მთავარი,სიახლეები

როდის მოიცლის ქობულეთის გამგეობა ჩაქვისთვის

05.07.2017 • 3029
როდის მოიცლის ქობულეთის გამგეობა ჩაქვისთვის

„ქობულეთის გამგებელს, მგონი, საერთოდ დაავიწყდა, რომ ჩაქვიც ქობულეთს ეკუთვნის და მიხედვა უნდა,“ – აცხადებს ბონდო თედორაძე, ქობულეთის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მისი თქმით, საგზაო დატურისტული ინფრასტრუქტურა დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე მოუწესრიგებელია, ასევე დაუსუფთავებელია პლაჟი.

„ქობულეთის სანდასუფთავების ბიუჯეტი მილიონ 800 ათასი გახდა, მაგრამ ჩაქვის პლაჟისთვის ამ სამსახურმაც კი ვერ მოიცალა. როცა ვსაუბრობთ ტურიზმზე, ჩაქვის რესურსის გამოუყენებლობა დანაშაულია. ეს საკითხი არაერთხელ დავსვი ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე, მაგრამ პასუხი მივიღე, რომ ჩაქვში ჯერ მიწისქვეშა კომუნიკაციები უნდა მოწესრიგდეს და ტენდერის ჩატარებას ელიან. დროებით მიწის გასწორება ხომ მაინც შეიძლება?“ – ამბობს ბონდო თედორაძე „ბათუმელებთან“.

„ტენდერი გამოცხადებული გვაქვს საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვაზე და ველოდებით შედეგს, მანამდე რომ გავაკეთოთ და მერე კიდევ ფული დავხარჯოთ, ეს ბიუჯეტის არასწორი ხარჯვა იქნება,“ – გვითხრა მალხაზ რომანაძემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ.

მალხაზ რომანაძის განმარტებით, სანდასუფთავების სამსახურს ორი ერთეული ტექნიკა დაემატა და ჩაქვის სანაპირო ზოლს, მათ შორის, პლაჟს კვირაში ორჯერ დაასუფთავებენ. მისივე თქმით, პარასკევიდან დაბა ჩაქვში გამწვანების სამსახური დაიწყებს მუშაობას.

რაც შეეხება გზების დროებით მოწესრიგებას. ქობულეთის გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ ამას გზების დეპარტამენტი მიხედავს. მალხაზ რომანაძე ბონდო თედორაძეს პასუხობს, რომ ქობულეთის გამგეობას ჩაქვი არ დავიწყებია: „ერთი ადგილით ხომ არ განისაზღვრება მარტო? იქ წყლის სისტემა წესრიგდება, საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. უცებ ქალაქი არ აშენდება“.

chaqvi 1

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: