მთავარი,სიახლეები

საკრებულოში „აჭარა ფეშენ ვიკის“ წარმომადგენლებს მოუსმინეს

30.06.2017 • 2177
საკრებულოში „აჭარა ფეშენ ვიკის“ წარმომადგენლებს მოუსმინეს

დღეს, 30 ივნისს, ბათუმის საკრებულოს წევრებმა მოდის კვირეულის „აჭარა ფეშენ ვიკისა“ და კონკურსის – „მის და მისტერ პლანეტას“  წარმომადგენლებს მოუსმინეს. საინფორმაციო შეხვედრის მიზანი იყო, ორგანიზატორებს წარმოედგინათ არგუმენტები, თუ რატომ უნდა დაფინანსდეს  აღნიშნული ღონისძიებები  თვითმმართველობის ბიუჯეტიდან.

ორგანიზატორებმა  პროექტის პრეზენტაციას წინა წლებში ჩატარებული ღონისძიებების ვიდეოკადრებიც დაურთეს.

„აჭარა ფეშენ ვიკის“ ორგანიზატორის, ეკა მგალობლიშვილის აზრით,  ამ ღონისძიების სარგებელი იმაში მდგომარეობს, რომ, რადგან კონკურსი საერთაშორისოა, ის ტურისტული თვალსაზრისით ბათუმის ცნობადობას შეუწყობს ხელს.

„ამ კონკურსში მონაწილე პირები, რომლებიც შარშან მონაწილეობდნენ  კონკურსში,  კონკურსის შემდეგ მეგობრებით, ოჯახებით ჩამოვიდნენ ბათუმში და, ვფიქრობ, ეს ქალაქისთვის, ტურისტული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია.

მოდის კვირეულის „აჭარა ფეშენ ვიკის“ და კონკურს „მის და მისტერ პლანეტას“ პრეზენტაცია საკრებულოში

მოდის კვირეულის „აჭარა ფეშენ ვიკის“ და კონკურს „მის და მისტერ პლანეტას“ პრეზენტაცია საკრებულოში.

გარდა ამისა, კონკურსის მსვლელობის დროს და შემდეგაც იმართება პრესკონფერენციები, იწერება ინტერვიუები და ეს ინფორმაცია მსოფლიოს ასამდე ქვეყანაში ვრცელდება, რომლებიც ამ კონკურსში იღებენ მონაწილეობას,“ – ამბობს ეკა მგალობლიშვილი.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტის მხრიდან მიზერულ დაფინანსებაზეა საუბარი, რომელიც მხოლოდ ტექნიკური საკითხების მოგვარებაზე იხარჯება. https://batumelebi.netgazeti.ge/news/85723/#sthash.sYg9d0Oq.dihA8dB2.dpbs

„მე ვფიქრობ, რომ არა მარტო ბათუმის მუნიციპალიტეტი, ყველა ქართველი უნდა დამიდგეს მხარში, როცა საქმე მსოფლიოს ეხება. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად უნდა წარსდგეს, რომ აქ ჩამომსვლელებს კიდევ მოუნდეთ საქართველოს ნახვა და ჩამოსვლა“.

ორგანიზატორების აზრით, მოდის კვირეული ქალაქის ტურისტულ ცნობადობას გაზრდის

ორგანიზატორების აზრით, მოდის კვირეული ქალაქის ტურისტულ ცნობადობას გაზრდის.

საკრებულოს წევრის ნინო ბერაძის თქმით, აღნიშნულმა პროექტმა ბიუჯეტიდან ერთხელ უკვე მიიღო მხარდაჭერა და ამჯერად ფინანსური წყაროები მათ სხვაგან უნდა მოეძიათ.

„რესპუბლიკელი“ თემურ ყურაშვილის აზრით, პროექტი ბიზნესზეა ორიენტირებული, ამიტომ ის ფინანსურ მხარდაჭერას ბიუჯეტიდან არ უნდა იღებდეს.

საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე ამბობს, რომ მას გადაწყვეტილების  მისაღებად გარკვეული ინფორმაციის მოძიება სჭირდება: „უნდა მოვიძიო ინფორმაციები რა თანხები იხარჯება რეალურად  ჩვენი ქვეყნის უცხოეთში რეკლამირებაზე, რომ შედარებები გავაკეთო, თუ რამდენად უღირს ბათუმის მუნიციპალიტეტს, თუნდაც სარეკლამო კუთხით ამ ღონისძიების დაფინანსება,“ – ამბობს ის.

პრეზენტაციას საკრებულოს უმრავლესობის წევრებიც ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილებას ისინი სხდომაზე მიიღებენ, როდესაც  ღონისძიების დაფინანსების საკითხი კენჭისყრაზე დადგება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის ნათია აფხაზავას შეფასებით,  თვითმმართველობას გააჩნია სამწლიანი პრიორიტეტების დოკუმენტი და სწორედ ამ მიმართულებით უნდა მუშაობდეს ის.

DSCN7400

„ამ დოკუმენტში  მსგავსი ტიპის ღონისძიებების დაფინანსება შეტანილი არ არის. უფრო მეტიც, წინა მოწვევის საკრებულოს წევრების მხრიდან იყო ინიციატივა, რომ ამ ტიპის ღონისძიებები ჩასმულიყო  ბიუჯეტში, თუმცა მაშინაც ითქვა საჯარო განხილვებზე, რომ ეს არ არის ქალაქის პრიორიტეტი.

რაც შეეხება დღევანდელ განხილვას,  ვფიქრობ, მერიას თავიდანვე უნდა განესაზღვრა და არ მიეღო წინადადადება ამ ღონისძიების დაფინანსებასთან დაკავშირებით.

ჩვენ ავირჩიეთ ფესტივალები – კინოფესტივალი,  ანიმაციური ფესტივალი და ქალაქმა ასევე განსაზღვრა თავისუფალი პროექტების მხარდაჭერა, სადაც ასევე განსაზღვრა, რომ მხარს უჭერს ინოვაციურობას და ქალაქის ახალი ხედვის ჩამოყალიბებას, რასაც ამ კონკრეტული ღონისძიებების შემთხვევაში  ვერ ვხედავთ,“ – გვეუბნება ის.

დააფინანსებს თუ არა „აჭარა ფეშენ ვიკის“ და „მის და მისტერ პლანეტას“ კონკურსებს ბათუმის საკრებულო, მომდევნო სხდომაზე გახდება ცნობილი.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ბათუმის საკრებულოს მუშაობას აკვირდებიან, მიაჩნიათ, რომ ქალაქის ბიუჯეტი მსგავსი ტიპის ღონისძიებებს არ უნდა აფინანსებდეს.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: