მთავარი,სიახლეები

რის აშენებას გეგმავს „სილქ როუდ ჯგუფი“ მწვანე კონცხზე – ახალი პროექტი

26.12.2017 • 4056
რის აშენებას გეგმავს „სილქ როუდ ჯგუფი“ მწვანე კონცხზე – ახალი პროექტი

 

დღეს ბათუმის მერიამ დაიწყო საქმის წარმოება მწვანე კონცხზე, ექვს მიწის ნაკვეთზე განაშენიანების გეგმის შესამუშავებლად და დასამტკიცებლად.

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, ირაკლი ახალაძის ინფორმაციით, საკითხი ეხება სააქციო საზოგადოება „საქართველოს კურორტების“ საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებს. მისივე თქმით, ინვესტორი გეგმავს ამ ნაკვეთებზე არსებული ძველი შენობების ნაცვლად ახალი, დაბალსართულიანი [ორიდან ოთხამდე] „თაუნ ჰაუსის“ ტიპის შენობების აშენებას. ამ შენობებში განთავსდება სპა ცენტრი, ფიტნესის დარბაზი, საცურაო აუზები და დასასვენებელი სახლები დამხმარე ინფრასტრუქტურით.

ექვსივე ნაკვეთი იმ ქონების [21 ობიექტი] ნაწილია, სადაც ე.წ. „ყაზახური ინვესტიცია“ უნდა განხორციელებულიყო. ნაკვეთები მდებარეობს მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ.

ირაკლი ახალაძემ განმარტა, რომ ამჯერად ინვესტიციას განახორციელებს არა ყაზახური კომპანია, არამედ „საქართველოს კურორტები“, რომელიც კომპანია „სილქ როუდ ჯგუფთანაა“ დაკავშირებული.

21 ობიექტი, ყაზახური ინვესტიციის განხორციელების პირობით, 2006 წელს მაშინდელმა მთავრობამ ნიდერლანდებში ერთი კვირის დარეგისტრირებულ კომპანიას მიჰყიდა. ყაზახ პარტნიორებთან ერთად საქართველოში ინვესტიციების განხორციელების სურვილი კი მაშინ „სილქ როუდ ჯგუფმა“ გამოთქვა, მიზანი აჭარაში ტურიზმის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იყო.

კომპანიასთან, რომელმაც ათი წლის განმავლობაში ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2016 წელს ახალი შეთანხმება გააფორმა. ამით „ყაზახურ ინვესტიციასთან“ დაკავშირებული ხელშეკრულება ახალი პირობებით ამოქმედდა. „სილქ როუდმა“ გადაცემული ქონების ნაწილი სახელმწიფოს დაუბრუნა, ნაწილი კი დაიტოვა საკუთრებაში, მათ შორის ეს 6 ნაკვეთიც.

ახალი შეთანხმებით, „სილქ როუდ ჯგუფმა“ არაუგვიანეს 2017 წლის 31 დეკემბრისა უნდა უზრუნველეყოს მწვანე კონცხზე არსებული ექვსი ობიექტის [ყოფილი სანატორიუმ „აჭარას“ სამი კორპუსი, დასასვენებელი სახლი, ტურბაზა და პიონერთა ბანაკი „მწვანე კონცხი“] განაშენიანების გეგმის შემუშავება; ამ ტერიტორიაზე კომპანიამ უნდა განახორციელოს არანაკლებ სამი მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია.

მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის განმარტებით, რეგულირების გეგმის დამტკიცებისათვის უკვე დაწყებული საქმის წარმოება. ოცდღიანი პერიოდში მერია მიიღებს მომიჯნავე ტერიტორიების მფლობელებისა და ყველა დაინტერესებული პირის შენიშვნებს; შემდეგ იქნება ერთკვირიანი შემაჯამებელი პერიოდია, რის შემდეგაც მერიის არქიტექტურის სამსახური „საქართველოს კურორტების“ საკუთრებაში არსებული ნაკვეთების განაშენიანების გეგმას საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად გაიტანს.

დღევანდელი სხდომის დასაწყისში საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას საკრებულოს ოპოზიცია იმ მოტივით ითხოვდა, რომ საჭიროა ბათუმის ერთიანი განაშენიანების გეგმის მომზადება, „რაც იყო „ქართული ოცნების“ დაპირება“. ამის პასუხად ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ განმარტა, რომ კონკრეტული ზონებისთვის განაშენიანების გეგმის ნაწილ-ნაწილ მომზადება ევროპაში მიღებული პრაქტიკაა. საკრებულოს უმრავლესობამ დღეს საკითხს მხარი დაუჭირა.


მწვანე კონცხზე, იმ ნაკვეთების მიმდებარედ, რომლებისთვისაც განაშენიანების ცალკე გეგმა უნდა მომზადდეს, მიწის ნაკვეთები ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმაც შეისყიდა [ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის და სხვა ტერიტორიები].

ერთ-ერთი ნაკვეთი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტს“ აჭარის მთავრობამ მიჰყიდა მახინჯაურში, სს „აჭარის კურორტების“ საკუთრებაში იყო „ყაზახური ინვესტიციის“ განხორციელების პირობით. 2016  წელს ეს ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად დარეგისტრირდა [ახალი შეთანხმებით].

„აჭარის კურორტები“ და მისი ქონება „სილქ როუდ ჯგუფს“ ეკუთვნის. „სილქ როუდ ჯგუფის“ კუთვნილ ტერიტორიაზე კი, ბათუმში, ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდის“ დაფინანსებით „სილქ თაუერი“ აშენდება.

„აჭარის კურორტების“ საკუთრებაში არსებული 6 ნაკვეთი მწვანე კონცხზე [აღნიშნულია მწვანე ფერით]

მწვანე კონცხი. ყოფილი სანატორიუმი „აჭარას“ ერთ-ერთი კორპუსი/ ფოტო ბათუმელების არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: