მთავარი,სიახლეები

დახარჯული მილიონი და დაბზარული შენობა – ვის დააკისრებს პასუხისმგებლობას მერია

27.12.2017
დახარჯული მილიონი და დაბზარული შენობა – ვის დააკისრებს პასუხისმგებლობას მერია

საბავშვო ბაღის შენობა, რომლის მშენებლობაზე ერთი მილიონ 32 769 ლარი დაიხარჯა, საფრთხის შემცველია. ფაქტი საკრებულოს სხდომაზე ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმაც დაადასტურა. დაბზარულკედლებიან შენობაში ყოველდღე 300-მდე ბავშვი დადის. შენობა ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარეობს.

ბათუმის მერის მოადგილე, ლელა სურმანიძე, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ განცხადების შემდეგ მან 27-ე საბავშვო ბაღის შენობა მოინახულა.

„კედლებზე ბზარი მანამდე იყო, თუმცა რამდენიმე ადგილას ბზარები მომატებულია. საბავშვო ბაღებში 22 იანვრამდე საშობაო არდადეგებია. ამ პერიოდში ჩვენ მივმართავთ სამხარაულის ექსპერტიზას და დაველოდებით მათ დასკვნებს. ამის შემდეგ გვეცოდინება, რამდენად უსაფრთხოა შენობა, ექვემდებარება თუ არა გამაგრებას,“ – ამბობს ლელა სურმანიძე.

მისი თქმით, ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ 27-ე ბაღის აღსაზრდელები მშობლების სურვილის მიხედვით ახლომდებარე საბავშვო ბაღებში გადანაწილდებიან.

ლელა სურმანიძის თქმით, საბავშვო ბაღი 2013 წელს აშენდა. „ახალი შენობაა, პროექტი კარგია, სტანდარტული. მაგრამ როცა პირველად გაჩნდა ბზარები, მაშინ ითქვა, რომ გრუნტის პრობლემა იყო და შენობა გაამაგრეს. ამის შემდეგ ბაღის ირგვლივ ბევრი ახალი სახლი აშენდა და, როგორც ჩანს, ისევ გაჩნდა გრუნტის პრობლემა,“ – ამბობს სურმანიძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუკი აღმოჩნდება, რომ მშენებლობამდე არასათანადოდ შეისწავლეს გრუნტი და ამის გამო დაზიანდა შენობა, დადგება თუ არა იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლების პასუხისმგებელნი იყვნენ მშენებლობის ხარისხზე? ლელა სურმანიძე ამბობს, რომ ჯერ დაელოდებიან ექსპერტიზის დასკვნას და შემდეგ მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას.

„თუ საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, დადგება პასუხისმგებლობის საკითხიც,“ – ამბობს ის.

ამ საბავშვო ბაღის შენობიდან აღსაზრდელები 2015 წელსაც გაიყვანეს. მაშინ ბაღის მშენებელი კომპანია „მტმ“-ი, „ბათუმელებთან“ ამბობდა, რომ ახალაშენებულ შენობაზე ბზარების გაჩენაში კომპანიის პასუხისმგებლობას ვერ ხედავს.

კომპანიის ხელმძღვანელი მევლუდ გეწაძე ამბობდა, რომ  პასუხისმგებლობა შესაძლოა გეოლოგიური და საპროექტო სამუშაოების შემსრულებელს  დაეკისროს. ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ნატალია ზაქარეიშვილი კი ამბობდა, რომ ექსპერტიზის დასკვნას დაელოდებოდა.

ნატალია ზაქარეიშვილი ამჯერად „ბათუმელებს“ ეუბნება, რომ 2015 წელს დასკვნა ორჯერ გააკეთებინეს სამხარაულის ეროვნულ ბიუროს. დასკვნაში წერია, რომ ბზარების გაჩენა „არასწორი ტკეპნის გამო  მოხდა და ეს დასკვნები ჩვენ მაშინ მივაწოდეთ მერიას.“

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ბზარების გამო ის კიდევ მიმართავს სამხარაულის ბიუროს, ექსპერტიზის ჩასატარებლად.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: