მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხულოს გამგებელი თხილვანელებზე: საკუთარი ნებით თუ არ წამოვლენ, შესაძლოა იძულებით გამოვასახლოთ

05.07.2017 • 2804
ხულოს გამგებელი თხილვანელებზე: საკუთარი ნებით თუ არ წამოვლენ, შესაძლოა იძულებით გამოვასახლოთ

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრებ იმ 32 ოჯახს, რომლებიც სახელმწიფოს განასახლების პროგრამაში ჩაერთო,  25 000 ლარი მიმდინარე კვირიდან ჩაერიცხება, ხოლო 28 ოჯახს, რომლებსაც საცხოვრებელი სახლის შეძენის მიზნით 25 000 ლარი უკვე ჩაერიცხა, სახლის შესაძენად  სამთვიანი ვადა აქვს. სამი თვის განმავლობაში ყველა მათგანმა ადგილობრივ ხელისუფლებას საკუთრებაში არსებული ახალი საცხოვრებელი სახლის შესაბამისი დოკუმენტი უნდა წარუდგინოს.

ბესიკ ბაუჩაძე

ბესიკ ბაუჩაძე

„გარკვეული პირობებიდან გამომდინარე შესაძლოა ეს სამთვიანი ვადა რამდენიმე დღით გადაიწიოს, თუ ამისთის დამაკმაყოფილებელი არგუმენტი და საჭირო მოთხოვნები იქნება“ – ამბობს ხულოს გამგებელი.

იმ შემთხვევაში, თუ ოჯახები საბოლოოდ უარს იტყვიან სახლების შეძენასა და სოფლიდან განსახლებაზე, გამგებელი სიცოცხლისთვის სახიფათო გარემოში მცხოვრები ოჯახების იძულებით გამოსახლებასაც არ გამორიცხავს.

„სოფელში სახელმწიფო დაწესებულებები არ იარსებებს, არ იქნება სკოლა, ამბულატორია… მოსახლეობასთან გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულებები ოჯახებს ავალდებულებს არამარტო მათ არ გამოიყენონ საცხოვრებლად თხილვანაში არსებული საცხოვრებელი სახლები, არამედ არც სხვას გადასცენ სარგებლობისთვის. იმ შემთხვევაში, თუ არ წამოვლენ ოჯახები თხილვანიდან, შესაძლოა იძულების წესით გამოვასახლოთ – აცხადებს ბესიკ ბაუჩაძე და დასძენს – მეწყრული კერები არ გააქტიურებულა. რამდენიმე დღის წინ წვიმის შედეგად მოიმატა მდინარეში წყლის დონემ, თუმცა ამას მოსახლეობისთვის ზიანი არ მიუყენებია“.


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში მეწყერი მიმდინარე წლის 10 იანვარს განვითარდა. გეოლოგიური დასკვნით, დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 1200-1500 მეტრში, დაგროვილია ნახევარ მილიონ კუბურ/მეტრზე მეტი მიწის მასა. ეს მეწყრულ-ღვარცოფული  მასა შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიძრას, რაც საფრთხეს უქმნის მთლიანად სოფელს.

ამავე თემაზე:

სოფელი, რომელიც მეწყერს მიაქვს

მეწყრული მასა სოფელ ქვემო თხილვანაში. ფოტო:

მეწყრული მასა სოფელ ქვემო თხილვანაში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: