Batumelebi | საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ქონება და იარაღით გატაცება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ქონება და იარაღით გატაცება – Batumelebi
RU | GE  

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ქონება და იარაღით გატაცება

ზაზა თავაძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ 20 ოქტომბერს აირჩიეს ამავე სასამართლოს მოსამართლეებმა. მის თავმჯდომარედ დანიშვნას რვა მოსამართლიდან ხუთმა დაუჭირა მხარი. ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ უზენაესმა სასამართლომ 2010 წელს დანიშნა. სწორედ მაშინ გადასცა მას სახელმწიფომ საკუთრებაში ბინა ბათუმში, რომელიც თავმჯდომარეობამდე 5 თვით ადრე, 2016 წლის მაისში 250 000 დოლარად გაყიდა.

ზაზა თავაძის კარიერა

ზაზა თავაძე – საკონსტიტუციო სასამართლოს 41 წლის თავმჯდომარე ზესტაფონში დაიბადა. მისი კარიერული წინსვლა დაიწყო 2007 წელს, როცა ის გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსად დანიშნეს.

მოსამართლეობამდე, 2008-2010 წლებში ზაზა თავაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ზაზა თავაძე უზენაესმა სასამართლომ 2010 წელს გაამწესა. თავმჯდომარედ დანიშვნამდე ის გიორგი პაპუაშვილის მოადგილე იყო.

ზაზა თავაძის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნას ერთი მნიშვნელოვანი დეტალი უძღოდა წინ – ის იმ ხუთ მოსამართლეთაგან ერთ-ერთია, რომლებმაც 2016 წლის 29 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს მაშინდელ თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს წერილით მიმართეს და გააპროტესტეს ზოგიერთი საქმის, მათ შორის, „რუსთავი 2“-ის საქმის „დაჩქარებული ტემპით“ განხილვა, მაშინ, როდესაც, მათი თქმით, უფრო ადრე შესულ საქმეებზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ იყო.

თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ ზაზა თავაძემ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათთვის „ყველა საქმე ერთი და იგივეა“.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი არ ეთანხმება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს და ევროსასამართლოს პრაქტიკას იშველიებს. „სტრასბურგის სასამართლოსაც აქვს უპირატესობის მინიჭების კრიტერიუმი. მაგალითად, იმ საქმეებს, რომლებზეც ადამიანები ციხეში სხედან, სტრასბურგი უფრო დაჩქარებული ტემპით განიხილავს“, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

„ისეთი ტიპის საქმე, როგორიც არის კაბელების საქმე, როდესაც ადამიანები ციხეში სხედან, სადაც, საზოგადოებაში არსებობს სერიოზული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ საქმეში პოლიტიკური მოტივაცია უფრო ძლიერია, საკონსტიტუციო სასამართლოს უფრო სწრაფად რომ განეხილა, არ მოვიდოდა წინააღმდეგობაში სტრასბურგის მიერ დადგენილ სტანდარტებთან. ჩემი აზრით, ასეც უნდა მომხდარიყო. ის ხელოვნური შეფერხებები, რაც ჩნდებოდა სასამართლოში და რომელშიც მონაწილეობდა თავაძე, ძალიან ცუდად მოქმედებდა სასამართლოს იმიჯზე“, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

საზოგადოებისთვის ასევე უცნობია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა თავმჯდომარის არჩევის დროს რატომ მიანიჭეს უპირატესობა ზაზა თავაძეს და არა, ვთქვათ, მის კონკურენტ ირინა იმერლიშვილს. „თავის დროზე რა დამსახურებების და რა ნიშნის გამო გახდა ეს ადამიანი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ახლა რა მონაცემებზე დაყრდნობით იქნა არჩეული, ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომლის მიმართაც საზოგადოებას აქვს ინტერესი“, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2020 წლის 30 მარტამდე იქნება. მას, როგორც ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირს, იმუნიტეტი დაიცავს.

ზაზა თავაძის ქონება

პირველი ქონება, რომელიც 2007 წელს ზაზა თავაძემ თავის ქონებრივ დეკლარაციაში ასახა, არის ბინა თბილისში, მუხიანის დასახლებაში, რომელიც მომავალ მოსამართლეს 50 ათას ლარად აქვს შეფასებული. ეს ბინა ზაზა თავაძემ 2011 წელს გაყიდა 37 000 დოლარად.

ზაზა თავაძეს ქონებრივ დეკლარაციაში 250 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე გამოჩნდა 2009 წელს. ეს ქონება მოსამართლის მეუღლის, თეა ძოწენიძის სახელზეა რეგისტრირებული. არც ამ წლის და არც სხვა წლების ქონებრივ დელარაციაში არსად ჩანს, რომ მოსამართლის მეუღლე მუშაობს. მას არც რაიმე სახის შემოსავალი აქვს ხელფასის სახით მიღებული. მართალია, 2009 წლის დეკლარაციის ჩანაწერით, თეა ძოწენიძე 25%-ს ფლობს რესტორან „ევრაზიაში“, თუმცა, ეს ჩანაწერი შემდეგი წლების დეკლარაციაში აღარ გვხვდება. შესაბამისად, გაუგებარია, გაყიდა მოსამართლის მეუღლემ თავისი წილები ბიზნესში, თუ ჯერ კიდევ ფლობს. თავად ზაზა თავაძე იმ პერიოდში იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.
მინისტრის მოადგილის რანგში მას ხელფასისა და პრემიის სახით 82 116 ლარი მიუღია. აქედან 19 500 ლარი ხუთ ცეცხლსასროლ იარაღში აქვს გადახდილი.

მომდევნო წლის დეკლარაციაში, ზაზა თავაძის ქონებას არსებითი ცვლილება არ განუცდია, მის ოჯახს ისევ ორი ბინა აქვს საკუთრებაში. შემდეგ წელს, ბათუმში ჩამოსვლის, ანუ მოსამართლედ დანიშვნის ეტაპზე, მას ქონების სახით ერთი ბინა დაემატა – ბათუმის ბულვარის შესასვლელთან, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის #1-ში მოსამართლეს 110 კვადრატულ მეტრი ფართობის ბინა სახელმწიფომ აჩუქა.

„ბათუმელების“ არქივში დაცული დოკუმენტების თანახმად, ეს სწორედ ის ბინაა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ჩამოართვა ასლან აბაშიძის ქალიშვილს – დიანა აბაშიძეს. 2016 წლის მაისში, ზაზა თავაძემ სახელმწიფოსგან ნაჩუქარი ბინა და ასევე, იგივე მისამართზე არსებული სხვენი, რომელიც 2012 წელს თავად უყიდია მოსამართლეს, 250 000 დოლარად გაყიდა. ბინის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია და შემოსავლები სასამართლოს თავმჯდომარეს ასახული აქვს მიმდინარე წლის დასაწყისში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში.

ზაზა თავაძე, მისი წინამორბედი თავმჯდომარის – გიორგი პაპუაშვილისგან განსხვავებით, ჩამორთმეულ ბინასთან დაკავშირებულ სკანდალში არასოდეს გახვეულა. თუ გიორგი პაპუაშვილს [პაპუაშვილისთვის გადაცემული ბინა სახელმწიფომ მოქალაქე როლანდ ბლადაძეს ჩამოართვა] ბოლო წლებია ყოფილი მესაკუთრე ინტენსიურად თხოვს ქონების უკან დაბრუნებას და საპროტესტო აქციებსაც მართავს, ზაზა თავაძეს მსგავსი წინააღმდეგობა არ შეხვედრია. მან, ასევე გიორგი პაპუაშვილისგან განსხვავებით, ბინის გაყიდვაც სკანდალის გარეშე მოახერხა [იგივეს აპირებდა გიორგი პაპუაშვილიც, მაგრამ მას საჯარო რეესტრმა ნასყიდობის ხელშეკრულების ცნობაზე უარი უთხრა და გასხვისების პროცესი დროებით შეაჩერა. გიორგი პაპუაშვილი თვლის, რომ რეესტრი უკანონოდ მოიქცა].

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბინების ახალი მფლობელი ბათუმში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ორი სხვა პირია. თუმცა, თავად თავმჯდომარეც ჯერ ისევ იგივე მისამართზეა რეგისტრირებული. შესაბამისად, უცნობია ზაზა თავაძე ქირაობს ყოფილ საკუთრებას, თუ რის საფუძველზე ინარჩუნებს რეგისტრაციას იგივე მისამართზე. საკონსტიტუციო სასამართლოს პრესცენტრში „ბათუმელებს“ თავმჯდომარის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განუცხადეს, რომ „ის საკუთარი სახსრებით აპირებს ბინის დაქირავებას ბათუმში“.

რაც შეეხება სხვა ქონებას – კიდევ ერთი, 122 კვადრატული მეტრი ბინა, რომელიც ასევე 2012 წლის ქონებრივ დეკლარაციაში აქვს ზაზა თავაძეს ასახული, მდებარეობს თბილისში თ. მაყაშვილის ქუჩაზე. ამ ბინაში მოსამართლეს 131 000 ამერიკულ დოლარი გადაუხდია. შემდეგი წლების დეკლარაციაში ზაზა თავაძეს ამ ბინის გაყიდვის შესახებ არაფერი უწერია, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ ზაზა თავაძეს ეს ბინა გაუსხვისებია ვინმე თამრიკო ძოწენიძეზე. არის თუ არა ეს უკანასკნელი მოსამართლის მეუღლის ოჯახის წევრი, „ბათუმელებს“ არ გაურკვევია.

იგივე მისამართზე, ოღონდ ამჯერად სხვა ნომერში, ზაზა თავაძის ცოლმა, თეა ძოწენიძემ კიდევ ერთი – 125 კვადრატული მეტრი ბინა წელს, მარტში იყიდა 140 000 დოლარად.

ზაზა თავაძის ცეცხლსასროლი იარაღები

თავისი შემოსავლიდან 19 500 ლარი ზაზა თავაძეს 2009 წელს ცეცხლსასროლ იარაღებში, მათ შორის სნაიპერულ შაშხანაში აქვს გადახდილი. ოთხი წლის შემდეგ ზაზა თავაძემ თავისი ხუთი ცეცხლსასროლი იარაღი გადაცვალა გაცილებით ძვირადღირებულ ერთ სანადირო თოფში [James Purdey and sons], რომლის ფასიც, როგორც თავად ზაზა თავაძე წერს, არის 25 000 დოლარი. კიდევ ერთი იარაღი [karabini-Sig Sauer 716 Patrol] 10 000 ლარად ზაზა თავაძეს შარშან უყიდია.
zaza tavadze

შემოსავლები და ბანკის ვალები

ზაზა თავაძეს ბოლო 10 წელში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასის სახით, ჯამურად, 750 687 ლარი აქვს მიღებული.

2015 წლის მდგომარეობით ზაზა თავაძე იხდის სესხს, რომელიც საქართველოს ბანკისგან სხვადასხვა პერიოდში აქვს აღებული. სესხის ოდენობა არის 180 000 ლარი და 100 000 დოლარი.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მეუღლეს, თეონა ძოწენიძეს კი პირიქით – „პროკრედიტ ბანკში“, მიმდინარე ანაბარზე 180 000 ამერიკული დოლარი აქვს. მოსამართლის მეუღლეს ასევე ნაღდი ფულის სახით ფლობს 150 000 ამერიკულ დოლარს. მიმდინარე OFFSET-ის სადებეტო ანგარიშზე 27 000 დოლარი აქვს თავად ზაზა თავაძესაც.

ზაზა თავაძეს, როგორც თავმჯდომარის მოადგილეს, ხელფასის სახით გასულ წელს 120 552 ლარი აქვს მიღებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან