სიახლეები

ახალი ავტობუსები ბათუმისთვის იბიარდის სესხით

20.11.2015 • 2999
ახალი ავტობუსები ბათუმისთვის იბიარდის სესხით

 

მუნიციპალური ტრანსპორტი, ბათუმი
მუნიციპალური ტრანსპორტი, ბათუმი

„პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს ტექნიკური პირობა – თუ რა ტიპის ავტობუსი არის საჭირო ბათუმისთვის. მთავარი, რაც ამ ეტაპზე არის გადასაწყვეტი, ისაა, როგორი ავტობუსები შევიძინოთ – ელექტროჰიბრიდული, გაზზე მომუშავე, თუ ჩვეულებრივი – დიზელზე. იბიარდი გაგვიწევს შესაბამის კონსულტაციას და ამის მიხედვით მივყვებით პროცედურებს,“ – განაცხადა „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა პაატა დუმბაძემ.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კონსულტანტს თავად იბიარდი ტენდერის საშუალებით შეარჩევს [პირველად ტექნიკურ დავალებას ორგანიზაციას ბათუმის მერია უახლოეს პერიოდში მიაწვდის]. კონსულტანტის შერჩევასა და შესაბამისი რეკომენდაციის მომზადებას კი, დაახლოებით სამი თვე დასჭირდება.

 

ბათუმის ავტოტრანსპორტში აცხადებენ, რომ ავტობუსების პარკის განახლებასთან დაკავშირებით სწორედ სამი თვის შემდეგ, ანუ მომავალი წლის თებერვალში უფრო ჩამოყალიბებული იქნებიან.

 

„ფაქტობრივად ვართ ჩამოყალიბებული რა გვინდა, მაგრამ ვინაიდან იბიარდი სესხს გვაძლევს, შესაბამისად, მათ კონსულტაციას ველოდებით. ძირითადად, ალბათ იქნება სიგრძით 9-9,5-მეტრიანი ავტობუსები. სესხის მოცულობაც იმის მიხედვით იქნება, თუ რა ტიპის ავტობუსებზე შევჯერდებით. თუ ენერგოეფექტურობას გავითვალისწინებთ, სესხის თანხაც მეტი იქნება. ელექტრო და დიზელზე მომუშავე ავტობუსების ფასში თითქმის სამჯერაა სხვაობა,“ – ამბობს პაატა დუმბაძე.

 

კონსულტაციის შემდეგ, როცა საბოლოო ტექნიკური და ფინანსური დავალება მომზადდება, ბათუმის მერია ან ბათუმის ავტოტრანსპორტი გამოაცხადებს საერთაშორისო ტენდერს ახალი ავტობუსების შესაძენად.

 

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს ბათუმში 15 სამარშრუტო ხაზია, რომლებზეც ყოველდღიურად 104-106 ავტობუსი მოძრაობს [არის 3-4 ავტობუსი, რომელიც აღდგენას ექვემდებარება, თუმცა, საწარმოს დირექტორის თქმით, მათი აღდგენა ძვირი დაჯდება].

 

მოსახლეობა გარკვეულ უბნებში ახალი ხაზების გახსნას ითხოვს [მაგალითად, ხიმშიაშვილის ქუჩიდან ვერ უკავშირდებიან გორგილაძის ქუჩას], ასევე ჩივიან ავტობუსებს შორის ინტერვალზეც, განსაკუთრებით არასამუშაო დღეებში [მაგალითად, N11 მარშრუტი].

 

„ნორმალური გრაფიკითა და ნორმალური ინტერვალებით ქალაქს უპრობლემოდ ვემსახურებით, თუმცა წერილობით შემოდის მოთხოვნა მოსახლეობისგანაც ხაზის დამატებაზე. განვიხილავთ, მაგრამ არსებული პარკი არ იძლევა ახალი ხაზის შემოღების საშუალებას. ავტობუსების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში კი, ეს მუნიციპალური ტრანსპორტია და, პირველ რიგში, მოსახლეობის ინტერესებს გავითვალისწინებთ. როცა ავტობუსების რაოდენობა გვეცოდინება, იმის მიხედვით გადაწყდება ხაზებისა თუ ავტობუსების დამატების საკითხიც,“ – ამბობს პაატა დუმბაძე.

 

ქალაქის მერია „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ 2016 წელშიც დააფინანსებს. შესაბამისი პროგრამის პროექტის მიხედვით კი, მომავალი წლიდან ქალაქში 15-ის ნაცვლად 17 სამარშრუტო ხაზი იქნება. ამავე პროექტის მიხედვით, ერთი თვის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებული მგზავრების რაოდენობა მილიონზე მეტია; ხოლო მერია შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ სუბსიდირებას [საოპერაციო დეფიციტის დაფარვას] 5,9 მილიონი ლარით გეგმავს.

 

მომავალი წლისთვის „თვითმმართველობა იღებს ვალდებულებას შეინარჩუნოს მგზავრობის ფიქსირებული მინიმალური საფასური და ასევე ხელი შეუწყოს მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას, ისარგებლოს შეღავათიანი მგზავრობის საფასურით. არსებული ფინანსური გაანგარიშებით, საწარმოს შემოსავლები [3,6 მილიონი ლარი] არ არის საკმარისი მისი შეუფერხებელი მუშაობისათვის,“ – აცხადებს ბათუმის მერია.

 

„მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარების მიზნით“ 2016-2019 წლებში ბათუმის ბიუჯეტიდან, პროექტის მიხედვით, ჯამში 23,6 მილიონი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი.


 

გადაბეჭდვის წესი