საქართველოს მთავრობამ 21 ივნისს ძალადაკარგულად ის განკარგულება გამოაცხადა, რომლითაც მართლმადიდებელ ეკლესიასთან და ილია მეორესთან დაკავშირებული საიუბილეო ღონისძიებების ჩასატარებლად სამთავრობო კომისია შეიქმნა. პატრიარქის აღსაყდრების დღესასწაული წელს, 25 დეკემებერს უნდა გამართულიყო.
კომისიის შექმნის შესახებ განკარგულება მთავრობამ 2017 წლის 23 მაისს მიიღო. ამ კომისიის თავმჯდომარე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო.
სამთავრობო კომისიას „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის 15-საუკუნოვანი ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლისთავის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრების 40 წლისა და დაბადებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები“ სრულფასოვნად და მაღალ დონეზე უნდა ჩაეტარებინა.
კომისიის შექმნიდან მეორე დღეს საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ზეიმი გაუქმდა.
„მსოფლიოში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობისა და საქართველოში არსებული სოციალური ვითარების გათვალისწინებით, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაუქმდა კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი და მართლამდიდებელ ეკლესიათა მეთაურებისა და სხვა საპატიო სასულიერო და სერო პირთა საქართველოში მოწვევა“, – აღნიშნული იყო საპატრიარქოს განცხადებაში.
საქართველოს მთავრობას სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზეზი არ აქვს მითითებული.
მიმდინარე წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გადაიდო ილია მეორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 4 იანვარს პატრიარქი 84 წლის გახდა. ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გასული წლის 25 დეკემებერს მისი აღსაყდრების 39–ე წლისთავთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვასაც ვერ დაესწრო.
კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრების 40 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების „სრულფასოვნად და მაღალი სტანდარტებით“ ჩატარებას მთავრობის, 2015 წლის კიდევ ერთი განკარგულება ეხება, რომლითაც თბილისის განვითარების ფონდს მიეცა უფლება გარკვეული სახელმწიფო შესყიდვები გამარტივებული წესით განეხორციელებინა. ღონისძიება, მართალია, 2017 წლის 25 დეკემბრისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა სახელმწიფო შესყიდვები, ღონისძიების ჩატარების გარდა, თბილისში, მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობასაც უკავშირდებოდა.