მთავარი,სიახლეები

ვახშმები ხულოს ბიუჯეტის ხარჯზე

05.07.2017 • 3301
ვახშმები ხულოს ბიუჯეტის ხარჯზე

კვირის ბოლოს ხულოში „სელიმობას“ აღნიშნავენ. ტრადიციული დღესასწაულის აღსანიშნავად ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 5256 ლარი და 90 თეთრი დაიხარჯება. ბიუჯეტის ნახევარზე მეტი – 2987 ლარი და 50 თეთრი, ვახშმისთვისაა გათვალისწინებული.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და კომპანია „არსი 2“-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში იპოვით ჩამონათვალს, თუ რა არის გათვალისწინებული „სელიმობისთვის“. სია ბუკლეტების დაბეჭდვით და ვარდების შეძენით იწყება და გრძელდება იმ კერძების ჩამოთვლით, რაც სტუმრებმა ვახშამზე უნდა მიირთვან: სინორი, ქათამი, კაიმაღი, ბორანი, ხაშლამა ღრმა თეფშებზე…

„ეს არის ტრადიციული კერძები, რითაც მობრძანებულ სტუმრებს ვუმასპინძლებდით. მენიუ არავის შეუდგენია, ზოგადად ასე ხდება, ყოველწლიურად აღინიშნება სელიმობა,“ – გვითხრა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ბესიკ ბაუჩაძემ. მისივე თქმით, სელიმობა მოიცავს მუზეუმის მონახულებას და კულტურულ ღონისძიებას.

ვინ დაესწრება ვახშამს?  ბესიკ ბაუჩაძე გვპასუხობს, რომ ვახშამს „მუნიციპალიტეტის მეგობრები“ დაესწრებიან: „ესენი არიან მეცნიერები, ისტორიკოსები, პედაგოგეგბი, რეგიონის ხელმძღვანელი პირები, ასევე სელიმ ხიმშიაშვილის შთამომავლები…“

კომპანია, რომელიც ხულოს გამგეობას ვახშმებით ამარაგებს

„არსი 2“ არის კომპანია, რომელიც თითქმის ყველა ტენდერს იგებს ხულოში, რაც სარესტორნო მომსახურებას უკავშირდება. ამ კუთხით გამოცხადებულ ელექტრონულ შესყიდვაში ეს კომპანია ერთადერთი მონაწილეა და გამარჯვებულიც.

„სელიმობამდე“ კომპანია „არსი 2“-თან ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2017 წლის 10 აპრილს ორი ხელშეკრულება გააფორმა. ერთ-ერთის ბიუჯეტი 11 564 ლარია და იგი სხვადასხვა ღონისძიების გამართვას გულისხმობს, მათ შორის, 18-19 აპრილის სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. ჩამონათვალი აქაც ვარდებით იწყება და 70-კაციანი სუფრით სრულდება სოფელ წაბლანაში. ამ ვახშმისთვის ხულოს ბიუჯეტიდან 1890 ლარი დაიხარჯა.

10 აპრილს გაფორმებული კიდევ ერთი ხელშეკრულება ანსამბლ „ბერმუხას“ საიუბილეო ღონისძიების ორგანიზებას გულისხმობს. სუფრა აქ 45 კაცზე გაშლილა. ამ ვახშმისთვის 1305 ლარი დახარჯულა.

„არ ვიცი, საიდან იმარჯვებს ეს კომპანია, ან რატომ არის ერთადერთი მონაწილე. ელექტრონული შესყიდვა არის დახურული,“ – ამბობს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი, ბესიკ ბაუჩაძე.

კომპანია „არსი 2“ ბათუმში რეგისტრირებული კომპანიაა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მისი დამფუძნებელი რამაზ გოგიჩაიშვილია.

დანები დედებს

კომპანია „არსი 2“-მა მოიგო ასევე ხულოს გამგეობის შესყიდვა – „დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზება“. ვახშამს ეს ღონისძიებაც ითვალისწინებდა. სუფრა 20 კაცისთვის ყოფილა გათვალისწინებული და ამისთვის 1085 ლარი დახარჯულა [ერთი კაცი – 54 ლარი და 25 თეთრი].

ვახშმამდე დედებს სუფრის დანების კოლექცია აჩუქეს, წყლის მადუღარა და მიხაკები. ჯამში ამ ღონისძიებისთვის ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3516 ლარი და 40 თეთრი დაიხარჯა.

შუამთობა – ვახშამი ტრადიციული ფასით 

2012 წლიდან დღემდე სუფრის გაშლა ბეშუმში 7 ათასი ლარია. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა სახალხო დღესასწაულის სუფრისთვის ტენდერს არ აცხადებს. გამგეობა მუდმივად პირდაპირ შესყიდვას აფორმებს ერთსა და იმავე პირთან – ემზარ აბაშიძესთან. წლების განმავლობაში არც მენიუ იცვლება. მაგალითად, 2012 წელს და ახლაც გამგეობა ერთ თიკანში 135 ლარს დახარჯავს.

„თუ თქვენ იცნობთ ბეშუმს, იქ სხვა ალტერნატივა არ არსებობს. სხვა სასადილო იქ არ არის, სადაც 200 კაცი დაეტევა,“ – ასე ხსნის ერთსა და იმავე პირთან პირდაპირი შესყიდვის გაფორმებას ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

რატომ არ ცდილობს გამგეობა ალტერნატივის გაჩენას ტენდერის გამოცხადებით? – ბესიკ ბაუჩაძე ამბობს, რომ თუკი გაიგებს ინფორმაციას, რომ ახალი და დიდი კაფე მოეწყო ბეშუმში, ან გოდერძზე, მაშინ გამოაცხადებს ტენდერს: „სადაც ახლა იმართება შუამთობა, ეს არის ფაცხები. ხშირად იქაც ვერ ეტევა ხალხი და ხელახლა იშლება სუფრები. ეს არ არის ღრეობა. შუამთობას ულოცავს ხალხი ერთმანეთს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: