ბათუმში „ტრამპ თაუერის“ ნაცვლად „სილქ თაუერის“ მშენებლობა ყოფილი „რივიერას“ ადგილზეა დაგეგმილი. ახალი პროექტის განხორციელება „სილქ როუდ ჯგუფმა“ გუშინ, 7 ნოემბერს დაანონსა. „სილქ თაუერის“ პროექტის ფინანსური პარტნიორი საქართველოს თანაინვესტირების ფონდია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია.
„სილქ თაუერი“ და მიმდებარე ტერიტორია ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება…“ – განაცხადა გიორგი რამიშვილმა, სილქ როუდ ჯგუფის ხელმძღვანელმა.
„პირველ ეტაპზე იგეგმება „სილქ თაუერის“ მშენებლობა და მის მიმდებარედ არსებული იახტკლუბის კეთილმოწყობა-განვითარება, რაც ასევე გულისხმობს იახტკლუბის გასწვრივ განლაგებული პრომენადის მოწყობას. პროექტის განვითარების შემდგომი ფაზები მოიცავს: დამატებითი საცხოვრებელი კომპლექსების, მაღალი კლასის სასტუმროს, კაზინოს, გასართობი ცენტრის, მულტიფუნქციური დარბაზის და კონგრესცენტრის მშენებლობას. წინასწარი გათვლებით, მთლიანი პროექტის ღირებულება, ყველა ფაზის გათვალისწინებით, დაახლოებით 250 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს“, – აცხადებს თანაინვესტირების ფონდი.
ამ პროექტის განხორციელებისთვის, როგორც ჩანს, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც აქ „სილქ როუდ ჯგუფის“ [კონკრეტულად შპს „რივიერას“] საკუთრებაშია, საკმარისი არ არის. შესაბამისად, აჭარის მთავრობას მოსთხოვეს დამატებითი ტერიტორიები უსასყიდლოდ, ხოლო „იახტკლუბი“ – იჯარით.
აჭარის მთავრობას ბათუმის „იახტკლუბის“ მიმდებარე ტერიტორიას – 1004 კვ.მ მიწის ნაკვეთს ამჯერად შპს „რივიერა ბიჩი“ სთხოვს პირდაპირი წესით და უსასყიდლოდ, შემდგომში ინვესტიციის განხორციელების მიზნით. ტერიტორია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, ამიტომ მისი კომპანიისთვის გადაცემის მოთხოვნით აჭარის მთავრობამ საკრებულოს მიმართა. საკრებულომ ამ თემაზე 29 სექტემბერს იმსჯელა და საკითხი დადებითად გადაწყვიტა.
ოფიციალურად სწორედ ეს კომპანია ჰპირდება აჭარის მთავრობას ხელშეკრულების დადებიდან ცხრა თვეში იახტკლუბის განვითარების პროექტის შემუშავებას. კომპანიამ გადაცემულ ტერიტორიაზე 3 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
კომპანია „რივიერა ბიჩი“ იახტკლუბის გადაცემას 25-წლიანი იჯარით სიმბოლურ ფასად [წლიური გადასახადი – ერთი ლარი] იჯარის ვადის გასვლის შემდეგ კი, საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელების უპირატესი უფლების ქონის პირობით ითხოვს. „რივიერა ბიჩის“ მესაკუთრე „სილქ როუდ გრუპ ლიმიტედია“, რომელიც ოფშორულ ზონაში, მალტაშია დაფუძნებული.
იახტკლუბი და ტერიტორია, როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, ჯერ გასხვისებული ან იჯარით გაცემული არ არის.
რეესტრის ბოლო ამონაწერების მიხედვით, ამ დროისთვის ბათუმში, ანბანის კოშკსა და „ჭაჭის თაუერს“ შორის შპს „რივიერას“ საკუთრებაშია 59 042 კვ/მ ტერიტორია [2012 წლიდან]; ამ ტერიტორიის მიმდებარედ 30 076 კვ/მ ტერიტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია [აქედან 3878 კვ/მ „იახტკლუბი“], 9071 კვ/მ კი ბათუმის მერიის საკუთრებაშია [მათ შორის 1521 კვ/მ, რომელზედაც „ჭაჭის თაუერია“ განთავსებული].
ამ ტერიტორიების მიმდებარედ, უშუალოდ ნავმისადგომი – 9714 კვ/მ სახელმწიფოს საკუთრებაშია, ხოლო შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ საკუთრებაშია ტერიტორია, რომელზედაც ბათუმის საზღვაო ნავსადგურის შენობაა განთავსებული.
მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ აჭარას საკუთრებაში გადასცა 1736 კვ/მ ტერიტორია, რომელიც იახტკლუბსა და ნავმისადგომს შორის მდებარეობს. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ეს ტერიტორიაც ავტონომიის საკუთრებაშია.
2018 წელს დასრულდება ტერიტორიის გენგეგმის შემუშავება, ხოლო უშუალოდ „სილქ თაუერის“ მშენებლობის დაწყება 2019 წელს იგეგმება.
თანაინვესტირების ფონდი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თანამონაწილეობით შეიქმნა 2013 წელს.
ფონდში ინვესტიციების კუთხით, ბიძინა ივანიშვილის გარდა, თანამონაწილეობს „დაბი ჯგუფი“, რაკია (RAK Investment Authority), აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო ფონდი (State Oil Fund of the Republic of Azerbaijan), კომპანია ყაზტრანსოილის წარმომადგენელი კომპანია – ბათუმის ინდუსტრიული ჰოლდინგი (Batumi Industrial Holding Limited), ჩალიკ ჰოლდინგი (Calik Holding A.S), მაილსთოუნ ინთერნეშენალ ჰოლდინგი (Milestone International Holdings Group Limited), ალექსანდრე მაშკევიჩი, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი.
თანაინვესტირების ფონდის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა 2013 წელს განაცხადა, რომ თანაინვესტირების ფონდში ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია ფონდის მთლიანი კაპიტალის 15 პროცენტია, ხოლო დანარჩენი ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობა არ ხმაურდება.
ბათუმში, მწვანე კონცხზე, მშენებარე სამკურნალო-გამაჯანსაღებელ სასტუმრო კომპლექსსაც საპარტნიორო ფონდი აშენებს.
2017 წლის დასაწყისში, „სილქ როუდ ჯგუფის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმში „ტრამპ თაუერის“ კომპლექსის მშენებლობის პროექტი ოფიციალურად შეწყდა.
ამავე თემაზე: