მთავარი,სიახლეები

ბათუმში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შშმ პირთათვის არაადაპტირებული სივრცეა

04.07.2017
ბათუმში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შშმ პირთათვის არაადაპტირებული სივრცეა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ თავმჯდომარე თომა კაკაბაძე ამბობს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, რომელიც ბათუმში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აბიტურიანტთათვის გარემო არაადაპტირებულია. თომა კაკაბაძე წელს თავადაა აბიტურიენტი:

„მიუხედავად იმისა, რომ 10 ივნისამდე შევიტანე განცხადება შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად და მულტიდისციპლინურმა გუნდმაც შეაფასა ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები, დღეს საგამოცდოდ მისულს, მაინც მიუწვდომელი გარემო დამხვდა!

გავაპროტესტე, მოვითხოვე პასუხისმგებელი პირები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი არ არის პასუხისმგებელი და მიპასუხეს: ჩვენ ვერ ვეტყვით უნივერსიტეტს (ბსუ), რომ მისაწვდომობა უზრუნველყოს.

ტელეფონი კიბემდე დამატოვებინეს და ფოტოები ვერ გადავიღე, რომ მეჩვენებინა კიბეებზე აბიტურიენტების თვალწინ როგორ მომიწია უხერხულ პოზაში აჩანჩალება.
ვიცით, რომ უნივერსიტეტის მეორე კორპუსის პირველი სართული შეღწევადია ეტლით მოსარგებლეთათვის. ნუთუ არ შეიძლებოდა აღნიშნულ კორპუსში მოეწყოთ ჩემთვის საგამოცდო სივრცე?!“

ბათუმის შოთა რუსთველის უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ამ პრობლემის შესახებ იციან და არაადაპტირებული სივრცის მიზეზი ძველი შენობებია. წელს უნივერსიტეტი რემონტს გეგმავს, რის შედეგადაც სასწავლო გარემო შშმ პირთათვის ადაპტირებული გახდება. უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოცდების დასრულების შემდეგ რემონტი დაიწყება, რის შედეგადაც უნივერსიტეტში დამონტაჟდება პანორამული ლიფტები. „რადგან ძველ შენობებს ეს პრობლემა აქვს, უნდა მომზადდეს პროექტი. უნივერსიტეტმა შეუკვეთა პროექტი კომპანიას, რომელმაც შეისწავლა შენობა და მოამზადა პროექტი, როგორ უნდა დამონტაჟდეს ლიფტი,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ უნივერსიტეტში.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის განმარტებას „ბათუმელები“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: