მთავარი,სიახლეები

ნახევარი მილიონი ლარი ოთხი ახალი მოსამართლის ბინის ქირისთვის

03.07.2017 • 3934
ნახევარი მილიონი ლარი ოთხი ახალი მოსამართლის ბინის ქირისთვის

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეებს ბინებს ბათუმში აღარ ჩუქნიან. პლენუმის გადაწყვეტილებით, თითოეულ მოსამართლეს თვეში ბინის ქირისთვის 1000 ლარს უხდიან.  მოსამართლეებს 10 წლით ირჩევენ და მათი საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას კანონი ითვალისწინებს. შესაბამისად, ერთი მოსამართლის ბინით უზრუნველსაყოფად ბიუჯეტიდან ჯამში 120 ათასი ლარი დაიხარჯება. ოთხისთვის – 480 ათასი, ანუ დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი.

მანანა კობახიძე, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლეები არიან, მათ ბინის ქირას ბათუმში სახელმწიფო იხდის. დანარჩენ მოსამართლეებს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ აჩუქა საცხოვრებელი ბინები ბათუმის ცენტრში, სიმბოლურ ფასად – 1000 ლარად.

„ბიუჯეტის აშკარა არაეფექტური ხარჯვა“ – ასე აფასებს გია გვილავა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პროგრამების მენეჯერი მოსამართლეებისთვის ბინის დასაქირავებლად ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვას. გვილავა განმარტავს, რომ კანონის მიხედვით, სავალდებულო არ არის მოსამართლეებს ბინა საკუთრებაში გადაეცეთ. მთავარია, მოსამართლეობის პერიოდში სახელმწიფომ უზრუნველყოს ისინი საცხოვრებელი ბინით. გია გვილავას აზრით, ბიუჯეტიდან თანხა მნიშვნელოვნად დაიზოგება, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო შეიძენს საცხოვრებელ ბინებს და უფლებამოსილების ვადით გადასცემს მას კონკრეტულ მოსამართლეს.

„კანონის დარღვევა არც ის იყო, როცა ბინები აჩუქეს მოსამართლეებს. კანონი არც ახლა ირღვევა, როცა სახელმწიფო ქირაობს ბინებს. აქ დგას ბიუჯეტის ეფექტურად ხარჯვის საკითხი, რისი ნებაც წლების განმავლობაში არ არსებობს. ჩემი აზრით, თავად საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გააქტიუროს ეს საკითხი, პირველ რიგში“, – ამბობს გია გვილავა.

როგორია თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების პოზიცია ბინით უზრუნველყოფაზე, ან ხომ არ ყოფილა საუბარი მთავრობასთან ბინების შეძენაზე, რაც შემდეგ მოსამართლეებს დროებით სარგებლობაში გადაეცემათ – საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ „ბათუმელების“ ეს შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ, მისთვის 1000 ლარად გადაცემული ბინა ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან 250 ათას დოლარად გაყიდა. ბინას ყიდდა სასამართლოს წინა თავმჯდომარე – გიორგი პაპუაშვილიც, თუმცა საჯარო რეესტრმა პროცესი შეაჩერა, რადგან პაპუაშვილის ბინა დღემდე სადავოა: წინა მესაკუთრე, აბაშიძის ხელისუფლების მაღალჩინოსანი – როლანდ ბლადაძე საკუთრების დასაბრუნებლად ამ დროისთვის მესამე ინსტანციის სასამართლოში იბრძვის.

საკონსტიტუციო სასამართლოს სულ 9 მოსამართლე ჰყავს, მათგან  ოთხი რამდენიმე თვის წინ დაინიშნა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: