ბათუმი,კვირის ამბები,სიახლეები

რას ფიქრობენ ბათუმში „მის და მისტერ პლანეტას“ ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე

28.06.2017 • 3014
რას ფიქრობენ ბათუმში „მის და მისტერ პლანეტას“ ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე

ბათუმის საკრებულომ დროებით გადადო „აჭარა ფეშენ ვიქისა“  და „მის და მისტერ პლანეტას“  ბათუმის ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხის განხილვა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მსგავსი ტიპის ღონისძიებების საბიუჯეტო სახსრებით ჩატარებას არ ემხრობიან.

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი, არჩილ ხახუტაიშვილი ამბობს, რომ თუ ღონისძიების ჩატარება ტურისტების მოსაზიდადაა განკუთვნილი, მაშინ მისი დაფინანსება უფრო ტურიზმის დეპარტამენტის კულტურული ღონისძიებების ფარგლებში  ჯდება, შესაბამისად, ბათუმის ბიუჯეტიდან მსგავსი ტიპის ღონისძიების დაფინანსება მიზანშეუწონელია.

„მიზნობრიობა ყოველთვის ნიშნავს აუცილებლობიდან გამომდინარე ხარჯების დასაბუთებას და შესაბამისობას. თუ ეს აუცილებლობა და საჭიროება ამ ხარჯებს ამართლებს, ეს უნდა იყოს დასაბუთებული კონკრეტული ინდიკატორებით. თუ ჩვენ ახლა ამას [„აჭარა ფეშენ ვიქისა“  და „მის და მისტერ პლანეტას“] იმიტომ ვაფინანსებთ, რომ ქალაქის ბიუჯეტს, არ აქვს სხვა საქმე გარდა ასეთი ღონისძიებებისა, კი ბატონო. მაგრამ ტურისტულ სეზონთან რა კავშირი აქვს? იდეაში მე არ ვამბობ, რომ ცუდია. უბრალოდ, ჩვენი პირობებში ნაკლებად პრიორიტეტულად მიმაჩნია მსგავსი ტიპის ღონისძიება, ვერ ვპოულობ არგუმენტს, რატომ უნდა დააფინანსოს ბიუჯეტმა“, –  ამბობს არჩილ ხახუტაიშვილი.

იმ პირობებში, როდესაც ქალაქი ისედაც აფინანსებს რამდენიმე ფესტივალს, რატომ მიიჩნევს საჭიროდ ბათუმის მერია კიდევ ერთი ფესტივალის დაფინანსებას ბიუჯეტიდან, მით უფრო ამ რაოდენობის თანხით.

„ვფიქრობ,  ფესტივალების ჩატარება ტურისტული ქალაქისთვის კარგია, თუმცა ის უნდა იყოს წინასწარ განხილული, დაგეგმილი და მხოლოდ ამის შემდეგ განხორციელებული. კარგად უნდა იქნეს გაანალიზებული, რამდენად შეუწყობს ხელს ამ კონკრეტულ ღონისძიებებში ბიუჯეტიდან დახარჯული თანხა ქალაქის პოპულარიზაციას. ამ ფესტივალის მიზანი, ძირითადად, ახალგაზრდა დიზაინერთა წარმოჩენაა, რაც მოდისა და ბიზნესის წარმომადგენლების თანამშრომლობით უნდა ფინანსდებოდეს.

გარდა ამისა, ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვა და მისი მიზნობრივი ხარჯვა უნდა ხორციელდებოდეს საზოგადოების მაქსიმალური მონაწილეობით,“ – ამბობს ბათუმის საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს წევრი თეონა დიასამიძე.

მოდის კვირეულისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 30 000 ლარს ითხოვენ, ხოლო მეორე ღონისძიებისთვის – 61 000 ლარს. „აჭარა ფეშენ ვიქს“ ორგანიზებას  „მოდისა და დიზაინის  ასოციაცია“ უწევს. მისი დამფუძნებელი მანანა გოგლიჩიძეა, რომელიც სამოდელო ბიზნესის გარდა ქუთაისში მდებარე სასტუმრო “ბაგრატი 1003”-ის მფლობელია.

რაც შეეხება „მის და მისტერ პლანეტას“ – მისი ორგანიზატორი  ქუთაისში რეგისტრირებული კომპანია შპს „მის პლანეტა საქართველოა“, რომლის  100%-იანი წილის მფლობელი ეკატერინე მგალობლიშვილია. მგალობლიშვილი სამოდელო სააგენტოს “კატრინის” მფლობელიცაა.  ამ სააგენტოს გასულ წლებში რამდენიმე სკანდალი უკავშირდება. მათ შორის 2014 წლის თბილისობის დღესასწაულზე მომხდარი ფაქტი. კერძოდ, მაშინდელმა  სამგორის რაიონის გამგებელმა, მამუკა ჩოქურმა თბილისობაზე  გამოყოფილი 15 250 ლარი, ტენდერის გამოცხადების გარეშე, თავისი მეუღლის, ეკატერინე მგალობლიშვილის მეგობრის კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხა.  საქმეს პროკურატურა სწავლობდა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: