მთავარი,სიახლეები

ბათუმის საკრებულომ „აჭარა ფეშენ ვიკი“ და „მის და მისტერ პლანეტა“ 91 ათასი ლარით დააფინანსა

05.07.2017
ბათუმის საკრებულომ „აჭარა ფეშენ ვიკი“ და „მის და მისტერ პლანეტა“ 91 ათასი ლარით დააფინანსა

დღეს, 5 ივლისს, ბათუმის საკრებულომ მხარი დაუჭირა მოდის კვირეულის – „აჭარა ფეშენ ვიკის“ და „მის და მისტერ პლანეტას“ ჩატარებას. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია და საკრებულოს ცალკეული წევრები ამ ღონისძიების დაფინანსების წინააღმდეგი იყვნენ, საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა ხმა მაინც მისცეს მოდის კვირეულის დაფინანსებას.

საკრებულოს წევრმა, დიმიტრი დარჩიამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან მისი განცხადებით, 91 ათასი ლარით საკრებულოს  სოციალური პროგრამების დაფინანსება შეეძლო.

„ეს ღონისძიებები დაახლოებით 50-60 ადამიანზეა გათვლილი, მაშინ როცა ამ ქალაქში 91 ათას ლარად შესაძლებელია სხვა პროგრამების დაფინანსება. მაგალითად, 130 შშმ ბავშვისთვის შესაძლებელი იყო ეტლების შესყიდვა, ამ მოთხოვნით წლის დასაწყისში საკრებულოს მერიას მიმართა, თუმცა მერიამ ეს ინიციატივა არ გაითვალისწინა; ასევე შეიძლება 495 პენსიონერის მედიკამენტების უზრუნველყოფა 200 ლარის ფარგლებში.

უფასო სასადილოებში, სადაც 1.80 ლარია ერთ ადამიანზე გამოყოფილი, ამ თანხად 135 ადამიანს შეუძლია მთელი წლის განმავლობაში უფასოდ იკვებოს; ბევრი სოციალურად დაუცველი ადამიანია, რომელიც მოგვმართავს ბინის ქირის გადახდის თხოვნით და 91 ათასი ლარით შესაძლებელი იყო 303 ოჯახისთვის ამ პრობლემის გადაწყვეტა. 2600 კვ/მეტრი ასფალტი შეიძლება დაგებულიყო აღნიშნული თანხით, ასევე 4 550 კვ/მეტრი ფილა შეიძლება დაიგოს ამ თანხად. სულ ცოტა ხნის წინ აჟიოტაჟი იყო სავაჭრო ჯიხურებთან დაკავშირებით და შესაძლებელი იყო ამ თანხით 18 სავაჭრო ჯიხურის გაკეთება.

საბავშვო ბაღებში აღმზრდელებისთვის ხელფასების გაზრდას მოითხოვდნენ ცოტა ხნის წინ, თუმცა მერიამ არ გაითვალისწინა ეს მოთხოვნაც. 91 ათას ლარად, 432 პედაგოგი  5 თვის განმავლობაში 50 ლარით მეტს ხელფასს აიღებდა. ლუკა ასათიანის სტიპენდიას კი 45 სტუდენტი აიღებდა თვეში, ამ თანხად შესაძლებელია იყო ორი კონცერტის ჩატარება, რომელსაც მინიმუმ 1500 ადამიანი დაეწრებოდა და არა 50 კაცი, როგორც ეს ხდება მოდის კვირეულებზე;

სამი სამდღიანი როკ-ფესტივალი ჩატარდებოდა, რომელსაც 4 500 ადამიანი დაესწრებოდა 91 ათას ლარად და შვიდდღიანი ელექტრონული მუსიკის.  ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ ღონისძიებების, რაც შეიძლება ჩატარებულიყო 91 ათას ლარად,“ – განაცხადა დიმიტრი დარჩიამ.

მის განცხადებას საკრებულოს უმრავლესობის წევრი თენგიზ აფხაზავა გამოეხმაურა და მას იაფფასიანი სოციალური შოუ უწოდა. მისი თქმით, ამ საკითხს ვიწრო ჭრილიდან არ უნდა შევხედოთ და ის „რეგიონალური განვითარების კონტექსტში უნდა განვიხილოთ“.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, მაშინ როცა „რესპუბლიკური პარტია“  მსგავსი ღონისძიებების დაფინანსებას ეწინააღმდეგებოდა, ხალხი ხმას მაინც „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევდა: „ეს იმას ნიშნავს რომ ხალხს სჭირდება, მოსწონს მსგავსი ღონისძიებები,“-განაცხადა მან.

კრიტიკული შენიშვნების მიუხედავად, საკრებულოს წევრებიდან მხოლოდ ოთხი წევრი წავიდა „ფეშენ ვიკის დაფინანსების“ წინააღმდეგ, 13-მა წევრმა კი მხარი დაუჭირა.

მოდის კვირეულის დაფინანსების საკითხი წინა საკრებულოს სხდომაზე უნდა გადაწყვეტილიყო, თუმცა მაშინ საკრებულოს წევრებმა ორგანიზატორებისგან არგუმენტები მოითხოვეს.

„ფეშენ ვიკის“ დაფინანსების წინააღმდეგი იყო არასამთავრობო სექტორიც.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: