„ბათუმის ბულვარმა“ 32 პირი 500 ლარით დააჯარიმა

„ბათუმის ბულვარის“ მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, საჯარო სივრცეების თვითნებური შეზღუდვის გამო, 32 პირი 500 ლარით დაჯარიმდა.  ბულვარის დანაგვიანებისთვის 1000 ლარით დაჯარიმდა „პიერ ბათუმიც“.

ველობილიკს მიღმა ველოსიპედით მოძრაობისთვის კი 50-ზე მეტი პირია დაჯარიმებული. აღნიშნული წესის დარღვევისთვის 20 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული.

ბულვარის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, გასულ წლებთან შედარებით, შემცირებულია კერძო პირების მიერ ბულვარის დანაგვიანების შემთხვევებიც. ბოლო პერიოდში ამ კანონდარღვევისთვის მხოლოდ ორი პირი დაჯარიმდა. კანონდარღვევა 80-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

 

ბათუმში 1 257 ბავშვი საბავშვო ბაღის გარეშე დარჩა

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ნატალია ზაქარეიშვილის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში სწავლა 18 სექტემბერს განახლდება.  საბავშვო ბაღების გარეშე წელს 1257 ბავშვი დარჩა.

ნატალია ზაქარეიშვილის თქმით, ამ დროისთვის საბავშვო ბაღებში 402 ადგილია ვაკანტური, თუმცა გეოგრაფიული ადგილმდებარეობის  გამო, მშობლებს ბავშვები ვერ შეჰყავთ.

„ჩვენ, ბავშვებს ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი ბაღების მიხედვით ვრიცხავთ. არის სიტუაციები, როცა ვთქვათ ხელვაჩაურის მაცხოვრებელი ბათუმში მუშაობს და სურს რომ ბავშვიც ბათუმში შეიყვანოს ბაღში, მაგრამ ამის შესაძლებლობა მათ აღარ ეძლევათ. ხელვაჩაურელი რუსთაველზე  ვერ მიიყვანს ბავშვს. პრიორიტეტი იმ ოჯახებს ენიჭება, რომლების ბაღის ადმინისტრაციულ საზღვრებში ცხოვრობენ“-ამბობს ზაქარეიშვილი.

ყველა მეტი  თავისუფალი ადგილი ბარცხანის, ნინოშვილის ქუჩაზე არსებულ საბავშვო ბაღში და აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბაღშიც არის თავისუფალი, თუმცა სიშორის გამო, ბავშვები არ შეჰყავთ.

ნატალია ზაქარეიშვილის თქმით, ხელვაჩაურის ბაღებში ადგილები არ არის, გადატვირთულია თამარის დასახლებაში არსებული ბაღებიც, ასევე, ძველი ბათუმის ტერიტორიაზეც არ ჰყოფნით ადგილები.

„მოთხოვნას ყოველ წელიწადს ვაგზავნით მერიაში, თუ სად არის ყველაზე მეტი მოთხოვნა საბავშვო ბაღებზე. სამი წლის განმავლობაში სამი ახალი ბაღი აშენდა, 11 კი კაპიტალურად გარემონტდა, თუმცა ახალი ბაღების მშენებლობის აუცილებლობა მაინც დგას.  ამის აუცილებლობა დგას ხელვაჩაურის შემოერთებულ ტერიტორიებზე, რადგან ამ დროისთვის 400 ბავშვია ბაღის გარეშე დარჩენილი. საბავშვო ბაღის მოთხოვნა ბათუმში პუშკინის ქუჩაზეც“.

ზაქარეიშვილის ინფორმაციით, ცოტა ხანში ახალი ცხრაჯგუფიანი საბავშვო ბაღი გაიხსნება ურეხში, სადაც ის ბავშვები გადაინაცვლებენ, რომლებიც ტერიტორიულად უფრო ახლოს ცხოვრობენ. „ახალი ბაღების მშენებლობა ბათუმში ლერმონტოვის ქუჩაზე და თამარის დასახლებაშია დაწყებული“.

 

ერთი დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – სამი ავარია ბათუმში

წუხელ, ხელვაჩაურის გზატკეცილზე ავტომანქანა, რომლითაც სამი მამაკაცი გადაადგილდებოდა, ავტოავარიაში მოყვა. ერთი მათგანი შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, დანარჩენი ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს – ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო მეორეს სხვადასხვა მოტეხილობა აქვს.

დღეს  დილით ავტომანქანა ზებრაზე შეეჯახა ფეხით მოსიარულეს ბათუმში. სასწრაფოს ინფორმაციით, ისიც მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

გარდა ამისა, დღესვე ჯიპის მარკის ავტომანქანა საპატრულო პოლიციის მანქანას შეეჯახა ბათუმში. დაშავებულები არიან პატრულ ინსპექტორები. ერთი პატრულ ინსპექტორი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან, მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია “ბათუმელებისთვის” უცნობია.

 

ზურაბ პატარაძემ ხულოს მოსახლეობას მერობის კანდიდატი გოჩა მელაძე წარუდგინა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მოსახლეობას  „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი გოჩა მელაძე წარუდგინა.

„გოჩა მელაძე არის ახალგაზრდა, წარმატებული მენეჯერი, რომელმაც თავი გამოიჩინა სხვადასხვა სამსახურებში საპასუხისმგებლო პოზიციებზე მუშაობისას. დარწმუნებული ვარ, ის 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს გუნდთან ერთად თითოეული თქვენგანის საკეთილდღეოდ“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ კანდიდატის წარდგენისას.

გოჩა მელაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტში პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა და შეკრებილ მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად ავთანდილ მესხიძე დანიშნეს

აჭარის სოფლის მეურნების მინისტრად ავთანდილ მესხიძე დანიშნეს. 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე ის ამავე უწყების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. პარალელურად ავთანდილ მესხიძე საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევა, ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის განყოფილების ხელმძღვანელი და მთავარი მეცნიერ თანამშრომელია.

აჭარის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, ლაშა კომახიძე კი „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმის მერობის კანდიდატად წარადგინა. არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.

შავნაბადაზე ისევ ხანძარია

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ხულოში, შავნაბადას მთაზე, ჩამქრალი ხანძრის ერთი კერა გააქტიურდა და ცეცხლი ბალახს მოედო. იგი ამბობს, რომ  ხანძრის გავრცელების საშიშროება და სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაციის ჩართვის საჭიროება ამ დროისთვის არ არის.

ლაშა ბოლქვაძე:  „ერთ კერაზე ცეცხლი აალდა და გააქტიურდა, ადგილზე ორი ჯგუფი სისტემატურად მორიგეობდა და პერიფერიებზე კერების დამუშავებას ახორციელებდა, დღეს დილიდან კი დამატებითი ჯგუფი წავიდა. იმ ინფორმაციის თანახმად, რომელიც პირველ საათზე მივიღეთ, ცეცხლი ბალახზე იყო მოკიდებული და ტყესთან ახლოს არ იყო, ამ ეტაპზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არის.“

 

ISFED: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ წინასაარჩევნო აგიტაციის წესი დაარღვია

სამართლიანმა არჩევნებმა ბათუმსა და ყვარელში წინასაარჩევნო აგიტაციის წესის დარღვევასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე ცესკოს მიმართა.

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელმაც ოფიციალური ფეისბუქგვერდი წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოიყენა.

„კერძოდ, სამინისტრომ 12 სექტემბერს გამოაქვეყნა პარტია „ქართული ოცნების“  მერობის კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტოები. ფოტოებში გამოყენებულია პარტიის დროშა და ლოგო.  გარდა ამისა, სამინისტროს გვერდმა გაავრცელა ამავე ღონისძიების წინასაარჩევნო კამპანიის ამსახველი ვიდეორგოლი“.

ყვარლის შემთხვევაში, საქმე ეხება ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ქეთევან ჭიპაშვილის ფეისბუქპოსტს, რომელიც მან სამუშაო საათებში გამოაქვეყნა. ის „ქართული ოცნების“ ყვარლის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატს ღიად უჭერს მხარს. ფეისბუქპოსტში როსტომ სესიაშვილის ფოტოსურათია მიბმული, ასევე მისი ბიოგრაფია და კანდიდატის მხარდამჭერი მოწოდებები,“-ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაში.

აღნიშნული სამართალდამრღვევისთვის კანონი 2 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
21754878_1852740554755362_1766957757_o

ხელვაჩაურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ პარლამენტის წევრ გია ვოლსკისთან, ჯანდაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან და ხელვაჩაურის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძე წარუდგინა.

ზურაბ პატარაძის თქმით, ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, არსებულ პოტენციალსა და გამოწვევებს კარგად იცნობს, რაც მას დაეხმარება, ხელვაჩაურის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელოს.

ხელვაჩაურში შეკრებულ მოსახლეობას სიტყვით ასევე, მერობის კანდიდატმა მიმართა და მათ ხელვაჩაურის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები გააცნო.

პარტიის სახელით, ხელვაჩაურში ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარობის კანდიდატები შარაბიძეებში – დავით სამნიძე, მახინჯაურში – თამაზ ბერიძე, ორთაბათუმში – ბადრი ცინცქილაძე, ახალშენში – მინდია დიასამიძე, ფერიაში – ჯემალ მუსხაჯბა, ახალსოფელში – ჯამბულ თავართქილაძე, სარფში – ივერი ვანიძე, თხილნარში – მინდია დიდმანიძე, აჭარისწყალში – ვახტანგ დიასამიძე, კირნათში – ლეილა კახაბერიძე, ხოლო მაჭახელაში – მალხაზ სალვარიძე იქნება.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“

 

 

ისტორიულ სახლს ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #31-ში, დანგრევა ემუქრება

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #31-ში, ინვესტორი მრავალბიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. ამ ადგილზე ბათუმური ბელეტაჟია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლების დამცველები მიიჩნევენ, რომ ის თავისი არქიტექტურითა და მნიშვნელობით ძეგლის სტატუსს იმსახურებს.
3-3

სახლი ძეგლის დაცვის ზონაშია, სწორედ ამიტომ ინვესტორმა პროექტის შეთანხმების მიზნით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიმართა.

ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე  ძეგლის სტატუსის მატარებელი რამდენიმე შენობაა. ძეგლის სტატუსი აქვს ვაჟა-ფშაველას 27 -ში მდებარე შენობას. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ინვესტორს ტერიტორიის ათვისება სწორედ ვაჟა-ფშაველას #27 – მდე სურს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ის პროექტის განხორციელებაზე თანხმობას მიიღებს, შეძლებს ააშენოს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ორ ძეგლს შორის, ვაჟა-ფშაველას #27-დან სინაგოგამდე.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონით, დაუშვებელია მშენებლობა ძეგლის დაცვის ზონაში, თუ ის ძეგლს დაჩრდილავს. სააგენტოს იურისტის განმარტებით საკითხის განხილვა დაინტერესებული პირის თხოვნით ჯერჯერობით შეჩერებულია.

ვაჟა-ფშაველას 31-ში მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობით კომპანია „მს ჯგუფია“ დაინტერესებული. საჯარო რეესტრის მონაცემებით კომპანია 2017 წლის მაისშია დაფუძნებული. კომპანიის ასი პროცენტის მფლობელია გივი მუთიძე, ხოლო დირექტორი ბექა თვალაძე.

ვაჟა ფშაველას #31 უკანა ეზო ფოტო: ცაგო კახაბერიძე
ვაჟა-ფშაველას #31. უკანა ეზო. ფოტო: ცაგო კახაბერიძე

ყინჩაურში მოსწავლეები მშობლებმა პროტესტის ნიშნად სკოლაში არ გაუშვეს

ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთის თემში, სოფელ ყინჩაურში მცხოვრებმა მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ბავშვები დღეს, დილით სკოლაში არ გაუშვა.

ყინჩაურში ხულოს გამგებლის წარმომადგენლის, იზოლდა სურმანიძის თქმით, მოსახლეობის პროტესტი ჰესების მშენებელი კომპანიის მიერ გაცემული დაპირების [სოფელში სადრენაჟე არხებისა და ნაპირგამაგრებითი სამუშაოების მოწყობა]  შეუსრულებლობამ განაპირობა. იზოლდა სურმანიძე ამბობს, რომ მოლაპარაკება შედგა, რის შემდეგაც, ერთი საათის დაგვიანებით, ბავშვები სკოლაში მივიდნენ.

„დაველაპარაკეთ მოსახლეობას და შევთანხმდით, რომ გამგეობა კომპანიასთან უშუამდგომლებს, რომ დაპირებული სამუშაოები დაჩქარებით განხორციელდეს,“ – განაცხადა იზოლდა სურმანიძემ.

ყინჩაურში მცხოვრები ბავშვები სხალთის საჯარო სკოლაში სწავლობენ. ამ სკოლის დირექტორის, თემურ შაინიძის თქმით, ყინჩაურის მოსახლეობის პროტესტს სასწავლო პროცესისთვის ხელი არ შეუშლია:

„მოსახლეობამ არ გამოუშვა ბავშვები სკოლაში, დაახლოებით 20-25 ბავშვი, ეს სკოლა არ ემსახურება მხოლოდ სოფელ ყინჩაურს, სხვა სოფლის ბავშვებიც დადიან,  სასწავლო პროცესი დროულად განახლდა“.

სხალთის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია 26 ივნისსაც გამართა, ადგილობრივებმა მაშინ უსაფრთხო გარემოში ცხოვრების მოთხოვნით სასოფლო გზა გადაკეტეს.

სოფლის განვითარების ევროპული მოდელი ქედაში

არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ი,   ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ქედის მუნიციპალიტეტში ახალი პროექტის – „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისთვის“ –  განხორციელებას იწყებს.

პროექტი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ფონდთან, „დემოკრატიის ინსტიტუტთან“ და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით განახორციელებს, ადგილობრივ მოსახლეობას თვითმმართველობასა და „ამაგის“ [აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანება] წევრებს 14 სექტემბერს ოფიციალურად წარუდგინეს.

შეხვედრა ქედაში
შეხვედრა ქედაში

პროექტის მენეჯერის, ნინო გაფრინდაშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ პრიორიტეტებს ადგილობრივი მოსახლეობა შეარჩევს და დაასახელებს, მანამდე კი სამოქმედო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც იმუშავებს პრიორიტეტების გამოკვეთაზე.

„ამ პროექტში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულება მნიშვნელოვანია. პირველ ეტაპზე სამოქმედო ჯგუფის ფორმირება მოხდება, შემუშავდება სტრატეგია და პრიორიტეტები, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა შეარჩევს, ადგილობრივი მოსახლეობიდან ნებისმიერი დაინტერესებული პირი შეიძლება გახდეს სამოქმედო ჯგუფის წევრი, მეწარმე, ფერმერი, ასევე საჯარო მოხელე თუ ბიზნესმენი. მოსახლეობასთან შეხვედრისას ჩანს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სოფლის განვითარებას სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებაში ხედავს,“ – ამბობს  ნინო გაფრინდაშვილი.

ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე ENPARD-ის პროგრამების მენეჯერმა, ალვარო ორტეგა აპარისიომ ადგილობრივებს სოფლის განვითარების ევროპულ გამოცდილებასა და მიდგომებზე  ესაუბრა და განაცხადა, რომ რვა მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთი ქედის მუნიციპალიტეტია, სადაც ევროკავშირი სოფლის განვითარებისთვის ოთხი წლის განმავლობაში დაახლოებით ორ მილიონ ევროს ოდენობით  გრანტს გამოყოფს.  მან ადგილობრივებს გრანტის მოსაპოვებლად დაინტერესებისკენ მოუწოდა.

„ამაგის“ თავმჯდომარემ, დავით ფალავანდიშვილმა, შეხვედრაზე ქედაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და თქვა, რომ პრობლემებს ადგილზე სარეალიზაციო ბაზრების,  სარწყავი არხების, შესაბამისი ინფრასტრუქტურის,  სასოფლო მეურნეობაში გამოსაყენებელი ტექნიკური აპარატებისა თუ აგრეგატების არარსებობა ქმნის.

„გლეხი ვერ მოახერხებს საზურგე საწამლავი აპარატით ფაროსანასთან გამკლავებას. იმ თანხით, რაც ლოჯისტიკური ცენტრის აშენებაზე უნდა დახარჯონ, საწამლავი აგრეგატები შეიძინონ, რომ მწერი დროულად მოისპოს. თუ პროდუქცია ვერ მოიყვანა გლეხმა რად უნდა მას ლოჯისტიკური ცენტრი? სარწყავი არხები უნდა მოქმედებდეს, სავარგულები ირწყვებოდეს, ბრენდად ქცეული ქედის პომიდორი ჩაკვდა, ქედაში წარმოებულ თაფლს მისი სახელი უნდა დაერქვას, ეტიკეტი უნდა ჰქონდეს. მოსახლეობამ პირუტყვი შეამცირა, მართალია, არის რეგულაციები, თუმცა არ სრულდება, რაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას რძის წარმოებაში ფასს უმცირებს. იალაღებზე შუქი უნდა იყოს, ნორმალური გზა, რომ მოსახლეობამ გასვლა მოინდომოს და საქონელი მოამრავლოს, ვფიქრობ, ასეთი პრობლემების მოგვარებას უნდა მოხმარდეს გრანტები,“  – განაცხადა დავით ფალავანდიშვილმა.

„ქედის განვითარებას ტურიზმის განვითარებაში ვხედავ, უნდა მოეწყოს საოჯახო ტიპის სასტუმროები, ტურისტული ობიექტები გაიმართოს, ქედა მცირემიწიანია და მარტო სოფლის მეურნეობის განვითარება, ვფიქრობ, არასაკმარიასია,“ – განაცხადა შეხვედრის მონაწილემ, თენგიზ თედორაძემ.

შეხვედრას ქედაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ეკატერინე ზვიადაძეც ესწრებოდა.

21754938_1481878858574482_1341327762_o

21764509_1481878888574479_1313909334_o

ქედასა და ხულოში ევროკავშირის გრანტის ფარგლებში 4 მილიონამდე ევრო დაიხარჯება

ინტერვიუ  ENPARD-ის პროგრამების მენეჯერთან, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელ ალვარო ორტეგა აპარისიოსთან.

ევროკავშირი პროგრამის ფარგლებში მეორე ფაზის განხორციელებას იწყებს, როგორ შეაფასებთ პროგრამის პირველ ეტაპს?

ერთ-ერთი მთავარი ხაზი, რომელიც  პირველი ფაზის ფარგლებში დაიწყო, ეს იყო საბიუჯეტო დახმარება საქართველოს მთავრობისთვის, იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკა შემუშავებულიყო და შემდეგ არსებული პოლიტიკა განხორციელებულიყო. ამ მხრივ სერიოზული შედეგები გვაქვს, ერთი მხრივ, სოფლის მეურნეობის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია მივიღეთ, ხოლო მეორე მხრივ დავამუშავეთ 2018-2020 წლების სოფლის განვითარების სტრატეგია.

წელს ჩვენ ვასრულებთ ENPARD-ის პირველ ფაზას, რომლის ძირითადი მიმართულება იყო  სოფლის მეურნეობის განვითარება, ამავე ფაზაში დავიწყეთ სოფლის განვითარების რამდენიმე პროექტი. პროგრამას ორი მთავარი მიმართულება აქვს – სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარება, პროგრამის პირველ ფაზაში ხელი შევუწყეთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებას.

ENPARD-ის ფარგლებში დახმარება გულისხმობს არასამთავრობო ორგანიზაციების პირდაპირ  მხარდაჭერას, რომ  ადგილზე, მუნიციპალიტეტების დონეზე, კოოპერატივების  განვითარებასა და ჩამოყალიბებას ხელი შევუწყოთ; ასევე სოფლის განვითარების პროექტების მხარდაჭერა გულისხმობს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების შექმნას და შემდგომ ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის განსაზღვრას, მთელი რიგი პროექტების დაფინანსებას. ჩვენ გვაქვს რვა მუნიციპალური პროექტი, აქედან სამი პროექტი პირველ ფაზაში დაიწყო და ხუთი ახალია.

რომელ მუნიციპალიტეტებში განხორციელდება ახალი პროექტები?

პირველ ფაზაში ჩვენ დავიწყეთ საპილოტე პროექტები ყაზბეგში, ბორჯომსა და ლაგოდეხში, მეორე ფაზაში სოფლის განვითარების პროექტები აჭარის ორ მუნიციპალიტეტში – ქედასა და ხულოში განხორციელდება. გარდა აჭარისა, პროექტები განხორციელდება თეთრწყაროში, დედოფლისწყაროსა და ახალქალაქში.

ატარებს თუ არა ევროკავშირი მონიტორინგს, რამდენად რეალურად სრულდება დაფინანსებული პროექტები?

სოფლის განვითარების კუთხით დღემდე 12 მილიონი ევრო დაიხარჯა, ეს ევროკავშირის გრანტია და თანხას ადგილზე პარტნიორი ორგანიზაციები განკარგავენ, მაგალითად, როგორიცაა CNN-ი. მონიტორინგსაც, შესაბამისად, ძირითადად, განმახორციელებელი ორგანიზაციები აწარმოებენ. სოფლის მეურნეობის გარდა 5 მილიონი ევროთი დაფინანსდა სოფლის განვითარების მიმართულება, სულ რვა პროექტი. ჩვენ მივდივართ და ვნახულობთ რა კეთდება თუ გაკეთდა. ვთვლით, რომ კარგი და წარმატებული შედეგები გვაქვს ამ კუთხით.

პროგრამის ფარგლებში შერჩეული ხუთი მუნიციპალიტეტიდან თითოეული რა თანხით დაფინანსდება?

ერთი მუნიციპალიტეტი ოთხი წლის განმავლობაში დაახლოებით ორ მილიონ ევროს ოდენობით გრანტს მიიღებს.

ამ ეტაპზე რა პროექტები დაფინანსდება? რა იქნება პრიორიტეტული მიმართულება?

ევროკავშირსა და  საქართველოს მთავრობასაც მიაჩნია, რომ სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. როგორც აღვნიშნე, ჩვენ მუშაობა სოფლის მეურნეობის გაძლიერებით და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობით დავიწყეთ, თუმცა შემდეგ დავინახეთ, რომ მხოლოდ სოფლის მეურნეობა არ არის მთავარი მიმართულება ქვეყნისთვის – არის ბევრი სხვა მიმართულება, რომელსაც განვითარება სჭირდება. „ენპარდის“ ამოცანაა უფრო მეტად დივერსიფიცირებული გავხადოთ პროცესები. არ მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარებას, არამედ სხვა სექტორებსაც რომ შევეხოთ, როგორიცაა გარემოს დაცვა, ბავშვთა სპეციალური საკითხები, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი და ასე შემდეგ. პროექტები, რომლებსაც ქედაში მოველით,  ვფიქრობთ, ეს იქნება ახალი საბავშვო ბაღების აშენება, სკვერების კეთილმოწყობა, ტურიზმის განვითარება… პრიორიტეტები იმ სფეროებს შეეხება, რომლებსაც ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შეისწავლის, შეარჩევს და პრიორიტეტად დაასახელებს.

რა პრობლემებს ხედავთ საქართველოს სოფლის მეურნეობაში და რას ფიქრობთ, შეუძლია თუ არა არსებული პრობლემების მოგვარება სახელმწიფოს  დამოუკიდებლად?

პრიორიტეტული უნდა იყოს მცირე ფერმერული მეურნეობების დახმარება, რომლებიც დამოუკიდებლად დიდი ძალისხმევის შედეგად გადიან ფონს. ჩვენ მათ ამაში ვეხმარებით მთავრობასთან ერთად.

თარგმანი: თამარ ხუნწარია.

ჯადოსნური სარკე-სელფი ბათუმში

თუ აქამდე სარკეში სელფის გადასაღებად სმარტფონს იყენებდით, ახლა შეგიძლიათ სარკის წინ დადგეთ, გაიღიმოთ და სელფი მზადაა. ჯადოსნური სარკე-სელფი მსოფლიო ბაზარზე სამი წლის წინ გამოჩნდა. ის დღეს უკვე ბათუმშიც ხელმისაწვდომია.

კომპანია VIBE ნოვატორია ქართულ ბაზარზე, რომელმაც სელფი სარკე შემოიტანა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სარკე, მის სიღრმეში ჩამონტაჟებული განათებით ფოტოაპარატად იქცევა. წამზომი კი გადაღების დაწყების დროს გაჩვენებთ. გაიღიმებთ და სელფი გადაღებულია.

სელფი იქვე იბეჭდება და წამებში გადაეცემა ფოტოზე გამოსახულ ადამიანებს.

ჯადოსნური სარკე-სელფი ბათუმში

სელფი-სარკე პორტატული და ადვილად დასაყენებელია, აქვს მაღალი ხარისხის მინა, ასევე შესაძლებელია სარკით გადაღებული სელფი ნებისმიერი ზომის რეზოლუციით დაბეჭდოთ.

სელფი-სარკის დაქირავება ნებისმიერ მსურველს შეუძლია დიდი კორპორატიული წვეულებების, ქორწილების თუ სხვა სადღესასწაულო განწყობების ფოტოზე დასაფიქსირებლად. მიუხედავად იმისა, რომ სელფი-სარკეს  საკმაოდ ძვირადღირებული აპარატია, მისი დაქირავება ხელმისაწვდომია თითქმის ნებისმიერი ადამიანისთვის – ვისაც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის ფოტოზე დაფიქსირება სურს. ჯადოსნური სელფი-სარკის დაქირავება ერთი საღამოსთვის 900-ლარიდან იწყება და 1500 ლარამდე იზრდება. ფასი იმის მიხედვით იცვლება, თუ რა პაკეტის შეძენა სურს მომხმარებელს.

სელფი-სარკეს მეშვეობით თქვენი წვეულება სტუმრებს არასდროს დაავიწყდებათ
სელფი-სარკეს მეშვეობით თქვენი წვეულება სტუმრებს არასდროს დაავიწყდებათ

გადაღების დაგეგმვა სხვადასხვა თემატიკის მიხედვით შეიძლება, მაგალითად, კოსტიუმირებული თუ რეტროსტილი. ეს საკითხი მთლიანად დამკვეთის გემოვნებაზეა დამოკიდებული. რაც მთავარია, გადაღებული ფოტოები დამკვეთს  ბრენდირებული ფორმით მიეწოდება.

ნამდვილად ფასდაუდებელია ის სიამოვნება, რასაც თქვენ და თქვენი სტუმრები მიიღებთ ამ ჯადოსნური სელფი-სარკეს მეშვეობით.

თქვენი წვეულება სტუმრებს არასდროს დაავიწყდებათ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: www.vibe.ge

ჯადოსნური სელფი-სარკის დასაქირავებლად დაგვიკავშირდით:

მობ: +995 514 20 00 22

Email: info@vibe.ge

2004 და 2017 – წინასაარჩევნო აქციები საქართველოში ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ [ფოტოისტორია]

როდის ახსენდებათ საქართველოში ჯორჯ სოროსი და მისი ფონდი? – თითქმის ყოველი არჩევნების წინ. არც ეს საარჩევნო წელი ყოფილა გამონაკლისი – ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ შენობასთან 14 სექტემბერს ეგრეთ წოდებული „ქართველთა მარში“ გაიმართა თბილისში. მარშის ორგანიზატორებმა საქართველოში ფონდის აკრძალვა მოითხოვეს. ამ აქციას საქართველოს პარლამენტის წევრი ადა მარშანიაც შეუერთდა „პატრიოტთა ალიანსიდან“. დეპუტატმა მარშანიამ თქვა, რომ არ ითხოვს „ფონდ – ღია საზოგადოება საქართველოს“ გაუქმებას, მაგრამ იქვე დააფიქსირა, რომ ფონდი საქართველოში „უცნაურ პროექტებს“ აფინანსებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ფონდის წინააღმდეგ აქციები იმართება. მაგალითად, 2004 წელს ჯორჯ სოროსის ფონდისა თუ იდეების წინააღმდეგ აქციების ტალღა აჭარაში წამოიწყეს – მაშინ ამერიკელი მეცენატის წინააღმდეგ აქციებს ასლან აბაშიძის ხელისუფლება მართავდა.

ასლან აბაშიძე, რომელმაც თავის მმართველობის ბოლო ეტაპზე ჩოლოქის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკეტა, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, კრემლის ჩარევით, მოსკოვში წაიყვანეს. ის დღემდე რუსეთის დედაქალაქში ცხოვრობს.

„პატრიოტთა ალიანსი“ კი ის საპარლამენტო პარტიაა, რომლის წევრებიც ახლახან, აგვისტოს ომის შემდეგ პირველად, მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრნენ და რუს კოლეგებს შეხვდნენ.

ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით აქ.


ფოტოები „აღორძინების“ აქციიდან, რომელიც ბათუმში 2004 წლის თებერვალში გაიმართა:

„აღორძინების“ აქცია ბათუმში 2004 წელს / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
„აღორძინების“ აქცია ბათუმში 2004 წელს / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
„აღორძინების“ აქცია ბათუმში 2004 წელს / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
„აღორძინების“ აქცია ბათუმში 2004 წელს / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
„აღორძინების“ აქცია ბათუმში 2004 წელს / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
„აღორძინების“ აქცია ბათუმში 2004 წელს / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
„აღორძინების“ აქცია ბათუმში 2004 წელს / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
„აღორძინების“ აქცია ბათუმში 2004 წელს / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
„აღორძინების“ აქცია ბათუმში 2004 წელს / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
„აღორძინების“ აქცია ბათუმში 2004 წელს / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
„აღორძინების“ აქცია ბათუმში 2004 წელს / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
„აღორძინების“ აქცია ბათუმში 2004 წელს / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
„აღორძინების“ აქცია ბათუმში 2004 წელს / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
„აღორძინების“ აქცია ბათუმში 2004 წელს / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შუახევის მოსახლეობას მერობის კანდიდატი წარუდგინა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ შუახევის მოსახლეობას ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე წარუდგინა.

კანდიდატის წარდგენას საქართველოს პარლამენტის წევრი გია ვოლსკი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ზემო აჭარის მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ანზორ ბოლქვაძე და ხვიჩა შარაშიძე ესწრებოდნენ.

შუახევი1

ზურაბ პატარაძემ ფრიდონ ფუტკარაძე პროფესიონალ და ერთგულ კანდიდატად შეაფასა. აღნიშნა, რომ მას აქვს საჯარო სამსახურებში მუშაობის და ადამიანური რესურსების მართვის გამოცდილება.

შუახევის მოსახლეობასთან შეხვედრისას ფრიდონ ფუტკარაძემ სტუმრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შუახევის განვითარების საკუთარ ხედვები გააცნო. ,,ჩემთვის კარგადაა ნაცნობი ის გამოწვევები, რაც შუახევის წინაშე დგას. კარგად მესმის პრობლემები, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტს აწუხებს. გპირდებით ცენტრალურ და აჭარის მთავრობასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ რომ შუახევი გახდეს საუკეთესო ადგილი აჭარაში.“- განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ წარდგენისას.

ფრიდონ ფუტკარაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად შუახევში პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“

30 ვაკანსია მასწავლებლებისთვის

აჭარის განათლების სამინისტრო  2018 წელს  უცხო ენისა და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს. 30 პედაგოგი, კონკურსის წესით, მაღალმთიანი  მუნიციპალიტეტების  – შუახევის, ქედისა და ხულოს საჯარო სკოლებისთვის შეირჩევა.

„პედაგოგები დაახლოებით 3 000 მოსწავლეს ასწავლიან,“-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. პედაგოგების შერჩევა  სამინისტროს პროგრამის – „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ხორციელდება. პროგრამის ბიუჯეტი 340 ათასი ლარია.

აჭარის მთის სკოლებიდან ამ დროისთვის მხოლოდ ექვს სკოლას აქვს ვაკანსია გამოცხადებული – ჟანივრის, ღორჯომის, პაპოშვილების, ინწკირვეთისა და გოგაძეების სკოლას. თუმცა, როგორც რესურსცენტრების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ აჭარის მთიანეთში საჯარო სკოლებში გაცილებით მეტი ვაკანტური ადგილია. უფრო მეტად საბუნებისმეტყველო საგნებისა და უცხო ენის (ინგლისური) პედაგოგების ნაკლებობაა.

 

 

„ხიბულა“ – ბათუმის კინოფესტივალი ზვიად გამსახურდიაზე ფილმით გაიხსნება

17 სექტემბერს, 18 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში საავტორო კინოს ბათუმის მე-12 საერთაშორისო ფესტივალი გიორგი ოვაშვილის მხატვრული ფილმით – „ხიბულა“ – გაიხსნება.  ფილმი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის უკანასკნელი 50 დღის შესახებაა. ყოფილი პრეზიდენტის როლს ირანელი მსახიობი, ჰოსეინ მაჰჯუბი ასრულებს.

15697845_744039332432043_8968273669658866040_n (1)

„ხიბულა“ საქართველო/გერმანია/საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარია. ეს გიორგი ოვაშვილის ტრილოგიის ბოლო ფილმია  „გაღმა ნაპირისა“ და „სიმინდის კუნძულის“ შემდეგ.  ფილმის პრემიერას ბათუმში დაესწრება რეჟისორი, მსახიობები და გადამღები ჯგუფის წევრები.

„ხიბულა"
„ხიბულა”

„ხიბულას“ პრემიერა ივლისში,  კარლოვი ვარის 52-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. „ეს არის დრამა ადამიანზე, რომელმაც მიიღო და დაკარგა ძალაუფლება“ – მოკლედ ასე აღწერა ფილმი გიორგი ოვაშვილმა „რადიო თავისუფლებასთან“ საპრემიერო ჩვენების შემდეგ.

კინოფესტივალის გახსნასა და დახურვაზე დასწრება მოსაწვევებითაა შესაძლებელი, შემდგომი ერთი კვირის მანძილზე კი დასწრება თავისუფალია. ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა – ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება კინოთეატრ „აპოლოში“ მდებარე BIAFF -ის საინფორმაციო ცენტრში.

ბათუმის კინოფესტივალი 24 სექტემბრამდე გაგრძელდება.

____________________________________________________________

ამავე თემაზე:

რა ფილმებს აჩვენებენ ბათუმის საავტორო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში

ვინ იქნებიან ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ჟიურის წევრები  

ექვსი ახალი ქართული ფილმი, რომელსაც ბათუმის კინოფესტივალზე ნახავთ 

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 17-24 სექტემბერს გაიმართება 

რომელ კულტურულ პროექტებზე დახარჯავს სამინისტრო 2 456 000 ლარს

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ 2018 წლის კულტურული პროგრამების ბიუჯეტი განსაზღვრა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის   მომავალი წლისთვის 2 456 000  ლარია გათვალისწინებული. აჭარაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციასა და კონსერვაციაზე კი ბიუჯეტი  შემდეგნაირად გადანაწილდა:

ხიხანის ციხის რეაბილიტაცია-კონსერვაციისთვის  130 000 ლარია გათვალისწინებული, ბათუმისა და ქობულეთის ურბანული მემკვიდრეობის ძეგლების  რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვისთვის  – 300 000 ლარი;

ურბანული მემკვიდრეობის ძეგლების ფასადების სარეაბილიტაციო  სამუშაოების შესყიდვაზე 50 000 ლარია გათვალისწინებული,  აჭარაში არსებული ძეგლების ბანერების დამზადების მომსახურების შესყიდვისთვის კი  – 60 000 ლარი,

ურბანული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვისთვის – 500 000 ლარი. მომავალი წლის ბიუჯეტში 657 000 ლარია გათვალისწინებული  პეტრას ციხის ინფრასტრუქტურული მოწყობაზე,  გონიოს მუზეუმ-ნაკრძალის ინფრასტრუქტურული მოწყობისთვის კი  – 450 000 ლარი. 100 ათასი ლარი კი ბათუმის ისტორიის მუზეუმის   მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვისთვის არის გათვალისწინებული.

ასი ათასი ლარია გათვალისწინებული არქეოლოგიური ექსპედიციებისთვისაც.  ხიხანის ციხის არქეოლოგიური გათხრების შედეგების შესახებ წიგნის გამოცემისთვის – 25 000 ლარი, 2016 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შესახებ წიგნის გამოცემისთვის კი – (500 ცალი ტირაჟი), 14 000 ლარია გათვალისწინებული.

საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო [ ფოტო ]

დღეს, 15 სექტემბერს დილის ცხრა საათიდან, ბათუმის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით წელს უპრეცედენტოდ დიდია პირველკლასელთა რაოდენობა.

განათლების სამინისტროს ინფრომაციით ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს კომპიუტერი გადაეცემა.
განათლების სამინისტროს ინფრომაციით ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს კომპიუტერი გადაეცემა.

სამინისტრო -სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი ექნება ყველა მოსწავლეს.
სამინისტრო -სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი ექნება ყველა მოსწავლეს.

DSC_0012
ფოტო- მანანა ქველიაშვილი
ფოტო- მანანა ქველიაშვილი

„ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები მთიან აჭარაში – არც ერთი ქალი

14 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარუდგინა და  მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა დაასახელა.

ქედის მერობის კანდიდატი ლევან გორგილაძეა, შუახევის – ფრიდონ ფუტკარაძე, ხულოს მერობის კანდიდატი კი – გოჩა მელაძე.

ქედის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი კანდიდატები:  დაბა ქედა – კარლო თურმანიძე; მერისი – შუქრი თურმანიძე, ოქტომბერი – უშანგი დუმბაძე; მახუნცეთი – ზურაბ თავდგირიძე; ზვარე – ამირან დევაძე; წონიარისი – სილოვან ბერიძე; ცხმორისი – ოთარ ბოლქვაძე; დანდალო  – ოთარ ხარაძე.

ქედის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარულ ოლქებში დასახელებული კანდიდატებიდან სილოვან ბერიძე და ამირან დევაძე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი წევრები არიან, ამირან დევაძე „ქართული ოცნების“ კვოტით, ხოლო სილოვან ბერიძე – დამოუკიდებელი მაჟორიტარის სტატუსით.

შუახევის მუნიციპალიტეტში ცხრა მაჟორიტარულ ოლქში დასახელებული კანდიდატებიდან  სამი – შუბნის, დღვანისა და უჩამბის მაჟორიტარი კანდიდატები – სკოლის ყოფილი დირექტორია.

შუახევის მაჟორიტარი კანდიდატები არიან: დაბა შუახევი – გიორგი დავითაძე; შუბანი – ემზარ ჯუმუშაძე; ოლადაური – გენად მიქელაძე; დღვანი – იმედა მუკუტაძე; უჩამბა – ჯემალ ივანაძე; ზამლეთი – ამირან ბერიძე; ჭვანა – ზურაბ ვაშაყმაძე; წყაროთა – სულიკო ბოლქვაძე და ბარათაული – მურად ქათამაძე.

რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს, სადაც 13 მაჟორიტარული ოლქია, დასახელებული კანდიდატებიდან სამი მოქმედი დეპუტატია – ჯუმბერ დიმიტრაძე, ზაურ გობაძე და ჯანგულ შაინიძე. ჯანგულ შაინიძე ამ მოწვევის საკრებულოში „თავისუფალი დემოკრატების“ კვოტით მოხვდა, ახლა კი ხულოს საკრებულოს წევრობას „ქართული ოცნების” კვოტით  შეეცდება.

მაჟორიტარი კანდიდატები არიან: დაბა ხულო – ავთანდილ აბულაძე; დეკანაშვილები – ემზარ ჩოგაძე; ღორჯომი – ალექსანდრე პაიჭაძე; აგარა – ჯუმბერ დიმიტრაძე ; საციხური – ჯემალ მარკოიძე; დიდაჭარა – ზაურ გობაძე; რიყეთი – რამაზ გელაძე; დიოკნისი – მერაბ ღორჯომელაძე; ხიხაძირი – ავთანდილ გაბაიძე; თხილვანა – ლევან დუაძე; ფუშრუკაული – რამინ ბერიძე; სხალთა – ჯანგულ შაინიძე და ვაშლოვანი – იური აბულაძე.

დღევანდელ შეხვედრაზე, მერობის კანდიდატები, ქედაში – ლევან გორგილაძე, შუახევში – რამინ ფუტკარაძე და ხულოში გოჩა მელაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ წარადგინა, რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, ისინი მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატებმა დაასახელეს.

მერობისა და მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას აჭარის მთიანეთში აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ, წარდგენას ესწრებოდა პარლამენტარი გია ვოლსკიც.

„ქართულ ოცნებას“ დღევანდელ შეხვედრაზე პარტიული სიის წევრები არ დაუსახელებია.

კითხვაზე, რატომ არ ასაჯაროებს საარჩევნო სიას „ქართული ოცნება“, გია ვოლსკიმ ასე უპასუხა:

„ზოგან უკვე მზად არის პარტიული საარჩევნო სია, ზოგან –  ნაწილობრივ. ჩვენ გვყავს ბევრი კანდიდატი და გვინდა საუკეთესო წარვადგინოთ, ამაში არათუ ცუდს, არამედ დიდ პოზიტივს ვხედავ. შიდა განხეთქილებაზე კი საუბარი ზედმეტია. მალე გახდება პარტიული სია ცნობილი. რაც შეეხება შემადგენლობას, ახალ წევრებთან ერთად შესაძლებელია მოქმედი საკრებულოს წევრებიც ვიხილოთ“.

პარტიას 31 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად არც ერთი ქალი არ წარუდგენია. აღნიშნულთან დაკავშირებით ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ  „ოცნება“ საარჩევნო სუბიექტებს გენდერულად პარტიული სიით დააბალანსებს.

ხულოს გამგებელი: მთა შავნაბადაზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არის

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, მთა შავნაბადაზე მიმდინარეობს მონიტორინგი და ხანძრის გავრცელების საშიშროება არ დგას; „საგანგაშო მდგომარეობა არ არის, ასეთი რამ ჩვეულებრივია ხანძრის შემდგომ. ქრის ქარი, აღვივებს ალაგ-ალაგ და ამოდის კვამლი, თუმცა ასეთ კერებს პარალელურად აქრობენ, მყისიერად ხდება რეაგირება.“

გამგებლის განცხადებით, შავნაბადაზე ამ დროისთვის ხულოს სამაშველო, სახანძრო და სატყეო ბრიგადები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა მუშაობს და „სიტუაცია კონტროლზეა აყვანილი“. მისივე თქმით, ამ ეტაპზე შავნაბადაზე დამატებითი ძალების მობილიზების აუცილებლობა არ დგას.


ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემში, მთა შავნაბადაზე ხანძარი 3 სექტემბერს გაჩნდა. ხანძარს 5 დღის განმავლობაში აქრობდნენ.

მთავარი ფოტო: ხანძარი მთა შავნაბადაზე / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

„ნეტავ ბიჭი ყოფილიყო“ – დისკრიმინაცია სქესის ნიშნით

ავტორი: მარიკა ფუტკარაძე, სტუდენტი 

ბათუმის ერთ-ერთ გარეუბანში გავიზარდე, სადაც საღამოობით იშვიათად თუ დაინახავთ მოსეირნე წყვილებს ან გოგონებს. გასართობი ადგილი თითქმის არ გვაქვს, სამაგიეროდ რამდენიმე საფეხბურთო მოედანია, სადაც მხოლოდ ბიჭები თამაშობენ არა იმიტომ, რომ გოგონებს არ უნდათ თამაში, უბრალოდ ბიჭების აზრით, მოედანი მათ ეკუთვნით და ჩვენც არ ვიქმნით პრობლემებს. სკოლაც ამ უბანში დავამთავრე. სკოლიდან მხოლოდ ბულინგზე დამრჩა მოგონებები და რამდენიმე მეგობარი, რომელთანაც დღემდე ვაგრძელებ ურთიერთობას.

რაც დრო გადის, უფრო ვაცნობიერებ, რამდენჯერ ვყოფილვართ მე და ჩემი კლასელი გოგონები სქესის ნიშნით დისკრიმანაციის მსხვერპლი არა მხოლოდ კლასელი ბიჭების, არამედ პედაგოგების მხრიდანაც.

გასულ წელს მაღალმთიანი აჭარის ბევრ სკოლაში ვიყავი და რეალობა შედარებით განსხვავებული დამხვდა. დღეს გოგონები ცდილობენ თავიანთ პრობლემებზე საუბარს, რაც ჩემს კლასში იშვიათად ხდებოდა. ძალიან ბევრმა მითხრა, რომ ყველაზე მეტად უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება სურთ. არ ვიცოდი რა მეთქვა მათთვის, რადგან ვიცი, რომ უნივერსიტეტშიც შესაძლებელია იგივე რეალობა ნახონ.

პოლონეთში ჩეხ გოგოსთან ერთად ვცხოვრობ. პირველად თვითონ მითხრა, რომ ცოტა რთულია ჩეხეთში ცხოვრება, თუ გარკვეულ ასაკში ქალს შვილები ან ქმარი არ ჰყავს. მალევე გამახსენდა სკოლაში მოსმენილი ფრაზა – „ქალი პატრონს უნდა ჩაბარდეს“  და არ მახსოვს რა ვიგრძენი, გავბრაზდი ალბათ. არასდროს მიფიქრია, რომ პატრონს ვსაჭიროებდი ან აუცილებლად შვილები უნდა მყოლოდა.

შეიძლება ბევრს გაეცინოს და თქვას, რომ მსგავს ფრაზას უკვე აღარ ამბობენ, მაგრამ თუ დააკვირდებით, აუცილებლად დაინახავთ ადამიანებს, რომლებიც ქალებს მხოლოდ სამზარეულოში ხედავენ და დაინახავთ ქალებს, რომლებიც ფიზიკურადაც შრომობენ, სახლსაც ალაგებენ და ქმარ-შვილსაც უვლიან.

პირველად, როცა ჩემმა ნათესავებმა გაიგეს, რომ ერთი წელი პოლონეთში უნდა მეცხოვრა სრულიად მარტო, დანაღვლიანებულებმა უთხრეს ჩემს მშობლებს: ნეტავ ბიჭი ყოფილიყოო. არ ვიცი ჩემმა მშობლებმა რა იფიქრეს, მაგრამ მე გამეცინა, რადგან ცხოვრებაში პირველად ვიამაყე საკუთარი თავით მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ვარ, რადგან თამამად შემიძლია ვიცხოვრო მარტო და ვიყო დამოუკიდებელი. არ ვიცი რატომ დანაღვლიანდნენ ჩემი ნათესავები, მაგრამ ფაქტია, ქალებს გვიწევს დამტკიცება, რომ შეგვიძლია ვიყოთ დამოუკიდებლები.

ვარშავაში ყოფნისას ერთი ქალი გავიცანი, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ვსაუბრობდით ადამიანის უფლებებზე. რა თქმა უნდა, ვკითხე 2016 წლის საპროტესტო აქციაზე, რომელიც აბორტის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს ეხებოდა. გამიმართლა, იგი აქციის მონაწილე აღმოჩნდა და საინტერესოდ აღმიწერა რა ხდებოდა იმ პერიოდში პოლონეთში, კათოლიკური ეკლესიის დამოკიდებულებაზეც მომიყვა. ბევრი საერთო აღმოვაჩინე. გავაცნობიერე, რამდენად დიდი ძალა აქვს იდეისთვის ერთად ბრძოლას. 2016 წლის 3 ოქტომბერს 6 მილიონი ქალი იდგა ვარშავის ცენტრში. პოლონელი მარტა ჩემთვის დარჩება ქალად, რომელმაც მითხრა:  „მე აქციაზე სხვა ქალების გამო ვიდექი და არ მეშინოდა.“

ფოტოზე: მარიკა ფუტკარაძე

________________

 

რატომ შეწყვიტა 9 აპრილის მემორიალის ესკიზზე გამოცხადებული კონკურსი ბათუმის მერიამ

9 აპრილის გმირთა მემორიალის ესკიზისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადებული კონკურსი ბათუმის მერიამ შეწყვიტა და იმავე მომსახურებასა და იმავე სავარაუდო ღირებულებით კონკურსი ხელახლა გამოაცხადა. ტენდერი მერიამ მაშინ შეწყვიტა, როცა ორ პრეტენდენტს უკვე წარდგენილი ჰქონდა ესკიზები.

საკონკურსო კომისიის ოქმში ვკითხულობთ, რომ შეწყვეტის მიზანი საკონკურსო დოკუმენტაციის დახვეწა იყო.

სატენდერო დოკუმენტაციის შედარებით ჩანს, რომ შეწყვეტილ და მიმდინარე ტენდერებში ცვლილება, ძირითადად, ტექნიკურ დავალებაშია შეტანილი. ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში წინა დავალება მეორდება, რომელზეც დამატებულია ორი პუნქტი:

[checklist]

  • მემორიალის სიმაღლე [კვარცხლბეკის ჩათვლით თუ მსგავსი მოისაზრება] არ უნდა აღემატებოდეს 4 მეტრს;
  • თვით მემორიალი უნდა იყოს მონუმენტური სახის, ბრინჯაოში ჩამოსხმული, ხოლო კვარცხლბეკი [თუ მსგავსი მოისაზრება] შესაძლებელია იყოს გრანიტის ან სხვა მასალისაგან დამზადებული [ავტორის შეხედულებისამებრ, ესკიზზე მითითებული ავტორისათვის სასურველი მასალა].

[/checklist]

წინა კონკურსში მერიას მემორიალის ესკიზი ინდმეწარმე თეიმურაზ მახარაძემ და შპს „ვოლ“-მა შესთავაზა.

თეიმურაზ მახარაძის ესკიზის მიხედვით მემორიალი ბრინჯაოში უნდა ჩამოისხას, თუმცა სიმაღლე 7 მეტრია [და არა 4, რასაც მერია ამჯერად ითხოვს].

რაც შეეხება „ვოლ“-ის მიერ შეთავაზებულ წინადადებას, კომპანიაში ფიქრობენ, რომ მემორიალი ბეტონის ფილებისა და სვეტებისგან უნდა შედგებოდეს [60 ბეტონის და 21 კოროზირებული რკინის სვეტი], თუმცა განმარტებით ბარათში სიმაღლის ზომები მითითებული არ არის.

ხელახლა გამოცხადებულ კონკურსშიც მემორიალის ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6335 ლარია. მემორიალის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ბიუჯეტი ამჯერადაც არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს. ტენდერში წინადადებების მიღება 28 სექტემბერს დაიწყება და 3 ოქტომბერს დასრულდება.

თეიმურაზ მახარაძის მიერ წარდგენილი ესკიზი ტენდერში, რომელიც ბათუმის მერიამ შეწყვიტა / ფოტო სატენდერო დოკუმანტაციიდან
თეიმურაზ მახარაძის მიერ წარდგენილი ესკიზი ტენდერში, რომელიც ბათუმის მერიამ შეწყვიტა / ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან
შპს „ვოლ“-ის მიერ წარდგენილი ესკიზი ტენდერში, რომელიც ბათუმის მერიამ შეწყვიტა / ფოტო სატენდერო დოკუმანტაციიდან
შპს „ვოლ“-ის მიერ წარდგენილი ესკიზი ტენდერში, რომელიც ბათუმის მერიამ შეწყვიტა / ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან
ადგილი სადაც 9 აპრილის მემორიალი უნდა მოეწყოს / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
ადგილი ბათუმის ბულვარში [ბსუ-ს წინ], სადაც 9 აპრილის მემორიალი უნდა მოეწყოს / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

წყალი გრაფიკით ხულოში

დაბა ხულოსა და მიმდებარე სოფლებს – ოქრუაშვილებს, დუაძეებს, ძირკვაძეებს, განახლებასა და ქვედა ვაშლოვანს, სულ 1 800 აბონენტს, სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება. სასმელი წყლის მიწოდებაში პრობლემები აქ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.

