მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერი: ბაღების დაფინანსების სისტემა შეიცვლება

26.12.2017 • 2083
ბათუმის მერი: ბაღების დაფინანსების სისტემა შეიცვლება

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე მიიჩნევს, რომ ბაღების დაფინანსების საკითხი გადასახედია. როგორც მერი ამბობს, „გადახედვაში“ გულისხმობს დაფინანსების სისტემაში ცვლილებას.

„ჩვენ რამდენიმე ვარიანტზე ვმუშაობთ, მათ შორის, ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ ვარიანტზე, ვაუჩერიზაციაზე, ასევე, იმაზე, დავტოვოთ თუ არა ბაღები სრულიად უფასო ან თანადაფინანსებით მშობლების მხრიდან. სამივე ვარიანტი განხილვაშია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ლაშა კომახიძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, როგორია პირადად მერის პოზიცია, უნდა იყოს თუ არა საბავშვო ბაღები უფასო? ლაშა კომახიძე ამბობს, რომ არსებულ სოციალურ ფონს უნდა პასუხობდეს ის სისტემა, რასაც მერია შეიმუშავებს.

„არ მინდა ჩემი პირადი სიმპათიები გამოვხატო რომელიმე ვარიანტის მიმართ, თუმცა იმისათვის, რომ გამოვავლინოთ საუკეთესო, ამიტომ განვიხილავთ სამ ვარიანტს. უნდა ავირჩიოთ ის, რომელიც იქნება უფრო მისაღები.“

თუმცა ლაშა კომახიძე დასძენს, რომ ვაუჩერიზაცია ან თანადაფინანსება მშობლების მხრიდან – ეს ორი მოდელი უფრო სამართლიანია კერძო ბაღებთან მიმართებაში. „ აქ სახელმწიფო პოლიტიკას აქვს დიდი მნიშვნელობა. თუკი სახელმწიფო აირჩევს, რომ მოსახლეობას ჰქონდეს სრული სოციალური მხარდაჭერა, ესეც შესაძლებელი იქნება,“-ამბობს ლაშა კომახიძე.

მერის თქმით, 2018 წელს საბავშვო ბაღები ფასიანი არ გახდება, მანამდე მერია დაფინანსების სისტემაზე იმსჯელებს.

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ნატალია ზაქარეიშვილის თქმით, წლის განმავლობაში სახელმწიფო ერთ ბავშვზე 1200 ლარს ხარჯავს. ზაქარეიშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ საბავშვო ბაღები ფასიანი გახდეს, ნაწილობრივ ეთანხმება.

„რას ვგულისხმობ ნაწილობრივში? სოციალურად დაუცველი ბავშვები, მარტოხელა დედების შვილები, ომში დაღუპული პირების შვილები, მრავალშვილიანი ოჯახები, დევნილები,- დღეს ეს კატეგორია არის პრიორიტეტული და ეს ბავშვები საბავშვო ბაღებში რიგის გარეშე ირიცხებიან.

ამიტომ, თუკი ბაღი ფასიანი გახდება, იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო ამას გაითვალისწინებს და ამ კატეგორიას ისევ სრულად დააფინანსებს,“-ამბობს ზაქარეიშვილი.

ნატალია ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ თუკი მშობელი დასაქმებულია, მან უნდა გადაიხადოს საბავშვო ბაღის საფასური.

„თუკი მე მაქვს იმის საშუალება, რომ 35-40 ლარი გადავუხადო, ვფიქრობ, ეს კარგი იქნება. თუმცა რამდენი უნდა იყოს ოჯახის საშუალო შემოსავალი, რომ მინიმუმი დადგინდეს, ეს არ ვიცი. რადგან არიან მრავალწევრიანი ოჯახები, სადაც ერთი ადამიანი მუშაობს და დანახარჯი მეტია, ვიდრე საშუალო შემოსავალი.

მაგრამ თუკი ადამიანი არის საჯარო სამსახურში და აქვს  მაღალი ხელფასი, ალბათ ნაწილობრივ უნდა იხდიდეს. ეს სახელმწიფოსთვისაც კარგი იქნება, რადგან  1 200 ბავშვი დარჩა ბაღის გარეთ და ეს თანხები ახალი ბაღების მშენებლობას მოხმარდება,“-ამბობს ის.

2018 წლის ბიუჯეტში ბაღების დაფინანსების მუხლში 14 მილიონ 844 ათასი ლარია გათვალისწინებული. ამაში შედის როგორც კაპიტალური, ასევე ხელფასები და სხვა ხარჯები.

ზაქარეიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ბათუმში 31 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც ლიმიტით 7 825 ბავშვის მიღებაა განსაზღვრული.

საბავშვო ბაღები ფასიანი რომ უნდა გახდეს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, 21 დეკემბერს განაცხადა. მისი თქმით, „კატასტროფულად იზრდება მოთხოვნა ფინანსურ რესურსზე მუნიციპალიტეტებში და ბიუჯეტი რთულად აუდის ამ მზარდ დანახარჯებს.“

პრემიერის თქმით, საბავშვო ბაღები უფასო უნდა იყოს მხოლოდ 70 ათასი ქულის და უფრო დაბალი სოციალური სტატუსის მქონე ოჯახებისთვის, „მაგრამ გარკვეული ტიპის ოჯახებისთვის, რომლებსაც ყველანაირი საშუალება გააჩნიათ, რომ ბაღის გადასახადი გადაიხადონ“, მათთვის ბაღი ფასიანი გახდება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: