულ ელექტრონულ შესყიდვაში ეს კომპანია ერთადერთი მონაწილეა და გამარჯვებულიც.

„სელიმობამდე“ კომპანია „არსი 2“-თან ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2017 წლის 10 აპრილს ორი ხელშეკრულება გააფორმა. ერთ-ერთის ბიუჯეტი 11 564 ლარია და იგი სხვადასხვა ღონისძიების გამართვას გულისხმობს, მათ შორის, 18-19 აპრილის სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. ჩამონათვალი აქაც ვარდებით იწყება და 70-კაციანი სუფრით სრულდება სოფელ წაბლანაში. ამ ვახშმისთვის ხულოს ბიუჯეტიდან 1890 ლარი დაიხარჯა.

10 აპრილს გაფორმებული კიდევ ერთი ხელშეკრულება ანსამბლ „ბერმუხას“ საიუბილეო ღონისძიების ორგანიზებას გულისხმობს. სუფრა აქ 45 კაცზე გაშლილა. ამ ვახშმისთვის 1305 ლარი დახარჯულა.

„არ ვიცი, საიდან იმარჯვებს ეს კომპანია, ან რატომ არის ერთადერთი მონაწილე. ელექტრონული შესყიდვა არის დახურული,“ – ამბობს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი, ბესიკ ბაუჩაძე.

კომპანია „არსი 2“ ბათუმში რეგისტრირებული კომპანიაა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მისი დამფუძნებელი რამაზ გოგიჩაიშვილია.

დანები დედებს

კომპანია „არსი 2“-მა მოიგო ასევე ხულოს გამგეობის შესყიდვა – „დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზება“. ვახშამს ეს ღონისძიებაც ითვალისწინებდა. სუფრა 20 კაცისთვის ყოფილა გათვალისწინებული და ამისთვის 1085 ლარი დახარჯულა [ერთი კაცი – 54 ლარი და 25 თეთრი].

ვახშმამდე დედებს სუფრის დანების კოლექცია აჩუქეს, წყლის მადუღარა და მიხაკები. ჯამში ამ ღონისძიებისთვის ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3516 ლარი და 40 თეთრი დაიხარჯა.

შუამთობა – ვახშამი ტრადიციული ფასით 

2012 წლიდან დღემდე სუფრის გაშლა ბეშუმში 7 ათასი ლარია. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა სახალხო დღესასწაულის სუფრისთვის ტენდერს არ აცხადებს. გამგეობა მუდმივად პირდაპირ შესყიდვას აფორმებს ერთსა და იმავე პირთან – ემზარ აბაშიძესთან. წლების განმავლობაში არც მენიუ იცვლება. მაგალითად, 2012 წელს და ახლაც გამგეობა ერთ თიკანში 135 ლარს დახარჯავს.

„თუ თქვენ იცნობთ ბეშუმს, იქ სხვა ალტერნატივა არ არსებობს. სხვა სასადილო იქ არ არის, სადაც 200 კაცი დაეტევა,“ – ასე ხსნის ერთსა და იმავე პირთან პირდაპირი შესყიდვის გაფორმებას ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

რატომ არ ცდილობს გამგეობა ალტერნატივის გაჩენას ტენდერის გამოცხადებით? – ბესიკ ბაუჩაძე ამბობს, რომ თუკი გაიგებს ინფორმაციას, რომ ახალი და დიდი კაფე მოეწყო ბეშუმში, ან გოდერძზე, მაშინ გამოაცხადებს ტენდერს: „სადაც ახლა იმართება შუამთობა, ეს არის ფაცხები. ხშირად იქაც ვერ ეტევა ხალხი და ხელახლა იშლება სუფრები. ეს არ არის ღრეობა. შუამთობას ულოცავს ხალხი ერთმანეთს“.

ავტომანქანის მართვის სწავლება ცენტრალურ ქუჩებში შეიზღუდა

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ავტომანქანის პრაქტიკული მართვის სწავლებისთვის სპეციალური მარშრუტები განისაზღვრა. მართვის სწავლება დასაშვებია გენ.ასლან აბაშიძის, ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, ბაგრატიონის, კომახიძის, გაგარინის, სულაბერიძის, მაიაკოვსკის, ლადო ასათიანის, ლეონიძის, შავშეთის და კიდევ რამდენიმე ქუჩაზე.

ავტომანქანის მართვის სწავლა შეიზღუდა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში.

საკრებულომ აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, 5 ივლისს, სხდომაზე მიიღო. საკრებულომ ამავე სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნულ ქუჩებზე უზრუნველყოს ჰორიზონტალური მონიშვნებისა და საგზაო ნიშნების განთავსება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე კონტროლი საპატრულო პოლიციას დაევალა.

ცვლილებები ბათუმის ბიუჯეტში

ბათუმის საკრებულომ დღეს, 5 ივლისს, გამართულ საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი წარმოადგინა, რომლის მიხედვით, ბიუჯეტი შემოსულობის ნაწილში იზრდება 20 ათასი ლარით, ხოლო გადასახდელების ნაწილში – 111 ათასი ლარით.

ცვლილებების მიხედვით, 91 ათასი ლარი მოდის კვირეულის დაფინანსებისთვის გამოიყოფა, 20 ათასი ლარი კი კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოებისთვის. ასევე, პარკების, სკვერების რეაბილიტაციის ფარგლებში  ჯავახიშვილის  70-74-ში არსებული სკვერის განათებაზე 6 ათასი ლარი გამოიყოფა, 33 ათასი ლარი კი – მუნიციპალური ტრანსპორტის სათადარიგო ნაწილების შეძენაზე.

ცვლილება შეეხო ბოტანიკური ბაღის ქვეპროგრამასაც, 17 ათასი ლარი გოდერძის ალპური ბაღის განვითარების მიზნით ბოტანიკური ბაღის თანამშრომლების გერმანიაში გამგზავრებაზე დაიხარჯება, 16 300 ლარი კი – კორდის შეძენაზე.

ცვლილება შეეხო სტუდენტური დასაქმების პროგრამასაც, ტენდერის შედეგად გამოთავისუფლებული 5 ათასი ლარით პროგრამაში მონაწილე პირებისთვის სერტიფიკატები დამზადდება.

ირაკლი მიქელაძეს გერმანიაში ყოფნის პერიოდში მიღებული პრემია არ დაუბრუნებია

დააბრუნეთ თუ არა პრემია? – ეს კითხვა „ბათუმელებმა“ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი მიქელაძეს დაუსვა. ირაკლი მიქელაძემ კითხვას არ უპასუხა და თქვა: „ბრიფინგს გავაკეთებ ორ დღეში და ყველას ერთად გიპასუხებთ“. ანალოგიური კითხვა „ბათუმელებმა“ გასულ კვირასაც დასვა – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მაშინაც თქვა, რომ ორ დღეში ბრიფინგს გამართავდა და ისე გასცემდა „ამ კითხვას პასუხს“.

ირაკლი მიქელაძეს მაშინ ბრიფინგი არ გაუმართავს.

საქმე იმაშია, რომ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მას შემდეგ, რაც საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე გახდა [მიქელაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ 2016 წლის 29 დეკემბერს აირჩიეს. დაწინაურების შემდეგ თავმჯდომარის მოადგილე მხოლოდ ერთ სხდომას დაესწრო – 2017 წლის 18 იანვარს.], მალევე გერმანიაში გაემგზავრა.  ამის მიუხედავად, ირაკლი მიქელაძეს მიღებული აქვს როგორც პრემია, ისე ხელფასი, ტელეფონის და ავტომანქანის საწვავის ხარჯები.

დანართი-2-გაზეთ-ბათუმელებს-1

ირაკლი მიქელაძე საქართველოში დაახლოებით ორი კვირის წინ დაბრუნდა.

დანართი-3-გაზეთ-ბათუმელებს-3

 

 

 

თანამდებობის პირისთვის, რომელიც სამსახურში არ დადიოდა, ბათუმის ბიუჯეტიდან მხოლოდ 2017 წლის პირველ ოთხ თვეში 16 450 ლარი დაიხარჯა. ამას ბათუმის საკრებულოდან გამოგზავნილი ოფიციალური ინფორმაცია ადასტურებს, რომელსაც ხელს საკრებულოს მთავარი ბუღალტერი გ. კვერღელიძე აწერს.

დანართი-2-გაზეთ-ბათუმელებს-131 მაისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, ლაშა სირაბიძემ, აჭარის ტელევიზიასთან განაცხადა, რომ „სავარაუდოდ ბატონი ირაკლი უკან დააბრუნებს იმ კონკრეტულ პრემიას“.

 

 

 

 

ბათუმის საკრებულომ „აჭარა ფეშენ ვიკი“ და „მის და მისტერ პლანეტა“ 91 ათასი ლარით დააფინანსა

დღეს, 5 ივლისს, ბათუმის საკრებულომ მხარი დაუჭირა მოდის კვირეულის – „აჭარა ფეშენ ვიკის“ და „მის და მისტერ პლანეტას“ ჩატარებას. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია და საკრებულოს ცალკეული წევრები ამ ღონისძიების დაფინანსების წინააღმდეგი იყვნენ, საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა ხმა მაინც მისცეს მოდის კვირეულის დაფინანსებას.

საკრებულოს წევრმა, დიმიტრი დარჩიამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან მისი განცხადებით, 91 ათასი ლარით საკრებულოს  სოციალური პროგრამების დაფინანსება შეეძლო.

„ეს ღონისძიებები დაახლოებით 50-60 ადამიანზეა გათვლილი, მაშინ როცა ამ ქალაქში 91 ათას ლარად შესაძლებელია სხვა პროგრამების დაფინანსება. მაგალითად, 130 შშმ ბავშვისთვის შესაძლებელი იყო ეტლების შესყიდვა, ამ მოთხოვნით წლის დასაწყისში საკრებულოს მერიას მიმართა, თუმცა მერიამ ეს ინიციატივა არ გაითვალისწინა; ასევე შეიძლება 495 პენსიონერის მედიკამენტების უზრუნველყოფა 200 ლარის ფარგლებში.

უფასო სასადილოებში, სადაც 1.80 ლარია ერთ ადამიანზე გამოყოფილი, ამ თანხად 135 ადამიანს შეუძლია მთელი წლის განმავლობაში უფასოდ იკვებოს; ბევრი სოციალურად დაუცველი ადამიანია, რომელიც მოგვმართავს ბინის ქირის გადახდის თხოვნით და 91 ათასი ლარით შესაძლებელი იყო 303 ოჯახისთვის ამ პრობლემის გადაწყვეტა. 2600 კვ/მეტრი ასფალტი შეიძლება დაგებულიყო აღნიშნული თანხით, ასევე 4 550 კვ/მეტრი ფილა შეიძლება დაიგოს ამ თანხად. სულ ცოტა ხნის წინ აჟიოტაჟი იყო სავაჭრო ჯიხურებთან დაკავშირებით და შესაძლებელი იყო ამ თანხით 18 სავაჭრო ჯიხურის გაკეთება.

საბავშვო ბაღებში აღმზრდელებისთვის ხელფასების გაზრდას მოითხოვდნენ ცოტა ხნის წინ, თუმცა მერიამ არ გაითვალისწინა ეს მოთხოვნაც. 91 ათას ლარად, 432 პედაგოგი  5 თვის განმავლობაში 50 ლარით მეტს ხელფასს აიღებდა. ლუკა ასათიანის სტიპენდიას კი 45 სტუდენტი აიღებდა თვეში, ამ თანხად შესაძლებელია იყო ორი კონცერტის ჩატარება, რომელსაც მინიმუმ 1500 ადამიანი დაეწრებოდა და არა 50 კაცი, როგორც ეს ხდება მოდის კვირეულებზე;

სამი სამდღიანი როკ-ფესტივალი ჩატარდებოდა, რომელსაც 4 500 ადამიანი დაესწრებოდა 91 ათას ლარად და შვიდდღიანი ელექტრონული მუსიკის.  ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ ღონისძიებების, რაც შეიძლება ჩატარებულიყო 91 ათას ლარად,“ – განაცხადა დიმიტრი დარჩიამ.

მის განცხადებას საკრებულოს უმრავლესობის წევრი თენგიზ აფხაზავა გამოეხმაურა და მას იაფფასიანი სოციალური შოუ უწოდა. მისი თქმით, ამ საკითხს ვიწრო ჭრილიდან არ უნდა შევხედოთ და ის „რეგიონალური განვითარების კონტექსტში უნდა განვიხილოთ“.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, მაშინ როცა „რესპუბლიკური პარტია“  მსგავსი ღონისძიებების დაფინანსებას ეწინააღმდეგებოდა, ხალხი ხმას მაინც „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევდა: „ეს იმას ნიშნავს რომ ხალხს სჭირდება, მოსწონს მსგავსი ღონისძიებები,“-განაცხადა მან.

კრიტიკული შენიშვნების მიუხედავად, საკრებულოს წევრებიდან მხოლოდ ოთხი წევრი წავიდა „ფეშენ ვიკის დაფინანსების“ წინააღმდეგ, 13-მა წევრმა კი მხარი დაუჭირა.

მოდის კვირეულის დაფინანსების საკითხი წინა საკრებულოს სხდომაზე უნდა გადაწყვეტილიყო, თუმცა მაშინ საკრებულოს წევრებმა ორგანიზატორებისგან არგუმენტები მოითხოვეს.

„ფეშენ ვიკის“ დაფინანსების წინააღმდეგი იყო არასამთავრობო სექტორიც.

 

 

როდის მოიცლის ქობულეთის გამგეობა ჩაქვისთვის

„ქობულეთის გამგებელს, მგონი, საერთოდ დაავიწყდა, რომ ჩაქვიც ქობულეთს ეკუთვნის და მიხედვა უნდა,“ – აცხადებს ბონდო თედორაძე, ქობულეთის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მისი თქმით, საგზაო დატურისტული ინფრასტრუქტურა დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე მოუწესრიგებელია, ასევე დაუსუფთავებელია პლაჟი.

„ქობულეთის სანდასუფთავების ბიუჯეტი მილიონ 800 ათასი გახდა, მაგრამ ჩაქვის პლაჟისთვის ამ სამსახურმაც კი ვერ მოიცალა. როცა ვსაუბრობთ ტურიზმზე, ჩაქვის რესურსის გამოუყენებლობა დანაშაულია. ეს საკითხი არაერთხელ დავსვი ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე, მაგრამ პასუხი მივიღე, რომ ჩაქვში ჯერ მიწისქვეშა კომუნიკაციები უნდა მოწესრიგდეს და ტენდერის ჩატარებას ელიან. დროებით მიწის გასწორება ხომ მაინც შეიძლება?“ – ამბობს ბონდო თედორაძე „ბათუმელებთან“.

„ტენდერი გამოცხადებული გვაქვს საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვაზე და ველოდებით შედეგს, მანამდე რომ გავაკეთოთ და მერე კიდევ ფული დავხარჯოთ, ეს ბიუჯეტის არასწორი ხარჯვა იქნება,“ – გვითხრა მალხაზ რომანაძემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ.

მალხაზ რომანაძის განმარტებით, სანდასუფთავების სამსახურს ორი ერთეული ტექნიკა დაემატა და ჩაქვის სანაპირო ზოლს, მათ შორის, პლაჟს კვირაში ორჯერ დაასუფთავებენ. მისივე თქმით, პარასკევიდან დაბა ჩაქვში გამწვანების სამსახური დაიწყებს მუშაობას.

რაც შეეხება გზების დროებით მოწესრიგებას. ქობულეთის გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ ამას გზების დეპარტამენტი მიხედავს. მალხაზ რომანაძე ბონდო თედორაძეს პასუხობს, რომ ქობულეთის გამგეობას ჩაქვი არ დავიწყებია: „ერთი ადგილით ხომ არ განისაზღვრება მარტო? იქ წყლის სისტემა წესრიგდება, საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. უცებ ქალაქი არ აშენდება“.

chaqvi 1

 

ხულოს გამგებელი თხილვანელებზე: საკუთარი ნებით თუ არ წამოვლენ, შესაძლოა იძულებით გამოვასახლოთ

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრებ იმ 32 ოჯახს, რომლებიც სახელმწიფოს განასახლების პროგრამაში ჩაერთო,  25 000 ლარი მიმდინარე კვირიდან ჩაერიცხება, ხოლო 28 ოჯახს, რომლებსაც საცხოვრებელი სახლის შეძენის მიზნით 25 000 ლარი უკვე ჩაერიცხა, სახლის შესაძენად  სამთვიანი ვადა აქვს. სამი თვის განმავლობაში ყველა მათგანმა ადგილობრივ ხელისუფლებას საკუთრებაში არსებული ახალი საცხოვრებელი სახლის შესაბამისი დოკუმენტი უნდა წარუდგინოს.

ბესიკ ბაუჩაძე
ბესიკ ბაუჩაძე

„გარკვეული პირობებიდან გამომდინარე შესაძლოა ეს სამთვიანი ვადა რამდენიმე დღით გადაიწიოს, თუ ამისთის დამაკმაყოფილებელი არგუმენტი და საჭირო მოთხოვნები იქნება“ – ამბობს ხულოს გამგებელი.

იმ შემთხვევაში, თუ ოჯახები საბოლოოდ უარს იტყვიან სახლების შეძენასა და სოფლიდან განსახლებაზე, გამგებელი სიცოცხლისთვის სახიფათო გარემოში მცხოვრები ოჯახების იძულებით გამოსახლებასაც არ გამორიცხავს.

„სოფელში სახელმწიფო დაწესებულებები არ იარსებებს, არ იქნება სკოლა, ამბულატორია… მოსახლეობასთან გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულებები ოჯახებს ავალდებულებს არამარტო მათ არ გამოიყენონ საცხოვრებლად თხილვანაში არსებული საცხოვრებელი სახლები, არამედ არც სხვას გადასცენ სარგებლობისთვის. იმ შემთხვევაში, თუ არ წამოვლენ ოჯახები თხილვანიდან, შესაძლოა იძულების წესით გამოვასახლოთ – აცხადებს ბესიკ ბაუჩაძე და დასძენს – მეწყრული კერები არ გააქტიურებულა. რამდენიმე დღის წინ წვიმის შედეგად მოიმატა მდინარეში წყლის დონემ, თუმცა ამას მოსახლეობისთვის ზიანი არ მიუყენებია“.


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში მეწყერი მიმდინარე წლის 10 იანვარს განვითარდა. გეოლოგიური დასკვნით, დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 1200-1500 მეტრში, დაგროვილია ნახევარ მილიონ კუბურ/მეტრზე მეტი მიწის მასა. ეს მეწყრულ-ღვარცოფული  მასა შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიძრას, რაც საფრთხეს უქმნის მთლიანად სოფელს.

ამავე თემაზე:

სოფელი, რომელიც მეწყერს მიაქვს

მეწყრული მასა სოფელ ქვემო თხილვანაში. ფოტო:
მეწყრული მასა სოფელ ქვემო თხილვანაში

ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შეძენის საკითხი გადაწყვეტილია

„ბათუმის ავტობუსების პროექტის“ დასაფინანსებლად სესხისა და გრანტის მიღების საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საუბარია 500 ათასი ევროს ოდენობის სესხზე და 1,5 მილიონი ევროს გრანტზე. ამ თანხით ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შეძენა იგეგმება. ბათუმის მერიაში ავტობუსების პროექტთან დაკავშირებით დეტალებს არ ახმაურებენ.

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს [EBRD] შორის საგრანტო და სასესხო შეთანხმებების ტექსტების მიღების მიზნით მოლაპარაკებები რამდენიმე დღეა დაწყებულია. ეს მოლაპარაკებები, რომელშიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროცაა ჩართული, უახლოეს 10 დღეში უნდა დასრულდეს და შესაბამისი ხელშეკრულებებიც გაფორმდეს.

ხელშეკრულებების ხელმოწერის შემდეგ ბათუმში პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ბათუმის მერია დეტალების გახმაურებას [სესხის პირობები და სხვ.] სწორედ პრეზენტაციაზე გეგმავს.

ჩვენი ინფორმაციით საუბარია ქალაქისთვის 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ახალი ავტობუსის შეძენაზე, რაც ძველი მუნიციპალური ავტობუსების ჩასანაცვლებლად საკმარისი არ არის. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ბათუმში, 16 სამარშრუტო ხაზზე ყოველდღიურად 107 ავტობუსი მოძრაობს, მწყობრში კი სულ 130 ავტობუსია [ამას ემატება 6 ავტობუსი, რომლებიც ქალაქგარეთ მოძრაობს].

ბათუმის ავტოტრანსპორტის ავტოპარკის განახლებაზე ბოლო რამდენიმე წელია მიდის საუბარი. ინფორმაცია, რომ ახალ ავტობუსებს ბათუმის მერია იბიარდის დახმარებით შეიძენდა, 2 წლის წინ გავრცელდა.

IMG_20170704_101236
ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი / 4.07.2017

შეზღუდვები ელექტროენერგიის მიწოდებაში

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 ივლისს, 12:00-დან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 420 აბონენტს ზემო აჭარის სოფლებში: მერისში, გუნდაურსა და ნამონასტრევში.

5 ივლისს, 06:00-დან 09:00 საათამდე, ელექტროენერგია ასევე შეეზღუდება 1100 აბონენტს ბათუმის ნაწილში [ბაგრატიონის, მელიქიშვილისა და მიმდებარე ქუჩებზე].

 

სიტყვა, რომელიც ყველაზე ხშირად ისმოდა უმაღლესი საბჭოს ანგარიშის მოსმენაზე

შვიდი თვის საქმიანობის ანგარიში აჭარის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 4 ივლისს, წარმოადგინა. შეხვედრას, ძირითადად, საჯარო მოხელეები და თანამდებობის პირები ესწრებოდნენ მთავრობიდან. ანგარიშის მოსმენის შემდეგ გათვალისწინებული იყო დისკუსიაც, თუმცა ხელოვნების ცენტრში, სადაც შეხვედრა შედგა, ისე ცხელოდა, რომ შეკითხვა მხოლოდ ერთი დაისვა, ისიც ნადირობაზე.

ტრიბუნასთან და ტრიბუნის მიღმაც დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, კანონმდებლების საქმიანობის მთავარ მიღწევად გამჭვირვალობა დაასახელა. „მე პრესსამსახურის გარეშეც ვცდილობ ჟურნალისტებთან და საზოგადოებასთან კომუნიკაციას. გამჭვირვალობა არის მთავარი მიღწევა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ დავით გაბაიძემ.

ანგარიშის წარმოდგენის დროს მან ასევე ბევრი დრო დაუთმო იმაზე საუბარს, რომ უმაღლესი საბჭოს საიტზე საჯარო ინფორმაციები პროაქტიულად ქვეყნდება, ხოლო აპარატში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ცალკე შეიქმნა.

დავით გაბაიძე მიღწევად ასახელებს აქტიურ საკანონმდებლო საქმიანობასაც. „ბათუმელების“ კითხვაზე, რომელი კანონი მიიღო უმაღლესმა საბჭომ, რამაც მნიშვნელოვანი პრობლემა გადაჭრა, გვპასუხობს, რომ ასეთია ნორმატიული აქტების შესახებ კანონი, რომელიც სამართლებრივ აქტებს შორის იერარქიას არსებითად აწესრიგებს. „აქტიურ საკანონმდებლო საქმიანობას მაინც მას შემდეგ უნდა ველოდოთ, როცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას მივიღებთ,“ – დასძინა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

ანგარიში მეოთხე მოწვევის უმაღლესმა საბჭომ შეხვედრაზე წერილობითაც წარმოადგინა. აქ, ძირითადად, ციფრებია. ვინ რამდენი მოქალაქე მიიღო, რამდენი კორესპონდენცია დარეგისტრირდა, რამდენი გადამისამართდა, ესა თუ ის კომისია რამდენჯერ შეიკრიბა, ბიურო, თუ პლენარული…

მთლიანობაში, მეოთხე მოწვევის უმაღლესმა საბჭომ შვიდი თვის განმავლობაში მიიღო 56 სამართლებრივი აქტი, მათ შორის, 37 დადგენილება, 14 ცვლილება კანონში, ხოლო 5 – რეგლამენტის ცვლილება.

[red_box]ერთი კითხვა, მადლობა ერთი და რჩევაც ერთი[/red_box]

მას შემდეგ, რაც დავით გაბაიძემ მოხსენების წარმოდგენა დაასრულა, საზოგადოებას ზურაბ პატარაძემ მიმართა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. მან, ძირითადად, ხელისუფლების საქმიანობის შედეგზე ისაუბრა, და არა – უმაღლეს საბჭოზე. მაგალითად, როგორ გაიზარდა ექსტრემალური ტურიზმის მიმდევართა რაოდენობა აჭარის მაღალმთიანეთში.

„შეკითხვების დროა. გისმენთ“, – მიმართა აუდიტორიას დავით გაბაიძემ. შეკითხვა მხოლოდ მოქალაქე ასლან ლორთქიფანიძემ დასვა: რატომ არ იღებს უმაღლესი საბჭო კანონს ნადირობის რეგულირების შესახებ, როცა ეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციაა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მას უპასუხა, რომ ამ თემაზე დეპუტატები სამომავლოდ აუცილებლად იმუშავებენ.

დეპუტატებს მიმართა ადვოკატმა, თენგიზ კახიძემ. მან უმაღლეს საბჭოს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პირადად დავით გაბაიძის მისამართით თქვა, რომ ყოფილი ადვოკატები არ არსებობენ.

„ისევე, როგორც არ არსებობენ ყოფილი ადვოკატები, არც ყოფილი დიპლომატები არსებობენ,“ – ჩაიცინა ზურაბ პატარაძემ, რომელიც ჯერ კიდევ ტრიბუნასთან იდგა.

შეხვედრას ზურაბ პატარაძესთან ერთად ესწრებოდნენ მინისტრები, დეპარტამენტების და სამსახურების უფროსები, უფროსი და რიგითი საჯარო მოხელეები, უმაღლესი საბჭოს აპარატის წევრები, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ერთი ოპოზიცინიორი.

„თითოეული დეპუტატი უნდა მუშაობდეს იმაზე, თუ რას ვთავაზობთ თანაქალაქელებს, საზოგადოებას, რომლებსაც პირობები გაუუარესდათ, სოციცალურ ფონს, ეკომიგრანტებს და სხვა ბევრ პრობლემას ვგულისხმობ. ძალიან ბევრი სამუშაოა იმისთვის, რომ რეალურ პრეზენტაციამდე მივიდეთ,“ – უთხრა პეტრე ზამბახიძემ ჟურნალისტებს. ის რეგიონში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერია.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარიდან მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტში. კითხვაზე, რა უნდა შეცვალოს უმაღლესმა საბჭომ, რომ უფრო აქტიური გახდეს? – ანზორ ბოლქვაძემ, ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორირატმა დეპუტატმა ასე გვიპასუხა:

„ყოველთვის მქონდა უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობა, ახლანდელთან, ძველთანაც. მე, პირველ რიგში, ვამბობ და ვიტყვი, რომ დეპუტატები, ვინც არიან არჩეულები, კი აქვთ შეხვედრები, მაგრამ ერთი სამად უნდა შეხვდნენ მოსახლეობას, უფრო მეტი მისვლა-მოსვლაა საჭირო… პრობლემა რომ არსებობს, იმას წერტილი უნდა დაესვას. ან კი, ან – არა, უნდა იცოდეს ხალხმა. ის დანაბარები, რასაც ხალხი ამბობს, იმას მთავრობასთან ნორმალურად უნდა მიტანა“, – ამბობს ანზორ ბოლქვაძე „ბათუმელებთან“.

რას მიიჩნევს მთავარ გამოწვევად თავად უმაღლესი საბჭო?

ამ კითხვაზე დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ის სიტყვა ახსენა, რასაც რამდენიმე დღის წინ ბათუმში ჩამოსული ვენეციის კომისიის თავმჯდომარე, ჯანი ბუკიკიო ყველაზე ხშირად ახსენებდა – კონსესუსი.

დავით გაბაიძე გამოწვევად აჭარის კონსტიტუციის მიღებას ასახელებს, რომლის მომზადების პროცესიც ახლა უნდა დაიწყოს. „გამოწვევა არის ის, რომ ჩვენ ერთგვარი კონსესუსის საფუძველზე უნდა მივიღოთ ეს დოკუმენტი, რომელიც დაეყრდნობა თანამშრომლობას… რაღაც ნაწილთან ალბათ მიღწევადია ეს. თუმცა როცა ოპოზიცია აქაც კი არ მოვიდა და განაცხადა, ამ შეხვედრის შესახებ არაფერი ვიცოდიო, ეს სკეპტიკურად განწყობის საშუალებას იძლევა, მაგრამ ვფიქრობ, რომ კონსესუსი მაინც მიღწევადია“, – გვითხრა დავით გაბაიძემ.

მივლინებები

წერილობით წარმოდგენილ ანგარიშში უმაღლესი საბჭო დეპუტატების მივლინებების შედეგებზეც წერს. მაგალითად, ვიცე-სპიკერი მერაბ კარანაძე თებერვალში იტალიაში ყოფილა. მას შეხვედრები ფერარასა და როვიკოში გაუმართავს. დეპუტატს ფერარას უნივერსიტეტის რექტორი სამომავლოდ თანამშრომლობას დაჰპირებია.

ევროპაში ვიზიტი ორჯერ მოუსწრია ვლადიმერ მგალობლიშვილს. ავსტრიაში დეპუტატი არტმენეჯერს, ბარბარა შტურმს შეხვდა, რომელსაც ფესტივალების ჩატარების რეგულაციებზე ესაუბრა. გერმანიაში კი, ვლადიმერ მგალობლიშვილს ფესტივალების ასოციაციის სამიტში მიუღია მონაწილეობა.

ანგარიშში მოხვდა უმაღლესი საბჭოს ხუთკაციანი დელეგაციის ვიზიტი პოლონეთში, სადაც ტურისტული გამოფენა მოეწყო და დავით გაბაიძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

რა დაჯდა დეპუტატების მივლინებები საზღვარგარეთ, ანგარიშში მოცემული არ არის.

[red_box]რას უნდა ველოდოთ უმაღლესი საბჭოსგან[/red_box]

წერილობითი ანგარიშის ბოლო გვერდზე უმაღლესმა საბჭომ სამომავლო გეგმების ჩამონათვალიც შემოგვთავაზა. ვკითხულობთ, რომ უმაღლესი საბჭო კონსტიტუციის და რეგლამენტის პროექტების მომზადების გარდა, აპირებს აპარატის სტრუქტურის ოპტიმიზაციას, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით საბჭოს შექმნას, უფლებამოსილების დელეგირების კუთხით მუშაობის გააქტიურებას, ცვლილებების განხორციელებას დეპუტატების გაცდენების მოსაწესრიგებლად, ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის დანერგვას, ბიუროს ოთახის მოწყობას.

„გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით ვგეგმავთ კიდევ უფრო მეტი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას,“ – ამ დაპირებით სრულდება უმაღლესი საბჭოს წერილობითი ანგარიში.

და სიტყვა, რომელიც ყველაზე ხშირად ისმოდა

„მცხელა“, – ეს სიტყვა დღევანდელ შეხვედრაზე ყველაზე ხშირად ისმოდა. უმაღლესმა საბჭომ ანგარიშის წარმოდგენა ბათუმის ხელოვნების ცენტრის ფოიეში არჩია, რომლის კონდიცირების სისტემაც ხალხმრავლობაზე გათვლილი არ არის. ჩართული კონდიციონერების პარალელურად, თანამდებობის პირების სკამებს შორის რამდენიმე ვენტილატორიც იდგა. დარბაზი სხვადასხვა რეპლიკით გამოხატავდა პრეზენტაციის სწრაფად დასრულების სურვილს. სამაგიეროდ, უმაღლეს საბჭოს ამ შეხვედრისთვის დარბაზის დასაქირავებლად თანხა ბიუჯეტიდან არ დაუხარჯავს.

IMG_20170704_130822

 

IMG_20170704_125952

IMG_20170704_121906

 

 

 

 

 

 

 

 

აქვთ თუ არა უსინათლოებს ეროვნულ გამოცდაზე არჩევანის უფლება

22 წლის გოდერძი გოგოლაძე ეროვნულ გამოცდებს თბილისის საგამოცდო ცენტრში აბარებს. ის ამბობს, რომ გამოცდის ჩაბარება ჯერ ხმოვანი პროგრამით უწევს, შემდეგ კი პასუხებს ბრაილის შრიფტით წერს. მისი თქმით, გამოცდისთვის განკუთვნილი დრო საკმარისი არ არის, რადგან ის ორმაგ შრომას მოითხოვს და უსინათლოებს სხვა ალტერნატივები უნდა ჰქონდეთ.

„ჯერ ვისმენთ კითხვებს ხმოვან პროგრამაში, შემდეგ კი პასუხებს ვწერ ბრაილით.  პრობლემაა ის, რომ არ გვაქვს არჩევანის შესაძლებლობა. თუ კომპიუტერით ვაბარებ, მაშინ პასუხების ცალკე დაწერა აღარ უნდა იყოს სავალდებულო.

გარდა ამისა, ბრაილის შრიფტით დიდი ხანია არ მიმუშავია და ჩემთვის ძალიან რთული იყო.  ბრაილის შრიფტით რომ დაწერო, სპეციალური კალამია საჭირო. ახალი კალამი გამიფუჭდა და ძველი კალმით ვწერე, რომელიც ცუდად წერდა. ბრაილში მუშაობა კიდევ იმით არის რთული, რომ თუ რაიმე შეგეშალა, ვერ წაშლი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ალტერნატივა უნდა გვქონდეს,“-გვეუბნება ის.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, ივა მინდაძის განმარტებით, უსინათლოებს გამოცდების ჩაბარების დროს ალტერნატივები აქვთ. მისი თქმით, აბიტურიენტს გამოცდების ჩაბარება შეუძლია მოითხოვოს როგორც  ხმოვანი პროგრამით და ბრაილით, ასევე,  სტანდარტული სისტემითაც.

„ჩვენ ვნახეთ აბიტურიენტების განაცხადები, ერთი ითხოვს სტანდარტულ ფორმას, –  ბრაილის ტექტს, ორი კი ითხოვს ბრაილს და ხმოვან პროგრამას. გოდერძი გოგოლაძეს მითითებული აქვს ხმოვანი პროგრამა და ბრაილი. მას შეეძლო წერილობით მიეთითებინა, რომ გამოცდების ჩაბარება ხმოვანი პროგრამით უნდოდა“.

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ეროვნულ გამოცდებზე სამი უსინათლო აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

შშმ პირებს პრობლემები შეექმნათ ბათუმის საგამოცდო ცენტრშიც, შენობის არაადაპტირების გამო.

ოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საგამოცდო ცენტრებში კონდიცირება არ არის, რის გამო ოთახებში ძალიან ცხელა. ივა მინდაძე ამბობს, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი არსებულ ინფრასტრუქტურას იყენებს, სადაც კონდიცირების სისტემები არ არის. „ნამდვილად ცხელა, მაგრამ ჩვენ ვიყენებთ საჯარო სკოლებს, უნივერსიტეტებს, სადაც კონდიცირება არ არის.“

 

უსაფრთხოების წესები მხოლოდ რუსულ ენაზე ბათუმის ბულვარში

ბულვარში, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ტრენაჟორებთან უსაფრთხოების ნორმები მხოლოდ რუსულ ენაზეა განთავსებული. საქართველოს კანონით სახელმწიფო ენის შესახებ, საჯარო ინფორმირებისთვის განკუთვნილი განცხადების, შეტყობინების, სასათაურო წარწერის, პლაკატის, აბრის, აფიშის, რეკლამის, სხვა ვიზუალური ინფორმაციის ტექსტი სახელმწიფო ენაზე სრულდება. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია შეიძლება მიეთითოს არასახელმწიფო ენაზედაც.

უსაფრთხოების ნორმებს, რომლებიც მოიცავს აკრძალვების რვაპუნქტიან ჩამონათვალს, თან ერთვის სამაშველო სამსახურის ნომერი -112 და სასწრაფო დახმარების ნომერი – 03, ეს უკანასკნელი კი საქართველოში წლებია აღარ გამოიყენება.

მაგალითად, აბრაზე რუსულად წერია, რომ ტრენაჟორების მოედანზე აკრძალულია ცეცხლის დანთება; ეტლით, გორგოლაჭებით ან სკეიბორდით ყოფნა, ასევე იკრძალება ტრენაჟორებით სარგებლობა 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მშობლების ზედამხედველობის გარეშე და სხვა.

ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ასეთი სახის ინსტრუქციებზე ქართული წარწერის განთავსების ვალდებულება მათ არ აქვთ. “ეს ტრენაჟორები ტენდერის საფუძველზე იქნა შეძენილი 2015 წლის ბოლოს. მათი მწარმოებელი იყო რუსული კომპანია და, შესაბამისად, მისი გამოყენების და უსაფრთხოების წესები მათ ეროვნულ ენაზეა დატანილი. ჩვენთან მოქმედი კანონმდებლობა არ ზღუდავს რუსული ენის გამოყენებას, მაგრამ ნამდვილად უპრიანი იქნება, რომ პირველად იყოს ქართულ ენაზე და შემდეგ უცხოურ ენაზე”, – ამბობს სსიპ-ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილე გოჩა მჟავანაძე.

სიას იურისტი მირზა მამულაძე ამბობს, რომ სახელმწიფო ენის კანონის შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როცა აფიშით, აბრითა თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით ხდება მოსახლეობისთვის ინფორმაციის საჯაროდ მიწოდება, არის ვალდებულება, რომ გამოყენებული იქნეს სახელმწიფო ენა. თუმცა, მისივე განმარტებით, ეს შემთხვევა სამართალდარღვევად არ მიიჩნევა და  ჯარიმების ნაწილში რეაგირება ვერ მოჰყვება. “მაგრამ შეგვიძლია მოვთხოვოთ ოფიციალურად ვალდებულების შესრულება იმის შესახებ, რომ მოხდეს სახელმწიფო ენაზე საზოგადოების ინფორმირება”, – ამბობს ის.

გოჩა მჟავანაძის თქმით, ქართული ინსტრუქციები ტრენაჟორებზე შემოდგომისთვის დაემატება – “პარალელურად უნდა გავაკეთოთ ბულვარის მცენარეების ინვენტარიზაცია, სადაც სამ ენაზე იქნება ამ მცენარეების დასახელება, წარმომავლობა და ა.შ. ამ პროექტის ფარგლებში, ერთ-ერთი მიმართულებაა აღნიშნულ წარწერებზე ქართული და ინგლისური წარწერების დამატებაც.”

2015 წელს გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე, ბულვარის ადმინისტრაციამ რუსული წარმოების ტრენაჟორების ორი კომპლექტი შეიძინა, რაშიც 40 000 ლარი გადაიხადა. ერთი აკვაპარკის, მეორე კი სასტუმრო „კემპინსკის“ მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული.

[red_box]საქართველოს კანონმდებლობით:[/red_box]

[checklist]

  • საჯარო ინფორმირებისთვის განკუთვნილი წარწერის სახელმწიფო ენაზე წარმოდგენა სავალდებულოა.
  • ოფიციალური სახელწოდების ქართულ, აფხაზურ და არასახელმწიფო ენებზე  გადმოცემისას ქართული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით), აფხაზური ტექსტი – ცენტრში, ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი – შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით).
  • განსხვავებულ შემთხვევაში სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტის წინ (მარცხნივ ან ზევით) თავსდება.
  • არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტის სახელმწიფო ენაზე შესრულებულ ტექსტთან ერთად გამოყენებისას არასახელმწიფოენოვანი ტექსტის შრიფტი სახელმწიფოენოვანი ტექსტის შრიფტზე დიდი არ უნდა იყოს.

[/checklist]

 

 

ილია მეორესთან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის შექმნილი სამთავრობო კომისია აღარ შეიკრიბება

საქართველოს მთავრობამ 21 ივნისს ძალადაკარგულად ის განკარგულება გამოაცხადა, რომლითაც მართლმადიდებელ ეკლესიასთან და ილია მეორესთან დაკავშირებული საიუბილეო ღონისძიებების ჩასატარებლად სამთავრობო კომისია შეიქმნა. პატრიარქის აღსაყდრების დღესასწაული წელს, 25 დეკემებერს უნდა გამართულიყო.

კომისიის შექმნის შესახებ განკარგულება მთავრობამ 2017 წლის 23 მაისს მიიღო. ამ კომისიის თავმჯდომარე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო.

სამთავრობო კომისიას „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის 15-საუკუნოვანი ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლისთავის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრების 40 წლისა და დაბადებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები“ სრულფასოვნად და მაღალ დონეზე უნდა ჩაეტარებინა.

კომისიის შექმნიდან მეორე დღეს საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ზეიმი გაუქმდა.

„მსოფლიოში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობისა და საქართველოში არსებული სოციალური ვითარების გათვალისწინებით, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაუქმდა კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი და მართლამდიდებელ ეკლესიათა მეთაურებისა და სხვა საპატიო სასულიერო და სერო პირთა საქართველოში მოწვევა“, – აღნიშნული იყო საპატრიარქოს განცხადებაში.

საქართველოს მთავრობას სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზეზი არ აქვს მითითებული.

მიმდინარე წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გადაიდო ილია მეორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 4 იანვარს პატრიარქი 84 წლის გახდა. ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გასული წლის 25 დეკემებერს მისი აღსაყდრების 39–ე წლისთავთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვასაც ვერ დაესწრო.

კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრების 40 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების „სრულფასოვნად და მაღალი სტანდარტებით“ ჩატარებას მთავრობის, 2015 წლის კიდევ ერთი განკარგულება ეხება, რომლითაც თბილისის განვითარების ფონდს მიეცა უფლება გარკვეული სახელმწიფო შესყიდვები გამარტივებული წესით განეხორციელებინა. ღონისძიება, მართალია, 2017 წლის 25 დეკემბრისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა სახელმწიფო შესყიდვები, ღონისძიების ჩატარების გარდა, თბილისში, მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობასაც უკავშირდებოდა.

ილია მეორე და გიორგი კვირიკაშილი სიონის ტაძარში. 02.08.2016 ფოტო:პრემიერ მინისტრის პრესსამსახური
ილია მეორე და გიორგი კვირიკაშილი სიონის ტაძარში. 02.08.2016 ფოტო:პრემიერ მინისტრის პრესსამსახური

მე ვარ ბათუმი – კიდევ ერთი ახალი საიმიჯო ვიდეორგოლი ბათუმზე

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა კიდევ ერთი საიმიჯო ვიდეორგოლი გადაიღო. ამჯერად, კლიპი მხოლოდ ბათუმსა და ბათუმელებზეა. ვიდეორგოლის გადაღებისთვის ბიუჯეტიდან 35 000 ლარი დაიხარჯა.

19727324_627069734154739_1433877411_o

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ვიდეო-რგოლი აჭარის სხვა ახალ საიმიჯო კლიპებთან ერთად უკვე ევრონიუსის ეთერში ტრიალებს. სამი თვის განმავლობაში რეგიონის 16-ვე სამიზნე ქვეყანაში პოტენციური ტურისტები ნახავენ თუ როგორია საქართველო, აჭარა და ბათუმი თავისი საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტებით.

ბათუმის ვიდეორგოლი სარეკლამო კომპანია LOOK PRODUCTION- მა გადაიღო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წელს ჯამში, რეგიონის 4 საიმიჯო ვიდეოკლიპი გადაიღო.
19718542_627069740821405_1142238292_o
19720089_627069720821407_1918067579_o

შენობაში, სადაც ბათუმის მუზეუმი უნდა გაიხსნას, წყალი ჩადის

უკვე მესამე წელია „ბათუმის მუზეუმი“ ვერ იხსნება. ამჟამად პრობლემა შენობის გუმბათოვანი, აგურით მოპირკეთებული სახურავია, რომელიც წვიმის დროს წყალს ატარებს.

„შენობაში ჩადის წყალი. აგური [რომლითაცაა მოპირკეთებული სახურავი] იწოვს წყალს და შიდა სამუშაოების ჩატარებას აზრი ეკარგება, ამიტომ ვმუშაობთ, პროექტზე, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს გადახურვა. რაღაც კონცეფციას ვეძებთ, როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ ეს საკითხი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საბჭომ უნდა განიხილოს, რადგან პროექტში ცვლილებების შეტანა იქნება საჭირო და აუცილებლად უნდა გავიაროთ ეს თემა. საბჭოს უახლოეს სხდომაზე უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. ეს არ არის გადასაწყვეტად იოლი თემა“ – ამბობს ლაშა ასლანიშვილი, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. მისივე თქმით, თავის დროზე, საპროექტო და სარემონტო სამუშაოებისას, ეს საკითხი ვერ იქნა გათვალისწინებული.

შენობაში, რომელშიც ბათუმის მუზეუმის გახსნა იგეგმება, ძველ ბათუმში აბანო იყო განთავსებული. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ბათუმის მუზეუმის გახსნის იდეა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს და ამჟამად „ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის“ დირექტორის მოადგილეს, ბიძინა აფხაზავას ეკუთვნოდა. ბათუმის ძველი აბანოების შენობაში სარემონტო სამუშაოებისთვის 489 000 ლარი სწორედ მისი დირექტორობის დროს გამოიყო.

იდეის თანახმად, მუზეუმში ბათუმთან დაკავშირებული ექსპონატები უნდა განთავსდეს.

მთავარ ფოტოზე: ბათუმის მუზემისთვის გათვალისწინებული შენობა 

ამავე თემაზე: 

„ბათუმის მუზეუმი“ ძველი აბანოს შენობაში

როდის გაიხსნება „ბათუმის მუზეუმი“

ორი დაკეტილი მუზეუმი ბათუმში

ფულის დაკარგვის რისკის შემცირება მის დაბანდებამდე – როგორ ამოვიცნოთ „ფინანსური პირამიდა“

„ის კომპანიები, რომელთა საქმიანობა არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას, შესაძლოა ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნესსაქმიანობაში აბანდებენ,“ – აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკი [სები], რომელიც მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს სახსრების განთავსების რისკებთან დაკავშირებით.

სების განცხადებით, საქართველოს ბაზარზე ბოლო პერიოდში გამოჩნდა ისეთი ტიპის კომპანიები, „რომლებიც თანხის მათთან დაბანდების სანაცვლოდ მომხმარებლებს სხვადასხვა ორგანიზაციებში აღებული სესხების დაფარვასაც სთავაზობენ. კომპანიები ასევე ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, თითქოს ისინი ლიცენზირებულნი არიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ“.

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, რიგ შემთხვევაში ზოგი კომპანიის საქმიანობა „ფინანსური პირამიდის“ ნიშნებსაც ატარებს.

რა არის ფინანსური პირამიდა და როგორ ამოვიცნოთ იგი? – ეროვნული ბანკის განმარტებით:

ფინანსური პირამიდა საქმიანობის ისეთი ფორმაა, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობისგან ხდება თანხების მოზიდვა და სანაცვლოდ, ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებთან შედარებით გაცილებით მაღალი სარგებლის შეთავაზება;

ბიზნესის წარმოების მსგავსი სისტემა ხშირად ხორციელდება გარკვეული საქონლის ან მომსახურების, როგორიცაა აქსესუარები, კოსმეტიკური საშუალებები, ტურისტული საგზურები და სხვა, გაყიდვების გზითაც. ამ ტიპის საქმიანობის მთავარი მიზანი ახალი წევრების ჩართვა და სახსრების მოზიდვა და არა პროდუქციის რეალიზაციით ბიზნესის განვითარებაა.

მიუხედავად იმისა, თუ რამდენად წარმატებული ჩანს კომპანია დროის რომელიმე მომენტში, „ფინანსური პირამიდის“ სქემა აუცილებლად იშლება, როდესაც შეუძლებელი ხდება ახალი წევრის და/ან დამატებითი თანხის მოზიდვა. შედეგად, კომპანია ვეღარ ისტუმრებს წევრების მიმართ არსებულ ვალდებულებებს.

როგორ ამოვიცნოთ „ფინანსური პირამიდა“?

[checklist]

  • კომპანია პოტენციურ წევრს ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებთან შედარებით გაცილებით მაღალ საპროცენტო სარგებელს ან შემოსავალს ჰპირდება.
  • სარგებლის მისაღებად კომპანია გთხოვთ სქემაში ახალი წევრების მიყვანას ან გარკვეული პროდუქციის რეალურზე გაცილებით მაღალ ფასად შეძენას.
  • ფინანსური პირამიდები ძირითადად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) ფორმით რეგისტრირდებიან. შესაძლოა, ისინი ე. წ. „შუამავლობასაც“ უწევდნენ უცხოეთში რეგისტრირებულ პირამიდულ სქემებს.
  • კომპანიის მიერ მოზიდული თანხების დაბანდების მექანიზმი გაუმჭვირვალეა, ან არ არსებობს კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობის წარმოების ნიშნები და საქმიანობის სფეროს ზუსტი განმარტება.
  • კომპანია არ გამოირჩევა გამჭვირვალობით და საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობით. მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ სათანადო ინფორმაციის მოძიება თითქმის შეუძლებელია.
  • კომპანია აწარმოებს მასშტაბურ სარეკლამო კამპანიებს, მათ შორის, სოციალური ქსელით და ინტერნეტ საშუალებებით. ხშირად, კლიენტურის გაფართოების მიზნით, კომპანია ატარებს ე.წ. „საქველმოქმედო“ აქციებს.

[/checklist]

საქართველოს ეროვნული ბანკი აფრთხილებს მოსახლეობას, საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, „აუცილებლად გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და მიიღონ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება. ასევე, თანხის დაბანდებამდე აუცილებლად გაითვალისწინონ, რომ მაღალი სარგებელი, სხვა თანაბარ პირობებში, გულისხმობს მაღალ რისკს“.

სები „პოტენციური რისკების შეფასების მიზნით“, მოუწოდებს მოქალაქეებს გადახედონ მათ მიერ უკვე ხელმოწერილ ხელშეკრულებებსაც და გაერკვნენ თუ ვის ანდობენ თავიანთ დანაზოგს.

თუ მოქალაქე კომპანიის საქმიანობაში „ფინანსური პირამიდის“ სქემას ამოიცნობს, სების განცხადებით, ასეთი კომპანიისთვის დანაზოგის მინდობა დაკავშირებულია მნიშვნელოვან ფინანსურ და სამართლებრივ რისკებთან.

„ფინანსური პირამიდა“ / ეროვნული ბანკის ინფოგრაფიკა
„ფინანსური პირამიდა“ / ეროვნული ბანკის ინფოგრაფიკა

„აჭარა ფეშენ ვიკისა“ და „მის და მისტერ პლანეტას“ დაფინანსებას მერია 91 000 ლარით გეგმავს

ბათუმის საკრებულო „აჭარა ფეშენ ვიკისა “ და მის და მისტერ პლანეტას“ დაფინანსების საკითხის განხილვას ხვალ, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გეგმავს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საკრებულოს უმრავლესობა გეგმავს მხარი დაუჭიროს გასართობი ღონისძიებების ბიუჯეტიდან დაფინანსებას.

ღონიძიებებისთვის ბიუჯეტში ჯამში 91 000 ლარი გაითვალისწინეს.

ამ საკითხზე საკრებულომ ერთხელ უკვე იმსჯელა, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღია. საკრებულოს წევრებმა საკითხის კენჭისყრამდე ღონისძიებების ორგანიზატორებისგან ინფორმაციის მიღების სურვილი გამოთქვეს.

ორგანიზატორების მოსმენის შემდეგ კი მერიამ საკითხი ბიუჯეტის ცვლილებების პროექტში ისევ გაითვალისწინა.

„აჭარა ფეშენ ვიქს“ ორგანიზებას  „მოდისა და დიზაინის  ასოციაცია“ უწევს. მისი დამფუძნებელი მანანა გოგლიჩიძეა, რომელიც სამოდელო ბიზნესის გარდა ქუთაისში მდებარე სასტუმრო “ბაგრატი 1003”-ის მფლობელია.

ღონისძიების ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ აჭარა ფეშენ ვიკისა “ და მის და მისტერ პლანეტას“ ბათუმში გამართვა ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

„მის და მისტერ პლანეტას“ ორგანიზატორი  ქუთაისში რეგისტრირებული კომპანია შპს „მის პლანეტა საქართველოა“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ეკატერინე მგალობლიშვილია. მგალობლიშვილი სამოდელო სააგენტოს “კატრინის” მფლობელიცაა.  ამ სააგენტოს გასულ წლებში რამდენიმე სკანდალი უკავშირდება. მათ შორის 2014 წლის თბილისობის დღესასწაულზე მომხდარი ფაქტი. კერძოდ, მაშინდელმა  სამგორის რაიონის გამგებელმა, მამუკა ჩოქურმა თბილისობაზე  გამოყოფილი 15 250 ლარი, ტენდერის გამოცხადების გარეშე, თავისი მეუღლის, ეკატერინე მგალობლიშვილის მეგობრის კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხა.  საქმეს პროკურატურა სწავლობდა.

ამავე თემაზე: რას ფიქრობენ ბათუმში „მის და მისტერ პლანეტას“ ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე

20 ათასი ლარი ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცებისთვის

ბათუმის მერია ისტორიული ზონის დამტკიცებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს შეისყიდის. ამისთვის მერია ბიუჯეტიდან 20 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტში, ხვალ, 5 ივლისს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს.

საზოგადოება „ბათომი“, რამდენიმე თვეა ინტენსიურად ითხოვს ძველი ბათუმის ტერიტორიას განესაზღვროს და დაუმტკიცდეს ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს რეგულაცია, დაეხმარება ქალაქს შეინარჩუნოს ისტორიული ნაწილის იდენტობა და განაშენიანება.

დღეს არსებული რეგულაციით, ისტორიული უბნის საზღვრები დადგენილი არ არის. ძველ ბათუმში შესაძლებელია 15 მეტრი სიმაღლის შენობების აგება. შედეგად, ტერიტორიაზე გაჩნდა 5-სართულიანი სახლები, რამაც ისტორიული სახლები ჩაანაცვლა.

My Batumi – რესტორანი ზღვისპირას უგემრიელესი კერძებით

ზაფხულში ზღვისპირას რომანტიკული ვახშამი ან მეგობრებთან ერთად გართობა დღის იდეალური დასასრული შეიძლება იყოს, თუმცა იდეალურ საღამოს იდეალური ადგილი სჭირდება, ასეთი კი ბათუმში მხოლოდ რესტორანი „ჩემი ბათუმია“.

ბათუმის შემოსასვლელში რესტორან „ჩემი ბათუმის“ აბრას და ფართოდ გაღებულ ალაყაფის კარს ქართულ ტრადიციულ გარემოში შეჰყავხართ. ქართული ორნამენტებითა და დეტალებით გაფორმებული ინტერიერი შესვლისთანავე სასიამოვნო განწყობას გიქმნის.

IMG_0050

ჩახოხბილი, ჩაქონდრილი, ჩაქაფული, ჩალაღაჯი, ჩქმერული და ჩიხირთმა, წიწილა მაყვლის წვენში,  ორაგულის მწვადი, ნიგვზიანი ბადრიჯანი და აჭარული ხაჭაპური – ეს იმ კერძების არასრული ჩამონათვალია, რომელთა დაგემოვნებაც შეგიძლიათ რესტორანში.

თუ საღამოს მეგობრებთან ერთად ლუდის დალევა გსურთ, მაგრამ არ იცით სად წახვიდეთ, ან ფიქრობთ, რომ საკმარისი ფული არ გაქვთ, სულ ტყუილად – „ჩემს ბათუმში“  საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებია. შეგიძლიათ მიხვიდეთ, ღია ტერასაზე დასხდეთ, ცივი ლუდი დალიოთ და ბათუმისა და ზღვის ხედებით დატკბეთ.

IMG_0004

 

თუ ლუდის დალევა უშუალოდ ზღვის სანაპიროზე მოგინდებათ, არც ესაა პრობლემა. ტერასა ზღვის ნაპირასაა, რესტორნის პერსონალი კი მზადაა სანაპიროზეც მოგემსახუროთ.

თუ უცხოელი სტუმრები გყავთ და არ იცით სად წაიყვანოთ, რესტორან „ჩემს ბათუმში“ უნდა მიიყვანოთ. ქართული სიმღერის მოსმენა და ტრადიციული ცეკვების ნახვა დღესდღეობით ბათუმში მხოლოდ ამ რესტორანშია შესაძლებელი. თქვენი უცხოელი მეგობრები გემრიელი კერძების დაგემოვნებასთან ერთად „დაისს“, „აჭარულსა“ და „მთიულურსაც“ ნახავენ პროფესიონალი მოცეკვავეების შესრულებით.

რესტორანს აქვს პარკინგი, ასევე სტუმრებს შეუძლიათ საზღვაო ქოლგითა და შეზლონგით უფასოდ ისარგებლონ. რესტორნის პერსონალი ყოველდღიურად ასუფთავებს მიმდებარე ტერიტორიას, შესაბამისად, პლაჟი რესტორანთან სუფთა და მოვლილია.

IMG_0070

და რაც ყველაზე მთავარია – რესტორნის ყველა სტუმარს აქვს საშუალება, უგემრიელესი ქართული ტრადიციული  კერძები დააგემოვნოს.  რესტორნის სამზარეულოში მხოლოდ ახალი, მაღალი ხარისხის, ნატურალური პროდუქტია. მაგალითისთვის ღორის ხორცი კახეთიდან ჩამოაქვთ, ხბოს ხორცი – ზესტაფონიდან.

„ჩემი ბათუმი“ ის ადგილია, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ.

მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 557 91 50 50

IMG_0032

IMG_0038

IMG_0043

სამაშველო სამსახური ზღვაში მამაკაცს ეძებს

სამაშველო სამსახური ბათუმში, ზღვაში, მამაკაცს ეძებს. სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი გუშინ, 3 ივნისს, საღამოს 19:00 საათზე შევიდა ზღვაში საბანაოდ. „მაშველებმა დაინახეს, რომ ჩადიოდა, თუმცა ამოვიდა თუ არა უკან, არ დაუნახავთ. ჯერჯერობით არ არის ოფიციალურად დადასტურებული, რომ ნამდვილად ზღვაში დაიკარგა,“ – გვითხრეს სამაშველო სამსახურში. ამის მიუხედავად, სამაშველო ჯგუფები დაკარგულ მამაკაცს მაინც ეძებენ.

დაკარგული მამაკაცის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძე ავრცელებს. მისი თქმით, მამაკაცი, რომელიც გუშინ საღამოს ზღვაში შევიდა და გაუჩინარდა, მისი ძმაა.

„ჩემი ძმა სპორტსმენი იყო, კარგად ცურავდა და ზღვაში ძალიან შორს შედიოდა ხოლმე. გუშინ საღამოს შვიდი საათის შემდეგ შესულა, მაშველებმა გვითხრეს, რომ დაინახეს, მაგრამ რომ დააგვიანა გამოსვლა,  შემდეგ შევატყობინეთ პოლიციასო,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე. მისი თქმით, მაშველებმა ზღვის ნაპირზე მამაკაცის ჩუსტები და ავტომანქანის გასაღები იპოვეს.

შსს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები პოლიციელებისა და მაშველების მიერ.

გულშემატკივარი უნივერსიტეტთან [ფოტო]

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. ბათუმში გამოცდები შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში მიმდინარეობს, რომელის წინ აბიტურიენტებს მშობლები, ნათესავები და ნაცნობ-მეგობრები ელოდებიან.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2017. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2017. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2017. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2017. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2017. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2017. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2017. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2017. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2017. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2017. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2017. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2017. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2017. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2017. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2017. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2017. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2017. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2017. გულნარა კაკაბაძის ფოტო

უაქციზო ვისკის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის ფაქტზე,  ბრალდებულის სახით, ერთი პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით: „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უაქციზო ალკოჰოლური სასმელის – ვისკის რეალიზაციას ახორციელებდა. დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 69 ცალი ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი – „Jameson“-ი და „Jack Daniels“- ი.“

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

ბათუმში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შშმ პირთათვის არაადაპტირებული სივრცეა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ თავმჯდომარე თომა კაკაბაძე ამბობს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, რომელიც ბათუმში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აბიტურიანტთათვის გარემო არაადაპტირებულია. თომა კაკაბაძე წელს თავადაა აბიტურიენტი:

„მიუხედავად იმისა, რომ 10 ივნისამდე შევიტანე განცხადება შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად და მულტიდისციპლინურმა გუნდმაც შეაფასა ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები, დღეს საგამოცდოდ მისულს, მაინც მიუწვდომელი გარემო დამხვდა!

გავაპროტესტე, მოვითხოვე პასუხისმგებელი პირები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი არ არის პასუხისმგებელი და მიპასუხეს: ჩვენ ვერ ვეტყვით უნივერსიტეტს (ბსუ), რომ მისაწვდომობა უზრუნველყოს.

ტელეფონი კიბემდე დამატოვებინეს და ფოტოები ვერ გადავიღე, რომ მეჩვენებინა კიბეებზე აბიტურიენტების თვალწინ როგორ მომიწია უხერხულ პოზაში აჩანჩალება.
ვიცით, რომ უნივერსიტეტის მეორე კორპუსის პირველი სართული შეღწევადია ეტლით მოსარგებლეთათვის. ნუთუ არ შეიძლებოდა აღნიშნულ კორპუსში მოეწყოთ ჩემთვის საგამოცდო სივრცე?!“

ბათუმის შოთა რუსთველის უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ამ პრობლემის შესახებ იციან და არაადაპტირებული სივრცის მიზეზი ძველი შენობებია. წელს უნივერსიტეტი რემონტს გეგმავს, რის შედეგადაც სასწავლო გარემო შშმ პირთათვის ადაპტირებული გახდება. უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოცდების დასრულების შემდეგ რემონტი დაიწყება, რის შედეგადაც უნივერსიტეტში დამონტაჟდება პანორამული ლიფტები. „რადგან ძველ შენობებს ეს პრობლემა აქვს, უნდა მომზადდეს პროექტი. უნივერსიტეტმა შეუკვეთა პროექტი კომპანიას, რომელმაც შეისწავლა შენობა და მოამზადა პროექტი, როგორ უნდა დამონტაჟდეს ლიფტი,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ უნივერსიტეტში.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის განმარტებას „ბათუმელები“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

შსს: ლიანდაგების ქურდობის მცდელობაზე ოთხი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1976 წელს დაბადებული შ.ფ., 1981 წელს დაბადებული თ.გ., 1983 წელს დაბადებული ლ.ა. და 1992 წელს დაბადებული ნ.ბ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულები ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალ აბასთუმანში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი საქართველოს რკინიგზის კუთვნილი 46 მეტრი სიგრძის ლიანდაგების მოპარვას ცდილობდნენ. ოთხივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს [საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით].

liandagis qurdoba

ნახევარი მილიონი ლარი ოთხი ახალი მოსამართლის ბინის ქირისთვის

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეებს ბინებს ბათუმში აღარ ჩუქნიან. პლენუმის გადაწყვეტილებით, თითოეულ მოსამართლეს თვეში ბინის ქირისთვის 1000 ლარს უხდიან.  მოსამართლეებს 10 წლით ირჩევენ და მათი საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას კანონი ითვალისწინებს. შესაბამისად, ერთი მოსამართლის ბინით უზრუნველსაყოფად ბიუჯეტიდან ჯამში 120 ათასი ლარი დაიხარჯება. ოთხისთვის – 480 ათასი, ანუ დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი.

მანანა კობახიძე, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლეები არიან, მათ ბინის ქირას ბათუმში სახელმწიფო იხდის. დანარჩენ მოსამართლეებს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ აჩუქა საცხოვრებელი ბინები ბათუმის ცენტრში, სიმბოლურ ფასად – 1000 ლარად.

„ბიუჯეტის აშკარა არაეფექტური ხარჯვა“ – ასე აფასებს გია გვილავა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პროგრამების მენეჯერი მოსამართლეებისთვის ბინის დასაქირავებლად ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვას. გვილავა განმარტავს, რომ კანონის მიხედვით, სავალდებულო არ არის მოსამართლეებს ბინა საკუთრებაში გადაეცეთ. მთავარია, მოსამართლეობის პერიოდში სახელმწიფომ უზრუნველყოს ისინი საცხოვრებელი ბინით. გია გვილავას აზრით, ბიუჯეტიდან თანხა მნიშვნელოვნად დაიზოგება, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო შეიძენს საცხოვრებელ ბინებს და უფლებამოსილების ვადით გადასცემს მას კონკრეტულ მოსამართლეს.

„კანონის დარღვევა არც ის იყო, როცა ბინები აჩუქეს მოსამართლეებს. კანონი არც ახლა ირღვევა, როცა სახელმწიფო ქირაობს ბინებს. აქ დგას ბიუჯეტის ეფექტურად ხარჯვის საკითხი, რისი ნებაც წლების განმავლობაში არ არსებობს. ჩემი აზრით, თავად საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გააქტიუროს ეს საკითხი, პირველ რიგში“, – ამბობს გია გვილავა.

როგორია თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების პოზიცია ბინით უზრუნველყოფაზე, ან ხომ არ ყოფილა საუბარი მთავრობასთან ბინების შეძენაზე, რაც შემდეგ მოსამართლეებს დროებით სარგებლობაში გადაეცემათ – საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ „ბათუმელების“ ეს შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ, მისთვის 1000 ლარად გადაცემული ბინა ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან 250 ათას დოლარად გაყიდა. ბინას ყიდდა სასამართლოს წინა თავმჯდომარე – გიორგი პაპუაშვილიც, თუმცა საჯარო რეესტრმა პროცესი შეაჩერა, რადგან პაპუაშვილის ბინა დღემდე სადავოა: წინა მესაკუთრე, აბაშიძის ხელისუფლების მაღალჩინოსანი – როლანდ ბლადაძე საკუთრების დასაბრუნებლად ამ დროისთვის მესამე ინსტანციის სასამართლოში იბრძვის.

საკონსტიტუციო სასამართლოს სულ 9 მოსამართლე ჰყავს, მათგან  ოთხი რამდენიმე თვის წინ დაინიშნა.

„ფემინიზმის გამოღვიძება“ – წიგნის პრეზენტაცია და დისკუსია ბათუმში

5 ივლისს ბათუმში, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მიერ, ნენსი ფრეიზერის წიგნის „ფემინიზმის გამოღვიძება“ პრეზენტაცია და დისკუსია გაიმართება.

მომხსენებლები იქნებიან ილიას უნივერსიტეტის ფილოსოფიის მაგისტრანტი გიორგი ჩუბუნიძე, რომელიც ფრეიზერის პუბლიკაციის მთარგმნელია და სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრის თანადამფუძნებელი, სოფო ჯაფარიძე.

„ქალთა ემანსიპაციის ოცნება კაპიტალისტური დაგროვების ძრავაზეა მიერთებული“-ასეთ მძაფრს კრიტიკას აჟღერებს ნენსი ფრაიზერი პუბლიკაციაში „ფემინიზმის თავგადასავალი“- სახელმწიფოს მიერ მართული კაპიტალიზმიდან ნეოლიბერალურ კრიზისამდე“.

კრებული მისი ბოლო გამოცემაა, რომლის ავტორის 40-წლიანი მოღვაწეობის რეტროსპექტივას გვთავაზობს, სადაც უაღრესად საინტერესო ნააზრევია წარმოდგენილი“-ნათქვამია პრესრელიზში.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, პუბლიკაციის პრეზენტაციასთან ერთად გაიმართება დისკუსია შემდეგ თემებზე: როგორია ემანსიპირებული ბრძოლების ხედვა, რომელიც ფემინიზმს განაახლებს და გამოაღვიძებს?

ადგილობრივ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შედგა თუ არა ფემინიზმის და ნეოფემინიზმის ალიანსი?

რა როლი უნდა შეასრლოს ფემინისტურმა მოძრაობამ სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლაში დღევანდელ საქართველოში?

დისკუსია და პრეზენტაცია მემედ აბაშიძის 60 ნომერში, „წიგნები ბათუმში“ გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

 

„წიგნის ბუდე“ რუსთაველის უნივერსიტეტში

დღეს, 3 ივლისს, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის ეზოში, მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ, „წიგნის ბუდე“ გახსნა.

„სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ ორიგინალური სათავსოდან წიგნი აიღონ, წაიკითხონ და უკან დააბრუნონ, ან წაღებული წიგნის ნაცვლად ახალი დატოვონ,“-ნათქვამია ადმინისტრაციის პრესრელიზში.

ბსუ-ს ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს წიგნის კითხვის პოპულარიზაციას. რუსთაველის უნივერსიტეტი სოციალურ კამპანიაში – ,,ეკვილიბრიუმი“ რამდენიმე თვის წინ ჩაერთო და სოციალური ქსელით დაწყებული აქციის – ,,გაიღე წიგნი“ – ეგიდით, შუახევის რაიონის სოფელ ჭვანის ბიბლიოთეკას 400-მდე წიგნი გადასცა.

„წიგნის ბუდე“ ბსუ-ში
„წიგნის ბუდე“ ბსუ-ში

ხელისუფლების დაპირება „ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულთა ახლობლებს

ხელისუფლების წარმომადგენლებთან „ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულთა შეხვედრა დასრულდა. დახურულ კარს მიღმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატები და აჭარის მთავრობის აპარატის წევრები დაკავებულების ათამდე ახლობელს შეხვდნენ.

„დაგვპირდნენ, რომ დაგვეხმარებოდნენ პროკურატურასთან კომუნიკაციაში. აქამდე ჩვენ მთავარ პროკურორთან შეხვედრა ვერ მოვახერხეთ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ მიდგომა იყოს ერთიანი და არა ისე, რომ ერთს მცირე დროით უფორმებენ საპროცესოს, სხვებს კი მკაცრი სასჯელის ფონზე სთავაზობენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მხარდაჭერას დაგვპირდა,“ – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე. ის დახურულ შეხვედრას აჭარის უმაღლეს საბჭოში ესწრებოდა.

11-12 მარტის აქციის შემდეგ სულ 21 პირი დააკავეს. მათ გამოძიება სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოვლენილ მასობრივი ძალადობას ედავება. მათ შორის ორს – მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას – მასობრივი ძალადობის ორგანიზებას.

დაკავებულებიდან ოთხს უკვე გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, მათ შორის, ორ არასრუწლოვანს. პროკურატურა „ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულებს, ბრალის აღიარების შემთხვევაში, ორწლიან რეალურ სასჯელს და სამწლიან პირობით მსჯავრს სთავაზობს. ბრალის აღიარების გარეშე, საპროცესო შეთანხმების გაფორმება კანონის მიხედვით შეუძლებელია.

უკონტაქტო პატრულირება ამოსაცნობი ნიშნის არმქონე ავტომობილებით

უკონტაქტო პატრულირების ტერიტორიები, როგორც „ბათუმელებს“ საპატრულო პოლიციაში უთხრეს, საქართველოში ამ დროისთვის განსაზღვრული არ არის. უკონტაქტო პატრულირება გულისხმობს პატრულირებას პოლიციის კუთვნილი ისეთი ავტომანქანებით, რომლებსაც შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნები არ გააჩნიათ, და რომელზეც სპეციალური აპარატურაა განთავსებული. უკონტაქტო პატრულირების შედეგად დაჯარიმებულ მძღოლს [ისევე როგორც ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისას] მართვის მოწმობაზე ქულები არ აკლდება.

„შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის, არასტაციონარული [მოძრავი] სიჩქარისმზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების, აგრეთვე მონაცემთა დამუშავების პირობებსა და პროცედურების წესი“, შს მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცდა და 2017 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდა.

ამ წესის მიხედვითაა დაშვებული შეზღუდული რაოდენობის საგზაო მონაკვეთზე განხორციელდეს პატრულირება შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებით [უკონტაქტო პატრულირება]; უკონტაქტო პატრულირებას კი ახორციელებს შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მოსამსახურე.

უკონტაქტო პატრულირების სამოქმედო ტერიტორია [სივრცე] განისაზღვრება სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მიერ დასაბუთებული ბრძანების საფუძველზე. უკონტაქტო პატრულირების შესახებ გამაფრთხილებელი ინფორმაცია კი [შესაბამისი ნიშნის განთავსებით] მითითებული უნდა იყოს საგზაო მონაკვეთის შესასვლელსა და გამოსასვლელში თვალსაჩინო ადგილას.

[red_box]უკონტაქტო პატრულირების განხორციელების შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნების ნიმუშები:[/red_box]
ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის შესაძლო გამოყენების შესახებ შესაბამისი საგზაო მონაკვეთის შესასვლელში (შესასვლელებში) განსათავსებელი გამაფრთხილებელი ნიშანი სიგანე – 29,7 სმ, სიმაღლე – 42 სმ
უკონტაქტო პატრულირების მონაკვეთის შესასვლელში განსათავსებელი გამაფრთხილებელი ნიშანი

ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის შესაძლო გამოყენების შესახებ შესაბამისი საგზაო მონაკვეთის გამოსასვლელში (გამოსასვლელებში) განსათავსებელი გამაფრთხილებელი ნიშანი სიგანე – 29,7 სმ, სიმაღლე – 42 სმ
უკონტაქტო პატრულირების მონაკვეთის გამოსასვლელში განსათავსებელი გამაფრთხილებელი ნიშანი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უკონტაქტო პატრულირებისას უფლებამოსილი პირი:

[checklist]

  • ახორციელებს ქალაქის გზებსა და ქუჩებში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1181, 1182, 1183, 120-ე, 122-ე, 123-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის ვიდეო- ან/და ფოტოფირზე, აგრეთვე არასტაციონარული [მოძრავი] სიჩქარის მზომი ხელსაწყოს საშუალებით დაფიქსირებას.
  • ავტომაგისტრალზე უკონტაქტო პატრულირების განხორციელებისას უფლებამოსილი პირი ახდენს მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისა და იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დაფიქსირებას, რომელთაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა.
  • არ ახდენს უშუალო რეაგირებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან/და სავარაუდო დანაშაულის შემთხვევაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება იმწუთიერი და რეალური საფრთხე. უფლებამოსილი პირი ვალდებულია ინფორმაცია სავარაუდო დანაშაულის შესახებ დაუყოვნებლივ მიაწოდოს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – „112“, ასევე ერთობლივი ოპერაციების ცენტრს.

[/checklist]

უკონტაქტო პატრულირების განმახორციელებელ  უფლებამოსილ პირს ეკრძალება:

[crosslist]

  • განსაზღვრული სამოქმედო ტერიტორიიდან და მარშრუტიდან თვითნებური გადახვევა;
  • სამართალდამრღვევთან კომუნიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ან არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს მეშვეობით ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში ჩაწერა.

[/crosslist]

უკონტაქტო პატრულირების განხორციელებისას უფლებამოსილ პირებს შორის კოორდინაცია ხორციელდება სპეციალური რადიოკავშირის საშუალებით.

უკონტაქტო პატრულირების შედეგად მოპოვებული მონაცემები/ინფორმაცია უნდა განადგურდეს მისი მოპოვებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, თუ იგი არ შეიცავს ინფორმაციას:

[checklist]

  • საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ;
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული დანაშაულის შესახებ.

[/checklist]

პირველ შემთხვევაში მონაცემები ინახება ადმინისტრაციული საქმისწარმოების ვადით, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა. ვადის გასვლის შემდეგ ინფორმაცია სრულად ნადგურდება – ელექტრონული ფაილების შემთხვევაში – სისტემიდან მათი სრული წაშლით, ხოლო მატერიალური სახით არსებობის შემთხვევაში – მათი დაწვით, დაჭრით ან სხვა ისეთი გზით, რაც შეუძლებელს ხდის მომავალში მისი აღდგენის შესაძლებლობას;

მეორე შემთხვევაში კი, მონაცემების/ინფორმაციის ამოღება და დამუშავება ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

ამასთან:

პირი, რომლის შესახებაც არსებობს მონაცემები, უფლებამოსილია მოითხოვოს უკონტაქტო პატრულირების შედეგად მოპოვებული, მის შესახებ არსებული მონაცემი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ პირის უფლების შეზღუდვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები;

თუ პირის მიერ მის შესახებ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს მესამე პირთა პერსონალურ მონაცემებს, პირს მის შესახებ არსებული ინფორმაცია მიეწოდება მესამე პირების იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით;

პირს უფლება აქვს მოითხოვოს მის შესახებ არსებულ მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ვის აქვს ყველაზე მაღალი ხელფასი გამგებლის მოადგილეებს შორის აჭარაში

მუნიციპალიტეტის გამგებლების პირველ მოადგილეებს შორის, აჭარის რეგიონის მასშტაბით, ყველაზე მაღალი ანაზღაურება – 1 700 ლარი, ქედის გამგებლის პირველ მოადგილეს, გურამ ბერიძეს აქვს.

გურამ ბერიძის თანამდებობრივი სარგო  1 700 ლარია. ხელფასი გასული წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გაუზარდეს, პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგოს 400 ლარით გაზრდასთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილება ქედის საკრებულომ 2016 წლის 30 სექტემბერს მიიღო.

ქედის გამგებელს შტატით სულ სამი მოადგილე უნდა ჰყავდეს, თუმცა ერთი მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია, ხოლო მეორე მოადგილის სახელფასო სარგო 1 300 ლარია.

გურამ ბერიძის შემდეგ, თანამდებობრივი სარგოს ოდენობით ხულოს გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის პირველი მოადგილე 1 500 ლარით ლიდერობს, ქედის მუნიციპალიტეტის მსგავსად, აქ  გამგებლის მოადგილეების ხელფასი 1 300 ლარია.

სამი მოადგილე ჰყავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს ნადიმ ვარშანიძეს. მის პირველ და შემდგომ მოადგილეებს ერთნაირი  თანამდებობრივი სარგო აქვთ. მათი ხელფასი 1 300 ლარია, ანალოგიური ოდენობის თანამდებობრივი სარგო აქვს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილესა და მოადგილეებსაც.

სამი მოადგილე ჰყავს შუახევის გამგებელს, ტარიელ ებრალიძეს. პირველი მოადგილისა და სხვა მოადგილეების ხელფასი აქ 20 ლარით განსხვავდება, პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგო – 1 320 ლარია, ხოლო მოადგილეებს 1 300 ლარი აქვთ.

მაშველებმა ზღვაში ერთი ადამიანი გადაარჩინეს

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით,  ცოტა ხნის წინ ბათუმში მაშველებმა უცხოელი მამაკაცი გადაარჩინეს. ის თურქეთის მოქალაქეა.

„ცოტა ხნის წინ ერთი მამაკაცი იხრჩობოდა ზღვაში და მაშველებმა ამოიყვანეს, სასწრაფო დახმარებამ კი საავადმყოფოში გადაიყვანა და გადაარჩინეს,“ -გვითხრა სასწრაფო დახმარების უფროსმა, მინდია კახიძემ.

ბულვარში სასწრაფო დახმარების მანქანა 1-ელი ივლისიდან დგას და მოქალაქეებს სამედიცინო დახმარებას უწევს. ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში სასწრაფო დახმარება ბულვარში 15 ადამიანს გაეწია.

მინდია კახიძის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადა ბულვარში დილის 10 საათიდან საღამოს ათ საათამდე იმუშავებს ტურისტული სეზონის განმავლობაში. სასწრაფო დახმარების მანქანა თავდადებულის ქუჩის ბოლოში, პლაჟთან დგას.

ბათუმის საგამოცდო ცენტრში 24 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

დღეს, 3 ივლისს, ეროვნული გამოცდები დაიწყო. გამოცდა მიმდინარეობს ქართულ ენასა და ლიტერატურაში.  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდის პირველ სესიაზე 97-მდე აბიტურიენტი არ გამოცხადდა.

ბათუმის საგამოცდო ცენტრში 24 აბიტურიენტი არ გამოცხადდა, ერთმა – დააგვიანა.

ბათუმის საგამოცდო ცენტრში 9 000 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული. გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. მეორე სესიისთვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.

მერაბ ღოღობერიძის პროცესზე მოწმეების დაკითხვა დაიწყო

დღეს, 3 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მერაბ ღოღობერიძის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე, ვიდრე მოსამართლე სასამართლო დარბაზში შემოვიდოდა, მერაბ ღოღობერიძემ მისთვის განკუთვნილი გისოსებიანი ადგილიდან დარბაზს მიმართა:

„ხდება იგივე, რაც ცოტნე ანანიძის შემთხვევაში მოხდა. მე ვაპირებ ბათუმის მერობას…” – თქვა მერაბ ღოღობერიძემ. მას ირაკლი ჩხვირკიასთან ერთად სახელმწიფოს წინააღმდეგ მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად. საუბარია ბათუმის 11-12 მარტის აქციაზე, რომლის შემდეგაც პროკურატურამ 21 პირი დააკავა (ამ დროისთვის 4 მათგანი არის გათავისუფლებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე).

„ჩემი პოზიცია დაემთხვევა ობიექტური პირის პოზიციას… ამ პროცესს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრება. მათ იგივე პიზიცია ექნებათ, რაც მე,” – მიმართა ბრალდებულებს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. მან ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

მოსამართლემ საპროტესტო აქციებიც ახსენა, რასაც პერიოდულად აწყობენ „ბათუმის აქციის საქმეზე” დაკავებულების ახლობლები. მოსამართლემ აღნიშნა, რომ პროტესტი მასზე გავლენას ვერ მოახდენს.

„გავლენას ვერც მოწმეები მოახდენენ. 200-ვე მოწმემ თქვენ წინააღმდეგ რომ ისაუბროს, მხოლოდ ეს ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი,”- დასძინა მოსამართლემ.

„ბატონო მოსამართლევ, თქვენ შენიშვნას აძლევთ ჟურნალისტებს, მაგრამ არა პროკურორს, რომელიც თქვენი საუბრის დროს ჩატაობს…” – უთხრა მოსამართლეს მერაბ ღოღობერიძემ.

მოსამართლემ ბრალდებულს ზეპირი შენიშვნა მისცა. მას პროკურორის მიმართ არაფერი უთქვამს: „აზრი გამექცა, რა უნდა მეთქვა…” –  ჩაილაპარაკა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.

დღევანდელ პროცესზე მოწმეების დაკითხვა უნდა დაიწყოს. საქმეში სულ 301 მოწმეა, თუმცა სასამართლო ამ საქმის განხილვას დაჩქარებული წესით აპირებს.

„კუთვნილი შვებულებაც კი გადავდე, რადგან საქმე ძალიან სენსიტიურია და არსებობს საზოგადიების მაღალი ინტერესი. კვირაში რამდენიმე პროცესის გამართვას ვაპირებ,” – აღნიშნა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.

Exit mobile version