დღე-ღამის განმავლობაში წყალი მოსახლეობას დაბა ხულოსა და რიგ სოფლებში მხოლოდ 11 საათით მიეწოდება, დილის 8 საათიდან შუადღით 2 საათამდე და საღამოს 8 საათიდან ღამის პირველ საათამდე.

ააიპ „ხულოს წყალკანალის“ დირექტორის, ბადრი აბაშიძის განმარტებით,  წყლის მიწოდებაში პრობლემები სათავეებზე გვალვის გამო წყლის კლებამ გამოიწვია.

„ძლიერი გვალვის გამო წყალი სათავეებზე საგრძნობლად დაშრა. ოთხი თვის განმავლობაში აქ არ გაწვიმებულა. საუკუნოვანი წყაროებიც კი დაშრა. წყალი, რომელიც ამ დროისთვის მოსახლეობას მიეწოდება, ნაწილობრივ ზედაპირული წყლებით გროვდება, გარდა ამისა, რეზერვუარებს, რომლებითაც აბონენტებს წყალს ვაწვდით, მოსახლეობის წყლებითაც კი ვავსებთ [მოსახლეობის ნაწილს სოფლებში სასმელი წყლის საკუთარი სისტემები აქვთ მოწყობილი – ავტ.]. გასულ წელს ახალი წყალსადენი გავაკეთეთ, რომ არა ის, სერიოზული პრობლემები შეიქმნებოდა. ძირითადად ახალი წყალსადენით ივსება რეზერვუარი, ერთი გამანაწილებელი, 1000-ტონიანი რეზერვუარი გვაქვს, მაგრამ სრულიად ვერ ასწრებს ავსებას, დაახლოებით 40-50 ტონამდე ივსება, ღამის საათებში კი რეზერვუარებს მოსახლეობის წყლებით ვავსებთ, რომ დილით წყალი მივაწოდოთ აბონენტებს,“ – ამბობს ბადრი აბაშიძე.

ბადრი აბაშიძე გამოსავალს იმ ახალი წყლის მაგისტრალის მშენებლობაში ხედავს, რომელიც სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

„ახალი მაგისტრალი შენდება, წყალი მთა საჯოგიადან მოგვყავს. მშენებლობა სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. საჯოგიადან მოყვანილი წყლის ნაწილი არსებულ რეზერვუარში ჩავა, ნაწილი კი – ცალკე რეზერვუარში. დაბაში 1 200, ხოლო სოფლებში 600-მდე აბონენტი გვყავს, თუმცა ამას დაემატა მოსახლეობის ის ნაწილიც სოფლებში, რომლებსაც სასმელი წყალი გვირაბების მშენებლობის გამო შეუწყდა და ვიდრე მოხდება წყლის აღდგენა, წყალკანალს მიუერთდნენ. წყლის კლება ნაწილობრივ აბონენტების მატებამაც გამოიწვია“.

ხულოს წყალკანალი ხულოს მუნიციპალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. მიმდინარე წელს აიპის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 210 625 ლარია გამოყოფილი, საჯოგიადან წყლის მაგისტრალის მშენებლობისთვის, რომელიც გარდამავალი პროექტია და გასულ წელს დაიწყო, სულ 872 811 ლარია გამოყოფილი.

წყალკანალისთვის გამოყოფილი თანხა, ძირითადად, რეზერვუალების დაქლორვას, თანამშრომელთა ხელფასებს, ოფისის ხარჯებს, ტრანსპორტსა და სპეციალური ხელსაწყოების შეძენას ხმარდება. „ხულოს წყალკანალის“ აბონენტები მოხმარებული წყლის გადასახადს არ იხდიან.

„მის საქართველოსთვის“ ბათუმის მერიამ 50 000 ლარი გამოყო, აჭარის განათლების სამინისტრომ – 40 000

სილამაზის კონკურსის, „მის საქართველო 2017“-ის ორგანიზებისთვის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 40 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ამავე ღონისძიების ფინალური საღამოსთვის კი, ქალაქ ბათუმის მერიას – 50 ათასი ლარი. მერიაში განაცხადეს, რომ კონკურსი 30 სექტემბერს გაიმართება, სამინისტროში კი კონკურსის გამართვის ზუსტი თარიღი არ იციან.

„სამინისტრო და ჩვენ ვართ თანადამფინანსებლები. „მის საქართველოს“ ფინალური ტური დაგეგმილია 30 სექტემბერს, ბათუმის მუსიკალური ცენტრის შენობაში. კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში შერჩეული „მისები“ და აქ შეირჩევა საუკეთესო. ჩვენ ვაფინანსებთ უშუალოდ ფინალურ შოუს [ამისთვის გათვალისწინებულ ტექნიკურ მომსახურებას], რამდენადაც ვიცი, სამინისტროს უნდა დაეგეგმა წინამოსამზადებელი სამუშაოები. მერიისა და სამინისტროს მიერ დასაფინანსებელი მომსახურება საერთო ჯამში ემსახურება ამ შოუს მაღალორგანიზებულად ჩატარებას. ღინისძიებას სხვა დამფინანსებლებიც ჰყავს“ – განაცხადა „ბათუმელეთან“ სატელეფონო საუბარში ლამზირა ბოლქვაძემ, ბათუმის მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსმა.

ბათუმის მერიასა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამის მომსახურებებზე ტენდერი აქვთ გამოცხადებული. მერიის ტენდერში წინადადებების მიღება 15 სექტემბერს მთავრდება, სამინისტროს ტენდერში კი – 25 სექტემბერს.

ამასთან, მერიის ინფორმაციით სილამაზის კონკურსი „მის საქართველო“ უნდა გაიმართოს 2017 წლის 30 სექტემბერს. თუ მერიას დავეყრდნობით, სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსი დაგვიანებულია, იმიტომ, რომ წინადადებების მიღება კონკურსამდე 5 დღით ადრე მთავრდება. სამინისტრომ გამარჯვებული იმავე დღეს რომ გამოავლინოს და ხელშეკრულებაც გააფორმოს, გამარჯვებული მაინც ვერ შეძლებს იმ დავალების შესრულებას, რასაც სამინისტრო ითხოვს. ესაა პროექტის პიარი, პრომოუშენი, ინფორმაციის გავრცელება. კერძოდ:

[checklist]

  • პროექტის პიარ გეგმის გაკეთება, პროექტის ახალი საიმიჯო დიზაინის შექმნა, სარეკლამო
    კამპანიის შეფუთვა;
  • დროებითი ვებ-გვერდის დამზადება, რომელსაც ექნება ონლაინ ხმის მიცემის სისტემის
    შესაძლებლობა;
  • პროექტის ფარგლებში ვიდეო რგოლებისათვის საჭირო აუდიო მასალების დამზადება,
    ვიდეო-რგოლების შექმნა და განთავსება სოც. ქსელებში საიმიჯო რგოლი/სარეგისტრაციო
    რგოლი, კონკურსანტების წარდგენის ვიდეორგოლები, მოსამზადებელი პერიოდის
    ვიდეორგოლები თითოეულს არანაკლებ 40 წამი, რაოდენობა – 6;
  • არანაკლებ 10 000 ფლაერის დარიგება თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის,
    ოზურგეთის, გორის, თელავის ტერიტორიაზე.

[/checklist]

ამასთან, სამინისტროს მითითებული აქვს, რომ მომსახურება უნდა განხორციელდეს 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, მერიას კი – 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. არადა, ორთავე მომსახურება ერთსა და იმავე კონკურსს ეხება.

„დეტალები გავლილია და გადაფარვა-ერთიდაიგივე ღონისძიების დაფინანსება – არანაირად არ მოხდება“ – გვითხრეს ბათუმის მერიაში.

ბათუმის მერიას მომსახურების ვადა გათვლილი აქვს იმაზე, რომ კონკურსი 30 სექტემბერს ჩატარდება, სამინისტროში კი კონკურის ჩატარების თარიღი ამ დრომდე არ იციან. „ღონისძიების ჩატარების კონკრეტული თარიღი დაზუსტდება შემდგომში“ – შენიშვნის სახით აქვს ტენდერის პირობებში მითითებული სამინისტროს.

კითხვაზე, თუ 30 სექტემბერს გაიმართება კონკურსი, რა აზრი აქვს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერს და ხომ არ არის ის ფიქტიური, რომელიმე ერთ კომპანიაზე წინასწარ მორგებული პირობებით? – სამინისტროში გვიპასუხეს – „შემოვიდა ორგანიზატორისგან წერილი, რომ კონკურსის ჩატარების ვადა გადაიწია და ის 20 ოქტომბრამდე ჩატარდება. თუმცა, კონკრეტული თარიღი დაზუსტდება. ამიტომ, სამინისტრომ მომსახურების ვადად აიღო 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი. ამ დროში კი ტენდერით მოთხოვნილი ტექნიკური დავალება არის შესრულებადი“.

სამინისტროს პასუხიდან გამომდინარე სატენდერო პირობების და ვადების შეცვლა გამოდის ბათუმის მერიას მოუწევს, ვინაიდან ტენდერში გამარჯვებულმა მას მომსახურება 30 სექტემბრის ჩათვლით, ანუ კონკურსის გამართვამდე უნდა გაუწიოს, რაც ბუნებრივია, არარეალურია.

 

ჟიურის მაგიდის ესკიზი და სცენის დეკორაცია, რის ანალოგიურსაც სილამაზის კონკურისითვის ბათუმის მერია ტენდერში გამარჯვებულისგან ითხოვს:

ჟიურის მაგიდის ესკიზი /ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული სატენდერო დოკუმენტაციიდან
ჟიურის მაგიდის ესკიზი /ბათუმის მერიის სატენდერო დოკუმენტაციიდან

 

სცენის დეკორაცია ~ /ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული სატენდერო დოკუმენტაციიდან
სცენის დეკორაცია /ბათუმის მერიის სატენდერო დოკუმენტაციიდან

აჭარის მთავრობის მეთაურმა ქობულეთელებს მერობის კანდიდატი წარუდგინა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, ქობულეთელებს ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატი მირიან ქათამაძე წარუდგინა.

მთავრობის მეთაურმა მირიან ქათამაძე ღირსეულ კანდიდატად შეაფასა და ხაზი გაუსვა მის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას.

მოსახლეობასთან შეხვედრისას მერობის კანდიდატმა ქობულეთის განვითარების საკუთარ ხედვაზე და შემუშავებულ პროგრამაზე ისაუბრა.

„ქობულეთს დღეს სჭირდება ახალი იდეები იმიტომ, რომ ქობულეთი დგას ახალი გამოწვევების წინაშე. ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი თამამი, გაბედული იდეა, რომელსაც განახორციელებს კვალიფიციური, გაბედული ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდი. ჩვენ ასევე ვეცდებით წარმატებით გავაგრძელოთ ყველა ის საქმე, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაიწყო,“ – განაცხადა ქათამაძემ.

დღესვე, მირიან ქათამაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

21742892_462617944124706_6631545287685528435_n (1)

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“

ქობულეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალ შენობას ააშენებენ

ქობულეთში გამგეობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი შენობის აშენებას გეგმავს. მშენებლობისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 166 ათასი ლარია გამოყოფილი და ტენდერიც გამოცხადებულია.

გამგეობის ინფორმაციით, ცენტრი დღეს ქობულეთის რეფერალური საავადმყოფოს შენობაშია განთავსებული, ახალი შენობა კი იქვე ახლოს, ქალაქ ქობულეთში, მემედ აბაშიძის N18-ის მიმდებარედ აშენდება.

გამგეობაში აცხადებენ, რომ  166 ათასი ლარი სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულებაა, საიდანაც 2017 წლის ბიუჯეტით განხორციელდება არაუმეტეს 80 ათასი ლარის დაფინანსება, ხოლო დარჩენილი თანხა ანაზღაურდება 2018 წლის ასიგნებების ფარგლებში.

ტენდერში წინადადებების მიღება 2017 წლის 28 სექტემბერს დაიწყება და 3 ოქტომბერს დასრულდება. გამარჯვებულს ასაშენებელი შენობის პროექტს გამგეობა მიაწვდის.

სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 5 კალენდარული დღის ვადაში და დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში.
შესრულებული და მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული სამშენებლო სამუშაოების საგარანტიო პერიოდი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 წელს, სამუშაოების დამთავრებიდან.

წითელი ალმები სანაპიროზე – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოესი დღეების განმავლობაში აჭარაში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი.

„მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი – 10-15 მეტრი წამში, ტემპერატურა სანაპირო ზოლში ღამით იქნება 14-20, დღისით  – 28-33 გრადუსი სითბო. მთაში – ღამით – 10-15, დღისით – 21-31 გრადუსი სითბო.

ზღვის წყლის ტემპერატურა +25,2 გრადუსია. მომდევნო სამი დღის მანძლზე შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი“  – აცხადებენ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში.

დღეს, 13 სექტემბერს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული, საგუშაგოებზე აღმართულია წითელი ალმები და ზღვაში შესვლა აკრძალულია.

აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში ამბობენ, რომ ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა 2-3 ბალი, რაც შტორმს არ ნიშნავს, თუმცა „3 ბალზე, როცა 12 დეციმეტრია, ბანაობა არ არის რეკომენდებული, მაგრამ გემებისთვის ეს არ არის პრობლემა,“ – დასძენენ ობსერვატორიაში.

კარს მომდგარი ახალი სასწავლო წელი და სკოლები პედაგოგების მოლოდინში

Pedagogi.ge-ზე აჭარის მთის სკოლებიდან ამ დროისთვის  ექვს სკოლას აქვს ვაკანსია გამოცხადებული – ჟანივრის, ღორჯომის, პაპოშვილების, ინწკირვეთისა და გოგაძეების სკოლას. თუმცა, რესურსცენტრების უფროსების ინფორმაციით, აჭარის მთიანეთში საჯარო სკოლებში გაცილებით მეტი ვაკანტური ადგილია და პედაგოგთა ნაკლებობა დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. აქ, ძირითადად, საბუნებისმეტყველო საგნებისა და უცხო ენის [ინგლისური] პედაგოგების ნაკლებობაა.

ბოლო ვაკანსია Pedagogi.ge-ზე 12 სექტემბერს, ჟანივრის სკოლამ გამოაცხადა. ამ სკოლას მათემატიკის საგნის პედაგოგი სჭირდება მე-5-მე-8 კლასებში. მათემატიკის პედაგოგის ვაკანსიაა გამოცხადებული მე-7-მე-10 კლასებში ქედის მუნიციპალიტეტის დანდალოს სკოლაშიც.

შუახევის მუნიციპალიტეტის გოგაძეების სკოლაში მე-2-მე-12 კლასებში ვაკანტურია ინგლისური ენის საათები, ამავე მუნიციპალიტეტის პაპოშვილების სკოლას მე- 7-მე-9 კლასებში საქართველოსა და გეოგრაფიის პედაგოგი სჭირდება, ინწკირვეთის სკოლას მე-5 – მე- 12 კლასებში საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის პოედაგოგი.

შუახევის რესურსცენტრის უფროსი, ედუარდ გოგრაჭაძე ამბობს, რომ შუახევში წელსაც, წინა წლების მსგავსად, კვლავ უცხო ენისა და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები სჭირდებათ. პრობლემის გადაჭრას კი საქართველოსა და აჭარის განათლების სამინისტროები პროგრამებით ცდილობენ. ხოლო  Pedagogi.ge  – ზე  ვაკანსიებს, რესურსცენტრის უფროსის განმარტებით, სკოლები თავის დაზღვევის მიზნით აცხადებენ.

„დაახლოებით 17 სკოლაში გვქონდა ვაკანსია, რის შესახებაც ინფორმაცია სამინისტროებს მივაწოდეთ, დეფიციტური იყო ძირითადად ინგლისური ენის, მათემატიკისა და ფიზიკის საგნის პედაგოგები. დეფიციტი უმრავლესობაში შეივსო, თუმცა აღსანიშნავია, ისიც რომ სამინისტროს, პედაგოგების დეფიციტის შესავსებად გამოცხადებული კონკური ჯერ არ დასრულებულა და ვიმედოვნებ, არსებული ვაკანსიები პროგრამულად შეივსება,“ – ამბობს ედუარდ გოგრაჭაძე.

იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროს პროგრამის ფარგლებში კონკურსით პედაგოგთა დეფიციტი ვერ აღმოიფხვრება, ედუარდ გოგრაჭაძე პრობლემის გადაჭრას პედაგოგების დროებით აყვანაში ხედავს.

„რადგანაც მიგრაციული პროცესები აქტიურია მთებში, დეფიციტი მატულობს, ცდილობენ ქალაქში გადასვლას და იქ მუშაობას. წარმატებული პედაგოგები ქალაქშიც იოლად პოულობენ სამსახურს. რაც შეეხება არსებულ პრობლემას დეფიციტთან დაკავშირებით, თუ ვერც პროგრამით ვერ მივიღეთ პედაგოგი, რომელიც კანონის შესაბამისად არსებულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს და  ვერც საიტზე ატვირთული ვაკანსიით, სკოლებში, სადაც საგნების პედაგოგები გვჭირდება, მოვალეობით ავიყვანთ სპეციალისტებს ერთი წლის ვადით“ .

ხულოს რესურსცენტრის უფროსის, ედუარდ მიქელაძის ინფორმაციით, ხულოს საჯარო სკოლებში ამ დროისთვის 16 ვაკანტური ადგილია.

„ვაკანტური ადგილების ნაწილი საქართველოს განათლების სამინისტროს პროგრამით შეივსო, ამ დროისთვის 16 ვაკანსიაა, ძირითადად ინგლისური ენისა და ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგთა დეფიციტია, აჭარის განათლების სამინისტროს კონკურსის პარალელურად ვაკანსიები გამოაცხადა სკოლებმა, გავესაუბრეთ პედაგოგთა მსურველებს და თუ კონკურსის დასრულების შემდეგ ვაკანსიები ისევ დარჩება, პედაგოგებს დროებით მოვალეობის შემსრულებლად ავიყვანთ,“ – ამბობს ედუარდ მიქელაძე.

რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლებს, ქედის რესურსცენტრის უფროსის, დურმიშხან შავიშვილის ინფორმაციით, დანდალოს სკოლის პედაგოგი უკვე გამოინახა, სხვა სკოლებში კი საჭირო ოდენობის პედაგოგები ჰყავთ.

სამინისტროს პროგრამებით, პედაგოგთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება იმ პედაგოგს აქვს, რომელსაც საგანში გამოცდა აქვს ჩაბარებული ან სქემაშია ჩართული. თუმცა, თუ სკოლა პედაგოგის გარეშე რჩება და კონკურსით შესაბამისი პედაგოგი ვერ გამოვლინდა, სკოლა უფლებამოსილია, საგნის პედაგოგი ხელშეკრულებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად აიყვანოს.

რატომ არ ტარდება ქიმიური ღონისძიებები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ აჭარის მაღალმთიანეთში

მიუხედავად იმისა, რომ მავნებელი მწერი – აზიური ფაროსანა აჭარის მაღალმთიან სოფლებშიც მომრავლდა და ბოსტნეულსა, თუ მრავალწლოვან ხეხილის ბაღებს ანადგურებს, აქ ქიმიური წამლობით ღონისძიებები არ ტარდება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ აჭარის მთის სოფლებში, აზიური ფაროსანას გავრცელების დონე მავნეობის ეკონომიკურ ზღვარს არ აღემატება, მწერის გარემოში გავრცელების ინტენსივობა დაბალ ზონაში გამოიკვეთა და ქიმიური ღონისძიებებიც შესაბამისად, მხოლოდ დაბლობში ხორციელდება.

„სურსათის ეროვნული სააგენტროს მიერ, გურია-სამეგრელოში თავიდანვე იყო დაგეგმილი წამლობითი ღონისძიებები, აჭარა, თავდაპირველად წამლობით ღონისძიებებში არ მოიაზრებოდა, თუმცა მონიტორინგის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ ფაროსანა ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, თხილის მეურნეობებში იყო გავრცელებული, მონიტორინგის საფუძველზე დაიგეგმა ღონისძიებები და მექანიზაციის საშუალებით, მეთხილე ფერმერების ნაკვეთები გავრცელების ლოკაციებზე ქიმიურად დავამუშავეთ. მთლიანობაში 3 106 ჰექტარი ტერიტორია შეიწამლა, რაც შეეხება აჭარის მაღალმთიან ზონას, აზიური ფაროსანას გავრცელების ინტენსივობა, ამ დროისთვის მავნეობის ეკონომიურ ზღვარს ზემოთ არ არის. რა თქმა უნდა ცალკეულ ზონებში შეინიშნება გავრცელება, მაგრამ გავრცელების ისეთი დინამიკა არ იყო, როგორიც დაბლობში, ამიტომაც სამიზნე ტერიტორიებად დაბალი ზონა შეირჩა“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მამუკა თურმანიძე

მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, სამინისტრო, სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, აჭარის მთიანეთში პირველ ეტაპზე ფაროსანას გავრცელების კერებს შეისწავლის, რის შემდეგადაც დაიგეგმება კონკრეტული პრევენციული ღონისძიებები. რაც შეეხება ქიმიურ ღონისძიებებს, განმარტავს, რომ 2018 წლის გაზაფხულამდე, ქიმიური ღონისძიებები აჭარის მთის სოფლებში არ გატარდება.

„ფაროსანას გარემოში გავრცელების  დაანგარიშების შემდეგ დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები აჭარის მთიანი მუნიციპალიტეტებისთვის. დაზამთრებამდე კი მხოლოდ იმ ადგილებში გატარდება წამლობითი ღონისძიებები, სადაც მონიტორინგი განხორციელდ. მართალია მოსახლეობა აჭარის მთიანეთიდან ხშირად მოგვმართავს ფაროსანას გავრცელებასთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ისეთი გავრცელების ინტენსივობა მაღალმთიანეთში არ არის, როგორც დაბალ ზონაში. აქტიურად ვმუშაობთ, რომ დაბალი ზონის მუნიციპალიტეტებს დამატებით გადავცეთ პრეპარატები, რომლითაც ფაროსანას გავრცელების კერები ქიმიურად დამუშავდეს, ქედა, ხულოსა და შუახევში კი მწერის გავრცელების შეფასება მოხდეს და სამომავლოდ ღონისძიებები გატარდეს, სპეციალისტების რეკომენდაციით პირველ რიგში მასიური გავრცელების კერები უნდა მოისპოს“ – ამბობს მამუკა თურმანიძე.

კითხვაზე, საგანგაშო ვითარება ხომ არ გვაქვს და ხომ არ იქნება დაგვიანებული აჭარის მთის სოფლებში ქიმიური ღონისძიებების გაზაფხულზე გატარება? – მამუკა თურმანიძე პასუხობს: „ნებისმიერი მავნებელის გავრცელება საგანგაშოა. საჭიროა სწორი მუშაობა ფერმერების მხრიდანაც. ქიმიურ ღონისძიებებთან ერთად აუცილებელია მწერის მექანიკური განადგურება მოხდეს. მარტო ქიმიური ღონისძიებით ფონს გასვლა რთულია. აჭარის მთაში, იქ სადაც ფაროსანა მწერი იწყებს გადაადგილებას სახლებსა და ფუღუროებში, მისი შეგროვება განადგურება უნდა უზრუნველყოს მოსახლეობამ. ქიმიური ღონისძიება კარგია მაგრამ მასიური გამოყენების დროს ეკოლოგიური პრობლემებიც შეიძლება გაჩნდეს. რაც შეეხება ქიმიურ ღონისძიებებს, დაგვიანებული არ იქნება“.

ფაროსანას მიერ განადგურებული ჟოლოსა და მაყვლის ბუჩქები ქედაში / ეკა ბარამიძის ფოტოები
ფაროსანას მიერ განადგურებული ჟოლოსა და მაყვლის ბუჩქები ქედაში / ეკა ბარამიძის ფოტოები

21706427_1479547355474299_1357052866_o

ამავე თემაზე:

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლას ვერტმფრენით იწყებენ

მთავრობამ ამჯერად „წითელი ნუსხის“ 741 ძირი ხის მოჭრის ნებართვა გასცა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას ამჯერად მთავრობამ 741 ძირი ხის მოჭრის უფლება მისცა, მათ შორის 299 წაბლი და 420 კოლხური მუხაა. მოსაჭრელი ხეების სახეობები საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი.

მთავრობის განკარგულებით, „აჭარის ტერიტორიაზე 220კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის –„ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები:

[checklist]

  • კაკლის ხე ( Juglans regia L)  10 ინდივიდი;
  • ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.)– 299 ინდივიდი;
  • კოლხური მუხა (QuercushartwissianaStev) – 420 ინდივიდი;
  • უთხოვარი (TaxusbaccataL..) – 3 ინდივიდი;
  • კეთილშობილი დაფნა(LaurusnobilisL.) – 5 ინდივიდი;
  • მცირენაყოფიანი ბალამწარა (Cerasus microcarpa C. A. Meyer) – 4 ინდივიდი“.

[/checklist]

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, პერიოდულად ეძლევა უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების სხვადასხვა სახეობები.

აჭარის ტერიტორიაზე ეს სახეობებია, ძირითადად, კოლხური მუხა, ჩვეულებრივი წაბლი, კაკლის ხე, უთხოვარი და სხვ.

მთავრობის ერთ-ერთი განკარგულებით, ელექტროსისტემას ბოლოს, მიმდინარე წლის აგვისტოში, 467 ძირი, „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სხვადასხვა სახეობის ხის მოჭრის უფლება მიეცა.


მთავარი ფოტო: ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა აჭარაში / ეკა ბარამიძის ფოტო – ბათუმელების არქივიდან

„ჩვენ ბათუმი გვაერთიანებს“ – პონტოელი ბერძნები ბათუმში

[highlight color=blue]პირველი ბერძნები ბათუმში[/highlight]

როცა ბერძნები ბათუმში ჩამოვიდნენ საცხოვრებლად, ბათუმი ჯერ ისევ პატარა, ზღვისპირა დასახლება იყო. მე-19 საუკუნის 60-იანი წლები. ბათუმი  ოსმალეთის იმპერიის საზღვრებშია მოქცეული და აქაურობასაც ბევრი არაფერი ეტყობა ქალაქის. ჩამოვიდნენ ოსმალეთის იმპერიის შავიზღვისპირეთიდან და დასახლდნენ ზღვის მიმდებარედ. ტერმინიც – „პონტოელი ბერძენი“ შავიზღვისპირა რეგიონში მცხოვრებ ბერძენს აღნიშნავს.

პონტოელი ბერძნების კვალი ძველ ბათუმში ყველაზე კარგად იგრძნობა. ბათუმის ყველაზე ძველი, წმ. ნიკოლოზის ეკლესია სწორედ პონტოელი ბერძნების აშენებულია. ეკლესიის კედელზე მითითებულია თარიღიც – 1865 წელი, საძირკვლის ჩაყრის დრო. ეკლესია პონტოლმა ბერძნებმა ბათუმელი ბერძნის, ეფრემიდის მიწის ნაკვეთზე ააგეს, რომელმაც ტაძარს შესწირა მიწა და ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს ააშენა სახლი. ეკლესიის მიმდებარედ ცხოვრობდა არაერთი პონტოელი ბერძენი და ამიტომ ქუჩას ბერძნის ქუჩა ერქვა. დღეს ეს ქუჩა ფარნავაზ მეფის სახელს ატარებს.

წმ. ნიკოლოზის ეკლესია ბათუმში. 1902 წელი. ფოტო შოთა გუჯაბიძის კოლექციიდან.
წმ. ნიკოლოზის ეკლესია ბათუმში. 1902 წელი. ფოტო შოთა გუჯაბიძის კოლექციიდან.
ბერძენი მეწაღეების სახელოსნო ძველ ბათუმში. ფოტო შოთა გუჯაბიძის
ბერძენი მეწაღეების სახელოსნო ძველ ბათუმში. ფოტო შოთა გუჯაბიძის კოლექციიდან

ბათუმის ისტორიას კვალი არაერთმა ცნობილმა ბერძენმა დააჩნია. მათ შორის იყო ექიმი ტიმოლეონ ტრიანდაფილიდისი, რომელიც წლების განმავლობაში ებრძოდა ბათუმში ქოლერასა და მალარიას, იყო ქალაქის სათათბიროს ხმოსანი და მასვე უკავშირდება ბათუმში პირველი, 25 -ადგილიანი ქსენონის გახსნა, რომლის ადგილას შემდეგ პირველი საავადმყოფოს შენობა აიგო.

ბათუმელი ბერძენი იყო ოდისეი დიმიტრიადი, საქართველოს სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი 1947-52 წლებში, თბილისის, ბათუმისა და ათენის საპატიო მოქალაქე. ამბობენ, რომ იგი ბავშვობაში ბათუმის კათოლიკური ეკლესიის გუნდში მღეროდა.

[highlight color=blue]უკეთესი ცხოვრების საძიებლად წასული და ბათუმში დარჩენილი პონტოელი ბერძნები[/highlight]

ბათუმელი ელენა სიდიროპულო 10 წლის იყო, როცა „სირტაკის“ ცეკვა ისწავლა. ცეკვა, რომელიც 60-იან წლებში დაიდგა ფილმისთვის „ბერძენი ზორბა“, ბერძნული ხალხური ცეკვის – „ხასაპიკოს“ ვარიაციაა. ელენამ ცეკვა საბერძნეთში ისწავლა, სადაც სხვა ბავშვებთან ერთად დასასვენებლად იყო ჩასული. ეს მისი პირველი მოგზაურობა იყო ისტორიულ სამშობლოში, თუმცა ყოველთვის იცოდა, რომ პონტოელი ბერძენია და შეკითხვაზე, რომელი ეროვნების ხარ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა სიტყვების გამოთქმას გამართულად ვერ ახერხებდა, პასუხობდა, რომ ბერძენია.

ელენა სიდიროპულო
ელენა სიდიროპულო

„ძალიან პატარა ვიყავი, ვერ ვამბობდი „გრეჩანკას“  [гречанка – ბერძენი რუს.] და ვამბობდი, რომ „გრეჩიხა“ ვარ. ემოციები და დამოკიდებულება ჩემი ეროვნების მიმართ გამიჩნდა უკვე შეგნებულ ასაკში, როცა დავიწყე ურთიერთობა ბერძნულ საზოგადოებასთან ბათუმში, გავეცანი ისტორიას. 10-11 წლის ვიყავი, როცა პირველად წავედი საბერძნეთში, ეს იყო ემოციების ზღვა. მახსოვს ძველი არქეოლოგიური ძეგლების გათხრები, ეკლესიები და შეხვედრა ჩემს ნათესავებთან, რომლებიც უკვე წასული იყვნენ აჭარიდან და იქ ცხოვრობდნენ“, – იხსენებს ელენა.

1989 წელს საქართველოში ასი ათასზე მეტი ბერძენი ცხოვრობდა, მაგრამ 90-იან წლებში მათი რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. რთული სოციალურ-პოლიტიკური ვითარება საქართველოში, გახსნილი საზღვრები და თანამედროვე საბერძნეთის მიმზიდველი ყოფა გახდა მიზეზი, რის გამოც ათიათასობით პონტოელი ბერძენი საქართველოდან წავიდა.

ელენა სიდიროპულოს ოჯახი საბერძნეთში არ წასულა. ელენა ამბობს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი მათი ოჯახის გამართული ეკონომიკური მდგომარეობა იყო, თუმცა საბერძნეთში საცხოვრებლად გაემგზავრა მისი თითქმის ყველა ნათესავი.

„მაშინ, როცა დაიწყო მძიმე წლები საქართველოში, ბევრი ბერძენი წავიდა უკეთესი ცხოვრების საძიებლად. წავიდნენ ჩემი ნათესავებიც, განსაკუთრებით ისინი, ვინც სოფელში ცხოვრობდნენ. ჩვენ დავრჩით. წასვლის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ არ გვიფიქრია ამაზე. მეტსაც გეტყვით, მამაჩემი, რომელიც ბერძენია, არასდროს ყოფილა საბერძნეთში და არც წასვლის სურვილი კლავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და ათენშია გათხოვილი და ნათესავების უმეტესობაც იქ ცხოვრობს. მამას ძალიან უყვარს საქართველო, მისი სახლი აქ არის. მე ერთ ხანს ვმუშაობდი საბერძნეთში, მაგრამ ისევ დავბრუნდი. ჩვენ შერეული ოჯახი გვაქვს, მამა ბერძენია, დედა – რუსი, ბებია – უკრაინელი, მე ქმარი ქართველი მყავდა და ჩემი ქალიშვილი მელაძეა გვარად. ვხუმრობ, აჯაფსანდალია-თქო. არასდროს მიგრძნია აქ თავი შევიწროებულად იმის გამო, რომ ბერძენი ვარ“,  – ამბობს ელენა. ის ინგლისური ენის თარჯიმანია.

[highlight color=blue]პონტოელი ბერძნები დღეს[/highlight]

ბათუმში პონტოელ ბერძნებს ძირითადად შერეული ოჯახები აქვთ. ბათუმის ბერძენთა დიასპორის ხელმძღვანელი მარიკა მოროზოვა თავადაც შერეული ოჯახიდანაა. იგი ამბობს, რომ ახლა ბათუმსა და ხელვაჩაურში დაახლოებით 800 ბერძენი ცხოვრობს და იშვიათია ოჯახი, სადაც დედაც და მამაც ბერძენია, მაგრამ შერეულ ოჯახებშიც პონტოელი ბერძნები ინარჩუნებენ ტრადიციებსა და კონტაქტს ერთმანეთთან.

„ბათუმი ყოველთვის მრავალეროვანი ქალაქი იყო და ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა სხვა დიასპორებთან. ჩვენ ბათუმი გვაერთიანებს, ერთმანეთის ტრადიციები ჩვენთვის ცნობილია, ეს უკვე ბათუმური ტრადიციებია, ჩვენ ბათუმელები ვართ“, – ამბობს დიასპორის ხელმძღვანელი.

იგი გვიამბობს, რომ 70-იან წლებში ბათუმში ბერძნული სკოლა და მოყვარულთა თეატრიც კი იყო. მაშინ ბათუმში, ხელვაჩაურისა და ქობულეთის სოფლებში ბევრი პონტოელი ბერძენი ცხოვრობდა. ბერძნული დიასპორა ბათუმში უკვე 90-იან წლებში დარეგისტრირდა, როცა პონტოელების რაოდენობა აჭარაში მკვეთრად შემცირდა და საჭირო გახდა გარკვეული ღონისძიებების ერთად ორგანიზება, პონტოელი ბერძნების ენაზე, ტრადიციებსა და კულტურაზე ზრუნვა.

„ადრე მესამე რუსულ სკოლაში ისწავლებოდა ბერძნული ენა, მაშინ ბევრი ბერძენი ბავშვი იყო ბათუმში. ისწავლებოდა უფასოდ, საბერძნეთის საელჩოს პროგრამის დახმარებით, თავიდან მარია კეფალიდი ასწავლიდა ბერძნულს და მისი წასვლის შემდეგ – ჟანა ქსანტინიდი. ყველას შეეძლო სწავლა, ბერძნებს, ქართველებს, სომხებს… ნებისმიერი ასაკის ადამიანს… მთავარი იყო ადამიანს ჰქონოდა ბერძნული ენის, კულტურის შესწავლის სურვილი. რამდენიმე წლის წინ ბერძნული ენის კურსი დახურეს სკოლაში. ახლა ჟანა  დიასპორაში ასწავლის ბერძნულს მსურველებს“,  – ამბობს მარიკა მოროზოვა.

საბერძნეთის ფინანსური მხარდაჭერით ბერძნული ენა რამდენიმე წელი ბათუმისა და ქობულეთის იმ სოფლების საჯარო სკოლებშიც ისწავლებოდა, სადაც ბერძნები ცხოვრობდნენ და რამდენიმე ოჯახი ახლაც ცხოვრობს. ბერძნული ენის უფასო, არაპროგრამულ გაკვეთილებზე დასწრება ნებისმიერი ეროვნების მოსწავლეს შეეძლო.

ბერძნული დიასპორის წევრები
ბერძნული დიასპორის წევრები

1

პონტოელი ბერძნები ადრე ოჯახში, ძირითადად, ბერძნულად [დიალექტზე] საუბრობდნენ. უკვე აღარავინ ლაპარაკობს ოჯახში ბერძნულადო, ამბობს მარიკა მოროზოვა, რომელსაც კარგად ახსოვს, როგორ ელაპარაკებოდა ბერძნულად სახლში ბებია.

ახლა პონტოელი ბერძნები ძირითადად რუსულად საუბრობენ, თუმცა ბევრმა მათგანმა იცის ქართული, ან შეუძლიათ ქართულ ენაზე საუბრის გაგება. ელენა სიდიროპულო ამბობს, რომ პონტოელი ბერძნების უფროსმა თაობამ ბერძნული კარგად იცის, თუმცა ძირითადად რუსულად საუბრობენ და ბერძნულად საუბარს განსაკუთრებით მაშინ იწყებენ, როცა რაიმე საიდუმლო ამბავს უამბობენ ერთმანეთს.

მარიკა მოროზოვა ამბობს, რომ ის, რაც ახლა ბათუმში მცხოვრებ ახალგაზრდა ბერძნებს გამოარჩევთ წინა თაობისგან, ქართული ენის უფრო კარგი ცოდნაა. დღეს ახალგაზრდა პონტოელი ბერძნების უმრავლესობა ლაპარაკობს ქართულ და რუსულ ენაზე და სწავლობენ ბერძნულს.

„ეს ძალიან კარგია, აუცილებლად უნდა იცოდე იმ ქვეყნის ენა, სადაც ცხოვრობ“,  – ამბობს მარიკა მოროზოვა.

[highlight color=blue]ტრადიციები – ის, რაც გადარჩა  [/highlight]

დიასპორაში პონტოელი ბერძნები პერიოდულად იკრიბებიან, განსაკუთრებით – დღესასწაულების წინ. აუცილებლად აღნიშნავენ საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღეს – 25 მარტს და სხვადასხვა რელიგიურ დღესასწაულს.

ერთ-ერთი ბოლო ასეთი შეხვედრა იყო ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი, სადაც ახალგაზრდებმა „სირტაკი“ იცეკვეს და ბერძნული სამზარეულო წარმოადგინეს. ცეკვა ელენა სიდიროპულომ დადგა საგანგებოდ ამ დღისთვის. მოცეკვავეთა შორის იყო ელენას შვილი, ელიზაბეტ მელაძე. ცეკვავდა თავად ელენაც, რომელიც ამბობს, რომ „სირტაკი“, საბერძნეთის ჰიმნი, სუვლაკი [ბერძნული მწვადი] და ძაძიკი [ბერძნული სოუსი] ყველა პონტოელმა ბერძენმა იცის.


„სირტაკი“ ბათუმის კოლონადებთან. ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი, 2017 წელი

ბათუმელი პონტოელი ბერძნები საბერძნეთის ჰიმნს აუცილებლად მღერიან 25 მარტს, საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღეს. ეს დიასპორისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულია, ამ დღეს იკრიბებიან და სხვა დიასპორებსაც იწვევენ, რომ ეს ზეიმი იყოს სხვებისთვისაც.

ძველად, შობა-ახალ წელს, ბევრი ბათუმელი ბერძნის სახლში ცხვებოდა სადღესასწაულო ნამცხვარი მონეტით.  ამ ტრადიციის შესახებ ვკითხულობთ ბათუმელი ბერძნის, ნონა ერიფრიადი-ელიზბარაშვილის მოგონებებში:

„დღესასწაულებს შორის ყველაზე მეტად ახალი წელი მიყვარდა, წმინდა ვასილის დღე. არა მხოლოდ ნუგბარის, არამედ იმ ცერემონიის გამო, რომელსაც ბებია კირიაკი აწყობდა.

შუაღამემდე არავის არ ჰქონდა სუფრასთან დაჯდომის უფლება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ჩვენ მშიერი ვრჩებოდით. მე და ჩემი ძმა ვახერხებდით გაგვესინჯა ყველა კერძი, რომელიც სადღესასწაულო სუფრისთვის მზადდებოდა. ჩემს ძმას შეეძლო ისეთი სახის მიღება, რომლის წინაშე დეიდა ელენი უძლური იყო და ახერხებდა მიეღო სადღესასწაულო ნამცხვარიც კი – კურაბე, ყველაზე გემრიელი ნუგბარი.

შუაღამემდე რამდენიმე წუთით ადრე ვსხდებოდით მაგიდასთან, ბებია იღებდა მუჭით თხილს, კაკალსა და კანფეტებს, ჯვარედინად ისროდა ოთახის კუთხეებში და ამბობდა: „каланда-калушкерос, панда кэ ту хрону“ [მოგონებები დაწერილია რუსულ ენაზე – ავტ. შენიშვნა] შემდეგ ვამბობდით „მამაო ჩვენოს“ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა ტრაპეზის დაწყება.

ახალი წლის მეორე დღეს ცხვებოდა საახალწლო ნამცხვარი „ვალისოპიტა“, მასში ჩაფლული მონეტით. ვინც პოულობდა მონეტას, ის იღბლიანად ითვლებოდა ამ წელს.“

ვასილოპიტას [საშობაო ნამცხვარი] ტრადიცია ბათუმელ პონტოელ ბერძნებში ახლა სულ უფრო იშვიათად გვხვდება. მარიკა მაროზოვა ამბობს, რომ პონტოელ ბერძნებში ამ ტრადიციასთან ერთად არსებობს საახალწლოდ მოხარშულ გოგრაში მონეტის ჩადების ტრადიციაც.

„ეს შენარჩუნდა. შეიძლება არ ლაპარაკობდნენ ოჯახში ბერძნულად, მაგრამ დარჩა ტრადიციები, რომლებიც აჭარაში მცხოვრებ პონტოელ ბერძნებს აერთიანებს. 19 აგვისტოს, ფერიცვალებას, პონტოელი ბერძნები ახალშენში მიდიან სანთლების დასანთებად და მოსალოცად, მარიამობას – დაგვაში, გიორგობას – სოფელ აჭყვაში, პეტრე-პავლობას – კვირიკეში – ეს ის სოფლებია, სადაც ბერძნები ცხოვრობდნენ და ეკლესიებს აშენებდნენ,“  – ამბობს მარიკა მაროზოვა.

ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი ბათუმში, 2017 წელი
ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი ბათუმში, 2017 წელი

იმ სახლების ნაწილი აჭარის სოფლებში, სადაც ბერძნები ცხოვრობდნენ,  გაიყიდა, ნაწილი კი დაკეტილია და მეპატრონეები პერიოდულად ჩამოდიან, სახლისა და მშობლიური ადგილების სანახავად. ელენა სიდიროპულო ამბობს, რომ 2018 წელს სოფელ დაგვაში მდებარე ბერძნების მიერ აშენებული ეკლესია 120 წლის ხდება და აჭარიდან წასული პონტოელი ბერძნები საგანგებოდ ამ დღისთვის გეგმავენ ჩამოსვლას, რომ სანთლები დაანთონ, ნათესავები და ძველი მეზობლები ნახონ, წარსული გაიხსენონ და ახალი ამბები უამბონ ერთმანეთს.

______________________

logo11მასალა მომზადებულია პროექტის – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“ ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

პროექტი დაფინანსებულია ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ.
სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

ბათუმში ერთმანეთს სატვირთო და სამარშრუტო მიკროავტობუსი შეეჯახა, არიან დაშავებულები

რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთმანეთს სატვირთო ავტომანქანა და სამარშრუტო მიკროავტობუსი შეეჯახა.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაჟეჟილობებით და ნაკაწრი ჭრილობებით 3 პირი გადაიყვანეს რეფერალურ საავადმყოფოში, ერთი – რესპუბლიკურში და 2 ბავშვი გადაყვანილია ბავშვთა საავადმყოფოში.

„თავისითაც წავიდა რამდენიმე პირი საავადმყოფოში… სიცოცხლისთვის, და ზოგადად, რაიმე საშიში დაზიანება, ჩვენ მიერ გადაყვანილი პაციენტებიდან, არცე რთს არ აღენიშნებოდა,“ – გვითხრეს სასწრაფო დახმარების სამსახურში.

 

„ვინ დამიბარა და უფროსმა“ – საჯარო მოხელეები „ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგინებაზე

„შემიშვი, აუცილებლად უნდა შევიდე. უფროსი მიცდის“, – ამ სიტყვებით სახელმწიფო დაცვის პოლიციელებს საშუალო ასაკის ქალმა მიმართა, როცა მრავალგზის თხოვნის მიუხედავად, ეგრეთ წოდებული კარის გახსნაზე უარი უთხრეს. დაცვის თანამშრომლებმა ქალს შესთავაზეს აქციას „ფანტანების მხრიდან“ შეერთებოდა.

ქალმა დაასახელა თავისი სამსახური და თანამდებობაც – სოციალურ სააგენტოში ვმუშაობ და თუ არ შემიშვებთ, პრობლემები შემექმნებაო. მას დაცვის თანამშრომელმა საგულდაგულოდ აუხსნა, რომ თუ „ფანტანების მხრიდან“ მივიდოდა, აუცილებლად იპოვიდა თავის უფროსს და ქალიც დამშვიდებული გაემართა მითითებულ მხარეს.

დღეს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტი ერთ საათს გაგრძელდა ბათუმის ბულვარში. საზაფხულო თეატრის გარშემო სახელდახელოდ შემოვლებულ ღობის კარებთან არაერთმა ადამიანმა ითხოვა აქციის ტერიტორიაზე შესვლა. ეს ადამიანები დაუყოვნებლივ პასუხობდნენ „ბათუმელების“ შეკითხვას – თქვენ რომელი უწყებიდან ხართ? ბევრმა მათგანმა სავარაუდოდ ჩათვალა, რომ „ბათუმელების“ ჟურნალისტი პარტიის წარმომადგენელი იყო, შესაბამისად, არაერთ „უფროსის დაბარებულს“ ვესაუბრეთ. ზოგიერთი მათგანი ამბობდა, რომ სამინისტროს თანამშრომელი იყო [ოთხივე სამინისტრო], ზოგიერთიც გამგებლის წარმომადგენელი ან ამ წარმომადგენლის თანმხლები [სხვადასხვა სოფელში].

აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი
აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი
განათლების სამინისტროს თანამშრომლები
განათლების სამინისტროს თანამშრომლები

დღეს კანიდატების წარდგენას ბევრი სკოლის მოსწავლე ესწრებოდა

დღეს კანიდატების წარდგენას ბევრი სკოლის მოსწავლე ესწრებოდა

IMG_1439
დღეს „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბათუმში მერობის კანდიდატები წარადგინა. სწორედ მათ წარდგენას უსწრებდა წინ აქცია-კონცერტი, რომელზეც „უფროსების დაბარებულები“ არც თუ ცოტანი იყვნენ.

„ქართული ოცნების“ აქცია დაიწყო შვიდი საათისთვის, ანუ სამუშაო დღის დასრულების შემდეგ.

თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

 

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სორისის ფონდი

 

 

პრემიერმა ბათუმში არც მაჟორიტარები დაასახელა და არც სია წარადგინა

დღეს ბათუმში საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ამომრჩეველს მხოლოდ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები წარუდგინა. პრემიერს  მაჟორიტარები არ დაუსახელებია, უცნობია ასევე „ოცნების“ პროპორციული სია ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში.

პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ ბათუმისა და მუნიციპალიტეტების სია ჯერ კიდევ დაუზუსტებელია, რის გამოც მას ვერ წარადგენენ. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ პარტიაში ჯერჯერობით ვერც სიაზე შეთანხმდნენ და ვერც მაჟორიტარებზე.

დღეს კანდიდატების წარდგენისას სიტყვით მხოლოდ თავად პრემიერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გამოვიდნენ. პატარაძემ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მხარდაჭერა სთხოვა, პრემიერმა კი ჯერ, რატომღაც, ზურაბ პატარაძე შეაქო და შემდეგ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც, მისი ინფორმაციით, აჭარის მთავრობამ უკვე განახორციელა და მომავალშიც აქვს დაგეგმილი.

დღეს წარდგენილი მერობის კანდიდატების შესახებ პრემიერს არაფერი უთქვამს და არც თავად კანდიდატები გამოსულან სიტყვით.

თბილისში, მსგავს ტიპის შეკრების დროს, გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატებიც წარუდგინა.

თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

კვირიკაშვილმა ბათუმში მხოლოდ მერობის კანდიდატები წარადგინა

ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები წარადგინა.

პრემიერმა კანდიდატების წარდგენამდე აჭარაში ტურისტული პოტენციალის ზრდაზე, დაგეგმილ ინვესტიციებზე, ბათუმი-სარფის გზის მშენებლობაზე და მაღალმთიან აჭარაში, ხულო-ზარზმის მიმართულებით დაგეგმილ 45-კილომეტრიანი გზის მშენებლობაზე ისაუბრა.

“იგეგმება მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან შუახევის მუნიციპალიტეტამდე უკვე შეძენილია გაზიფიცირების პროექტი და მაღალმთიან აჭარაში გაზის პრობლემა აღარ იქნება. მჯერა, რომ 21 ოქტომბრის დაგეგმილი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში თქვენი  დიდი მხარდაჭერით “ქართული ოცნება” კვლავ მოიპოვებს იმ გამარჯვებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს თქვენთან ერთად გავაგრძელოთ ეს სასიცოცხლოდ   მნიშვნელოვანი პროექტები,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის განცხადებით ბათუმის მერობის კანდიდატი  ლაშა კომახიძე იქნება, ქედის მერობის კანდიდატი – ლევან გორგილაძე, ქობულეთის – მირიან ქათამაძე, შუახევის – ფრიდონ ფუტკარაძე, ხელვაჩაურის –  ჯუმბერ ვარდმანიძე, ხულოს მერობის კანდიდატი კი – გოჩა მელაძე.

დღეს ბათუმის საზაფხულო თეატრის წინ შეკრებილი საზოგადოების წინაშე თავად კანდიდატები არ გამოსულან. შესაბამისად, მერობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამაზე არც არაფერი თქმულა.

ამავე თემაზე: ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს პრემიერი წარადგენს

 

kand 22
პრემიერი წარადგენს კანდიდატებს ფოტო: ცაგო კახაბერიძე/ბათუმელები 12/09/2017

 

კანდიდატების წარდგენამდე ბათუმის საზაფხულო თეატრის წინ კონცერტი გაიმართა. კონცერტს “ქართული ოცნების” პარტიული აქტივი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები და მინისტრები ესწრებოდნენ.

ფოტო: ცაგო კახაბერიძე/ბათუმელები 12/09/2017
ფოტო: ცაგო კახაბერიძე/ბათუმელები
12/09/2017

 

ფოტო: ცაგო კახაბერიძე/ბათუმელები 12/09/2017
ფოტო: ცაგო კახაბერიძე/ბათუმელები 12/09/2017

 

ფოტო: ცაგო კახაბერიძე/ბათუმელები 12/09/2017
ფოტო: ცაგო კახაბერიძე/ბათუმელები 12/09/2017
"ქართული ოცნების" მხარდამჭერი კონცერტი ფოტო: ცაგო კახაბერიძე/ბათუმელები 12/09/2017
“ქართული ოცნების” მხარდამჭერი კონცერტი
ფოტო: ცაგო კახაბერიძე/ბათუმელები 12/09/2017
ქართული ოცნების მხარდამჭერები ფოტო: ცაგო კახაბერიძე/ბათუმელები 12/09/2017
ქართული ოცნების მხარდამჭერები
ფოტო: ცაგო კახაბერიძე/ბათუმელები 12/09/2017

 

"ქართული ოცნების" მხარდამჭერები ფოტო: ცაგო კახაბერიძე/ბათუმელები 12/09/2017
“ქართული ოცნების” მხარდამჭერები
ფოტო: ცაგო კახაბერიძე/ბათუმელები 12/09/2017

 

 

 

Exit mobile version