მთავარი,სიახლეები

ხეზე ასხმული ნაძვების ბაზრობა ბათუმში

26.12.2017 • 3657
ხეზე ასხმული ნაძვების ბაზრობა ბათუმში

ბათუმის ნაძვის ხის ბაზრობა ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, სავაჭრო ქსელ „კარფურთან“ ახლოსაა გამართული. ჩამოდიან ხულოდან, ქედიდან, ადიგენიდანაც კი და 31 დეკემბრამდე ელოდებიან ბოლო ნაძვის ხის გაყიდვას. ხეები, ძირითადად, ძელზე დამაგრებული ტოტებისგანაა აწყობილი. ტოტები უმრავლეს შემთხვევაში სოჭისაა, ნაძვისგან განსხვავებით მას უფრო დიდი წიწვები აქვს და აწყობილი ნაძვის ხეც შესახედად ნამდვილ ნაძვს არ ჩამოუვარდება.

ნაძვის უკანონო ჭრისთვის 200-დან 600-ლარამდე ჯარიმაა დაწესებული და სამართალდამრღვევს გარემოს დაცვის სამინისტრო გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებასაც აკისრებს. ბათუმის ნაძვის ბაზრობაზე, ძირითადად, ტოტებისგან აწყობილ ნაძვის ხეებს შეხვდებით, სხვადასხვა ზომის ხეს 15-დან 100-ლარამდე, ნებისმიერ ფასად შეიძენთ.

დათო ჯავახიძემ ნაძვის ხის ასაწყობი მასალა ხულოდან ჩამოიტანა და სხვებისგან განსხვავებით ნამდვილი ნაძვის ტოტებისგან სწორედ ის აწყობს ხეს. ნაძვის შეშის მოჭრისას, როცა დიდ მორებს გასხეპენ, ტოტებს ნაძვის ხის ასაწყობად გადადებენ. ცოცხალი, მოუჭრელი ხის გასხეპა არ შეიძლება. დათო სამი წელია ნაძვების გასაყიდად დადის ხულოდან ბათუმის ნაძვების ბაზრობაზე.

დათოსთვის ეს სეზონური ბიზნესია: „ხალხს არ აქვს ფული, მაგრამ  მაინც ყიდულობენ ნაძვს საახალწლოდ. ამ ორმეტრიან ხეს 50 ლარად გავყიდი. სოფელში სამსახური არ მაქვს და სეზონურ სამუშაოებს ვასრულებ წლის სხვადასხვა დროს”.

დათო ჯავახიძე

გიორგი იაკობაშვილი ადიგენიდან ჩამოვიდა ბათუმის ბაზრობაზე ნაძვების გასაყიდად ამბობს, რომ მამა ადიგენში ტყის მცველად მუშაობდა 32 წელი და მას შემდეგ 12 წელი თვითონაც  ტყეს იცავდა.

„ადიგენშივე რომ გავყიდო, არ გაიყიდება, დიდ ქალაქებში უფრო კარგად იყიდება ყველაფერი. სამი წელია, რაც ბათუმში ჩამომაქვს ნაძვები. საახალწლო ხარჯებისთვის საჭირო თანხის გამომუშავება შეიძლება ამ თანხით, მეტი არაფერი. ნაძვებს მე ვაწყობ, დიდი მანქანით ვართ ჩამოსულები. ტყის კაფვისას ვაგროვებთ ამ ტოტებს და ღირს ჩამოსვლა, თორემ ამაშიც რომ ფულს ვიხდიდეთ, არ ეღირება.

აწყობის პროცესი რთულია: ხის ძირითადი ძელი ბევრგან უნდა გახვრიტო ბურღით, რომ გაბუჩქული და ლამაზი ნაძვი გამოვიდეს, მერე სათითაოდ უნდა დაამაგრო ტოტები ნახვრეტებში და პროპორციებიც დაიცვა.

„ბაზრობა 31 დეკემბრამდე გრძელდება. წლის ბოლო დღეს ყველაფერი გაიყიდება, მე სამი წელია ნაძვი არ დამრჩენია,” – ამბობს 64 წლის გიორგი იაკობაშვილი.

გიორგი იაკობაშვილი

სინამდვილეში არ იშლება. უბრალოდ ასე ეხუმრებიან ერთმანეთის გვერდიგვერდ დაბანაკებული ნაძვების გამყიდველები.

ნაძვებთან ერთად ბაზრობაზე დიდი და პატარა ჩიჩილაკებიც იყიდება. ფასიც ნაძვთან შედარებით დაბალია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: