მთავარი,სიახლეები

აქვთ თუ არა უსინათლოებს ეროვნულ გამოცდაზე არჩევანის უფლება

04.07.2017
აქვთ თუ არა უსინათლოებს ეროვნულ გამოცდაზე არჩევანის უფლება

22 წლის გოდერძი გოგოლაძე ეროვნულ გამოცდებს თბილისის საგამოცდო ცენტრში აბარებს. ის ამბობს, რომ გამოცდის ჩაბარება ჯერ ხმოვანი პროგრამით უწევს, შემდეგ კი პასუხებს ბრაილის შრიფტით წერს. მისი თქმით, გამოცდისთვის განკუთვნილი დრო საკმარისი არ არის, რადგან ის ორმაგ შრომას მოითხოვს და უსინათლოებს სხვა ალტერნატივები უნდა ჰქონდეთ.

„ჯერ ვისმენთ კითხვებს ხმოვან პროგრამაში, შემდეგ კი პასუხებს ვწერ ბრაილით.  პრობლემაა ის, რომ არ გვაქვს არჩევანის შესაძლებლობა. თუ კომპიუტერით ვაბარებ, მაშინ პასუხების ცალკე დაწერა აღარ უნდა იყოს სავალდებულო.

გარდა ამისა, ბრაილის შრიფტით დიდი ხანია არ მიმუშავია და ჩემთვის ძალიან რთული იყო.  ბრაილის შრიფტით რომ დაწერო, სპეციალური კალამია საჭირო. ახალი კალამი გამიფუჭდა და ძველი კალმით ვწერე, რომელიც ცუდად წერდა. ბრაილში მუშაობა კიდევ იმით არის რთული, რომ თუ რაიმე შეგეშალა, ვერ წაშლი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ალტერნატივა უნდა გვქონდეს,“-გვეუბნება ის.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, ივა მინდაძის განმარტებით, უსინათლოებს გამოცდების ჩაბარების დროს ალტერნატივები აქვთ. მისი თქმით, აბიტურიენტს გამოცდების ჩაბარება შეუძლია მოითხოვოს როგორც  ხმოვანი პროგრამით და ბრაილით, ასევე,  სტანდარტული სისტემითაც.

„ჩვენ ვნახეთ აბიტურიენტების განაცხადები, ერთი ითხოვს სტანდარტულ ფორმას, –  ბრაილის ტექტს, ორი კი ითხოვს ბრაილს და ხმოვან პროგრამას. გოდერძი გოგოლაძეს მითითებული აქვს ხმოვანი პროგრამა და ბრაილი. მას შეეძლო წერილობით მიეთითებინა, რომ გამოცდების ჩაბარება ხმოვანი პროგრამით უნდოდა“.

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ეროვნულ გამოცდებზე სამი უსინათლო აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

შშმ პირებს პრობლემები შეექმნათ ბათუმის საგამოცდო ცენტრშიც, შენობის არაადაპტირების გამო.

ოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საგამოცდო ცენტრებში კონდიცირება არ არის, რის გამო ოთახებში ძალიან ცხელა. ივა მინდაძე ამბობს, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი არსებულ ინფრასტრუქტურას იყენებს, სადაც კონდიცირების სისტემები არ არის. „ნამდვილად ცხელა, მაგრამ ჩვენ ვიყენებთ საჯარო სკოლებს, უნივერსიტეტებს, სადაც კონდიცირება არ არის.“

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: